ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან
#4(37), 2013
მინი-დოსიე

ალექსი პეტრიაშვილი – დაიბადა 1970 წლის 24 აგვისტოს ქ. თბილისში.

განათლება

დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა.

1987-1992 წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის ბაკალავრი.

2000 წელს დაამთავრა ნატოს თავდაცვის კოლეჯი, რომში.


პოლიტიკური გამოცდილება

07.2009-10.2012 – პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი.

2012 წელი – პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

პროფესიული გამოცდილება

01/94-05/95 – სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

05/95-05/98 – საქართველოს პრეზიდენტის აპარატი, საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახური, სახელმწიფო მრჩეველი.

05/98-09/98 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთო¬ბების სამსახურის უფროსი.

09/98-05/01 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

09/02-09/04 – აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი.

05/01-09/02 – ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციების, გაერო-ს ორგანიზაციებში – UNIDO, UNODC მთავარი მრჩეველი.

10/2004-2/2009 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

01.10.2012-25.10.2012 – საქართველოს პარლამენტის წევრი.

25.10.2012 წლიდან – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

უცხო ენები: ინგლისური და რუსული.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– ბატონო ალექსი, თქვენ თავდაპირველად მუშაობა მაშინ დაგიწყიათ, როცა საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო ქვეყანაში.

– თავდაპირველად მუშაობა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურში, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილებაში დავიწყე. 1994 წელი გემახსოვრებათ, იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით საქართველოს წარმოჩინება. პირველი მაღალი დონის ვიზიტები მაშინ იმართებოდა. შემდგომ უკვე საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არჩილ გეგეშიძესთან
ვმუშაობდი.

– 1994 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო სამსახურში ხართ. საქართველოს და აშშ-ის დაახლოება სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით 1998 წლიდან გააქტიურდა პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. თქვენი შეფასებით, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა ამ წლების მანძილზე რამდენად ინტენსიურად უახლოვდებოდა ამერიკის და ზოგადად, ცივილიზებული დასავლეთის სტანდარტებს?

– ზოგადად რომ ვთქვათ, ურთულესი თანამდევი პროცესების გათვალისწინებით მუდმივად მიდის წინსვლა. 1994 წელს ახალი დამთავრებული იყო როგორც სამოქალაქო დაპირისპირება, ისე კონფლიქტი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. შემდგომ უკვე იყო ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, ქვეყანაში 1995 წელს აღმასვლა დაიწყო. პირველი კონტურები მაშინ გამოჩნდა, საქართველო – როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო გაჩნდა მსოფლიო რუკაზე. 1999-ში იყო ისტორიული სტამბოლის შეთანხმება – რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. მაგ დროს უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტში გახლდით. ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა დიპლომატიური და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით იყო სწორედ ეს შეთანხმება, რომელსაც სათავეში ედგნენ საქართველოს მაშინდელი ელჩი ეუთოში ლევან 
მიქელაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბურდული. ყველაფერი ეს იმჟამინდელი საქართველოს საგარეო მინისტრის – ირაკლი მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და
წარმოებდა მოლაპარაკებები.

შემდგომ იყო მნიშვნელოვანი სტაგნაცია. კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წარუმატებლობა, რასაც მოჰყვა კიდეც „ვარდების რევოლუცია“. იყო ძალიან დინამიკური და ენერგიული სტარტი ქვეყნის რეფორმირების კუთხით.
მოკლე დროში პირველი მნიშვნელოვანი შეცდომები თუ გადაცდომები, რომელიც გულისხმობდა ერთ სახელმწიფო ინსტიტუციაში – პრეზიდენტის ინსტიტუტში მთელი ძალაუფლების თავმოყრას. თუმცა, იმავე დროს ქვედა და საშუალო დონეზე კორუფციასთან რეალურად წარმატებული ბრძოლა იყო, იყო კრიმინალთან ბრძოლა, სადაც შემდგომში უკვე გადაცდომებიც გვახსოვს. მაგრამ, ქვეყანა საერთო ჯამში შეუქცევადად მიიწევდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ.

2002 წელს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი ინტერესის შესახებ პირველად საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატოს სამიტზე პრაღაში განაცხადა.

