ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
მთავრობა პანდემიის დროს ათეულობით მილიონს გაუმჭვირვალედ ხარჯავს - №2(67), 2021
რამდენი მოხმარდა "კოვიდის" საწინააღმდეგო ღონისძიებებს

Covid-19-თან გასამკლავებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიარდები გამოიყო და მისი ხარჯვა კვლავ გრძელდება. ამ დროს, ქვეყანა პანდემიის მეოთხე, ყველაზე ძლიერ ტალღას ებრძვის, რასაც უკვე თითქმის 8 ათასამდე ადამიანი შეეწირა. სამედიცინო სექტორი ინფიცირებულთა ნაკადს ვერ უმკლავდება, კლინიკებში არ არის საკმარისი რაოდენობის მედპერსონალი. ინფიცირებული ადამიანები, სასწრაფო დახმარებას და შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანა საათობით ელოდებიან. სექტორში ჟანგბადის დეფიციტია. ამ სიტუაციაში ჩნდება ლოგიკური კითხვა – რას მოხმარდა გამოყოფილი თანხები, კოვიდ-პანდემიის მართვას თუ დაიხარჯა არამიზნობრივად. ამ კითხვებზე მთავრობას პასუხი არ აქვს. სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც ბიუჯეტის ფული მიიღეს და ხარჯავენ, დეტალური ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ.

საიდუმლო ხარჯები

მხოლოდ 2020 წელს, Covid-19-ის პანდემიის სამართავად, სხვადასხვა ღონისძიებისთვის 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა. საბიუჯეტო ორგანიზაციები შესყიდვებს ძირითადად უტენდეროდ ახორციელებენ. პანდემიის პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა მიცემული აქვს 2 ათასზე მეტ მიმართვაზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციისთვის გამარტივებულ შესყიდვას ითვალისწინებს. თანხების ტენდერის გარეშე გაცემას უწყება გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის: მედიკამენტები, სახის დამცავი პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეციალური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინეზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, შენობების სადეზინფექციო მომსახურება, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო ტრანსპორტის საფასური, კვებითი მომსახურება, სადიაგნოსტიკო ტესტები და სხვა. რა რაოდენობით შეიძინეს ეს პროდუქტი და მომსახურება, რა რაოდენობის PCR და სწრაფი ტესტი შემოვიდა ქვეყანაში, ზუსტი ოდენობა უცნობია. ინფორმაციას სახელმწიფო უწყებები არ გასცემენ.
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ ამგვარი კრიზისის პირობებში იზრდება კორუფციის რისკები, რასაც საერთაშორისო გამოცდილებაც აჩვენებს. კორუფციის შემთხვევები ხშირად სწორედ კრიზისის დროს იმატებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყურადღება მოდუნებულია და სუსტდება ზედამხედველობა შესაბამისი ინსტიტუტების მიერ. გარდა ამისა, კრიზისულ სიტუაციებში ხდება დიდი ოდენობით თანხების მობილიზება, როგორც საერთაშორისო დონორებისგან, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან, რაც კორუფციისა და დახმარების სახით მიღებული ფინანსების არასათანადოდ განკარგვის საფრთხეებს უფრო ზრდის.

სად წავიდა STOPCOV-ის ფული

გაუმჭვირვალე დარჩა StopCov-ის ფონდში მობილიზებული და გახარჯული თანხის ოდენობა. უცნობი იყო შემომწირველთა ვინაობა და შემოწირულობების ზუსტი რაოდენობაც. StopCov-ის ფონდი 2020 წლის მარტში იმ სოციალური ჯგუფების დასახმარებლად შეიქმნა, რომლებიც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდნენ. მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ ფონდში 138 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. ითქვა ისიც, რომ ამ თანხიდან 100 მილიონი ლარი, დაახლოებით 70%, ბიძინა ივანიშვილის ჩარიცხული ფული იყო.

