ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ომი უკრაინაში და პუტინის შემოდგომა - №2(70), 2022
ბირთვული შანტაჟი – ბოლო კოზირი რუსეთის ხელში

გაჭრილი კარტები?

კიევმა, რომელიც პუტინის გეგმის მიხედვით რუსეთის მიერ დაწყებული ომიდან სამ დღეში არ დაეცა, აჩვენა, რომ შეუძლია არათუ წინააღმდეგობის გაწევა აგრესორისთვის, არამედ რუსეთთან ომის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც. უფრო მეტიც, 2022 წლის სექტემბრის განმავლობაში უკრაინა უგულებელყოფდა რუსეთის გზავნილებს მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, რადგან ბრძოლის ველზე მოპოვებული უპირატესობის განმტკიცება და განვითარება ეწადა და ამას წარმატებით ახორციელებდა კიდეც. მსოფლიო მედია სავსეა ანალიტიკური სტატიებით მთავარი კითხვის გარშემო – რა კარტები აქვს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს იმისათვის, რომ უკრაინასთან ომი მოიგოს, მოხდეს უკრაინის ნაწილობრივი ან სრული ოკუპაცია, ხელისუფლების ცვლილება და უდიდესი მორალური და ფაქტობრივი დარტყმა მიაყენოს დასავლეთის ქვეყნებს. ამ რაკურსში, ანუ პუტინის კარტების ჩამონათვალში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რუსეთის შეიარაღებისა და რუს მებრძოლთა რაოდენობის, მოტივაციის, მომზადების შედარება უკრაინულთან; დასავლეთში ჯაშუშთა აქტიური ქსელი; შანტაჟი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ; კრემლის ფეიკ-ნიუსებით სავსე პროპაგანდა; ჰიბრიდული ომი უკრაინის, დასავლეთის ქვეყნების და მათი პარტნიორების დაზიანების და დეზორიენტაციის მიზნით; დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში ჩარევა და ამით რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა (ზოგადად ზეწოლა დასავლელ ლიდერებზე); ევროპაში ეკონომიკური, მათ შორის ენერგეტიკული, სასურსათო კრიზისის გამოწვევა და ამ საკითხების გარშემო სისტემატური შანტაჟი, ეკოლოგიური კრიზისის გამოწვევა; ტერორისტული აქტები დაპირისპირებულ ქვეყნებში; ე.წ. დევნილთა და სხვა კრიზისების ინიციირება და ა.შ.

აშშ, ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და სხვა პარტნიორები ყველა გამოწვევაზე ადეკვატურად რეაგირებენ. პუტინის ყველა სავარაუდო ქმედება, მისი ყველა კარტი დანახულია დასავლეთის მიერ და მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე გაჭრილი შესაძლოა არცერთი არა არის, განსაკუთრებულ, უფრო მართებულად რომ ვთქვათ მოულოდნელ საფრთხეს არცერთი აღარ წარმოადგენს. რასაც საჯაროდ ყველა ვხედავთ (ბუნებრივია ომის მიმდინარეობისას ბევრ რამეს ვერ დავინახავთ), უკრაინა სისტემატურად მარაგდება თანამედროვე შეიარაღებით, ევროპა ახორციელებს ენერგეტიკის ინტენსიურ დივერსიფიკაციას, რუსეთის მხრიდან ბირთვულ შანტაჟზე ასევე ბირთვული იარაღის მქონე დასავლეთის ქვეყნები მყისიერ და მკაფიო საპასუხო რეაქციას აფიქსირებენ (რის შემდეგ რუსეთის ოფიციალურ პირებს ლამის წინა დღით გაკეთებულ განცხადებაზე უარის თქმა უწევთ). თუმცა არა, შესაძლოა ერთი კარტი უკვე გაჭრილია და ეს არის უკრაინელ მებრძოლთა ანუ სამშობლოს დამცველთა მოტივაცია, რომელიც იყო და მომავალშიც იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე იმპერიალისტური ბოდვებით აღსავსე და უკვე გვარიანად შეშინებული რუსული არმიის მოტივაციაა.