2008 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ბუქარესტის სამიტზე. იყო უმძიმესი ომი რუსეთთან, რისშედეგადაც მოხდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციარუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. შემდგომ იყო მათი
მხრიდანვე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელსახელმწიფოებად უკანონოდ და ჩემი აზრით, დიდი შეცდომითაღიარება, რაც საქართველოს დიდი ძალისხმევითდა საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო დიდი
მხარდაჭერით ვერ გახდა მასშტაბური: მხოლოდ 2-3სახელმწიფომ, მათ შორის კუნძულოვანმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი ამ ნაბიჯს. მოგვიანებით, დიპლომატიური ნაბიჯების განხორციელების გზით შესაძლებელი გახდა, რომ ვანუატუმ უკან წაიღო თავისი აღიარება და დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან დაამყარა.

შემდგომ დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე. შეიქმნა „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით და მასთან იყო დაწყებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

წლევანდლამდე თუ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს აღვნიშნავთ, ეს არის რა თქმა უნდა 2012 და 2013 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. პირველის შედეგად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით. ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მართლაც ისტორიულია, ვინაიდან კონკურენტულ თავისუფალ გარემოში ჩატარდა და მიჩნეული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დემოკრატიულად და თავისუფალ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ალბათ, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი არჩევნები იყო საქართველოს ისტორიის მანძილზე.

2013 წელს დავასრულეთ მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებაზე. წელს მართლაც მოხდა ისტორიული მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ასოცირების შეთანხმების და მასთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირება, რომლის საბოლოო ხელმოწერაც მომავალი წლის ზაფხულში მოხდება.

– თქვენ დიდი ხანია სახელმწიფო მოხელეს წარმოადგენთ. თქვენი შეფასებით რამდენად არის შეცვლილი „სახელმწიფო მოხელე“ და რამდენად აქვთ დღევანდელ ჩინოვნიკებს ის მოვალეობა გააზრებული, რასაც სახელმწიფო მოხელეობა აკისრებთ; როგორ იცვლებოდა „სახელმწიფო მოხელე“ ამ ხნის მანძილზე, თუ არის მნიშვნელოვანი პროგრესი?

– პროგრესი ძალიან სერიოზულია. რევოლუციური შეიძლება დაერქვას 1994 წლის ჩინოვნიკსა და 2013 წლის სახელმწიფო მოხელეს შორის სხვაობას. მაშინ პირველი ნაბიჯები იდგმებოდა. იყო ენთუზიაზმი, პატრიოტიზმი, თავდადება, იყო ხედვა და იდეალები, რომ საქართველო დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი უნდა გამხდარიყო. თუმცა, სირთულეები მრავლად იყო: ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამდა, „სახელმწიფო მოხელის“ ინსტიტუტის ფორმირებაც მაშინ დაიწყო. დღეს თითოეულმა სახელმწიფო მოხელემ ზედმიწევნით კარგად იცის რა არის ქვეყნის ძირითადი საგარეო და საშინაო პრიორიტეტები. იცის, რომ პროფესიონალიზმი და პატიოსნება, საქმისადმი ერთგულება არის ის კრიტერიუმი, რომელიც სახელმწიფო მოხელისთვის და მისი კარიერის განვითარებისთვის არის აუცილებელი. ბუნებრივია, გარემოც ახლა საკმაოდ კონკურენტულია, ვინაიდან 1994 წელს ელემენტარული პირობებიც ფუფუნება იყო. მაგალითად, კარგა ხანი დაგვჭირდა იმისათვის, რომ თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფში გვქონოდა საკუთარი კომპიუტერი და 24-საათიანი ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.
დღეს კი ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური, სერიოზულ წამყვან უნივერსიტეტებში განსწავლული და განათლებამიღებული ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ იყვნენ სახელმწიფო მოხელე და შესაბამისად, ამ მხრივაც სერიოზული კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი. სახელმწიფო მოხელეები მიიღებიან სახელმწიფო სამსახურში კონკურსის წესით და ეს კონკურსები არის ძალიან მძაფრი, ვინაიდან ადამიანები, ვისაც შემოაქვთ განაცხადი, აქვთ განათლებაც, გამოცდილებაც, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხო ენის ცოდნაზე. მოდიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე უცხო ენას ფლობენ.

