ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
გაქცევა ამიერკავკასიიდან – სად მიდის 30 წლის წინ დაწყებული გზა - №3(68), 2021
"სამი ზღვის ინიციატივის" პერსპექტივა ევროპული და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის 

1. ჯერ დამოუკიდებლობა, მერე ეკონომიკური კეთილდღეობა
 
ეს საკმაოდ პოპულარული მოსაზრება გახლდათ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, ოთხმოციანი წლების ბოლოს. ჯერ რეალურ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ და მერე ყველაფერი დანარჩენი შესაძლებელი გახდებაო. იმდენად დიდი იყო თავისუფლების წყურვილიც და მოლოდინიც, რომ „ყველაფერ დანარჩენზე“ ფიქრის და გააზრების არც დრო იყო და არც სურვილი. გვჯეროდა, რომ საბჭოთა იმპერიისგან თავის დაღწევა გახდებოდა უკეთესი და ლაღი ცხოვრების საწინდარი. ჩვენც ვიბრძოდით, რომ რაც შეიძლება მალე დავმტკბარიყავით თავისუფლებით. რა თქმა უნდა, ვხვდებოდით და ცოტას ვსაუბრობდით კიდეც, რომ ეკონომიკის განვითარება ადვილი არ იქნე¬ბოდა. ისიც ვიცოდით, რომ დასავლეთი „კარგა გვარიანად“ გვისწრებდა კეთილდღეობის პარამეტრებით (რაც მოტივატორი უფრო იყო, ვიდრე დაბრკოლება) და გვესმოდა, რომ რთული იქნებოდა ჩვენც „კარგად გვეცხოვრა“. მაგრამ გვჯეროდა, რომ აუცილებლად მოვახერხებდით უკეთ ცხოვრებას, უცხოეთიდანაც დაგვეხმარებოდნენ და ჩვენც ცოტას დავიცდიდით. დავიცადეთ კიდეც, სხვა გზა არც გვქონდა, რომ არ დაგვეცადა რა უნდა გვექნა? ქვეყნიდან ხომ არ წავიდოდით? არც ვიცოდით სად და როგორ უნდა წავსულიყავით და დიდად არც გვინდოდა წასვლა, რადგან რაკი დამოუკიდებლობას მივაღწიეთ, შემდგომ განვითარებასაც შევძლებდით და რატომ და ან სად მიგვეჩქარებოდა? ამ მოცდის პერიოდში, გულხელდაკრეფილებიც არ ვისხედით, ვცდილობდით, ვსწავლობდით, ვომობდით და აი გავიდა 30 წელი და დღეს რა ხდება? ცალკე ჩვენ და ცალკე დღევანდელ ახალგაზრდობას რამდენად გვაკმაყოფილებს მხოლოდ ის სანუკვარი გარემოება, რომ დამოუკიდებლები ვართ? რამდენად აქვს ახალგაზრდობას სურვილი, რომ დაიცადოს 30 კი არა და თუნდაც რამდენიმე წელი და საკუთარი ცხოვრება საქართველოში გაატაროს? რა ქვეყანას ვთავაზობთ მათ? სამწუხაროდ, მხოლოდ უკიდურესად დაბალი ეკონომიკური შემოსავლების და სისტემატიურად მაღალი ნერვული დაძაბულობის კერას, რომლის ხელისუფლება და მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი სრულიად დაცლილია განვითარებაზე ორიენტირებული ხედვისა და იდეებისგან და დროსა და ენერგიას უაზრო და უსაგნო ქმედებებში კარგავს. რასაც ვხედავ, თითქმის ნებისმიერი ოჯახის მთავარი ამოცანა