ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ ამირან ნაცვლიშვილთან – #1(1), 2004
მინი-დოსიე

დაიბადა ქუთაისში 1950 წელს. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში (1967 წ.) მუშაობა დაიწყო ავტოქარხანაში, სადაც სწავლის დამთავრებამდე საამქროს უფროსის თანამდებობას მიაღწია. იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. იქიდან დაბრუნების შემდეგ აირჩიეს ქუთაისის კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად, პარტიის საქალაქო კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილედ.

1982 წელს დაინიშნა სატრაქტორო ქარხნის დირექტორად.

1991-93 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში კერძო ბიზნესში. შემდეგ ისევ ქუთაისში დაბრუნდა ქალაქის პირველი ვიცე-მერის რანგში.

1995 წლის გაზაფხულზე დაინიშნა ავტოქარხნის გენერალურ დირექტორად.

არის პარიზის კლუბის წევრი. დაჯილდოებულია საერთაშორისო ოქროს ვარსკვლავით "საუკეთესო ხარისხისათვის" (პარიზი, 1998 წ.) და სპეციალური პრიზით "კომერციული პრესტიჟისათვის" (მადრიდი, 1998 წ.).  


კორ. - ბატონო ამირან, თქვენ 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში კერძო ბიზნესში მოღვაწეობდით. ალბათ ცოტათი უნდა გაგჭირვებოდათ მუშაობა, საბაზრო ეკონომიკასთან შეხების პრაქტიკის არარსებობის გამო.

ა.ნ.
- რა თქმა უნდა. როცა პერესტროიკა დაიწყო, საბჭოთა ავტოქარხნების დირექტორებთან ერთად მოკლევადიანი სტაჟირებით გამიშვეს კალიფორნიის უნივერსიტეტში. იქ გატარებულმა დრომ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ ხომ ჩაკეტილ სისტემაში ვმუშაობდით _ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და კაპიტალისტური სამყარო ასე ახლოს არ იყო ჩვენთან.

- ბუნებრივია, თქვენ მხოლოდ სატრაქტორო ქარხნის დირექტორად მუშაობის გამოცდილება გქონდათ.

- კი, მაგრამ საქართველოში მაშინ არც არავინ იცოდა, რომ ქუთაისის სატრაქტორო ქარხანა მანქანათმშენებლობის დარგში ექსპორტის ერთ-ერთი პიონერი იყო. იმ წლებში ჩვენ ტრაქტორები გადავტვირთეთ აშშ-ში, კანადაში, ფინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში.

- როცა უცხოეთთან ამყარებდით ასეთ კონტაქტებს, მათ თქვენი პროდუქცია სიიაფის გამო იზიდავდა, თუ კონკურენტულ გარემოს კიდევ სხვა მიზეზების გამო ძლევდით?

- ბიზნესში ყველა უნდა ცდილობდეს, რომ გლობალურ ბაზარზე თავისი სეგმენტი დაიჭიროს. ჩვენ ამ მხრივ საფუძველი გვქონდა, ვინაიდან ქარხანა იყო კონკურენტუნარიანი. ქუთაისის სატრაქტორო ქარხანა მაშინ ევროპული დონის წარმოებათა რიგს ეკუთვნოდა. ჩვენ მაშინ იტალიური ფირმა "გოლდონისაგან" ლიცენზია გვქონდა შეძენილი და საწარმოში არსებული ჩარხ-დანადგარებიც შესაბამისი გაგვაჩნდა.

ცნობილი მოვლენების მიზეზით ჩვენში მრეწველობამ სტაგნაცია განიცადა და დაიკარგა მსოფლიო ბაზრის ის სეგმენტიც და კიდევ ბევრი რამ. სხვათა შორის, დსთ-ის სივრცეში ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას - საქართველოს მრეწველობა, რომელიც მეზობლებში შურს იწვევდა, დღეს აღარ არსებობს. კარგი იყო ჩვენი მრეწველობის ტრანსფორმაცია მოგვეხდინა საბაზრო პირობებში და ამ სიტყვებს ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ ექნებოდა.

- ჩვენი ამ გასაჭირის ერთ-ერთ ობიექტურ მიზეზად ალბათ სსრკ-ს დაშლა უნდა ვიგულისხმოთ.

