ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ შპს „ჯი-თი-ემ გრუპ“-ის გენერალურ დირექტორ ავთანდილ კოჩაძესთან
#2(35), 2013
მინი-დოსიე

ავთანდილ კოჩაძე დაიბადა 1971 წლის 21 აპრილს თერჯოლის რ-ნის სოფ. თუზში, სადაც 1987 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტის ავტოტრაქტორმშენებლობის ფაკულტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით.

2002 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.


სამუშაო გამოცდილება

1996 წელს დაინიშნა თერჯოლის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებობაზე იმუშავა 10 წელი.

2007 წელს წამოვიდა პოლიციის სამსახურიდან და დაიწყო ბიზნეს-საქმიანობა. ამჟამად არის შპს „ჯი-თი-ემ გრუპ“-ის გენერალური დირექტორი და „აგრო“-ს დამფუძნებელი-პარტნიორი.


დაოჯახდა 1992 წელს. მეუღლე ინგა აბულაძე, პროფესიით მედიცინის მუშაკი; ვაჟიშვილი თეიმურაზ კოჩაძე, „კავკასიის უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი,  ქალიშვილი მარიამ კოჩაძე, მე-2 კლასის მოსწავლე.

უცხო ენებიდან იცის რუსული და თურქული.


- ბატონო ავთანდილ თქვენ ამჟამად ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებში ხართ ჩართული. თავიდან როგორ დაიწყეთ საქმიანობა?

_ მცირე ბიზნესით დავიწყე, მქონდა სხვადასხვა მინი ქარხნები. შემდეგ პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე და სამმართველოს უფროსად დავინიშნე და ბიზნესისათვის ვეღარ ვიცლიდი.

_ მსხვილ ბიზნესზე როდიდან გადახვედით?

_ 3-4 წელია, რაც მძიმე მეტალურგიით დავინტერესდი.

_ ქარხნის აშენებას და ამუშავებას ცოტა ფული არ სჭირდება, როგორ მოახერხეთ ინვესტორების და ფულის მოძიება?

_ რაც შეეხება ინვესტორებს, ისინი მოვიძიე მეგობრებს შორის. ერთ-ერთი მათგანი რუსეთში  ცხოვრობს და საქმიანობს მეტალურგიულ სფეროში.

_ რაც შეეხება თანხას? საკმაოდ დიდი ფული დასჭირდებოდა ამ წარმოების აწყობას...

_ დიახ, ასეა. დღეისათვის დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნედლეული გვაქვს შეძენილი, როგორიცაა კოქსი, კირქვა, კვარციტი, მარგანეცი, რომელიც თურქეთიდან ჩამოგვაქვს გემით. ქარხნისათვის საჭირო ინვენტარი კი უკრაინიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან შემოვიტანეთ. მთლიანობაში ქარხნის მშენებლობა 3 მილიონი დოლარი დაჯდა.

_ სესხი დაგჭირდათ?

_ არა, სესხი არ აგვიღია. უცხოეთში მცხოვრები მეგობრის და ადგილობრივი მოწილეების სახსრებით დავაფინანსეთ ქარხნის მშენებლობა. „ჯი-თი-ემ გრუპ“-ს 5 დამფუძნებელი ჰყავს. მათ შორის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის კომპანიები. დაფუძნების ისტორია 2010 წლიდან იწყება. ქარხანა 2012 წლის მაისში გავუშვით ექსპლუატაციაში. 

_ თქვენ ადრე სხვა ბიზნესებიც გქონიათ და იმათ ფონზე, რამდენად მიმზიდველი და მომგებიანია ფეროშენადნობების წარმოება?

_ ეს ძალიან კარგი და საინტერესო ბიზნესია. პროდუქციის ფასი მთლიანად მსოფლიო ბაზარზეა დამოკიდებული და ფასებიც ძირითადად სტაბილურია. პროდუქცია რამდენიც არ უნდა ვაწარმოოთ, მისი გაყიდვის პრობლემა არ გვაქვს.

