ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
არჩევნები და სეტყვა – ვენახების და ბიუჯეტის თავის ტკივილი - №2(67), 2021
რატომ ვერ ბედავს ხელისუფლება სუბსიდირების შეჩერებას

უკვე წლებია, სახელმწიფოში ტრადიცია ჩამოყალიბდა, კახელ მევენახეს მოჰყავს ყურძენი, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ყიდის, ვერც გადაამუშავებს და ამიტომ მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში მას სახელმწიფო ეხმარება. ყურძენს იბარებენ როგორც კერძო კომპანიები და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველ ჩაბარებულ კილოგრამ ყურძენზე დამატებით თანხას იხდის, ან სულაც მოსავალს პირდაპირ სახელმწიფო საწარმო ყიდულობს. შემდეგ, სახელმწიფო საწარმო გადაამუშავებს ყურძენს და მერე სად მიაქვს, მოგებას ნახულობს თუ ზარალს ზარალი ემატება, გლეხსაც ნაკლებად აინტერესებს და მევენახესაც.

ყურძნის სუბსიდირების შესახებ ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია და ყოველთვის იმ მოსაზრებაზე ვართ, რომ თუკი ყურძნის მოყვანას ხარჯი მეტი აქვს, ვიდრე შემოსავალი, ჯობია სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სუბსიდირებაში მილიონების გადახდას თავი დაანებოს. თუკი, საქმიანობა მომგებიანია, მაშინ მით უმეტეს – სახელმწიფო ყურძნის მოყვანა- წარმოებაში ფულს არ უნდა ხარჯავდეს. ქართულ ღვინოს წარმატების შანსი კი, როგორც ექსპერტებიც ამბობენ და ტენდენციაც გამოიკვეთა, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი ღვინის ხარისხი ტოლ-სწორ კონკურენციას გაუწევს უცხოურ ღვინოებს და მასზე რეალური მოთხოვნა იარსებებს. სახელმწიფოს როლიც ღვინის ბაზრების მოძიებაში და მაღალხარისხიანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაში შეიძლება იყოს. თუმცა, როგორც ვხედავთ ეს საკმაოდ რთულია და ბევრად მეტ მუშაობას საჭიროებს, ვიდრე ჩვენში დამკვიდრებული და შეიძლება ითქვას, მოუშორებელი სქემა: მევენახეს მოჰყავს ყურძენი, სახელმწიფო მას უხდის ფულს, ღვინო ან იყიდება ან არა მომგებიან ფასად და ბიუჯეტიდან მილიონები ნამდვილად იხარჯება.
 
არსებულ სქემას კიდევ უფრო აუარესებს თითქმის ყოველწლიურად „გამოწერილი“ მოვლენა – სეტყვა. გაზაფხულიდან მოყოლებული, რთველის დაწყების წინადღეებით დამთავრებული, კახეთში აღარავის უკვირს სეტყვის მოსვლა. აქაც ისევ სახელმწიფო ერთვება – დასეტყვილი ვენახის პატრონებს კომპენსაციას უხდის, მათი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს და შედეგად, არჩევნებზე მათ მხარდაჭერას ელის. თუკი სახელმწიფომ გაბედა და პასუხისმგებლობა თავად მევენახეებზე გადაიტანა – კეთილი ინებეთ და თქვენი ვენახები სადაზღვევო კომპანიებში დააზღვიეთ, თუ სტიქია დაგაზარალებთ, ზარალს სადაზღვევო აგინაზღაურებთო, მაშინვე ოპონენტები ხელისუფლების კრიტიკას იწყებენ.

თუკი ყურძნის საბაზრო ფასი დაბალია და მევენახე უკმაყოფილოა, მაგ დროსაც ოპონენტები მთავრობისკენ იშვერენ ხელს და ითხოვენ სახელმწიფომ ყურძენში ან დამატებით თანხა გადაუხადოს მოსავლის პატრონს, ან სულაც სახელმწიფომ მაღალ ფასად ჩაიბაროს მოსავალი. ისე, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში – არ არსებობდა კერძო მარნები და მთელ მოსავალს მაშინდელი სახელმწიფო იბარებდა ხოლმე.

ასე რომ, სეტყვაა თუ ყურძენი იაფი ღირს – ხშირად ისმის: ხელისუფლება ვალდებულია მევენახეს დაეხმაროს! ამ შინაარსის განცხადებებს ხშირად აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც, როცა სახელმწიფოს მეტი კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდებენ და ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც მაშინდელ ხელისუფლებას ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერი პირადად აკრიტიკებდა.