ფონდში მილიონ ლარზე მეტი შეიტანა ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა. შემომწირველთა შორის სხვა კერძო თუ საჯარო უწყებები იყვნენ, თუმცა, ზუსტი სია, ასევე, უცნობი დარჩა. ფონდს ჯერ კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი უწევდა, შემდეგ მისი მართვა ფინანსთა სამინისტროს ჩააბარეს.

2020 წლის აგვისტოს თვეში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შტოპჩოვ-ის ფონდში შესული ფულის დიდი ნაწილი 123,692 მილიონი ლარი ჯანდაცვის სამინისტრომ 18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის გამოყო. 3,6 მილიონი ლარი 112-ის სამსახურს ქოლ-ცენტრების სიმძლავრის გაძლიერებისთვის ჩაურიცხეს, 5,7 მილიონი ლარით კი განათლების სამინისტრომ სკოლების დეზინ- ფექციის პროგრამა დააფინანსა. რაში დაიხარჯა დარჩენილი თანხა, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს არაფერი უთქვამს. იმ ინფორმაციიდან, რომელიც ოფიციალურად ითქვა, ჩანს, რომ ამ თანხიდან ჯანდაცვის სექტორს არაფერი მიუღია. თანხის დიდი ნაწილი არჩევნების წინ მოსახლეობაზე სოციალური დახმარების სახით გაიცა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას უფრო ჰგავს, ვიდრე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

რაში დაიხარჯა ფული სარეზერვო ფონდიდან?

Covid-19-თან საბრძოლველად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდანაც სოლიდური თანხა დახარჯა. მთავრობის ადმინისტრაცია, პანდემიის დაწყების შემდეგ ვებ-გვერდზე აღარ აქვეყნებს მთავრობის განკარგულებებს, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ.

2021 წლის საწყის 6 თვეში ფონდიდან გაცემული თანხების მიზნობრიობა IDFI-მ გაანალიზა. კონკრეტული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე მთავრობის ადმინისტრაციამ ორგანიზაციას უარი უთხრა. IDFI-ის ინფორმაციით, მათ 2020 წლის სექტემბერში მთავრობის ადმინისტრაციას განკარგულებების მოწოდების მოთხოვნით მიმართეს. ადმინისტრაციამ მათი მიმართვა უპასუხოდ დატოვა. ამის გამო 2020 წლის 18 დეკემბერს IDFI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 56 მილიონი ლარი გამოყო, ხოლო 2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში – 11 მილიონი ლარი. სარეზერვო ფონდის მთლიანი თანხიდან, რაც 67 მილიონი ლარია, სულ 61.8 მილიონი ლარი დაიხარჯა. საგულისხმო ფაქტია, რომ ამ თანხიდან მხოლოდ 13% (7.9 მილიონი ლარი) მოხმარდა კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლას.

ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა – 37% (22.7 მილიონი ლარი) იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვისთვის მისცეს. 10% (6.5 მილიონი ლარი) დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებებზე, 9% (5.6 მილიონი ლარი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. 23% (14.4 მილიონი ლარი) – თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას მოხმარდა. ამ თანხიდან 9.7 მილიონი ლარი გაიხარჯა სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 3.3 მილიონი ლარი – საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მივლინებაზე. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში დამატებითი თანხის საჭიროება განაპირობა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის ზრდამ, ხოლო საერთაშორისო მისიების ფარგლებში მივლინებისთვის საჭირო თანხების დეფიციტი გამოიწვია სავალუტო კურსის ცვლილებამ, კერძოდ, დოლარის კურსის მატებამ. 2021 წელს სამინისტროს დამატებით გამოეყო 1.5 მილიონი ლარი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსებისთვის.