შვილის უცხოეთში სასწავლებლად ან სამუშაოდ გაგზავნაა. ჩვენს თაობას, რომელმაც ვერ მოახერხა უკეთესი საქართველოს აშენება, ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდები აღარ გვემეტება აქ საცხოვრებლად. გავთავხედდებით და უცხოეთში წასულ ახალგაზრდებს პატრიოტიზმის უქონლობას შევედავებით? ზოგიერთი ფეისბუკზე ფონად სვეტიცხოვლის ფოტოს გამოფენს, ზოგი ხორუმის ან ჩაკრულოს ვიდეოს გააზიარებს, ზოგი უცხოელ ქმარს, ცოლს ან მეგობარს ხაჭაპურის გამოცხობას ასწავლის, ზოგი სტუმარს ქართული ღვინით გაუმასპინძლდება, ზოგი შვილს ქართულს ასწავლის, ზოგი როგორმე საქართველოშიც ჩამოვა ოჯახით ან მეგობრებით, დაათვალიერებს აქაურობას და უკან წავა. უმეტესობა ამათგანი კი საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს დაეხმარება აუცილებლად. ესეც დღევანდელი პატრიოტიზმი მოქმედებაში. იქნებ მთავრობას აქვს რაიმე რეალისტური გეგმა ან ოცნება მაინც, რომ ვითარება კარდინალურად შეიცვალოს? როგორც ჩანს არა და ეს დიდად არც არავის ანაღვლებს. ან ანაღვლებს და სრულ უიმედობას დაუსადგურებია, ოღონდ თითქოს არ ვიმჩნევთ.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2022 წლისთვის ეკონომიკის 6%-იანი ზრდა დააანონსა. ასეთი ტემპით რამდენიმე ათეული წელი გვჭირდება ევროპის შედარებით სუსტი ეკონომიკის ქვეყნებს რომ წამოვეწიოთ. ამ ფონზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ, განსხვავებით 90-იანების ახალგაზრდობისგან, იცის სად წავიდეს, სად ფასდება შრომა, სად შეიძლება მიაღწიოს პიროვნულ განვითარებას, სად შეიძლება იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და თავისუფლად, სად შეიძლება ჩაიცვას ფერადი ტანსაცმელი და დააღწიოს თავი სტრესულ და საკუთარი თავის განადგურებაზე ორიენტირებულ გარემოს. მიდიან კიდეც. წელიწადში უკვე ათეულათასობით ადამიანი ტოვებს საქართველოს. მიდიან არა მხოლოდ ახალგაზრდები და არა მხოლოდ სასწავლებლად. გავიხსენოთ, წელს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე 500 ადგილზე 100.000 ადამიანი დარეგისტრირდა. მიდიან და ცხოვრების საუკეთესო წლებს ოჯახებისგან და ახლობელი ადამიანებისგან შორს ატარებენ. პანკისის ხეობის ახალგაზრდების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრების ერთეული შემთხვევების წინაპირობაც უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და უპერსპექტივობის განცდაა. ჰოდა, ასე მიდიან, ზოგი სასწავლებლად, ზოგი ძიძად სამუშაოდ, ზოგი თუნდაც ტერორისტად და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქ და ახლა ცხოვრება გაუსაძლისია. 