„როგორ შეიძლება 1 ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს ფასი? 1 ლარიც არ არის ყურძნის ფასი, თქვენ კარგად იცით, რამდენი შრომა სჭირდება ყურძენს და 1 ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი“, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გააკეთა, როცა წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდა.

2012 წელსვე, ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფმა ივანიშვილმა სეტყვით დაზარალებული კახელების გულის მოგება დაკისრებული ჯარიმის გადახდითაც შეძლო. მაშინ ივანიშვილს წინასაარჩევნოდ უკანონო შემოწირულობების გამო ედავებოდნენ. „ოცნების“ ლიდერმა დაკისრებული 80 მილიონი ლარი გადაიხადა კიდეც, ოღონდ, თავისი განცხადებაც მოაყოლა, უკანონოდ დაკისრებულ ჯარიმას მხოლოდ იმიტომ ვიხდი, რომ დაზარალებულ კახელებს მოახმარონო. თუმცა, მოგვიანებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ცნობილი ისიც გახდა, რომ თანხა უკან დაიბრუნა.

მოკლედ, ყურძნის მოყვანა-რეალიზაცია და სეტყვით დაზარალების გამო კომპენსაციის გაცემა არჩევნებთან მჭიდრო კავშირშია. ასეთი პირი უჩანს წელსაც – აგვისტოს ბოლოს, როცა უკვე რთველი კარზე იყო მომდგარი, კახეთში მორიგი სეტყვა მოვიდა. 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში 4600 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა.

ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს, რომლებსაც ყურძენი სრულად გაუნადგურდათ და მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, მთავრობა ერთჯერადი კომპენსაციის სახით, ჰექტარზე 3000 ლარს გადაუხდის.

„ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს ქარხნები 3 სექტემბრის ჩათვლით ჩაიბარებენ. დაზიანებულ 1 კგ რქაწითელში 80 თეთრს, 1 კგ საფერავში კი 1 ლარს გადაიხდიან. ეს არის მაქსიმალური კომპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფო 3000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება.

ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს სპეკულირებას და მოსახლეობის გრძნობებით თამაშს. აცხადებენ, რომ მოსახლეობა მიტოვებულია და ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ აქვს, რაც აბსოლუტური სიცრუეა. პირველი დღიდან, რთველის საკოორდინაციო შტაბის თანამშრომლები მუშაობენ ფერმერებთან, რათა ორგანიზებულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება.

სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა მევენახეობის დარგის უპრეცედენტო მხარდაჭერა, როგორც თანმიმდევრული პოლიტიკის და ზოგადად, დარგის განვითარების, ასევე, კონკრეტულ შემთხვევების, მათ შორის კომპენსაციების კუთხით. 2012 წელს, ჩვენ გვახსოვს მასშტაბური კომპენსაციები, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დაზარალებული მევენახეების კომპენსაცია განახორციელა“, – 28 აგვისტოს განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენი სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ ჩაიბარა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზებას და კერძო სექტორის მეტად განვითარებას, ბოლო წლებში საკმაოდ უცნაური ტენდენციები გამოიკვეთა. ერთ-ერთ ასეთ უცნაურობად შეიძლება სახელმწიფო საწარმოს დაფუძნებაც მივიჩნიოთ, რომელიც მევენახეებისგან ყურძენს ყიდულობს.

„მოსავლის მართვის კომპანია“ 2020 წლის 4 აგვისტოს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. აღსანიშნავია რომ მანამდე ხელისუფლების დაკვეთით ყურძენს 1995 წელს დაფუძნებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი სააქციო საზოგადოება „აკურა“ იბარებდა.

შარშან ორივე ქარხანამ ხელისუფლების დაკვეთით ჩაიბარა ყურძენი, რომელიც შემდეგ გადაამუშავებენ ხოლმე და მოგვიანებით ღვინომასალად და/ან სპირტად აქცევენ. გეგმით გათვალისწინებულია შემდგომში აღნიშნული ღვინის და სპირტის რეალიზაცია.

2020 წლის რთველში საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ზომის – 104 მილიონი ლარის პირდაპირი სუბსიდია გასცა და მევენახეებისგან ამ ღირებულების ყურძენი შეიძინა – ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა.

რთველის სუბსიდირების არსებული მოდელის მეშვეობით, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე „ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“.

