ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ ლოგისტიკური კომპანია "ლინკ ბრიჯის" პარტნიორთან, გაყიდვების დირექტორ ლევან თავაძესთან
#2(39), 2014
მინი-დოსიე

ლევან თავაძე დაიბადა 1976 წლის 5 იანვარს, თბილისში.

განათლება

1981–1992 წწ. სწავლობდა თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში;

1992–1999 წწ. სწავლობდა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ჩინური ენისა და ისტორიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი;

1996–1999 წწ. სწავლობდა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ჩინური ენის სპეციალობაზე.

სამუშაო გამოცდილება

2000 – 2008 წწ. საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „გლობუსი“, გენერალური წარმომადგენელი ჩინეთში.

2001 – 2003 წწ. უკრაინის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, მენეჯერი.

2007 წლიდან დღემდე – L & J IMPEX (HK) LIMITED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

2008 – 2012 წწ. საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია NEXUS (პეკინი), აღმასრულებელი დირექტორი;
 
2013 წლიდან დღემდე – საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია LINK BRIDGE (პეკინი), გაყიდვების დირექტორი.

ენები:

ქართული – მშობლიური; რუსული, ჩინური, ინგლისური – თავისუფლად.

ჰობი:

ბილიარდი, კითხვა, ფეხბურთი.

ოჯახური მდგომარეობა: 
 
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

– ბატონო ლევან, სანამ თქვენი დღევანდელი საქმიანობის შესახებ ვისაუბრებთ, გვიამბეთ სად დაიბადეთ და რა განათლება გაქვთ მიღებული.

– დავიბადე თბილისში, 1976 წლის 5 იანვარს. დავამთავრე თბილისის 126-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ჩინური ენის ფაკულტეტზე, სპეციალობა იყო ჩინური ენა და ისტორია.
 
1996 წლის 23 აგვისტოში, საქართველოს და ჩინეთს შორის გაცვლითი პროგრამის საფუძველზე მე და ჩემი ერთი თანაკურსელი გავემგზავრეთ პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში. სწავლა იქაც ჩინური ენის ფაკულტეტზე განვაგრძე, ოღონდ უკვე ჩინური, როგორც ბიზნეს-ენა. იქ დავამთავრე უნივერსიტეტი. შესაბამისად, ორმაგი ბაკალავრიატი მაქვს პეკინშიც და თბილისში. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო მაგისტრატურაში სწავლა ვერ გავაგრძელე. პეკინში უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ სამუშაოდ დავრჩი ჩინეთში. 

– თავიდან რაზე დაიწყეთ მუშაობა?

– თავიდან რთული ადაპტაციის პერიოდი იყო. თარჯიმნად ვმუშაობდი. პეკინში არის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უზარმაზარი საბითუმო ბაზრობა, რომელიც მთელ მსოფლიოს ემსახურება და მათ შორის ლილოს ბაზრობასაც კი.

– რა ენებს შორის თარჯიმნობდით და ვინ იყო თქვენი კლიენტი?

– ვთარგმნიდი ჩინურიდან რუსულად, ჩინურიდან ინგლისურად, ჩინურიდან ქართულად. სავაჭრო ურთიერთობებში ვინც იყო ჩართული, მათთვის ვმუშაობდი. ასე დაახლოებით 6 თვე ვიმუშავე.

მერე გამოჩნდა ერთი შოტლანდიური ტურისტული კომპანია, რომელმაც გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ამიყვანა. კომპანია ესპანეთის რამდენიმე კურორტზე ჰყიდდა საგზურებს. იქ დაახლოებით 8 თვე ვიმუშავე. 
ამის შემდეგ ფირმამ თავისი მარკეტინგული მოსაზრებების გამო ტერიტორიული მდებარეობა შეიცვალა – პეკინიდან სამხრეთში გადავიდნენ. ჰონკონგის და გუანჯოუს ტერიტორიაზე მეტი ადამიანი იყო მაშინ აქტიური ტურიზმის მომხრე. მე პეკინში დარჩენა გადავწყვიტე. თუმცა, მთავაზობდნენ, რომ იქ უფრო კარგ პირობებში ვიმუშავებდი.
 
მას მერე მოვეწყვე ერთ-ერთ ჩინურ ინტერნეტ-კომპანიაში. ძალიან მაინტერესებდა IT სფერო. ერთი წელი ვიმუშავე. ვიყავი რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი პორტალების პრომოუშენის უფროსი და რედაქტორი. ჩინელები რუსულ ენაში განსაკუთრებით მოიკოჭლებდნენ. ამიტომ, ვებსაიტებზე ძირითადი ტექსტების რედაქტირება-კორექტირებას მე ვაკეთებდი. აგრეთვე რუსულენოვან ინტერნეტ-სივრცეში ამ საიტის პრომოუშენს და რეკლამირებას ვაკეთებდი.

– ეს ინტერნეტ-კომპანია რაიმე ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა?

– ეს ფირმა დაკავებული იყო ონლაინ-გაყიდვებით. დაახლოებით, „ამაზონის“ მსგავსად, მაგრამ, ეს ფირმა მაშინ ბევრად პატარა იყო. მაშინ ჩემს უფროსს სწორი მიმართულება ჰქონდა აღებული, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. მას სურდა, პეკინის საბითუმო-სავაჭრო ბაზრობა ელექტრონულ ფორმატში გადაეყვანა: ყველა მაღაზია თუ სავაჭრო წერტილი, რომელიც ამ საბითუმო ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი, ყველასთვის შეექმნა ელექტრონული მაღაზია და მათ თავიანთი პროდუქცია ონლაინ გაეყიდათ. ასეთ ვაჭრობას ბევრი დადებითი მხარე აქვს – 24 საათის მანძილზე შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელმა დაათვალიეროს პროდუქცია, შეუკვეთოს – არც გამყიდველია საჭირო და არც თარჯიმანი. საიტზე მრავალენოვანი სისტემა იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხის მხრიდან უნდობლობის გამო იდეამ ვერ იმუშავა. გამყიდველებს ეშინოდათ, მათ თავიანთი სტრატეგიული პროდუქცია რომ ვებსაიტზე დაედოთ, უახლოესი კონკურენტები ასლებს გააკეთებდნენ და გაცილებით დაბალ ფასში და სხვა პირობებში მათსავე კლიენტებს შესთავაზებდნენ. ამიტომ, ბევრმა უარი თქვა. საბოლოოდ ეს იდეაც ჩავარდა. მაგრამ, ერთწლიანი მუშაობის პერიოდში ბევრი რამე ვისწავლე გამოცდილების და კლიენტებთან ურთიერთობის საქმეში.

მას მერე ცხოვრებამ და ბედმა ლოგისტიკის სფეროში მიმიყვანა. მოვეწყვე ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიაში, ჩინეთში გენერალურ წარმომადგენლად. ჩემს მოვალეობებში შედიოდა უკრაინიდან ყოველკვირეულად ჩამოსული ჯგუფების აეროპორტებში დახვედრა და სასტუმროებში მათი განსახლება.

