ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ვაქცინაცია საქართველოში ანუ შეუსრულებელი მისია - №1(66), 2021
რამ გამოიწვია ვაქცინის დეფიციტი

გაუგებრობა 

7 აპრილს, გამოცემა „ბლუმბერგში“ გამოქვეყნდა კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ „მცირე შემოსავლების ქვეყნებს მათთვის ვაქცინის შეძენის მიზნით არ მიუმართავთ“. მიუხედავად იმისა, რომ ბურლა სხვა არანაკლებად მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხო, ჩემთვის სწორედ ეს ფრაგმენტია ყველაზე საინტერესო.
 
მიმართა კი საქართველოს მთავრობამ „ფაიზერს“ გასულ წელს? თუ არა, რატომ არ მიმართა? იქნებ იმიტომ, რომ სხვა ვაქცინების ადმინისტრირება უფრო მარტივია? ან იქნებ იმიტომ, რომ სხვა კომპანიას მიმართა, რომელმაც ვაქცინა მის და ჩვენდა სამწუხაროდ ვერ დაამზადა. რა გააკეთა შარშან მთავრობამ ვაქცინების მომარაგების მიზნით, შარშანდელი შემოდგომიდან დღემდე, გაუგებარია. ზუსტად ისევე გაუგებარია, როგორც წინა სტატიის დაწერისას, რომელიც „ბიზნესი და მენეჯმენტის“ №4(65)-ში გამოქვეყნდა. 
 
ის, რომ მთავრობამ უკიდურესად სუსტად იმუშავა ვაქცინების მომარაგების მხრივ, ფაქტია და სახეზეა, მაგრამ ასევე გაუგებარი რჩება თუ რატომ არ ცდილობს ოპოზიცია და მედია ამ საკითხის ღრმად შესწავლას. საინტერესოა, რატომ თვლის კრიტიკული მედია, რომ მთავრობის ვაქცინებით მომარაგებაში უპასუხისმგებლო და უშედეგო ქმედებების გამოაშკარავება ნაკლებად დააზიანებს პოლიტიკურად ხელისუფლებას და ნაკლებ მნიშვნელოვანია ხალხისთვის, ვიდრე ოპოზიციის ლიდერის შეწყალებით თუ ამნისტიით გამოშვება; როგორ შეიძლება მედია არ დაინტერესდეს დეტალური ინფორმაციით, თუ რას აკეთებდა მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი და ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციები ვაქცინებით ქვეყნის მომარაგების მიზნით მთელი ამ ხნის განმავლობაში, გაუგებარია. 

საყოველთაო ვაქცინაცია – ანუ ვინ მოასწრებს გადარჩენას 

საქართველოში 70 წელზე მეტი ასაკის 370 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 12 აპრილის მონაცემებით კი აცრილია 60 ათასი ადამიანი. საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის უსუსური პოლიტიკის გამო მივიღეთ საკმაოდ უხერხული ვითარება. დიახ, ვგულისხმობ იმას, რომ ვაქცინაცია საყოველთაო გახდა. ანუ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია „მოსწრებაზეა“. ვაქცინაციის საყოველთაობა გამოწვეული იმ ერთადერთი მიზეზით, რომ მთავრობას სურს გადაფაროს ვაქცინაციის პროგრამის სრული კრახი, რაც პირველ ეტაპზე მედიცინის სფეროს წარმომადგენლების და ხანდაზმული ადამიანების ვაქცინაციაზე მეტწილად უარი თქმაში გამოიხატა. „მოსწრებაზე“ სტილით ვაქცინაზე რეგისტრაცია კი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან უახლოეს პერიოდში მხოლოდ მცირე პორციებით ველით ვაქცინებს. ხანდაზმულმა ადამიანმა როგორ უნდა მოასწროს ინტერნეტის საშუალებით დარეგისტრირება 20-40 წლის ადამიანს? თან გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ადამიანები აცრის გასაკეთებლად რეგისტრირდებიან არასაცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით. მაგალითად, თბილისელი, რაკი თბილისში ადგილები შევსებული იყო, რეგისტრირდება რაჭაში. ერთია, რომ ასაკოვან ადამიანს იგივეს გაკეთება ანუ რაჭაში ვაქცინაციისთვის წასვლა კოვიდ-პანდემიის პირობებში კიდევ უფრო უჭირს და მეორე, რომ ამ თბილისელმა ადამიანმა შესაძლოა იმავე რაჭაში მაცხოვრებელ ხანდაზმულ ადამიანს „დაასწროს“ ვაქცინაზე დარეგისტრირება. საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის „დასწრების“ ანუ ველური მეთოდების გამოყენების ფონზე სრულიად დაგვავიწყდა, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს კორონავირუსი ხანდაზმულ ადამიანებს უქმნის და ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პირველ რიგში სწორედ ხანდაზმული ადამიანები აიცრან, ისე როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში და ჰუმანურ საზოგადოებაში ხდება. მათი შორ მანძილზე გადაადგილება და დამატებითი ტრანსპორტის გამოყენების აუცილებლობა კიდევ უფრო ზრდის ხალხთან კონტაქტისას და ინფიცირების რისკს. 

