ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
სათამაშო ბიზნესს მთავრობამ ახალი შეზღუდვები დაუწესა - №3(68), 2021
რა გახდა რეგულაციების შემოღების მიზეზი – საზოგადოების დაკვეთა თუ მედიის შეზღუდვა 

აზარტული თამაშების ბიზნესს მთავრობამ გადასახადები გაუზარდა და ახალი შეზღუდვები დაუწესა. შემოვიდა ახალი სახის ჯარიმები, უკვე არსებულის ოდენობა კი, გაიზარდა. ასევე გაიზარდა აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის დაშვების ასაკობრივი ზღვარიც. პრემიერ-მინისტრის თქმით, შემდეგი ეტაპი უკვე ონლაინ კაზინოების საქმიანობის შეწყვეტა იქნება. სათამაშო ბიზნესი შეზღუდვებს აპროტესტებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მათაც აზარალებს და ქვეყნის ეკონომიკასაც. 

როგორ მკაცრდება კანონი 

საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 22 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა კიდეც, ცვლილებების ნაწილი, – კერძოდ, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა, – 2022 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა კრიტიკის შემდეგ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადავადდა. 

ცვლილებების მიხედვით: 

სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება); 

სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში; 

ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება. 

ცვლილება ითვალისწინებს აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს რეკლამის აკრძალვას. კანონის დამრღვევი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. ხოლო რეკლამის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 20 ათასი ლარი იქნება. მცირე გამონაკლისები არის დატოვებული გარე და ონლაინ რეკლამისთვის. გარე რეკლამა დაშვებული იქნება საერთაშორისო აეროპორტის და სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ასევე, დასაშვებია აზარტული თამაშების ოპერატორის გარე პერიმეტრზე არაუმეტეს 10 კვ. მეტრის სიდიდის ბანერით. რეკლამა ასევე დასაშვები იქნება აზარტული თამაშების მომწყობის შიდა სივრცეში. 

ამასთან ერთად, რეკლამა დასაშვები იქნება სპორტული ღონისძიების ჩატარების სივრცეში, როდესაც სპორტული ღონისძიების სპონსორი არის აზარტული თამაშების ოპერატორი. ელექტრონული სახით აზარტული თამაშების რეკლამირება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რეკლამა ელექტრონული სახით, აზარტული თამაშების მომწყობის ვებგვერდზეა განთავსებული. 

25 წლამდე აიწევს აზარტულ თამაშებში მონაწილეების ასაკობრივი ზღვარი. უკვე დამტკიცებული პროექტის მიხედვით, მონაწილეობა აეკრძალებათ მოთამაშეებს, რომლებიც დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა მონაცემთა ბაზაში არიან შეყვანილი. მათი აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში დაშვებისთვის და წესების დარღვევისთვის ორგანიზატორს ჯარიმის სახით 10 ათასი ლარი დაეკისრება, განმეორებით შემთხვევაში კი 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. 

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ასევე, აეკრძალებათ საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს და სოციალურად დაუცველ პირებს. საერთო ჯამში ეს აკრძალვა მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ე.წ. წამახალისებელ გათამაშებებზე. ასევე, შეზღუდვები არ შეეხებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. 

მიღებული რეგულაციით, იკრძალება ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინ-გადახდები. ასევე, ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ეკრძალება ურთიერთობა უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან. კერძოდ, ისინი ამ კომპანიების სასარგებლოდ გადახდებს ვეღარ განახორციელებენ. 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით; ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვეში“, – ნათქვამია კანონპროექტში.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, რომელიც ამავე დროს, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს პირდაპირ უთხრა, რომ შეზღუდვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და „მსჯელობას მნიშვნელობა არ აქვს". მმართველი პარტიის წევრმა ასევე განაცხადა, რომ, „ეს არის პოლიტიკური და არა ეკონომიკური გადაწყვეტილება. ის შედეგები მეორეხარისხოვანია, რაც შეიძლება კანონის მიღებამ გამოიწვიოს". 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, და აკრძალვები 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. 

საზოგადოების განწყობა 

მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი აზარტული თამაშების ინდუსტრიის მიმართ. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს. ეს ადამიანები შეშფოთებას გამოთქვამენ აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობის გამო. ამბობენ, რომ ამ თამაშებზე დამოკიდებული პირების მიერ წაგებული თანხები ოჯახების ფინანსურ და სოციალურ პრობლემებს იწვევს. 

საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობის და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია შევაფასოთ, ეს მაჩვენებელი მაღალია თუ დაბალი. 

რატომ უნდა მთავრობას შეზღუდვების შემოღება 

აზარტული თამაშების მიმართ მოსახლეობის უარყოფით დამოკიდებულებას ასახელებს შეზღუდვის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

„მოსახლეობას აწუხებს ძალიან – ეს არის სათამაშო ბიზნესი და ონლაინკაზინოები. მილიარდნახევარი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით. ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მლრდ ლარს…. ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, ჩვენი მოსახლეობის ფული გაედინება უცხოეთში“, – თქვა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ონლაინკაზინოებსა და სათამაშო ბიზნესს ჯერ რეკლამა აეკრძალებათ, შემდეგ კი გაჩერება მოუწევთ. 

"შავი სია" 

როგორც ცნობილია, შეიქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ჩამონათვალი, ე.წ. „შავი სია“. სიაში შევა იმ პირთა მონაცემები, რომლებსაც აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დაუძლეველი სურვილი აქვთ. კანონით შესაძლებელი გახდება, ასეთ პირს მშობელმა, შვილმა ან ოჯახის სხვა წევრმა თამაშის უფლება აუკრძალოს. მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოთამაშის სიაში შეყვანა მოითხოვონ. მათ განცხადებას უნდა დაურთონ კონკრეტული ფაქტები და მათი მტკიცებულებები. სასამართლო ვალდებულია, პირს, რომლის სიაში შეყვანის მოთხოვნით განცხადება არის შეტანილი, აცნობოს ამის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოუსმინოს მას. პირს შეუძლია მოსამართლის მიღებული ბრძანება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. ასევე, შესაძლებელია, თავად დამოკიდებულმა პირმა შეიტანოს განაცხადი ფინანსთა სამინისტროში. დამოკიდებულ პირთა სიაში აზარტული მოთამაშის შეყვანა 5 წლის ვადით ხდება. სიაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების შეყვანა მოხდება. 

გაზრდილი გადასახადები 

მთლიანად იცვლება აზარტული ბიზნესის საგადასახადო რეჟიმი. მათთვის საგადასახადო ტვირთი თითქმის 70%-ით გაიზრდება. კერძოდ, ბიზნესი მოუწევს GGR (Gross gaming revenue)-ით გადახდა ანუ დაიბეგრება დადებული ფსონები და გაცემული მოგება.
 
ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოაკლდება და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში ბიუჯეტში დაახლოებით 175 მილიონი ლარი შევა. მაგრამ შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ მომხმარებლების რაოდენობის მილიონიან კლებას გადასახადების და ტარიფების ზრდით დააკომპენსირებს. საერთო ჯამში, უწყების გათვლებით, სექტორიდან მისაღები თანხა 300 მილიონ ლარს გადააჭარბებს. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის მიერ სულ ბიუჯეტში გადახდილი თანხა, მოსაკრებლების და გადასახადების სახით, წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს – ბიუჯეტში შევიდა 332 მილიონი ლარი, 2018 წელს – 393,2 მილიონი ლარი, 2019 წელს – 420 მილიონი ლარი, 2020 წელს – 350 მილიონი ლარი. 

სათამაშო ბიზნესი იხდის დღგ-ს, მოგების გადასახადს, საშემოსავლო და ქონების გადასახადს. ასევე, მოსაკრებელს სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოსა და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე. კომპანია Random Systems-ის ინფორმაციით, რომელიც მთავრობამ სათამაშო ბიზნესის სექტორის ზედამხედველობისთვის დაიქირავა, საერთო ჯამში ეს ბიზნესი მშპ-ის 2%-ს ქმნის. 

საქართველოში ამ სექტორის განვითარებას ხელი შეუწყო მეზობელი ქვეყნების – თურქეთისა და ირანში კაზინოების აკრძალვამ. ასევე, შეზღუდვების არსებობამ აზერბაიჯანსა და რუსეთში, რამაც ამ რეგიონებიდან რასაც ქვეყანაში დამატებითი ეკონომიკური შემოსავლები მოაქვს. 

სათამაშო ბიზნესის შემოსავალი 

აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში. ონლაინ კაზინოების მომხმარებელთა რაოდენობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში. 