– ეს ისევ ტურისტულ ბიზნესს ეხებოდა?

– არა, ტურისტულ-სავაჭრო ბიზნესს. განსახლების მერე საბითუმო ბაზრობებზე დადიოდნენ, შეიძენდნენ საქონელს და ჩვენი კომპანია უზრუნველყოფდა ამ ტვირთის ჩინეთიდან უკრაინამდე ჩატანა-განბაჟებას და დანიშნულების ადგილამდე მიტანას. ამ კომპანიაში დაახლოებით 9 წელიწადი ვიმუშავე. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ლოგისტიკურ სფეროში. ძირითადად ჩემზე იყო დამოკიდებული ამ ტვირთების არამხოლოდ პეკინიდან, არამედ ჰონკონგიდან, შანხაიდან, გუანჯოუდან, ურუმჩიდან ტრანსპორტირება; საუკეთესო ბროკერების მოძიება, საექსპორტო დეკლარირება, სასაწყობო კონტროლი. აგრეთვე მუდმივი მივლინებები და ჩატვირთვის პროცესზე ზედამხედველობა, რაც აღნიშნულ კომპანიაში მუშაობის ბოლო 4-5 წლის მანძილზე ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრ საინტერესო ხალხთანაც დავახლოვდი.

საბოლოოდ, ჩემი თანამშრომლობა უკრაინელებთან თავის გარკვეულ წერტილამდე მივიდა. ვიგრძენი, გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე ვინმესთვის მემუშავა.

– უკრაინელებთან ურთიერთობა როგორ დასრულდა?

– 2010 წელს წამოვედი, თუმცა დღემდე მეგობრებად ვრჩებით. როცა გარკვეული სირთულეები აქვთ, მაინც მე მომმართავენ ხოლმე. არსებობს ნდობა – ჩვენს შორის არ იქნება მოტყუება და ჩინელებისთვის და ზოგადად აზიელებისთვის დამახასიათებელი არაპირდაპირობა.

– თუმცა, ამბობენ, რომ აზიაში იაპონელები გამორჩეულად პატიოსანი ხალხია – არასოდეს იტყუებიანო.

– ჩემი გამოცდილებით იაპონელები მაგ მხრივ გამორჩეულები არიან, არ იტყუებიან. პირნათლად ასრულებენ კონტრაქტში მითითებულ პირობებს. მაგრამ, როგორც ყველა აზიელი, არც იაპონელი გეტყვის ბოლომდე რას ფიქრობს. თუ რამე მოსწონს, ან არ მოსწონს, არ იტყვის. თუ რამეს შეეკითხები, მაშინვე არ გიპასუხებს – გეტყვის, მოვიფიქრებო. თუ იაპონელი დაგპირდათ, რომ ხვალ გეტყვით პასუხს და არ შეგეხმიანათ, ეს უარს ნიშნავს.

ჩინელებს კი ისეთი მიდგომა აქვთ, რომ ზოგადად მტერი არ უნდა ჰყავდეთ. რაც ცხადია აბსურდია. ყველას თავს ვერ მოაწონებ.

– ჩინელებთან ბიზნეს-ურთიერთობა რთულია?

– მათ სპეციფიკას თუ გაუგებთ, რთული არ არის. მაგრამ არის პრინციპები, რომლის დარღვევაც პირადად მე არ მიყვარს. მაგალითად, მე წარმოვადგენ ერთ კომპანიას და მყავს კლიენტი. მყავს კონკურენტი, რომელიც ცდილობს კლიენტის ჩემგან წაყვანას. ჩინელს, რომელიც ჩემთან თანამშრომლობს, შეუძლია პარალელურად ჩემს კონკურენტთანაც გააბას ურთიერთობა. ორივესთან ურთიერთობდეს და ორივეს მეგობრობას ეფიცებოდეს. ორმაგი სტანდარტი გამოდის. ჩემთვის, თუ ვინმე კონკურენტია, ყოველთვის ღიად ვამბობ, რომ კონკურენტია. თეთრი თეთრია და შავი შავი. ჩინელების უმეტესობისგან ამას ვერასოდეს გაიგებთ. ყოველთვის ცდილობენ ნაკლები ილაპარაკონ თავის თავზე და ნაკლებად ჩაგაყენონ საქმის კურსში. საქმეშიც, ბოლომდე ვერასოდეს გაიგებთ რეალურად რა ხდება. ტვირთის გაგზავნისას რამე პრობლემა როცაა, სანამ ბოლომდე კუთხეში არ მიაყენებთ და ლამის სიცრუის დეტექტორებით არ დაკითხავთ, რეალურ სურათს არ მიიღებთ. ეს ძალიან ნერვების მომშლელია ხოლმე.

– მას შემდეგ რაც უკრაინული ფირმიდან წამოხვედით, როგორ გაგრძელდა თქვენი საქმიანობა?

– უკრაინელებს რომ დავშორდი, ჩემს ორ ჩინელ მეგობართან ერთად ლოგისტიკური კომპანია „ლინკ ბრიჯი“ ჩამოვაყალიბე. ისინი თანადამფუძნებლები არიან. მე დამფუძნებელიც ვარ და აგრეთვე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი. რაც ავია, საზღვაო, სამანქანო და საკონტეინერო გადაზიდვებს შეეხება, ყველა სახის გაყიდვების უფროსი მენეჯერი ვარ.

ჩინელ პარტნიორებთან ერთად ჩემმა თანამშრომლობამ აჩვენა, რომ დღეს „ლინკ ბრიჯი“ არის კომპანია, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ოფისი პეკინში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩინეთის საბაჟოს შენობაში, დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრია საოფისე ფართი. საერთო ჯამში, 156 თანამშრომელი გვყავს. ოფისები გვაქვს პეკინში, გუანჯოუში, ჰონკონგში, სეულში, დუბაიში და ლოს-ანჯელესში. სეულში და ლოს-ანჯელესში 2-2 კაცი მუშაობს ამ ეტაპზე. ეს ახლადჩამოყალიბებული ოფისებია, თუმცა ეს 4 კაცი საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს. არის მუდმივი კონტრაქტები, ამერიკიდან ჩვენს პარტნიორებს შემოაქვთ სოლარული სისტემის ელემენტები. ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, სინძიანის პროვინციაში, ურუმჩიდან დაახლოებით 250-300 კილომეტრში, პატარა ქალაქში შენდება უზარმაზარი, ამ ტიპის ელემენტების ელექტროსადგური. ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი, რომელმაც ტენდერი მოიგო და ამ გადაზიდვის უფლება მოიპოვა. 
მაისში 57 კონტეინერი ტვირთი შემოვიტანეთ ამერიკიდან და ადგილამდე ჩავიტანეთ.

– გადაზიდვაზე ტენდერი ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა და ელექტროსადგურის მშენებლობასაც სახელმწიფო აფინანსებს?