_  ნედლეული ძირითადად საიდან შემოგაქვთ და ასევე მზა პროდუქციის რეალიზაცია რომელ ქვეყანაში ხდება?

_ ნედლეულს ძირითადად თურქეთში და უკრაინაში ვყიდულობთ. პროდუქციის რეალიზაციას კი ვახდენთ რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში.

სილიკომარგანეცის ძირითადი კომპონენტი არის მანგანუმი, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვება ჭიათურის საბადოებში. ეს კი მთლიანად „ჯორჯიან მანგანეზი“-ს საკუთრებაშია და სამწუხაროდ, გვიწევს სხვა ქვეყნებიდან იმპორტის განხორციელება.


_ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2006 წლიდან ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა, თქვენს მიერ ნაწარმი ფეროსილიკომარგანეცის რუსეთის ბაზარზე შეტანა არ ჭირს?

_ არა, არასდროს პრობლემა არ გვქონია.


_ საინტერესოა, როგორ დაინტერესდით ფეროშენადნობების ქარხნით და რატომ მოინდომეთ ამ ბიზნესის წამოწყება?

_ პირველად ანალოგიური ქარხანა ვნახე რუსეთში, დავათვალიერე წარმოების პროცესი და ვიფიქრე, რომ როდესაც გამიჩნდებოდა საშუალება, მსგავსი ქარხანა საქართველოშიც გამეკეთებინა.

_ თქვენ თქვით, რომ დამკვეთების მოძიება არ ჭირს, მაგრამ მაინც შევეხოთ ბაზარზე კონკურენციის თემას.

_ კონკურენტები არ მყავს, ვინაიდან ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას. სილიკომარგანეცის გარეშე არ მზადდება არცერთი ფოლადის ნაწარმი: კუთხოვანა, მილი, ფოლადის ფურცელი, გრაგნილი და ა.შ. სილიკომარგანეცის მწარმოებელი ქარხნები ძალიან ცოტაა. მეტალის მწარმოებელი ქარხანა ბევრად მეტია, ვიდრე ფეროშენადნობების. ჩვენ ასევე ვამარაგებთ ქუთაისისა და ფოთის მეტალურგიულ ქარხნებს.

_ საქართველოში სილიკომარგანეცის მწარმოებელი ქარხნები ბევრია?
 

_ მწარმოებლებია შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, ჩვენ, შპს „რუსმეტალი“, შპს „ფეროექსი“, შპს „ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია“ და ერთი-ორი მინი ქარხანა.

_ თქვენს ქარხანას რა წარმადობა აქვს?

_ დღე-ღამეში საშუალოდ 30 ტონა პროდუქციას ვაწარმოებთ.

_ თქვენი წარმოება მთლიანად საქართველოში წარმოებული პროდუქციის რა წილს შეადგენს?

_ რასაც ჩვენი ქარხანა აწარმოებს, მთლიანად საქართველოში გამოშვებული პროდუქციის 3%-იც არ იქნება. ვაპირებთ ქარხნის წარმადობის გაზრდას. დასრულების სტადიაშია თანამედროვე ტიპის უცხოური წარმოშობის ღუმელის შეძენის კონტრაქტი, რომლის საშუალო წარმადობა დღე-ღამეში დაახლოებით 80 ტონა იქნება, რაც ბაზრის 10%-ს შეადგენს.

_ რაც შეეხება ხარისხს, სხვა და სხვა ქარხნის გამოშვებულ პროდუქციაში თუ არის სხვაობა?

_ ხარისხი ყველა ქარხნის პროდუქციაში ერთი და იგივეა. კომპონენტებიც ყველასათვის ერთნაირია. უბრალოდ დამოკიდებულია დამკვეთზე, რა სახის პროდუქცია ესაჭიროება.

_ თქვენი ბიზნესის მეორე ნაწილია სათბურები, საიდან წამოვიდა ამ ბიზნესის იდეა და თანაც ფეროშენადნობების ქარხნის სიახლოვეს?

