ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
"ახალი რეგულაციები კლინიკების დახურვას გამოიწვევს" - №4(65), 2020
რა ვალდებულებები დააკისრა მთავრობამ ჰოსპიტალურ სექტორს

2021 წლის 1 იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს დაეკისრათ ვალდებულება, რომ ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე და ადამიანური რესურსები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ახალი მოთხოვნების მიხედვით, კლინიკების მფლობელებს მოუწევთ მნიშვნელოვანი თანხების მოძიება, რათა დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ. ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ბევრი კლინიკა ვალდებულებებს ვერ შესრულებს და დაიხურება. ჯანდაცვის მინისტრი კი სულაც არ მალავს და ღიად აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები სწორედაც კლინიკების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად. 

ახალი ტექნოლოგიების შეძენა და სამედიცინო დაწესებულებების გადაიარაღება დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. კლინიკის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სათანადო ფინანსური რესურსი არ აქვთ, ამიტომ მთავრობას რეგულაციების გადავადება რამდენჯერმე სთხოვეს. 9 კლინიკამ პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, ბიზნესომბუდსმენს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ერთობლივი წერილი ჯერ კიდევ შარშან, ივნისში გაუგზავნეს. წერილს ხელს აწერდნენ კლინიკა „ჯერარსი“ (გენერალური დირექტორი მამუკა ქაცარავა), შპს „პინეო ეკოსისტემა“ (პარტნიორი, მმართველი იაგორ კალანდაძე), „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრი (გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი), „ნიუ ჰოსპიტალსი“ (გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი), „თბილისის გულის ცენტრი“ (გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე), შპს „ვივო“ ჯგუფი (გიორგი ყიფიანი), კლინიკა „გული“ (გენერალური დირექტორი ანზორ მელია), შპს „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ (დირექტორი გიორგი კაჭახიძე), სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი). 

კლინიკებმა ხელისუფლებას სთხოვეს გაეთვალისწინებინა პანდემიის გამო შექმნილი რთული მდგომარეობა, ისიც, რომ შემცირებულია გეგმური ოპერაციები. კლინიკების ხელმძღვანელები წერდნენ, რომ ახალი სტანდარტების დანერგვა მათ მძიმე ტვირთად დააწვებოდა. 

„უპირველეს ყოვლისა, ვაცნობიერებთ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას და უწყვეტ რეჟიმში ვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც მოწოდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. 

სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რეალობის გათვალისწინებით გთხოვთ, ჰოსპიტალური სექტორის მხარდაჭერას, ისევე როგორც ეს მოხდა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. მოგახსენებთ, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მკვეთრად დაკლებულია გეგმიური (ამბულატორიული) მომართვიანობა, შეჩერებულია გეგმური ქირურგიული თუ სხვა ტიპის ჩარევები, რაც სერიოზული ზარალის პირობებში აყენებს კლინიკებს. ყოველ ღონეს ვხმარობთ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, გადაუდებელი ოპერაციების ხარისხი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედპერსონალის ხელფასები. 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იგეგმება მორიგი ცვლილებების შეტანა, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება კლინიკებს (ისევე, როგორც ეს მოხდა №520 დადგენილების მიღების შემდეგ). ასევე, უნდა ამოქმედდეს სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №149 და 2019 წლის 16 აგვისტოს №394 დადგენილებები). ამ ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები. მოგეხსენებათ, ყოველივე ეს საჭიროებს დამატებითი ინვესტიციების გაკეთებას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მსგავსი ცვლილებების განხორციელება, მოკლე ან გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების ან პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს 2020 წელს დაგეგმილი სამედიცინო ჩარევებზე ტარიფების ცვლილებების გადავადება, 520-ე დადგენილების ტარიფების გადახედვა, ასევე 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობების გადავადება 2022 წლის 1 იანვრამდე, რათა ჰოსპიტალურ სექტორის პანდემიის შემდეგ მიეცეს რეაბილიტაციისა და შესაბამის მომზადების საშუალება. აღნიშნული რეგულაციების გადავადება არ მოახდენს გავლენას პაციენტების უსაფრთხოებასა თუ სამედიცინო სერვისების ხარისხზე“, – წერია მიმართვაში, რომელიც გასული წლის მაისში გავრცელდა.  

კარდიოლოგიური კლინიკა „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი, ინტერვენციული კარდიოლოგი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის ახალი ვალდებულებების დაკისრება საქმეს გაართულებდა. 

