ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა - №2(70), 2022
რატომ მოხვდნენ უკრაინელების ინტერესში ქართველი ბიზნესმენები უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლის გარდა, უკრაინის ხელისუფლება დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს, რომ მტერმა რაც შეიძლება ნაკლები შემოსავალი მიიღოს ენერგომატარებლების გაყიდვით თუ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობით და შესაბამისად, გაურთულდეს ომის დაფინანსება. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღეს, ქვეყნიდან გავიდნენ მსოფლიო ბრენდები, მთელ რიგ პროდუქციაზე ვაჭრობის საწინააღმდეგოდ სანქციებია შემოღებული... ამის პარალელურად, უკრაინელები ასევე სანქციებს ითხოვენ იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ვინც რუსეთს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა იმ პირთა სია, ვისთვისაც უკრაინა სანქციების დაწესებას ითხოვს. სიაში 12 ქართველი შედის: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტატე მამაცაშვილი, დავით ხიდაშელი და სულხან პაპაშვილი. სიაში შევიდნენ RMG Gold-ისა და RMG Copper-ის მესაკუთრეები დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი, ასევე ალექსეი პოლტავჩენკო, რომელიც უჩა მამაცაშვილის ჰოლდინგთან არის დაკავშირებული. სია უკრაინის მიერ დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა შეადგინა. სანქციების სამუშაო ჯგუფში შედიან ჯონ ჰერბსტი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ასევე, ადამიანის უფლებებისა და დიპლომატიის შესახებ ვაცლავ ჰაველის პროგრამის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

უკვე 19 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც, სანქციები ჯერ პირადად ბიძინა ივანიშვილს არა, მაგრამ, მისი გარემოცვის წევრებს შეეხო. გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები დაუწესდა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს. ასევე, უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია, და ტატე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია. გარდა ამისა, სანქციები ასევე შეეხება კიდევ არაერთ ადამიანს, რომელთა შორის არიან ქართული წარმომავლობის ბიზნესმენები: დავით იაკობაშვილი, რომლის კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპი“ ფლობს ფოთის ნავთობტერმინალს, `გალფის~ ბენზინგასამართი სადგურების ქსელს; მოქმედი ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძე, რომლის ქონებაც, „ფორბსის“ მონაცემებით, მილიარდ დოლარს აღწევს. სანქცირებულთა სიაშია ალექსანდრე ჯაფარიძის შვილი, გიორგი ჯაფარიძეც. ჯაფარიძეების ოჯახი რუსეთში ნავთობსაბურღ კომპანიას ფლობს, რომელიც ნავთობს, ძირითადად, „ლუკოილისთვის“ მოიპოვებს. სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

რაც შეეხება სრულ ჩამონათვალს, ვისი სანქცირებისკენ უკრაინა დასავლეთს მოუწოდებს, 18 476 პირისგან შედგება და ის მუდმივად ახლდება. სიაში ძირითადად რუსეთის მმართველი ელიტის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები ხვდებიან. მათ უკრაინა კრემლის დასაყრდენად მიიჩნევს და მათი დასჯის მოთხოვნაც რუსეთ-უკრაინის ომში, ოკუპანტი რუსეთის მხარის მხარდაჭერას უკავშირდება.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ქართველმა ოლიგარქებმა რუსეთის მხარეს დგომისთვის საფასური უნდა გადაიხადონ. სანქციები უნდა დაუწესდეს ყველას, ვისაც რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან ბიზნესურთიერთობები აქვთ. „ვფიქრობ რომ აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ინდივიდუალური სანქციები იქნება. ადამიანს შეუძლია ფული გამოიმუშაოს, თუმცა, როდესაც ხვდები, რომ შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო შენც მოგიწევს გარკვეული საფასურის გადახდა", – ნათქვამია განცხადებაში.