ბუნებრივი აირი – გაჭრილი ტუზი

27 სექტემბერს პოლონეთში, ქალაქ გოლენიუვში „ბალტიკური მილსადენი“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ამ მილსადენით კონტინენტური ევროპის ქვეყნები ბუნებრივ აირს ნორვეგიიდან უკვე 1 ოქტომბრიდან იღებენ. წელიწადში მოწოდებული ბუნებრივი აირის რაოდენობა 10 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რომლისგანაც 3 მილიარდს გარანტირებულად დანია მიიღებს, დანარჩენი კი პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში გადანაწილდება. "Baltic Pipe"-ს გახსნა ევროპის კავშირის ენერგობაზრის დივერსიფიკაციაზე ინტენსიური მუშაობის ნათელი, თუმცა არაერთადერთი მაგალითია. შედარებისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი~ წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა ევროპას („ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის~ გამტარუნარიანობაც ანალოგიურია). ბუნებრივი აირის მიწოდებით ევროპის შანტაჟი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მძლავრი იარაღი გახლდათ, ამიტომ მისი ბანქოს კარტებიდან მას ტუზ-კოზირიც შეიძლება ვუწოდოთ.

პუტინმა მშვენივრად გამოიყენა გერმანიის წინა მთავრობის დაუდევრობა, რომელმაც იმდენად დააკავშირა ევროპა რუსულ ენერგორესურსებს, რომ სტატიის დაბეჭდვისას ევროკავშირს რუსეთისთვის ენერგორესურსების შესყიდვის მიზნით მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ 100 მილიარდ ევროზე მეტი ექნება გადახდილი. თავად გერმანიაში 50-იანი წლების შემდეგ ყველაზე მაღალი ინფლაციაა, ფასებმა კი ყველაზე მეტად სწორედ ენერგომატარებლებზე მოიმატეს.

დავუბრუნდეთ ევროკავშირის ენერგორესურსებით მომარაგების საკითხს. ენერგობაზრის დივერსიფიკაციის ამოცანა სწორედ რუსულ ენერგორესურსებზე, პირველ რიგში კი რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმაა, რადგან ნავთობის
ჩანაცვლება ევროპისთვის შედარებით ადვილი იყო, სხვა ენერგოპროდუქტების წილი კი მცირეა. თუმცა `ოპეკ+~ ქვეყნების მიერ ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ეს ქვეყნები ამცირებენ ნავთობის დღიურ მოპოვებას (სწორედ ეს შედის რუსეთის ინტერესებში) უკრაინის მხარდამჭერებს ცივი წყალი გადაასხა.

საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება გამოცხადებულ იქნა ევროკავშირის მიერ სანქციების მერვე პაკეტის მიღებიდან ორ დღეში. სანქციები კი სწორედ ნავთზე და ნავთობპროდუქტებზე რუსეთის იზოლაციას ითვალისწინებს. თუმცა საკითხის ანალიზი აჩვენებს, რომ `ოპეკ+~-ის გადაწყვეტილება გარკვეულ ზიანს აყენებს უმეტესწილად აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რადგან მისი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის შეხვედრის შემდეგ `ოპეკ+~-ის მიერ ნავთობის მოპოვების ზრდა დაიწყო და შემდგომ ამგვარ გადაწყვეტილებას ცოტა ვინმე თუ ელოდა. ხოლო რუსეთისთვის ვითარება კვლავ მძიმე რჩება, რადგან G7 ქვეყნები, ევროკავშირი და პარტნიორები, რომლებმაც 2021 წელს შეიძინეს რუსული ნავთის და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 60%, უახლოეს პერიოდში მკვეთრად ამცირებენ მათ შესყიდვას. დავუბრუნდეთ რუსული ბუნებრივი აირის წილს ევროკავშირში. თუ გასულ წელს რუსული ბუნებრივი აირის წილი ევროკავშირის ბაზრის 40%-ს შეადგენდა ამჟამად მისი მოცულობა მხოლოდ 9%-ია. ფრიად საგულისხმო საკითხია, რომ პუტინის ამ ტუზ-კოზირის, ანუ „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის~ და `ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის~ (რუსეთი სხვა მილსადენებითაც აწვდის ბუნებრივ აირს ევროპას) მილსადენების დაზიანების შესახებ ინფორმაციაც ასევე 27 სექტემბერს გავრცელდა. ბუნებრივმა აირმა ამ ორი გაზსადენის 4 მილიდან სამში ერთდროულად დაიწყო გაჟონვა (მოგვიანებით ცნობილი გახდა მეოთხე დაზიანების შესახებაც). ფაქტი დაფიქსირდა ბალტიის ოკეანეში კუნძულ ბორნჰოლმთან (დანია) ახლოს. ის გარემოება რომ დაზიანება სამ ადგილას ერთდროულად მოხდა ფაქტობრივად გამორიცხავს შემთხვევითობას. გერმანიის, შვედეთის და დანიის მთავრობებმა გამოძიება მყისიერად დაიწყეს, ნატოს მხრიდან უკვე გაკეთდა გარკვეული ვარაუდი თუ რა სახის დივერსია შეიძლება ყოფილიყო ეს გაჟონვა. ასევე კეთდება გარკვეული პროგნოზი თუ რა ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ზარალს მოუტანს მილების დაზიანება და ბუნებრივი აირის გაჟონვა გარემოს და ევროპის ქვეყნებს, თუმცა როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აცხადებს, საბოლოო შეფასების გაკეთებისთვის გარკვეული დრო იქნება საჭირო. შესაბამისად, მილსადენების დაზიანება არის თუ არა რუსეთის მხრიდან საბოტაჟი, ამის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. თუმცა მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ გამოხატავს გერმანიის ყოფილი მთავრობის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის სრულ კრახს, რადგან „ეკოლოგიურად უსაფრთხო და პოლიტიკური რისკებისგან დაცლილი~ მასშტაბური პროექტი გერმანიამ პუტინთან ერთად განახორციელა. აი გაყიდვების დივერსიფიკაციას კი თავად პუტინი ვერ მოახერხებს, რადგან რუსეთის აზიის მიმართულების ინფრასტრუქტურა გაცილებით სუსტია, ხოლო შიდა მოხმარება გაცილებით მცირე. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში და მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასიც გაიზარდა და მოახლოებული ზამთარი ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის ენერგეტიკული მომარაგების მდგრადობის თვალსაზრისით სავარაუდოდ გამოწვევებით იქნება სავსე, ააშკარა გახდა, რომ პუტინის ენერგოშანტაჟი გადაულახავ პრობლემას აღარ წარმოადგენს: არც ეკონომიკური და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არც პოლიტიკური თვალსაზრისით.