„1 იანვრიდან შემოდის ახალი რეგულაციები, რომელიც ძირითადად ეხება კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიას, რეანიმაციას, რაც დიდ ინვესტიციებს საჭიროებს ჩვენი მხრიდან და იმ პირობებში, როცა პანდემიის მეორე ტალღა გვაქვს და ისედაც რთულ მდგომარეობაში არიან კლინიკები, ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება ძალიან რთული იქნება. 

რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, რომ რეგულაცია ერთი წლით მაინც გადავადებულიყო, რომ დარგს ამოსუნთქვის საშუალება მისცემოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ცალსახადუარი განაცხადა და ყური არც ათხოვა ჩვენს თხოვნას, არანაირი კომუნიკაცია არ ხდება, არანაირი კითხვა, რამე ხომ არ გიჭირთ, არ ისმება, ანუ მიტოვებული ვართ ამ კოვიდთან ბრძოლაშიც და ამ რეგულაციასთან მორგებაშიც“, – განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ. 

მისივე თქმით, რეგულაციის შესაბამისად ჰოსპიტალურ სექტორს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება უწევს, რაც პანდემიის პირობებში საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა. 

„რეგულაციის მიხედვით საოპერაციოს მოთხოვნები გაიზარდა, მედპერსონალის მოთხოვნები გაიზარდა, ქირურგიასთან დაკავშირებული მოთხოვნები გაიზარდა, ახალი კომპიუტერული ტომოგრაფიის არსებობის რეგულაცია შეიცვალა, რაც თავიდან არ იყო, რაც დამატებით ინვესტიციას საჭიროებს. ეს ცუდი არ არის, რეგულაცია კარგია, მაგრამ ამ პანდემიის პირობებში დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება საშიშია. თქვენ იცით რა სიტუაციაშია ტურიზმის სექტორი და ჯანდაცვის სფეროს, რომელიც პანდემიის წინა ხაზზეა, ცოტა მეტი მხარდაჭერა სჭირდება“, – განცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ. 

მაგრამ კლინიკების თხოვნა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების საპასუხოდ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმა არ გადავადდება და კლინიკებს არც 520-ე დადგენილების მიხედვით შემუშავებული ტარიფების ცვლილების იმედი უნდა ჰქონდეთ. 

„დამატებითი რეგულაციები კლინიკებს აუცილებლად დაუწესდებათ. ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა სელექტიური კონტრაქტები და კლინიკები უნდა შეესაბამებოდნენ სტანდარტებს, რომ იყოს უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. რას ვგეგმავთ იმ კლინიკებთან მიმართებაში, რომლებიც სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 21 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი და დირექტორი ანზორ მელია ამბობს, რომ კლინიკას ერთზე მეტი საოპერაციო არ სჭირდება, თუმცა, იძულებულები გახდნენ მეორე რეანიმაციული ბლოკიც გაეკეთებინათ. ახალი მოთხოვნების შესრულებას დიდი თანხა დასჭირდა და კლინიკა იძულებული გახდა დამატებითი საბანკო კრედიტი აეღო. 

„რეგულაციები ცუდი არ არის, მაგრამ დრო არასწორად არის შერჩეული. როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და სხვა დაავადებების მქონე ავადმყოფების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, ასეთი დიდი ხარჯის გაწევა კლინიკებისთვის ძალიან რთულია. 6 თვე საკმარისი არ იყო, ამიტომ პრემიერ მინისტრს მივმართეთ, რომ დრო მოეცათ. მაგრამ უარი გვითხრეს. ახალი რეანიმაციული ბლოკი ორი წლის წინ გავაკეთეთ. ახლა იძულებული გავხდით, დაგვენგრია და ახალი გაგვეკეთებინა. თვეში 17-მდე ოპერაციას ვაკეთებთ. ჩვენთვის ერთი საოპერაციო სავსებით საკმარისია, მაგრამ მეორეს მოწყობა მოგვიხდა. კლინიკის გადაკეთებას და ძვირადღირებული აპარატურით, აღჭურვას 200 ათასამდე ლარი დასჭირდა. 

მოთხოვნები გამკაცრდა კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან დაკავშირებითაც. ტომოგრაფიულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გვაქვს დადებული სხვა კლინიკასთან, რომელიც 50 მეტრში მდებარეობს, მაგრამ მოგვთხოვეს საკუთარი გვქონოდა. გავაკეთეთ, სხვა რა გზა იყო. განაცხადი უკვე შეტანილი გვაქვს და შემოწმებას ველოდებით“, – ამბობს კლინიკა გულის დამფუძნებელი ანზორ მელია. 

