ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ "ელვის ამერიქან დაინერის" (შპს "ფუდ-არტი") მმართველ პარტნიორ ამირ იოელთან
#1(38), 2014
მინი-დოსიე

ამირ იოელიდაიბადა 1984 წლის 15 სექტემბერს, იერუსალიმში.

2002-2004 – მოხდილი აქვს სავალდებულო სამსახური ისრაელის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში.

სამუშაო გამოცდილება

2004-2010 წწ. – გენერალური მენეჯერი „ელვის ამერიქან დაინერი“, ისრაელი.

2010 წლიდან დღემდე – მმართველი პარტნიორი „ელვის ამერიქან დაინერი“, საქართველო.

ნებაყოფლობითი აქტივობა

ებრაელ და პალესტინელ ახალგაზრდებს შორის თანაცხოვრების ხელშეწყობის ორგანიზაცია „Seeda of Peace“-ის დელეგატი და აქტიური წევრი 1999 წლიდან.

ჰობი

ყოფილი კალათბურთელი, დღემდე აქტიური მოთამაშე მოყვარულის დონეზე და სპორტის ამ სახეობის დიდი ფანი.

– „ელვის ამერიქან დაინერის“ საქართველოში შემოს¬ვლა ვისი იდეა იყო და როგორ მოხდა განხორციელება? 
 
– პირველი „ელვის ამერიქან დაინერი“ 1974 წელს, ის¬რაელში გახსნა მამაჩემმა. სანამ 25 წლის გავხდებოდი, იქ ვმუშაობდი. 2009 წელს პირველად ჩამოვედი საქართ¬ველოში. უძრავი ქონების ინვესტირებით ვიყავი დაინტერესებული. ჩემმა პარტნიორმა და მეგობარმა ეიალ ელბოიმმა მაჩვენა ფილარმონია და მითხრა, რომ ეს ადგილი ქირავდებოდა და შესაძლებლობა იყო თბილისში „ელვის ამერიქან დაინერის“ ახალი რესტორანი გაგვეხსნა. ფილარმონიის მენეჯმენტ-კომპანია დავპატიჟეთ ისრაელში, ვაჩვენეთ იქაური რესტორანი როგორ მუშაობს. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ გაგვეხსნა პირველი „ელვის ამერიქან დაინერი“ საქართველოში.

ფილარმონიაში რესტორანი 2009 წელსვე, ნოემბერში გავხსენით. ჩვენ ვართ ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი „ელვის პრესლი ინტერპრაიზიდან“, რომელიც მემფისშია და მისი მფლობელი და ხელმძღვანელია ელვის პრესლის ქალიშვილი.

– ფილარმონიის მენეჯმენტს, როგორც ჩანს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ აქ „ფასთ-ფუდის“ ტიპის კომპანია შემოსულიყო.

– შეიძლება მათ ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ, „ელვის ამერიქან დაინერი“ არის უფრო მაღალი დონის მომსახურება, ვიდრე „ფასთ-ფუდია“. მეორე სართულზე არის ჩვეულებრივი რესტორანი, სადაც მაგიდებს მიმტანები ემსახურებიან. პირველ სართულზე არის „ფასდ-ფუდი“ მსოფლიოს სხვადასხვა ტიპის სამზარეულოთი. ფილარმონიის მენეჯმენტ-კომპანიას იმიტომ მოეწონა ჩვენი იდეა, რომ ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ იყო. იმავდროულად, „ელვისის“ რესტორნის დიზაინი, კულტურა, ელვის პრესლის მუსიკა, რომელსაც მაღალი ცნობადობა აქვს – გახდა ფილარმონიაში „ელვის ამერიქან დაინერის“ შემოსვლის საფუძველი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ფილარმონიის მენეჯმენტმა მიიღო ჩვენი შეთავაზება და ამის შემდეგ გადაწყვიტეს „ელვის ამერიქან დაინერის“ ფილარმონიაში შემოყვანა.

– დღეის მდგომარეობით რა ობიექტებს აერთიანებს „ელვის ამერიქან დაინერი“ საქართველოში – როგორც ვიცი, ახალი ობიექტების გახსნას გეგმავდით წინა წლებში და მაგ მხრივ რა მდგომარეობაა?

– ფილარმონიის გარდა, „ელვისი“ იყო მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზეც. რაც მთაწმინდის პარკი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა, მას შემდეგ ისინი 
თვითონ განკარგავენ `ფასთ-ფუდს~ პარკში. როდესაც „ელვის ამერიქან დაინერს“ და მთაწმინდის პარკს შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ჩვენ დავტოვეთ მთაწმინდის პარკი.