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2020 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავების (კომპანიების სუბსიდირების), ასევე რთველის ორგანიზებულად ჩატარების და ღვინის კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით, მიმართულმა ასიგნებებმა შეადგინა 104.3 მლნ ლარი. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 310.0 მლნ ლარს მიაღწია“, – ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

როგორ იცვლებოდა ყურძნის ფასი და სახელმწიფო სუბსიდია ბოლო წლებში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მძაფრდება პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება და ერთმანეთის კრიტიკა. ვენახი და ყურძენი რომ ამომრჩევლისთვის საკმაოდ მგრძნობიარე თემაა, აშკარაა. ამიტომაც, ოპონენტების ურთიერთბრალდებები ამ მიმართულებითაც არის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ივლისში, პარლამენტში გამოსვლისას ყურძნის ფასზე გაამახვილა ყურადღება და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი ბოტკოველს მიმართა:

„30 თეთრი ღირდა თქვენ დროს. ჩვენ დროს ღირს მინიმუმ ლარი. ლარნახევარი, ორი ლარი. აგერ, რაჭაში ღირს 7 და 8 ლარი. ეს არის ჩვენი დამსახურება!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
     

თუ გავიხსენებთ, ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან ხორციელდება. სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს (2006 წელს რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე ემბარგო დააწესა) ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო. 2008-2017 წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 165.8 მლნ ლარი გამოიყო. 2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა, ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმოებს ყურძნის შესასყიდად თანხა გამოუყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთველის ირიბი სუბსიდირება იყო.

2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით ჯამურად გაცილებით მეტია დახარჯული. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდიას ის ღვინის კომპანიები მიიღებდა, რომლებიც 2020 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონიდან არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს შეისყიდიდა და გადაამუშავებდა და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 0,80 ლარს გადაუხდიდა. 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია შემდეგი ოდენობით გაიცა: 1 კგ რქაწითელისთვის – 0.30 ლარი და 1 კგ კახური მწვანესთვის – 0.30 ლარი.

გამოცემა „ფაქტ-მეტრმა“ გააანალიზა ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კილოგრამი ყურძენი 30 თეთრი ღირდა, „ქართული ოცნების“ მმართველობისას კი მინიმალური ფასი 1 ლარიაო“.

„უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. თუ მიწოდება (მოსავალი) გაზრდილია, მოთხოვნა შემცირებული, ყურძენზე ფასიც, ბუნებრივია, უნდა შემცირდეს. თუმცა პოლიტიკოსების მიერ წლების განმავლობაში გაცემული დაპირებები და მუდმივად ყურძნის ფასზე აპელირება (ყურძნის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა, ყურძენი ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს) მევენახეებში გადაჭარბებულ მოლოდინს ქმნის და ბიუჯეტიდან ყურძნის ფასის სუბსიდირებაზე დახარჯული სოლიდური თანხების მიუხედავად, ისინი ფასით მუდმივად უკმაყოფილო რჩებიან. პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში გამოსვლისას კვლავ ყურძნის ფასზე ყურადღების გამახვილება და ხაზგასმა, რომ მათ დროს ყურძენი ლარი და ლარზე მეტი ღირდა, მოსახლეობაში გააჩენს განცდას, რომ მიმდინარე წელსაც ყურძნის ფასი ლარზე დაბალი არ იქნება და სახელმწიფო ფასს კვლავ დაასუბსიდირებს“, – აღნიშნავს „ფაქტ-მეტრი“.

რაც შეეხება უშუალოდ ყურძნის ფასს, საანგარიშო პერიოდში, სუბსიდიის ჩათვლით, ასახულია ცხრილი 2-ში.
     

როგორც მონაცემებიდან ჩანს, საანგარიშო პერიოდში, რქაწითელის ფასი (რქაწითელის ფასზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ გადამუშავებული ყურძნის 60%-ზე მეტი სწორედ რქაწითელია) სუბსიდირების ჩათვლით ერთი ლარი მხოლოდ სამ წელს 2012, 2013, 2014 წლებში იყო, ლარზე მეტი აღნიშნული ყურძნის ფასი არც ერთ წელს არ ყოფილა. რაც შეეხება, „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში ყურძნის ფასს, 2008-2012 წლებში (მას შემდეგ რაც ყურძნის ფასის სუბსიდირება ხორციელდება), ყურძნის ფასი სუბსიდირების ჩათვლით 0.30 ლარი ასევე არასდროს ყოფილა.

გამოცემა „ფაქტ-მეტრმა“ ღარიბაშვილის ამ განცხადების ანალიზის შემდეგ „მცდარი“ უწოდა. მათი თქმით, როდესაც პრემიერი ყურძნის ფასს მთავრობის წარმატება-წარუმატებლობის საზომად იყენებს, ცალსახად არასწორი მიდგომაა. პროდუქტის (მათ შორის – ყურძნის) ფასს მოთხოვნა მიწოდებას შორის თანაფარდობა უნდა განაპირობებდეს და მთავრობა ფასის ფორმირებაში საერთოდ არ უნდა ერეოდეს.