- სამეურნეო კავშირების მოშლა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, მაგრამ ურთიერთობის თვაალსაზრისით ახალ პირობებში ამ კავშირების აღდგენა უფრო მოსახერხებელია. ბიუროკრატიული ბარიერები არ არსებობს, მაგრამ უკვე იმდენი დავკარგეთ, რომ ამ კავშირების ახალ რელსებზე გადაყვანა ძალიან ძნელია.

- ცნობილია, რომ როცა თქვენ უკვე ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორად დაინიშნეთ, სწორედ ახალი კავშირების დამყარებაზე დაიწყეთ ზრუნვა.

- დღევანდელი გადასახედიდან მინდა ერთი რამ ვაღიარო - მაშინ რომ მცოდნოდა, ავტოქარხნაში ისეთი მდგომარეობა იქნებოდა, რაც იქ რეალურად დამხვდა, არ დავტოვებდი წინა სამსახურს. პრინციპში, ძალიან ცოტა დრო დამჭირდა იმ ჭეშმარიტების დასადგენად, რომ ქუთაისის ავტოქარხნის სერიული პროდუქცია დასამარებული იყო. 1993-94 წლებში პრაქტიკულად შეწყდა ამ ავტომანქანის არა თუ მასიური, არამედ სერიული წარმოებაც.
ჩვენი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ის იყო, რომ არ ჩამოვეკიდეთ ამ პროდუქციას. სასწრაფოდ შევუდექით ალტერნატიული გზების მოძიებას და საბედნიეროდ, არცთუ წარუმატებლად. ჩვენი ძირითადი ბაზარი დსთ-ის ქვეყნებში იყო და ხელი არ გვიკრავს მისთვის. იქ სათადარიგო ნაწილების მხრივ დღემდე რაღაც სექტორს ვინარჩუნებთ.
 
გავხსენით სრულიად ახალი მიმართულება - ექსპორტი ევროპაში. დავიწყეთ ე.წ. კომპონენტების წარმოება, მოვძებნეთ ათამდე დამკვეთი გერმანიასა და იტალიაში, რომლებსაც 1996 წლიდან დღემდე ვამარაგებთ საჭირო პროდუქციით. ეს კი როგორც მენტალურად, ასევე ტექნოლოგიურად დაგვეხმარა ტრანსფორმაციაში.

დასამალი არ არის, რომ ჩვენი ტექნოლოგიები, სიზუსტეები, დაშვებები, მასალები, შრომის ორგანიზაცია, ხარისხის სისტემები არ იძლევიან კონკურენტუნარინი პროდუქციის შექმნის საშუალებას. ამ ახალი მიმართულებით წარმოების მომზადების პროცესში ჩვენ ყველა ეს წინააღმდეგობები დავძლიეთ - კონტაქტები დავამყარეთ, სპეციალისტები გავცვალეთ.

ამას გარდა, ადრე ავტოქარხანა იშვიათად მუშაობდა შიგა ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ ამ სექტორშიც ვართ კონკურენტუნარიანები. დღეს საქართველოს ყველა ელექტროსადგური, რკინიგზა, მეტროპოლიტენი, პორტი, მადნეულის კომბინატი, ე.ი. ის ობიექტები, ვისაც ძირითადი ფონდების საექსპლოატაციო დონის შენარჩუნება სჭირდება, ჩვენი დამკვეთებია - ჩვენ მათთვის კარგი შემსრულებლები აღმოვჩნდით.
 
პარალელურად საავტომობილო სექტორსაც მივუბრუნდით. ყველამ იცის, რომ ქუთაისში საავტომობილო საქმის აღორძინებას ფანტასტიკური მასშტაბის ინვესტიციები სჭირდება. არის ასეთი სტანდარტიც - ახალი ავტომობილის ათვისება ავტოინდუსტრიაში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ჯდება. ჩვენი ავტოქარხნის ბოლო გადაიარაღების ჯამური ღირებულება კი 500 მილიონ დოლარს აღემატება.
 
ჩვენ მოვძებნეთ მცირე ინვესტიციის საშუალებით ავტოპროფილის შენარჩუნების გზა. ესაა საამწყობო წარმოების გამართვა. შევჩერდით ინდურ ჯიპებზე. შემთხვევით არც მწარმოებელი შეგვირჩევია. აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებაზე. ამიტომ შევარჩიეთ შედარებით მოკრძალებული ფასისა და ნორმალური საექსპლოატაციო მაჩვენებლების მქონე მოდელი "ბოლერო".