– რაც შეეხება „სახელმწიფო მოხელეებს“ ზედა დონეებზე, იგივეს იტყვით თუნდაც თქვენს კოლეგებზე? კარგად აქვთ გააზრებული სახელმწიფო მოხელეობა? თუნდაც მთავრობაში, ან პარლამენტში...

– მოხარული ვარ ნამდვილად, რომ ჩემს სამუშაოს ამ გუნდში ვაგრძელებ. იმ საქმეს, რომელიც მიყვარს. მჯერა, რომ ეს არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარული ვარ, რომ ეს არის თანამოაზრეთა გუნდი, რომლის ყველა წევრი ზედმიწევნით ზუსტად აცნობიერებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება ნატოში გაწევრებაა.

– თქვენ რომელ სამინისტროსაც ხელმძღვანელობთ, 2004 წელს არის შექმნილი. მინისტრი თითქმის მთელი პერიოდის მანძილზე გიორგი ბარამიძე იყო, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვე იყო თორნიკე გორდაძე. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის მანძილზე სამინისტროს მუშაობაში რამე ხარვეზი იყო და თქვენ რომ ყოფილიყავით მინისტრი, უკეთ გააკეთებდით, თუ შეიძლება ისეთი მემკვიდრეობა დაგხვდათ, რომლის კმაყოფილიც ხართ?

– „შეიძლება“ არა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დამხვდა ძალიან კარგი გუნდი, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოს მიმართულებით საქართველოს ინტეგრაციული პროცესების საქმეში იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოლაპარაკებებში, კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებებსა თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში. ყველას არ ხვდა ისეთი ბედნიერება წილად, როგორც მე. შემიძლია კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ სამინისტროში ძალიან კარგი შემადგენლობა დამხვდა. მე ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ერთად წარმატებების მიღწევას, რაც სახეზეა. მომავალში კიდევ მეტი წარმატებების მიღწევის იმედი მაქვს.

– მინისტრის ცვლილებას სამინისტროს გუნდის ცვლილება არ მოჰყოლია?

– თანამშრომლების 95%, თუ მეტი არა, აგრძელებს მუშაობას და რეალურად აქედან ჩვენი თანამშრომლების მხოლოდ წინსვლა ხდება. ვინაიდან, ძალიან პრესტიჟული, საშური საქმეა, როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ემსახურები შენს ქვეყანას და ემსახურები მაღალ დონეზე – ეს არის ნამდვილად საამაყო და სასიხარულო. მე კმაყოფილი ვარ გუნდის ფორმირებით, რაც პრინციპში ახლაც გრძელდება. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, მუდმივი პროცესი და შესაბამისად, ნამდვილადშეიძლება ითქვას, რომ კარგი საფუძველი იყო იმისათვის, რომ შემდგომი წინსვლა განხორციელებულიყო.

– კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანებისგან შედგება. მათ შორის, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“... თქვენი შეფასებით, რა აერთიანებთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც პოლიტიკიდან წასულად აცხადებს თავს, დასახელებულ პოლიტიკურ სუბიექტებს კი საკმაოდ განსხვავებული იდეოლოგია ჰქონდათ.
 
– ჩვენ გავერთიანდით პირველ რიგში არჩევნებში წარმატებისთვის. მეორე – ჩამოვაყალიბეთ ერთობლივად დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა ექვსივე სუბიექტმა, სადაც იყო ხაზგასმული ის ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტები, რომელზეც შევთანხმდით. საგარეო პოლიტიკური კუთხით ყველა ერთხმად ადასტურებს თავის ერთგულებას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობის მიმართ. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამავე დროს, მთავარი ღირებულება ჩვენთვის იდეოლოგიურ დონეზე, ჩვენი პარტიის, ისევე როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, „რესპუბლიკელების“ და სხვა მასში შემავალი პარტიების – ეს იყო, რა თქმა უნდა, ადამიანი. ადამიანის ძირითადი უფლებები და შესაბამისად, ამ მიმართულებით და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გამოსწორება იყო ჩვენი ერთობლივი მიზანი. საქართველოში დემოკრატია დამკვიდრებულიყო – გახლდათ ჩვენი ერთობლივი მიზანი და ამ მიზნისკენ მივილტვით.

