ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
რეფორმები ჯანდაცვის სფეროში – სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის დაპირისპირება მწვავდება - №1(69), 2022
რაში არ ეთანხმება ბიზნესი სამინისტროს პოლიტიკას

ჯანდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმები ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხდება. სახელმწიფოს მხრიდან კლინიკების მიმართ პრეტენზიების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დავით სერგეენკოსგან ეკატერინე ტიკარაძემ გადაიბარა. კლინიკების მიმართ ლოიალურობით გამორჩეული სერგეენკოს წასვლის შემდეგ ახალმა მინისტრმა ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრიორიტეტია არა ბიზნესი, არამედ სახელმწიფო. ეკატერინე ტიკარაძის მიერ წარმოდგენილი, 10-წლიანი გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა (ყველა სახის) ამჟამინდელი 16%-დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს. მინისტრის პოსტიდან წასვლის წინ, 2021 წლის დეკემბერში კი ტიკარაძე წარსდგა ანგარიშით, რომლის თანახმად ბოლო 2 წლის განმავლობაში 65%-ით გაიზარდა სახელმწიფო კლინიკების საწოლფონდი იმასთან შედარებით, რაც 2019 წელს იყო.

„მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფოს წილი დიდი იყოს, რათა მოხდეს როგორც ხარისხის, ისე ფასების რეგულირება. ეს შედეგად გვაძლევს იმას, რომ შეგვიძლია არსებული ბიუჯეტით, რაც ჯანდაცვისთვისაა გამოყოფილი, მეტი ადამიანი განვკურნოთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

განხეთქილების პირველი ვაშლი – ტარიფების გათანაბრება

„არაბიზნესური“ მიდგომის გამო კერძო კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირების ნიშნები გაჩნდა და დროთა განმავლობაში გაღრმავდა კიდეც. ტიკარაძე გამოირჩეოდა საკმაოდ მწვავე ტონით კერძო სექტორის მიმართ. ხაზს უსვამდა, რომ არ აინტერესებს კლინიკები, როგორც ბიზნესი.

მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც ტიკარაძის მინისტრობასთან ასოცირდება, 520-ე დადგენილება იყო. ცვლილება გულისხმობს იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები გარკვეულ სერვისებზე ფასებს ვეღარ გაზრდიან და სახელმწიფოს მიერ დაწესებული ტარიფების ფარგლებში მოუწევთ ოპერირება. დადგენილება, რომელიც მხოლოდ რეანიმაციასა და კარდიოლოგიურ მომსახურებას შეეხო, ძალაში 2019 წლის ნოემბერში შევიდა. ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგაც ეს დოკუმენტი სამინისტროსა და კერძო კლინიკებს შორის მუდმივი განხილვის, ზოგ შემთხვევაში კი მწვავე განცხადებების მიზეზად იქცა.

მაგალითად, ცვლილებას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა კარდიოქირურგთა ასოციაცია და დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგაც ტიკარაძისთვის ისევ აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ ტარიფების შემცირება უდიდეს დარტყმას მიაყენებდა როგორც კერძო კლინიკების კარდიოლოგიურ სექტორს, ისე მომხმარებელს.

კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი სულხან ლომინაძე განმარტავდა, რომ ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფების გათანაბრებამ კლინიკას ფინანსური ზიანი მიაყენა. ლომინაძეს მაგალითად შუნტირება მოჰყავს, რაც მანამდე 12500 ლარი ღირდა, ტარიფების გათანაბრების შემდეგ კი 8500 ლარი გახდა. ამას კი დაერთო ლარის გაუფასურება დოლარისა და ევროს მიმართ, რის შედეგადაც, სულხან ლომინაძის შეფასებით, კარდიოქირურგიის სფერო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად ამბობდა, რომ დაწესებული ტარიფი ვერ ფარავს კარდიოქირურგიაში სახარჯი მასალის ფასს, რომელიც ლარის გაუფასურების გამო კიდევ უფრო გაიზარდა.

