ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
”მაგთის” და ”სილქნეტს” სერვისის გაძვირების უფლებას არ აძლევენ - #4(57), 2018
რა არგუმენტები აქვს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

ახალი წლიდან სხვადასხვა პროდუქციის გაძვირების ანონსს ფეხი აუწყო მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებმაც. მას შემდეგ რაც უკვე გაძვირდა სიგარეტი, მოიმატა პურის ფასმა, გამოცხადებულია, რომ თებერვლიდან გაზის ტარიფი მოიმატებს კომერციული მომხმარებლებისთვის, „მაგთიმ“ და „სილქნეტმა“ აგრეთვე „სიურპრიზი“ დაუანონსა მომხმარებელს.
 
კომპანიების გავრცელებული განცხადებების მიხედვით, მომხმარებელს უკეთეს პროდუქტს სთავაზობენ, რაშიც მეტი უნდა გადაიხადონ. სერვისის გაძვირების შესახებ განცხადებები გაავრცელეს „მაგთიმ“ და `სილქნეტის~ საკუთრებაში გადასულმა `ჯეოსელმა~. საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზრის მესამე მოთამაშემ – „ბილაინმა“ განაცხადა, რომ კომპანია სატარიფო გეგმაში ცვლილებებს არ აპირებს. პარალელურად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ბილაინი“ სულაც ბაზრის დატოვებას გეგმავს. ამ ინფორმაციამ პირველ რიგში ისევ მომხმარებელი შეაშფოთა. თავის დროზე სწორედ „ბილაინის“ შემოსვლა გახდა მნიშვნელოვანი მიზეზი კავშირგაბმულობის ბაზარზე კონკურენცია სატარიფო პოლიტიკაში გადაზრდილიყო და „მაგთის“ და „ჯეოსელს“ სერვისის ფასები საგრძნობლად გაეიაფებინა. მოგვიანებით, „ბილაინმა“ საქართველოს ბაზრის დატოვების ვერსია უარყო, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც „მაგთის“ და „ჯეოსელს“ ამ ეტაპზე სერვისის გაძვირების უფლება არ მისცა, თუმცა, შექმნილმა სიტუაციამ სამივე კომპანიის აბონენტებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად მისცა. 

რას აპირებენ "ჯეოსელი" და "მაგთი"

კომპანია „ჯეოსელის“ მიერ 21 იანვარს გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ „ჯეოსელის“ აბონენტებს მომსახურების საფასური გაეზრდებათ. კომპანიაში განაცხადეს, რომ ტარიფის ზრდა უკავშირდება გარკვეული სერვისების გაფართოებას, ასევე მობილურ ქსელში 4.5 GG ტექნოლოგიის დანერგვას.

სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შედეგად, „ჯეოსელის“ აბონენტებს მობილური სერვისის „ახალი პაკეტი მეტი S“ 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი დაუჯდებათ. „ახალი პაკეტი მეტი M“-ის საფასური15 ლარი გახდება, აქამდე იგივე პაკეტის ღირებულება 10 ლარია. „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი 25 ლარის ნაცვლად 30 ლარამდე მოიმატებს. კომპანია „ჯეოსელი“ აღნიშნულ ცვლილებას მარტიდან აპირებდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სატარიფო ცვლილებაზე თანხმობა არ მისცა.

რაც შეეხება კომპანია „მაგთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი აბონენტები „მარტივი 25“-ის ნაცვლად, განახლებულ 30-ლარიან პაკეტს მიიღებენ. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მომხმარებელს მეტი მოცულობის მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მბ-ის ნაცვლად, გაძვირებულ პაკეტში 1 500 მბ იქნება. კომპანია `მაგთი~ სატარიფო ცვლილებას 18 თებერვლიდან გეგმავდა.

ორივე კომპანიის განცხადების მიხედვით, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.

დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, კომპანიები შემოიღებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურსაც, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე – 1 ლარი ეღირება. ნომრის მომსახურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში აბონენტის ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, არ გაუქმდება და მომსახურება შეუზღუდავად იქნება ხელმისაწვდომი.

რა ხდება "ბილაინში"

კომუნიკაციების ბაზრის მესამე, შედარებით ნაკლები წილის მფლობელი „ბილაინი“ მოცემულ მომენტში სატარიფო პოლიტიკის ცვლილებას არ აპირებს. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნიდან გასვლასაც არ გეგმავენ, თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა 24 იანვარს სწორედ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ბილაინს“ ქართული ბაზარი  გარკვეულწილად  მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდა და გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა. 

„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია. იცით რომ „თელია სონერა“ გავიდა ბაზრიდან, ამის მერე „სილქნეტმა“ შეისყიდა „ჯეოსელი“, მანამდე კი –  2 წლის განმავლობაში, როცა „თელია სონერა“ გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა „ჯეოსელი“. ასევე, დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ „ბილაინს“ არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს. შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება. ამიტომაც, აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ბექაურმა.

ბექაურის პასუხად კომპანია „ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ განაცხადა, რომ მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინის” გაყიდვის შესახებ წინადადება ამ ეტაპზე არ არსებობს, შესაბამისად, კომპანია  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქართველოს ბაზარზე საქმიანობას. 

„ბილაინი~ ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და 1.3 მილიონი მომხმარებლის მომსახურებას 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. 2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს~, – აღნიშნა სოფო ბალავაძემ.

მისი თქმით, „ბილაინი~ დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი სხვა ჯგუფის შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა. თუმცა, ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს.

„კომპანია განაგრძობს განვითარებას, რათა შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის~, – განაცხადა ბალავაძემ.

ასევე, მისი თქმით, ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ბილაინი~ ამ ეტაპზე ტარიფების გადახედვას არ გეგმავს.

„ბილაინი~ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, საქართველოში „ბილაინი~ კომპანია „ვიონ საქართველოს~ წარმოადგენს. „ბილაინი~ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის მესამე ადგილს იკავებს. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა 5,3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიცია

მას შემდეგ, რაც „მაგთიმ“ და „ჯეოსელმა“ სატარიფო პოლიტიკის ცვლილების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, საკითხს გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისია.  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ  „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მიერ პაკეტების საფასურის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
 
„ბაზარზე არსებული წინასწარი მდგომარეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ფასები გაიზარდოს. ჩვენ ყველანაირი ბერკეტი გვაქვს, თუ ასეთ არაკანონზომიერ ქმედებას ექნება ადგილი, ეს ქმედება აღვკვეთოთ. მაქვს იმედი, რომ კომპანიები არ გააკეთებენ ამას და ვიდრე კომისიასთან არ გაივლიან ამ საკითხებს, არ გააძვირებენ ტარიფებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებელზე ბოროტად გამოიყენონ და 2-3 თვის განმავლობაში მაინც დავაბრუნებთ მათ კანონზომიერების ჩარჩოებში და გვაქვს ამის ბერკეტები“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ცვლი­ლება კომისიის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდეს.

„ბაზარზე გარკვეულწილად აქამდე განუკითხაობები იყო, ტარიფი ტარიფი არ იყო, ხარისხი ხარისხი არ იყო, რასაც აწვდიდნენ მომხმარებლებს. ეს ყველაფერი მოწესრიგების პროცესშია და დასრულების ეტაპზეა. როგორც ჩანს, გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ, იქიდან გამომდინარე, რასაც აქამდე ახორციელებდნენ და გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებენ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ბექაურმა.

როგორია "მაგთის" და "სილქნეტის" საბაზრო წილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ განახლებადი სტატისტიკაა განთავსებული.

2018 წლის მონაცემებით, ბაზრის ყველა ძირითად სეგმენტს „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ ინაწილებენ.

მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „მაგთიკომს“ 1 978 881 აბონენტი ჰყავს (ბაზრის 40 პროცენტი), „სილქნეტს“ („ჯეოსელი“) კი 1 733 198 აბონენტი (35.6 პროცენტი). ორივე კომპანიის წილი ჯამში 75.6 პროცენტს შეადგენს. „ბილაინის“ წილად ბაზრის დაახლოებით 24% მოდის, რომელიც მხოლოდ მობილურ კავშირგაბმულობის ბაზარზეა წარმოდგენილი და „მაგთის“ და „სილქნეტისგან“ განსხვავებით ინტერნეტის თუ საკაბელო ტელევიზიის სერვისი არ აქვს. 

მობილური კავშირისგან 2018 წლის ნოემბერში „მაგთიკომის“ შემოსავალმა 18,2 მილიონი ლარი შეადგინა, „სილქნეტის“ კი 14,2 მილიონი ლარი შეადგინა. 

ინტერნეტის სეგმენტში „მაგთიკომს“ 371 ათასი აბონენტი ჰყავს (ბაზრის 45 პროცენტი), „სილქნეტს“ 275 ათასი აბონენტი (33,6 პროცენტი). ორივე კომპანიის წილი ჯამში 78,6 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის ნოემბერში „მაგთიკომის“ შემოსავალმა ამ კუთხით 9 მილიონი ლარი შეადგინა, „სილქნეტის“ 7,2 მილიონი ლარი.

ფიქსირებული კავშირგაბმულობის სეგმენტში „სილქნეტს“ 299 904 აბონენტი ჰყავს (ბაზრის 51,4 პროცენტი), „მაგთიკომს“ 125 896 აბონენტი (ბაზრის 21,5 პროცენტი). ორივე კომპანიის წილი ჯამში 72,9 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის ნოემბერში „მაგთიკომის“ შემოსავალმა 1,8 მილიონი ლარი, „სილქნეტის“ კი 259 ათასი ლარი შეადგინა.

ლიდერობენ კომპანიები მაუწყებლობის ტრანზიტის კუთხითაც. „მაგთიკომს“ 308 ათასი აბონენტი ჰყავს (48,9 პროცენტი), „სილქნეტს“ 223 ათასი აბონენტი (35,4 პროცენტი). ორივე კომპანიის წილი 84,3 პროცენტს შეადგენს. „მაგთიკომის“ შემოსავალმა 4,2 მილიონი ლარი შეადგინა, „სილქნეტის“ 3,1 მილიონი ლარი.

"სილქნეტის" პასუხი მარეგულირებელ კომისიას

რაც მარეგულირებელმა კომისიამ „მაგთის“ და „ჯეოსელის“ მხრიდან სერვისის დაანონსებული გაძვირება გააკრიტიკა, განცხადება გაავრცელა „ჯეოსელის“ მფლობელმა კომპანია „სილქნეტმა“. 

„საზოგადოებას გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ კომპანია `სილქნეტის~ მთავარი პრიორიტეტია აბონენტთა ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების და პაკეტების შეთავაზება.

ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. `სილქნეტის~ თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი გაერთიანებული პაკეტები, რაც საზოგადოებას 2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ.

ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენ ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული, ასევე მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა.

მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავმჯდომარესთან `სილქნეტის~ მენეჯმენტის ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ: 1) დაველოდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს; 2) კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების საშუალებით.

იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევები გონივრულ ვადებში ჩატარდება და მოგვცემს სწორი სურათის დანახვის საშუალებას. აქვე, გვინდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი დავაფიქსიროთ, რომ ახალ პაკეტებში მოხდა ინტერენტის ერთეულის ფასის გაიაფება და არა გაძვირება. 

