ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
აკრძალვების მეორე წელი და ტურიზმის გაურკვეველი მომავალი - №1(66), 2021
შეფერხებული ვაქცინაცია ტურიზმის სექტორსაც შავ დღეში ამყოფებს 

ჰორეკა (HORECA – hotel/restaurant/café) სექტორი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური წინსვლა დიდწილადაა დამოკიდებული, ისევ სრულ გაურკვევლობაშია. ესაა სფერო, რომელსაც პანდემიამ პირველს მიაყენა დარტყმა და რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე გვიან გამოვა კოვიდკრიზისიდან. სწორედ ამ სექტორზეა დამოკიდებული ბოლო წლებში ყველაზე მზარდი ტურიზმი და, პირიქით, სწორედ ტურისტებზეა დამოკიდებული თავის მხრივ ჰორეკას გამოცოცხლება. პანდემიის სიტუაციაში კი, ბევრი რამე ხელისუფლების გონივრულ და სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ტურიზმის და სასტუმრო-სარესტორნე ბიზნესის მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ მთავრობის ქმედება დიდად სახარბიელოდ არ გამოიყურება. არც პანდემიის მართვაში ჩანს სანიმუშო შედეგები და არც ვაქცინაციის ტემპია დამაკმაყოფილებელი. 

სრული ჩაკეტვის შემდეგ, სამთო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნა. მათ მუშაობა 28 ნოემბრიდან ჰქონდათ შეზღუდული, თუმცა, მათი ფუნქციობა თითქმის მთელი გასული წლის განმავლობაში პარალიზებული იყო. მთავრობამ ამ სფეროში მომუშავე სუბიექტებს გარკვეული შეღავათები დაუწესა. კერძოდ, 2020 წლის მაისიდან განთავსების ობიექტები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ, 2020 წლის ბოლომდე კი, საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდათ. ამასთან, მოხდა განთავსების ობიექტების სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრუნვა 20 მილიონ ლარს არ აღემატება, სახელმწიფომ ასეთ ობიექტებს სესხის პირველი 5 მილიონი ლარის საპროცენტო ხარჯის 80% დაუსუბსიდირა. რაც შეეხება კვების ობიექტებს, ისინი გათავისუფლდნენ 2020 წლის ქონების გადასახადისგან, წლის ბოლომდე გადაუვადდათ საშემოსავლო გადასახადი. 

6 თვით დაუსუბსიდირდათ საბანკო გარანტიის პროცენტი გიდებს. ასევე გამოიყო 5 მილიონი ლარი ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერის მიზნით. ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის დახმარების მესამე ეტაპის ბიუჯეტმა ჯამში 200 მილიონი ლარი შეადგინა. 
ზაფხულში, შიდა ტურიზმის ხარჯზე, სასტუმრო ინდუსტრიამ მუშაობა მინიმალურ დონეზე შეძლო, თუმცა მალევე, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ისევ კრიზისში აღმოჩნდა. 

ვაქცინაციის იმედი – სინათლე გვირაბის ბოლოს 

მარტის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიისთვის გვირაბის ბოლოს სინათლე ვაქცინაციის დაწყებით გამოჩნდა, თუმცა, სექტორში ბევრი მიიჩნევს, რომ პანდემიის შედეგებს ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა ამძიმებს.
 
მართალია, სასტუმროები და კურორტები გახსნილია, თუმცა, საღამოს 9 საათის შემდეგ დაწესებული ე.წ. „კო-მენდანტის საათი“ და შაბათ-კვირას კაფე-რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ამ სფეროს გამოცოცხლებისთვის პრაქტიკულად არანაირ შანსს არ აძლევდა. მართალია, მთავრობამ კომენდანტის საათი 17 მაისიდან 2 ვადით შეამცირა და 21 საათიდან 23 საათამდე გადაწია, მაგრამ, სფეროს წარმომადგენლების თქმით მსგავსი შემსუბუქება დიდი ვერაფერი შეღავათია. ასეთ პირობებში, სექტორის ნაწილისთვის ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება ის ინიციატივები, რომლებსაც მთავრობა პერიოდულად აცხადებს.
 
ერთ-ერთი ასეთი შინაარსის განცხადება გაკეთდა 4 მაისს, როდესაც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი იწყება და შესაბამისი სიების შედგენაზე სამინისტრო მუშაობას კერძო სექტორთან იწყებს. 

„ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სექტორი. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგული მხარდაჭერა, რომ მსოფლიომ შეიტყოს – ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდუსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციის გზით. აქედან გამომდინარე, ვიმუშავებთ სხვადასხვა ასოციაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, კოვიდუსაფრთხო რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის რესტორანი და სასტუმრო არის კოვიდუსაფრთხო“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ამ განცხადებას მეორე დღესვე მოჰყვა ეკონომიკის მინისტრის შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრის შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, ვინც ამ პრაქტიკას მიმართავს და საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და მზად არის ვაქცინირებული თანამშრომლებითურთ უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს. 

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს ის მეტად კომფორტულად და ოპერატიულად, რადგან ტურისტული სეზონი უკვე მოსულია. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთავაზობთ ვაქცინირებულ სასტუმროებსა და რესტორნებს ისეთ სარგებელს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით. ანუ თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული, იმიტომ რომ დღეს საერთაშორისო ტურისტები ეძებენ სწორედ ისეთ ქვეყნებს, სადაც ტურისტული მასპინძლობის ინდუსტრია არის უსაფრთხო. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება და ამის შესახებ ყველა შეიტყობს“, – განაცხადა თურნავამ. 

მისი თქმით, სასტუმროს, რესტორნებისა და ტუროპერატორების მხრიდან ბევრმა მოიწონა ეს ინიციატივა. მინისტრის განცხადებით, ეს არის სრულიად ნებაყოფლობითი პროცესი და სექტორის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გარკვეული სახის სარგებელი და შეღავათები. 

„იყო საუბარი იმაზეც თუ სად მოეწყობა ვაქცინაციზაციის პუნქტები და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ მაგალითად რეგიონებში იმ ობიექტების მახლობლად იქნება ძალიან მაღალ დონეზე კვალიფიციური პერსონალის დახმარებით მოწყობილი. პრაქტიკულად ეს პროცესი იწყება, თუმცა რა თქმა უნდა, თითოეული ობიექტი თავის თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტს მიიღებენ ამ კამპანიაში მონაწილეობას თუ არა“, – განმარტა მინისტრმა. 

ვაქცინაციის პრინციპს ეთანხმება სასტუმრო ბიზნესი, თუმცა, ხელისუფლების მიმართ შენიშვნებიც აქვს. სასტუმრო „ციტრუსის“ მმართველის შალვა ალავერდაშვილის თქმით, თუ სექტორის დიდი ნაწილი აიცრება, ეს მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. თუმცა, აცრის გაკეთებას ვერავის დააძალებენ. ამასთან, ალავერდაშვილი ამ ინიციატივის განხორციელების ბარიერებზეც საუბრობს და ამბობს, რომ პრობლემა იქნება იმ ადამიანების სიების შედგენა, ვინც ტურიზმის სფეროშია დასაქმებული და ვაქცინაცია სურს. მისთვის მიუღებელია, რომ მსგავსი ინიციატივების განხილვაში სამინისტრო თავად სექტორის წარმომადგენლებს არ რთავს და ფაქტის წინაშე აყენებს. 

„სიების შედგენა ძალიან რთული პროცესია. დღესდღეობით თბილისში სასტუმროების მხოლოდ 35%-ია ღია. დანარჩენი ისევ დახურულია. ჩვენ ხელახლა უნდა დავიბადოთ, ხელახლა უნდა გავიხსნათ და ხელახლა მივიღოთ პერსონალი სამსახურში. ასეთი მარტივი არ არის. დღეს დავიძახოთ, რომ ხვალ სიები მოგვაწოდეთო, ასე არ ხდება. ტურიზმის სექტორი დანგრეულია და ის სულ თავიდან უნდა ავაშენოთ. ახლა ვართ 2003-2004 წლის დონეზე. სულ თავიდან უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. როგორ გადავცემ სიებს, წელიწადზე მეტია დახურული გვაქვს სასტუმროები და ადამიანები ჩვენთან აღარ მუშაობენ. დაუგეგმავი პოლიტიკა გვაქვს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. დღეს გამოვიდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება და ხვალ სიები უნდა მივაწოდოთ. ასე არ ხდება. აბსოლუტურად სხვადასხვა სივრცეში ვმუშაობთ. ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ჰგონიათ, რომ ისევ საბჭოთა კავშირის დროს ვცხოვრობთ, რაღაცას იტყვიან და სიები უნდა გადავცეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი იდეაა, თუმცა ეს სიები ასე მალე ვერ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ პერსონალი აღარ გვყავს. ჩემთან მუშაობდა 482 ადამიანი, ახლა მუშაობს 25“, – განაცხადა მან. 

მეტი ოპტიმიზმით ხვდებიან ინიციატივას მსხვილი ქსელები. საქართველოში Marriott-ის სასტუმროების ქსელის გაყიდვების დირექტორი ანა ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ფაქტორია, რომელიც სექტორს კრიზისიდან გამოიყვანს. 