„თბილისი მოლში“ გასახსნელად უკვე მზად არის „ელვის ამერიქან დაინერის“ რესტორანი. მხოლოდ „თბილისი მოლის“ ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას ველოდებით, როდის დაიწყებს კინოთეატრი მუშაობას. ეს იქნება ჩვენთვის იმის გარანტია, რომ ფუდ-ზალში ხალხი მივა და ჩვენი რესტორანიც მაშინვე გაიხსნება.

ჩვენთან ბევრი ადამიანი მოდის, ვისაც სურს, რომ საქართველოს სხვადასხვა ადგილას „ელვისის“ რესტორანი გახსნას. ჩვენ გვაქვს ფრანჩაიზინგი სათავო ოფისთან და ამიტომ, ჩვენი გადასაწყვეტია სად შეიძლება „ელვის ამერიქან დაინერმა“ ახალი რესტორანი გახსნას. ჩვენთვის აუცილებელია, რესტორანს უნიკალური ადგილმდებარეობა ჰქონდეს. მთავარი არ არის ფილიალის გახსნა, აუცილებელია ახალი ფილიალი უნიკალურ ადგილას მდებარეობდეს. 

ვთვლით, რომ ამ მხრივ ფილარმონია ასეთი ადგილია. ასევე, მთაწმინდის პარკი უნიკალური ადგილი იყო. შესაბამისად, თუნდაც ამას დრო დასჭირდეს, ყოველთვის ვეძებთ და ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს, რომ საუკეთესო ადგილი ავირჩიოთ და რესტორანი პრემიუმ ადგილას მდებარეობდეს.

– მოქმედი რესტორანი მხოლოდ ფილარმონიაშია?

– კი, მხოლოდ ფილარმონიაშია.

– საქართველოს რეგიონებში თუ აპირებს „ელვის ამერიქან დაინერი“ გააქტიურებას?

– ქუთაისშიც გვქონდა შემოთავაზება რომ გაგვეხსნა და ბათუმშიც, მაგრამ უარი ვთქვით. ადგილმდებარეობა, რომელსაც გვთავაზობდნენ – არ მოგვეწონა. თუ კარგი ადგილი იქნება შერჩეული, ამ შემთხვევაში შეიძლება დავთანხმდეთ.

– საკვების მოსამზადებელ ნედლეულს საიდან ღებულობთ – ხომ არ არის ადგილობრივი პროდუქცია გამოყენებული, თუ მთლიანად იმპორტია?

– კომბინაცია გვაქვს. მაგალითად, იტალიიდან ჩამოგვაქვს ნაყინი, ასევე ინგრედიენტები აზიური სამზარეულოსთვის, რაც საქართველოში არ იშოვება. მაგრამ, დანარჩენი ყველაფერი, მაგალითად, ხორცი, პური, ბოსტნეული და ასე შემდეგ – ყველაფერი არის ადგილობრივი და უმაღლესი ხარისხის.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ყველაფერს, რასაც კლიენტებს ვთავაზობთ არის ფაქტობრივად ოჯახში მომზადებული კერძების მსგავსად უმაღლესი ხარისხის. ასევე, ახლახანს გავხსენით ნაყინის წარმოება და ვაპირებთ, რომ მომხმარებელს ნაყინიც მივაწოდოთ.

– ნაყინს ადგილობრივი ნედლეულით აწარმოებთ თუ შემოგაქვთ?

– ნაყინისთვის ნედლეული ჩამოგვაქვს იტალიიდან და შემდეგ აქ ხდება საბოლოო მომზადება.

– კონკურენტებად ვის აღიქვამთ საქართველოს ბაზარზე და რა გამოარჩევს კონკურენტებისგან „ელვის ამერიქან დაინერს“?

– ჩვენ რაც გამოგვარჩევს, ეს არის 100%-ით ნატურალური ნედლეული, რომელსაც საკვების მოსამზადებლად ვიყენებთ. მნიშვნელობა არა აქვს, შემოტანილია თუ ადგილობრივი – ნედლეული არის 100%-ით ნატურალური.
ჩვენი სლოგანია Look and Fill – შეხედე და იგრძენი. აქ არის განსხვავებული ატმოსფერო, 60-იანი წლების მუსიკა ელვის პრესლისთან ერთად.

რაც შეეხება კონკურენტებს, მათზე ვერაფერს გეტყვით. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ შესახებ შემიძლია გითხრათ: ჩვენ ძალიან მრავალმხრივი სამზარეულო გვაქვს, რომელიც შეგვიძლია რესტორანში შემოსულებს შევთავაზოთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ფართო არჩევანის საშუალება არსებობს და „ელვის ამერიქან დაინერში“ შემოსულ ადამიანს მრავალი სამზარეულოს ნახვა და განსხვავებული კერძების დაგემოვნება შეუძლია.