„ამის ნაწილობრივი მცდელობა 2018-2019 წლებში უკვე იყო, თუმცა მთავრობამ ბოლომდე მაინც ვერ „გარისკა“ და ბაზარზე ჭარბად დარჩენილი ყურძენი მაინც შეისყიდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის 49.8 მლნ ლარია გათვალისწინებული. ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება, თუ – არ და რა თანხა დაიხარჯება, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა წინასაარჩევნოდ ყურძნის ფასის სუბსიდირებაზე უარს, დიდი ალბათობით, ხელისუფლება არ იტყვის“, – აღნიშნულია „ფაქტ- მეტრის“ სტატიაში.

რა იქნება გამოსავალი – ექსპერტის მოსაზრება

ისევ სეტყვით დაზარალებული კახელი მევენახეების კომპენსაციის თემას რომ დავუბრუნდეთ, თემას გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, „საბანკო ასოციაციის“ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, სახელმწიფო ოპტიმალურად მოიქცა, როდესაც სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი ჩაიბარა, თუმცა, გრძელვადიანად ასეთი დამოკიდებულება არ მიაჩნია სწორად.

„ჩვენ ხომ იმასაც ვხედავთ, ეს პრობლემა წლიდან წლამდე მეორდება, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ბოლომდე ვერ იცავს ვენახებს სეტყვის არიდებისაგან, ხშირად არის პრეტენზიები სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, პროგნოზირების მცდარობაზე და ა.შ. ამ დროს ამ სისტემის შენახვა ბიუჯეტს მილიონები უჯდება. ბიუჯეტიდან არანაკლები თანხები მიდის დასეტყვილი და დაზიანებული ვენახების ზარალის ანაზღაურებაზე, რაც წესით სადაზღვევო კომპანიების პრეროგატივა უფროა, ვიდრე სახელმწიფოს ვალდებულება, ფაქტობრივად, გამოვიდეს კერძო პირების მზღვეველად.

პრობლემის თავი კი იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად დაზღვევა აქ არ მუშაობს, რასაც მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს ნუ დავაბრალებთ და მიუხედავად სადაზღვევო პრემიის არც თუ მაღალი ფასისა, გლეხები მაინც არ აზღვევენ მოსავალს. აქ წმინდა საბჭოური მენტალობა მუშაობს, რომ ზარალს მაინც სახელმწიფო აუნაზღაურებთ. დაზღვევის საფეხურიან სისტემებზეც რომ ვიყოთ გადასული, (მაგ მარტო მოსავლის აღების პერიოდს რომ აზღვევდეს) ხშირად დაზღვევაც ვერ ანაზღაურებს იმ ზარალს, რასაც მევენახე განიცდის. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ვაზის აღდგენას ზოგჯერ 2-3 წელიც კი სჭირდება.

მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ დაზღვევით არსად არ მოგვარებულა. ეკონომიკური თვალსაზრისით, გაცილებით ეფექტური და სწორი იქნებოდა, დაგვეწყო საგრანტო პროგრამები მცირე ოჯახური მეურნეობებისათვის, სეტყვისაგან დამცავი ბადეების შესაძენად, რაც პრაქტიკულად ყველა მეღვინეობის მხარდამჭერ ქვეყანაში დაზღვევასთან ერთად გამოიყენება. ამით, ვენახების მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, ბიუჯეტის გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც მნიშვნელოვნად შევამცირებთ და მცირე ბიზნესსაც გაფართოების კარგი შესაძლებლობა ექნება, უკვე ღვინო-მასალების საწარმოებლად, რაც მომავალში კიდევ ერთ პრობლემას – ყურძნის ჩაბარების სახელმწიფო სუბსიდიის პრაქტიკასაც დაასრულებს“, – დაწერა გიორგი ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში.

ჩვენი მხრივ კი, ის შეგვიძლია დავამატოთ, მოგვიწევს დალოდება, ვინ ადრე შეიცვლის დამოკიდებულებას – გლეხი, რომელიც ჩამოყალიბებულ სქემას დააღწევს თავს და თავად იკისრებს პასუხისმგებლობას მოსავლის მოყვანა-
რეალიზაციაზე, თუ სახელმწიფო გაბედავს და თავისივე შექმნილი ჩაკეტილი წრიდან გავა. თუმცა, როდესაც არჩევნებია მოსაგები და ხალხის კეთილგანწყობა მეტად მნიშვნელოვანი, ხელისუფლების მხრიდან არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმის შანსი უკიდურესად მცირდება...

თემურ იობაშვილი