– აფინანსებს ის კომპანია, რომელიც სადგურს აშენებს. 20-30 წლის წინ, ჩინეთში რეფორმები რომ დაიწყო, ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთი – ზღვისპირა რეგიონი მოიცვა. იქ ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებული იყო, ზღვასთან სიახლოვის და საპორტო განლაგების გამო. მერე წლების განმავლობაში რეფორმები ჩრდილოეთის მხარეს გადავიდა. შემდეგ შეეხო ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს. ბოლოს უკვე, უკანასკნელი 5 წლის განვითარების დოქტრინა რომ მიიღეს, ჩინეთის დასავლეთის მხარეა წინ წამოწეული. ტიბეტი, სინძიანის პროვინცია, იქვეა სხვა პროვინციები. ეს უნდა განვითარდეს. რეგიონი უნდა ამოქაჩონ. ეკონომიკურ განვითარების დონეში აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩინეთს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. ბოლო 2-3 წელია საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება ამ რეგიონში, ვითარდება და ესეც ამ პროგრამიდან გამომდინარე ერთ-ერთი პროექტია. ბოლო ხანებში სინძიანის პროვინციის ბიზნესმენები და კომპანიები განსაკუთრებით ყურადღებას იჩენენ საქართველოს მიმართ. ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციით.

ჩვენი კომპანიის საქმიანობის არეალს რომ დავუბრუნდეთ, დუბაიში გვაქვს საკმაოდ დიდი ოფისი, 18 თანამშრომელი გვყავს. ასევე, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, გავხდით მექსიკის ავიახაზების გენერალური აგენტები შანხაიში. მათ ყველა რეისს, რომელიც ჩამოდის შანხაიში, თავიდან ბოლომდე მომსახურებას უწევს ჩვენი კომპანია. პეკინში ვართ ასევე ალჟირის ავიახაზების გენერალური გაყიდვების აგენტი (GSA). ახლახანს მოვაწერეთ ხელი და პირველი სექტემბრიდან ძალაში შევა თანამშრომლობა ირანის ავიახაზებთან: შანხაიდან თეირანის მიმართულებით.

ასევე, ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი იმ 4 კომპანიიდან, რომელსაც აქვს ჩინეთის საბაჟო სისტემასთან ინფორმაციის გაცვლის უფლება. გვყავს ჩვენი 22 დეკლარანტი, რომლებიც დეკლარირებას ახდენენ ჩვენს ოფისებში, მათ გაიარეს ტრეინინგი ჩინეთის საბაჟოზე და მიღებული სერთიფიკატების საფუძველზე აქვთ უფლება მოახდინონ დეკლარირება. ჩვენს ოფისში გატარებული დეკლარირება ამ სისტემის საშუალებით პირდაპირ გადადის ჩინეთის საბაჟო სისტემაში. მთელ პეკინში სულ 4 კომპანიას აქვს ეს უფლება და მათ შორის არის „ლინკ ბრიჯი“. 
 
– თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ და ეს ხომ არ გიქმნით რამე პრობლემას, რომ იყოთ კომპანიის დამფუძნებელი და საქმიანობა აწარმოოთ ჩინეთში?

– ისევე როგორც საქართველოში, არც ჩინეთშია შეზღუდვა სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ იყოს ფირმის დამფუძნებელი.

– ინვესტორების მოზიდვის პოლიტიკა როგორია ჩინეთში? საკმაოდ გახსნილია თუ შეზღუდვები არსებობს? 

– ჩინეთი ერთ-ერთი სტაბილური და ზრდადი რეგიონია უკვე მრავალი წლის მანძილზე, სადაც ეს ინვესტიციები ხორციელდება. შიდა ინვესტიციების წილი გაცილებით მეტია, ვიდრე უცხოელების, მაგრამ ყველა დიდი კომპანია ცდილობს ჩინეთში ჰქონდეს საწარმო ან ქარხანა. იგივე, ყველასათვის საყვარელი „აიფონიც“ ჩინეთში იწყობა.

– მუშახელი იაფია, საგადასახადო კანონმდებლობა ლიბერალური და ეს იწვევს ასეთ დაინტერესებას.

– კი, თავისუფალი ეკონომიკური ზონები იქმნება წახალისების მიზნით. ყველა რეგიონს თავისი შიდა კანონების მიხედვით დამატებით ლიბერალური მიდგომა აქვთ გადასახადებთან დაკავშირებით. გათავისუფლებენ რამდენიმე წლის მანძილზე, მერე ნახევარ განაკვეთზეა ეს გადასახადები თუ ბევრ ხალხს დაასაქმებ, კიდევ რაღაც შეღავათებია... ყველა რეგიონში სხვადასხვაა, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

– ზოგადად, ძნელია ჩინური საგადასახადო კანონმდებლობისთვის ალღოს აღება თუ პირიქით, გაგიმარტივდათ კიდეც, როდესაც ჩინეთში საქმიანობა დაიწყეთ?

– სამწუხაროდ, ამ მხრივ არის გაურკვევლობა და ბურუსით მოცული მომენტები. ბოლომდე ვერ გაერკვევი. როცა ჩვენთან იუსტიციის სახლში მიხვალ და ყველაფერს თავიდან ბოლომდე ძალიან ოპერატიულად გააკეთებ ბევრი კანონების ცოდნის გარეშე, ეს ჩინეთში ფაქტობრივად, შეუძლებელია. ელემენტარულად, ფირმის დარეგისტრირებას დაახლოებით 4 თვე სჭირდება. საკმაოდ ბევრ ინსტანციაშია მისვლა საჭირო. ამისთვის არიან შუამავლები, რომლებიც ყველას იცნობენ და გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ მოაგვარებენ მსგავს საქმეებს. ასევე, რასაც ვაკვირდები, რაც არ უნდა კარგად იცოდე ჩინური და რაც არ უნდა კარგად იყო გათვითცნობიერებული ყველაფერში, მაინც ცდილობენ რომ ბიზნეს-სადავეები უცხოელს არ ჩაუგდონ ხელში. უფრო სწორად, არ უნდათ, რომ უცხოელმა მათ ქვეყანაში რაღაც სადავეები ხელში ჩაიგდოს, იყოს მმართველი და უცხოელზე იყვნენ დამოკიდებული. ეს ლტოლვა აქვთ. ერთი მხრივ ეს ძალიან მართებული პოლიტიკაა თავად ჩინელებისთვის, ასე ისინი თავის ბაზარს იცავენ.

– საქართველოს ბაზარზე თუ საქმიანობს თქვენი კომპანია?