რეანიმაციის ნაწილში კი, მახარაშვილის განცხადებით, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა, რადგან იქ მოთავსებულები არიან მძიმე პაციენტები, რომლებიც მედიკამენტებზე არიან დამოკიდებულები. ამასთან, მაია ხერხეულიძე ამბობს, რომ შექმნილი პრობლემები კლინიკების ფინანსურ მაჩვენებლებზე ნეგატიურად აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტარიფების გათანაბრების შედეგები ჰოსპიტალურმა სექტორმა თვითონ იკისრა და ამას არ დაუზარალებია პაციენტების მომსახურების ხარისხი. თუმცა, მისივე განცხადებით, მომავალში, ტარიფების სხვა მომსახურებებზე გათანაბრებამ შესაძლოა პაციენტების მომსახურების ხარისხი გააუარესოს.

ტიკარაძემ მინისტრობა ისე დაასრულა, რომ კლინიკებისთვის ტარიფების შემცირების საკითხში კომპრომისზე არ წასულა. კერძო სექტორის პრეტენზიებზე მას პასუხი ჰქონდა, რომ რეფორმის მიზანი ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებაა, რომელსაც საფუძვლად ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა უდევს.

მასშტაბურმა კვლევამ, რომლის მიზანიც სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის შეფასება იყო, დაადასტურა, რომ ბიუჯეტის გადახარჯვის მიუხედავად, პროგრამამ ის შედეგი ვერ გამოიღო, რაც მის მიზანს წარმოადგენდა და ადამიანებს მაინც დიდი თანხების გადახდა უწევთ სამედიცინო სექტორში.

კვლევის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“, რომელმაც სამუშაოები „მონაცემთა კვლევის ჯგუფთან“ ერთად განახორციელა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გადახარჯვა, მეორეს მხრივ არაადეკვატური ტარიფები და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესება ის გამოწვევებია, რის წინაშეც სექტორი ამჟამად დგას“, – აღნიშნულია კვლევაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის მზია ტაბატაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გადახარჯვა სისტემატურად ხდება, თუმცა, ამის მიუხედავად, შედეგი, რისთვისაც უნდა მიგვეღწია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, – კერძოდ, შინამეურნეობების ფინანსური დაცულობა, ვერ იქნა მიღწეული და ოჯახების 17% ისევ „გამაღატაკებელ გადასახადებს“ იხდის ჯანდაცვის სექტორში.

მისივე თქმით, ფასების კონტროლმა და ტარიფების დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ხარისხის გაუარესება, საფრთხე კლინიკების ფინანსური მდგრადობისთვის, ასევე შეიძლება მივიღოთ „სტაფის“ გადინება და ის, რომ აღარ მოხდება ინოვაციური სერვისების ხელშეწყობა.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ გამოკითხვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, რომელთა ინფორმაციით, პროცესი გაგრძელდება და მომდევნო ეტაპებზე ფასები გათანაბრდება იმ მომსახურებებზე, რომლებსაც ყველაზე მძიმე ფინანსური ტვირთი აქვთ ბიუჯეტზე – მაგალითად ოფთალმოლოგია და ნეიროქირურგია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ტარიფების გათანაბრების პრინციპი, კარდიოქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის შემდეგ, სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდეს. მისი თქმით, რეფორმის მიზანია, პაციენტებმა იცოდნენ, თუ რა ღირს ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება და კლინიკების მიერ ხელოვნურად გაზრდილი ღირებულება აღარ გადაიხადონ.

„ფასის დადგენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფასებში არსებული უთანაბრობა და ხშირად გაუმართლებელი უთანაბრობა, აღმოიფხვრას და ჩვენ ვიცოდეთ, რა ფასად რა გამოსავალი შეგვიძლია მივიღოთ. რა თქმა უნდა, კომპრომისი არ იქნება ხარისხში, ხარისხის გაუმჯობესებისთვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ინტერვენციები, რაც გაჰყვება ტარიფიკაციის პოლიტიკის განხორციელებას. რაც შეეხება სხვა სერვისებზე აღნიშნული პრინციპის გავრცელებას, მიმდინარეობს მუშაობა და როდესაც ვიქნებით მზად, შემდეგ ეტაპზე გადავალთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი მინისტრი და პირველი კონსენსუსი

გარკვეული კომუნიკაციის მიუხედავად, კერძო კლინიკების ასოციაციამ ტიკარაძის მინისტრობისას საბოლოო ჯამში მაინც ვერ მიაღწია კონკრეტულ შედეგს ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებით.

კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შექმნა ტიკარაძის წასვლამ და ახალი მინისტრის – ზურაბ აზარაშვილის დანიშვნამ. მისი მინისტრობის პირველ ეტაპზე კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის პოზიციების შეჯერების იმედის მომცემი პრეცედენტი გაჩნდა. ჯანდაცვის უწყების ახალმა ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომელსაც კლინიკური სექტორი დაეთანხმა და მივიღეთ 
მდგომარეობა, როდესაც ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიასთან 
დაკავშირებით მხარეებმა, პრაქტიკულად, შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადეს. საუბარია ტარიფებზე, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გაწეულ მომსახურებაზე სახელმწიფო კლინიკებს თანხებს ურიცხავს.

„არის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც ყველაზე სამართლიან ტარიფს თვლის ბაზარზე, რათა არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მეტის ან უსამართლოდ ნაკლების გადახდა. ეს სისტემა უკვე საპილოტე რეჟიმში გვაქვს ჩართული. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ამტარიფების „გამოყვანაზე“ და ვფიქრობ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. წლის ბოლომდე ეს სისტემა დანერგილი იქნება, რომელიც უკვე სამართლიანად დააფიქსირებს ყველა სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფებს და ამის მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სისტემას, რომელზეც ჯანდაცვის ახალი მინისტრი საუბრობს, DRG ეწოდება და იგი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.

სისტემა გულისხმობს პაციენტზე გაწეული მკურნალობის ფაქტობრივი ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, საავადმყოფოების დაფინანსებას პაციენტების 
დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ დადგენილი და განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება.

მსგავსი დაავადებების განფასებისას გათვალისწინებული იქნება ქვეყნის გეოგრაფიული დაყოფა (რეგიონი, ქალაქი, რაიონი, სოფელი), სამედიცინო დაწესებულების დონე (ზოგადი პროფილის საავადმყოფო, საუნივერსიტეტო 
კლინიკა, რეგიონული და ქალაქის საავადმყოფოები), პერსონალის 
კვალიფიკაცია. 

„თუ დაინერგა, ველოდებით, რომ ეს გააუმჯობესებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას, იქნება ადეკვატური და პროგნოზირებადი ორივე მხარისთვის – ბიუჯეტისთვისაც და სამედიცინო დაწესებულებისთვისაც“, – ასეთი იყო მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლის მაია მახარაშვილის გამოხმაურება.

მისივე თქმით, ახალმა მეთოდოლოგიამ უნდა დაარეგულიროს პაციენტების დანახარჯებიც, რადგან კლინიკებს ეძლევათ გარკვეული კოეფიციენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ანაზღაურება. კოეფიციენტს განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა – მაგალითად, დედაქალაქში ექიმის ხელფასი მეტია, ვიდრე რეგიონულ ცენტრში. ამიტომ ასეთი კლინიკის კოეფიციენტი 
უფრო მაღალი იქნება. ასევე მაღალი იქნება ის იმ შემთხვევაში, თუ კლინიკას, მაგალითად გადანერგვის მომსახურება აქვს. შესაბამისად, როგორც მაია მახარაშვილმა აღნიშნა, ეს მეთოდი სამართლიან ფასს დაადგენს, რომლის მიხედვითაც კლინიკები ოპერირებას განახორციელებენ. აღნიშნული სისტემა ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმშია და ის, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე სრულად 
დაინერგება.

რას ნიშნავს სისტემა, რომელზეც შეთანხმება შედგა? ზურაბ აზარაშვილი კონკრეტული მაგალითების მიხედვით მას ასე განმარტავს: „ერთი და იგივე ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე საშუალო ფასი შეიძლება, იყოს 3 000 ლარი, მაგრამ რომელიღაც კლინიკას შეიძლება ჰქონდეს 13 000 ლარი, რომელიღაცას 7 000 და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უწევს ამ არაკეთილსინდისიერებასთან ბრძოლა“.