_ ქარხანაში როდესაც მუშაობს ღუმელი, ძალიან დიდი რაოდენობით არის თბოენერგია.  მოვიფიქრე მისი გამოყენება სათბურისათვის, სადაც მოვიყვანდი ბოსტნეულ კულტურას, კერძოდ – პომიდორს, რომლითაც მოვამარაგებდი ჩვენი ქარხნის მუშათა სასადილოს. წავედი ისრაელში, ვნახე იქ სათბურები. ძალიან მომეწონა, გავაფორმე მათთან ხელშეკრულება. ჩამოვიდნენ, დაამონტაჟეს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი სათბური. ამან შედეგი გამოიღო და მთელი ზამთარი ახალი პომიდვრით ვამარაგებდით, როგორც ქარხნის სასადილოს, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდდით. მომავალში დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.

_ სათბურებში მხოლოდ პომიდორი გაქვთ?

_ არ შეიძლება გვერდიგვერდ სხვადასხვა კულტურის მოყვანა, პომიდორს სხვა ტემპერატურა სჭირდება, კიტრს სხვა... ამიტომ სხვადასხვა მცენარეებისათვის ცალკე სათბურია საჭირო. ვაპირებ ახალი სათბურის აშენებას, სადაც კიტრს მოვიყვანთ. ასე რომ, საკუთარი წარმოების პომიდორთან ერთად საკუთარი წარმოების კიტრიც გვექნება.

_ სულ რა მოცულობის პომიდორი მოგყავთ?

_ ოქტომბრის ბოლოდან ივლისის ჩათვლით დაახლოებით 150-180 ტონა.

_ სათბურებში მოსავლის მოყვანას დიდი ხარჯი აქვს?

_ ხარჯი თითქმის არ აქვს, რადგან, როგორც გითხარით, გათბობის სისტემისათვის საჭირო ცხელ წყალს ღუმელში არსებული ჭარბი თბოენერგიიდან ვღებულობთ. ძირითადი ხარჯი კი სწორედ გათბობაა. სათბურში სულ დასაქმებულია 9 კაცი, ხოლო მორწყვა და სასუქის შეტანა კომპიუტერის მეშვეობით ხდება, რაც ამარტივებს მუშაობას და ნაკლებხარჯიანია.

_ თქვენს შემთხვევაში, ბოსტნეულის მოყვანა ძალიან მომგებიანიც ჩანს, განსხვავებით ზოგადი სიტუაციისაგან, როდესაც მიიჩნევა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა წამგებიანია და სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს...

_ ამ შემთხვევაში ნამდვილად მომგებიანია.

_ სასათბურე მეურნეობები საქართველოში ბევრია?

_ არ არის ბევრი. როგორც ვიცი, არის წეროვანში, გორში და 1-2 ალბათ სხვაგან, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ცოტაა. პომიდორი ძირითადად თურქეთიდან შემოდის.

_ თურქულ პომიდორთან კონკურენცია არ გიჭირთ?

_ არა. ჩვენი პომიდორი ბევრად გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთაა. ფასიც შესაბამისად ჩვენსას უფრო ძვირი აქვს თურქულთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ  დიდი ხანი არ არის რაც სასათბურე მეურნეობა ავამუშავეთ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ თურქულ პომიდორს ხარისხით ვუწევთ კონკურენციას. ეს განპირობებულია ქართული წყლის ხარისხით, რომელიც უმთავრესია პროდუქციისათვის. თურქეთის წყალი შეიცავს ზედმეტ მარილს და იქ მოყვანილი პომიდვრის ხარისხი ვერასდროს იქნება ისეთივე, როგორიც ჩვენთან მოდის.

_ საქართველოში საკმაოდ ხშირად არის ხოლმე სიტუაციები, როცა ადგილობრივები ამა თუ იმ ბიზნესმენს უჩივიან. მაგალითად: მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს უჩიოდნენ, ანძები ჯანმრთელობისათვის საშიშიაო, ჰესების მშენებლებს – ბუნებას ანადგურებთო, შენობების მშენებლებს ხეების მოჭრის უფლებას არ აძლევენ... მგონი, თქვენც გქონდათ მსგავსი პრობლემა.