`სილქნეტი~ იმედს იტოვებს რომ კვლევები გონივრულ ვადებში დასრულდება და მათ დასრულებამდე ვაკეთებთ განცხადებას ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მობილური სერვისების შესაძლო გაძვირებას გამოეხმაურა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. მათი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მიზეზი ტარიფების გასაზრდელად, ვინაიდან კომპანიების ხარჯები მუდმივად მცირდება.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია და იგი კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპანიები მიზანმიმართულად და დაუსაბუთებლად ცდილობენ მომსახურების გაძვირებას და შედეგად მნიშვნელოვნად აზარალებენ მომხმარებელს.

„ორი კონკურენტი კომპანია ერთდროულად აანონსებს მომსახურებებზე ტარიფების ზრდას, რაც შეთანხმებული მოქმედების და კარტელური გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს. მიზეზი, თითქოს ტარიფების ზრდასთან ერთად მომსახურებაც უმჯობესდება, აბსურდულია და საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად. ბოლო წლების განმავლობაში მობილურ ოპერატორებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, მათ შორის, 2018 წლიდან მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აქციზი სრულად გაუქმდა. ხარჯების შემცირების კვალდაკვალ, უნდა შემცირებულიყო ტარიფებიც, თუმცა როგორც ვხედავთ, მაღალი მოგების მიღების მიზნით, კომპანიები დაუსაბუთებლად კიდევ უფრო ზრდიან მას.

ასევე, მიუღებელია საბითუმო ინტერნეტზე და IP ტელევიზიაზე ტარიფების ზრდა, ვინაიდან 2018 წლიდან კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტზე ტარიფი გაუნახევრა, ხოლო „სილქნეტი“ თავად ყიდის საბითუმო ინტერნეტს, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული ხარჯები.

კომპანიების მსგავს, თავაშვებულ ქმედებას, განაპირობებს ის, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფაქტობრივად ოლიგოპოლიური მდგომარეობაა და „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ მთლიანი ბაზრის, დაახლოებით, 75%-ს აკონტროლებენ. მათ შორის, მობილური ოპერატორების ბაზრის 75%, ინტერნეტბაზრის 78% და IP ტელევიზიის 83% სწორედ აღნიშნულ ორ კომპანიაზე გადანაწილებული“, – აცხადებენ „აფბაში“.

„ჯეოსელისა“ და „მაგთის“ გადაწყვეტილებას, ბაზარზე აქამდე არსებული დემპინგური ფასებით ხსნის და ახალი რეგულაციებით მოტივირებულს უწოდებს. მისი თქმით, 15 იანვარს ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში, რაც ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის ვალდებულებას გულისხმობს. ამან კომპანიები ახალი რეალობის წინაშე დააყენა. 

„თუ კომპანია აქამდე დემპინგს აკეთებდა და აფინანსებდა მაღალი საბითუმო ტარიფებით, ახალი რეგულაციით ეს საშუალება მოესპო. იმისთვის, რომ ამ კომპანიებმა რეალურ ხარჯებზე დასვან თავისი საცალო ტარიფები, იძულებულები არიან ფასებს მოუმატონ“, – ამბობს უჩა სეთური „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას და კარტელურ გარიგებას გამორიცხავს.

ამ სიტუაციაში სიტყვა კომუნიკაციების კომისიას ეკუთვნის. კანონმდებლობით, სწორედ მან უნდა დაადგინოს ტარიფები, რადგან თავისუფალი საბაზრო პრინციპები მობილურ კავშირგაბმულობას არ ეხება და ტარიფები რეგულირებულია. შესაბამისად, აბონენტებსაც ისღა დარჩენიათ კომისიის დასკვნას დაელოდონ. თუმცა, თუკი კომპანიებს ხარჯები რეალურად აქვთ და კომისია მათ ტარიფის შესაბამისად მომატების საშუალებას არ მისცემს, აბონენტები გარანტირებულად გაუარესებულ სერვისს უნდა ელოდონ. საკუთარი ჯიბის ხარჯზე არცერთი ბიზნესი არ მუშაობს და საბოლოო ჯამში სწორედ მომხმარებელი ზარალდება.

თემურ იობაშვილი