ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
"ნამოხვანჰესს" კომპანია "ენკა" აღარ აშენებს - №3(68), 2021
საქართველოს შესაძლოა არბიტრაჟში მოუხდეს თავის მართლება 

ქვეყნის ელექტრომოხმარება რომ მუდმივად მზარდია და ადგილობრივი გამომუშავება ადგილობრივ მოხმარებას ვეღარ ჰყოფნის, ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის – ესკოს სტატისტიკურ მონაცემებში კარგად ჩანს. 2021 წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამში 11,452 მლნ კვტ.სთ გამომუშავება, ადგილობრივმა მოხმარებამ 12,406 მლნ კვტ.სთ შეადგინა. შესაბამისად, 11 თვის მანძილზე დეფიციტი დაახლოებით 1 მლნ კვტ.სთ-ია, რაც შემოტანილი ელექტროენერგიით შეივსო. 

2020 წელს, გამომუშავება 11,159 მლნ კვტ.სთ იყო, მოხმარებამ 12,157 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 12 თვის ჯამში დეფიციტმა 1 მლნ კვტ.სთ შეადგინა. ასე რომ, 2021-ში 1 მლნ კილოვატ/საათიანი დეფიციტი უკვე 11 თვეში შეიქმნა. 

თუ წინა წლების მაჩვენებლებს ვნახავთ, დეფიციტის მზარდი ტენდენცია აშკარა გახდება. მაგალითად, 2011 წელს გამომუშავება 10,104 მლნ კვტ.სთ იყო, მოხმარებამ 9,256 მლნ კვტ.სთ შეადგინა. შესაბამისად, სისტემა უფრო მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე ადგილობრივი მოხმარება იყო. მას შემდეგ მოხმარება გაცილებით სწრაფად მატულობს, ვიდრე ადგილობრივი გამომუშავებაა. ამიტომაც, სულ უფრო იზრდება დეფიციტი და გარედან შემოტანილ დენზე დამოკიდებულება. 

ამ სიტუაციაში, ექსპერტებს უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ ადგილობრივი გამომუშავების გაზრდა. თანაც, ლაპარაკია ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული დენის მოცულობის გაზრდაზე, რადგანაც იგივე გარდაბნის თბოელექტროსადგური კი არის საკმაოდ მსხვილი მწარმოებელი, მაგრამ, ეგეც იმპორტირებულ გაზზეა დამოკიდებული. 

ასაშენებელი ჰესების შორის ერთ-ერთია ნამოხვანის ჰესი, რომლის მშენებლობაც გასულ წლებში დაიწყო. მაგრამ, შარშან, წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნამოხვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და თან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილიც დააანონსა. 

კომპანიის განცხადებას ხელისუფლების საპასუხო განცხადებები მოჰყვა, სადაც მთავრობის წევრები იმედოვნებდნენ, რომ არსებულ პრობლემებს მალე მოაგვარებდნენ და ჰესის მშენებლობა გაგრძელდებოდა, თუმცა, დღემდე არაფერი შეცვლილა. 

რა გახდა "ენკას" გასვლის მიზეზი 

სოფელ ნამოხვანთან ჰესის მშენებლობას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის სამინისტრო აპირებდა. საკავშირო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტის“ მიერ მომზადებული პროექტი 1985 წელს დამტკიცდა, მაგრამ ჰესს აშენება არ ეღირსა. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებამ, რომელსაც თან ახლდა პროტესტი დიდი ჰესების აშენებაზე, მსგავსი მშენებლობები შეაფერხა. გამორჩეული იყო „ხუდონის“ საწინააღმდეგო გამოსვლები, შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც დაიშალა და „ნამოხვანის“ აშენების იდეა კაი ხნით აღარავის გახსენებია.

2008 წლის შემდგომ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა „გაეცოცხლებინა“ საბჭოთა პერიოდში ინიციირებული ნამახვანი ჰესის პროექტი. 

2009 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა (საქართველოს მთავრობის სახელით) „ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის“ განსახორციელებლად, ხელი მოაწერა მემორანდუმს თურქულ-კორეული კომპანიების კონსორციუმთან (შედიოდნენ თურქული Nurol Energy Production and Marketing Inc., კორეული Korea Elecric Power Corporation (KEPKO) და კორეული SK Engineering and Construction Co. Ltd (SKE&C). 2010 წელს „კეპკომ“ კონსორციუმი დატოვა. 2012 წელს ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონსორციუმმა ვერ შეასრულა მემორანდუმით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები და პროექტი ვერ გაგრძელდა. 

