ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
კავკასიური ბაზარი: იდეა, რომელიც სერიოზულად გასათვლელია
#1(1), 2004
საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ წამოაყენა კავკასიური ბაზრის შექმნის იდეაც. ამ საკითხზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტების დროს თავის კოლეგებსაც ესაუბრა. აღნიშნულმა თემამ საზოგადოების და სპეციალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა თუ როდის და როგორ უნდა მოხდეს ამ იდეის რეალიზება, ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც უცნობია, რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ამგვარი პროექტის რეალიზება.

რას ნიშნავს საერთო კავკასიური ბაზარი
 

საერთო კავკასიური ბაზარი პირველ რიგში ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრირებას, ერთმანეთს შორის საბაჟო ტარიფებისა და სხვა შეზღუდვების გაუქმებას, მსგავსი ეკონომიკური კანონმდებლობის ქონასა და ერთნაირი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ნიშნავს. როგორც აღინიშნება, საერთო კავკასიური ბაზარი განსაკუთრებით მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისათვის უნდა იყოს. თუკი მათთვის ცალკე სომხური თუ ქართული ბაზარი ძალზედ პატარაა, ერთიანი ამიერკავკასია უკვე იმ მასშტაბებს იძენს, რომლის ფარგლებშიც მოქმედება საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

საერთო კავკასიური ბაზრის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი სააკაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს თანამშრომლობის გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე დღეს კეთდება. "ჩვენ კონკრეტული ეკონომიკური პროექტები გვაქვს. დღემდე ჩვენი ურთიერთობა ძალიან თბილი იყო, თუმცა მაინც ნავთობით სარგებლობას ეფუძნებოდა. ეს ურთიერთობა მხოლოდ ნავთობსადენით და გაზსადენით ან, უბრალოდ, ენერგეტიკული პროექტით არ უნდა შემოიფარგლოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს აინტერესებს, როგორც მისი პროდუქციის გასაღების ბაზარი და ასეთივე ინტერესი აქვს აზერბაიჯანსაც.

სააკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი ეკონომიკური სივრცის სახით უნდა იყოს განხილული. აზერბაიჯანს, როგორც დინამიურად მზარდ ბაზარს აუცილებლად სჭირდება საქართველო, მისი კომუნიკაციები. სააკაშვილის წინადადებით, შეიქმნება ორი ქვეყნის სამთავრობო კომისია, იმისათვის რომ ორი წლის ვადაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღარ იარსებოს საბაჟო ბარიერებმა და ეკონომიკურმა საზღვრებმა.

უკვე საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "სომხეთთანაც უნდა შევძლოთ ანალოგიური ურთიერთობების დამყარება, რადგან საქართველო სომხეთისთვის არის ფანჯარა გარესამყაროსთან, რაც ასევე უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს შეუძლია შექმნას ერთიანი კავკასიური ბაზარი", - აღნიშნა სააკაშვილმა. ეს განცხადება არ იყო შემთხვევითი.

აზერბაიჯანის შემდეგ სააკაშვილი სომხეთს ეწვია და საერთო კავკასიური ბაზრის შექმნის იდეა სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსაც გააცნო.
საერთო კავკასიურ ბაზართან დაკავშირებით ბევრი რამ გაურკვეველია და ამაზე პირველ რიგში ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ექსპერტებმა უნდა იმუშაონ, დასავლეთელი სპეციალისტების დახმარებით. კავკასიური ბაზრის ფორმირების საქმეში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად სწორედ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი მიიჩნევა. თუმცა, რიგი ექსპერტების აზრით, ეს არ უნდა მივიჩნიოთ ბაზრის ფორმირების საქმეში გადაულახავ დაბრკოლებად.