– კი, ვაგზავნით ტვირთებს. მოდის როგორც საავიაციო, ასევე საზღვაო ტვირთები. აქ გვყავს პარტნიორები, რომელთან ერთადაც საკმაოდ სტაბილურად და წარმატებულადაც ვმუშაობთ. მაგრამ, მხოლოდ საქართველო საკმაოდ პატარა ბაზარია, მცირე ტვირთბრუნვაა. ჩვენი პრინციპია, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩადო. ამიტომ, მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ძალიან აქტიურად ვითვისებთ ნიგერიის ბაზარს. ჩინეთიდან ნიგერიის მიმართულებით გაგზავნილი ავიატვირთების დაახლოებით 60% „ლინკ ბრიჯის“ გაგზავნილია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც სხვა კომპანიებს დღემდე არა აქვთ გაკეთებული – ნიგერიაში ვიპოვეთ საკმაოდ სანდო და ძლიერი პარტნიორი, რომელიც ჩვენს მიერ მოგროვებულ და გაგზავნილ ტვირთებს ღებულობს, ანბაჟებს და კლიენტებთან მიაქვს. ანუ კარიდან კარამდე პრინციპით ვმუშაობთ. რაც ყველაზე მთავარია, მოვახერხეთ სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა ტვირთის ადგილამდე მიტანის შემდეგ. იგივეს სხვა ჩინური კომპანიები ვერ აკეთებენ და კლიენტებს წინასწარ სთხოვენ ტრანსპორტირების საფასურს. ჩვენ რომ ეს შევძელით, ძალიან მალე, დაახლოებით 2 თვეში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაგვეზარდა. ამის გარდა იზრდება ჩვენი აქტიურობა მექსიკაში.

– მექსიკაც არ არის ბიზნესის საწარმოებლად იოლი გარემო, როგორც ვიცი...

– არ არის, მაგრამ იქ სხვა სიტუაციაა. ჩინეთის და მექსიკის მთავრობებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ჩინეთის მთავრობა მექსიკაში უდიდეს „ჩაინა-თაუნს“ ააშენებს. იქ იქნება როგორც ბაზრობა, ასევე მაღაზიები, შოპინგ-მოლები, ლოგისტიკური ცენტრები, რესტორნები და ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება ხოლმე. დაახლოებით 40.000 სავაჭრო წერტილი იფუნქციონირებს. ეს პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ლილოს ბაზრობა რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ 5-6-ჯერ უფრო დიდი მასშტაბის იქნება, ოღონდ გაცილებით ჩამოყალიბებული და არქიტექტურის თვალსაზრისით უფრო ნორმალური. ქალაქივით შენდება. არის სამი კომპანია, რომლებიც არის ამ პროექტის ძირითადი დამფუძნებელი, მშენებელი და მფლობელი. ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება დავდეთ და მათი ტვირთების გარკვეულ ნაწილს ჩინეთიდან ჩვენ ვუგზავნით.

– ძირითადად რა სახის გადაზიდვები გაქვთ?

– ჩვენი ძირითადი დამრტყმელი ძალა არის საზღვაო და საავიაციო გადაზიდვები, თუმცა ლოგისტიკური კომპანიის სრულფასოვნებისთვის სარკინიგზო გადაზიდვებიც გვაქვს ყაზახეთის, შიდა მონღოლეთის და რუსეთის მიმართულებით. საავიაციო გადაზიდვებში ჩვენ ვართ პირველი ხელი, ჩვენს ზემოთ მხოლოდ ავიაკომპანიაა. სარკინიგზო გადაზიდვებში ჯერ მაგ დონეზე არ ვართ. შარშან დავიწყეთ ამ მიმართულების განვითარება და ნელ-ნელა მივალთ უფრო მაღალ დონემდე.
 
– გარკვეულწილად არის ტენდენცია, რომ ზოგ შემთხვევაში საავტომობილო გადაზიდვები ანაცვლებს კიდეც სარკინიგზო გადაზიდვებს.

– ბოლომდე ვერასოდეს ჩაანაცვლებს. ყველას აქვს თავისი პლუსი და მინუსი. სარკინიგზო გადაზიდვა მძიმე და გაბარიტული ტვირთებისთვის ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა. აგრეთვე, მოსახერხებელია მარცვლეულის და ნავთობპროდუქტების გადასაზიდად. რკინიგზა გათვლილია საკმაოდ მძიმე ტვირთის გადასაზიდად, ავტომობილებზე კი გზის საფარის დასაცავად წონებზე გარკვეული შეზღუდვებია. ავტომობილზე განთავსებული კონტეინერის და ავტომობილის მასა 40-41 ტონას არ უნდა აღემატებოდეს (ყველა ქვეყანას თავისი შეზღუდვა აქვს). ეს საკმაოდ სერიოზული შეზღუდვაა. იგივე, საქართველოში გამოგზავნილი სატრანზიტო ტვირთები ჩვენ ახლა რკინიგზის საშუალებით მიგვაქვს ხოლმე. ფოთში ჩამოდის კონტეინერები, ტვირთს გადავიტანთ ვაგონებში და გადავზიდავთ. ეს გაცილებით იაფიც არის და მოსახერხებელიც.

– თუ არის შესაძლებელი, იქნებ გვითხრათ თქვენი კომპანიის ბრუნვა რამდენია წელიწადში?

– იუანებში შარშან დაახლოებით 160 მილიონი შეადგინა, რაც დოლარებში 25 მილიონია.
 
– ეს ციფრი ალბათ არ არის ისეთი მაღალი, რომ ზრდის პერსპექტივა ნაკლები იყოს.

– რა თქმა უნდა. ჩვენი კომპანია იზრდება. ყოველწლიურად 15-25% სისწრაფით ვვითარდებით. 2011 წელს თუ სულ ორი ოფისი გვქონდა – გუანჯოუში და პეკინში, სამი წლის შემდეგ უკვე ჩვენი გეოგრაფიაც გაიზარდა და თანამშრომლების რაოდენობაც. ჩვენ მოვიგეთ სახელმწიფო ტენდერი და 10 ნოემბერს უნდა დავიწყოთ 30.000 ტონა სამშენებლო მასალის გადაზიდვა საპორტო ქალაქ ცინგაოდან ტაილანდში. ჩინელები სავაჭრო კომპლექსს აშენებენ. ყველა საჭირო სამშენებლო მასალა უნდა გადავზიდოთ.

ჩვენი მთავარი პრინციპია, რაც შეიძლება ბევრი საშუალო და პატარა პროექტი გვქონდეს სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრი ჩინური კომპანია, რომელიც მხოლოდ ერთ ბაზარზეა (მაგალითად რუსეთის) ორიენტირებული, რუსეთში პრობლემების დაწყებისთანავე ან, ბოლო დროინდელი სანქციების გამკაცრების გამო უბრალოდ ჩერდებიან ხოლმე, რაც კომპანიისათვის დამღუპველია. ამიტომ, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩინელებსაც ვეუბნები, რომ არ არის ერთ მიმართულებაზე ჩამოკიდება სწორი. ჩვენმა ფირმამ გაშალა არეალი: დუბაი, ნიგერია, მექსიკა, ერაყის მიმართულებით დიდი მოცულობა იგზავნება; საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის მიმართულებით რა ტვირთებიც მოძრაობს, გარკვეულ ნაწილს ჩვენ გადავზიდავთ. ბოლო ხანებში დავესწარი რამდენიმე ლოგისტიკურ გამოფენას იგივე ჰონკონგში, ახლა იტალიაში ვიყავი მსგავს კონფერენციაზე. ბაზების და ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე ბევრი ახალი მეგობარი და პარტნიორი შევიძინე და სერიოზულ პროექტებზე მიდის საუბარი. ამიტომ, ჩემთვისაც უფრო საინტერესოა ეს საქმიანობა.

