ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
"მწვანე პასპორტი" ქართულად – "რეგულაცია", რომელიც არ მუშაობს - №3(68), 2021
კოვიდსაშვი "უნიკალური" პირობებით

Civid-19-კორონავირუსის პანდემიის დასასრულს ბოლო არ უჩანს. ყოველ შემთხვევაში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინფიცირებაც მაღალია და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ამ სიტუაციაში სახელმწიფოებს პერიოდულად სხვადასხვა შეზღუდვები შემოაქვთ, რომელიც ეხება როგორც ხალხს, ისე ბიზნესს. ბოლოდროინდელი რეგულაცია ე.წ. „მწვანე პასპორტს“ უკავშირდება, რომელიც საქართველომდე სხვა ქვეყნებმაც შემოიღეს, თუმცა, საკმაოდ განსხვავებული პირობებით. შეზღუდვას თან სდევს ხალხის უკმაყოფილება, მათ შორის საქართველოშიც. ექსპერტების თქმით, შემოღებული რეგულაცია ზოგ შემთხვევაში თუ ვირუსის გავრცელებას აფერხებს, ზოგიერთი შეზღუდვა მხოლოდ ცხოვრების გართულებად რჩება და პანდემიის დამარცხებასთან კავშირი არ აქვს.
 
სანამ საქართველოს მდგომარეობას შევეხებით, რამდენიმე ქვეყნის მაგალითი ვნახოთ. გერმანიაში სრულად აცრილია მოსახლეობის 70%, ყველა სავაჭრო ობიექტში, ატრაქციონებზე, პარკში შესასვლელად „მწვანე პასპორტის“ წარდგენა აუცილებელია. „მწვანე პასპორტი“ ადამიანებს აპლიკაციის სახით, მობილურ ტელეფონში აქვთ ჩატვირთული და იმისთვის, რომ ისინი სხვადასხვა ადგილას დაუშვან, აღნიშნულ „აპში“ დაფიქსირებული უნდა იყოს, რომ მისი მფლობელი აკმაყოფილებს ერთ-ერთს შემდეგი სამი პირობიდან: არის ორჯერადად აცრილი; გატესტილია კოვიდზე და პასუხი ნეგატიურია; ბოლო 6 თვეში გადატანილი აქვს კორონავირუსი“, – გვიყვება გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მხარეში მცხოვრები სოფო ბუთბაია. 

დანია: მოსახლეობის 80% აცრილია. პირბადეს არავინ ატარებს. დანერგილია კოვიდპასპორტის სისტემა და მის გარეშე ვერცერთ დაწესებულებაში ვერ შეხვალთ, გარდა აფთიაქებისა და სამედიცინო დაწესებულებებისა. პასპორტის პირობები იგივეა. ხოლო ვინც აცრილი არ არის, მუდმივად ტესტის გაკეთება უწევს, რაც დიდი დისკომფორტია. 

ისრაელი: სრულად აცრილია მოსახლეობის 63%. კოვიდპასპორტები რამდენიმე თვეა ამოქმედებულია, თუმცა არ გამოიყენება ტრანსპორტში. აუცრელ ადამიანს, კონკრეტულ დაწესებულებაში შესასვლელად შეუძლია ტესტი გაიკეთოს და ამის შემდეგ შევიდეს ობიექტზე. 

საქართველო: აცრილია მთელი მოსახლეობის 28%. კოვიდპასპორტი მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. მისი პირობები მსოფლიოში მოქმედი ანალოგიური საშვებისგან განსხვავდება და უნიკალურია: აუცრელი, თუმცა კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. სხვა ქვეყნებში მოქმედი ანალოგიური საშვებისგან განსხვავებით, არ აქვს მნიშვნელობა, როდის გადაიტანა ადამიანმა კოვიდ19. სულ კი ქვეყანაში 850 ათასამდე კოვიდგადატანილი ადამიანია, მათ შორის რამდენია აცრილი – სტატისტიკა არ არსებობს. ეს პირობა ქართულ კოვიდპასპორტში ჩაიდო იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო მივიდა დასკვნამდე, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ბუნებრივი ანტისხეულების დაცვა მაქსიმუმ 6 თვემდეა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს პერიოდი მხოლოდ 3 თვეა. 