– თქვენთვის, როგორც „ელვის ამერიქან დაინერის“ დირექტორისთვის რამდენად იოლი ან რთული სამართავი კომპანიაა?
  
– „ელვის ამერიქან დაინერს“ არ ვუყურებ როგორც სამსახურს ან სამუშაოს, ჩემთვის ეს არის ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი გარემო. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ბავშვობიდან, როდესაც პატარაობისას მამაჩემს ვეხმარებოდი. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ამას ვაკეთებ სიყვარულით და ამიტომ, ვერ შევხედავ როგორც სამსახურს. ალბათ გამიმართლა, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

ზოგადად, ძალიან რთულია ეს სფერო. ყოველდღიურად მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. დაუშვებელია მცირე შეცდომის და გადაცდომის დაშვება თუნდაც ერთ კლიენტთან. ამან შეიძლება მთელი დღის მანძილზე განწყობა გამიფუჭოს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მუდამ უნდა იყო საუკეთესო. სწორედ ამიტომ, მთლიანად ბიზნესის ეს სფერო არის ძალიან რთული.

– ბიზნესის ეს სახეობა, „ფასთ-ფუდი“ – რამდენად მიმზიდველია საქართველოს პირობებში? როდესაც „მაკდონალდსი“ შემოდიოდა საკმაოდ მძლავრი ანტიკამპანიაც კი იყო აგორებული, რომ საქართველოს თავისი ხინკალი და ხაჭაპური აქვს და ბურგერებს არავინ შეჭამსო. თქვენთვის რამე თუ იყო ხელისშემშლელი?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ქართული სამზარეულო შესანიშნავია. თუმცა, ყველა სწრაფად მზარდ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ფეხს იკიდებს სწრაფი კვების სერვისი და კულტურა. მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი თანაცხოვრება არსებობს ქართულ რესტორნებს, ქართულ სამზარეულოს და სწრაფი კვების ობიექტებს შორის. მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად ავსებს იმ ნიშას, რაზეც მოთხოვნაა. ერთად განვითარება შესანიშნავად მიდის – ქართულ რესტორნებსაც ჰყავთ თავისი მომხმარებელი და ასევე `ფასთ-ფუდის~ ობიექტებსაც. ადამიანებს აქვთ არჩევანი.

მაგრამ, სწრაფი კვების გარდა, ჩვენი რესტორანი ასევე სთავაზობს სტანდარტულ სხვადასხვა ტიპის სამზარეულოს, რომელიც მუდმივად განახლების რეჟიმშია.

– სამზარეულოში ქართული კერძებიც გაქვთ?

– არა, ქართული არ არის. მხოლოდ დასავლური და აზიური სამზარეულოა.

– რაც „ელვის ამერიქან დაინერი“ საქართველოში შემოვიდა, როგორ იცვლებოდა ბიზნეს-გარემო თქვენი კომპანიისთვის? ამ პერიოდში საქართველოში ხელისუფლებაც შეიცვალა...

– მე და ჩემი კოლეგები საქართველოში ჩამოვედით სწორედ იმ მზარდი ეკონომიკის გამო, რომელიც 2004 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად იზრდება. საქართველო მოკლე დროში ძალიან წინ წავიდა. ამის გამო, მინდა კომპლიმენტი ვუთხრა საქართველოს და ქართველებს. რადგან მე უცხოელი ვარ, ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ვერ ვიმსჯელებ. რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ, რომ საქართველოს მთავრობა შეიცვალა. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და ბიზნესი ისევ სტაბილურად მიმდინარეობს და რამე ცვლილება ამ მიმართულებით არ მიგრძნია.

– საქართველო თუ არის ინვესტირებისთვის კარგი ქვეყანა: მსოფლიო ბანკის რეიტინგში „დუინგ ბიზნესი“ – ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-8 ადგილს იკავებს. თქვენი შეფასებით, ხელსაყრელი კანონმდებლობა პრაქტიკულადაც ხელსაყრელ გარემოს ნიშნავს თუ არის რაიმე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორები ინვესტორებისთვის?

– აბსოლუტურად ვეთანხმები მსოფლიო ბანკის რეიტინგს, რომელიც ნამდვილად რეალობას ასახავს. მაგალითად, ჩემ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ბევრად იოლია ბიზნესის წარმოება, ბიუროკრატია თითქმის არ არსებობს, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები ძალიან სასიამოვნოდ გვექცევიან და ისინი მაღალ დონეზე დგანან. საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ნამდვილად მიმზიდველი გარემოა შექმნილი.

