ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ჩაიშლება თუ არა 800-მილიონიანი ინვესტიცია ნამოხვანჰესის ასაშენებლად - №1(66), 2021
ვინ ეწინააღმდეგება ჰესის მშენებლობას 

ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა 23 მაისიდან დედაქალაქშიც გადმოინაცვლა. აქტივისტების მტკიცებით, მთავრობა დაპირებას არ ასრულებს და კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმის გამოცხადების მიუხედავად, მშენებლობას აგრძელებს. „რიონის ხეობის მცველების“ თქმით, ხელისუფლება, არაერთი დარღვევის მიუხედავად, ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას არ აპირებს. 

ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ცალსახაა, ჰესი უნდა აშენდეს. მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება იმპორტი, რაც ქვეყანას ძვირი უჯდება. ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ამ თვალსაზრისით, ნამოხვანჰესი ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია. 

„საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ წაახალისოს ჰესების მშენებლობა“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ნამოხვანის კასკადის პროექტი ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას გულისხმობს: ქვემო ნამახვანის ჰესი და ზემო ნამახვანი. ქვემო ნამოხვანჰესის წყალსაცავის ზედაპირის ფართობი 13.1 კვ.კმ იქნება; ხოლო ზემო ნამოხვანჰესის წყალსაცავის – 1 კვ.კმ. ორივე საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ასევე იქნება ჰესის შენობა და ქვესადგური. 

ამ ობიექტების მოსაწყობად საჭირო იქნება 600 ჰექტრამდე ტერიტორიის წყლით დაფარვა. მშენებლობის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ეს, გარემოსდაცვითი საფრთხეების გარდა, გამოიწვევს ადგილობრივი ვაზის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონის და ათეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დატბორვას. 

პროექტის მიხედვით, ქვედა ნამახვანჰესისთვის აშენდება 4.4-კილომეტრიანი გვირაბი, ზედა ჰესისთვის კი 4-კმ-იანი. ამ გვირაბებში მდინარე რიონი უნდა მოექცეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ რიონის ადიდების და კაშხლის დაზიანების შემთხვევაში, რიონის ხეობა და შემდეგ, ქუთაისი დაიტბორება. სწორედ ამ საფრთხეების გამო გამოვიდა მოსახლეობა საპროტესტო აქციებზე.
ორივე ჰესის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ იქნება და სავარაუდოდ, წლიურად 1496 გგვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მშენებელი თურქულ-ნორვეგიული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ინფორმაციით, ნამოხვანჰესი პიკის დროს ქვეყანაში მოთხოვნილების 20%-ს დააკმაყოფილებს და შიდა წლიურ გენერაციას 15%-ით გაზრდის. მთავრობა ჰესების მოწინააღმდეგეებს ეუბნება, რომ მშენებელი კომპანია 800 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივებს დაასაქმებს. 

ელშეკრულების დეტალები 

„სრულიად ბუნდოვანი იყო ე.წ. ტენდერის ჩატარების პროცესი. რეალურად არავინ იცის, იყო თუ არა საერთოდ ტენდერი, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი, – „ენკა რინიუებლზთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მომხდარიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ). გზშ არის კვლევების კომპლექსი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება ტექნიკურად, ეკონომიკურად, სოციალური, გარემოსდაცვითი და კულტურული თვალსაზრისით. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა“.
 
10 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნავდა, რომ კომპანიამ ნებართვის გარეშე დაიწყო მოსამზადებელი და მიწის სამუშაოები. ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის 22 აპრილს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიაზე სამშენებლო ნებართვა უკანონოდ გასცა. 

„კომპანიას ამავე ნებართვით უფლება მიეცა ადგილზე არა მხოლოდ მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები, არამედ ძირითადი რიგის მიწის სამუშაოებიც შეესრულებინა. თუმცა, ჩანაწერი, რომელიც კომპანიას აღნიშნული სამუშაოების განხორციელების უფლებას აძლევდა, სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სამშენებლო ნებართვიდან ამოღებულია. შპს „ენკა რინიუებლზს“, დღეის მდგომარეობით ადგილზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების უფლება აღარ გააჩნია“, – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებაში.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებებს არაკომპეტენტური უწოდა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ნამოხვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხო პროექტია.
 
„გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში. უმცირესი თეორიული შანსია, რომ მას რამე დაემართოს“, – განმარტავს ნათია თურნავა.
 
ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობა 

თურქულ კომპანიასთან დადებულ შეთანხმებაში წერია, რომ ნამოხვანჰესის მიერ გამომუშავებული ერთი კვტ/სთ ელ. ენერგია 6.2 ცენტი ეღირება და ფასი ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიას ამ ფასად სახელმწიფო ჰესის მფლობელისგან გარანტირებულად 15 წლის განმავლობაში შეისყიდის. 15 წლის შემდეგ, თუ ჰესის ოპერატორ კომპანიას მეტ თანხას შესთავაზებენ, შეუძლია ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს. ოღონდ, აქ ერთი პირობაა – თუკი საქართველოს ენერგიის დეფიციტი ექნება, იმ მომენტში ექსპორტი უბრალოდ არ შეიძლება. მთავრობამ ასევე 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრის გაზრდის ვალდებულება იკისრა. 

ნამოხვანჰესის მშენებლობა საქართველოში დენის გაძვირებას რომ გამოიწვევს, ამას მსოფლიო ბანკიც ვარაუდობს. ზრდა სავარაუდოდ, 10% იქნება. მსოფლიო ბანკის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ ჰიდროელექტროსადგურების მფლობელ კომპანიებთან ნაკისრი ვალდებულებებით, 2018 წლიდან მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი ყოველწლიურად გაიზრდება და 2025 წლისთვის ერთი კვტ.სთ-ის ღირებულება დღეს 100 კვტ. სთ-მდე მოხმარების შემთხვევაში ტარიფი 18.041 თეთრია, 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 22.053 თეთრი, 301 კვტ. სთ-დან ზემოთ 23.040 თეთრი. 

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ ჰესების მშენებლობის მიზანს, რომ ის იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლების შესაძლებლობას გააჩენს. EMC მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის გაიაფებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაუმჯობესებაზე მთავრობის მიერ გაცემული დაპირება მცდარია. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ ისე აიღო ფინანსური ვალდებულებები, რომ პროექტის ფისკალური რისკების შეფასება არ მომხდარა. 

„დიდი ალბათობით, არ არსებობს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დასკვნა, რაც კანონმდებლობის კიდევ ერთი ფუნდამენტური დარღვევაა“, – აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი თავის შეფასებაში, – გადასახადების ზრდის ან ახალი გადასახადების შემოღების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებული იქნება კომპანიისთვის, კონტრაქტორების და დამფინანსებლებისთვის გაზრდილი ხარჯები დაფაროს. გარდა ხარჯებისა, მთავრობა ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მიუღებელი შემოსავალიც. ხელშეკრულება კომპანიის ბრალითაც რომ შეწყდეს, მთავრობამ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა, მათ შორის აღებული სესხიც უნდა გადაუხადოს“. 

ნათია თურნავას უწყების მტკიცებით, ნამოხვანჰესის შემთხვევაში სახელმწიფომ პარტნიორი კომპანია ტენდერის საფუძველზე შეარჩია, რომლის მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ტარიფი იყო, „ყველა სხვა აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით“; ამასთან, 2016 წელს ყველაზე დაბალი ტარიფის შემოთავაზებით სწორედ შპს „ენკა რინიუებლზის“ მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა. 

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ნამოხვანჰესის საშუალო შეწონილი ტარიფი (ანუ საშუალო წლიური შემოსავალი, რასაც კომპანია მიიღებს თითოეულ კილოვატ საათზე. ჰესის მიერ გამომუშავებული და ესკო-სთვის გარანტირებული შესყიდვის პერიოდში (სექტემბერი-აპრილი) მიწოდებული ენერგიის ფასს დამატებული ე.წ. „ზაფხულის პერიოდში“ (მაისი-აგვისტო) ჰესის მიერ გამომუშავებული საბაზრო ფასის გასაშუალოებით) ოპერირების დაწყების წლისთვის 4.91 ცენტი იქნება. 3%-იანი დანამატის გათვალისწინებით, ოპერირების პირველი 10 წლის განმავლობაში ის 5.3 ცენტი გახდება, ხოლო ელექტროენერგიის გარანტირებული შე¬სყიდვის ხელშეკრულების მოქმედების სრული 15-წლიანი პერიოდის საშუალო შეწონილი ტარიფი 5.74 აშშ ცენტია. 
სამინისტროს განმარტებით, ნამოხვანის უპირატესობა ის არის, რომ ჰესი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში. დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ფიქსირდება ყველაზე მაღალი ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში (ფასები მერყეობს 7,8 აშშ ცენტის ფარგლებში რუსეთში და 9-11 აშშ ცენტის ფარგლებში თურქეთში). ბუნებრივია, პიკის დროს იმპორტირებული ენერგიის ფასი აღემატება დღის სხვა მონაკვეთში იმპორტირებული ენერგიის ფასს. 

ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ „მაისიდან აგვისტოს ჩათვლით ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესყიდვის ვალდებულება სახელმწიფოს არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გენერაციის გათვალისწინება ფისკალური რისკის/ტვირთის შეფასებისას დაუშვებელია“. 

ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება 

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი გასული წელს, შემოდგომაზე დაიწყო. სანამ აქციის მონაწილეთა რიცხვი მცირე იყო, ხელისუფლებამ მათ პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მთავრობის წევრები ხეობაში მოსახლეობასთან შესახვედრად მხოლოდ 5 თვის შემდეგ ჩავიდნენ, მას შემდეგ, რაც აქციების მასშტაბი გაიზარდა. 

პროტესტის მონაწილეებთან გამართულ შეხვედრებს და პროექტის განხილვას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რადგან ინვესტორთან ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია. საზოგადოებასთან დიალოგის დაწყების შესახებ განცხადებების პარალელურად, ხელისუფლება, სხვადასხ¬ვა ხერხით ცდილობს პროტესტის ჩახშობას. როგორც საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, დიალოგის ნაცვლად, ხელისუფლება პროტესტის დასუსტებისთვის რეპრესიულ მეთოდებს იყენებს და საპროტესტო მოძრაობის ლიდერების დისკრედიტაციას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული და უცხო ქვეყნის მიერ წახალისებული მოქალაქეები არიან. 

მას შემდეგ, რაც პროტესტის მასშტაბი გაიზარდა, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ენკა რინიუებლზისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების რევიზიას დაიწყებენ. ამ მიზნით, ხელშეკრულება გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს. საინტერესო ფაქტია, რომ იუსტიციის სამინისტროს ჰესის მშენებლობაზე დადებითი დასკვნა ადრე უკვე აქვს გაცემული. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის შესასწავ¬ლად იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას დაიქირავებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ყველა დოკუმენტის, მათ შორის, გზშ-ის შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა შესაბამისად. 

ოფიციალური ინფორმაციით, ვიდრე გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია არ მოხდება, კაშხლის მშენებლობაზე 9-12-თვიანი მორატორიუმი გამოცხადდება. 

„კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში“, – განაცხადა ნამოხვანჰესის პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ნამოხვანჰესის მშენებლობა უნდა შეაჩეროს. გამოვლენილი დარღვევების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. ხოლო შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაიწყონ მოკვლევა, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციულ გარიგებას მთავრობის წევრებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის. კორუფციული გარიგების ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ხელშეკრულება. საია-მ და "მწვანე ალტერნატივამ" თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, შეჩერდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების მოქმედება, რომლითაც ნამოხვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. 

„რიონის ხეობის მცველები“ კი პროტესტს აგრძელებენ. მათი ორგანიზებით დედაქალაქში 23 მაისიდან საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოეწყო. აქტივისტებმა და მათმა მომხრეებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გაშალეს კარვები და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენებს, მოგვიანებით კი რადიკალურ ქმედებაზეც გადავიდნენ – დედაქალაქში საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს და მეტიც – დამოუკიდებლობის დღის აღლუმის ჩაშლითაც დაიმუქრნენ. 

„ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა მოითხოვეს, ჰესის მშენებელმა „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს აღნიშნულ სექტორში მორატორიუმი. 

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მანამდე სხვა მოთხოვნებიც ჰქონდათ. კერძოდ, აქტივისტებიდან ხშირად ისმოდა მოწოდებები, რომ საქართველოში ჰესი თურქ ინვესტორს არ უნდა აეშენებინა. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰესის მოწინააღმდეგეებმა კაშხალის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს. პროტესტის ამგვარ განვითარებას გამოეხმაურნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე თურქეთის ელჩი. 