სამი ექვსიანი პუტინისთვის

2022 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსული არმიის წინააღმდეგ სამი ექვსიანი „დაჯდა“: უკრაინელებმა 6 დღეში რუსეთის მიერ თითქმის 6 თვის განმავლობაში ოკუპირებული 6 ათასი კვ. კმ ტერიტორია უკან დაიბრუნეს. ეს კი ერთად აღებული გურიისა და აჭარის ტერიტორიაზე მეტია. ამ უპრეცედენტო სამხედრო წარმატებით ნათელი გახდა რომ ოდესღაც მსოფლიოს მეორე არმიად შერაცხილი რუსეთის არმია მითია, ხოლო საპასუხოდ, რუსული პროპაგანდის მიერ მითად წოდებული უკრაინული არმია კი ცოცხალი ლეგენდა აღმოჩნდა. სამხედრო ექსპერტები აღტაცებით საუბრობენ ხარკოვის რეგიონის მიმართულებით განხორციელებულ სამხედრო იერიშზე, მის როგორც საბრძოლო, ასევე ტაქტიკურ, ფსიქოლოგიურ, საინფორმაციო და სხვა ასპექტებზე. უკრაინელებმა დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი ბრწყინვალედ გამოიყენეს და ამ იერიშმა შესაძლოა ერთ-ერთი გარდამტეხი როლი ითამაშოს ომის უკრაინელთა სასარგებლოდ დასრულების თვალსაზრისით. ამავე დროს შესაძლოა ეს გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ძალების დამსახურება, არამედ უკრაინის დაზვერვის და სხვა სპეციალური სამსახურების წარმატებაც იყოს, რადგან მან სექტემბერში დომინოს პრინციპით გამოიწვია სხვა თანმდევი მოვლენები და პროცესები, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა სწორედ უკრაინის სამსახურების მიერ იყო ინიციირებული თუ არა, გათვალისწინებული მაინც. სექტემბრის დასაწყისში უკრაინის უპრეცედენტო შეტევა მნიშვნელოვანი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების კატალიზატორი გახდა. რუსეთის ე.წ. კულტურული დედაქალაქის, პეტერბურგის, შემდგომ კი პოლიტიკური დედაქალაქის, მოსკოვის მუნიციპალური ორგანოების არჩეულმა ცალკეულმა დეპუტატებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადადგომისკენ მოუწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში პირადი სიმამაცის მაგალითები აქამდეც იყო, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან კოლექტიური მიმართვა სრულიად განსხვავებული მოცემულობაა. ამ ფონზე 10 სექტემბერს მოსკოვში ქალაქის დაარსებიდან 875 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები კარიკატურული გახდა. ხოლო პუტინის მიერ მოსკოვის დღის აღნიშვნისას წარმოთქმული სიტყვა სრულიად მოუმზადებელი და უდროო გამოჩნდა, რაც პუტინის პროპაგანდისტების კრიტიკის საგანიც კი გახდა. სექტემბერშივე უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე პუტინი საჯაროდ რამდენჯერმე დაამცირეს მასთან შეხვედრებზე დემონსტრაციულად დაგვიანებით მისულმა რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა. ამავე სამიტზე ჩინეთის და ინდოეთის ლიდერები კი პუტინის დიპლომატიურ, თუმცა მკაფიო კრიტიკას არ მოერიდნენ. სამიტიდან მომავალი ინფორმაცია ფორმითაც და შინაარსით მხოლოდ იმას აჩვენებდა რომ პუტინს მკაფიო რეპუტაციული ზიანი ჰქონდა. იმავე სექტემბერში, თურქეთის ლიდერის შუამდგომლობით განხორციელებული ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად პუტინმა ტყვეობიდან გაათავისუფლა მარიუპოლის დამცველი აზოველების დიდი რაოდენობა (მოხდა გაცვლა), რაც მისთვის ასევე რეპუტაციული ზიანის მომტანი გახლდათ, რადგან მანამდე, მათი სამაგალითო დასჯა მისივე პროპაგანდისტული მანქანის მიერ კატეგორიულად იყო მოთხოვნილი. აზერბაიჯანი-სომხეთის განახლებული ხანმოკლე საომარი ქმედების შემდეგ სომხეთის თხოვნა რუსეთისადმი (ფორმალურად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი) ფაქტობრივად უყურადღებოდ დარჩა და კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ მსოფლიოს ბრუტალური ლიდერის იმედი არცერთ მის პარტნიორს არ უნდა ჰქონდეს.

21 სექტემბერს კი ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით (რაც რეალურად საყოველთაო მობილიზაცია აღმოჩნდა) რუსებისთვის ომმა სახლებში გადაინაცვლა. თავისთვის ამ უკიდურესად რთულ და კრიტიკულ ნაბიჯამდე პუტინი იმ აუცილებლობამ მიიყვანა, რაც მას და მის არმიას უკრაინის არმიამ დამართა. ომში გარდაცვლილთა, დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, ტყვედ ჩავარდნილთა და დემორალიზებულთა დიდმა რაოდენობამ და ომის საკმაოდ დიდმა ხაზმა მას სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა და რუსეთის მოქალაქეების ომში გაწვევა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზაციის გამო პროტესტის გამოხატვის ათეულობით აქცია ვნახეთ, მან მასობრივი ხასიათი ამ ეტაპზე არ მიიღო. ათეულ ათასობით (შესაძლოა ასეულ ათასობით) რუსეთის მოქალაქისთვის პირველ ადგილზე თვითგადარჩენის ინსტიქტი დგას და მათ პროტესტის დაფიქსირებას ქვეყნიდან გაქცევა ამჯობინეს. მობილიზაცია, ანუ როგორც ხალხმა შეარქვა „მაგილიზაცია" (რუსულიდან ქართულზე დაახლოებითი თარგმანი – „საფლავიზაცია") მნიშვნელოვნად არყევს რუსულ სახელმწიფოს, ეს დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი გახდება.