„ხალხის გონებაში საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოსთან იქნება ასოცირებული. ეს საქართველოს გამოარჩევს იმ ქვეყნებისგან, სადაც მსგავსი პრაქტიკა ჯერ მიღებული არ აქვთ. სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ვაქცინაცია კარგი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა ტურიზმის აღდგენა სწრაფად მაინც ვერ მოხდა. ის, რომ საზოგადოება აიცრება და ტურისტების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა, ეს არის მთავრობის მხრიდან ტურიზმის აღდგენის მიზნით გადადგმული ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც დარგის აღგენის საფუძველს თანდათან შექმნის“, – აცხადებს ჩეჩელაშვილი. 

სასტუმრო „ადამოს“ გენერალური მენეჯერის მაია მახათაძის განცხადებით, აღნიშნული სტატუსი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, საერთაშორისო ვიზიტორის თვალში აღიქმებოდეს, რომ ქვეყანაში გაჩნდა განთავსების უსაფრთხო ობიექტები და უსაფრთხო პერსონალი – მძღოლები, გიდები, მიმტანები. 

რაც შეეხება ინიციატივის დეტალებს, საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე საუბარია თანამშრომელთა მინიმუმ 60%-ის აცრაზე იმისთვის, რომ ობიექტს კოვიდუსაფრთხო სტატუსი მიენიჭოს. ამ სექტორის წარმომადგენელთა ასაცრელად ახალი ვებ-პლატფორმა შეიქმნება, სადაც ისინი ვაქცინაციისთვის ჯავშანს გააკეთებენ. ასაცრელი პუნქტებიც ძირითადად ტურისტული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდება. სტატუსის გარდა, ასევე განიხილება სხვადასხვა შეღავათის დაწესება ვაქცინირებული ობიექტებისთვის. 

დილემად ქცეული რეგულაციები 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ერთხმად ამბობენ, რომ მხოლოდ ვაქცინაცია მათ პრობლემას ვერ მოაგვარებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში „კომენდანტის საათი“ და შაბათ-კვირას კაფე-რესტორნებისთვის მუშაობის შეზღუდვა მოქმედებს. მათი თქმით, ეს ტურისტული ბიზნესისთვის არა მხოლოდ შიდა ბაზარზე, არამედ უცხოელი ტურისტების შემოყვანის კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით დამანგრეველია მცირე ბიზნესისთვის. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ რესტორნებისთვის შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მხოლოდ 1 ივნისიდან განახლდება. 

აპარტამენტების გაქირავების ქსელის „გლობუსის“ დამფუძნებლის მაია მაჭარაშვილის განცხადებით, ამ სეგმენტში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისის სასტუმროებში, რადგან რეგიონებში არსებული ობიექტები ადგილობრივი ტურისტების ხარჯზე მუშაობენ. 

„იყო მოლოდინი, რომ გაზაფხულზე მაინც შევძლებდით მუშაობას, მაგრამ მდგომარეობა ისევ არცთუ სახარბიელოა. ასევე გვქონდა რუსი ტურისტების შემოსვლის იმედი, რადგან პანდემიის გამო დაკეტილია როგორც თურქეთი, ისე ევროპის ქვეყნები“, – აცხადებს მაია მაჭარაშვილი და ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში აუცილებელია, ხელისუფლება და საბანკო სექტორი მათ კრედიტების გადახდის კუთხით დაეხმაროს და ამ ნაწილში მცირე სასტუმროებსა და კომპანიებს კრედიტის გადახდაზე მორატორიუმი დაუწესონ. მისივე თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ინდური შტამი პანდემიის დასრულების იმედებს ამცირებს, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. გარდა მსოფლიოში არსებული პანდემიური რისკებისა, მისი თქმით, ტურისტების იმ მცირე რაოდენობისთვის, რომელიც მზადაა საქართველოში ჩამოვიდეს, დიდი ბარიერია „კომენდანტის საათის“ მოქმედება.
 
ამიტომ, სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას სთავაზობენ, ვაქცინირებული კომპანიებისთვის, კოვიდუსაფრთხო სტატუსის მინიჭების გარდა, შეზღუდვები შეამსუბუქოს. 

„თუ შაბათ-კვირას არ გაიხსნება კაფე-რესტორნები და ღამის საათებში გადაადგილება არ გახდება ნებადართული, ვაქცინაციას აზრი არ ექნება. მნიშვნელობა არ ექნება, ადამიანი ვაქცინირებული იქნება თუ არავაქცინირებული, თუ ის სამსახურს დაკარგავს და სფერო აღარ იარსებებს. შაბათ-კვირის მოთხოვნა უმნიშვნელოვანესია და როდესაც ეს ნაბიჯი გადადგმული იქნება, ეს იქნება მოგვარების გზა“, – განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ. 