2012 წლის 25 იანვარს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიმართა სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს, თავისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, დაეფუძნებინა სააქციო საზოგადოება „ნამოხვან ჰესების კასკადი“. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სს „ნამოხვან ჰესების კასკადი“ 2012 წლის 26 იანვარს დააფუძნა. 

სს „ნამოხვანმა“ 2015 წელს მოამზადა პროექტი, რომელიც მდინარე რიონზე ორი ჰესისგან („ტვიში ჰესი“ და „ნამოხვანი-ჟონეთი ჰესი“) შემდგარი კასკადის მშენებლობას გულისხმობდა. 

ამ პროექტზე 2015 წლის 25 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაამტკიცა. დამტკიცებული პროექტის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდებარე, ორსაფეხურიანი, „ტვიში ჰესისა“ და „ნამოხვანი-ჟონეთი ჰესისგან“ შემდგარი კასკადი. 

2017 წლის 17 იანვარს ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებულად გამოცხადდა შპს Clean Energy Group Georgia. შპს Clean Energy Group Georgia საქართველოში დაფუძნებული კომპანია იყო, რომლის 100%-იან წილს ნორვეგიული Clean Energy Group ფლობდა. კომპანიის წილი (90%) თურქულმა კომპანია „ენკამ“ იყიდა, რის შემდეგაც, 2019 წლის გაზაფხულზე შპს Clean Energy Group Georgia-მ სახელი შეიცვალა და შპს Enka Renewables ეწოდა. 

ბოლო ტენდერის შედეგის მდგომარეობით, კომპანია „ენკა“ მდინარე რიონზე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობას გეგმავდა. პროექტის მიხედვით, ჰესი 2 კასკადისგან შედგება: ზემო "ნამოხვანჰესი" (ტვიში – 100 მეგავატი) და ქვემო "ნამოხვანჰესი" (ჟონეთი – 300 მეგავატი). ჰესის სავარაუდო წარმადობა წლიურად 1500 გგვტ.სთ უნდა იყოს. იგი მდინარე რიონის იმ ნაწილს მოიცავს, რომელიც ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 

ტვიში ჰესის კაშხლის შესაქმნელად, პროექტის მიხედვით, დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია უნდა დაიტბოროს. ქვედა ნამოხვანი ჰესისთვის კი 4 400 მეტრისა და 9 მეტრი დიამეტრის გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილია, რომელშიც რიონის მოქცევა სურთ. 

ხელშეკრულების მიხედვით, „ენკას“ "ნამოხვანჰესთან" ერთად, ჰესის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გზის ნაცვლად, ნამოხვან-ალპანას საავტომობილო გზის მონაკვეთიც უნდა აეშენებინა. 

მთავრობის განკარგულებით კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 121 ლარად, ხოლო აღნაგობის უფლებით წელიწადში 16 ლარად და 99 წლით გადაეცა მიწები წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში. 

„ნამოხვანჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე 2020 წელს დაიწყო, თუმცა, ამას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რიონის ხეობაში, "ნამოხვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტი თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. მათი განცხადებით, ჰესი ეკოლოგიურ კატასტროფას მოუტანს ხეობას და იმავდროულად, ენერგეტიკული თვალსაზრისითაც ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულებაა ინვესტორთან გაფორმებული. ამ პერიოდის განმავლობაში აქტივისტებმა ჰესის მშენებლობის სიახლოვეს კარვებიც გაშალეს და ქუთაისსა და დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციების მოაწყვეს. იყო მშენებელ კომპანიასთან დაპირისპირება და საქმიანობაში ხელის შეშლაც, რასაც შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან ხეობაში ძალოვანი უწყებების შეყვანაც მოჰყვა. 

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საზოგადოებისთვის „რიონის ხეობის მცველების“ სახელით არიან ცნობილი. მათი მოთხოვნა შემდეგი იყო: 

1. გაწყდეს 2019 წ.25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. 

2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის №2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“. 

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. 

4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. 

ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ, 22 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ენკამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნით მიმართა, ხოლო მიზეზად კონტრაქტის პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორულ გარემოებებს ასახელებს. თუ „ენკამ“ საარბიტრაჟოში განაცხადი შეიტანა, სავარაუდოდ, საქართველოს კომპანიისთვის თანხის გადახდა მოუწევს. 

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, Enka Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამოხვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – ნათქვამია კომპანია „ენკას“ განცხადებაში. 