ჩამონათვალში შესულ პირს ახლავს მისი დოსიე და ინფორმაცია, თუ რატომ მოხვდნენ სიაში. ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ დოკუმენტში წერია, რომ ოლიგარქი და ე.წ. „საქართველოს არაფორმალური მმართველი“ ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში. ეს ხდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით, რაც ხელს უწყობს რუსეთის რეჟიმს, რომელიც ახორციელებს უკრაინელი ხალხის გენოციდს. დოსიეში ასევე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთობლივ ბიზნესს აწარმოებს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ამრიგად, მან პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ რუსეთში ბიზნესს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს. კვლევაში მითითებულია, რომ ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს წლების განმავლობაში ინარჩუნებდა 3 ოფშორული კომპანიის – Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A.-ს და Wenigen Management Limited‑ის მეშვეობით. თუმცა, ეს სრული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20- ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

უკრაინულ ვებ-გვერდზე დავით ხიდაშელი მოხსენიებულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი, რომელიც შუამავლის – ქართლოს ედილაშვილის მეშვეობით მართავს ბერძნულ კომპანია Intracom Telecom Group-ს – სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და გადაწყვეტილებების გლობალურ მიმწოდებელს. კომპანია არის შპს Intracom SVYAZ-ის დამფუძნებელი, რომელიც სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას აწარმოებს. კომპანიამ 2021 წელს 2 მილიარდი რუბლის შემოსავალი მიიღო. უკრაინული ჯგუფი წერს, რომ კომპანია ფინანსურად უჭერს მხარს იმ ქმედებებს, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ხიდაშელი უკრაინელების გამოქვეყნებულ სიას პროვოკაციას და „აფერისტობას“ უწოდებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ „ტყუილია ეს ბრალდებები".

აღსანიშნავია, რომ Intracom Telecom-მა 2022 წლის სექტემბერში დაადასტურა რუსული ბაზრიდან გასვლა. მან მისი რუსული შვილობილი კომპანია შპს Intracom SVYAZ-ის 100% გაყიდა. გარიგება 5 სექტემბერს დასრულდა. კომპანიამ რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანას უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის სანქციები დაუწესდა.

„ჩვენ უკვე შევაჩერეთ ყველა ჩვენი ბიზნესი რუსეთში ევროკავშირის სანქციების დაწყებიდან 2022 წლის 25 თებერვალს და ამ ტრანზაქციის დასრულებით ჩვენ ვასრულებთ გასვლის პროცესს“, – განუცხადა ბერძნულ პრესას Intracom Telecom Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქართლოს ედილაშვილმა. Intracom Telecom Group რუსეთის ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობდა. შპს Intracom SVYAZ მისი შვილობილი კომპანია იყო 2002 წლიდან, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის შექმნა.

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერის – ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ხიდაშელის Itracom-ს მიმოწერა ჰქონდა სირიის რეჟიმის ლიდერთან, ბაშარ ალ ასადთან სირიის ომის დროს. კომპანია, სანქციების გვერდის ავლით, სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა ასადის რეჟიმს, რომელიც სირიელი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა.

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, დავით ხიდაშელი ჟენევაში „რუსულ სოფელში“, რუსი ჩინოვნიკების, КГБ-სა და ФСБ-ს წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების გვერდით ცხოვრობს. დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი მოქმედი პირია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რის საფუძველზეც საქმე აღიძრა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ, რასაც მათი დაკავება მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებს, როგორც ქველმოქმედს და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის „ვალი მიჰყვება“.

დავით ხიდაშელის სახელმა გაიჟღერა ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუს ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის დროს. საუბრის აუდიოჩანაწერი 25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა. ხიდაშელმა დაადასტურა, რომ „დავითი“, რომელსაც ევტუშენკოვი საუბრისას ახსენებს, სწორედ ისაა. ხიდაშელი ამბობს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. გარდა ამისა, ხიდაშელმა 2022 წლის მარტში 10,020 მილიონ ლარად იყიდა ე.წ. რიყის დოქები. ინვესტორმა ხიდაშელმა აიღო ვალდებულება, რომ ტერიტორიაზე 3 წლის ვადაში მოაწყობს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმს, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეებს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სიაში ვანო ჩხარტიშვილი შესულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი. სააგენტოს ვებ-გვერდზე განმარტებულია, თუ რატომ მოხვდა ჩხარტიშვილი იმ პირებთან ერთად, ვისთვისაც უკრაინელები სანქციების დაწესებას ითხოვენ. გამოქვეყნებულ დასაბუთებაში მითითებულია, რომ ივანე ჩხარტიშვილი არის Eurasian Invest (ფოთის ინდუსტრიული ზონა)-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. Eurasian Invest-ის 51% ეკუთვნის ბრიტანულ კომპანია Brigstone Finance Limited-ს, რომელიც „პანდორას დოკუმენტების“ (Pandora Papers) მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ჩხარტიშვილს ინტერესები აქვს ფოთის პორტშიც, სადაც ნავთობის ტერმინალები ეკუთვნის კომპანია Petrocas-ს, რომლის 49%-  უკრაინის ომამდე რუსეთის სახელმწიფო კომპანია ღოსნეფტ-ი ფლობდა.