საერთო ბაზარი ევროკავშირში ინტეგრირების დასაჩქარებლად

იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ეკონომიკურად საკმაოდ სუსტია და თანაც განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური ორიენტირები გააჩნიათ, საერთო ბაზრის შექმნის იდეა პირველ რიგში რეგიონის გარეთ მდებარე გავლენიან ძალებთან ურთიერთობაზეა გათვლილი.
რადგანაც საქართველოს ახალი ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად აყენებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირების საკითხს, კავკასიური საერთო ბაზრის ფორმირებაც სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივების თვალსაზრისით უნდა მოვიაზროთ.

"ევროკავშირის მომავალი წევრები სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უნდა გახდნენ, საქართველო კი მათი ლოკომოტივია", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრატისლავაში 18-19 მარტს გამართულ კონფერენციაზე და ამით კვლავ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავარ საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტს. საქართველოს მთავრობა ბოლო დროს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე გამოთქვამს, თუმცა ისიც ცხადია, რომ ევროპული ამოცანის შესასრულებლად საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ეს მით უფრო შეიძლება ითქვას საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე ამიერკავკასიაში _ სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს უკანასკნელი საქართველოზე უფრო შორს დგას ევროსტანდარტებისაგან, სომხეთში კი დიდ ენთუზიაზმს არ გამოხატავენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს გასაგებიცაა: ერევანი იძულებულია ანგარიში გაუწიოს თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - რუსეთს.

ევროკავშირს უყვარს არა ცალკეულ ქვეყნებთან, არამედ ქვეყანათა გარკვეულ ჯგუფთან ურთიერთობა და გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ რეგიონთან დაკავშირებით. თეორიულად სამხრეთ კავკასიაც შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ რეგიონად, რომლის სამ ქვეყანასაც ბალტიის ქვეყნების მსგავსად ერთად მიიღებენ ევროკავშირში.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთო ეკონომიკური ბაზარი ვერ ჩამოყალიბდება შესაბამისი პოლიტიკური ინტეგრაციის გარეშე. აქ პირველ რიგში შეიძლება გავიხსენოთ ამ რამდენიმე წლის წინ ბრიუსელში ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული "კავკასიის სტაბილურობის პაქტი", რომელიც ფაქტობრივად სამხრეთ კავკასიის კონფედერაციის შექმნას ითვალისწინებდა. ეს გეგმა მაშინ სასტიკად გააკრიტიკეს საქართველოში და ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებლად მიიჩნიეს.

საერთო კავკასიურ ბაზარში, გარდა ამიერკავკასიის სამი ქვეყნისა, რუსეთის ჩართვაც მოიაზრება. გამოითქმის ვარაუდი, რომ ერთიან ბაზარში რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაც ჩართოს. დგება საკითხი ამ რეგიონული ბაზრის მიმართ თურქეთის და ირანის დამოკიდებულების შესახებ.

კითხვები კავკასიურ ბაზართან დაკავშირებით

ბუნებრივია, ერთიანი ბაზრის ფორმირების პერსპექტივების განხილვისას დგება საკითხი, თუ რამდენად ხელსაყრელია ამ მიმართულებით წასვლა თავად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყანას ჯერ სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბების პრობლემები ვერ გადაუწყვეტია ბოლომდე. რამდენად გამართლებულია ასეთ პირობებში რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებაზე ფიქრი?

გარდა ამისა, რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაცია თუკი ქვეყნისათვის მომგებიანია ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, არსებობს ე.წ. "ოთხთა კავშირი" (რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, უკრაინა), რომელიც სწორედ საერთო ბაზრის პრინციპზეა აგებული და მასთან შეიძლება მიერთება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა აზრი ქონდა საბჭოთა კავშირის დაშლას, ანდა რა შუაშია ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების პრიორიტეტულობაზე ლაპარაკი? ალბათ უკეთესი იქნება, თუ ნებისმიერი პოლიტიკური და მით უმეტეს ეკონომიკური იდეა, სანამ ლოზუნგის ფორმით შესთავაზებენ ქვეყანას, კარგად იყოს გათვლილი მისი პლიუსებითა და მინუსებით.

დავით მალხაზიშვილი