– თქვენთვის, როგორც მენეჯერისთვის რამდენად იოლი ან რთული სამართავი კომპანიაა „ლინკ ბრიჯი“ – ძნელია მართვა, თუ გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლოა არც გიჭირთ?

– არც თუ ისე ძნელია. ჩინელმა თანამშრომლებმა იციან თავისი ადგილი. იმის მიუხედავად, რომ აქვთ ამბიციები, სურვილები და მიზნები, სანამ ის არის გარკვეულ პოზიციაზე, თავზე არ გადაგახტება. იცის თავისი საქმე და აკეთებს. თუმცა, ყველა ადამიანს აქვს თავისი გარკვეული თვისება და ხასიათი, ამიტომ ხელმძღვანელის ერთ-ერთი დანიშნულებაცაა, რომ მისი გუნდის თითოეული წევრი ინდივიდუალურად განიხილოს, მოუნახოს გასაღები და კოლექტივი ისე შეკრას, რომ ერთ სრულყოფილ გუნდად ჩამოაყალიბოს. ამაში ჩემი ჩინელი პარტნიორებიც ძალიან მეხმარებიან. 
 
– გადამწყვეტი სიტყვა კომპანიის მართვაში ვის აქვს?

– გარკვეულწილად გადანაწილებული გვაქვს. სამუშაოს რაც შეეხება – პროგნოზირება იქნება, დაგეგმვა თუ სტრატეგიები, ამას ერთად ვაკეთებთ. არ მინდა, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მივიღო. პარტნიორები ვართ და ყველამ ჩვენი აზრი უნდა ვთქვათ, ერთად ავწონ-დავწონოთ. რაც შეეხება უკვე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებს, მათი განხორციელებისას რომ არ მოხდეს ჩვენი ხელქვეითების მიერ გადაბრალება: ერთმა უფროსმა ასე მითხარი და მეორემ ასეო, კონკრეტულ პროექტს ხელმძღვანელობს ერთი ადამიანი. ყველანაირ პასუხისმგებლობას ის კისრულობს. ის ვალდებულია ფირმის და დამფუძნებლების წინაშე. მაგალითად, დამევალა რაიმე პროექტის განხორციელება, რისთვისაც დამჭირდება 6 ადამიანი. ამ 6 ადამიანს ამ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ მე ვაძლევ დავალებებს. ერთმანეთზე გადაბრალება გამორიცხულია. ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც თანამედროვე კომპანიებში ხდება – წერილობითი მიმოწერით და რეპორტებით: ვინ რა და როგორ გააკეთა. საკმაოდ მომთხოვნი ვარ, მაგრამ დაუნახავი – არა. როცა ვხედავ, რომ ადამიანი ცდილობს და ყველაფერს აკეთებს როგორც კომპანიისთვის, ასევე საკუთარი თავის წინსვლა-განვითარებისათვის, მისი წახალისება ხდება ხოლმე.

– თქვენთან საშუალო ანაზღაურება როგორია ჩინეთის ბაზრის გათვალისწინებით?

– საკმაოდ მაღალია. სხვადასხვა დონის თანამშრომელს სხვადასხვა ხელფასი აქვს მისი გაწეული სამუშაოს გათვალისწინებით. მაგრამ, უშუალოდ ჩემ პირად მენეჯერებს აქვთ ხელფასი 1000-დან 1400 დოლარამდე, რაც ჩინეთში საშუალოზე მაღალ ხელფასად ითვლება. იქ ცხოვრების დონე და ყოველდღიური ხარჯები გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. თვითონ ჩინელები საკმაოდ ეკონომიურები არიან და ცოტას ხარჯავენ. რაც ჩვენი ფირმა ქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით, აეროპორტის ტერიტორიაზე გადავიდა, ბევრს გაუჭირდა ამ მანძილზე ყოველდღე სიარული. ამიტომ ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა და თანამშრომლებისთვის ოფისთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დაიქირავა 22 ბინა, თითო 2-ადგილიანი. თანამშრომლები შაბათ-კვირას სახლში მიდიან. თავიდან ცოტა უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა – ჩვენ გვაქვს ბინები და მანდ რატომ უნდა ვიცხოვროთო, თუმცა საბოლოოდ მათთვისაც ხელსაყრელი აღმოჩნდა. ზოგავენ ტრანსპორტის ფულს, დროს და დასასვენებლად ბევრი დრო რჩებათ. ამას რომ თავი დავანებოთ, კოლექტივი უფრო გუნდური და შეკრული გახდა. ერთად ცხოვრობენ, ერთად ვახშმობენ. თვეში ერთხელ ფირმა სპორტულ ღონისძიებებს აწყობს: ხან ბოულინგს ვთამაშობთ, ხან ბადმინტონს, როცა კარგი ამინდია, პეინტბოლს. გუნდური თამაშები ერთმანეთთან მეტი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ფირმაში ისე დავაყენე საკითხი, რომ ყველამ იცის, რომ შეუცვლელი არცერთი თანამშრომელი არ არის. რომელიმე თანამშრომელი რომ ავად გახდეს, ან გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლოს სამსახურში მოსვლა, ამის გამო მთელი პროექტი არ უნდა ჩავარდეს. ამიტომ, ყველა თანამშრომელს უნდა ჰყავდეს შემცვლელი მენეჯერი. მაგალითად, ვინც ავიაგადაზიდვების დეპარტამენტშია და თავიდან ბოლომდე იცის ყველაფერი ავიაგადაზიდვების დეკლარირება-დაჯავშნის შესახებ, იმან საზღვაო გადაზიდვებზე არაფერი იცოდა. ამიტომ ყოველთვე, 2-3 დღის მანძილზე ტრეინინგებს ვუტარებთ, სადაც მენეჯერები ერთმანეთს ასწავლიან და საჭირო ინფორმაციას ცვლიან თავიანთი სფეროების დამახასიათებელ ნიუანსებზე. ფირმა კლიენტის მიმართ ყოველთვის ერთნაირ რეჟიმში და ერთი ხარისხით მუშაობს. ვიღაც ავად თუ გახდა, ან სამსახურში არ გამოცხადდა, ამით ფირმის მუშაობაში არაფერი იცვლება. 
 
– ბოლო წლებში, რაც საქართველოში ჩინელები გამოჩნდნენ, საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულებაა მათ მიმართ. აქაურები ვერ იტანენ ჩინელებს. თქვენ ჩინეთში მუშაობთ, მმართველ პოზიციაზე ხართ და მსგავს აგრესიას თუ გრძნობთ ადგილობრივი ჩინელებისგან?