_  პრობლემა გვქონდა ფილტრებთან დაკავშირებით. როდესაც 2012 წლის მაისში ქარხანა ავამუშავეთ, გვქონდა ეგრეთწოდებული სველი ფილტრები, რაც ეკონომიკის სამინისტროს  მიერ დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებდა, თუმცა  მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ საკმაოდ ძვირადღირებული გერმანული მოდელის თანამედროვე  ფილტრები დავამონტაჟეთ, რომელიც, შემიძლია გითხრათ, რომ ეკოლოგიურად სუფთაა და ერთადერთია საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გამო მოსახლეობაც კმაყოფილია.

_ თქვენი შეფასებით, მთლიანობაში როგორი ბიზნეს-გარემოა საქართველოში, როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ისე რეალურ სიტუაციაში?

_ საქართველოში ბიზნესის წამოწყება არც თუ იოლია. მაგალითად, სხვა ქვეყნებში დამწყები ბიზნესი თავისუფლდება გარკვეული ვადით ყველანაირი გადასახადისაგან, რაც ჩვენთან არ ხდება. სასურველია, მეტი ყურადღება დაეთმოს ისეთი საკითხების მოგვარებას, რაც გაამარტივებს ბიზნესის წამოწყებას საქართველოში.

მინდა ყურადღება გავამახვილო არჩევნების შემდგომ პერიოდზე, კერძოდ ბიზნეს-გარემოს ცვლილებაზე. ამ მხრივ სიტუაცია გაუმჯობესებულია. მთავარია გქონდეს ინტერესი და აკეთო შენი საქმე.

_ თქვენ გაქვთ ფეროშენადნობების ქარხანა, სათბურები, სხვა ბიზნესის იდეებიც ხომ არ გაქვთ?

_ მინდა საქონლის ფერმა გავაკეთო, ამისათვის ვაპირებ შევიძინო 40 შვეიცარიული ჯიშის ძროხა. ფერმის მშენებლობის დაწყებას მომავალ წელს ვგეგმავ. ასევე მინდა მინი თბოელექტროსადგურის აშენება, რისთვისაც გამოვიყენებ ღუმელის თბოენერგიას.

_ ქარხანაში პერსონალის კვალიფიკაციის პრობლემა არ გაქვთ?

_ პრობლემა არ არის. გვყავს კვალიფიციური მუშაკები. სამუშაო პირობებიც საკმაოდ კარგი გვაქვს.

_ დასაქმებულთა რაოდენობა სულ რამდენია: ქარხანაში და სათბურში?

_ ქარხანაში სულ 152 კაცია დასაქმებული. სათბურში კი სულ 9 კაცი მუშაობს, ვინაიდან დანარჩენ საქმეს კომპიუტერი აკეთებს.

_ რაც შეეხება ხელფასებს თქვენს ქარხანაში?

_ საშუალო ხელფასია 350 ლარი, ხოლო ღუმელზე მომუშავე პირების 500 ლარია.

_ თქვენ თქვით, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნიდან მოდის თქვენთან ხალხი და დასაქმება სურთ. ახალ თანამშრომლებს რა პრინციპით არჩევთ?

_ გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ასევე ვცდილობთ ადგილზეც გამოვზარდოთ კადრები. მათ ვღებულობთ მოსწავლეების სახით, შემდეგ ვამაგრებთ გამოცდილ მუშაკს და საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ გადაგვყავს ძირითად შტატში.

_ როცა ამდენი საქმე და გეგმები გაქვთ, თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?

_ თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება. ხშირად მიწევს მივლინებებში ყოფნა სამსახურებრივ საქმეზე. ავადმყოფობის დროც კი არა მაქვს...  შვებულებითაც კი თითქმის არ მისარგებლია დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.

ესაუბრა თემურ იობაშვილი