– აქამდეც ხშირად იქმნებოდა კოალიციები და ერთი არჩევნების შემდეგ იშლებოდნენ ხოლმე. მომავალ წლებში ჩასატარებელ არჩევნებში კოალიცია ისევ ერთიანი იქნება თუ შეიძლება სუბიექტები ცალ-ცალკე გავიდნენ?

– ადგილობრივ არჩევნებზე გადაწყვეტილება მიღებულია და გავდივართ ერთიანი კოალიციით. სადაც იქნება ამის აუცილებლობა, კანდიდატებსაც ერთიანად დავაყენებთ. თბილისის მერის გარდა სხვაგანაც იქნება პირდაპირი არჩევნები და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია.

რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დღეს ჩვენს წინაშე გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანები დგას. ამიტომ, 2015 წლის მეორე ნახევარში გამოიკვეთება კონკრეტული კონტურები და ვნახავთ როგორ განვითარდება პროცესები და როგორ მივალთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდამდე.

– 2009 წლამდე თქვენ იყავით ავღანეთში საქართველოს ელჩი. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს წვლილი ავღანეთის სტაბილიზაციის კუთხით? წეღან თქვენ ამბობდით კოალიციის საერთო ღირებულებებზე – თუმცა კოალიციის ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგება კიდეც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფნას ავღანეთის ტერიტორიაზე.

– ვინ აპროტესტებს, ეგეთი არ მახსენდება. 
 
– მაგალითად, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ლიდერი გოგი თოფაძე.

– შეიძლება ემოციურ ნიადაგზე იყო ცალკეული განცხადებები. ისიც „შეიძლება“, რადგან მე არ მახსოვს. მაგრამ, მინდა გითხრათ: ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ფასდაუდებელია. უდიდესი წვლილი შეაქვთ პირველ რიგში ამ ბიჭებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის და ავტორიტეტის განმტკიცებაში. დღეს ყველას უხარია, მათ შორის ამერიკელებს, დიდ ბრიტანელებს, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სხვა წამყვანი სახელმწიფოების სამხედრო ხელმძღვანელებს ქართველ მებრძოლებთან ერთად მხარდამხარ ოპერაციებში მონაწილეობა. ეს არის ჩემთვის საამაყო. რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს დანაკარგი, მე სიამაყით უნდა ვთქვა, პატივი მივაგო პირველ რიგში, დაღუპულთა ხსოვნას, მადლობა გადავუხადო დაჭრილებს, ვინც იქ ოპერაციებში დაიჭრა; მადლობა გადავუხადო და ჯანმრთელობა ვუსურვო იმ ბიჭებს, რომლებიც ყველაზე სახიფათო მისიას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან წარმატებით და ძალიან ღირსეულად ასრულებენ.
თქვენ რომ მოისმინოთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები უმაღლეს დონეზე, მე ვგულისხმობ ქვეყნის პრეზიდენტებს, უმაღლეს სამხედრო პირებს, გარწმუნებთ, რომ სიამაყის საფუძველი ნამდვილად გექნებათ. როგორ შეიძლება, ვინმეს ჩვენი ახალგაზრდა შვილების დაღუპვა არ სტკიოდეს და უმძიმესად არ განვიცდიდეთ, მაგრამ ეს არ არის „სხვისი ომი“. ეს არის საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. თუ შევხედავთ რუკას, ვნახავთ, რომ ალიანსის ბევრ წევრზე უფრო ახლოს არის საქართველოსთვის ავღანეთი, საიდანაც თავის დროზე მოდიოდა ტერორიზმის გავრცელების საფრთხე და სხვა ტიპის საფრთხეების გავრცელების პოტენციურ კერას დღესაც წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი იქ ყოფნა საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოების განმტკიცებასაც ემსახურება. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოება ძალიან გაგებით ეკიდება და ღირსეულად აფასებს ჩვენი ვაჟკაცების წვლილს, შეტანილს ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში.

ევროკავშირის მხრიდან ანალოგიურ ტიპის მისიებში ჩართვის შესახებ შემოთავაზება და შემდგომ უკვე ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერა ასევე იყო ერთ-ერთი უსერიოზულესი დადასტურება და აღიარება საქართველოს – როგორც საიმედო პარტნიორისა.

– სიტყვამ მოიტანა და გკითხავთ: თუ იცით, ავღანეთში დაღუპულ ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს დაპირებული სოლიდური კომპენსაციები გადასცეს? 