უკრაინელები მიუთითებენ, რომ Rosneft-ის გარდა, ჩხარტიშვილს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან სხვა კავშირებიც აქვს. 2019 წლის მაისში რუსულმა ენერგოჰოლდინგმა Inter RAO-მ და ჩხარტიშვილთან აფილირებულმა კომპანია EVG Holding-მა (ლუქსემბურგი) დააარსეს ახალი კომპანია Inter RAO Georgia. კომპანია რუსული ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. 2020 წელს კომპანიის 49,99% გადაეცა მის მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანია AVG Georgia-ს. ამ კომპანიას ჩხარტიშვილის Smart Capital Management-ი მართავს.

ჩხარტიშვილი ფოთის პორტთან კავშირს უარყოფს და გამოქვეყნებულ სიას სიცრუეზე აგებულ მორიგ „ფეიკს“ უწოდებს, რომელსაც მისი თქმით, ქართველი ავტორები ჰყავს. როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დასახელებულ რუსულ კომპანიებთან მის კავშირს დაადასტურებდა. ის საერთაშორისო სასამართლოში ჩივილით დაემუქრა სიის ავტორებს „საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“.

დოკუმენტებში შესულია ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. მის დოსიეში აღნიშნულია, რომ ის საქართველოს არაფორმალური მმართველის ინტერესებს ლობირებს. ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან ერთად, ქვეყანაში ყველაზე გავლენიან პირებად დაასახელა, რომლებიც ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB ჯორჯია“ ირწმუნება, რომ ბათუმის პორტში სიტუაციას ვანო ჩხარტიშვილი და ოთარ ფარცხალაძე ერთად აკონტროლებენ.

ფარცხალაძის სახელი ე.წ. ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებულ არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ერთ-ერთი მათგანი ეხება 2017 წელს, თბილისის მერიასთან მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებას მოჰყვა ფარცხალაძის თავდასხმა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე.

ფარცხალაძის სახელი ასევე ფიგურირებდა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებში. ჩანაწერიდან იკვეთებოდა, რომ ის თავისივე ოფისის სარდაფში სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა. ეს ფაქტი მოგვიანებით ყიფიანმა უარყო. კომპანია „ომეგას“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებდა, რომ ფარცხალაძე მისგან მოითხოვდა 4 მილიონი ლარის „ოცნების შავ ყულაბაში“ ჩარიცხვას. საკითხის გასარკვევად ოქუაშვილმა საქმეში ლევან ყიფიანი ჩართო, რასაც ფარცხალაძესთან მისი კონფლიქტი მოჰყვა. ოქუაშვილმა ისიც თქვა, რომ ამ „საქმის მოგვარება“ ბიძინა ივანიშვილთან ოფისში ხდებოდა და ეს უკანასკნელი მუდმივად ფარცხალაძეს აფარებდა ხელს.

უკრაინელებმა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი სიაში შეიყვანეს, რადგან ის საქართველოს არაფორმალური მმართველის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც ბიზნესთან ურთიერთობებს „ალაგებს“. მამაცაშვილი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ის ჩართულია საქართველოს რკინიგზის, ასევე, სატრანზიტო გადაზიდვების სქემებში. უჩა მამაცაშვილის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „რასაც ადრე „ნაცები“ ინაწილებდნენ, დღეს ყველაფერი სახელმწიფოს ხმარდება და უჩას ამაში ლომის წვლილი აქვს“. ივანიშვილმა ამ წილებს შორის სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვებიც ახსენა.

