ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
COVID-19-ის მეოთხე ტალღა – ბიზნესის და ხალხის გასაჭირი - №2(67), 2021
ხელისუფლება უმძიმეს გამოწვევას არათანმიმდევრული პოლიტიკით ხვდება

„უნდა ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება“ – ეს სლოგანი საქართველოში რეალობად ვერ იქცა. მძიმე გამოცდილების მიუხედავად, ეპიდემიის მეოთხე ტალღას, რომელიც ქვეყნისთვის ამ დრომდე არსებულ ტალღებს შორის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა, საქართველო შესუსტებული რეგულაციებით, აღსრულების სისტემის არარსებობით და შეზღუდვების არათანმიმდევრული პოლიტიკით
შეხვდა.

აშკარაა, რომ მოახლოებული არჩევნების გამო, აღმასრულებელი ხელისუფლება მკაცრი რეგულაციების დაწესებისგან თავს იკავებს იმ დროსაც კი, როცა დღეში ინფიცირების სტატისტიკა 6 ათასს გადააჭარბა, გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი კი 80-ს ასცდა. მეტიც: რეგულაციებისთვის მზაობას ბიზნესი და საზოგადოების ერთი ნაწილი უფრო აქტიურად გამოთქვამს, ვიდრე ხელისუფლება.

რისი ეშინია ხელისუფლებას?

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების მორიგი გამკაცრება 14 აგვისტოდან დაიწყო.
 
სამი კვირის განმავლობაში აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, სრულად შეიზღუდა გასართობი და სპორტული ღონისძიებები. ასევე, ერთი საათით შემცირდა კვების ობიექტების მუშაობის გრაფიკი. მანამდე, 10 აგვისტოს, ისევ ძალაში შევიდა პირბადის გარე სივრცეებში ტარების ვალდებულება, რომლის მოხსნაც ხელისუფლებამ საზოგადოებას 22 ივნისს სადღესასწაულო ტონით ამცნო.

ეპიდემიოლოგები საჯარო უწყებებს რეკომენდაციით მიმართავენ, თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

აღნიშნულიდან 10 დღეში რეგულაციების გამკაცრების მორიგი ეტაპი გამოცხადდა, თუმცა, იმას, რაც საბჭომ გადაწყვიტა, გამკაცრებას ვერ ვუწოდებთ: 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე მუშაობენ. საბჭოში განაცხადეს, რომ პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც წესდება, მოცემული ვითარების მიხედვით მტკიცდება. რეგულაციის მიღებამდე მას შევისწავლით, რის შედეგადაც ვადგენთ, თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს მან. საბჭოს ყველა სხდომაზე ეპიდსიტუაცია დეტალურად განიხილება და ხდება იმ ზომების შემოღება, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში არის შესაძლებელი და ეფექტური. მომავალში რა შეზღუდვები შემოვა, ახლა ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა არსებული ვითარება გვექნება“, – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ უკვე მო ქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი მაქსიმალურად მკაცრდება. თუმცა, კრიტიკულად აუცილებელი რეგულაციის – პირბადის ტარების აღსრულება ამ დრომდე არ მიმდინარეობს. შსს-ს, რომელიც მანამდე, პირბადის არტარების გამო მოქალაქეების დაჯარიმების სტატისტიკას რეგულარულად აქვეყნებდა, მსგავსი მონაცემი დღემდე არ გაუსაჯაროებია.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ისინი საკოორდინაციო საბჭოზე მკაცრი შეზღუდვების მოთხოვნას აყენებენ, თუმცა გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. სხვა სიტყვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მათ არ უსმენს და რბილი, თანდათანობითი რეგულაციების გზით მიდის. თუმცა, მთავრობის არათანმიმდევრულობაზე ეპიდემიოლოგების გარდა, ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტებიც საუბრობენ.

მთავრობის პოზიცია სრულიად ნათელია: ქვეყანას აქვს ვაქცინა, იმუნიზაციის პროცესის დასაჩქარებლად აცრების პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთნენ, რომლებიც კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ცრიან. პირველი და მეორე ტალღებისგან განსხვავებით, როცა მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, მოსახლეობას ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა აქვს, შესაბამისად ლოქდაუნიც არ იქნება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მიღებული რეგულაციების ეფექტიანობა მაღალი არ იქნება, თუმცა, კულუმბეგოვი იმასაც აღიარებს, რომ ქვეყანას მკაცრი შეზღუდვების რესურსი აღარ აქვს. 