2. საბჭოური რეგიონები 

საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტერმინების მიხედვით ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს „პრიბალტიკა“ ანუ ბალტიისპირეთი ეწოდებოდა, სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს კი „ზაკავკაზიე“ ანუ ამიერკავკასია. ორივე რეგიონში სამ-სამი საბჭოთა რესპუბლიკა შედიოდა, რომელიც მეტნაკლებად ერთი ზომის და რუსეთზე გაცილებით მცირენი გახლდათ. ამ რეგიონების რუსული პრეფიქსებით მოხსენიება კი რუსული იმპერიული ნარატივის თვალსაჩინო გამოსახულება გახლდათ – ეს ქვეყნები ან თუნდაც რეგიონები, ხომ მხოლოდ რაღაცის მცირე ნაწილი შეიძლება ყოფილიყვნენ და არა რაიმე ცალკე, სრული ერთეულები. 

ბალტიის და სამხრეთ კავკასიის ექვსი ქვეყნიდან ოთხმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „ნატოში“ და ევროკავშირში გაწევრების სურვილი გამოთქვა, დანარჩენი ორი კი ამ ორგანიზაციებთან მხოლოდ თანამშრომლობის სურვილით დაკმაყოფილდა. მისწრაფებები, რომლებიც ამ ქვეყნებს ჰქონდათ, ექვსიდან ხუთმა დაიკმაყოფილა. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გახდნენ ევროკავშირისა და „ნატოს“ წევრები, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში არიან. საკუთარი პოლიტიკური მისწრაფების რეალიზაცია მხოლოდ საქართველომ ვერ მოახერხა, ვერ გახდა „ნატოს“ და ევროკავშირის წევრი და მისი ყველა კრიზისის მიზეზიც და ამ კრიზისის სარკეც სწორედ ეს გახლავთ. 

ამჟამად ლატვიაში ვცხოვრობ, ლატვიის ტერიტორია საქართველოს ტოლია, მოსახლეობა ორჯერ ნაკლები. ლატვიაც საქართველოსავით ხმელეთით ოთხ სახელმწიფოს ესაზღვრება და ამ ოთხიდან ერთი ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, მტრულად განწყობილი რუსეთია. ლატვიის ოთხი მეზობლიდან ორი ევროკავშირის და „ნატოს“ წევრია. ჩვენ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ გვესაზღვრება და გვესაზღვრება „ნატოს“ წევრი ერთი ქვეყანა – თურქეთი. თურქეთი იყო და არის ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორი, თუმცა, დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2021 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს 3+3 ფორმატში, ანუ კავკასიურ პლატფორმაში – საქართველოსთვის პოლიტიკურად გაუმართლებელ ერთობაში ჩართვა შესთავაზა. 

ლატვიას, ისევე როგორც საქართველოს, ზღვაზე გასასვლელი აქვს, თუმცა, ლატვია ზღვას ვაჭრობისთვის ბევრად უკეთ იყენებს, ვიდრე საქართველო. ვაჭრობის გარდა ზღვას სამხედრო და კულტურული მაკავშირებლის ელემენტიც აქვს, რაც საქართველოს შემთხვევაში ასევე უკიდურესად სუსტია. აღარ გავამახვილებ ყურადღებას იმ სავალალო გარემოებაზე, რომ საქართველოს არ აქვს სამხედრო ფლოტი და არც რაიმე რეალისტური ხედვა ამ მიმართულების განვითარებისთვის. ის, რომ ლატვიელებს მაგალითად სკანდინავიელებთან მტკიცე კულტურული კავშირები აქვთ, მნიშვნელოვანწილად სწორედ საზღვაო მიმოსვლის ისტორიულად ეფექტიანი გამოყენების გამოა. ლატვიას გაუმართლა, მისი მეზობელი ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, ლიეტუვა და ესტონეთი, ისევე როგორც თავად ლატვია, იმთავითვე „ნატოსა“ და ევროკავშირში მოიაზრებდა თავს და აკი საწადელსაც მიაღწიეს. ბალტიის ქვეყნების ერთობლივი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გახდა მათი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საწინდარი და გაზარდა უსაფრთხოების სტანდარტები. ერთიანი მოტივაციით და განვითარებაზე ერთიანი ხედვის მქონე რეგიონი გაცილებით რთულად დასაჩაგრი იყო აგრესიული რუსეთის მხრიდან ყოველთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობა ევროკავშირის ანუ მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხდება, რაც მათ ექსპორტიორებს და მთლიანად ეკონომიკას უბრალოდ ავალდებულებს კონკურენტუნარიანობას. 