– რა თქმა უნდა. ეგ იყო პირადად საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი დამსახურება და პირადი ინიციატივა, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ალასანიასი.

– პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა კომპენსაციების გადაცემის ინიციატივით.

– პრეზიდენტმა გააკეთა გარკვეული განცხადებები, მაგრამ ბიუჯეტში აისახა მთავრობის გადაწყვეტილებით.

– რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციაზე აზრთა სხვადასხვაობას?

– ბოლოს როდის მოისმინეთ მსგავსი განცხადება?

– ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის წევრი უკვე იყო იგივე გოგი თოფაძე და კვლავ არ მიაჩნდა ნატო მთავარ პრიორიტეტად.

– ფაქტებით ვისაუბროთ. ჩვენ დინამიკურად მივიწევთ წინ ნატოში ინტეგრაციისკენ. 20-მდე ნატოს კომისიის სხდომა ჩატარდა, საქართველოში იმყოფებოდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ბოლო 5 წლის განმავლობაში მესამედ. 2015 წლიდან საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთვება. საქართველო გააგრძელებს ყოფნას ავღანეთის უსაფრთხოების განმტკიცებაში 2014 წლის შემდეგ და საქართველო ელის ძალიან სერიოზული პროგრესის დაფიქსირებას ნატოს სამიტზე დიდ ბრიტანეთში 2014 წელს. კიდევ ბევრი რამე შემიძლია ჩამოგითვალოთ, მათ შორის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც იყო ყველაზე წარმატებული ამ 5 წლის განმავლობაში, მეხუთე ციკლი გამოდგა ყველაზე წარმატებული. დარწმუნებული ვარ, მეექვსე კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ცოტა ხნის წინ შედგა „ნატო-საქართველოს“ კომისია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. თავდაცვის რეფორმირება იმდენად არის ყველაზე წარმატებულ მიმართულებად აღიარებული ნატოს მიერ, რომ პროგრესის არდანახვა შეუძლებელია. საქართველო გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად მიიწევს ნატოში ინტეგრაციისკენ და ნატოს წევრობისკენ. კოალიცია ამას მხარს უჭერს და მხარს უჭერს ერთსულოვნად.
 
– სოჭის ოლიმპიადას შევეხოთ. ბოლო დღეებში უკვე გერმანიის უმაღლესმა ხელისუფალმაც თქვა, რომ ოლიმპიადას არ დაესწრება. მანამდე იყო ამერიკის, ლიტვის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებები, რომ სოჭში არ ჩავლენ და მიზეზად რუსეთში ადამიანის უფლებების შელახვა დაასახელეს... ასევე, ლიტვის პრეზიდენტმა თქვა, რომ რა პოლიტიკასაც რუსეთი ლიტვასთან მიმართებაში ატარებს, მე ამის გამო არ ჩავალო. ხომ არ მიგაჩნიათ არასწორ ნაბიჯად, რომ საქართველო, როდესაც ევროპული ფასეულობებისკენ ისწრაფვის და არ რეაგირებს რუსეთში ადამიანის უფლებების შელახვაზე, საკუთარი პრობლემების და ოკუპაციის პროტესტის გამოხატვის მსგავსიც კი არაფერი დასცდენია სოჭის ოლიმპიადის მიმართ.

– მოკლედ რომ ვთქვათ, ბოიკოტი რომ არ გამოვუცხადეთ? ტელეკომპანია „რაშა თუდეისთვის“ ირაკლი ღარიბაშვილის მიცემული ინტერვიუ თუ გახსოვთ? თუ გახსოვთ ის ინტერვიუ, ვინ თქვა პირველმა და რომელ პრეზიდენტს ჰქონდა მანამდე ნათქვამი, რომ არ წავიდოდა ოლიმპიადაზე? პირველმა გამოაცხადა, რომ ის არ წავა ოლიმპიადაზე და ეს თქვა რუსული ტელევიზიისთვის, რომ არც ის და არც საქართველოს მთავრობა არ დაესწრება სოჭის ოლიმპიადას. მაშინ, როდესაც გერმანიიდან მიდის შინაგან საქმეთა მინისტრი, შეერთებული შტატებიც იქნება წარმოდგენილი გარკვეულ ოფიციალურ დონეზე... პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ იქნება წარმოდგენილი. ოლიმპიადაში სპორტსმენები ყველა ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოკუპაციის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ურყეობაზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, პრაქტიკულად ყოველდღე კეთდება განცხადებები ამ მიმართულებით – საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაუშვებლობაზე და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. შესაბამისად, მე რამდენადაც ვხვდები ძალიან სწორი, ძალიან პრაგმატული და ძალიან ცივი გონებით გაკეთებული გადაწყვეტილებაა და გადადგმული ნაბიჯები. არ მეთანხმებით?
 