„ჩემთვის მოულოდნელი იყო მენახა პროტესტის დაწყება, თითქმის ერთი წლის შემდეგ ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან და მეორე, რამაც გამაკვირვა – თურქოფობიური, ანტითურქული ტონი და რაღაც შემთხვევაში შემოპარული ისლამოფობიური პროპაგანდა. ეს ძალიან შემაშფოთებელია გულახდილად რომ გითხრათ“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

„მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას. ქართული მართლმადიდებლური რწმენა გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ როცა ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები აღმიძრა, ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ“, – განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. 

მითები და რეალობა ნამოხვანჰესის შესახებ 

„ნამოხვანჰესის“ განმახორციელებელმა თურქულ-ნორვეგიულმა კომპანია „ენკამ“ 12 მაისს საინფორმაციო კამპანიის დაწყება გამოაცხადა. „ენკას“ დირექტორი მერაბ ლომინაძე, რომელიც ხელმძღვანელის პოზიციაზე აპრილის ბოლოს დაინიშნა, აღიარებს რომ საინფორმაციო კამპანია დაგვიანებულია, მაგრამ, იმედოვნებს, რომ ახლა მაინც შეძლებენ ხალხს აუხსნან რა ხდება. 
ლომინაძე აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან და სპეციალისტთან ჩაერთოს დისკუსიაში და ერთად განიხილონ პროექტი, თუ რა ეკოლოგიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჰესს და ასევე რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკული თვალსაზრისით.
 
მერაბ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა ჰესის მშენებლობის ირგვლივ არსებულ მითებზე და რეალობაზე: 

„ერთ-ერთი მითი არის რომ ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეთანხმებული პირობები არამომგებიანია საქართველოსთვის. ეს ხელშეკრულება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და მოქალაქეს მოიძიოს როგორც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე ჩვენი კომპანიის ვებგვერდზე.
 
რიონის ხეობა სრულად გაიყიდა თურქებზე. სინამდვილეში რიონის ხეობის მხოლოდ 2,9% არის გადაცემული პროექტისთვის და მხოლოდ და მხოლოდ იმ საჭიროებისა და მიზნებისთვის, რომელიც ეხება ნამოხვანჰესის მშენებლობას და მის ოპერირებას. 

რეგიონის ბუნებრივი რესურსები და წიაღისეული ვითომდა ინვესტორს უფასოდ მიეცა. სინამდვილეში ნამოხვანის მშენებლობა არ ითვალისწინებს წიაღისეულის მოპოვებას. და ნებისმიერი წიაღისეული, რომელიც მოპოვებული იქნება ამ პროექტისთვის, საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის და ნებართვის მოპოვებას და შესაბამისი თანხის გადახდას ქვეყნის ბიუჯეტში. 

შემდეგი მითი გახლავთ, რომ პროექტი არ შექმნის სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის და უმეტესად დასაქმდებიან თურქეთის მოქალაქეები. სინამდვილეში პროექტი მშენებლობისას დაასაქმებს 2000 ადამიანს და ხელშეკრულებით არის აღებული ვალდებულება, რომ ამ ადამიანების 80% საქართველოს მოქალაქე იქნება“, – ამბობს ლომინაძე. 

აქვე საინტერესოა ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსაციის თემა. კომპანიაში განაცხადეს, რომ 274 მესაკუთრესთან მიწის გამოსყიდვაზე აწარმოეს მოლაპარაკება. 

„ადგილობრივ მოსახლეობას უკვე მიღებული აქვს 35 მილიონი ლარი. რაც შეეხება დღემდე განხორციელებულ კვლევებს და მოსამზადებელ სამუშაოებს, ათეულობით მილიონ დოლარზე არის საუბარი“, – განაცხადა „ენკას“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა ელენე ღუბიანურმა. 25 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ 274 მესაკუთრიდან მხოლოდ ერთთანღა იყო შეთანხმება მისაღწევი. აქ უკვე ლოგიკური შეკითხვა ჩნდება – ადგილობრივებმა თუ კომპენსაცია მიიღეს, აბა ვინ აპროტესტებს ჰესის მშენებლობას? 

პროექტის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა. 