ატომური (ბირთვული) შანტაჟი

პუტინი უკანასკნელ კარტებს ხსნის. ატომური შანტაჟი – ეს პუტინის ბოლო კარტია? ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თემა მან უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთთან „მიერთების~ ფონზე გაააქტიურა. სექტემბრის ბოლო დღეს გამართული უკრაინის 4 რეგიონის ანექსიისადმი მიძღვნილი ღონისძიება, უფრო სწორედ უგემოვნო და ანტიჰუმანური მასკარადი, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ჩამორჩენილი ტირანის დასასრულის მოახლოებას, რომელიც დაუძლურებულია და გამოსავალს ეძებს ვითარებიდან, საიდანაც რეალურად გამოსავალი მისთვის როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის უკვე აღარ არსებობს. რამდენად რეალურია პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება? არის თუ არა ბირთვული იარაღი პუტინის ბოლო და ყველაზე საშიში კარტი? უნდა აღინიშნოს, რომ ეს კითხვა დღეს მსოფლიოში ალბათ ყველაზე აქტუალურია.

დასავლელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პუტინმა შესაძლოა ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ანალიტიკოსების უმრავლესობა ასევე თანხმდება იმაზეც, რომ ნატო და ბირთვული იარაღის მქონე დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში აშშ და გაერთიანებული სამეფო ადეკვატურად აფასებენ არსებულ საფრთხეს და ტექნოლოგიურ, საბრძოლო და მორალურ უპირატესობას სრულად გამოიყენებენ პუტინისგან მომდინარე საფრთხის მაქსიმალურად შემცირებისთვის. ატომურ შანტაჟს ხელი შეუწყო ილონ მასკის განცხადებამაც, როდესაც მან ომის დასრულების გამოსავლად უკრაინის მიერ ეროვნული ინტერესების დათმობა და საკუთარ ტერიტორიებზე უარის თქმა დაასახელა, შემდგომ კი იმ საფრთხეს გაუსვა ხაზი, რასაც რუსული ბირთვული არსენალი უქმნის მსოფლიოს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ლიდერების და დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებები, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო სერიოზულად ეკიდებიან საკითხს ვიდრე ადრე და პუტინის მხრიდან ბირთვული შანტაჟი ნაკლებად ეფექტური ხდება. თავად ილონ მასკი კი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია და რომელმაც კრიტიკულ დროს, ომის პირველ დღეებში უკრაინას უკიდურესად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მხარდაჭერა გამოუჩინა, კვლავ დარჩება უკრაინის მხარდამჭერად, ხოლო მისი გამონათქვამები უფრო მეტად მის ექსცენტრიკულ ქცევას და მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს შეგვიძლია მივაწეროთ. კიდევ ერთხელ, რომ ხაზი გავუსვათ ბირთვულ შანტაჟს – ნაკლები პერსპექტივა აქვს, რადგან თუ დღეს პუტინს შანტაჟი გაუვიდა, ეს სრულიად შეცვლის მსოფლიოში მოქმედი უსაფრთხოების კონცეფციის საფუძვლებს და მომავალში რუსეთს თუ ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნებსაც აუცილებლად გაუჩნდებათ ატომური შანტაჟის გზით საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების სურვილი. მსოფლიოში კი მშვიდობა აბსოლუტურად მყიფე გახდება.