ხელისუფლების პოზიცია 

მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების კამპანია საკმაოდ მასშტაბური გახდა, 2021 წლის ივნისში პროექტთან დაკავშირებით არსებულ ხელშეკრულებაზე კრიტიკული განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

„ნამოხვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი – 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს“, – განაცხადა პრემიერმა. 

ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. თავის მხრივ, სამინისტრომ „ნამოხვანჰესზე“ ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა. ეს საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron Mckenna Nabarro Olswang LLP-ია. აქედან ერთ თვეზე ნაკლებ დროში კი თავად „ენკამ“ განაცხადა, რომ პროექტზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. 

„ენკას“ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა ეკონომიკის სამინისტრომ. 

„მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისთვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამოხვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება“, – აცხადებდა ეკონომიკის სამინისტრო. 

უწყების თქმით, ესმით, რომ პროექტი არის კომპლექსური, ინვესტორები კი მსგავსი პროექტების განხორციელებისას არაერთ სირთულეებს აწყდებიან. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამოხვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის. 

საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გასული წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

27 სექტემბერს, ეკონომიკის მინისტრმა უკვე იმ რისკზე გააკეთა კომენტარი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს არბიტრაჟში დავის გადაწყვეტას უკავშირდება. 

„რადგან დღეს საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ იმისთვის, რომ შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს და მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი. 

ვადასტურებთ, რამდენად მნიშვნელოვანია „ნამოხვანჰესის“ პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება უკეთესი პირობებით იმიტომ, რომ პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი“, – განაცხადა თურნავამ. 

ნათია თურნავამ 16 დეკემბერს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არბიტრაჟი ჯერჯერობით არ დაწყებულა. კომპანიასთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საკითხი არბიტრაჟის გარეშე გადაწყდეს და პროექტი კვლავ გახსნილი იყოს განხორციელებისთვის. 

ჰესის მშენებლობის მომხრეთა პოზიცია 

ჰესის მშენებლობის მომხრეები არგუმენტად უცხო ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდის შემცირებას ასახელებენ. იმავდროულად, ჰესების მშენებლობა ინვესტიციების მოზიდვის საშუალებაა, რაც არანაკლებმნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. 

ამ საკითხზე პორტალ Enigma-სთან საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველო განახლებადი რესურსების 20%-საც არ ითვისებს, არა და მაგალითად, წყლის რესურსი ერთადერთია, რაც მთლიანად საქართველოს განკარგულებაშია და ენერგოდამოუკიდებლობის შესაძლებლობას იძლევა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანა იმპორტში პირდაპირ თუ ირიბად საკმაოდ დიდ თანხებს იხდის. 

აბრამიშვილის თქმით, დღეს ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 14 მილიარდ კვტ.საათამდე აღწევს, თუმცა, ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 8-9 მილიარდ კვტ.საათამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ჰიდროლოგიური წელი გვექნება. 2030 წლის პროგნოზით ელექტროენერგიის მოხმარების დონე დაახლოებით 20 მილიარდამდე გაიზრდება. შედეგად ქვეყანას, ფინანსურად ძალიან დიდი ტვირთი მიადგება. 

„ტექნიკურადაც აღარ გვექნება საშუალება, რომ შემოვიტანოთ ამდენი ელექტროენერგია. ხაზები არ გვაქვს საკმარისი, მაშინ გადამყვანი ხაზების განვითარებაში უნდა ჩავდოთ მილიონობით თანხა, რათა რუსეთში გავგზავნოთ ჩვენი სიმწრით ნაშოვნი ფული. ვიდრე ადგილობრივ გენერაციაში, ადგილობრივ ინვესტორს გადავუხადოთ, რომელიც გადასახადს აქ იხდის და საქართველოში ასაქმებს ხალხს“, – ამბობს აბრამიშვილი. 

GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკურ ბერკეტებზეც საუბრობს. რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემთხვევაში რუსეთის ხელში აღმოჩნდება და შედეგად იგი ენერგორესურსებით იმანიპულირებს, ისევე როგორც ამას ევროპის ქვეყნებთან აკეთებს, Nord Sream 2-ის მაგალითზე. რუსეთი ხელოვნურად ქმნის მიწოდების დეფიციტს ევროპაში, რათა ბუნებრივ საწვავზე ფასებმა აიწიოს. 

სამეზობლოში იმპორტის სხვა ალტერნატივებზე საუბრისას, აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსული გავლენების ქვეშ არიან, შესაბამისად ისინიც რუსეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ. რაც შეეხება თურქეთს, იქ ფასები საკმაოდ ძვირია, დაახლოებით 9-10 ცენტამდე და შესაბამისად იმპორტიც მეტი ჯდება. 