როგორ (არ) მუშაობს ხელისუფლება, ოპოზიცია და მედია 

განვიხილოთ ასეთი მაგალითი: 26 აპრილს, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ პსაკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში აშშ სხვა ქვეყნებს გაუნაწილებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 10 მილიონ დოზას, ხოლო მაისში და ივნისში დამატებით ვაქცინის 50 მილიონ დოზას. 

– მთავრობის რეაგირება 

როგორ ეხმიანება ამ განცხადებას მთავრობა? პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ხომ არ მიმართეს პარტნიორ აშშ-ს, რომ ვაქცინებით დაეხმაროს ერთ პატარა პარტნიორ ქვეყანას? ქვეყნის რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ამერიკაში ხომ არ გაემგზავრა ამ საკითხთან დაკავშირებით? სამწუხაროდ არა. როგორც ჩანს ხელისუფლება აგრძელებს გაუაზრებელ ქმედებას დღეისთვის მთავარი ეროვნული საკითხის – ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელებისთვის და არ იყენებს არსებულ შესაძლებლობებს. ეს ხელისუფლების უპასუხისმგებლობაა. 

– ოპოზიციის რეაგირება 

28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინაშე ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოხსენებით წარდგა. პარლამენტში შესული ოპოზიციონერები მოსმენას არ დაესწრნენ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზეზი, რომლის საფუძველზეც ოპოზიცია ისეთი დრამატული ეროვნული გამოწვევის შესახებ, როგორც პანდემიასთან ბრძოლა და ვაქცინაციის პროცესია, კითხვების პარლამენტში დასმის შესაძლებლობას არ იყენებს. ეს ოპოზიციის უპასუხისმგებლობაა. 

– მედიის რეაგირება 

მედიამ, რომლის ყველაზე პოპულარული ფიგურანტები, ტელევიზიები კერძოა, მაგრამ ამავე დროს უკიდურესად მიკერძოებულები არიან და დამსახურებულად მოიპოვეს პარტიული ტელევიზიების სახელი, ეს საკითხი აქტუალური არ გახადა. რამდენიმე პოპულარულმა ჟურნალისტმა კი ინფორმაციის დაუსაბუთებელი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, დაახლოებით ასეთი: „აშშ კოვაქს-პლატფორმისთვის აპირებს 60 მილიონი დოზა ასტრაზენეკას გადაცემას“. ანუ კოვაქს-პლატფორმისთვის და არა პარტნიორი ქვეყნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ან მთლიანად შესაძლოა აშშ-მა „ასტრაზენეკას“ ვაქცინები მართლაც კოვაქს-პლატფორმას გადასცეს,  
უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელს საერთოდ არ უხსენებია ხსენებულ ბრიფინზე კოვაქს-პლატფორმა და ეს მხოლოდ მიმომხილველების ვარაუდია. უფრო მეტიც, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ნათლად ახსენა სიტყვა „პარტნიორი“, ამერიკა კი საქართველოს თავადაც პარტნიორს უწოდებს და ქართული მედიის მხრიდან ამ საკითხის გაუფასურება ან შეგნებული მავნებლობაა ან უკიდურესი არაპროფესიონალიზმი. ეს კი მედიის უპასუხისმგებლობა.
 