...უკრაინის კოზირი

ევროპის ქვეყნების საზოგადოების ინფორმირებაც, დამოკიდებულებაც და მოტივაციაც უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავებულია. მაგალითად ლატვიელებს, რომელთა შემოსავლები გერმანელებზე გაცილებით დაბალია, კარგად აქვთ გათავისებული, რომ მაღალი ინფლაცია და ენერგომატარებლებზე მკვეთრად გაზრდილი გადასახადები, თავისუფლებაში ინვესტირებული თანხაა. გერმანელებს კი მიუხედავად უფრო მაღალი შემოსავლებისა, პოლიტიკურად და მენტალურად გაცილებით უძნელდებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა ანუ გაზრდილ ხარჯებთან შეგუება. მიუხედავად ამისა, როგორც ლატვიაში, ასევე გერმანიაში უკრაინის მიმართ სოლიდარობა მაღალია და ამ ფაქტის გაუთვალისწინებლობა ადგილობრივი პოლიტიკოსებისთვის დამღუპველია.

უკრაინის გმირული ბრძოლა თავისუფლებისთვის, როდესაც ომი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამო ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს, მთლიანად ცვლის პოლიტიკის წარმოების კონტექსტს და ახალ განზომილებას აყალიბებს. განზომილებას, რომელშიც თავდაპირველი ადამიანური ფაქტორი და ემოციაა. დღეს, როგორც არასდროს პოლიტიკური პროცესის მართვისთვის, მეტი სარგებლის და მაღალი რეიტინგის მიღებისთვის პრაგმატულია არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური გათვლები და შესაბამისი ქმედება, არამედ პირველ რიგში ემოციური, ანუ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება. მთელი მსოფლიო უცქერს საკუთარ ტელევიზორებში, ტელეფონებში და გაჯეტებში ომს, მის შედეგებს და მსხვერპლს და სისტემატურად ხედავს არაადამიანურ დანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის პროპაგანდა საკმაოდ ძლიერია და ის ცდილობს ამ აღქმის შესუსტებას და მის „გადანაწილებას~ უკრაინასა და დასავლეთზე, უკრაინის მიმართ თანაგრძნობის და სოლიდარობის გამომხატველი ადამიანების რაოდენობა მაინც იზრდება. აქვე აღვნიშნავ, რომ კრემლის პროპაგანდის ეფექტის შესამცირებლად, ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით სპეციალური სპიკერის თანამდებობის შემოღების შესახებ, რომელიც ინტენსიურად გაავრცელებს ომთან დაკავშირებულ მაქსიმალურად ობიექტურ და აქტუალურ ინფორმაციას.

ფაქტია, რომ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებიდან დღემდე აქტიურად და ხშირად აგრესიულადაც იყენებს სწორედ ამ ადამიანურ ფაქტორს და აშშ-ის, გერმანიის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინისადმი სოლიდარულები და მისი მოკავშირეები ხდებიან. ასევე ფაქტია, რომ ამ პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. დასავლელი ლიდერების მიერ მათი ბოლოდროინდელი პოლიტიკა გადახედილია. უკვე არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ცალსახა შეცდომად შეაფასა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოსთან დაახლოებაზე უარის თქმა. დიდწილად სწორედ ამ სტრატეგიულმა შეცდომამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. განსაკუთრებით ნიშანდობლივი კი ჩემთვის ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტის, გერმანიის მთავრობის ყოფილი წევრის ურსულა ფონ დერ ლაიენის ამა წლის 14 სექტემბერს წარმოთქმული სიტყვებია:

„ომის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათ, ვინც პუტინს იცნობს:… ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ოპოზიციას ბელორუსში. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხმებს ევროპის კავშირის შიგნით – პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება".