– რომ საქართველოს უფრო ნაკლები პრობლემა აქვს სხვა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და სიტყვა „ბოიკოტის“ მაღალ დონეზე თქმა უადგილო იქნებოდა?

– სიტყვა ბოიკოტი... პრინციპში, ბოიკოტის არგანხორ¬ციელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო წინა ხელისუფლებამ და გადაწყვიტა, რომ სპორტსმენები წავიდოდნენ. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობა არ წავიდოდა.

– წინა ხელისუფლებამ თქვა, რომ სპორტსმენები მიდიან, საქართველო ოლიმპიადას ბოიკოტს არ უცხადებს და ეს იყო გადაწყვეტილი?

– დიახ.

– ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა პირადად დასწრე¬ბოდა სოჭის ოლიმპიადას.

– განიხილებოდა ეს საკითხი. უნდა განხილულიყო კიდეც. განიხილა საქართველოს ხელისუფლებამ და მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დაესწრებოდა სოჭის ოლიმპიადას.
 
– და საქართველოს ხელისუფლების წაუსვლელობის მიზეზი რა გახდა – რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები თუ სხვა რამე მიზეზი?

– როგორც ჩანს, გარკვეულ შემთხვევებში უფრო მეტი განმარტებებია საჭირო ცალკეული თემებისთვის და საზოგადოებისთვის. მაგრამ აქ მე მგონი აშკარაა და ნათელი, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება რის გამოც მიიღო. დღეს არ არის საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები მზად იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მონაწილეობა მიიღოს ისეთ მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებში, როგორიც არის ოლიმპიადა, რომელიც ტარდება რუსეთის ტერიტორიაზე.

– პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო არ იქნება ისეთი მეზობელი, რომელიც პრობლემებს შეუქმნის რუსეთს.

– რუსეთი არ უთქვამს. თქვა, რომ საქართველო არ იქნება ისეთი ქვეყანა, რომელიც მეზობლებს პრობლემებს შეუქმნის.

– ასევე საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს გვესმის „გამყოფი ხაზები“ – ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. მარგველაშვილმა ისიც თქვა, რომ ეს მცოცავი ოკუპაცია კი არა, „მცოცავი ბორდერიზაციააო“. სიტყვა „ოკუპაცია“ რუსეთს თავის დროზე აღიზიანებდა. ხომ არ ხდება ამ სიტყვის მიზანმიმართულად ამოღება ლექსიკიდან?

– გინდათ, მე ჩემს განცხადებებს გაჩვენებთ? ეს ერთი. მეორე – გნებავთ, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს გადავავლოთ თვალი, გნებავთ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, გნებავთ, იმავე გიორგი მარგველაშვილის გაკეთებულ განცხადებებს... თანაც, „გამყოფი ხაზი“ ტერმინი დამკვიდრდა წინა ხელისუფლების პერიოდში და კონკრეტულ შემთხვევაში ოფიციალური პოზიცია არის ასეთი: „ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის გასწვრივ საოკუპაციო ხაზების მშენებლობა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ“. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. სხვადასხვა ვითარებაში შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით მოხდეს ამის არტიკულირება. ამიტომ, ჩვენი პოზიცია უცვლელია, საქართველოს ხელისუფლების მობილიზება, საერთაშორისო თანამეგობრობამ უმკაცრესი განცხადებები გააკეთა ევროკავშირის, ნატოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოვლად დაუშვებელ ქმედებებზე.
 
– თუ არის მოლოდინი, რომ გაჩერდება ეს პროცესი? 

– პერიოდულად წყდება. უნდა ვიმედოვნოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს, თუმცა დაზღვეულები არაფრისგან ვართ.

– ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას საქართველომ მხარი დაუჭირა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. მაშინ პირობა იყო, რომ საქართველო დათანხმდებოდა, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებზე უნდა ჩამდგარიყვნენ საერთაშორისო წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაზე გამავალი ტვირთების მოძრაობას აღრიცხავდნენ. მაგ მხრივ რამე თუ გაკეთდა, თუ დადგა რეალურად ვინმე საზღვარზე და აკონტროლებს ტვირთების მოძრაობას?

– შეირჩა კომპანია, შვეიცარიული კომპანია „ესჯიესი“. დეტალების შეთანხმებაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

– ტვირთების აღრიცხვა არ დაწყებულა?

– ამ ეტაპზე არა.
 
– სამომავლოდ ივარაუდება?

– აუცილებლად.

– უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე რას ფიქრობთ, პირადად თქვენი ვარაუდით, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში?

– უკრაინა აუცილებლად გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციას. აუცილებლად მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას.

– რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად?

– ეს არის დროებითი შეჩერება, გადავადება. გარკვეული პერიოდის მერე უკრაინელი ხალხის ნება ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე აუცილებლად აღსრულდება.
 
– ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ბევრი კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას გულისხმობს. შემოდის გარკვეული რეგულაციები. ამ მხრივ საქართველოში რეგულაციების იგივე დონით გადმოტანა, რაც ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროპულ ქვეყნებშია, მძიმე ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს. სანამ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მოხდება, თუ არის რეგულაციების გადავადებაზე ლაპარაკი? მარტივი მაგალითია, საქართველოში ენერგეტიკაში დაშვებულია ერთი მფლობელი ჰყავდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ ობიექტსაც და ამ დენის სადისტრიბუციო კომპანიასაც. ევროპაში მსგავსი რამ დაუშვებელია...

– რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალაში ხელმოწერის შემდეგ რამდენიმე თვეში შევა. ხოლო ისეთი მიმართულებები, როგორიც არის ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და განათლება, მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდება 5-7 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანა შესაბამისად მზად იქნება. თქვენ მიანიშნეთ ტვირთზე – ეს არის ნამდვილად პასუხისმგებლობა, დამატებითი ვალდებულებების აღება, მაგრამ ეს არის გრძელვადიანად საქართველოს კეთილდღეობისთვის, ქვეყნის ევროპიზაციისთვის და ქვეყნის მოდერნიზაციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეთანხმება. სწორედ ამის თაობაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირთან ინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში. დამტკიცდა სამოქმედო გეგმა და საზოგადოების ყველა ფენასთან გვექნება ძალიან ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობა. მათ შორის მედიის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან; ბიზნესსექტორთან ერთობლივად ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებთან ბრიუსელში – კონკრეტული პროექტების განხორციელების მიმართულებით გვექნება ინტენსიური მუშაობა.

– თქვენ რამდენჯერმე გააკეთეთ განცხადება, მაგრამ, კიდევ ერთხელ გკითხავთ: თქვენი პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ ხოლმე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება და შემდეგ გაჭიანურებული პროცესები შეიძლება პრობლემა აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გზაზე. თუ ხედავთ ამ მხრივ საფრთხეს?

– ვერაფერი ვერ შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას.

– ვარაუდობთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას უეჭველად მოეწერება ხელი მომავალი წლის ზაფხულში, თუნდაც იმის მიუხედავად, რა ზეწოლას შეეცდება რუსეთი?

– დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მომავალი წლის ზაფხულში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

– უკრაინის მსგავსი პრობლემები საქართველოსთვის გამორიცხულია?

– როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს მომავალი წლის ზაფხულში.

– წელიწადზე მეტია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. რამე ხარვეზს ან შეცდომას თუ გამოყოფდით, ან რამე დაპირებას, რაც ვთქვათ, ისე ვერ შეასრულა ხელისუფლებამ როგორც ვარაუდობდით?

– ჩემს უწყებაზე ლაპარაკი უფრო გამიადვილდება. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს უნდა იმ საწადლის, შედეგის მიღწევა უფრო სწრაფად, ვიდრე ეს რეალურად ხდება. მე ვისურვებდი, რომ მომავალ წელს ყველა დაწყებული საქმე მიყვანილი იყოს ბოლომდე. წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ შევძელით მართლაც სერიოზული წინსვლა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ყოველთვის არსებობს სურვილი, რომ უფრო სწრაფად მოხდეს, მაგრამ რეალურად ადამიანურ შესაძლებლობებსაც აქვს ლიმიტი. მე ვთვლი, რომ მაქსიმალური გაკეთდა. მეორე – საქართველოს საზოგადოებას განვუმარტეთ ის, რაც მომავალ წელს მოხდება ევროკავშირის მიმართულებით, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე. ძალისხმევა არ დაგვიკლია, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი.