მე ვფიქრობ, რომ ბოლო წლების მანძილზე და ახლაც, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ უცხოელი ინვესტორები დააინტერესოს და მათ შესაბამისი პირობები შეუქმნას. ცხადია, ნებისმიერი მოვლენა რეგიონში, ასევე ევროპაში თუ ამერიკაში ან საერთოდ საერთაშორისო ბაზარზე გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოზე. თუმცა, ჩემი აზრით, დღესდღეობით საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს განვითარების და ინვესტირების საშუალება.

– ბაზარზე კონკურენტები ზოგჯერ გარკვეულ ზღვარსაც გადადიან ხოლმე კონკურენტის შესავიწროვებლად, დისკრედიტაციისთვის... „ელვის ამერიქან დაინერის“ და მისი კონკურენტების შემთხვევაში რა მდგომარეობაა?

– არასდროს მიგრძნია და იმედი მაქვს, არც არასდროს მოხდება, რომ ჩვენს კონკურენტებს, ან მათ, ვინც შეიძლება მიახლოებით მივიჩნიოთ კონკურენტად 
– რაიმე სახით ჩვენი შევიწროება, დისკრედიტაცია ეცადათ. არც არასამართლიანი გზით კლიენტების წართმევა შეგვიმჩნევია.

– კომპანია ადგილობრივი მმართველების მიერ იმართება თუ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ქსელს საერთო პოლიტიკა აქვს?

– თანამშრომლებიდან ორი მზარეული გვყავს ტაილანდიდან, სხვა ყველა ადგილობრივია. რა თქმა უნდა, ზოგადი სტანდარტები, კერძების სახეობები, ასევე, რა მუსიკა უნდა იყოს ჩართული, როგორი დიზაინი უნდა იყოს და ასე შემდეგ – ეს უკვე სათავო ოფისიდან არის განსაზღვრული.

– სხვა წარმომადგენლობები რომელ ქვეყნებში აქვს „ელვის ამერიქან დაინერს“ და სულ რამდენი მსგავსი ტიპის რესტორანი ფუნქციონირებს?

– მხოლოდ 2 წლის წინ მივიღეთ ლიცენზია „ელვის ინტერპრტაიზისგან“, რომ გავფართოვდეთ. ჩვენი სათავო ოფისი კვიპროსშია. დღესდღეობით მიმდინარეობს კიდევ უფრო ღრმა სტანდარტების შემუშავება. ჩვენ გვაქვს აქტიური ადგილები საქართველოში და ისრაელში. თითქმის დავასრულეთ მოლაპარაკებები დუბაიში და ინდოეთში „ელვის ამერიქან დაინერის“ გახსნაზე. როგორც ხედავთ, ფაქტობრივად, ჩვენთვის ეს ჯერ დასაწყისია. ვაშენებთ ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად.

– მთლიანობაში რამდენი რესტორანია რომელიც მოქმედებს?

– ერთი ისრაელშია და ერთიც საქართველოში.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს „ელვის ამერიქან დაინერი“ საქართველოში?

– 55 თანამშრომელი, მხოლოდ ფილარმონიის ტერიტორიაზე.

– თქვენ და თქვენს პარტნიორებს თუ გაქვთ სხვა ბიზნესი საქართველოში?

– ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობთ უძრავი ქონების სფეროში. ვთანამშრომლობთ „არქი ჯგუფთან“ და ვახორციელებთ ინვესტიციებს. ოღონდ, ეს თანამშრომლობა ხდება სხვა კომპანიის მეშვეობით, სადაც პარტნიორები ისინი არიან, რომლებსაც ასევე აქვთ წილი „ელვის ამერიქან დაინერში“. უძრავი ქონების ბიზნესში ჩვენი მონაწილეობა დაკავშირებულია კომერციული ფართებთან, საცხოვრებელი ბინებთან... ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს არა მხოლოდ თბილისში, ასევე ბათუმში, გონიო-კვარიათში და ა.შ.

– საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესი და მშენებლობა მოცემულ მომენტში რამდენად მიმზიდველი საქმიანობაა ბიზნესმენებისთვის?

– მიმაჩნია, რომ ძალიან მიმზიდველია. მაგრამ, აუცილებელია ადგილზე იყო და ბაზარს გრძნობდე. როგორც ყველა დანარჩენ სფეროებში, კარგად უნდა იცოდე სად და რა სახის დეველოპმენტს აკეთებ,ასევე, რა ხარისხით აშენებ. თუ ეს ყველაფერი სწორად გაქვს გათვლილი, მაშინ ინვესტირებისთვის საქართველო ძალიან კარგი ადგილია. აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებები, სწორი მენეჯ¬მენტი. ვთვლი, რომ ჩვენი პარტნიორი „არქი ჯგუფი“ სწორი მიმართულებით მიდის.