– საერთოდ მრავალრიცხოვანი ერების წარმომადგენლებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი – ყველას აქვს ამბიცია და მოთხოვნა, რომ პატარა ერის შვილმა მათი ენა ისწავლოს. თვითონ სხვა ენას ნაკლებად სწავლობენ (პროცენტულად ვგულისხმობ). რამდენი მაგალითი გვაქვს, რომ რუსები არ სწავლობენ არც ქართულს, არც სომხურს, არც სხვა ენებს. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ენა იყო რუსული და სხვებმა ისწავლონ ჩვენი ენაო. თითქმის მსგავსი დამოკიდებულებაა ამერიკაში, თუმცა, ამერიკელები გაცილებით მეტად სწავლობენ უცხო ენებს. ჩინელებიც ასე იქცევიან. რუსებს არ უკვირთ, უცხოელი რომ რუსულად ლაპარაკობს. პირიქით, აკრიტიკებენ და დასცინიან, აქცენტით ლაპარაკობ და გრამატიკულ შეცდომებს უშვებო... წესით მადლობა უნდა უთხრან – უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მათ ენას რომ სწავლობს. ამერიკელები არ დაგცინიან, თუმცა ძალიან დიდ აღფრთოვანებასაც არ გამოხატავენ, როცა ინგლისურად კარგად ლაპარაკობ. მათთვის ეს ნორმაა, ანუ ყველა უნდა ლაპარაკობდეს ინგლისურად. ჩინელებს რაც შეეხებათ, მათთვის დღესაც კი აღფრთოვანების საგანია, როცა უცხოელი ჩინურად კარგად ლაპარაკობს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ჩინელებთან ურთიერთობისას ერთი დიდი პლუსი მეწერება ხოლმე. ზოგჯერ ვხუმრობ, რომ 100 მილიონ ჩინელზე უკეთესად ვლაპარაკობ ჩინურად (ჩინეთში 56 ეროვნება ცხოვრობს და ყველას თავისი დიალექტი აქვს, და როცა ისინი ჩინეთის სახელმწიფო ენაზე მეტყველებენ, ძალიან აშკარად გამორჩეული აქცენტი აქვთ). როცა ამას ხედავენ, პატივისცემით განიმსჭვალებიან ხოლმე. შემდეგ ინტერესდებიან, თუ საიდან ვარ. რომ ვეუბნები, საქართველოდან, ბევრმა საერთოდ არ იცის საქართველოს შესახებ. იციან მხოლოდ სტალინი რომ იყო ქართველი, თბილისში რომ არსებობდა მიწისქვეშა სტამბა, სადაც პროკლამაციებს ბეჭდავდნენ – ამას სკოლაში ასწავლიან. ასევე იციან ედუარდ შევარდნაძე. ბოლო თაობის ხალხმა, რომელიც ინტერნეტს და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს აქტიურად იყენებს, გაიგო სააკაშვილის, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მაგრამ ძირითადად მაინც ნაკლებად გათვითცნობიერებულები არიან. ყველა ის ჩინელი, ვინც ჩემს ირგვლივაა, ჩემი პროპაგანდის გამო ფაქტობრივად, საქართველოზეა შეყვარებული.

საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოდიოდნენ და წვრილმანებით ვაჭრობდნენ ჩინეთის მიყრუებული სოფლებიდან დაბალი დონის განათლების წვრილი ვაჭრები და გადამყიდველები. ყველა ქვეყანაშია კარგიც, ცუდიც, ვაჭრუკანაც და ბიზნესმენიც. ამიტომ, ის ვინც აქ ჩამოვიდა, ჩვენს თვალში წარმოადგენდა მთელ ჩინელ ერს, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი. 
ქართველებმა ჩათვალეს, რომ ჩინელები ყველა ასეთია. „Made ic China“ – იქცა ცუდის, უხარისხოს სინონიმად. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენი დიდი წვლილია იმაში, რომ საქართველოში შემოედინება ძალიან დიდი რაოდენობის დაბალი ხარისხის იაფფასიანი ჩინური საქონელი. ჩვენ თავად ვყიდულობთ ასეთ პროდუქციას, რადგან საქართველოში ხალხს არ აქვს ძვირი და კარგი პროდუქციის ყიდვის საშუალება. თორემ, ჩინელი კარგსაც აკეთებს. მაგალითად „აიფონის“ ტელეფონი ცუდია „Made in China“ რომ არის? ამერიკაში რა „აიფონიც“ იყიდება, ისიც ჩინეთშია გაკეთებული და აწყობილი. ასე რომ არის მაღალი და უმაღლესი სტანდარტების ჩინური საქონელიც, რომელსაც ჩვენ თითქმის არ ვყიდულობთ.
 
– საკადრო პოლიტიკა თქვენს კომპანიაში როგო¬რია, თქვენ იმდენად იცნობთ ადგილობრივი ხალხის სპეციფიკას თუ ამ შემთხვევაში თქვენი პარტნიორები ღებულობენ გადაწყვეტილებას?

– საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ. ვამბობ, არის ესა და ეს პროექტი, მჭირდება მენეჯერი. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ვადგენთ, გოგო გვჭირდება თუ ბიჭი. ისინი იპოვნიან 10-15 კანდიდატურას. მერე თითოეულს ვუტარებ გასაუბრებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ყოველთვის ვეძებ ადამიანს, რომელიც სხარტად მოაზროვნეა. უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად აზროვნება. ბევრ ჩინელ თანამშრომელს არაფლექსიბელურობა ახასიათებს. ხშირად ვეუბნები ხოლმე კრებებზე, რომ ყველა შესაძლო ვარიანტის წინასწარ თქმა არ შემიძლია და შეუძლებელია. თავად გადაწყვიტეთ. ჩემთვის მთავარია შედეგი, პროცესს ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა. მე ვამბობ, დღის ბოლომდე ასე უნდა მოხდეს, გაქვს ამდენი ბიუჯეტი, ეს უნდა გააკეთო. როგორ გააკეთებ, შენი გამოცდაა. თუ შეძლებ გაცილებით ნაკლებ დროში ან გაცილებით ნაკლები ხარჯით ან უკეთესი ვარიანტით ამის გაკეთებას, დავინახავ და შენ მუშაობის უკეთესი პირობები შეგექნება. თუ ერთი დღე მოანდომე, ვერაფერი გააკეთე, ბოლოს ტირილით მოხვედი და მითხარი, რომ ვერ ვაკეთებ, ან მე თვითონ სანამ არ გამოგკითხე რა პროცესში ხარ და აღმოვაჩინე, რომ არაფერიც არ ხდება – ეს უკვე სხვანაირად აისახება. ამიტომ, თანამშრომელს წინასწარ ვაძლევ ბიუჯეტს, განუსაზღვრავ დროს, ვეუბნები თუ ვინ შეიძლება აღმოუჩინოს გარკვეულ ეტაპზე დახმარება, რა უნდა გაკეთდეს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და მიდი, შეუდექი საქმეს!
 
თუ ყოველთვის ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული, მე არ მექნება ჩემი საკუთარი დრო და 100 თანამშრომელიც რომ მყავდეს, ე.ი. 101 კაცის საქმე უნდა ვაკეთო. ჩემი მთავარი დაინტერესებაა, რომ ისეთი თანამშრომლები გავზარდო, რომელებიც დამოუკიდებლად შეძლებენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ამ საქმიანობისგან გამომათავისუფლებენ, რითაც მე სხვა საქმისთვის მეტი დრო დამრჩება.
 
– ყველა ბიზნესმენს თავის საქმიანობის სფერო მოსწონს ხოლმე, მაგრამ მაინც გკითხავთ – ლოგისტიკა რამდენად მიმზიდველ და საინტერესო ბიზნესად მიგაჩნიათ სხვა საქმიანობებთან შედარებით?