„სიმართლე გითხრათ, ქვეყანას რომ ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდეს, ახლა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ლოქდაუნი. ყოველდღიურად 70 ადამიანი გვეღუპება და შეიძლება ყოფილიყო 50-ით ნაკლები. სამწუხაროდ, ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს. გვესმის, რომ ადამიანის ლუკმა-პური დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან და ბიზნესთან, ტურისტულ სეზონთან და ასე შემდეგ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შეზღუდვები, რომლებიც დაემატა, სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამას ეპიდემიის ტრაექტორიაზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება. ამან შეიძლება მხოლოდ რაღაც ფსიქოლოგიური გავლენის ფორმა ითამაშოს. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე ბუნებრივადაც მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს სამ-ოთხკვირიანი ტალღა, შემდეგ გარკვეულწილად პლატოს პერიოდი იწყება. რეალურად უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა 24 აგვისტოს.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ამბობს, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა და იმ მომენტში, როცა ქვეყანაში საჭირო ტემპით არ იყო გაშლილი ვაქცინაცია და დელტა შტამი შემოვიდა, ერთადერთი საშუალება, რაც მაშინ გვქონდა – შეზღუდვები – მთავრობამ გააუქმა.

„ამით ქვეყანამ დელტა-შტამს კარი გაუღო და უთხრა – შემოდი, ჩვენ არ ვცრით მოსახლეობას, არ გვაქვს შეზღუდვები, აკეთე რაც გინდა“, – აცხადებს წერეთელი.

მისი თქმით, ის შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში შემოიღო – მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა და რესტორნების მუშაობის გრაფიკის შემცირება – უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო, ახლა კი, ზაზა წერეთლის განმარტებით, „ვირუსი გაქცეულია“ და მიღებული ზომები შედეგს სწრაფად ვერ მოიტანს.

შეღავათები ტურისტულ ბიზნესს

წინა ტალღებისგან განსხვავებით, როცა ბიზნესის ხელშეწყობა ფინანსურ დახმარებაში და საკრედიტო შეღავათებში გამოიხატებოდა, ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი ვაქცინაციის პროცესზე კეთდება – წახალისდებიან ის კომპანიები, რომელთა თანამშრომელთა ყველაზე დიდი ნაწილი იქნება აცრილი. თუმცა, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებითაც არათანმიმდევრულია და მისი ნაბიჯები შედეგზე ორიენტირებული არ არის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე 2021-2022 წლებში, თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლების შემდეგი სქემა იმოქმედებს:

კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული – 50% ფასდაკლება;

კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული – 30% ფასდაკლება;

ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს – და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და ა.შ.), პრიორიტეტის მინი ჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული.

სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის:

ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე – მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგიროებზე შესვლა იქნება უფასო.

სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებზე – 2 თვე: სექტემბერი – ოქტომბერი უფასო შესვლა.

სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე – სეზონის გახსნიდან – იანვრის ჩათვლით უფასო აბონემენტით სარგებლობა.

ტურისტული კომპანია paata.ge.გე-ის დამფუძნებლის პაატა ვარდანაშვილის შეფასებით, გიდებისთვის დაცულ ტერიტორიებზე შესვლა და საბაგიროებით უფასოდ სარგებლობა სიმბოლური წახალისება უფროა, ვიდრე რეალური შეღავათი, რადგან გიდების დიდ ნაწილს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ისედაც აქვს გაფორმებული კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ისინი დაცულ ტერიტორიებზე უფასოდ შედიან, ასევე ფასდაკლებებით სარგებლობენ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე შესვლისას, ისევე როგორც საბაგიროებით სარგებლობისას. სწორედ ამის გამო, ვარდანაშვილის თქმით, ეს წახალისება აცრის გაკეთების სტიმული ვერ იქნება იმ არაერთი გიდისთვის, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ აცრის გაკეთება. ასეთი კი, ვარდანაშვილის თქმით, დარგში არცთუ ცოტაა და ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც ტურისტების მცირე ჯგუფებზე და ერთეულ ტურისტებზე მუშაობენ.