ობიექტები, რომლებზეც რეგულაცია ვრცელდება, არის: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზები; რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. 

კოვიდრეგულაციების აღსრულებას შრომის ინსპექცია აკონტროლებს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებებით. პროცესში ასევე მონაწილეობენ შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. თუ კომპანია სისტემურად არღვევს კოვიდსაშვის წესს და ამაზე არსებობს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, საქმიანობის დროებით შეჩერების საფუძველიც გახდეს. რაც შეეხება სანქციებს: ინდმეწარმის შემთხვევაში ჯარიმა 2 ათასი ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 10 ათასი ლარია დაწესებული. თუმცა რეალურად დაჯარიმების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი. სამაგიეროდ, ადამიანებმა, რომლებიც სარგებლობენ სხვადასხვა ობიექტის მომსახურებით, იციან, რომ კოვიდსაშვების წესი ქვეყანაში გამონაკლის შემთხვევებში სრულდება. იგივეა პირბადის ტარების შემთხვევაშიც, რომლის გამოყენებაც ეპიდემიის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გათვლებს მოქალაქეების თვითშეგნებაზე აკეთებს. როგორც შრომის ინსპექციაში ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტს“ უთხრეს, ობიექტების დაჯარიმების ფაქტები ერთეულებია, რადგან ორიენტაცია ინფორმაციის მიწოდებასა და რეკომენდაციების გაცემაზეა და არა – სანქციებზე. 

ნებაყოფლობითი „მწვანე ზონები“ ბიზნესისთვის ზოგადად, კოვიდპასპორტს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: ის აღიარებულია ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნის საფუძვლად. თუმცა, მსოფლიოს არაერთი ქვეყნისგან, სადაც დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესობიექტების თანამშრომლების უსაფრთხოებას, საქართველო გამორჩეულია: კოვიდპასპორტი მხოლოდ მომხმარებლებს მოეთხოვებათ და არა – სერვისის მიმწოდებლებს. 

ამ მიმართულებით, ხელისუფლება განიხილავს „მწვანე ზონების“ შექმნას. საუბარია ისეთ ბიზნესობიექტებზე, რომელთა თანამშრომლების დიდი ნაწილი ვაქცინირებულია. „მწვანე ზონების“ შემოღების იდეა სწორედ ბიზნესის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

მაგალითისთვის: დახურულ სივრცეში ნებადართულია 6 ადამიანის დაშვება და თუ ობიექტს მწვანე სტატუსი ექნება (აცრილი იქნება თანამშრომელთა 80% მაინც), შესაძლოა ეს მოთხოვნა კონკრეტული დაწესებულების მიმართ გაუქმდეს. ასევე არაა გამორიცხული, „მწვანე ზონის“ მქონე ობიექტებს სოციალური ღონისძიებების გამართვის შეზღუდვაც მოეხსნათ. თუმცა, ეს მექანიზმი ჯერჯერობით სავალდებულო არ არის და არც ისაა ცნობილი, როდიდან ამოქმედდება. 

"განხეთქილების პასპორტი"  

„მწვანე პასპორტი“ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. 2 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ექსპერტები მუშაობდნენ დასკვნაზე, რომელიც რამდენიმე დღეში საკოორდინაციო საბჭოზე უნდა წარედგინათ. მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდებოდა ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება „მწვანე პასპორტს“ და ასევე, აღსრულების სხვა მექანიზმებს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება, კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადაც შეცვლილიყო. 

მინისტრის თქმით, კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ უვადოდ გაცემაში რისკ-ფაქტორებს ხედავდა და სწორედ ამ საკითხის განხილვას აპირებდნენ საბჭოზე. მაგრამ, რამდენიმე დღეში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა არ გამოჩენილა. აშკარა გახდა, რომ დაპირისპირება გამწვავდა. ორიოდე დღეში მინისტრი გადადგა. პასუხისმგებლობა მწვანე პასპორტის პირობებზე არ უკისრია დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლის ხელმძღვანელებიც ჯანდაცვის მინისტრს ეთანხმებოდნენ კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე საშვის“ პირობების 6 თვით შეზღუდვის საკითხში, მაგრამ თანამდებობებზე დარჩნენ. ისინი, სავარაუდოდ, კვლავ დარჩებიან პოზიციაზე – „ჩვენ ვუთხარით და საბჭომ არ გაიზიარა“. 

