ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
რუსულ ფქვილზე დამოკიდებული საქართველო ოკუპანტი ქვეყნის ნედლეულის წილი ქართულ პურში 95%-ს აჭარბებს - №2(70), 2022
უკრაინაში რუსეთის არმიის დანაშაულებრივი შეჭრიდან 9 თვეზე მეტი გავიდა და მსოფლიოში ბევრი რამე მნიშვნელოვნად შეიცვალა. რიგი ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ რუსულ პროდუქტზე დამოკიდებულების შემცირებას, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. წინა წელთან შედარებით, საქართველოში 800%-ით არის გაზრდილი რუსული ფქვილის იმპორტი. სტატიაში სწორედ რუსულ ფქვილზე დამოკიდებულების ზრდაზე გავამახვილებთ ყურადღებას, მანამდე კი ევროპის პოლიტიკაც ვნახოთ, რომელიც რუსეთისგან პირველ რიგში ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. საქართველო კი, ამ მიმართულებითაც კოლოსალურად ზრდის შესყიდვებს. შარშანდელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 375%-ით არის გაზრდილი...

როგორც უკვე ვთქვით, ევროკავშირი ერთი შეხედვით თითქმის შეუძლებელ მიზანს შეეჭიდა – რუსეთისგან აღარ იყიდონ ნავთობი და გაზიც კი. არადა, ბოლო წლებში სწორედ რუსულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით ევროპას ლამის მეტასტაზებივით მოედო „გაზპრომიდან“ წამოსული გაზის გასატარებელი მილსადენები და საჭირო ინფრასტრუქტურა. მარტის დასაწყისში ევროკავშირის მოხმარებაში რუსული გაზის წილი 40%-ს აჭარბებდა.

ევროკომისიამ მარტში განაცხადა რომ რუსული ბუნებრივი აირის წილის 2/3-ით შემცირება ჰქონდათ გეგმაში. ოქტომბრის მდგომარეობით კი გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. მას შემდეგ, რაც რუსეთიდან შეწყდა ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, ბლოკმა გაზარდა თხევადი გაზის აშშ-დან და კატარიდან იმპორტი. ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემებით, ევროკავშირმა გაზის მარაგები თითქმის 94%-ით შეავსო. აღნიშნული პროცენტი ბევრად აღემატება ევროკავშირის მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის დაწესებულ 80%-იან მინიმუმს, რომლისთვისაც ქვეყნებს ნოემბრისთვის უნდა მიეღწიათ.

ჰოდა, როცა ევროპაც კი, ვისთვისაც ერთი შეხედვით რუსული გაზის ალტერნატივა ძალიან რთული მოსაძებნი იყო, დასახულ მიზანს აღწევს, საქართველო კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირიქით – სულ უფრო ზრდის რუსეთზე დამოკიდებულებას...

რუსეთის მიერ ხორბლის გაყიდვაზე შეზღუდვის დაწესება

ჯერ კიდევ აპრილში, რუსეთმა და ევრაზიული კავშირის ქვეყნებმა ძირითადი სასურსათო პროდუქტების, მათ შორის ხორბლის ექსპორტზეც გარკვეული შეზღუდვები დააწესეს. საქართველო კი, რომელიც ხორბლის 90%‑ზე მეტს სწორედ ამ ქვეყნებიდან ყიდულობდა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. გავრცელებული პროგნოზებით, საქართველოში ხორბლის და ფქვილის დეფიციტი იყო მოსალოდნელი, რისი შევსებაც ქვეყანას უფრო ძვირად მოუწევდა. როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც აშკარა იყო, რომ რუსეთმა საკუთარი პროდუქცია პოლიტიკური გავლენის მოსახდენად – უკრაინაში წამოწყებული ომის დროს რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დასასჯელად გამოიყენა. საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ თუ რუსეთიდან ხორბლის შესყიდვაზე შეიქმნება სირთულე, ქვეყანა ხორბალს სხვა ქვეყნებიდან შეიძენდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტი გააძვირა, ხოლო ფქვილის – არა. შესაბამისად, ხორბლის შესყიდვა ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა.