დარჩენილი 7% (4.2 მილიონი ლარი) სხვადასხვა მიმართულებით არის დახარჯული, რომლებიც ნაკლებად არის კავშირში პანდემიასთან. ამასთან, სარეზერვო ფონდიდან ]საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილ ნახევარ მილიონამდე ლარს გრიფით საიდუმლო აქვს მინიჭებული. როგორც ვიცით, მსგავსი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კანონი ამ უწყებას კონკურენციის უზრუნველყოფის ვალდებულებას არ აკისრებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ არ ხდება საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად განკარგვა.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული 7.9 მილიონი ლარიდან, ჯანდაცვის სამინისტროს სულ 4 მილიონი ლარი გამოუყვეს. IDFI-იმ შეისწავლა ის კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტი თანხა გადაურიცხეს. შპს „ეროიო პროდაქშენი“, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე ძვირადღირებული (სულ 2,8 მილიონი ლარი) ხელშეკრულებები გააფორმა, 2019 წელს არის დაფუძნებული და მას მანამდე სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა. კომპანიის წესდების მიხედვით, საქმიანობის კონკრეტული სფერო განსაზღვრული არ არის და მითითებულია, რომ მას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

კლინიკის ვიზიტორის ხალათების შესყიდვის მიზნით 105 ათასი ლარი გადაერიცხა შპს Geonet Expo-ს, რომელიც პანდემიამდე სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროში საქმიანობდა. მან ელექტრონულ ტენდერში ორჯერ გაიმარჯვა და ორივე შემთხვევაში ვადების დარღვევისთვის იყო დაჯარიმებული. ამის ფონზე 2020 წლის მაისში ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანიას ნახევარ მილიონამდე ლარის კონტრაქტი მაინც გაუფორმა გამარტივებული გზით ქირურგიული ხალათების მიწოდებისათვის.

სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული დანარჩენი 3.9 მილიონი ლარიდან 3 მილიონი ლარი მოხმარდა საზღვარგარეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო კარანტინის მომსახურებას. გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია IDFI-ს არც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიაწოდა.

სარეზერვო ფონდიდან 613 ათასი ლარი იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას მოხმარდა, 110 ათასი ლარი პანდემიის დროს აშშ-ში მყოფი მოსწავლეების და სტუდენტების საქართველოში დაბრუნებას, ხოლო 200 ათასი ლარი გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის „144“-ის გამართული ფუნქციონირებისთვის.

IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი მიიჩნევს, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იხარჯებოდეს და არა იმ შესყიდვებზე, რომლებიც შესაძლებელია, სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ იყოს გათვალისწინებული. 

„საარბიტრაჟო დავები, ლობისტური მომსახურების ხარჯები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები და მსგავსი ტიპის საჭიროებები, სარეზერვო ფონდიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ამ თანხების გამჭვირვალობა. სახელმწიფო უწყებები მის ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ გვაძლევდნენ, რაც კორუფციის ეჭვებს ბადებს. ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტები ისეთ კომპანიებთან არის გაფორმებული, რომლებიც ადრე საეჭვო გარიგებებში იყვნენ შემჩნეული. ეჭვს აჩენს ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულებები ფორმდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რომელსაც აქამდე სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია. ანუ კომპანია ერთი კონკრეტული მიზნით, ფონდის თანხის ათვისებისთვის არის შექმნილი", – აღნიშნავს IDFI-ის მკვლევარი გოგა თუშურაშვილი.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში როგორც ქვეყანაში Covid-19-ის გამოწვევებთან, ასევე სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებთან, რაც ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაფინანსებას გულისხმობს.

ფონდის დაფინანსების გარდა ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა, ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც მიიღო. 2019-2021 წლებში ჯანდაცვის სამინისტრო 15.7 მილიარდი ლარით დაფინანსდა. ამის მიუხედავად, სამინისტრო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტიანობით გამოირჩევა და პანდემიის ახალ-ახალ ტალღას უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში დროულად ვერ შემოიტანა ვაქცინა, შემდეგ ვაქცინაციის პროცესი საჭირო ტემპით და მასშტაბით ვერ წარმართა და აცრაზე რეგისტრაციის ვებგვერდიც კი შეფერხებებით მუშაობს.