გაურკვევლობა ბიზნესში 

ბიზნესის ნაწილზე „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებამ ნეგატიური გავლენა პირველივე დღეებში მოახდინა. მაგ¬ალითად, რესტორან „კახელების“ დამფუძნებელმა ჭიჭიკო გოლეთიანმა განაცხადა, რომ „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედებამ, „კახელებში“ აქტივობა დაახლოებით 25%-ით შემცირდა. 

„ქვეყანაში არ ჩატარდა ნორმალური კამპანია იმისთვის, რომ საზოგადოება ვაქცინაციის დადებით შედეგში დარწმუნებულიყო. ვისაც არ სჯერა ვაქცინის, რესტორანში ან კაფეში შესვლისთვის არ აიცრება. არა მგონია, ამან დიდი შედეგი მოიტანოს. ტენდენციაა ის, რომ ხალხი აღარ მოდის, ეს ყველაფერი კი გადაინაცვლებს კერძო ბინებში და არალეგალური გახდება, რაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. 200 ლარის ინტერესის გამო აცრილი ხალხის რაოდენობაც დასრულდება. საჭირო გახდება მკაცრი შეზღუდვები და შემდეგ სოციალური აფეთქება მოხდება. ადამიანები გარბიან სამსახურიდან, რადგან ეს სფერო არასტაბილურად მიაჩნიათ. სამუშაოდ მიდიან იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. ურჩევნიათ იქ მოხუცის მოვლაში 800 ევრო აიღონ, ვიდრე აქ, როცა უკონტროლოა ყველაფერი, არ იცი როდის დაგხურავენ“, – აცხადებს გოლეთიანი.

პესიმისტურ განცხადებებს აკეთებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძეც, რომლის აზრით, „მწვანე პასპორტის“ შემოღება ინდუსტრიისთვის დიდი დარტყმაა. 

„საქართველოს მოსახლეობის 70% აცრილი არ არის, გამოდის, ამ რაოდენობაზე ბიზნესი უარს ამბობს. ჩვენი მთავრობა კოპირებას აკეთებს რამდენიმე უცხოური ქვეყნის გამოცდილებიდან, რომელ გამოცდილებასაც იმ ქვეყანაში ათობით და ასობით ათასიანი გამოსვლები მოჰყვება. იტალიას ჰბაძავენ და იქ ერთი მთავრობა ამ საპროტესტო აქციებს გადაჰყვა და მეორე მთავრობასაც ამხელა მიტინგებს უმართავენ. ჩვენთან იტალიის გამოცდილებას აკოპირებენ. რატომ არ აშუქებს მედიასაშუალება იმ ქვეყნებს, სადაც შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა. მაგალითად, შვედეთზე რატომ არ კეთდება სიუჟეტები? რატომ? იმიტომ, რომ გამყრელიძის აჩრდილი დადის ყველა მედიასაშუალების უკან“, – აცხადებს გაბრიჩიძე. 

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესში „მწვანე პასპორტები“ შედეგს არ მოიტანს. „ლატარიამ რაიმე შედეგი გამოიღო? არა ხომ? ასევე გავა 5-6 თვე და ყველა სიცილით მოკვდება „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით“, – ამბობს გაბრიჩიძე. 

კითხვაზე, რა მიაჩნია საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შექმნილ სიტუაციაში გამოსავლად, გაბრიჩიძე აცხადებს, რომ სამი რეაქციული ადამიანი (მათ შორის, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე) უნდა ჩამოშორდეს საკოორდინაციო საბჭოს. 

განსხვავებული პოზიცია აქვს ბიზნესის სხვა ნაწილს, რომელთაგანაც ზოგმა მთავრობის მიერ დაწესებული „მწვანე პასპორტის“ პირობები თავად გაამკაცრა. კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი ქეთა გაბუნია ამბობს, რომ მის დაწესებულებაში მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ (ორჯერადად აცრილი ან კოვიდის გადატანიდან გასული მაქსიმუმ 6 თვე, ან პისიარტესტის (ბოლო 48 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანებს უშვებენ. 