საქართველოს მეზობელი ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები სომხეთი და აზერბაიჯანი კი, როგორც აღვნიშნეთ, არ ისწრაფვიან ევროკავშირის და „ნატოს“ მიმართულებით და უფრო მეტიც, ერთმანეთთან ათეული წლებია ომობენ. ეს ომი კი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს რეგიონებთან ერთად სამხრეთ კავკასიას არასტაბილურ რეგიონად აქცევს. საქართველო უმეტესწილად სწორედ ხმელეთით მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობს, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ანუ ქვეყნის მდგრად განვითარებას ხელს არ უწყობს საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში არსებული დაბალი სავაჭრო სტანდარტების და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გამო. საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობა მთლიანი ვაჭრობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს, ლატვიის შემთხვევაში კი 70%-ს. ბუნებრივია, ამას პირველ რიგში გეოგრაფია განაპირობებს, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოს ექსპორტი ევროკავშირთან ბოლო 5 წლის განმავლობაში 26%-იდან 15,8%-მდე შემცირდა, ქვეყნის გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. 

3. 3+3 

დღეისთვის უკვე კარგად ცნობილი ფორმატი „3+3“, რომელის შექმნის ინიციატორია რუსეთი და კავკასიის ქვეყნების სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის ერთობლივ პლატფორმას გულისხმობს. ანუ, ნიშნავს, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ერთობაში ოკუპანტ რუსეთთან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ის და ევროკავშირის მიერ უკიდურეს საფრთხედ აღიარებულ ირანთან. საქართველო ერთი შეხედვით თითქოს განწირულია ამ ფორმატში ჩართულობისთვის. თუმცა, ფაქტობრივად გამოვრიცხავ ხელისუფლებამ ამ ფორმატში ფორმალურ ჩართულობაზე თანხმობა განაცხადოს. ბუნებრივია, ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით და საზღვრები როგორც გვქონდა, ისევ დაგვრჩება არა ევროკავშირის, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, თურქეთთან და ოკუპანტ რუსეთთან. ეს კი ნიშნავს, რომ ერთობლივ ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობა მოგვიწევს. თუმცა, ყოველთვის უნდა შევძლოთ ინფრასტრუქტურის განვითარება და სავაჭრო კავშირების გაძლიერება რუსეთთან და ირანთან ნაკლები კავშირების საშუალებით. სამხედრო თვალსაზრისით ასეთი მძლავრი და იმავდროულად აგრესიული ქვეყნების რეგიონში საქართველოს განსხვავებული პოზიციონირება საკმაოდ რთული, მაგრამ მაინც შესაძლებელი ამოცანაა. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ საქართველო აჩვენებს ევროპას და აშშ-ს მასთან ღირებულებით კავშირს, საქართველოს მთავრობა მოახერხებს საკუთარი მოქალაქეების და პარტნიორების დარწმუნებას, რომ რეალურად ისწრაფვის ევროპისკენ და ქმედით ნაბიჯებს დგამს დემოკრატიის გაუმჯობესების, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და მკვეთრად უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორებს შეგვიძლია მივმართოთ და შევთავაზოთ მეტი ჩართულობა ეკონომიკური გამოწვევების გადალახვაში, დავეყრდნოთ მათ ექსპერტიზას და პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ეკონომიკის განვითარების, ასევე უსაფრთხოების სტანდარტების შეფასების და რეალიზაციის საკითხებში. კრიტიკოსები შემედავებიან, რომ რაც ამ თავში წერია რთულია და რეალურად ძნელად შესასრულებელია. ვეთანხმები, საკმაოდ რთულია! მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ხედვაა დღეისთვის საქართველოს გადარჩენაზე ორიენტირებული და ყველა სხვა შემთხვევაში მივიღებთ არა განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყანას, არამედ სახელმწიფოს ნიშნების მქონე ტერიტორიას. ხოლო იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყოველივე ზემოთთქმულს შეუძლებლად მიიჩნევენ, უმჯობესი იქნება საკუთარი თავის და ქვეყნის წვალებას თავი დაანებონ და სხვა საქმით დაკავდნენ. 