– თუ გაქვთ მთავარი კომპანია, რომლის მეშვეობითაც ახორციელებთ დეველპერულ ბიზნესს, თუ ყოველი კონკრეტული პროექტისთვის იქმნება კონკრეტული ფირმა?

– ჩვენი კომპანია არის ინვესტიციების განმახორციელებელი და არა დეველოპერი კომპანია. შესაბამისად, ყოველი საინვესტიციო პროექტისთვის, რომელიც იქნება „არქი ჯგუფთან“ თუ სხვა პარტნიორთან ერთად და წარმოადგენს ნებისმიერ დაბანდებას უძრავ ქონებაში, იქმნება ახალი კომპანია. ჩემ უშუალო პარტნიორებთან ერთად სხვა ინვესტორებიც ღებულობენ მონაწილეობას. არის კომპანიები, რომლისთვისაც ინვესტიციები ისრაელიდან განხორციელდა, ზოგისთვის ამერიკიდან. ასე რომ, ერთი კონკრეტული კომპანია, რომელიც მუდმივად ახორციელებს კონკრეტულ დეველოპმენტს – არ არსებობს.

– თუ საიდუმლო არ არის, რამდენია საშუალო ხელფასი და ასევე კომპანიის წლიური ბრუნვა „ელვის ამერიქან დაინერში“?

– რაც შეეხება კომპანიის ბრუნვას, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ხელფასების მხრივ საშუალოზე მაღალ დონეზე ვდგავართ. ამის მტკიცებულებაა ის, რომ ჩვენი თანამშრომლების 90% 3 წელიწადზე მეტია ჩვენს კომპანიაში მუშაობს. ზოგიერთი მათგანი კი, გახსნის დღიდან არის ჩვენი თანამშრომელი. ასევე, ყველა მათგანს კომპანიის ხარჯზე აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა – ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ თანამშრომლების სოციალურ დაცვას.

– პერსონალის შერჩევა როგორ ხდება და თუ გაქვთ ამ თვალსაზრისით პრობლემები?

– ვაკანსიის გამოცხადება ძირითადად ვებ-გვერდის მეშვეობით ხდება. ამის გარდა, თითქმის ყოველდღე მოდიან ადამიანები და აინტერესებთ ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ იმ ადამიანებს ვანიჭებთ უპირატესობას, ვისაც კვების ობიექტებში მუშაობის გამოცდილება აქვს. მაგრამ, რადგან სხვა ტიპის სტანდარტები გვაქვს და ამ შემთხვევაში „ელვისი“ გარკვეულწილად უნიკალურია, ხდება თანამშრომლის ტრენინგი და ფაქტობრივად, გაზრდა.

ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა ახალგაზრდაა. არიან შრომისმოყვარენი და მგონია, რომ ეს თქვენი ქვეყნის და საზოგადოების დადებით მხარეზე მეტყველებს.

– კომპანიის გეგმები – რა კუთხით აპირებთ ბიზნესის განვითარებას? გასაგებია, რომ მთაწმინდაზე აღარ გაქვთ რესტორანი. სხვა გეგმები თუ არსებობს რამე?

– უპირველეს ყოვლისა, ველოდებით „თბილისი მოლში“ გახსნას. ჩემი აზრით, ასევე დაინტერესება გვექნება რეგიონების მიმართულებით. ალბათ ქუთაისი და ბათუმი იქნება შემდეგი ადგილები, რომელსაც ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ.

– სანამ თბილისში ჩამოხვიდოდით, მანამდე თუ გქონდათ რაიმე კავშირი ქვეყანასთან; შესაძლოა რაიმე ნათესაური კავშირი გაკავშირებდათ საქართველოსთან?

– არა. მე ჩამოვედი ჩემი პარტნიორის და მეგობრის რეკომენდაციით და ნამდვილად შემიყვარდა ეს ქვეყანა და შემდეგ უკვე დავრჩი კიდეც.

– როგორც ბიზნესის მმართველს, თუ გაქვთ თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ?

– ოთხნახევარი წლის წინ გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და არ ვარ დაოჯახებული. თავისუფალი დრო ყოველდღე მაქვს. ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ საღამოს გავდივარ იმ ადგილებში, რასაც თბილისი გვთავაზობს. ჩვეულებრივ, როგორც ყველა, დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად.

ესაუბრა თემურ იობაშვილი