ასეთმა რეალობამ კიდევ ერთი პრობლემა წარმოქმნა. საქართველოში მოქმედი წისქვილ-კომბინატები თითქმის გაჩერდა, რადგან ძვირი ხორბლის შემოტანის შემთხვევაში იაფად შემოტანილ ფქვილს კონკურენციას ვერ გაუწევდნენ. ამიტომ, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ პრემიერს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება სთხოვა, რათა გაერკვნენ რა ბედი ელით ადგილობრივ წარმოებებს. თუმცა, მთავრობამ იაფი რესურსის მიღების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. რუსული ხორბლის დეფიციტი აგრეთვე რუსული ფქვილით შეივსო.

უკრაინა-რუსეთის "მარცვლეულის შეთანხმება" და საქართველო ხეირის მოლოდინში

ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გარდა აგრეთვე უკრაინული პორტების ბლოკირება დაიწყო. მსოფლიოსთვის ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი და ომში ჩაფლული უკრაინა „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩა. უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. რაც სანაოსნო გზების ბლოკირების გამო უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი შეწყდა, მსოფლიოში საკვების ფასები მკვეთრად გაიზარდა. მნიშვნელოვანი სასურსათო კრიზისის წინაშე დადგნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც ისედაც ეკონომიკურ სირთულეებს ებრძოდნენ.

უკრაინული პორტების ბლოკირება რუსეთისთვის, ცხადია, თავისი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევ დამატებით ბერკეტს წარმოადგენს. მალევე გავრცელდა კიდეც ვლადიმირ პუტინის მიერ სასურსათო კრიზისის მოგვარების პირობა. რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოხსნილიყო. „რუსეთი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუ დასავლეთი უკრაინაში ომის გამო დაწესებულ სანქციებს მოხსნის“, – უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრეზიდენტს, მარიო დრაგის სატელეფონო საუბრისას 26 მაისს, იტყობინება Reuters-ი.

იმავე პერიოდში არაოფიციალური ინფორმაციებიც გავრცელდა – უკრაინის ხელისუფლებას დასავლეთის ქვეყნების ლიდერები რუსეთთან მოლაპარაკებისკენაც მოუწოდებდნენ. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტიც და ხელისუფლებაც შეუვალი აღმოჩნდა – ომის თვალსაზრისით ყველაზე რთულ პერიოდშიც კი სახელმწიფო ინტერესების დათმობებზე არ წავიდნენ. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, რუსეთმა და უკრაინამ ივლისის თვეში შეთანხმებას მიაღწიეს, რომ შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დაწყებულიყო. შემდეგ რამდენჯერმე შეთანხმების ჩაშლის საფრთხე შეიქმნა, საომარ ველზე უკრაინელთა მხრიდან მნიშვნელოვანი წინსვლის გამო რუსეთი რამდენჯერმე დაიმუქრა, რომ შეთანხმებიდან გავიდოდა და მსოფლიოს კვლავ სასურსათო კრიზისის შექმნით დაემუქრა. 15 ნოემბრის მდგომარეობით, გაეროს შეთანხმების ფარგლებში, შავი ზღვის პორტებიდან დაახლოებით 11.08 მილიონი ტონა მარცვლეულის, მათ შორის 4.5 მილიონი ტონა სიმინდის ექსპორტი განხორციელდა. ხორბლის გადაზიდვებმა 3.2 მილიონ ტონას მიაღწია, რაც ხორბლის სრული ექსპორტის 29%-ს შეადგენს.

მაგრამ, აქ სხვა საკითხია მნიშვნელოვანი. როდესაც რუსეთი მსოფლიოს აშანტაჟებს და უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვით ემუქრება, მსოფლიო კი რუსეთს იქით უწესებს ეკონომიკურ სანქციებს და რუსული ხორბლის გაყიდვაც რთულდება, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყნებისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა.

„პალიტრანიუსის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინული პორტების ბლოკირების თუ დასავლეთის ქვეყნებისთვის ხორბლის მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველოსთვის სახარბიელო მდგომარეობაც კი შეიქმნება.