მაგალითი საქართველოს მიღმა 

7 მაისს ინდური წარმომავლობის მქონე ამერიკელ ექიმთა ასოციაციამ, მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების 100-ივე სენატორს თხოვნით, რომ ინდოეთს აშშ-მა ხსენებული 60 მილიონი დოზა „ასტრაზენეკას“ მარაგიდან 30 მილიონი დოზა ვაქცინა გადასცეს. მომდევნო დღეს, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ გააკეთა განცხადება, რომ ინდოეთი აუცილებლად მიიღებს აშშ-დან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას. 
ჩვენ არასდროს არ ვიქნებით ინდოეთივით დიდი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ამერიკელები უწოდებენ პარტნიორს, ჩვენი ქვეყნის მთავრობამ კი არ იცის როგორ უნდა გამოიყენოს ეს სიტყვა. ეს სიტყვა გააზრებული არც ოპოზიციისა და მედიის დიდ ნაწილს აქვს და არც ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს, რომლებსაც არ შესწევთ ძალა რაიმე ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლაზე. ასე დააღალატა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში საქართველო საკუთარმა ელიტამ, ჩვენ სწორედ ამ ელიტის უუნარობის შედეგებს ვიმკით და მოვიმკით კიდეც მომავალში. 

პარტნიორებზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ევროპის კავშირი. 3 მაისს ევროპის კავშირმა დაიწყო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ანუ ქვეყნების, რომლებიც არ არიან ევროპის კავშირის წევრები) ვაქცინებით მომარაგება და გადასცა 670 ათასი დოზა ვაქცინა. საგულისხმოა, რომ ეს ქმედება არ გახლავთ კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში და ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებას ახორციელებს სხვა პროგრამით, კერძოდ ევროკავშირის „სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების“ მექანიზმის მეშვეობით. ევროკავშირი გვაუწყებს, რომ ამ მექანიზმის გამოყენებით შესაძლებელი იქნება ბალკანეთის ქვეყნების მედიცინის მუშაკების და ხანდაზმული ადამიანების აცრა. 

საქართველოს მთავრობა, როგორც წესი აქაც სდუმს, არც პირდაპირ, არც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმიდან ევროკავშირს არ აწუხებს. ალბათ, ის „უფრო მნიშვნელოვანი“ პრობლემებით არის დაკავებული, ვიდრე პანდემია და შედეგად ათასობით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე და ვაქცინაციის გაჭიანურების გამო კიდევ უფრო შავ დღეში ჩავარდნილი ქვეყნის ეკონომიკაა. 

თუმცა, პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა. ევროკავშირი „სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების“ მექანიზმის გამოყენებით და რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანასაც ამარაგებს, კერძოდ მოლდოვას, რომელმაც ამ მექანიზმის საფუძველზე 7 მაისს 100.800 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღო. მოლდოვა, ისევე როგორც საქართველო, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანაა, ოღონდ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის მქონე მთავრობით, რომლის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე ოდნავ მეტია და რომელსაც უკვე მიღებული აქვს 400.000 დოზაზე მეტი ვაქცინა. 

გლობალური საფრთხე 

თითქოს გრძელ და უზომოდ მომქანცველ გვირაბში ნამდვილად გამოჩნდა ნათელი, – ასე აღიქვეს ადამიანებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 13 მაისის განცხადება, მასზედ, რომ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ არ ატარონ ნიღბები და არ დაიცვან ფიზიკური დისტანცია (გარდა ზოგიერთი შემთხვევისა). გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, აშშ, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, უკვე უარს ამბობენ მთელ რიგ შეზღუდვებზე. ევროკავშირი კი სადაც ვაქცინაციის ტემპი უფრო დაბალია ვიდრე ჩამოთვლილ ქვეყნებში, ასევე ემზადება მნიშვნელოვანი შეზღუდვების შესარბილებლად და ახალი სახის, უფრო მარტივი რეგულაციებისთვის, მიუხედავად იმისა, ვითარება მსოფლიოში საკმაოდ რთულია და უახლოეს თვეებში პანდემიის დამარცხებაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან შესაბამისი რაოდენობის ვაქცინები უბრალოდ არ არსებობს. კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში დარიგებული ვაქცინების რაოდენობა აპრილში უკვე ჩამოუვარდებოდა თავდაპირველ გეგმას. გეგმა კი ქვეყნების მხოლოდ 27%-ით მომარაგებას ითვალისწინებდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, GAVI (Global Alliance for Vaccines and Immunisation) ვაქცინების ალიანსი და ჯანდაცვის გლობალური ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ არა მხოლოდ ნიღბების ტარებაზე, სანიტარული ნორმების დაცვასა და ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობაზე, არამედ სხვა ასევე ხელმისაწვდომ საშუალებებზე და მეთოდებზე, მაგალითად: ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიღების, ცხოვრების ჯანსაღი წესის და ფიზიკურ აქტივობის მნიშვნელობაზე. მე პირადად დავუჯერე GAVI-ს რეკომენდაციას და ვცდილობ კვირაში 150 წუთი ფიზიკური დატვირთვა დამიგროვდეს. თქვენც ამავეს გირჩევთ. GAVI ამბობს, რომ შესაბამისი ფიზიკური დატვირთვა ორჯერ ამცირებს ადამიანის კორონავირუსისგან დაზიანების შესაძლებლობას. 