„უჩა მამაცაშვილი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის, იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს და ძალიან წესიერი კაცია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მამაცაშვილი ჯერ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ დირექტორის მოადგილის, შემდეგ კი საქართველოს რკინიგზის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2017 წელს მან საინვესტიციო ფონდი Middle Seas Capital-ი დააფუძნა, რომელიც ოფიციალურად ფლობს სასტუმროს მელიქიშვილი ინნ-ს, Illy Cafe-საქართველოს, ფარმაცევტულ საწარმო GeoOrganic-ს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მკვლევარებმა გაარკვიეს, უჩა მამაცაშვილს საერთო ბიზნესი აქვს სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორთან გეორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. ეს ბიზნესები მათ შვილებზეა გაფორმებული. უჩა მამაცაშვილის ვაჟი ტატე მამაცაშვილი, რომელიც ასევე არის უკრაინულ სიაში, ფლობს წილს რუსულ კომპანია GeoOrganics-ში (კომპანია ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს და დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთში ყიდის) გეორგი პოლტავჩენკოს ვაჟთან ალექსეი პოლტავჩენკოსთან ერთად. გეორგი პოლტავჩენკო „კაგებეს“ გენერალი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.

მათთან ერთად ამავე კომპანიაში აქვს წილი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ ანნა კუვიჩკოს და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვს. როლანდ ხერიანოვის დედა, ოლგა ხერიანოვა 2019-2021 წლებში იყო ბრიტანეთში არსებული GeoOrganics-ის 24.5%‑იანი წილის მფლობელი, ამ კომპანიის 30.5%-ს 2022 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი ფლობდა, ახლა კი მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს ეკუთვნის. ორივე მათგანი არის იმ პირთა შორის, ვისთვისაც სანქციების დაკისრებას უკრაინული მხარე ითხოვს.

უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ჩამონათვალში შესულია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძე. რუხაძე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელია, რომელიც სამთავრობო არხი და მმართველი პარტიის მთავარი დასაყრდენია. რუხაძე ასევე არის „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ის ამერიკის მოქალაქეა. რუხაძის თქმით, მისთვის სანქციების დაკისრების შესახებ მოთხოვნა ტელეკომპანიას უკავშირდება.

ლევან ვასაძის დოსიეში მითითებულია, რომ ის არის ქართველი და რუსი ბიზნესმენი, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირი ალექსანდრე დუგინთან, კრემლის პროპაგანდისტთან და იდეოლოგთან, რომლის პოლიტიკური საქმიანობა მიზნად ისახავს ევრაზიულ კავშირში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებას. უკრაინელები უთითებენ, რომ ვასაძე არის ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის ლიდერი, რომელიც აქტიურად იწვევდა სამხედრო და საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს საბრძოლველად. ლევან ვასაძე არის რუსეთში შინაური ცხოველების მაღაზიების უმსხვილესი ოპერატორის „ბეთჰოვენის“ თანადამფუძნებელი.

გიორგი კაპანაძე დოკუმენტებში ტატე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორად არის მოხსენიებული. ისიც შპს GeoOrganics-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია, რომელიც რუსეთის ბიუჯეტში იხდის შემოსავლის ნაწილს, შესაბამისად, უკრაინელი ხალხის გენოციდს აფინანსებს. კაპანაძე ამავე დროს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ და შპს „ვარციხე ჰესის“ თანამფლობელია.

სიაშია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი პარტნიორი სულხან პაპაშვილი. ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსი იყო 1998-2003 წლებში. ამჟამად ბრიტანეთის მოქალაქეა. სულხან პაპაშვილი საქართველოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შედის. ისიც ვლადიმერ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორია. მის ძმასთან, ლაშა პაპაშვილთან ერთად ერთად ფლობს შპს „რედიქსს“. რედიქს ჯგუფს აქვს წილი ფოთის თევზის გადამამუშავებელ ქარხანა შპს პალიასტომი 2004-ში. „რედიქსს“ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივი პროექტები აქვს წყალტუბოში, აბასთუმანში და საქართველოს სხვა საკურორტო ქალაქებში. სულხან პაპაშვილის დაფუძნებულ კომპანია ElGreen-ს, საქართველოში ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს.