„მე პირიქით ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი ძალიან გამოიჯახუნებს კარებს და მსოფლიოს ხორბალს აღარ მიაწვდის, საქართველოში ხორბლის გაცილებით დიდი ნაკადი წამოვა და ბევრად უფრო იაფი. იმიტომ, რომ რუსეთს მიმდინარე წელს აქვს ხორბლის არნახული მარაგი და მოსავალი. მას ტრადიციულად ჰქონდა 75 მილიონი ტონა, მიმდინარე წელს კი აქვს 110 მილიონი ტონა. ეს არის დაახლოებით 35 მილიონი ტონით მეტი ხორბალი, ვიდრე გასულ წლებში და ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული პერიოდი ხორბლის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, უკვე უკან უნდა იყოს დარჩენილი. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც მსოფლიოში რეალურად შეინიშნებოდა ხორბლის მარაგის ნაკლებობა. ახლა ასე არ არის, საკმაოდ ჭარბი მოსავალია, მიუხედავად უკრაინის ომისა და უკრაინის წარმოების შემცირებისა“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მთლიანად რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების რისკებზე მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საფრთხის შემთხვევაში ალტერნატიულ მომწოდებელს მონახავენ.

„რა თქმა უნდა, რისკები ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს ისეთი მეზობლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%… ამიტომ, თუ იქნება რაიმე ისეთი საფრთხე, მაშინ ქართული ბიზნესი გადაერთვება ალტერნატიულ ბაზრებზე, რომელიც, ბუნებრივია, უფრო ძვირი იქნება. შესაბამისად, ფასწარმოქმნაც იქნება სხვანაირი“, – განაცხადა ხანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აგრეთვე არ ხედავს აუცილებლობას, რომ ქვეყანამ რუსეთისგან შესყიდვები შეამციროს და სხვა მომწოდებელი მონახოს.

„ბევრი კვლევა დაიდო სხვადასხვა ორგანიზაციის და ყველა ამბობს, რომ საჭიროა დივერსიფიკაცია. ჩვენ ვუყურებთ სხვანაირად ამას – როცა წისქვილკომბინატები მუშაობს და არის გარდამავალი ორთვიანი მარაგები, როგორც ეს გაეროს რეკომენდაციაა, ეს მარაგები თავის თავში მოიცავს დივერსიფიცირების კომპონენტს. მარაგები თუ გაქვს, ჩათვალე დივერსიფიცირებულია ბაზარი, ირიბად, მაგრამ მაინც. ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვინდა დივერსიფიცირება? იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვაყენოს რაიმე მავნებლობა. ვთქვათ რუსეთმა აკრძალა ექსპორტი, ან მარტო საქართველოს შეუწყვიტა, ან განაცხადა, რომ დროებით ვერ ხერხდება ხორბლის გატანა – ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დრო – ის 2 თვე, რომ გადავერთოთ სხვა ბაზარზე, თუნდაც ძვირზე, ვინაიდან ყველა ძვირია – მაგალითად, რუმინეთი, ყაზახეთი, ბულგარეთი. ჩვენ ამ კუთხითაც ვუყურებთ საქმეს“, – ამბობს სილაგავა.

მისი თქმით, რუსულ ხორბალზე უარის თქმა კონკურენციას გაართულებს.

„მე თუ არ წამოვიღებ, რახან რუსეთი არ მინდა, ვიღაცა სხვა წამოიღებს. 100- მდე კომპანიას შემოაქვს ხორბალისაქართველოში. შესაბამისად, მე უნდა გავიდე  თამაშიდან. რადგან მტრული სახელმწიფოა და გვინდა, რომ რუსეთიდან არ შემოვიდეს ხორბალი, ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი – ფქვილი, ზეთი, კარაქი – ჩვენ კონსენსუსის სახით უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე ან საოკუპაციო კანონში ჩავწეროთ, რომ რუსეთიდან იმპორტი აიკრძალოს. მაშინ ეს იქნება თანაბარი პირობა ყველა ბიზნესისთვის და თავისთავად ცხადია, ავტომატურად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.… სხვა შემთხვევაში დივერსიფიცირებას არ ვეთანხმებით“, – ამბობს ლევან სილაგავა.