კლინიკა „გულის“ დამფუძნებლის თქმით, მთავრობა ახალი რეგულაციების შემოღებით ცდილობს, არასასურველი კლინიკები დახუროს და ბაზარზე სახელმწიფო კლინიკები დატოვოს. 

„მეორე საოპერაციოს გაკეთებას ყველა ვერ შეძლებს, შესაბამისად, ისინი ლიცენზიას ვერ აიღებენ. ულიცენზიო კლინიკებს კორონაგრაფიის გაკეთების უფლება არ ექნებათ. ასევე, არ იქნება ინტენსიური ბლოკის ფუნქციონირების საშუალება და ფაქტობრივად, გაჩერება მოუწევთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზეა გათვლილი, რომ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებმა იფუნქციონ. კონკურენცია მათ არ სჭირდებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს. მთავრობაში არიან კლანები, რომლებსაც ამ რეგულაციებით საკუთარი კლინიკების გადარჩენა უნდათ“, – ამბობს ანზორ მელია. 

ახალი რეგულაციები კლინიკების რიცხვის შემცირებას რომ ისახავს მიზნად, ამას ჯანდაცვის მინისტრიც ამბობს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს არ სჭირდება კლინიკების ის რაოდენობა, რაც დღეს ქვეყანაშია და უნდა არსებობდეს ერთგვარი „ჩამკეტი“, რომელიც ბაზარზე ახალი კლინიკების შესვლას შეზღუდავს. მისი თქმით, „თუ არ არის ბაზარზე შემოსვლის გარკვეული ჩამკეტი, ის მრავლდება და მრავლდება“. 

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი ჯანდაცვის სფეროში რეგულაციების შემოღებას გამართლებულად მიიჩნევს. მათი შეფასებით, კლინიკების ტექნოლოგიური დონე გაიზრდება, რაც სერვისის ხარისხს გააუმჯობესებს. 

„ამ დრომდე აქცენტი დაფინანსების მექანიზმებზე კეთდებოდა და კლინიკების ხარისხს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ტექნოლოგიური მხარის, აღჭურვილობის, დანადგარების რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა. ეს ცხადია, პაციენტის ჯანმრთელობაზე აისახებოდა. არის შემთხვევები, როცა პაციენტი საავადმყოფოში ინფიცირდება. საავადმყოფოებს ჩვენთან ვენტილაციის ერთი სისტემა აქვთ. პაციენტები პირველ და მე-5 სართულზე საერთო ჰაერით სუნთქავენ, ამიტომ საჭიროა, ვენტილა¬ციის სისტემის განცალკევება მოხდეს. უნდა შემოწმდეს მოწყობილობა-დანადგარების ცვეთა, საავადმყოფოს უნდა ჰყავდეს ინჟინერ-ტექნოლოგი. რენტგენოლოგიურ კაბინეტში დოზიმეტრები განსაზღვრული დროის შემდეგ უნდა შეიცვალოს. ამ პროცესის მართვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა ხდებოდეს. დაწესებულების შეფასება უნდა მოხდეს, სამედიცინო პრაქტიკა აწარმოოს თუ არა“, – ამბობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა. 

მთავრობამ შარშან 520-ე ბრძანებას გამოსცა, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებს სახელმწიფომ ტარიფები შეუმცირა/გაუთანაბრა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საბიუჯეტო ხარჯების შემცირების სურვილით ახსნა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში გადაუდებელი ოპერაციების მაჩვენებელი კრიტიკულია. კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ამ შეზღუდვის შემდეგ დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ. კლინიკები ამბობენ, რომ პაციენტების მიმართვიანობა განახევრებულია, გეგმური ოპერაციები მთავრობამ მარტამდე შეაჩერა, რამაც პარალელურად გაზარდა კომუნალური ხარჯები და სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვის ფასები. ლარის გაუფასურებამ გააძვირა უცხოეთში შესყიდვები. გაძვირდა ე.წ. იმპლანტები, ხელთათმანები, ერთჯერადი ხალათები და სხვა სახარჯი მასალის ფასები. 

„სახელმწიფო კლინიკებში ჩატარებულ ოპერაციებს თვითღირებულებაზე ნაკლებად აფასებს. ამბობს, ვიცი, რომ ძვირი ჯდება ოპერაცია, მაგრამ მეტი ფული არ გვაქვს და ვერ გადავიხდითო. მაშ, როგორ უნდა განვითარდეს დარგი, როგორ უნდა ჩაატაროს ხარისხიანი ოპერაციები? როგორ უნდა იფიქროს კლინიკამ განვითარებაზე? ჩვენთან კადრების დიდი მოძრაობაა, რადგან ვერ ვუხდი ისეთ ხელფასებს, როგორც ზოგიერთი სხვა კლინიკა. ექიმებს ისინი ყიდულობენ. დიდი კრედიტი გვაქვს, როგორ გადავიხდით მაღალ ხელფასებს? მოიმატა დენის, გაზის, წყლის გადასახადმა. ამ დროს, საყოველთაო დაზღვევის ფასები მცირდება“, – ამბობს ანზორ მელია. 