„რიონის ხეობაში ეს არ არის პირველი ჰიდროელექტროსდგური. პირველი ჰიდროელექტროსადგური, „რიონჰესი“ 1936 წელს აშენდა. შემდეგ, 50-იანებში აშენდა „ლაჯანური“, რომელიც ბევრად უფრო მაღლაა, რაჭის ტერიტორიაზეა და უფრო სეისმურად აქტიურ ზონაშია, მერე არის ვარციხეჰესის კასკადი, რომელსაც 4 კაშხალი აქვს და „გუმათი1“ და „გუმათი2“. ჯამში 8 კაშხალი და 8 რეზერვუარი უკვე არსებობს რიონის ხეობაში და მოგეხსენებათ, რომ არავითარი რადიკალური კლიმატის ცვლილებები არ გამოუწვევია“, – ამბობს აბრამიშვილი. 

„არსებობს საკმაოდ რეპუტაციული ფრანგული კომპანია Terra Clima, რომელსაც აქვს განხორციელებული ანალოგიური კვლევები დონ პერინიონის ვენახებისთვის, შამპანურის ყურძნის ვენახებისთვის, მსოფლიოში უძვირფასესი კონიაკის – „ლუდოვიკო XIII“ ვენახებისთვის.
 
ეს კომპანია ამბობს, რომ ზეგავლენა მიკროკლიმატზე იქნება მხოლოდ 100-150 მეტრის ფარგლებში“, – ამბობს გიორგი აბრამიშვილი. შესაბამისად, „ტვიშის“ მიკროზონის განადგურება არარეალურად მიაჩნია.
 
მოცემულ სიტუაციაში რაც სახეზეა, გარკვეული ჯგუფები დაინტერესებული არიან საქართველოში ჰესების მშენებლობის შეფერხებით. 

„დღეს გვაქვს ჰესების 84 პროექტი, რომელიც ან გაჩერებულია ან სერიოზული პრობლემების ქვეშაა. ძირითადი მიზეზი სოციალური პრობლემებია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება არის 3,7 მილიარდი ამერიკული დოლარი, რაც დღევანდელი კურსით 10 მილიარდ ლარზე მეტია. ამ პროექტებში უმეტესი ნაწილი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც უნდა შემოსულიყო, მაგრამ არ შემოვიდა და შეჩერდა. 2500 მეგავატი არის დადგმული სიმძლავრე იმ პროექტების, რომელიც შეჩერებულია გარკვეული პრობლემების გამო. ენერგიის ეს მოცულობა ქვეყანაში იმპორტზე დამოკიდებულების საკითხს მოგვიხსნიდა“, – აცხადებს გიორგი აბრამიშვილი. 

რას ნიშნავს ენერგეტიკული იმპორტდამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთზე, ალბათ 2006 წლის გახსენებაც ღირს – რუსეთმა საქართველოს ჯერ 110-დან 235 დოლარამდე გაუძვირა ბუნებრივი აირის ფასი, შემდეგ საქართველოს საზღვართან, რუსეთის ტერიტორიაზე გაზსადენი ააფეთქეს, რასაც მაღალი ძაბვის გადამცემი „კავკასიონის“ მწყობრიდან გამოსვლაც მოჰყვა. მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი საბოტაჟში დაადანაშაულა და რამდენიმე წელიწადში ენერგეტიკული თვალსაზრისით, მთლიანად გაანეიტრალა რუსეთზე დამოკიდებულება. ბუნებრივი აირის მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა, ხოლო ელექტროენერგიის მხრივ, ჰესების რეაბილიტაციის და ახალი ჰესების მშენებლობის შედეგად საქართველომ უკვე 2007 წელს შეძლო უფრო მეტი დენი ექსპორტზე გაეტანა, ვიდრე იმპორტი ჰქონდა. საქართველოს წმინდა ექსპორტიორობა 2011 წლამდე გაგრძელდა. კიდევ ერთხელ მხოლოდ 2016 წელს მოხდა, როცა დენის ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა. მას შემდეგ ბალანსი სულ უფრო უარესდება და სულ უფრო მეტი დენი შემოგვაქვს რუსეთიდან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, 2019 წლიდან საქართველო "გაზპრომის" გაზის შესყიდვასაც დაუბრუნდა და ასევე სულ უფრო იზრდება რუსული გაზის წილი საქართველოს მოხმარებაში.
 
ამ სიტუაციაში კი ჰესების, მათ შორის ნამოხვანჰესის მშენებლობის გაჩერებას თავისი ფასი აქვს. შედეგად, საქართველოსაც მოუწევს ამ ფასის გადახდა, რაც სულ უფრო მეტად რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების და შესაბამისად, საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებაში გამოიხატება. 

ნონა ქვლივიძე