4. "სამი ზღვის ინიციატივა" 

2016 წელს ევროკავშირის 12 ქვეყანამ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, კერძოდ ავსტრიამ, ბულგარეთმა, ხორვატიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ „სამი ზღვის ინიციატივა“ დააფუძნეს. ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაფუძნებული ეს ფორმატი, ეკონომიკის გაძლიერებაზე ორიენტირებულ, კოორდინირებული პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება ცალსახად დროულად გამოიყურებოდა, რადგან ამ ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად გაითავისეს, რომ მიუხედავად ევროკავშირის წევრობისა, ეკონომიკური პარამეტრებით და მოქალაქეების კეთილდღეობის თვალსაზრისით მკვეთრად ჩამორჩებოდნენ დანარჩენ ევროპას. აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა საკმარისი მხოლოდ ევროკავშირის ან „ნატოს“ წევრობა და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა განსახორციელებელი ადამიანების კეთილდღეობის სტანდარტების ასამაღლებლად. ფორმატს „სამი ზღვის ინიციატივა“ ეწოდა, რადგან ეს ქვეყნები ბალტიის, ადრიატიკის და შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებს წარმოადგენენ. „სამი ზღვის ინიციატივის“ მთავარ პრიორიტეტებად ენერგეტიკული, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნა მიჩნეული. „სამი ზღვის ინიციატივის“ პოლიტიკურმა ლიდერებმა დაინახეს, რომ სუსტი და უმეტესწილად პოსტ-საბჭოური ინფრასტრუქტურა ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მთავარი მიზეზია. თუმცა, სუსტი ინფრასტრუქტურა და ნაკლები შემოსავლები ამ ქვეყნებს დამატებით სხვა საფრთხესაც უქმნის და მას მიგრაცია ქვია. ამ ქვეყნების მოქალაქეები სხვაგან ეძებენ და ხშირად პოულობენ უკეთეს სამუშაოს და განვითარების შესაძლებლობებს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის გარემოებაც, რომ ამ ქვეყნებში ცხოვრობს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც არასდროს ან იშვიათად ყოფილა სხვა, თუნდაც მეზობელ ქვეყანაში. ეს კი გლობალიზაციის პირობებში სრულიად არასაჭირო გაუცხოების კერებს აჩენს და განვითარების შესაძლებლობებს აფერხებს. 

განსაკუთრებულია ამ ფორმატში ავსტრიის მონაწილეობა. ავსტრიას ყველა დანარჩენ ქვეყანასთან შედარებით მკვეთრად უკეთესი ეკონომიკა აქვს. ის ერთადერთია „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებიდან, რომელიც ყოფილი ვარშავის ბლოკის სახელმწიფოს ან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ წარმოადგენს და ოდითგანვე მიჩნეული იყო ევროპის კულტურისა და ისტორიის ნაწილად. იმავდროულად, ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც „ნატოს“ წევრი არაა. „სამი ზღვის ინიციატივის“ დამფუძნებლებმა, ვფიქრობ, საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს ავსტრიის ამ ფორმატში ჩართვით, იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდათ ევროკავშირის შიგნით ყოფილი ე.წ. სოციალისტური ბანაკის მიერ რაიმე სახის გაერთიანების დაფუძნების გამო. საგულისხმოა, რომ ავსტრია ესაზღვრება „სამი ზღვის ინიციატივის“ ოთხ ქვეყანას და ინფრასტრუქტურის განვითარება მეზობელ ქვეყნებთან ერთად მისი ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„სამი ზღვის ინიციატივის“ პოლიტიკური და ისტორიული ასპექტები ძალიან საინტერესოა, ნათელია, რომ ეს არის გარკვეული დემოკრატიული სარტყელი ანტიდემოკრატიული რუსეთის დასავლეთით. ვის თუ არა „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს აქვთ გათავისებული ის საფრთხეები, რაც რუსეთიდან დღემდე მოდის. მიუხედავად ამისა, „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები ყოველთვის ერიდებიან ფორმატის ფარგლებში პოლიტიკური საკითხების საჯაროდ განხილვას, რაც ცალსახად გონივრული ნაბიჯია. სწორედ ამ ფორმატის შიგნით პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ საჯარო განხილვების მინიმიზაციამ „სამი ზღვის ინიციატივის“ სიცოცხლისუნარიანობას შეუწყო ხელი. „ნატოს“ და ევროკავშირის არსებობის პირობებში, მიუხედავად მის წევრებს შორის გახშირებული პრინციპულად განსხვავებული პოზიციებისა, ამ ფორმატის მხოლოდ ასეთი პოზიციონირება გახლდათ მართებული. დღეისთვის ფუნქციობს „სამი ზღვის ინიციატივის“ ფონდი, რომელიც ფინანსდება გერმანიის, ევროკომისიის და თავად „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნების მიერ. „სამი ზღვის ინიციატივის“ მკაფიო მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ამ ფონდის დამატებით ერთი მილიარდი დოლარით დაფინანსებას გეგმავს. ექსპერტებმა შეაფასეს, რომ იმ ეკონომიკური, უხეშად რომ ვთქვათ – ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის, რომელიც „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებსა და დანარჩენ ევროპას შორის არსებობს, ტრილიონი ევროს ინვესტიციაა საჭირო. ტრილიონი ევრო კოლოსალურად დიდი თანხაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს აქვთ ხედვა, მოტივაცია და შესაძლებლობებიც თუ რა მიმართულებით და როგორ უნდა განვითარდნენ ეს ქვეყნები. 