„ჩვენთან არ მიიღება არც სწრაფი ტესტი და არც გაუგებარი უვადო „მწვანე პასპორტი“. გარდა ამისა, კლუბში უნდა იყოს სპეციალური ტექნიკური მოთხოვნით გამართული სავენტილაციო სისტემა“, – აცხადებს გაბუნია. 

მისივე თქმით, კომპანიას მოუწევს დაამატოს ახალი კადრები, რომლებიც გააკონტროლებენ როგორც რიგს და „მწვანე პასპორტებს“, ისე სავენტილაციო სისტემას, რომ მუდამ გამართულად მუშაობდეს. 

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი კი ამბობს, რომ „მწვანე პასპორტის“ შემოღება მომხმარებელთა რაოდენობას არ შეამცირებს. 

„ინიციატივას ვემხრობი რამდენადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო სტუმრების, არამედ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება. საერთაშორისო ვიზიტორი ისედაც შემოდიოდა PCR ტესტის ან ვაქცინაციის საფუძველზე, შესაბამისად, საერთაშორისო ვიზიტორზე ეს იმდენად არ იმოქმედებს. 

რაც შეეხება ადგილობრივ დამსვენებელს, საკმაოდ დიდი ჩამონათვალია, თუ როგორ შეიძლება „მწვანე პასპორტის“ მფლობელი იყო. გარდა ამისა, ჩვენი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი, გვგონია, რომ ისედაც აცრილია. დანარჩენს კი ან გადატანილი აქვს, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს დიდი დარტყმა ჩვენს ბიზნესზე“, – აცხადებს ღლიღვაშვილი. 

„მწვანე ზონის ის კრიტერიუმები, რაც მთავრობამ შემოიღო, ვერავის შეუქმნის იმპულსს, რომ აცრისკენ გადადგას ნაბიჯი“, – ეს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის მოსაზრებაა. იგი მიიჩნევს, რომ მწვანე სივრცის შექმნა აუცილებელია, თუმცა, ის ფორმა, რა ფორმითაც ეს მექანიზმი ამოქმედდა, ვერ გაამართლებს პირველ რიგში იმიტომ, რომ მწვანე სტატუსის დადასტურება მხოლოდ სტუმრის ვალდებულება იქნება და არა მასპინძლის – პერსონალის. 

შოთა ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ მთავრობას ეფექტიანი მონიტორინგისთვის რესურსი არც ამჯერად ეყოფა, როგორც ეს სხვა რეგულაციების შემოწმებისას ხდებოდა და ობიექტები კვლავაც იპოვიან გზას, რომ ეს დაწესებული შეზღუდვები არ დაიცვან. 

მას მიაჩნია, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის, პირველ ეტაპზე მაინც, „მწვანე პასპორტების“ შემოტანა ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო. რესტორატორთა ასოციაციას ამ მიზნით, წინადადებებიც ჰქონდა შემუშავებული. წინადადებების თანახმად, ის კვების ობიექტები, რომლებიც თავიანთ დაწესებულებებში „მწვანე პასპორტის“ რეჟიმს შემოიღებდნენ, უნდა გათავისუფლებულიყვნენ იმ შეზღუდვებისგან, რომლებიც პანდემიის პერიოდში ამოქმედდა. თუმცა, მათი წინადადებები ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. 
 
"არათანმიმდევრულობა" – ხელისუფლების "საფირმო ნიშანი"  

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ კოვიდპასპორტი მისაღები და აუცილებელი მექანიზმია, თუმცა, ის საქართველოში არასწორი ფორმით განხორციელდა. 