გაძვირდება თუ არა პური საქართველოში?

2 ნოემბერს საერთაშორისო სასურსათო ბირჟაზე ხორბლის ფასი რამდენიმე საათში მკვეთრად, თითქმის 6%-ით დაეცა. ბუშელი (25 კგ) მარცვლეულის ღირებულებამ 8.5 დოლარი შეადგინა. მანამდე რუსეთმა მორიგ ჯერზე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მიზეზად კი უკრაინის მიერ სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა დასახელდა. პირველ ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლის ფლოტზე უკრაინული დრონების თავდასხმის გამოძიების შემთხვევაში დაუბრუნდებოდა.

ფასის შემცირება მოჰყვა რუსეთის „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებაში დაბრუნებას. გადაწყვეტილება ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინისგან წერილობითი გარანტიების მიღების შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ „მარცვლეულის დერეფანი“ მოსკოვის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წარმოებისთვის არ უნდა გამოიყენოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიიღეს.

„შევძელით უკრაინისგან მიგვეღო საჭირო წერილობითი გარანტიები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის განსაზღვრული ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებისთვის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს 2022 წლის 1 ნოემბერს გადაეგზავნა. რუსეთის ფედერაციაში მიღებულ გარანტიებს არსებული დროისთვის საკმარისად მიიჩნევენ და შეთანხმებას აახლებენ“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის გაიაფება საქართველოსთვისაც იაფი რესურსის მიღების წინაპირობაა. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები უსაფრთხოდ გასვლას შეძლებენ და ხორბლის ფასიც სტაბილური იქნება. ასევე რუსეთში მაღალი მოსავალია, რაც აგრეთვე მოლოდინს ქმნის, რომ ხორბალი გაიაფდება საქართველოსთვისაც. მარცვლეულის დერეფნის გახანგრძლივება მომავალში სტაბილიზაციას გამოიწვევს. ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ვითარება დამშვიდდება. საქართველო უკრაინულ ხორბალზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მსოფლიო ტენდენციებზე იმოქმედებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა კი საქართველოზე დიდია. სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის მარაგი არსებობს და ფასების მხრივაც სტაბილური მდგომარეობაა. მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში კი, შესაძლოა, საბაჟო გადასახადის ახალი ფორმულა შემუშავდეს, რომელიც ბაჟს შეამცირებს, რაც ხორბლის შემოტანისთვის კარგი იქნება.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ბაზარზე ტენდენცია დადებითია. ფასები ქვევით წამოვიდა და 80 ლარიდან ერთი ტომარა ფქვილი, 70 ლარს ჩამოსცდა. იმპორტირებული ფქვილიც დაახლოებით ამ ფასში შემოდის. რუსეთში დაწესებული მცურავი ბაჟი 50 დოლარის ფარგლებშია და აქაც გარკვეულ სტაბილიზაციაა. შესაძლებელია, რომ რუსეთმა გადახედოს კიდევ საექსპორტო განაკვეთს და შეამციროს. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ ხორბლის ბაზარიც იმუშავებს და ფქვილისაც, რადგან გვახსოვს, რომ წინა წელს ფქვილმა ჩაანაცვლა ხორბალი, რამაც წისქვილები გააჩერა, მიზეზი სწორედ საბაჟო გადასახადი იყო. ახალი ფორმულა თუ შემოვიდა, მაშინ ხორბლის რუსეთიდან გამოტანას უფრო ექნება აზრი და ფქვილთან კონკურენციაში შესვლას შეძლებს, რაც მარაგზე დადებითად აისახება“, – განაცხადა სილაგავამ გაზეთ „რეზონანსთან“.

ქვეყანაში რომ ფქვილის მარაგებში სტაბილიზაციაა და ახლო მომავალშიც იქნება, ადასტურებს პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძეც და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ზამთარი მარტივი გადასატანი იქნება.