5. "სამი ზღვის ინიციატივის" სამიტები დუბროვნიკიდან რიგამდე 

„სამი ზღვის ინიციატივის“ მომდევნო სამიტი 2022 წლის ზაფხულში რიგაში გაიმართება, ეს რიგით მეშვიდე სამიტია და ოფიციალურად მას „სამი ზღვის ინიციატივის სამიტი და ბიზნეს-ფორუმი“ ეწოდება. „სამი ზღვის ინიციატივა“ კი 2016 წელს ხორვატიაში, დუბროვნიკში 12 ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით დაფუძნდა. უკვე მომდევნო წელს პოლონეთში სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო და ამ კლუბმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა შეიძინა. ტრამპისთვის „სამი ზღვის ინიციატივა“ საიმედო პარტნიორი იყო როგორც აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის თვალსაზრისით, ასევე გერმანიისგან დამოუკიდებელი ევროპული ალიანსის მხარდაჭერის სახითაც, რადგან გერმანიასთან აშშ-ის უთანხმოება პირველ რიგში გერმანიის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის გამო უკვე აქტიურ ფაზაში შედიოდა. 2017 წელსვე გადაწყდა სამიტების დროს ბიზნეს-ფორუმის ორგანიზება და 2018 წელს ის უკვე შესაბამისადაც იწოდება. თუმცა, 2018 წლის სამიტზე ბუქარესტში სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა „სამი ზღვის ინიციატივის“ ისტორიაში, რამაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანწილად განაპირობა ამ ფორმატის სიცოცხლისუნარიანობა და ეს კლუბი არ გახდა ევროკავშირის შიგნით დამატებითი რყევების საფუძველი. ვგულისხმობ ბუქარესტის სამიტის მუშაობაში ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობას. ევროკომისია და გერმანია არ ან აღარ ფიქრობენ, რომ „სამი ზღვის ინიციატივა“ რაიმე ხელოვნური ან პოლიტიკურად სეპარატული წარმონაქმნია ევროკავშირის შიგნით. ამ ქვეყნებმა ხომ მხოლოდ აღიარეს საკუთარი ეკონომიკის სისუსტე დანარჩენ ევროპასთან და ამ ფორმატის საშუალებით გეგმავენ ეკონომიკის განვითარებას. ამ მიდგომას ძნელია შეეკამათო და სწორედ ამიტომაც, ევროკომისიამ და ევროკავშირში ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე გერმანიამ ფორმატთან აქტიური თანამშრომლობა გადაწყვიტეს. ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალშისაცემი 2019 წელს ლიუბლიანას სამიტზე გახდა, სადაც ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად უკვე გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც მონაწილეობდა. 2020 წელს პანდემიის გამო სამიტი ტალინში ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სამიტის საქმიანობას ფონად პოლიტიკურ და სხვა დაინტერესებულ წრეებში განახლებად და ტრადიციულ ენერგეტიკაზე გაძლიერებული და ინტენსიური დისკუსიები გასდევდა. მნიშვნელოვანი იყო ასევე აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტორი. 2021 წელს სამიტს ბულგარეთმა უმასპინძლა. სამიტში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, უფრო ადრე 2020 წლის დასასრულს კი აშშ-ის კონკრესმა ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა „სამი ზღვის ინიციატივას“ და მიიღო გადაწყვეტილება მისი მილიარდი დოლარით დაფინანსების შესახებ. აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა და ევროკომისიის ჩართულობა კი იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას ქმნის, რაც რამდენიმე გლობალურ ეკონომიკურ ფაქტორთან ერთად „სამი ზღვის ინიციატივის“ მდგრადობას შეუქცევადს ხდის. ეს ფაქტორებია: ციფრული ტექნოლოგიების გავრცელების და განვითარების პროცესში მის პარალელურად უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის აუცილებლობა, ტრადიციული ენერგეტიკის განახლებადი ენერგეტიკით ჩანაცვლების პროცესში ობიექტური, მეცნიერული კვლევების და პრაქტიკულად გამართლებული და არა პოპულისტური ნაბიჯების განხორციელება, არადემოკრატულ ქვეყნებთან ენერგეტიკული და სხვა დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობა. სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულების განვითარების აქტუალობა კი თვალსაჩინო იყო და არის ყველა ეტაპზე. 

6. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი რიგის "სამი ზღვის ინიციატივის" სამიტში 

2021 წელს ლატვიის პრეზიდენტის ეგილს ლევიტსის ინიციატივით სოფიაში გამართულ სამიტზე გადაწყდა, რომ მომდევნო წელს რიგაში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთი ფორუმის გამართვა უკიდურესად საჭირო იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის გარემოებაა, რომ ფორუმის ორგანიზატორმა ლატვიის ტრანსატლანტიკურმა ორგანიზაციამ, ლატვიის მთავრობასთან ერთად ფორუმში მონაწილეობა შესთავაზა მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს მხარესაც. ეს კი საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა მისადმი სოლიდარულად განწყობილ საზოგადოებასთან ერთად იმსჯელოს ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე, დასახოს განვითარების პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩარჩო-მიმართულებები და პარტნიორებთან თანამშრომლობის არეალი, გაიზიაროს პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმატებული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. მსხვილი ეკონომიკური პროექტები, ინოვაციური შინაარსის მქონე პროექტები საქართველოში სისტემატურად ინტენსიური შეტევის ქვეშ იქნება. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ნამოხვანჰესის პრეცედენტი. ასეთი შეტევების მთავარი საზრდო კი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სუსტი ინფორმირებაა, რასაც შესანიშნავად იყენებს რუსეთი და ყოველ ჯერზე აფერხებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ამუშავებას. ასეთი შეტევების განხორციელება უფრო ადვილად ხერხდება ხელისუფლების უსუსური სტრატეგიული კომუნიკაციის და სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის მხრიდან მსხვილი და ინოვაციური პროექტების სრული მიუღებლობით. 

სამოქალაქო სექტორს გარდა შედარებით ტრადიციული პროექტებისა და ინიციატივებისა, შეუძლია აიღოს და განავითაროს სხვა, ახალი მიმართულებებიც. კერძოდ, მონიტორინგის გარდა საზოგადოებას ესაუბროს ეკონომიკური შინაარსის მასშტაბური და ინოვაციური პროექტების აუცილებლობაზე, გამართოს სტრატეგიული კომუნიკაცია და წარმოჩინდეს სრულფასოვან მონაწილედ ქვეყნის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში. თუმცა, მონიტორინგის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების პროექტები და ინიციატივები, როგორც ადრე იყო ახლაც რჩება მნიშვნელოვან ფაქტორად ქვეყნის დემოკრატიზაციის და განვითარების თვალსაზრისით. მეტი დემოკრატია ნიშნავს მეტ ინვესტიციას და შესაბამისად, ნაკლები დემოკრატიის პირობებში მდგრადი საინვესტიციო გარემოს შექმნა წარმოუდგენელია. „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს დემოკრატიული მმართველობის შედარებით მცირე ისტორია აქვთ და შესაბამისად, სრულიად აქვთ გათავისებული, რომ მხოლოდ დემოკრატიის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფენ უკეთეს საინვესტიციო გარემოს. მხოლოდ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით მოხდება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. 