„როგორც კონცეფცია „მწვანე პასპორტების“ საკითხი ცუდი არ არის. მით უფრო ისეთ საზოგადოებაში, სადაც ძალიან ძლიერია ანტივაქსერული განწყობები. მაგრამ სამწუხაროდ როგორც ამ კოვიდსაკითხებთან დაკავშირებული სხვა ბევრი საკითხი, ესეც არასწორი ფორმით განხორ¬ციელდა. ვგულისხმობ იმას, რომ ამ პასპორტების მიზანს უნდა წარმოადგენდეს აუცრელი მოსახლეობის მოტივაცია, რომ მათაც გაიკეთონ აცრა და გადაინაცვლონ უსაფრთხო სეგმენტში. მაგრამ ჩვენთან ეს პირიქით მოხდა, „მწვანე პასპორტები“ ავამუშავეთ, მაგრამ დავტოვეთ დიდი ლუფტი, რომ ადამიანებს პრაქტიკულად სტიმული და მოტივაცია არ გაუჩნდეთ აცრის გაკეთების. პრაქტიკულად ამ ადამიანებს მივანიშნეთ, რომ თუ აცრას არ გაიკეთებ, არა უშავს, სხვა გამოსავალიც არსებობს. ცხადია მსგავსი მიდგომა არ და ვერ იმუშავებდა და ეს გამოჩნდა კიდეც კოვიდსტატისტიკაში. მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 60%-ზე მეტი აუცრელია, კოვიდპასპორტების ამუშავებიდან ერთი კვირის თავზე ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 9 000 აცრას არ აღემატება. ეს ძალიან მცირე მონაცემია და აჩვენებს, რომ ე.წ. „მწვანე პასპორტების“ ამუშავებამ რეალური შედეგი ვერ მოგვცა“, – ამბობს ბაირახტარი. 

ეკონომისტმა იმ სქემაზეც ისაუბრა, რომელიც ბიზნესისთვის უფრო ეფექტიანი იქნებოდა და ვაქცინაციის ტემპსაც წაახალისებდა. 

„ჩვენ მთელი ქვეყანა გავაჩერეთ იმის გამო, რადგან ადამიანები არ იყვნენ აცრილები. თანაც ეს ორჯერ გავაკეთეთ. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი ნაბიჯი იყო. არ შეიძლება რამდენიმე მედიკოსის ისტერიკის გამო ადამიანებს ლუკმა-პურის შოვნა აუკრძალო. თუმცა, როდესაც ქვეყანაში ვაქცინა არსებობს და ამ ვაქცინის ათვისება არ ხდება, აქ უკვე ისეთი ქმედითი მექანიზმები გჭირდება, რომელიც ვაქცინაციის ტემპს რეალურად წაახალისებს. არავინ საუბრობს სავალდებულო ვაქცინაციაზე, მაგრამ თუ ვაქცინაციის ისეთი დონის მიღწევა გვსურს, რომ ბიზნესს სრულად და შეუზღუდავად მიეცეს მუშაობის უფლება, იმაზე ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯებია საჭირო, ვიდრე არსებული „კოვიდპასპორტების“ მოდელია. ამ პასპორტების დაანონსების პარალელურად რომ ხელისუფლებას სქემა გაეწერა, თუ როდის სად გახდებოდა პასპორტების წარდგენა საჭირო, დაწყებული მოლებით და დამთავრებული ტრანსპორტით, და ეს გონივრულ ვადებზე ყოფილიყო გათვლილი, დამერწმუნეთ, დღეს ვაქცინაციის ტემპი 3-4-ჯერ მეტი იქნებოდა არსებულ მაჩვენებელზე. აღარაფერს ვამბობ უვადო კოვიდპასპორტებზე, ეს უფრო მედიკოსების კომპეტენციაა, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც დიდი „ლუფტია“, რომელიც ადამიანებს ვაქცინის გაკეთებისკენ ნამდვილად არ უბიძგებს“, – ამბობს ბაირახტარი. 

რაც შეეხება მწვანე პასპორტის შემოღების გავლენას ბიზნესზე, ბაირახტარის თქმით, ეს მექანიზმი ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯი იქნება, მაგრამ, ამ ინიციატივის სწორად განხორციელების შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში ბიზნესი ამ ხარჯებს გაზრდილი ბრუნვებით დააბალანსებდა, რომელსაც რეგულაციების სრულად მოხსნა გამოიწვევდა. თუმცა, როგორც ეკონომისტი ამბობს, „მწვანე პასპორტებს“ პრაქტიკაში ბევრი პრობლემა და სისტემური ხარვეზი აქვს. 