– მთელ მსოფლიოში მომავალში ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფინანსებზე, ინტერნეტ-სფეროზე, ლოგისტიკაზე. ლოგისტიკის გარეშე არც ნავთობის ბიზნესი იარსებებს, არც სააფთიაქო, არც კვების და არცერთი სხვა საქმიანობა. სანამ კაცობრიობა იარსებებს და ეკონომიკის განვითარება იქნება შესაძლებელი, უნდა იყოს ლოგისტიკა. რამდენად კარგად განავრცობ და ინტეგრაციას შეძლებ – ეს უკვე თითოეული დირექტორის და მეპატრონის საქმეა. 
 
– საქართველოში რასაც აკვირდებით, ბიზნეს-გარემო აქ როგორ იცვლება? თუნდაც, იგივე ლოგისტიკური კომპანიების საქმიანობის თვალსაზრისით.

– მართალი გითხრათ, ძალიან ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ერთი შეგრძნება რაც მაქვს, რომ სერვისის და პრო-ფესიონალიზმის თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამე აქვთ ქართულ კომპანიებს სასწავლი და დასახვეწი. ფირმებში ბევრი არაკომპეტენტური თანამშრომელია. საბუთების სწორად დასახელება არ იციან. ინფორმაციას სწორად ვერ გადასცემენ კლიენტს და ხშირად ეუხეშებიან კიდეც.

ჩვენთვის თითოეული კლიენტი იმდენად ძვირფასია, რომ მისი დაკარგვა არ შეიძლება. გასაგებია, ყველა კლიენტს თავისი თავისებურებას აქვს, მაგრამ იმით არის მენეჯერი კარგი, რომ ყველა ადამიანს მოუძებნოს თავისი გასაღები, მისი მოსაწონი გააკეთოს.

თუმცა, მცირე სასიკეთო ცვლილებებიც შეიმჩნევა ბოლო წლებში. იგივე გეზ-ის ტერმინალებში საერთო საბაჟო სისტემები, კომპიუტერული სისტემები, წინასწარ განბაჟება, ფოთის ტერმინალი... მაგრამ, კიდევ ბევრი რამეა, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

– საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და სატრანზიტო ქვეყნისთვის არსებული პოტენციალი რამდენად მაქსიმალურად არის ათვისებული და გამოყენებული?

– საქართველოს აქვს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა. მისი გამოყენება აუცილებელია და ამ ეტაპზე სულ რამდენიმე პროცენტით არის ათვისებული. სამწუხაროდ არ ვიცი ჩვენსა და თურქეთის მთავრობებს შორის რა სახის მოლაპარკებები და შეთანხმებები არსებობს, მაგრამ ლოგისტიკური თვალსაზრისით საქართველო ალბათ 90%-ით დამოკიდებულია თურქეთზე. ყველა საზღვაო ტვირთი საქართველოში შემოდის მხოლოდ თურქეთის გავლით და თუ ოდესმე თურქეთი მოინდომებს საქართველოსათვის პოლიტიკური ან ეკონომიკური პრობლემის შექმნას, პირველ რიგში ლოგისტიკის ბერკეტების საშუალებით შეეძლება მიაღწიოს საწადელს. პროდუქტები, ტანსაცმელი, აპარატურა, ტექნიკა – არაფერი შემოვა საქართველოში. დღეს ყოველი საზღვაო კონტეინერი თურქეთის გავლით შემოდის საქართველოში და ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ტვირთი 10-20 დღე ჩერდება ხოლმე სტამბოლის პორტში, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. მხოლოდ ირანიდან და აზერბაიჯანიდან საავტომობილო საშუალებებით და პირდაპირი ავია რეისებით ჩამოდის საქართველოში საერთო ტვირთბრუნვის 10-15%. საზღვაო ტვირთები მხოლოდ თურქეთის გზით შემოდის.

– სხვა რა გზა არსებობს?

– სხვა გზა არის ის, რომ ფოთის პორტი, ან ახალი პორტი, რომლის აშენებასაც აპირებენ, გაღრმავდეს და მისი სიღრმე იყოს არა 9 და 12 მეტრი, როგორიც ახლაა, არამედ გაცილებით მეტი, რომ დიდი წყალწყვის გემების პირდაპირი მიღება იყოს შესაძლებელი თურქეთის გვერდის ავლით.

– ანუ, ახლა დიდი გემები შედის თურქეთში და იქიდან უკვე მცირე წყალწყვის გემებით შემოდის ტვირთი საქართველოში?

– დიდი გემი შედის სტამბოლში, გადაიტვირთება უფრო მცირე გემებზე და ისე შემოდის ფოთში. რამდენიმეათასკონტეინერიანი ამწეობის გემი მაინც რომ შემოვიდეს ფოთში, ამის საშუალებაც კი არ გვაქვს. გემმა ფოთამდე რომ ჩამოაღწიოს, მართალია მაინც ბოსფორი უნდა გამოიაროს, რასაც თურქეთის ნებართვა სჭირდება, მაგრამ გემის გატარება-არგატარებას უკვე სხვა მექანიზმები სჭირდება. გემის არგატარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭების ფონზე შეიძლება მოხდეს, მაგრამ დღეს, როცა ჩვენ ფიდერებით მოგვაქვს ტვირთები სტამბოლის პორტიდან, ძალიან ბევრი ცრუ მიზეზი (ტექნიკური გაუმართაობა, უამინდობა, გაფიცვა) შეუძლიათ მოიგონონ თურქებმა ტვირთების გასაჩერებლად რაც არ გამოიწვევს პოლიტიკურ დაძაბულობას...
 
ამიტომ, მე მგონია, ჩვენმა მთავრობამ ეს უნდა გაიაზროს და მოხდეს ამ ინფრასტრუქტურის განვითარება. დიდი წყალწყვის გემი თუ საქართველოში პირდაპირ შემოვა, პირველ რიგში ტრანსპორტირების სიჩქარე გაიზრდება. ახლა ჩინეთიდან საქართველომდე ტრანსპორტირებას თუ სჭირდება დაახლოებით 45 დღე, 28-30 დღეში იქნება შესაძლებელი ტვირთების შემოტანა. 2 კვირა საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ტრანსპორტირების ღირებულება შემცირდება, ტვირთბრუნვა გაიზრდება. აზერბაიჯანში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ ქვეყანა საკმაოდ დიდი ტემპით ვითარდება. ყველაფერს თავიდან აშენებენ. დიდი რაოდენობით შეაქვთ სამშენებლო მასალები და დაზგა-დანადგარები. ეს ყველაფერი უმეტესწილად საქართველოს გავლით მიედინება. სომხეთისაკენაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთები საქართველოს გავლით შედის. 
ყაზახეთის ექსპორტ-იმპორტი დიდი მოცულობით საქართველოს სარკინიგზო ხაზით ხორციელდება. ასეა თურქმენეთის მიმართულებითაც. საქართველოს საკმაოდ ხელსაყრელი ადგილი უკავია ამ რეგიონში და საჭიროა მისი განვითრება.