რაც შეეხება ტურისტული სააგენტოებისთვის გამოფენებში მონაწილეობას, პაატა ვარდანაშვილის შეფასებით, შეღავათების ეს ნაწილი გაცილებით რეალური ეფექტის მომტანი იქნება.

„ჩემი კომპანიის პოლიტიკა ისეთია, რომ დღემდე არ მიგვიღია მონაწილეობა მთავრობის ხელშეწყობით დაორგანიზებულ ტურისტულ გამოფენებში, თუმცა ის შეღავათი, რომელიც დაანონსდა, ნამდვილად მაძლევს სტიმულს, მეც წარვდგე ასეთ გამოფენაზე. მსგავს ღონისძიებაში თანამონაწილეობის ღირებულება 2 ათასი ევროდან იწყება და ის ფასდაკლება, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაცია გვთავაზობს, ნამდვილად დიდი შეღავათია და უკვე გვაქვს დაინტერესება, ჩვენც შევიტანოთ განაცხადი“, – აცხადებს ვარდანაშვილი ჩვენთან საუბარში.

მორიგი დარტყმა სარესტორნო ბიზნესზე

რეგულაციების გამკაცრებას გაცილებით კრიტიკულად აფასებენ რეგულაციებს სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ საუბარში აცხადებს, რომ დარგი მზადაა გაიზიაროს და მხარში დაუდგეს ხელისუფლებას ნებისმიერი, თუნდაც ბიზნესისთვის მტკივნეული რეგულაციის შემოღებაში, თუკი ეს რეგულაცია მცირედით მაინც გააუმჯობესებს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას. თუმცა, როგორც ბურჯანაძე ამბობს, სამუშაო დროის ერთი საათით შემცირება დარგისთვის მძიმე დარტყმაა, რაც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას საპირწონე შედეგს ვერ მოუტანს.

„თუ ეს რეგულაცია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებას შეუწყობს ხელს, მე ბოდიშს მოვიხდი ჩემი სიტყვებისთვის. რომ მჯეროდეს, რომ ეს მობილობას შეამცირებს, ზარალის მიუხედავად, ამ რეგულაციას მეც მხარს დავუჭერდი, მაგრამ სრულიად ალოგიკურია, რესტორნებისა და კაფეებისთვის მუშაობის გრაფიკის ერთი საათით შემცირებამ ეს შედეგი მოგვცეს. ეპიდსიტუაციისთვის ეს სრულიად არაფრის მომტანი იქნება, დარგს კი დააზარალებს, რადგან ბოლო პერიოდში ჩვენ უკვე გადმოგვიწიეს მუშაობის საათები ღამის 12-დან 11 საათამდე. როცა 11 საათამდე შეგვიმცირეს სამუშაო დრო, ეს არ იყო განმსაზღვრელი ჩვენი დარგისთვის, თუმცა ახლა კიდევ ერთი საათი მოგვაკლეს და ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ეს დარგიდან დასაქმებულების წასვლას და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს. ამასთან, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მომხმარებლები, რომლებიც ღამის 12 საათამდე იყვნენ რესტორნებში გადანაწილებულნი, ახლა 10 საათამდე მოვლენ და, შესაბამისად, დროის ერთ მონაკვეთში ობიექტის დატვირთვის მაჩვენებელი გაიზრდება, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუწყობს. ხელისუფლება არ უნდა უსმენდეს ამირან გამყრელიძეს. ის არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე. დღეს პრობლემა ადმინისტრირებაშია. არ სრულდება უკვე არსებული რეგულაციები – 200-300-კაციანი სუფრების აკრძალვა. კრიმინალია ის რესტორატორი, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში ასეთ ღონისძიებებს ატარებს. ეს უნდა აიკრძალოს. მოგვეცით ვირუსთან თანაცხოვრების საშუალება!“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, გაუაზრებელმა და არათანმიმდევრულმა რეგულაციებმა სარესტორნო სფერო მოკლე და გრძელვადიანი პრობლემების წინაშე დააყენა: არიან ობიექტები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ტრანსპორტის შეზღუდვის აკრძალვის შედეგად გაზრდილ ხარჯებს და დროებით დაიხურნენ. გარდა ამისა, სექტორმა დაკარგა თანამშრომლები, რომლებსაც პროფესიულად 20 წლის განმავლობაში ზრდიდა. თუმცა, შოთა ბურჯანაძის განცხადე- ბით, ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სამსახურის მაძიებლებს აღარ სურთ ამ სფეროში დასაქმება, რადგან ის უპერსპექტივო და სარისკო საქმიანობად მიაჩნიათ.