მომხმარებლების რაოდენობის ზრდის შესაბამისად მოიმატა ონლაინ კაზინოების შემოსავლებმაც. ამას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკაც. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს სექტორის ბრუნვამ 24%-ით მოიმატა და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწია. თუმცა, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები მუდმივად აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ბრუნვის ზრდა არ ნიშნავს, რომ მოგებაც პროპორციულად გაეზარდათ. მათი განმარტება ასეთია: ბრუნვა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით, რასაც ყველა ჯერზე მოგება არ მოაქვს. სექტორის მონაცემებით, სულ ბიზნესმა გასულ წელს 362,6 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი ონლაინკაზინოებზე მოდის. 

2021 წლის მონაცემებით, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბაზარზე 133-მდე აზარტული კომპანია მუშაობს. მათი რიცხვი 2019 წელს 145 იყო. ყველაზე დიდი კომპანიებია შპს "მარსი" ("კრისტალბეთი"), შპს "ავიატორი", შპს "ბეთლაივი", შპს "ფულ ჰაუსი", შპს "ჩემპიონები 111", შპს "ლიდერ-ბეთ სლოტი". ექვსივე ეს კომპანია ქვეყნის 10 უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში შედის. 

სათამაშო ბიზნესის პროტესტი 

სათამაშო ბიზნესი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და ცვლილებებისთვის მოსამზადებლად დრო არ დარჩათ. აზარტული თამაშების ოპერატორებმა მთავრობასთან მოლაპარაკება სცადეს. იმედოვნებდნენ, რომ კომპრომისს მიაღწევდნენ, თუმცა, კომუნიკაცია არ გამოვიდა. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, შეზღუდვების გამო, მათ შესაძლოა, ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდეგ კი საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართონ. 

ბიზნესი ამბობს, რომ მოთამაშეები უცხოურ საიტებზე გადაინაცვლებენ. ასაკობრივი შეზღუდვის გამო, მომხმარებელთა დაახლოებით, 15% ვირტუალურად გავა ქვეყნიდან და ითამაშებენ ისეთ საიტებზე, როგორიცაა მაგალითად, 1ხბეტ, რომელიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია საქართველოშიც. 

სათამაშო ბიზნესი აცხადებს, რომ მკაცრი რეგულაციების გამო უარს იტყვიან ქართული სპორტის სპონსორობაზე. 

„მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონპროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე“, – წერია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში. 

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორ გიორგი მამულაიშვილის თქმით, კომპანიებს მოუწევთ თანამშრომლების შემცირება. შემოსავლებს დაკარგავს ქვეყნის ბიუჯეტიც. 

„მცდარია მთავრობის განცხადება, რომ საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება არ მოხდება. ბიუჯეტს დაახლოებით 250 მილიონი ლარი დააკლდება. ამბობენ, რომ ამ დანაკლისს სპორტის პროდუქტიდან მიღებული შემოსავლით და GGR-ით (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) დააბალანსებენ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. შემოსავალი 25-30%-ით შეუმცირდება თვითონ ბიზნესს. ვისაც თამაში უნდა, ის უცხოურ საიტებზე გადაინაცვლებს. დიდი ფულის გადინებას მოჰყვება ვალუტის რყევა, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ამბობენ, დავბლოკავთ და უცხოეთში არავის გავუშვებთო, ეს ვერ მოახერხა ამერიკამ, ჩინეთმა და რუსეთმა, და საქართველოს მთავრობა ამას მით უმეტეს ვერ შეძლებს, ამის ილუზია ნურავის ექნება“, – აღნიშნავს გიორგი მამულაიშვილი. 

აზარტული თამაშების ოპერატორები ამბობენ, რომ მოთამაშეებისთვის საერთაშორისო MCC კოდის ჩაკეტვა, რასაც ფინანსთა სამინისტრო აპირებს, უშედეგო იქნება. რადგან არსებობს ელექტრონული საფულეები და კრიპტოვალუტა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. შესაბამისად, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები ქვეყნიდან ფულის გადინებას ვერ შეაჩერებენ. 

ამასთან, უცხოურ სისტემებზე თანხის გადარიცხვის აკრძალვა, კანონის მიღებიდან 6 თვის შემდეგ მოხდება, რაც, ფაქტობრივად, მომხმარებლებს უტოვებს დროს, რომ ამ სისტემებზე გადაერთონ. 

რას იზამენ ინვესტორები 

აზარტული თამაშების სფეროს მომგებიანობამ საქართველოში მსხვილი უცხოური აზარტული კომპანიების შემოსვლა განაპირობა. 