ყირიმის ხიდის აფეთქება და დაბნეული პუტინი

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რის შესახებაც მსოფლიომ 8 ოქტომბერს გაიგო, რუსეთის ხელისუფლება კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. უკრაინის ხელისუფლებას ხიდის სარკინიგზო და საავტომობილო მიმართულებების დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ხოლო რუსული ვერსია ხიდის აფეთქების შესახებ ნაკლება საინტერესოა. ნაკლებსაინტერესოა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აგონიაში მყოფი პუტინის მთელირიგი ქმედებების მიზანი და მოტივაცია ბუნდოვანია (არ არის გამორიცხული, რომ საქმე გვაქვს პუტინის ვასალებს შორის შიდა საქმის გარჩევებთან და ამ გზით გავლენის მოპოვების მცდელობასთან). ალბათ უნდა შევეჩვიოთ მოცემულობას, რომ ასე იქნება უახლოეს მომავალშიც. ამავე დროს ბუნდოვანია მოტივაცია როგორც იმ ფაქტების, სადაც რუსეთის მონაწილეობა არაა დამტკიცებული – მაგალითად, „ჩრდილოეთის ნაკადების“ დაზიანების შესახებ, ასევე ბუნდოვანია მოტივაცია საჯარო ინიციატივების, მაგალითად რა პოლიტიკური პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს პუტინის ახალ წინადადებას ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების გზების გადამისამართების შესახებ. ამ ინიციატივით, ანუ ბუნებრივი აირის მსხვილი ნაკადების ევროპაში ჩრდილო ნაკადების მაგივრად თურქეთიდან მიწოდების შესახებ ის ასტანაში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა. ევროპისთვის აბსოლუტურად სულერთია საიდან მიაწვდის, უფრო სწორედ არ მიაწვდის რეპუტაციაშელახული რუსეთი ბუნებრივ აირს ევროკავშირს, ჩრდილოეთის თუ სამხრეთის მიმართულებებიდან და ევროპის სტრატეგიული გადაწყვეტილება რუსეთთან ენერგორესურსების შეზღუდვის შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

მორიგი ბლეფი პუტინისგან – სარაკეტო თავდასხმა მთელ უკრაინაზე, რაც ომზე გავლენას ვერ ახდენს

ყირიმის ხიდის აფეთქებას პუტინმა უკრაინის მასიური სარაკეტო თავდასხმით უპასუხა. როგორც პუტინმა განაცხადა, მათი მიზანი იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული და კავშირგაბმულობის კვანძები, თუმცა ყველამ დავინახეთ რომ დარტყმა სხვასთან ერთად საბავშვო მოედანსაც მიაყენეს. მანამდე უკრაინელებმა რაკეტების დაახლოებით ნახევარი ჩამოაგდეს. მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა, უკრაინა ასე აღარ დაშინდება. უფრო მეტიც, ეს სარაკეტო თავდასხმა გახდა დამატებითი მოტივაცია დასავლელი პარტნიორებისთვის (მაგალითად რამშტაინის ფორმატში გამართულ სისტემატურ ფორუმზე) უკრაინის მომარაგებისთვის, როგორც თავდაცვის ასევე შემტევი შეიარაღების თვალსაზრისით.

საქართველო

სწორედ ეს მოცემულობა უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ან უფრო ვრცლად რომ ვთქვათ საქართველოს განვითარების ხერხემალი. ამას კი გააზრებული პოლიტიკა და აქტიური დიპლომატია სჭირდება. უფრო კონკრეტულად კი ერთი მხრივ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულად უნდა წარიმართოს, ხოლო ქვეყნის გარეთ სისტემატურად უნდა პედალირებდე იმ გარემოებაზე, რომ საქართველო უსამართლოდ დაზარალდა აგრესორი პუტინის თავდასხმის შედეგად, დასავლეთის არსებულმა მხარდაჭერამ კი ამის ვერც პრევენცია და ვერც შედეგების აღმოფხვრა ვერ უზრუნველყო. სწორედ ამიტომ ეს მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს. 

და საგულისხმოა, რომ დასავლეთი ამისკენ მზაობას თავად აჩვენებს! იმავე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ზემოთ მოყვანილი სიტყვის დროს ისაუბრა იმ გარემოებებზეც, რომ უკრაინას აუცილებლად ჩართავენ ევროკავშირის ენერგეტიკულ, საკომუნიკაციო, ინფრასტრუქტურულ კავშირებში და უფრო მეტიც, გაუადვილებენ ევროპის ეკონომიკურ ზონაში მონაწილეობას. ეს არის უნიკალური შანსი და შესაძლებლობა საქართველოსთვისაც.

კოკი იონათამიშვილი
"საქართველო" – სამი ზღვის ინიციატივა