„ჩვენს ასოციაციაში შემავალი ობიექტების 40% დაიხურა. გაჩნდა ვაკანსიები, თუმცა, დასაქმების მსურველები ამ ვაკანსიებზე ნაკლები არიან. დასაქმების მსურველები ამ სფეროში პერსპექტივას ვერ ხედავენ და სამუშაოდ სხვა სფეროში მიდიან, ესაა ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი“, – აცხადებს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ბიზნესი თავად დგამს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ნაბიჯებს და რესტორატორთა ასოციაციაში შემავალმა ობიექტებმა უკვე გამოაცხადეს ფასდაკლებები აცრილი მომხმარებლისთვის. ამასთან, ბურჯანაძის თქმით, მან მის კუთვნილ ობიექტებში დასაქმებულებს, რომლებიც აცრილები არიან, ხელფასები გაუზარდა.

შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, რესტორატორთა ასოციაციაში გაერთიანებული ობიექტების თანამშრომელთა 40-60% უკვე აცრილია ორი ან ერთი დოზით, თუმცა, ერთხელ იმუნიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მეორედაც აიცრებიან.

ასოციაციის კიდევ ერთი ინიციატივაა, გარკვეული ბენეფიტები დაწესდეს ვაქცინირებულ მომხმარებელზე – მაგალითად, ფასდაკლებები. თუმცა ბურჯანაძის თქმით, არ უნდა მოხდეს აუცრელების დისკრიმინაცია და მათთვის სერვისების შეზღუდვა – უბრალოდ, ასეთი კატეგორიის ადამიანებმა ვერ უნდა ისარგებლონ ბენეფიტებით, რომლებიც ვაქცინირებულ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს.

ბანკების თვითრეგულაცია პანდემიის პირობებში

აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორში დასაქმებულთა 50%- ზე მეტი უკვე აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე განიხილება საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში სხვა სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას.

„ვფიქრობთ, ამ ნაბიჯებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას შევუწყობთ ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ:

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფინანსური სექტორი, რომელიც ყოველდღიურად ოპერირებს წინა ხაზზე და შეუფერხებლად აწვდის მომსახურებას თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვაქცინაციის პროცესის წახალისებას და მაქსიმუმს გააკეთებს თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი, როგორც საბანკო ასოციაციის მნიშვნელოვანი მიზანია, დავიცვათ ჩვენს სექტორში დასაქმებული ადამიანები კოვიდ ინფექციისგან, ასევე ვიზრუნოთ იმ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე, ვინც ყოველდღიურად სტუმრობენ საბანკო ფილიალებს.

მაქსიმალურად წახალისებულია დისტანციური სერვისების მოხმარება და ამავდროულად დაცულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები ფილიალებში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით შესრულება ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის, დავძლიოთ ის უზარმაზარი გამოწვევა, რაც პანდემიამ ქვეყნის მოსახლეობას და ეკონომიკას შეუქმნა.

ვფიქრობთ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ჩვენი, როგორც ათიათასობით ადამიანის დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, შესაბამისად პრიორიტეტად მივიჩნევთ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რა მიზეზითაც, ექსპერტების ჩართულობით განვიხილავთ დამატებითი რეგულაციების შემოტანას, რაც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი გუნდების და მილიონობით მომხმარებლის უსაფრთხოებას, ისე დადებით მაგალითს მისცემს სხვა დამსაქმებლებსაც და სექტორსაც“.

ქელეხებისა და ქორწილების ურყევი ტრადიცია

შსს-გან განსხვავებით, რომელიც რეგულაციების აღსრულების კონტროლის კუთხით საკუთარ ფუნქციას პრაქტიკულად არ ასრულებს, კონტროლი გაამკაცრა შრომის ინსპექციამ, რომლის ფუნქციებშიც ე.წ.სოციალური ღონისძიებების (ქელეხები, ქორწილები, ნათლობები და ა.შ) მოწყობის აღკვეთა შედის.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან განხორციელდა 5469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, გაიცა 4371 წერილობითი და 10 ათასზე მეტი ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.