თენგიზ ვერულავა აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების შემოღება სწორი და გამართლებულია. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ამ გზით სამედიცინო მომსახურების სფეროში ხარისხის ამაღლებას და პაციენტების უკეთეს მომსახურებას ელის. 

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეზღუდული, მწირი რესურსი აქვს. ეს ფული საქართველოში ამჟამად მოქმედ 272 საავადმყოფოზე ვერ განაწილდება. კლინიკას თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა მონაწილეობის მიღება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საყოველთაო დაზღვევის მწირი თანხა განაწილდება არა 272 საავადმყოფოზე, არამედ მათზე, ვინც ხარისხის ინდიკატორებს აკმაყოფილებს. ამ ახალი რეგულაციებით ჯანდაცვის სექტორი სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადავა. 

თუ სამედიცინო დაწესებულება კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შეუძლია შემოვიდეს ბაზარზე, მაგრამ არ არის აუცილებელი ჩაერთოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მას შეუძლია აწარმოოს სახელმწიფო პროგრამის ზემოთ დარჩენილი სერვისები, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. ამ ცვლილებით უნდა გაუმჯობესდეს არა მარტო პაციენტის მომსახურების ხარისხი, არამედ ჯანდაცვის სექტორი ხარჯთეფექტური უნდა გახდეს. 
პანდემიები მომავალშიც იქნება, ამიტომ კლინიკები თანამედროვე გამოწვევებს უნდა პასუხობდნენ, რადგან პაციენტის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. პაციენტს არ შეუძლია შეამოწმოს, როგორ ოპერაციას უკეთებენ, რა მკურნალობას უტარებენ. ჯანდაცვაში ყველაფერი დამოკიდებულია ნდობაზე. ამიტომ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ხარისხი“, – აღნიშნავს თენგიზ ვერულავა. 

თენგიზ ვერულავას პოზიციას არ იზიარებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი. ანზორ მელია მიიჩნევს, რომ კლინიკებს სხვა სამედიცინო აღჭურვილობაზე ეკონომიის გაკეთება მოუწევთ, რაც ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს. ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზრდება. ხოლო ის კლინიკები, რომლებსაც მთავრობაში ლობი ჰყავთ, როცა კონკურენტებს გზიდან ჩამოიცილებენ, შემდეგ მომსახურების ტარიფებს გაზრდიან. 

ერთი მხრივ კლინიკების სურვილი ცხადი და გასაგებია – მათ არ სურთ ზედმეტი ხარჯის გაწევა, ასევე, აკრიტიკებენ 520-ე დადგენილებას, რომელმაც კლინიკებს კონკრეტულ ოპერაციებზე სახელმწიფო პროგრამიდან დაფინანსება შეუმცირა. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავრობის მიზანიც გასაგებია – ხელისუფლება ცდილობს თავისივე ნაქები და ფართოდ „გაპიარებული“ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ ტვირთიდან გათავისუფლდეს. წინა წლებში აშკარად გამოჩნდა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“ მუდამ დეფიციტურია და სახელმწიფო ბიუჯეტს განსაზღვრულზე მეტი ფულის დახარჯვა უწევს. მაგალითად, 2019 წელს „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამას 75 მილიონი ლარის დამატებამ მოუწია – 40 მილიონი მიმდინარე გადახარჯვა და 35 მილიონიც წინა წლების დავალიანება იყო. 2018 წელს 713 მლნ ლარს სამინისტრომ 43 მლნ დაამატა; 2017 წელს 660 მლნ-ს 40 მლნ დაუმატეს; 2016 წელს 570 მლნ-ს 53 მლნ დაუმატეს; 2015 წელს 470 მლნ-ს 100 მლნ დაუმატეს; 2014 წელს თავიდან 200 მლნ იყო, გაწეულმა ხარჯებმა კი 338 მილიონი შეადგინა. სულ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში წარმოქმნილმა დეფიციტმა 360 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 

ასე რომ, მთავრობა თავისივე პროგრამის დეფიციტის „სპირალშია“ შესული და გამოსავლის ძებნაში რა შედეგს მიიღებს ამას ისევ ხალხი იგრძნობს საკუთარ ჯანმრთელობაზე. 

ნონა ქვლივიძე