ისევ ვაქცინებზე 

გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 40 წლამდე მოქალაქეებმა, თუ ექნებათ შესაძლებლობა აიცრან არა „ასტრაზენეკას“, არამედ სხვა ვაქცინით. ბრიტანული სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ასეთი მიდგომა მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ეფექტურია კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში. გასათვალისწინებელია, რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე აიცრა და ისევე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ახალგაზრდები ბოლო ეტაპზე იცრებიან. ხოლო მათ კი მეტი მოტივაცია სჭირდებათ აცრის გასაკეთებლად. გაერთიანებულ სამეფოში ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინები. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. 

ევროპის კავშირის ბევრმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ასაკობრივი ან სხვა სახის შეზღუდვა დააწესა, თუმცა, არა ყველამ. სულ ახლახანს პოზიცია კვლავ შეცვალა და მასზე შეზღუდვები შეამცირა გერმანიამ, ასევე ლიეტუვამ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ შეზღუდვა კი გარკვეული სოლიდარობის გამოხატვაა ევროპის კავშირის პოზიციისადმი, რომელსაც განზრახული აქვს სასამართლო დავა აწარმოოს „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ, რადგან მიიჩნევს, რომ „ასტრაზენეკამ“ ვერ შეასრულა დანაპირები და ვერ მოამარაგა ევროპის კავშირი ვაქცინებით.
 
კვლავ ვაქცინაციაზე საქართველოში 

ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინამ, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი უკვე აიცრა, რამდენჯერმე დაგვიანების შემდეგ მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მწვანე შუქი და მის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია. ამავე დროს, მან შესაძლოა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი კოვაქს-პლატფორმის მომარაგების თვალსაზრისით. როგორც ადრე, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩინური ვაქცინა ჩინეთის მხრიდან გამოყენებული იქნება გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ ამ ვაქცინის მიმართ მოთხოვნის არსებობა საქართველოში ადვილად ახსნადი და ლოგიკურია. ხელისუფლების სრულიად უსუსურმა ქმედებებმა ჩვენს მოქალაქეებს სხვა არჩევანი უბრალოდ არ დაუტოვა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ვაქცინა და ასევე ჩინური, ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინაც, რომელსაც ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა არ მიუღია, ასევე ეფექტიანი იქნება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს იმუნიზაციის პროცესში. 

საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთმა სახემ თენგიზ ცერცვაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ წლის დასაწყისში საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შეძენისთვის, მაგრამ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ეს განცხადება გააპროტესტა. ჩინური წარმოების ვაქცინის შეძენის შესახებ გაკეთებული განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და პრობლემის მოსახლეობაზე გადაბრალების მორიგ მცდელობას გავს. ვერ ვიხსენებ საქართველოს მთავრობის ღია დისკუსიას ჩინური ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით. ხოლო თუ მოსახლეობა იანვარში წინააღმდეგი იყო ჩინური ვაქცინის მიღებაზე, ეს აბსოლუტურად სწორი პოზიცია გახლდათ. ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინას იანვარში რატომ უნდა ჰქონოდა მაღალი ნდობა, როდესაც მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც ჩინეთის გავლენა საკმაოდ მაღალია, მხარდაჭერა მხოლოდ მაისში მიიღო? კვლევების და შეფასებების სხვადასხვა ეტაპზე არაერთმა მიუკერძოებელმა ექსპერტმა ეჭვი შეიტანა ჩინელების მიერ წარმოებული კვლევების ეთიკურობასა და ვაქცინის ეფექტიანობაში. თუ ჩვენი მთავრობა გულთმისანია და ჩინური ვაქცინის ეფექტიანობაში იანვარში იყო დარწმუნებული, რატომ ვერ გამოიყენა ეს გულთმისნობა „ფაიზერის“ ვაქცინის შეძენაზე, რომლისთვისაც არც კი მიუმართავს?!