ჩვენ მოვსინჯეთ ერთგვარი პილოტ-პროექტი - აწყობა, გამოშვების გაზრდის კვალობაზე ორიგინალური დეტალების ადგილზე დამზადება. არ ვამბობთ, რომ ამ ინდურ "ბოლეროზე" ჯვარი გვაქვს დაწერილი. ასეთი სქემით ნებისმიერი მოდელის ავტომობილის წარმოებას შეიძლება შეეჭიდოს კაცი.

- ბევრში კამათს არ იწვევს მოსაზრება, რომ წარსულში ინდუსტრიულ გიგანტებად ცნობილ წარმოებათა დირექტორები ჯართის ბიზნესზე გამდიდრდნენ. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ სფეროსთან?

- მე მაქვს მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დასკვნა, სადაც წერია, რომ ტექნოლოგიური დანადგარი, რომლის სამსახურის ვადა 20 წელზე მეტია, ითვლება ჯართად. ქუთაისის ავტოქარხანაში ამაზე ახალი ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია და ამ შეფასებით იგი მთლიანად ჯართია. მე ამას ვერ დავეთანხმები, თუმცა ერთიც უნდა ვთქვა: 145 ჰექტარზე განლაგებული, მარტო სახურავს ქვეშ მოქცეული ობიექტების საწარმოო ფართი არის 500 ათასი კვ.მ. ტექნოლოგიური ენერგოდანადგარების რიცხვი 5000 ერთეულს არ აღემატება. 10-12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ავტომობილს არ ვუშვებთ და დღეს ილუზიები აღარ უნდა გვქონდეს, რომ ძირითადი ფონდების ძალიან დიდი ნაწილი როდესმე დაგვჭირდება.

დღეს, როცა საბრუნავი საშუალებებისა და შემოსავლების ქრონიკული დეფიციტია, ჯართის გაყიდვა დანაშაული არაა. მსოფლიოში ჯართის ბიზნესი ერთ-ერთი წარმატებული სფეროა. ის კი არაა მთავარი, ჯართს რომ ყიდი, მთავარია, რას ახმარ ამ შემოსულ სახსრებს.

ჩვენ წლიურად 2500-3000 ტონა ნაგლინს ვყიდულობთ. ლითონის ცხელი და ცივი დამუშავების არსებული ტექნოლოგიებით 45-50% არის ნარჩენები, ე.ი. ჯართი. რა ვუქნათ ამ ნარჩენებს, შევინახოთ? ბოლო სამი წლის განმავლობში ავტოქარხნიდან რეალიზებულია მარტო 3000 ტონა ლითონის ბურბუშელა.

- ცნობილია თქვენი კონტაქტების შესახებ მსოფლიო სამანქანათმშენებლო გიგანტთა მესვეურებთან. ძირითადად რა უშლიდა ხელს მათთან წარმოებულ მოლაპარაკებებს?

- შემიძლია გითხრათ, რომ დეტროიტიდან დაწყებული თურქული ბურსათი დამთავრებული, ავტომობილის ყველა მსხვილ მწარმოებელ კომპანიასთან გვქონდა კონტაქტები. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად შეხვედრა მქონდა "ფიატის" მფლობელ ანიელისთან. ძალების ორწლიანი მოსინჯვა სამწუხაროდ უარის თქმით დამთავრდა. სპეციალურად მიმიწვიეს მოსკოვში, რათა გადამეცა ედუარდ შევარდნაძისათვის მათი უარყოფითი პასუხი.

ამას გარდა, ავტოქარხანაში ჩამოსული იყო "ჯენერალ მოტორსის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი. კაცმა სამი დღე დაჰყო ქარხანაში და მეტად საინტერესო დასკვნა გააკეთა. ჯერ ერთი, მათთვის რუსეთის ბაზარზე შესვლის პირობები ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო და მეორე, ხელს ვერ მოვკიდებთ დიდ გადაიარაღებას. შევიდა იგი ერთ-ერთ კორპუსში და მეუბნება - ას ნაბიჯს გადავზომავ წინ და 25 ნაბიჯს გვერდზე. ამ ფართით დავიწყებ, მოგიყვანთ პოლიეთილენის პაკეტში შეფუთულ ერთ მანქანას, რომელსაც სალონში ექნება ოთხი საბურავი. დააყენებთ ამ საბურავებს და გაყიდით, მერე 5-ს მოგიყვანთ, მერე 15, 20 და ა.შ.
 