მიმაჩნია, რომ ზუსტად იმავე და კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ამ ფორუმში და შემდგომ უკვე ხელისუფლების აქტიური და ამბიციური მონაწილეობა რიგის „სამი ზღვის ინიციატივის სამიტსა და ბიზნეს-ფორუმში“ უკიდურესად აქტუალურია. გარდა ამისა, ფორუმში ქართული მხარის მონაწილეობამ დამატებითი წინაპირობა უნდა შექმნას საქართველოს მთავრობისთვის, რომ გააკეთოს ღია და ამბიციური განაცხადი „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტში და მის პროექტებში ჩართვის შესახებ. „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის ლატვიაში, ჩვენს გამორჩეულ პარტნიორ ქვეყანაში გამართვა კი ამ პოზიციის რეალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა. 

7. გაქცევა 

ქართველი ახალგაზრდა დღეს არ დაელოდება ჯერ დამოუკიდებლობას, მერე უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს და შემდეგ კეთილდღეობას. მას დღესვე სურს ყველაფერი და არა 30 წლის შემდეგ (თუმცა, ჩვენმა თაობამ რა მიიღო ამ 30 წლის შემდეგაც, საკითხავია). ქართველი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ დღესვე შეუძლია ეს ყველაფერი მიიღოს, ოღონდ არა საქართველოში და ამიტომაც ძნელად თუ რამე შეაკავებს ქვეყნის დატოვებისაგან. 

პატრიოტიზმის რეალური გააზრება დღეს მხოლოდ იმ ნაბიჯების გადადგმაა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ჩვენს შვილებს საქართველოში ცხოვრება მოუნდეთ. ყველა სიტყვა და ყველა მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სხვა დანარჩენი მხოლოდ ურა-პატრიოტიზმი ან პოლიტიკური უგუნურებაა. 

„ამიერკავკასია“ – ეს ტერმინი ამჯერად რუსულ მედიაში პუტინის მიერ აშშ-სა და „ნატოსადმი“ ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზების დროს გავიგე. რუსულ მედიაში პუტინის გაგებით ამ შეუმდგარი რეგიონის შეუმდგარ ერთ-ერთ ქვეყნად გვიგულისხმეს ისე, რომ არც კი დაგვასახელეს რამდენჯერმე. 

დღეს, ტექნოლოგიების განვითარების და გლობალიზაციის პერიოდში, შესაძლებელია შენი თავი მოიაზრო არა მხოლოდ ახლო სამეზობლო ქვეყნებისგან შემდგარი რეგიონის მონაწილედ, არამედ შენი თავი აუცილებლად უნდა დაინახო სხვა რეგიონული ალიანსის მონაწილედ თუ არა, სტრატეგიულ პარტნიორად მაინც. მით უმეტეს, თუ მასთან შენ ისტორიულ კავშირებს ხედავ და მასთან კულ-ტურულ გაუცხოებას არ მოელი; სადაც შენი მისწრაფებების ესმით და აფასებენ და მასთან ხმელეთი თუ არა, ზღვა მაინც გაკავშირებს. 

ჰოდა, გავიქცეთ „ამიერკავკასიიდან“. 

კოკი იონათამიშვილი

"საქართველო – სამი ზღვის ინიციატივა" 

თბილისის ომის დაწყებიდან 30 წლისთავი.