ჯანდაცვის ექსპერტის თენგიზ ვერულავას განმარტებით, 1980-იან წლებამდე მთელ მსოფლიოში საავადმყოფოები ფინანსდებოდნენ ფაქტობრივი, წინასწარ განუსაზღვრელი ხარჯების მიხედვით, ანუ დამფინანსებელი მხარე საავადმყოფოსთან წინასწარ არ ათანხმებდა ჩასატარებელ სამედიცინო მომსახურების მოცულობას, ფასს. ეს კი კატასტროფულად ზრდიდა ჰოსპიტალურ ხარჯებს.

„1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ის ყველაზე დიდი სახელმწიფო პროგრამა „მედიქეა“ (ასაკოვან ადამიანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა) დადგა გარდაუვალი გაკოტრების წინაშე. პრობლემის გადაჭრის მიზნით, 1983 წელს რეიგანის ადმინისტრაციამ შემოიღო იელის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომისტების მიერ შეთავაზებული მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით (Diagnosis Related Groups – DRG) საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი“, – განმარტავს ვერულავა.

მისივე ინფორმაციით, იელის უნივერსიტეტში შეისწავლეს რამდენიმე შტატის 170 საავადმყოფოს 700 000 დაავადების ისტორია. დიაგნოზით მსგავსი დაავადებები (მაგალითად, სასუნთქი სისტემის დაავადებები, ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) გააერთიანეს ერთ ნოზოლოგიურ ჯგუფში. განისაზღვრა თითოეული ჯგუფის აუცილებელი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების მოცულობა, თანმხლები დაავადებები, 
ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა და ღირებულება. თითოეული დაავადების (დიაგნოზით მსგავსი) ფაქტობრივი ხარჯების საფუძველზე დადგინდა თითოეული ნოზოლოგიური ჯგუფის საშუალო ხარჯი.

ვერულავას თქმით, კვლევები ადასტურებს, რომ მსგავსი დიაგნოზების გუფებით დაფინანსების მეთოდის გამოყენებით მნიშვნელოვნად შემცირდა სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობა, გაიზარდა ქირურგიული 
დაავადებების შედარებით მსუბუქი ფორმების საავადმყოფოში მკურნალობის ნაცვლად ამბულატორიაში მკურნალობის შესაძლებლობაც.

გამოიკვეთა, რომ ამ მეთოდით დაფინანსების შემთხვევაში ხარჯები პროგნოზირებადია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას. მარტივდება სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურა.

მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდის დადებითი მხარეა საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობის შემცირება. რადგან სამედიცინო დაწესებულება და პერსონალი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მას არ აქვს პაციენტის სტაციონარში დაყოვნების გახანგრძლივების მოტივაცია. მაგალითად, თუ მწვავე პნევმონიის მკურნალობისთვის სტანდარტით განსაზღვრულია 7 დღე, საავადმყოფო არ არის დაინტერესებული პაციენტის სტაციონარში დადგენილზე მეტი ხნით დაყოვნებით, რადგან ზედმეტ დღეებზე მას არავინ გადაუხდის.

მეორე მხრივ, თუ პაციენტს მკურნალობისთვის დასჭირდა 5 დღე, კლინიკა 2 დღის ეკონომიის ხარჯზე იღებს მოგებას. ამგვარად, მცირდება არაეფექტიანად მოქმედი სტაციონარების შენახვის ხარჯები, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სტაციონარული მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდი ფართოდ დაინერგა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: შვედეთში (1985), ფინეთში (1987), პორტუგალიაში (1989), კანადაში (1990), დიდ ბრიტანეთში (1992), ავსტრალიაში (1993), იტალიაში (1995), გერმანიაში (1995), საფრანგეთში 
(1997), ნიდერლანდებში (2003), იაპონიაში (2003).