გვქონდა ძალიან მიახლოებული ალიანსი გერმანულ კონცერნ "მანთან". შტუტგარტში პირადად შევხვდი "დაიმლერ კრაისლერის" ძალიან მაღალი დონის მენეჯერებს. ყურადღებით მოისმინეს ჩვენი წინადადებები და სამწუხაროდ, საექსპერტო დასკვნის შედგენის დავალება მისცეს თავიანთ თურქულ ფილიალს. ჩამოვიდნენ თურქეთიდან ექსპერტები და დამშვიდობების დროს გვითხრეს, თქვენთან თუ ინვესტიციები ჩადეს გერმანელებმა, მაშინ ჩვენ რაღა გავაკეთოთო. ამიტომ პირდაპირ განაცხადა იმ კაცმა, რომ შტუტგარტში უარყოფით პასუხს გააგზავნიდა.

- რა პირობებია საჭირო საიმისოდ, რომ უცხოელებმა მსხვილი ინვესტიცია გაბედულად ჩადონ თქვენს წარმოებაში?

- ქვეყანა თუ არ მოწესრიგდა, არ სურთ აქეთ წამოსვლა. ჩემთვის მაქვს ჩამოწერილი ინვესტიციის მოზიდვის ათი უმთავრესი პირობა. რომ მიგვაჩნია იაფი მუშახელი უმთავრეს ფაქტორად, ჩემთან ეს მეშვიდე ადგილზეა. იაფი მუშახელი დაბალი ხარისხის პროდუქციაა. ეს კი თავის მხრივ დიდ უპირატესობას არ წარმოადგენს ჩვენს დარგში.

პირველი არის ბაზრის მოცულობა. საქართველოს, თუნდაც მთლიანად ამიერკავკასიის ბაზარი თანამედროვე მარკის ავტომობილებისათვის საინტერესო არაა. არც პოლიტიკურ სტაბილურობას აქვს პატარა მნიშვნელობა. რევოლუციები ძალიან მოგვწონს და პოლიტიკოსები ამას ოპტიმისტურად აფასებენ, მაგრამ რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები და კარგი შედეგები ჰქონდეს რევოლუციას, ბიზნესი ყოველთვის ძალიან ფრთხილად ეკიდება ყოველივეს.

- რას იტყოდა მენეჯერი ამირან ნაცვლიშვილი ბიზნესმენ ამირან ნაცვლიშვილზე?

- ვარ ძალიან კრიზისულ სიტუაციაში მყოფი საწარმოს დირექტორი. ჩემი მთავარი საფიქრალია გამოსავლის ძიება. ნახსენებ კრიზისს ობიექტური ფაქტორებიც განაპირობებენ. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სტრატეგია შემდეგში მდგომარეობდა - ნედლეულს ვიძენდით იქ, სადაც იგი დედამიწაზე ყველაზე იაფი იყო (რუსეთი და უკრაინა),  ვახდენდით მის გადამუშავებას საქართველოში, სადაც შრომითი და ენერგეტიკული რესურსები არც ისე დიდია და პროდუქციის რეალიზაციას ვაკეთებდით ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ყველაზე ძვირია.

ეს სქემა პრაქტიკულად დაიშალა - ძალიან გაძვირდა ლითონი, ხოლო ევროს კურსის მატებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ უკანასკნელმა ფაქტორმა ევროპული ფირმების საექსპორტო ბიზნესი უკან დახია. გერმანიაშიც კი, რომელიც ევროპის ეკონომიკურ "ლოკომოტივად" ითვლება, წლიური მატება ერთ პროცენტს არ აღემატება. იგივე სიტუაციაა იტალიაშიც.

ამ მოვლენებმა ჩვენს დამკვეთებს გული გაუფუჭა და შეკვეთები 50%-ზე მეტით შეგვიმცირეს. მიმდინარე მაისის შემდეგ პრაქტიკულად სამუშაო აღარა გვაქვს. ძალიან გაგვიღარიბდა სამუშაოთა პორტფელი. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ჩემს თავს "მეხანძრე" ბიზნესმენს მივაკუთვნებ, რომელიც კრიზისში მყოფი წარმოების არსებობის პრობლემებს წყვეტს.