კიდევ ერთი ეკონომისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ტიპის რეგულაცია გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული და არავის სიამოვნებს. მისი აზრით, კოვიდპასპორტის შემოღება ბიზნესს ხარჯებს არ გაუზრდის, რადგან შემოწმების პროცედურა მარტივია. რაც შეეხება მომხმარებლის შემცირებას, აბაშიშვილი არც ამ კუთხით ელოდება მნიშვნელოვან კლებას. მისი თქმით, განვითარდა მიტანის სერვისი და ჯამურად, ბიზნესს გაყიდვების პრობლემა არ უნდა შეექმნას. სამასპინძლო ბიზნესში ეკონომისტი მომხმარებელთა კლებას ელოდება, თუმცა ამბობს, რომ ეს დროებითი პრობლემა იქნება. 

ბიზნესების გახსნა-დაკეტვასთან მიმართებაში მთავრობის მოქმედებების თანმიმდევრულობის მიმართ კი აბაშიშვილს შენიშვნები აქვს. 

„მთავრობა ხშირ შემთხვევაში მოქმედებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რჩევით. ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა ეკონომიკურ და ბიზნეს-გადაწყვეტილებებში სრულად თავისუფალია და მხოლოდ ამ ჭრილში უყურებს სურათს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მუდმივ ცვალებადობის განცხადებებს, ყოველთვის ჯობია დროში გათვლილი, უკვე მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში რისკებს მინიმუმამდე შევამცირებთ. ასევე, უფრო მეტად პროაქტიური კომუნიკაცია საჭირო იმ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ესა თუ ის შეზღუდვა“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

მისი თქმით, აღსრულების სისუსტეც პრობლემაა, ვინაიდან ეს ყოველთვის ტოვებს მანიპულაციისთვის შესაძლებლობებს, ხშირად კი გადამდები ეფექტი აქვს. „საჭიროა აუცილებლად გამკაცრდეს აღსრულება თემაზე, რასაც მთავრობა ადგენს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში სჯობს ფორმალურად არაფერი დავაწესოთ“, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი. 

"რეგულაციების" "შედეგები"  

კოვიდპასპორტის ამოქმედებას რომ მოსახლეობის იმუნური ფენის გაზრდა არ გამოუწვევია, ამას სტატისტიკაც ადასტურებს: თუ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, პირველი აცრის შემთხვევაში, 200-ლარიანი დახმარების დანიშვნამ ასე თუ ისე იმუშავა და ერთ თვეში ამ კატეგორიის თითქმის 100 ათასი ადამიანი აიცრა, დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციის ტემპი არ გაზრდილა. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მეზობელ ქვეყნებს რომ შევადაროთ, საგანგაშო სურათს დავინახავთ: 

2,9-მილიონიან სომხეთში, ბოლო პერიოდში, კოვიდ 19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 12-14-ს შეადგენს, ინფიცირების შემთხვევები კი 140-ს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად სომხეთში კორონავირუსის 344 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილი კი 8 ათასამდე პაციენტია, რაც საქართველოს მაჩვენებელზე 5 ათასით ნაკლებია. 

უკეთესი ეპიდვითარებაა 10-მილიონიან აზერბაიჯანშიც, სადაც დღიურად საშუალოდ გარდაცვალების 16-18 შემთხვევა ფიქსირდება, სულ დაღუპულია 8 ათასი პაციენტი, 613 ათასი დადასტურებული შემთხვევის პირობებში. ეს კი 3,7-მილიონიან საქართველოსთან შედარებით გაცილებით კარგი მაჩვენებელია. 

გარდა ამისა, საქართველო უკვე დიდი ხანია, მოსახლეობის პროცენტული გარდაცვალების რაოდენობით მსოფლიოს „მოწინავე“ ათეულშია. შესაბამისად, კითხვა – რაში გადაიხადა ქვეყანამ უდიდესი ეკონომიკური და სოციალური ფასი? – ღიად რჩება. ასევე თითქმის რიტორიკულად ჟღერს კითხვა – რა მიზანს ემსახურება „მწვანე პასპორტების“ იმ მოდელის შემოღება, რომელიც მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში არ არის. პასუხგაუცემელი კითხვების ფონზე, ქვეყანა ყოველდღიურად ათობით ადამიანს კარგავს... 

მაია ჭანტურია