„განახლებადი ენერგიის წარმოება ჭკვიანურად უნდა განხორციელდეს და ჰარმონიაში უნდა იყოს ბუნებასთან. რა თქმა უნდა, მის ათვისებას გავლენა აქვს გარემოზე, ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ სხვა ალტერნატივები, საიდანაც ელექტროენერგიის მიღება შეგვიძლია, ბევრად უფრო მძიმედ მოქმედებს გარემოზე“, – ამბობს აბრამიშვილი. 

რაც შეეხება არსებული ხელშეკრულების დეტალებს, აბრამიშვილი შემდეგს აცხადებს: 

„ყოველთვის შეიძლება, ხელშეკრულება უკეთესი გახდეს, მაგრამ არაფერი ამაში კაბალური არ არის. მოდით აბა ინვესტორის კუთხით შეხედეთ, მილიარდი დოლარი უნდა ჩადოს ამ ქვეყანაში, სადაც სამშენებლო რისკებს არავინ ითვალისწინებს. ამხელა ჰესს რომ ააშენებ, უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს“, – ამბობს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ საუბრისას აბრამიშვილის თქმით, კვლევები ყველაფერზე არსებობს, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის პერიოდიდან კეთდება. რაც შეეხება საპროტესტო მოძრაობების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს და მოთხოვნებს, მისი აზრით, საჭიროა კონსტრუქციულები ვიყოთ და ხარვეზის მითითებისას გამოსავლის გზებზეც ვსაუბრობდეთ. 

„მთავარი არის მიზანი. ამ პროტესტის მიზანი რომ იყოს სწორი და ნათელი, მოდი ეს ჩავასწოროთ და ეს გავაუმჯობესოთ. მე პირველი ვიქნები ვინც ამაში მხარს აუბამს და კიდევ მრავალი სხვა, თუმცა მათ აქვთ მიზანი, რომ ჰესი არ აშენდეს“, – ამბობს აბრამიშვილი. 

ჰესის მშენებლობის გაპროტესტებას რამდენჯერმე გამოეხმაურა საქართველოში თურქეთის ელჩი. გასული წლის 24 დეკემბერს ფატმა ჯერენ იაზგანმა კიდევ ერთხელ გამოხატა პოზიცია. მისი თქმით, კომპანია ენკა-ს და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება. ამასთან, ელჩის თქმით ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროტესტის დროს, გარემოსდაცვითი ლოზუნგების მიღმა ანტი-თურქული პროპაგანდა და „ფეიქ ნიუსები“ იდგა. 

„ამ პროცესის დროს, ვიხილეთ ანტი-თურქული პროპაგანდა, რომელიც შეფარული და დამალული იყო გარემოსდაცვითი პროპაგანდის უკან. მე იმასაც ვიტყოდი, რომ ამ პროცესში გამოყენებული იყო ზოგიერთი ქართული პროგრესული სატელევიზიო არხიც, რომელთაც თავად თურქეთის საწინააღმდეგო შეხედულებები არ აქვთ. მთლიანად მწვანეთა და გარემოსდაცვითი დღის წესრიგი იყო ბოროტად გამოყენებული მათ მიერ, ვისაც არ სურს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარება. შესაბამისად, ყველა ამ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ყველამ აქედან უნდა ვისწავლოთ. იმედი მაქვს კომპანიას და მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება. ეს მათი საქმეა, თუმცა, ჩემი მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებელია "ფეიქ ნიუსის" და პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა. თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს იყო მითი, რომ ქუთაისს ცუნამი დაატყდებოდა, თუკი "ნამოხვანი" აშენდებოდა“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა. 

„ენკას“ და საქართველოს სახელმწიფოს შორის შექმნილი მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. სამაგიეროდ, ექსპერტების თქმით, „ნამოხვანი ჰესის“ პროექტის გართულება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო გააუარესებს. თავის მხრივ, ახალი ჰესების აუშენებლობა კი ბევრად საშიშ ტენდენციას ქმნის – საქართველო სულ უფრო მეტად ხდება უცხოეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული და ეს „უცხო“ ქვეყანა ძირითადად, რუსეთია. საქართველოს ელექტრომომარაგებაში, ისევე როგორც ბუნებრივ აირში, რუსეთის წილი ბოლო წლებში საკმაოდ სწრაფად იზრდება. 

თემურ იობაშვილი