- თქვენს რომელ გადაწყვეტილებას გაიხსენებდით, რომელმაც თქვენი ბედი ან სასიკეთოდ შემოაბრუნა, ან პირიქით?

- საერთოდ, ჩემი ბედით უკმაყოფილო არა ვარ. 1982 წლიდან ვმუშაობ დირექტორის თანამდებობაზე. თუ ბოლო წელიწადნახევარს არ ჩავთვლით (2002 წლის დეკემბერში ამირან ნაცვლიშვილი ყაჩაღებმა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს - კორ. შენიშვნა), როცა მიჭირს მდგომარეობიდან გამოსვლა, ყოველთვის წარმატებული ვიყავი.

გამორჩეულად გამოვყოფ მოსკოვში, კერძო ბიზნესში მოღვაწეობის პერიოდს. ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები იყო, როცა ჩემს თავს განვაგებდი. თავისუფალი მეწარმეობის გემო მაშინ გავიგე. ეს იყო ის დრო, როცა ჩემი ეკონომიური კეთილდღეობის მჭედელი ჩემს მიერვე მიღებული გადაწყვეტილებები იყო.

კაცს საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეს, მოზომილად რისკიანი უნდა იყო და სამეურნეო გადაწყვეტილებებს დროულად უნდა იღებდე. ხელმძღვანელის "პროდუქცია" არის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ შენ წარმატებული ხარ, ეს ნიშნავს, რომ სწორ გადაწყვეტილებებს იღებ.

- მიჩნეულია, რომ საქართველოში სუფთა ბიზნესის წარმოება შეუძლებელია.

- სამწუხაროდ მეც ამ აზრს ვეთანხმები. ჩვენი წარმოების ტიპის გამო, საცალო ქსელში გასვლა არ გვიწევს და თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, გამჭვირვალედ ვმუშაობთ. რომ გვქონდეს სხვანაირი პროფილი და პურს ვაცხობდეთ ან ლიმონათს ვასხამდეთ, შეიძლება არც ჩვენ დაგვეხია უკან დამალვებისაგან.

მეწარმეს პრაქტიკულად ანადგურებს გადასახადების ის ნაწილი, რომლის ბაზა არის ხელფასი. ამას იგრძნობს ის, ვინც ლეგალურად მუშაობს. 33% (31%+2%) სოცდაზღვევის გადასახადი და ასევე საკმაოდ მაღალი საშემოსავლო გადასახადი (20%) მარტივად იშიფრება - როცა ხელფასად გაცემული ერთი ლარიდან ნახევარზე მეტი გადასახადის სახით უნდა გადაიხადო, ეს ჩვენი ცხოვრების პირობებს ძალიან აუარესებს.

ავტოქარხნის გაკოტრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის არმქონე ძირითად ქონებაზე გადასახადის არსებობა. ჩვენ პირობებში მთელი საბალანსო ქონების დაახლოებით 20 პროცენტია საწარმოო პროცესში მონაწილე. როგორ შეიძლება მეხუთედის გამოყენებით მიღებულმა შემოსავალმა გადაიხადოს უზარმაზარი ქონების გადასახადი? როცა ფლობ 145 ჰექტარ მიწას და 40 მილიონი ლარის ძირითადი ფონდები უმოქმედოდაა, ეს ნებისმიერი წარმოებისათვის კატასტროფაა.

მეწარმეს რომ სუფთად მუშაობის სტიმული ექნეს, უპირველესად ბიზნესგარემო უნდა შეიცვალოს. ბიზნესმენზე აღმართული მოძალადეების ხელი - ეს დღეს ახალი და დაფარული თემა არაა. მეწარმე გასაფრთხილებელია. ქვეყანაში მატერიალური კეთილდღეობის წყაროა მეწარმის საქმიანობა და თუ ის ძალადობის ქვეშ არის და მას ართმევენ ქონებას, სხვას ბიზნესში მოღვაწეობის არავითარი სურვილი აღარ ექნება.

პადუაში კატერპილერის ხიდების დამამზადებელი საწარმოს მენეჯერი ჩემი მეგობარია. როგორც იქნა, დავიყოლიე და ჩამოვიყვანე ეს კაცი წარმოების  დასათვალიერებლად. აეროპორტში რომ ჩავჯექით მანქანაში და წინ დაცვის ავტომატიანი თანამშრომელი ჩავიჯინეთ, რომ მიიკუჭა შიშისგან კარებთან, თბილისიდან ქუთაისამდე გზა დამჭირდა მის მოსაბრუნებლად. როცა უკან გავაცილე და მისგან ინვესტიციების დაბანდებაზე პასუხი აღარ მიმიღია, სიმართლე გითხრათ, არცკი გამკვირვებია.