„ქვეყანაში ფქვილიც შემოდის და ხორბალიც. მაგალითად, ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ 10 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა პორტებში. გარდა ამისა, ვიცი, რომ ასევე 10 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა ერთ-ერთმა წისქვილმა. ქვეყანაში მარცვლეული შემოდის ტრაილერებითაც. ასე რომ, დღეს არც ხორბალზე და არც ფქვილზე არანაირი თავის ტკივილი არ გვაქვს. ქვეყანაში მარაგი არსებობს. საინტერესო არის ის, რომ რუსეთიდან შემოტანილი და საქართველოში გადამუშავებული ფქვილი ფასში ერთმანეთს დაუახლოვდა. ადრე განსხვავება 5 ლარში იყო, ახლა კი სხვაობა 2-3 ლარია, შეიძლება ამდენიც არ იყოს. თუ კონკურენცია ასე გაიზარდა, შესაძლოა, ფქვილის ფასმა ცოტა კიდევ დაიკლოს, ამიტომ პურის ფასი შენარჩუნება, ამას ვამბობდი ადრეც და ახლაც იგივე გიდასტურებთ“, – აცხადებს დოლიძე. მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით საქართველოშიც უკეთესი მოსავალი იყო. ასეთ სიტუაციაში კი, წესით საქართველოში ფქვილის მარაგს და შესაბამისად, პურის ფასს პრობლემა არ უნდა შეექმნას.

თუმცა, თავისთავად, რუსეთზე ასეთ დამოკიდებულებას რომ რისკები ახლავს – ეს ამბავი მაინც გასათვალისწინებელია. აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს, სანამ მარცვლეულის ბაზარზე ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი და საქართველოში საფრთხე გაჩნდა, რომ ხორბლის შეძენა უფრო ძვირი მომწოდებლისგან გახდებოდა აუცილებელი, ვიდრე რუსეთია. სწორედ მაშინ, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დოქტორმა კერი ფაულერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შტატების ადმინისტრაცია ცდილობს საქართველოს შიდა წარმოების გაზრდაში და შესაბამისად, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმაროს.

„საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში დაახლოებით ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ეწევა და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის. ცხადია, ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანას, რომელიც რუსულხორბალზეა  დამოკიდებული, სურს ამას თავი დააღწიოს და იყოს მასზე ნაკლებად დამოკიდებული“, – განაცხადა ფაულერმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა. მისი თქმით როდესაც საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია რუსეთი, რომელიც ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვებს აწესებს, რისკები მაღალია.

„საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით“, – განაცხადა კერი ფაულერმა.

ფაულერის თქმით, არსებობს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დაეხმარება საქართველოს მომავალში იმპორტი საკუთარი პროდუქციით გარკვეულწილად ჩაანაცვლოს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება გაუწია. სასოფლოსამეურნეო მიმართულებით, ამჟამად რამდენიმე პროგრამა მიმდინარეობს, რომლებიც 4-5-წლიანია და მათთვის დაახლოებით, 23 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, საქართველოს ზამთარში ფქვილის დეფიციტი და შესაბამისად, პურის მკვეთრი გაძვირების საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, იმპორტირებული ხორბლის თუ ფქვილის რუსეთზე თითქმის მთლიანი დამოკიდებულება რომ მაღალ რისკს შეიცავს, მსოფლიოც ხედავს, საქართველოშიც ხედავენ და ამ დამოკიდებულების შესამცირებლად ამერიკის მთავრობაც საქართველოს დახმარებას ცდილობს. როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოს პურ-პროდუქტების ბაზარზე, რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ცხადია, მნიშვნელოვანია, როგორ მოხერხდება ადგილობრივი წარმოების გაზრდა, თუმცა, გადამწყვეტი მაინც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი იქნება. მთავარია, აგრესორ რუსეთს აღარ ჰქონდეს მსოფლიოს დაშანტაჟების ბერკეტი, როგორც ეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რამდენჯერმე სცადა. ამიტომ, უკრაინაში რუსეთის დამარცხება და კრემლის ამბიციების ჩაქრობა საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად სტაბილური მომარაგების პერსპექტივასაც გაუჩენს.

თემურ იობაშვილი