ავიაგადაზიდვებს რომ შევეხოთ, ფრანქფურტს აქვს ჰაბი ევროპაში, გერმანიაში ჰამბურგის საზღვაო ჰაბია, ასევე ამსტერდამშია საზღვაო ჰაბი. თურქეთს სტამბოლში აქვს საავიაციო და საზღვაო ჰაბი. თბილისიდან ავიარეისების 90%, ღამის 12-დან დილის 6 საათამდე სრულდება. იმიტომ, რომ ევროპის ჰაბებზეა მორგებული. ჩვენთან არ არის ამხელა ფლოტი და შესაძლებლობა, მაგრამ სატვირთო გადაზიდვებს რაც შეეხება, შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ აღმოსავლეთიდან მომავალი დატვირთული თვითმფრინავები თბილისში დაჯდნენ, დასავლეთიდან აღმოსავლეთში მიმავალი თვითმფრინავები ასევე თბილისში დაეშვნენ. აქ გაიცვალოს ტვირთები: დასავლეთიდან წამოსული ისევ დასავლეთით გაფრინდეს და აღმოსავლეთიდან წამოსულიც უკან დაბრუნდეს. დაიზოგება ხარჯები, დროც და საქართველოც შეიძლება გახდეს გარკვეულწილად ჰაბი.

ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი, ტერმინალები და საბაჟო სისტემები. შესაბამისი პოლიტიკაა გასატარებელი. აზერბაიჯანი უკვე ცდილობს ასეთი სისტემის შექმნას. თავისი ნავთობი აქვს და ავია საწვავზე ფასით გვაჯობებენ. თუმცა გონიერი მიდგომით ბევრი რამეა შესაძლებელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთი მხოლოდ საქართველოზე და რუსეთზეა დამოკიდებული ტრანსპორტირების თვალაზრისით. აზერბაიჯანელები არაფრის დიდებით სომხურ ტვირთებს არ გაატარებენ თავიანთ ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ გვეძლევა შანსი ვიყოთ სატრანსპორტო ხიდი სომხეთის განვითარება-სტაბილურობის საქმეში.
 
საქართველოს ტრანზიტულ პოტენციალს სჭირდება გონიერი გამოყენება. ეს არის მომავლის საქმე და რაღაც ადგილი უნდა დავიკავოთ, სანამ დროა.

– თქვენი მომავლის გეგმები როგორია?

– ჩემი გეგმაა ჩინეთში უკეთესად ავაწყოთ ჩვენი ლოგისტიკური კომპანიის საქმიანობა. გავზარდოთ ჩვენი ქსელი. ასევე, აღვზარდო 2-3 წლის მანძილზე რამდენიმე სანდო და საიმედო მენეჯერი, რომელიც გარკვეულ პროექტებს ითავებს და მე გამომითავისუფლდება დრო. შესაბამისად, შევძლებ საქართველოში, ჩემს ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარებას. აქ ჩამოვაყალიბებ კომპანიას, რომელიც მრავალფუნქციურ საქმიანობას გასწევს, როგორც ლოგისტიკურს, ასევე სავაჭროს, საკონსულტაციოს. მინდა, რომ აქეთ გადმოვინაცვლო და უფრო მეტი დრო აქ დავხარჯო.

ჩინეთში ფირმის განვითარებისთვის ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ჩვენ ახლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად მიგვაჩნია საფოსტო-კურიერული სისტემის აწყობა. როგორც უკვე გითხარით, ინტერნეტის და ონლაინ-ვაჭრობის არის მომავალი. ჩინეთის რამდენიმე უზარმაზარმა კომ¬პანიამ, როგორიც არის იგივე „ALIEXPRESS“, „TAOBAO“, „JD.COM“ და კიდევ 7-8 კომპანიამ, 14,5 მილიარდი დოლარი დადეს, უახლოეს 3 წელიწადში ჩინეთის საფოსტო-კურიერული სისტემის უფრო მაღალ დონეზე აყვანისთვის.
 
დღეს, თქვენ თუ პეკინში ინტერნეტის მეშვეობით დღის 12 საათამდე რაიმეს შეუკვეთავთ, იმავე დღეს, საღამოს 6 საათის მერე ნივთს სახლში მოგიტანენ. 20-მილიონიანი პეკინისთვის ტვირთის ასე სწრაფად მიტანა არის ფანტასტიკური შედეგი. ისეთი საცობებია პეკინში, ფანტასტიკაა ნახევარ დღეში საწყობიდან ნივთის აღება და პატრონამდე მიტანა მოესწროს. მაგრამ მიუხედავად ასეთი კარგი შედეგებისა, ზემოთ აღნიშნულ კომპანიებს სერვისის და სიჩქარის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა სურთ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენმა კომპანიამ უნდა იღონოს ყველა ძალა და საშუალება, რათა შეძლოს რამდენიმე ქვეყანაში: ეს ნიგერია იქნება თუ ერაყი, რუსეთი თუ ყაზახეთი, გამოვნახოთ ჩვენი ნიშა, სადაც შევძლებთ კურიერული საფოსტო გზავნილების უმოკლეს ვადებში მისაღებ ფასად ჩატანას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება. საქართველოს მიმართულებითაც ვცდილობთ ჩამოვყალიბდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩინეთიდან საკმაოდ ცოტა საქონელი მოდის კურიერული საფოსტო გზავნილების გზით, ამიტომ ამ ეტაპზე ეს საკმაოდ ძვირი „სიამოვნებაა“.
    
– თავისუფალი დრო თუ გაქვთ და რა არის თქვენი და ჰობი?

– მრავალწლიანი მცდელობების მერე როგორც იქნა შაბათ-კვირა გამოვითავისუფლე (ადრე 24X7X365 პრინციპით ვმუშაობდით) და თავისუფალი დრო ვიჩუქე. რა თქმა უნდა, ოჯახთან, ჩემს ბავშვებთან ერთად ვატარებ. 4 წლის ბიჭი მყავს, დათუნა და 2 წლის გოგონა – სოფო. ოჯახი ჩემთან ერთად ცხოვრობს პეკინში. რაც შეეხება გატაცებას, ძალიან მიყვარს ბილიარდი. ხშირად ვთამაშობ სამოყვარულო დონეზე და რამდენიმე ასეთ ტურნირში მონაწილეობაც მაქვს მიღებული. პირველი ადგილი არ ამიღია, მაგრამ პეკინის ღია ჩემპიონატზე 512 მონაწილეში 30-ე ადგილი ავიღე. ასევე მიყვარს ფეხბურთი, კალათბურთი. მაგრამ, დროს ძირითადად მაინც ოჯახთან, ბავშვებთან ვატარებ და ძალიან მიყვარს მოგზაურობა. სამსახურიდან გამომდინარეც მიწევს სიარული და როდესაც სადმე წასასვლელი ვარ, დიდი სიხარულით მივემგზავრები ხოლმე. მიყვარს ახალი ქალაქების ნახვა და ახალი ადამიანების გაცნობა.

ესაუბრა თემურ იობაშვილი