– რაც შეეხება ზოგადად მთავრობას?

– საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მარგველაშვილმა განაცხადა იმ ინტერვიუში, რომელზეც თქვენ ამბობდით და მეც ვიზიარებ: ურთულესი წლის პოლიტიკური თანაარსებობის განმავლობაში ბიზნესის განვითარების უფრო დინამიკური ხელშეწყობა ვერ მოხერხდა, ეს ერთი, და მეორე, მე ვთვლი, რომ გაჭიანურდა ე.წ. გახმაურებულ პროცესებზე გადაწყვეტილებების მიღება. ამას თავისი მიზეზები აქვს. უდიდესი ყურადღება იყო მიპყრობილი, თუმცა, ბევრ შემთხვევაში გამოძიება თავიდან იყო დასაწყები და ამ პროცესის გაჭიანურებას მართლაც ჰქონდა ობიექტური მიზეზები. ვინაიდან, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ამიტომ დამნაშავე უნდა განსაზღვროს მოსამართლემ. სასამართლო დღეს გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე იყო გასულ წლებში და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს პროცესები უნდა დასრულდეს და წინ ინტეგრაციული პროცესების უფრო მეტი დინამიკა გველოდება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში თქვენი თანაგუნდელები აცხადებდნენ ხოლმე, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალი ხელისუფლება რუსეთთან არსებულ პრობლემებს სწრაფად მოაგვარებდა. თქვენი შეფასებით, მოლოდინი და რეალობა რამდენად ემთხვევა ერთმანეთს?

– სავსებით რეალისტური მოლოდინები გვქონდა და რეალურად ამ ერთი წლის განმავლობაში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ის გაკეთდა. ეს არის რუსული ბაზრის გახსნა,რეგიონში საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის დაძაბულობის მინიმუმამდე დაყვანა, რიტორიკის შეცვლა. არავის არ ჰქონდა იმის ილუზია და იმის მოლოდინი და არსად არასდროს გამოგვიცხადებია, რომ ძალიან სწრაფად მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლება.
შესაბამისად, მე რაც მოლოდინი მქონდა, ის მოლოდინი რეალურად აღსრულდა და წინ არის კიდევ დიდი სამუშაო, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დიალოგის გასაგრძელებლად უმთავრესი არის ჟენევის ფორმატი, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების დამატებითი არხი ხელს უწყობს ისეთი საკითხების გადაწყვეტას, როგორიც არის სავაჭრო ურთიერთობები, რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში. გასულ წელს იყო სარეკორდო მაჩვენებელი, 66%-ით გაიზარდა რუსი ტურისტების რაოდენობა და მე ვთვლი, რომ პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, არსებობს წითელი ხაზებიც. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს დეოკუპაცია, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება. ამ კუთხით, რეალურად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავარწმუნოთ რუსეთი სტაბილური, დემოკრატიული, ძლიერი საქართველოს გარდაუვალობაში.

– თქვენი პირადი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ და რა არის თქვენი ჰობი.

– ჩემი ჰობი ცურვაა. გეგმებს რაც შეხება, მომავალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და ნატოსთან კონკრეტული პროგრესის მიღწევა. ჯერჯერობით, ამ ერთი წლის გეგმებით შემოვიფარგლები. თუ დრო და შესაძლებლობა მეძლევა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ძვირფასი ნაწილი გახლავთ კითხვა.

– რომელ ავტორს გამოარჩევდით?

– ბოლო პერიოდში დიპლომატიური პოლიტიკური ტიპის წიგნებს მივეწაფე, რომელიც ცნობილი საგარეო პოლიტიკის ლიდერების მემუარებს ასახავს. ამ ეტაპზე ვეცნობი ზბიგნევ ბზეჟინსკის, ასევე უინსტონ ჩერჩილის ცნობილ გამოსვლებს და მის კონკრეტულ გამონათქვამებს და მემუარებს.

ესაუბრა თემურ იობაშვილი