დაპირისპირების მწვავე ეტაპი

ტარიფებთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება ასე თუ ისე შედგა, თუმცა, სულ მალე თავი იჩინა ახალმა სირთულემ, რომელმაც კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის დაწყებული „თბილი“ პერიოდი მწვავე დაპირისპირების ეტაპით ჩაანაცვლა – ეს სიმწვავე იმდენად გაძლიერდა, რომ ტიკარაძის პერიოდის დაპირისპირების სიმძაფრის რეკორდებიც კი მოხსნა.

საუბარია კოვიდკლინიკების დემობილიზაციაზე, ანუ მათი ჩვეულ, მრავალპროფილურ რეჟიმზე დაბრუნების პროცესზე, რომელიც მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. თუმცა, როგორც „ევექსი ჰოსპიტლების“ ხელმძღვანელი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ 5 დღით ადრე შეიტყვეს, რამაც ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. საქმე ისაა, რომ კონტრაქტები სახელმწიფოსთან მათ 31 მარტამდე ჰქონდათ გაფორმებული, ასევე, როგორც თავად ამბობენ, არსებობდა ზეპირი შეთანხმებები, რომელთა თანახმად კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებისთვის მინიმუმ 30 დღით ადრე უნდა ეცნობებინა. თუმცა სამინისტრომ კლინიკები, პრაქტიკულად ფაქტის წინაშე
დააყენა.

რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, პანდემიის დროს სახელმწიფო კლინიკებისგან კოვიდისთვის საწოლფონდს ქირაობდა და ამ ქირაში იხდიდა გარკვეულ თანხას, დამატებით კი კონკრეტული პაციენტების მკურნალობის თანხებს ანაზღაურებდა. ამიტომ კლინიკების ნაწილმა მთლიანად შეაჩერა სხვა პროფილური სერვისების გაწევა და მთლიანად კოვიდის მართვაზე გადავიდა. ახლა კი, როდესაც ისინი მუშაობის ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდნენ, ამ განყოფილებების ამოქმედება, ფაქტობრივად, ნულიდან იწყება. მინდიაშვილის თქმით, პრაქტიკულად, კლინიკა ხელახლა უნდა შეიქმნას.

„ჰოსპიტალს, რომელიც სრულად იყო დატვირთული, იმისთვის, რომ პანდემიამდელ ნიშნულს მიუახლოვდეს, 6-8 თვე დასჭირდება. ახლა არის ნულზე და ნულიდან ხელახლა უნდა დაიწყოს ოპერირება. ამ 8 თვის განმავლობაში მას დასჭირდება სუბსიდირება და ეს იქნება ძალიან მძიმე პერიოდი“, – განაცხადა მინდიაშვილმა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრუნვები დაიწყება, სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შესრულების თანხას 4 თვეში გადაიხდის, მანამდე კი კლინიკამ უნდა იხადოს ხელფასები, შეიძინოს სახარჯი მასალები და ა.შ.

„ავერსი კლინიკის“ გენერალური დირექტორის – დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დაწესებული იყო მკაცრი რეგულაციები იმისთვის, რომ კლინიკები მზად ყოფილიყვნენ კოვიდის მართვისთვის და მათი გადმოწყობა რთულია, რადგან ინფრასტრუქტურულად ბევრი რამ იქნა შეცვლილი, რაც განსაკუთრებულად რთულია ჰიბრიდული კლინიკებისთვის, სადაც არაკოვიდ და კოვიდპაციენტების ნაკადების  გამიჯვნა იყო აუცილებელი.

აღნიშნულ განცხადებებს ჯანდაცვის მინისტრმა მალევე უპასუხა. ზურაბ აზარაშვილის ტონი მკაცრი იყო. მან არა მხოლოდ უარყო კერძო სექტორის ბრალდებები, მათ წინაშე საპასუხო პრეტენზიებით წარდგა და განცხადებებში ტერმინები „დანაშაული“ და „პასუხისგებაში მიცემაც“ ახსენა.

„ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკების დატვირთულობას და ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქაა მიღების და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები და სამწუხაროდ არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, იანვარში, როცა მან უწყება ჩაიბარა და სიტუაცია გააანალიზა, ჩათვალა, რომ მობილიზებული 9200 კოვიდ-საწოლის აუცილებლობა არ იყო და აქედან 1700 საწოლი პირველივე კვირაში გააუქმა. აზარაშვილის განცხადებით, კლინიკები მაშინაც გამოთქვამდნენ პრეტენზიას, რომ სახელმწიფო არასწორ ნაბიჯებს დგამდა, ქვეყანა კი პანდემიის პიკში შედიოდა და საკმარისი საწოლები არ გვექნებოდა, თუმცა, მინისტრის განცხადებით, ახლა ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

„ეს იყო ცარიელი საწოლები და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ცოტას – 120 ლარს პლუს 60 ლარი თითოეულ ცარიელ საწოლში. მთლიან დატვირთულობას რომ გადავხედავთ, მათი პრეტენზიების საპასუხოდ, საშუალოდ 60% იყო დატვირთულობა და წარმოიდგინეთ, 2 წლის განმავლობაში მინიმუმ 40%-ს ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს და ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, სანამ შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს“, – აღნიშნა მინისტრმა და ამით უპასუხა კერძო სექტორის პრეტენზიებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი, კოვიდკლინიკების ან ჰიბრიდული კლინიკების სტატუსიდან მრავალპროფილური კლინიკის სტატუსს მოკლე დროში დაუბრუნდნენ.

მინისტრის თქმითვე, კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მინიმუმ 1 მილიარდი ლარი გადაუხადა კლინიკებს.

მინისტრმა ამ კონტექსტში კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა: „დანაშაულია, ჩემი აზრით, როდესაც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დანამატებს არ აძლევდნენ და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა დირექტორები და მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს მათ ხარჯზე“.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფექციების კონტროლის, ასევე ფინანსური თუ მკურნალობის პროტოკოლების შესრულების კუთხით მიმდინარე მონიტორინგის შედეგები გასაჯაროვდება და კონკრეტული კლინიკებიც დასახელდება, ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

„შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და კლინიკები არასწორი გზით „შოულობდნენ“ ფულს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

პასუხის პასუხი და კლინიკების ბრალდებები სამინისტროს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები, როგორც ჩანს, კლინიკებისთვის შოკის მომგვრელი იყო. პასუხი ორ დღეში მოვისმინეთ ჯერ ერთობლივი განცხადების, შემდეგ კი კომენტარების სახით. ჯანდაცვის ასოციაციამ თავის განცხადებაში სამინისტროს შეახსენა, რომ „ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული მრავალი ხარვეზის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს“, ამის შემდეგ კი ასოციაციამ აღნიშნა, რომ ხარვეზები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის პერიოდში, თუმცა, მათივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, „კოლაფსის საფრთხის პირას მყოფმა ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო, რომ პაციენტის ინტერესი მაქსიმალურად დაეცვა სისტემური ხარვეზების უარყოფითი გავლენისა და შედეგებისგან“.

საპასუხო განცხადებაში ასევე ნათქვამია:

„მიგვაჩნია, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან მოკვლევის დასრულებამდე, ყოველგვარი მტკიცებულების და დაკონკრეტების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბარი რეპუტაციულ ზიანს აყენებს განურჩევლად ყველა სამედიცინო დაწესებულებას და ჯანდაცვის ასოციაციის თითოეულ წევრს. ბუნებრივია, პანდემიის მართვის გამოცდილება უცხო იყო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის, სადაც მცირედი გადაცდომა გარდაუვალი იქნებოდა. შეცდომებს სჭირდება გაანალიზება, საზოგადოების სხვადასხვა წევრების ჩართულობა, და ჰოსპიტალური სექტორის და სამედიცინო პერსონალის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, რომ მომავალში, რყევების გარეშე მოხდეს ანალოგიურ სირთულეებთან გამკლავება“.

საპასუხო კომენტარებში კლინიკების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არსებულ ხარვეზებში ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი პასუხისმგებლობაც უნდა დაინახოს.