მიტინგები და ვირუსი 

ადგილობრივი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ინდოეთში ყველაზე დიდი ტრაგედია ვირუსმა იმ მხარეებში გამოიწვია, სადაც წინასაარჩევნოდ ყველაზე დიდი ინტენსივობით მიმდინარეობდა კამპანია და იმართებოდა ხალხმრავალი მიტინგები. დასავლეთ ბენგალიის შტატში ე.წ. დადებითობის მაჩვენებელმა (ტესტების ჩატარების შემდეგ გამოვლენილი დაინფიცირებულების რაოდენობა) აპრილში 31%-ს მიაღწია, ხოლო უტარ პრადეშის შტატში თუ 26 მარტს 4 გარდაცვლილი და 1028 დაინფიცირებული დაფიქსირდა, უკვე 29 აპრილს 288 გარდაცვლილი და 35.104 დაინფიცირებული მიიღეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვირუსისგან გარდაიცვალა საარჩევნო კომისიებში ჩართული 577 მასწავლებელი და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მოყვანილი ციფრები არ არის ვარაუდი, ეს უკვე დადასტურებული დრამატული ილუსტრაციაა იმ გარემოების, რომ პოლიტიკური პროცესი პანდემიის დროს უნდა იქნას მოდიფიცირებული. სამწუხაროდ, ნებისმიერი ხელისუფლება, რომლის დემოკრატიის ხარისხი დაბალია, ეცდება ეს გარემოება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს, თუმცა, ამავე გარემოებას ანგარიში ოპოზიციამაც უნდა გაუწიოს. 

რატომ არ გვაქვს ვაქცინა 

და მაინც, ვის დავაბრალოთ ის, რომ საჭირო რაოდენობის ვაქცინა არ გვაქვს? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 24 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად (2 დოზით) აცრილი მხოლოდ 16.555 ადამიანია, ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა კი 96.445-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი რომ დიდად სახარბიელო არ არის 3.98 მლნ-იანი საქართველოსთვის, საკამათო არ უნდა იყოს. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა, რომელიც 2021 წლის თებერვალში განხორციელდა, გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის მომხრეთა შორის 60% არ გეგმავს ვაქცინის გაკეთებას. ხელისუფლების მომხრეთა შორის ეს რიცხვი ასევე მაღალია, მაგრამ მნიშვნელოვნად მცირე – 39%. რას უნდა დავაბრალოთ, რომ ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც საკუთარ თავს უფრო პროდასავლური ორიენტაციის ამომრჩევლებს მიაკუთვნებენ, უფრო მეტად უარყოფენ მეცნიერების მიღწევებს, ვიდრე მმართველი პარტიის მომხრეები? პასუხი ჩემი აზრით ბანალური და დრამატულია, მაგრამ ჩვენი ყოფის ილუსტრაციის შესანიშნავ სურათს გვაძლევს. ოპოზიციური ამომრჩეველი უბრალოდ უარყოფითად უყურებს ნებისმიერ გზავნილს მთავრობიდან, მათ შორის ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხებსაც. რაკი ღარიბაშვილის ან გახარიას ხელმძღვანელობით უნდა ჩაატაროს მთავრობამ ვაქცინაცია, მე არ მინდა და არ ვენდობი! 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების ადგილები რომ შევცვალოთ, დარწმუნებული ვარ მსგავს სურათს მივიღებთ. ახლანდელი მთავრობის მომხრე და ჩვენი დაშვებით, ოპოზიციის ამომრჩეველი – ისევე იქნება აცრის წინააღმდეგი, როგორც დღევანდელი ოპოზიციის მომხრე ადამიანებია. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი დაბალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა მიზეზი იმისა, რომ არ გვაქვს ვაქცინა და გვყავს ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ელიტა, რაც გვყავს. 

ჯანმრთელობას გისურვებთ. 

კოკი იონათამიშვილი, 

"საქართველო – სამი ზღვის ინიციატივა"