„Covid-19-მეოთხე ტალღა, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადადება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ეს ყველაფერი მთავრობის მიერ პანდემიის არაეფექტიან მართვას აჩვენებს.

2020 წელს ოფიციალურად 5 მილიარდზე მეტი დაიხარჯა პანდემიასთან საბრძოლველად. საკითხავია, სად წავიდა ეს თანხა. რატომ ვართ ასეთ დღეში. რატომ არის ისევ მოუწესრიგებელი პირველადი ჯანდაცვა, 112-ის პროგრამული უზრუნველყოფა არ გვაქვს, სამედიცინო პერსონალის მომზადება, გადამზადება, ტრენინგები არ ხორციელდება. ყველა მიმართულებით ჩავარდნაა", – აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, სამედიცინო სფეროს ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე.

მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფული არაეფექტურად არის დახარჯული და საეჭვო გარიგებებში იკვეთება კორუფციის ნიშნები.

„საეჭვოა დანახარჯები, საეჭვოა ტენდერები, გამარტივებული შესყიდვები, რომლებიც ხორციელდება საკარანტინე სივრცეების მოწყობაზე, ტესტების და სხვა სამედიცინო ინვენტარის შესაძენად. იციან, რომ ყოველთვიურად კონკრეტული სამედიცინო მასალა არის საჭირო, მაგრამ შესყიდვა ხდება არა ტენდერით, არამედ გამარტივებული შესყიდვით, თითქოს ფორსმაჟორია და იმ წუთას გაჩნდა საჭიროება. გახარჯული 5,1 მილიარდი ლარიდან ვაქცინების შესყიდვაზე დაიხარჯა 11 მილიონი.ლარი, რაც მინიმალური ნაწილია. ვიმკით კიდევაც ასეთი ქმედების შედეგებს“, – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

თანხების არამიზნობრივად ხარჯვის მაგალითად გამოდგება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი მობილური აპლიკაცია Stop Covid, რომელიც 2020 წლის 16 აპრილს ამოქმედდა და 400 ათას ლარზე მეტი (120,000 ევრო) დაჯდა. ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაცია 2021 წლის იანვარში გააუქმა, ისე, რომ დღემდე არ განუმარტავს რატომ დასრულდა ეს ძვირადღირებული პროექტი წარუმატებლად. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დაწყების შემდეგ, რატომ არ მოხდა აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება და თუ პრობლემა იყო პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი, მაშინ დააბრუნა თუ არა კონტრაქტორმა კომპანიამ თანხა, რომელიც გადაუხადეს.

კორონავირუსის დასამარცხებლად აღებული ვალები

მთავრობამ პანდემიასთან გასამკლავებლად და სხვა საჭიროებებისთვის 2020- 2021 წლებში 15 მილიარდ ლარამდე ისესხა. მათ შორის არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი $80 მილიონი, სოციალური ჯგუფების დახმარებისთვის და იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს. შარშან მაისის თვეში აზიის განვითარების ბანკმა (ADB) $100 მილიონის ოდენობის სესხი პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად გამოყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას წელს „არც ერთი თეთრის სესხი არ აუღია“. არადა, მიმდინარე წლის 6 თვეში ახალი ვალის სახით საქართველომ უკვე 3.53 მილიარდი ლარი ისესხა. შედეგად, სახელმწიფო საგარეო ვალი უკვე $8 მილიარდს აჭარბებს. ამ თანხიდან სამთავრობო ვალის წილი $7,521 მილიარდს შეადგენს. 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 32.2 მილიარდი ლარი იქნება. ვალის ასეთი მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ მომავალ წელს ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგება. პრობლემას ამწვავებს სამთავრობო ვალში უცხოური ვალუტის დიდი წილი. დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების პირობებში, ქვეყნისთვის ვალის ყოველწლიური მომსახურება უკვე საკმაოდ დიდი ტვირთი ხდება.

ნონა ქვლივიძე