უწყების ხელმძღვანელის – ბექა ფერაძის თქმით, იზოლაციის და კარანტინის წესების, ასევე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის 42 ობიექტი დაჯარიმდა. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის, რაც სოციალური ღონისძიების გამართვას გულისხმობდა, 21 ობიექტი დაილუქა.

როგორც ფერაძე განმარტავს, კვლავ მიმდინარეობს ე.წ. შენიღბული სოციალური ღონისძიებები.

„ჩვენ წინა პერიოდიდან გვაქვს გამოცდილება, როდესაც ე.წ. შენიღბული სოციალური ღონისძიებები მიმდინარეობს. 6 ადამიანია მაგიდასთან, თითქოს ეს არის არა ერთი სოციალური ღონისძიება, არამედ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი", – აღნიშნა ფერაძემ და განაცხადა, რომ დაჯარიმება მათი თვითმიზანი არ არის, ყველა ობიექტს წინასწარ აფრთხილებენ, რომ სოციალური ღონისძიების გამო სანქცია იქნება. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, კვების ობიექტში 60 ადამიანი უნდა იყოს განთავსებული. კვლავ იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

აღსრულების გამკაცრების მიუხედავად, სოციალური ღონისძიებები ისევ აქტიურად ტარდება, განსაკუთრებით – რეგიონებში. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ გარდაცვლილი პაციენტის ინფიცირების მიზეზი ისევ ხალხმრავალი სუფრებია.

ახალი რეგულაციები ჯარიმების ჩამოწერის ფონზე

ეპიდემიოლოგებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, დაწესებულ შეზღუდვებს ალოგიკურად აფასებენ ეკონომისტები. მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ შიდა ტრანსპორტის აკრძალვა არასამართლიანია, რადგან საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს უზღუდავს გადაადგილების საშუალებას. მისი თქმით, თუ ქვეყანამ ტაქსების დარეგულირება გადაწყვიტა და მათ თავისუფალი კონკურენცია შეუზღუდა, მაშინ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტაქსებს არ უნდა მიეცეს მსგავსი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საშუალება, ან მსგავს პერიოდებში კვლავ უნდა დაუშვან ნებისმიერი მანქანით „ტაქსაობის“ უფლება.

„ბევრ ბიზნესს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა მნიშვნელოვნად უზრდის ხარჯებს, რაც რა თქმა უნდა მათი პროდუქციის ფასებზე აისახება“, – აცხადებს ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების ამნისტირება იჩქარა, რადგან ახლა ყველა ახალ დაჯარიმებულს ექნება განცდა, რომ ამ ჯარიმის ჩამოწერაც მოხდება, ამიტომ, ეკონომისტის თქმით ეჭვი მაქვს ბევრი არ გადაიხდის.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არსებული რეგულაციების აღსრულებაზე უნდა იზრუნოს და ლოქდაუნი არ უნდა გამოაცხადოს.

„მხოლოდ ვაქცინაცია ვერ გააჩერებს მზარდ კოვიდ სტატისტიკას, აუცილებელია, რომ მოხდეს სხვა რეკომენდაციების დაცვაც, როგორიცაა ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმა და პირბადის ტარება. თუმცა, ყველა და ყველაფრის სრულად დაკეტვას არ მივესალმები, რეგულაციები უნდა იყოს კონკრეტულ სფეროებზე მორგებული. უკვე 1 წელზე მეტია რაც პანდემია მძვინვარებს. გასული წლის ლოქდაუნები გარკვეულწილად გამოუცდელობის შედეგიც იყო, არ იცოდა მსოფლიომ ზუსტად როგორ ებრძოლა ვირუსის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც მეტი გამოცდილება და ინფორმაცია არსებობს, უფრო ელასტიკური და სფეროების სპეციფიკაზე მორგებული რეგულაციების შემუშავება შეიძლება“, – აცხადებს ჯანიაშვილი.

ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და ეკონომისტების შეფასება სხვადასხვა მიმართულებებს ეხება, თუმცა, მათ აერთიანებს ერთი შეფასება – ხელისუფლება არათანმიმდევრულია. არსებულ, ბუნებრივ საფრთხეებთან ერთად, სწორედ ეს ქმნის იმის რისკს, რომ ახალ გამოწვევებს ხელისუფლება არაადეკვატურად უპასუხებს და ეპიდემიის მართვას ძირითადად მოქალაქეების პასუხისმგებლობას მიანდობს.

მაია ჭანტურია