2015 წლის ივნისში 100%-იანი მართვის უფლებით, „ევროპაბეთი“ შვედურმა საერთაშორისო კომპანია Bettson Group-მა შეიძინა „კრისტალბეთის“ უმსხვილესი აქციონერი Bwin Holdings (Malta) Limited არის Entain PLC-ის ჯგუფის წევრი. Entain PLC-ის აქციები კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითადი ბაზრის ოფიციალურ სიაში. ადგილობრივ ბაზარზე შემოვიდა ამერიკული IGT-იც. "აჭარაბეთის" 50%-ს ასევე, უცხოელი ინვესტორი Flutter-ი ყიდულობს. 

Entain-ს 200 მილიონი ევროს ინვესტიცია აქვს ჩადებული საქართველოში. კომპანიის ინფორმაციით, ამ თანხის რეინვესტირება მოხდა სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში და სხვადასხვა სფეროებში. ხოლო 3 წლის განმავლობაში ინვესტორს დივიდენდის სახით 262 მილიონი ლარი აქვს მიღებული. 

„თუ მოგების მომტანი არ იქნება ფული, რომელიც ინვესტორმა ქართულ კომპანიებში ჩადო, ის თავის გეგმებს გადახედავს საქართველოში. როგორ შეიცვლება მათი სტრატეგია, უახლოეს თვეში გამოჩნდება“, – აღნიშნავს გიორგი მამულაიშვილი. 

ვის დააკლდება რეკლამა? 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აზარტული თამაშების სარეკლამო ბიუჯეტი 2021 წელს 30 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, რეკლამის შეზღუდვის შემდეგ, მედია, განსაკუთრებით ტელევიზიები, მნიშვნელოვანი შემოსავლებს დაკარგავენ. ამ სექტორის მიერ რეკლამისა თუ სასპონსორო პაკეტებში გადახდილი თანხები ტელევიზიების კომერციული შემოსავლის 20-25%-ს შეადგენს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიების გაშუქებისას, სპონსორი აზარტული თამაშების კომპანიის სახელი ყოველი საათის განმავლობაში მხოლოდ 10 წამის მონაკვეთში შეიძლება გაჟღერდეს, რაც მხოლოდ აუდიო სახით იქნება დაშვებული და ეკრანზე კომპანიის სიმბოლიკა არ უნდა გამოჩნდეს. 

სარეკლამო შეზღუდვებს აპროტესტებენ ტელევიზიების ხელმძღვანელები. მედია დარწმუნებულია, რომ მთავრობა მიერ შეზღუდვების დაწესების მიზანი არის კრიტიკული მედიის ფინანსური შევიწროება. ტელევიზიები ითხოვენ, სრულად აკრძალვის ნაცვლად მოხდეს სარეკლამო დროის რეგულაცია. კერძოდ, რეკლამა ეთერში 22:00 საათის შემდეგ გავიდეს. ასევე, მთავრობამ გადაიწიოს კანონის ამოქმედების ვადაც. 

„მთავარი არხის“ დირექტორი თამთა მურადაშვილის თქმით, ტელევიზიას სჭირდება დრო, რათა მოიძიოს სხვა სექტორი, რომელიც სარეკლამო დანაკლისს ჩაანაცვლებს. 

არც სათამაშო ბიზნესის და არც მედიის პოზიციის გათვალისწინებას მთავრობა არ აპირებს. პირიქით, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, დავით სონღულაშვილის თქმით, შეზღუდვების პროცესი გაგრძელდება და „თუ დარჩება ხვრელები, მათაც ეტაპობრივად ჩაკეტავენ“. 

ასეა თუ ისე, მთავრობამ თავისი წინადადება გაიტანა და პარლამენტმაც კანონპროექტი დაამტკიცა. რა გავლენას მოახდენს მიღებული ცვლილებები ბიზნესზე და საბიუჯეტო შემოსავლებზე, ეს ოფიციალურად გამოჩნდება ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში. გაირკვევა სპორტსმენებისთვის სპონსორობის შესაძლო შეზღუდვის მასშტაბიც, ასევე მედია-საშუალებებისთვის რეკლამიდან შემოსავლის შემცირებით გამოწვეული დანაკლისის მოცულობა. რთული საპროგნოზოა, მოიკლებს თუ არა აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების რიცხვი – აზარტული თამაშების არალეგალურ სექტორში გადასვლის შემთხვევაში, მოთამაშეთა დათვლა თითქმის შეუძლებელია. 

ნონა ქვლივიძე