უკრაინის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერი, დავით არახამია განმარტავს, რომ სია უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიზრდება და იქ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის წევრები მოხვდებიან. დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.

„როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით“, – ამბობს არახამია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ირანული დრონები თბილისის გავლით

სიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯერ კიდევ აპრილის თვეში, უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი უკრაინის ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გაეხსნათ კონტრაბანდის გზა საომარ ტექნიკისა და მისი ნაწილების მიწოდებისთვის. ხოლო 4 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ შეძენილი ირანული დრონების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გატარების შესახებ. გამოქვეყნდა თვითმფრინავის მარშრუტიც, რომლითაც მოხდა ირანიდან საქართველოს გავლით მოსკოვში ტვირთის ტრანსპორტირება. სამხედრო ექსპერტმა ზურა ბატიაშვილმა ინფორმაციას დაურთო რუკა, სადაც ნაჩვენებია რუსეთისკენ მიმავალი ირანული თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მიდის.

„Terror Alarm-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ათობით ირანის IRGC-ის (ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსი, რომელიც აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი) კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში. ბოლო რეისი შედგა 4 სექტემბერს გაურკვეველი დანიშნულებით. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ირანი სწორედ ამ გზით აწვდის შეიარაღებას რუსეთს, რომელსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. აზერბაიჯანმა არ მისცა მათ საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება, ხოლო საქართველომ მისცა“, – აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.

2022 წლის აგვისტოს ბოლოს, აშშ-მ ოფიციალურად დაადასტურა ირანული წარმოების საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიწოდების ფაქტი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანული კომპანია Safiran Airport Services, რომელიც სანქცირებულია, რუსეთსა და ირანს შორის ფრენების კოორდინაციას ახორციელებს, მათ შორის, „ირანული დრონების, პერსონალისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის ტრანსპორტირებას ირანიდან რუსეთში“.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ამ თემაზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს და აგრძელებენ საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის“.

ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 4 სექტემბერს Iran Air-მა საქართველოს საჰაერო სივრცე გადმოკვეთა, მაგრამ მათი განმარტებით, რეისი „ერევანი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდა და აღნიშნულმა ხომალდმა სივრცეში სულ 10 წუთი დაჰყო“. სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია საქართველოს საჰაერო ცის „უკანონო გამოყენების“ შესახებ, დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა“.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ Iran Air-ი არ არის სანქცირებული და ის როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით რეგულარულად ასრულებს რეისებს. ირანულ დრონებამდე იყო ვარაუდი, რუსული ნავთობის საქართველოს გავლით ტრანსპორტირებაზეც, რასაც უკრაინის ხელისუფლების მკაცრი გაფრთხილება მოჰყვა. საქართველოს მთავრობის თავის მართლების მიუხედავად, რომ ის არ ეხმარება რუსეთს საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდებაში, უკრაინელები ქვეყნის არაფორმალური მმართველის და მისი ბიზნესპარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას მაინც დაჟინებით ითხოვენ.

ხელისუფლების რეაქცია სანქციების ამოქმედების შემდეგ

რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრაინის მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელს სანქციები დაუწესა, საქართველოს ხელისუფლებისგან მყისვე მოჰყვა უარყოფითი რეაქციები. ყოფილი იუსტიციის და ამჟამად კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯს "მტრულ გადაწყვეტილებად" აფასებს და ამბობს, რომ უკრაინა ასე ცდილობს საქართველოს ომში ჩაბმას.

„სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, როგორც გადაწყვეტილება, უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო საქართველო. ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას აფასებს „შანტაჟად“ საქართველოს „ომში ჩასართავად“. კობახიძის თქმით, „ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან აქ მეორე ფრონტი~.

„რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმავეს ცდილობენ შანტაჟის გზით, რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია. მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს“, – თქვა მან.

ჯერჯერობით, სანქციები უშუალოდ უკრაინამ და მხოლოდ რამდენიმე პირის წინააღმდეგ აამოქმედა. მიჰყვება თუ არა დასავლეთის ქვეყნებიც უკრაინელთა გადადგმულ ნაბიჯებს, ეს უკვე დასავლელ ლიდერებზე და გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

ნონა ქვლივიძე