კიდევ ერთი საკითხია საერთაშორისო მოგზაურებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზეც მუშაობენ. 

„მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით იმავე წესებით, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. მაგალითად: ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის უფრო ადვილი შემოსვლა და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის მიყენება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე“, – განაცხადა თურნავამ. რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ გაუქმებას, ჯანდაცვის მინისტრმა 7 მაისს ცალსახად განაცხადა, რომ ამის რესურსი არ არსებობს. მართალია, განიხილება ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის აღნიშნული შეზღუდვის შერბილება, ისევე როგორც შაბათ-კვირას მომხმარებელთა ამ სეგმენტისთვის კაფე-რესტორნების გახსნა, თუმცა ჯერჯერობით ორჯერადად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა მიზერულია (16 ათასი 25 მაისის მდგომარეობით) იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ რაიმე პერსპექტივა შესთავაზოს ბიზნესს. 

ხელისუფლების უსაზღვრო ოპტიმიზმი და ექსპერტების კითხვები 

ამ ეტაპზე საქართველოდან ფრენების აღდგენის შესახებ რამდენიმე ავიაკომპანიას უკვე გამოცხადებული აქვს. მათ შორისაა „ეარ ასტანა“, „არმენია“, „ისრეარი,“ ბაზარზე შემოვიდა უკრაინული „ბიის ეარლაინი“, `ეარ ბალტიკი~, `ანადოლუჯეტი~ („თურქიშ ეარლაინსის“ შვილობილი), `ჯაზირა ეარვეისი~, `ვიზეარ უნგრეთი~ და სხვა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 2020 წლის აპრილთან შედარებით 140.4%-ით მეტია, თუმცა, თითქმის 7-ჯერ ნაკლებია პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან შედარებით. 
შედარებისთვის – 2019 წლის აპრილში 549 761 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2020 წელს კი – 34 321 ვიზიტი.
 
აპრილში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასეთია: 

1. თურქეთი – 21 106 ვიზიტი, ზრდა 2020 წლის აპრილთან – 48%; 

2. ისრაელი – 10 098 ვიზიტი, ზრდა – 13 925%; 

3. რუსეთი – 8 518 ვიზიტი, ზრდა – 125%; 

4. სომხეთი – 8 331 ვიზიტი, ზრდა – 4%; 

5. საქართველო (არარეზიდენტები) – 8 253 ვიზიტი, ზრდა – 441%; 

6. უკრაინა – 5 922 ვიზიტი, ზრდა – 404%; 

7. აზერბაიჯანი – 5 287 ვიზიტი, ზრდა – 107%; 

8. უზბეკეთი – 2 711 ვიზიტი, ზრდა – 293%; 

9. ყაზახეთი – 1 639 ვიზიტი, ზრდა – 285%; 

10. ბელარუსი – 1 463 ვიზიტი, ზრდა – 77%. 

ახალი ავიარეისების გამოჩენა ეკონომიკის მინისტრს ტურიზმთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს. „მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ბაზარს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მაისის დასაწყისში.
 
ეკონომიკის მინისტრის გეგმებს სკეპტიკურად აფასებს ექსპერტი პაატა ბაირახტარი. ეკონომისტი ამბობს, რომ ნათია თურნავა რეალობას და ეკონომიკურ პროცესებს სრულად მოწყვეტილია. მისი თქმით, ახალი ფრენების დამატების იმედად ტურიზმის აღდგენა შეუძლებელია, რადგან როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს და ღამით გადაადგილებისთვის 2000-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, ტურისტები არ ჩამოვლენ.

„ჩვენს ქვეყანაში დამსვენებელი ტურისტების ხარჯვის დონეს თუ გავითვალისწინებთ, 2000-ლარიანი ჯარიმა ნამდვილად კოლოსალურია. მეორე სრულიად აბსურდული მიმართულება არის ის, რომ მთავრობა ტურიზმის წახალისებას აპირებს ჰორეკა სექტორის ვაქცინაციის დაჩქარებით. სწორედ ამით უნდათ, რომ მოიზიდონ ტურისტები და მათ შესთავაზონ უსაფრთხო რესტორნები და სასტუმროები. ახლა როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 2 პროცენტიც არაა ვაქცინირებული, როგორ გგონიათ, რამდენიმე რესტორნის პერსონალის აცრა ტურისტისთვის დიდი მოტივაცია იქნება, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ დაისვენოს მკაცრი კომენდანტის საათის პირობებში?!~, – კითხვას სვამს ბაირახტარი. 