- ბიზნესში თქვენს მომავალს სად ხედავთ?

- ძალიან რთული კითხვაა. საკუთარი ბიზნესის აწყობას დიდი კაპიტალი სჭირდება, ამის პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. ავტოქარხანას რაც შეეხება, აქ ახლანდელი მდგომარეობა ურთულესია. მხოლოდ მაისის ჩათვლით გვაქვს სამუშაოები, მერე ახალი კონტრაქტების გაფორმებამდე პრაქტიკულად გაჩერება მოგვიწევს.

ისე როგორც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ჭიათურმანგანუმის, ტყიბულნახშირის, ქუთაისის ავტოქარხნის მდგომარეობიდან გამოყვანა სახელმწიფოს მოუწევს მხოლოდ მსხვილი ინვესტორების მოძიებით. სხვანაირი პერსპექტივა არ არსებობს.   

ჩვენი რუბრიკის სტუმართან ინტერვიუს ჩაწერის მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი ამირან ნაცვლიშვილი, სააქციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორ შიო ობოლაძესთან ერთად,  ქუთაისელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. წინასწარი ბრალდება ასე ჟღერდა - სს "ქუთაისის ავტოქარხნის" საწესდებო კაპიტალის 13 მილიონი ლარით შემცირება.
 
სატელეფონო საუბრისას, აღნიშნული წარმოების ყოფილმა იურისტმა ავთო ბუცხრიკიძემ  განაცხადა: "რაშიც მათ ედავებიან, სრული აბსურდია. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო წლებში, კანონის სრული დაცვით, ცალკე იურიდიულ პირებად დაარსდა 9 შპს, რომელთა ჯამური საწესდებო კაპიტალი 13 მილიონ ლარს შეადგენს. ასე რომ, ეს თანხა ჯიბეში არავის ჩაუდევს და არც სადმე აორთქლებულა. ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ ამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების აქციათა ასივე პროცენტის მფლობელი სს "ქუთაისის ავტოქარხანაა".
 
საინტერესოა, რომ ქარხნის მესვეურებს გააჩნიათ ზვიად კორძაძის საადვოკატო ფირმის აუდიტორული დასკვნაც. ამ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ წარმოებას 2003 წლის ჩათვლით ყველაფერი რიგზე აქვს და არც მათ ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ რაიმე სანერვიულო.
 
თუმცა, ამის მიუხედავად, ქუთაისის პროკურატურამ ქალაქის სასამართლოს ამირან ნაცვლიშვილის წინასწარ სამი თვით პატიმრობაში აყვანის ნებართვა თხოვა. მოსამართლე დურმიშხან ჟორჟოლიანმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ჩვენი რესპონდენტის დაცვის მხარემ ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივია, საოლქოში გაასაჩივრებს, მაგრამ ეს არაა მთავარი. როგორც ჩვენთან საუბარში ნაცვლიშვილის ადვოკატმა თამაზ სვანიშვილმა თქვა, საქმის არსებითი განხილვის დროს მისი კლიენტისათვის ბრალად წაყენებული 4 მილიონი ლარიდან თეთრიც არ დარჩება.

ალბათ შეამჩნევდით, რომ თავდაპირველი ბრალდების 13 მილიონი ლარი 4 მილიონამდე "დათხელდა". სვანიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად კონტროლის პალატის შემოწმების აქტის მოყვანა, უკანონოა და სასამართლოზე მის გაბათილებას აუცილებლად შეძლებს. რაც შეეხება დაკავებული ამირან ნაცვლიშვილის თავდებში გამოყვანის მცდელობას, ადვოკატის თქმით, ეს არ არის საჭირო. "ეს რომ მოვითხოვოთ, ამ შემთხვევაში ნაწილობრივ ან მთლიანობაში უნდა ვაღიარებდეთ ბრალს. ეს კი ასე ნამდვილად არაა", - დასძენს ამირან ნაცვლიშვილის ადვოკატი.

ფრიდონ კერვალიშვილი