კერძო სექტორში აქცენტი ჯანდაცვის სამინისტროს წინა მენეჯმენტის პასუხისმგებლობაზეც გააკეთეს.

„ჯეოჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინო კობახიძის თქმით, მინისტრის განცხადებების შემდეგ სამედიცინო სექტორი ელოდება დეტალურ განმარტებებს იმ კანონდამრღვევი კლინიკების შესახებ, სადაც მინისტრის მიერ დასახელებული დარღვევები ხდებოდა.

„როცა განცხადებები კეთდება, აუცილებლად უნდა  მოჰყვეს საქმე. ვგულისხმობ კონკრეტულ კლინიკებს, კონკრეტულ ჯარიმებს, კონკრეტულ პასუხისმგებლობებს – ეს იქნება ალბათ ის, რასაც ყველაზე მეტად დაველოდებით სამედიცინო სექტორი. ასევე მისი წილი პასუხისმგებლობებისა უნდა მოეთხოვოთ იმ წინა მენეჯმენტს თუ სამინისტროში არსებულ იმ ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტი მონიტორინგი და კვალიფიციური ანგარიშგება ევალებოდათ კოვიდკლინიკებთან მიმართებაში,
თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესები. არავისთვის არ არის დასამალი, რომ როდესაც შედგა კოვიდკლინიკების ანაზღაურების განკარგულება, განისაზღვრა, პაციენტი იქნებოდა თუ არ იქნებოდა, თითო საწოლზე თითოეული კლინიკა, რომელიც ამაში ჩაერთვებოდა, მიიღებდა კონკრეტულ ანაზღაურებას. ხოლო მენეჯმენტმა როგორ განკარგა, თუ განკარგულება დეტალურად გაწერილი არ არის, ბიზნეს-პროცესისთვის ეს სადავო საკითხია. სექტორს, რომელიც იყო ფარი და ძალიან ბევრი ადამიანის გადამრჩენი, მეტი კონკრეტიკა სჭირდება“, – აცხადებს კობახიძე.

ექსპერტის შეფასება

შეძლებენ მხარეები კომუნიკაციის გზების მოძებნას ისე, რომ ამან ღია დაპირისპირების სახე არ მიიღოს? ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

„რეფორმები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილია, სწორია, თუმცა მთავარია, რამდენად ეფექტიანად და სწორად განხორციელდება ისინი. დღევანდელი დაპირისპირება აჩვენებს, რომ მხარეებს შორის კომუნიკაციაში პრობლემებია. ეს კი აზარალებს რეფორმების მთავარ მიზანს – პაციენტის ინტერესს“, – აცხადებს ზოიძე.

მას შემდეგ, რაც აზარაშვილმა კოვიდპანდემიის პერიოდის ხარვეზებზე მკვეთრი განცხადებები გააკეთა, გაჩნდა ეჭვი – ხომ არ არის ეს კამპანია მიმართული ეკატერინე ტიკარაძის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ცნობილია, თანამდებობიდან პრემიერ ღარიბაშვილთან დაპირისპირების გამო წავიდა. აკაკი ზოიძე ამ საკითხზე არ ლაპარაკობს. თუმცა საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ კლინიკების ნაწილი შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებლობას სამინისტროს წინა მენეჯმენტსაც აკისრებს. იმისთვის, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ჯანსაღი და პაციენტზე ორიენტირებული იყოს, ხოლო სახელმწიფოს ფინანსები – მიზნობრივი, მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგია აუცილებელი. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო კლინიკებს შორის ურთიერთობა საკმაოდ მწვავე ფაზაშია გადასული და კომპრომისული გადაწყვეტილებები პრობლემურია. ასევე ფაქტია ის, რომ ამ კონფლიქტში რომელიმე მხარის „გამარჯვება“ პაციენტის ინტერესების დაცვას არ ნიშნავს. გამოუვათ თუ არა მხარეებს კონსტრუქციული დიალოგი – ამაზე ახლა მილიონობით პაციენტის ხარისხიანი და ხარჯთეფექტური მკურნალობაა დამოკიდებული.

მაია ჭანტურია