მისი თქმით, ასევე გაუგებარია რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჰორეკა სექტორი უნდა იყოს პრიორიტეტი ვაქცინაციის პროცესში. ქვეყანაში 4 მაისიდან არის გამოცხადებული მასობრივი ვაქცინაცია და უამრავმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია და დაჯავშნა ვაქცინა. 

"რა გამოდის, ამ ჯავშნებს ვუუქმებთ ადამიანებს?! თუ ის ჩინური ვაქცინის მეორე დოზები, რომელიც შემოვიდა ქვეყანაში, მხოლოდ ჰორეკა სექტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვა მოქალაქეები ვეღარ გაივლიან რეგისტრაციას?! მაშინ ეს რანაირი საყოველთაო ვაქცინაციაა, თუ ადამიანებს აცრის სურვილი აქვთ და ვაქცინები არაა. ანუ რეალურად მივედით მთავარ პრობლემამდე – ქვეყანას ვაქცინა არ აქვს. 4 თვეა რამდენიმე ასეული ექიმის აცრას ვცდილობთ და ბოლოში ვერ გავედით. როგორც იქნა გამოცხადდა საყოველთაო ვაქცინაცია და ვაქცინები არაა ქვეყანაში, ეს იმ რეალობაში, როდესაც ხალხი დათანხმდა ისეთ ვაქცინებზეც, რომელთა ეფექტიანობა შედარებით დაბალია და თანაც მანამდე, ვიდრე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის აკრედიტაციას მიიღებდა. 

ახლა ამ პრობლემების ფონზე ეკონომიკის მინისტრს თუ მართლაც აქვს იმედი, რომ მარკეტინგული კამპანიებით გახსნის ტურიზმს და გაეჯიბრება ისეთ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის 60%-ზე მეტი აცრილია, სადაც პირბადის ტარების ვალდებულებაც კი არ არსებობს, სხვა შეზღუდვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ნამდვილად აცდენილია რეალობასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებას“, – აცხადებს ბაირახტარი. 

მისი თქმით, „კომენდანტის საათი“ და მსგავსი მკაცრი შეზღუდვები სხვა ქვეყნებში მოკლე დროით გამოიყენება, სანამ მთავრობა სიტუაციაში გაერკვევა, „2 წელი შეზღუდვებით სიტუაციას არავინ მართავს, მით უფრო როდესაც ვაქცინა არსებობს“, – აღნიშნავს ბაირახტარი. 

ძვირადღირებული უსაფრთხოება 

ტურისტული დანიშნულების ობიექტებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ – როგორც აღმოჩნდა, კოვიდუსაფრთხოების ზომების დაცვა მათთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამიტომ ეს სტანდარტები ხშირად ირღვევა. 
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, დეპარტამენტმა აპრილში, სამ დღეში 400-მდე ობიექტი შეამოწმა. საუბარია ტურისტულად მოთხოვნად დაწესებულებებზე – სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე, რომელთა მონიტორინგის დროსაც ძირითადი აქცენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეგულაციების დაცვის შემოწმებაზე გაკეთდა. 

„არცთუ ცოტა შემთხვევაში სავენტილაციო სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზები დაფიქსირდა. ვგულისხმობ დარღვევებს, რის გამოც გარედან დიდი კონცენტრაციით სუფთა ჰაერის შემოტანა ვერ ხდება. ეს კი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველია“, – განაცხადა ფერაძემ. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა საკონტროლო და დამატებით ღონისძიებებზე, თუ რა ალტერნატივა შეიძლება შეეთავაზოს ასეთ ობიექტებს. ბექა ფერაძის ინფორმაციით, საბოლოო მსჯელობა ეპიდემიოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. 

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეკონომიკის სრული გახსნისთვის ყველაფერს აკეთებს და არ არსებობს შეზღუდვა, რომლის მოხსნაც გონივრულია, თუმცა, ის ამას არ აკეთებს. 

„სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა იყოს შეუფერხებელი. ტურისტი საქართველოსთვის არის ყოველთვის ძალიან დადებითი ეკონომიკური შედეგების მომტანი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი გვყავდეს მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ტურიზმი არის შეფერხებული. თუმცა აქ არის მეორე საკითხი, მნიშვნელოვანია, სასტუმროებისა და რესტორნების მზადყოფნა ტურისტების მისაღებად", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

თუმცა, ერთია ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებები, მეორე კი რეალობა. პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის თავზე ტურისტული სექტორი სიტუაციიდან გამოსვლის კონკრეტულ გზას ისევ ვერ ხედავს. 

მაია ჭანტურია