ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ თელავის არჩეულ მერ პლატონ კალმახელიძესთან
#2(39), 2014
მინი-დოსიე

პლატონ კალმახელიძე დაიბადა 1979 წლის 1 იანვარს ქალაქ თელავში.

განათლება

1997 წელს დაამთავრა თელავის №1 საშუალო სკოლა;

2002 წელს დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

2003-2007 წწ. შპს „ავერსი-ფარმას“ სამედიცინო წარმომადგენელი კახეთის რეგიონში.

2007-2014 წწ. შპს „მობიტელის“ თელავის ფილიალის დირექტორი

ენები 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

– ბატონო პლატონ, მოკლედ გვიამბეთ თქვენი გავლილი გზის შესახებ, სანამ თელავის მერის პოსტს დაიკავებდით. 

– დავიბადე თელავში და სკოლაც აქ დავამთავრე. შემდეგ მომიწია თბილისში წასვლა, სადაც უმაღლესი განათლება მივიღე. პროფესიით ვარ ექიმი, ზოგადი პროფილის მკურნალი.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა სამედიცინო მენეჯმენტში: ფარმაცევტულ კომპანია „ავერსში“, სადაც 3,5 წელიწადი დავყავი. თავიდან ვიყავი თელავის სამედიცინო წარმომადგენელი, რამდენიმე თვეში გადავედი კახეთის რეგიონულ წარმომადგენლად. ჩემს მოვალეობაში შედიოდა რეგიონული წარმომადგენლობის მენეჯმენტი – სააფთიაქო ქსელის გაფართოება, აგრეთვე სხვადასხვა პრეზენტაციები მედიკამენტების რეალიზაციის და სამედიცინო სფეროს შესახებ.

უკვე 3 წელი იყო გასული, რაც „ავერსში“ ვმუშაობდი, როცა ქართულ ბაზარზე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინი“ შემოვიდა. კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია კახეთის ფილიალის დირექტორის პოზიციაზე. ამ ინფორმაციის შესახებ ტელევიზიის მეშვეობით შევიტყვე. შევიტანე განაცხადი და კონკურსის გავლით მოვხვდი „ბილაინში“. წინა სამსახურში საკმაო ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა მენეჯმენტის სფეროში. ასევე მენეჯერულ პოზიციაზე ვიმუშავე „ბილაინში“ 7 წლის მანძილზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თელავის მერის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებამდე ვიყავი კომპანია „ბილაინის“ თელავის ფილიალის დირექტორი. ეს არის რეგიონული ფილიალი და მთლიან კახეთს მოიცავს.

– „ავერსიდან“ თქვენი წამოსვლის მიზეზი რა გახდა – რამე უთანხმოება თუ უკეთესი პირობები ძებნა?

– „ავერსიდან“ წამოსვლის მიზეზი გახდა პროფესიული განვითარების სურვილი და ასევე უფრო კარგი სამუშაო პირობები. იყო მენეჯერული გამოცდილების გაღრმავების საშუალება და მოქმედების მეტი არეალი. ფილიალი ფაქტობრივად მაშინ ჩამოყალიბდა. ასე რომ, კომპანია „ბილაინის“ კახეთის რეგიონში დაფუძნების დღიდან დავიწყე მუშაობა წამყვან პოზიციაზე.

– წინა სამსახურებში თქვენ კერძო სექტორში მუშაობდით და ამჟამად პოლიტიკაში გადაინაცვლეთ. რა გახდა ასეთი გადანაცვლების მიზეზი და რა არის თქვენი მიზანი?

– თელავის მერის თანამდებობას კენჭისყრაში მონაწილეობის შემოთავაზებისთანავე ვთვლიდი, როგორც მეურნის და მენეჯერის პოზიციას და არა ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებების საკეთებლად. თუმცა, ქალაქის მერი მაინც პოლიტიკური ფიგურაა. ჩემი საქმიანობის მანძილზე, ლეგიტიმაციის პერიოდში ყველანაირად შევეცდები, რომ ჩემი ძალისხმევა სამეურნეო, ქალაქზე მზრუნველობის კუთხით მივმართო და ვიყო მენეჯერი, ვიდრე ეს დრო პოლიტიკური განცხადებების კეთებაში გავფლანგო. 
 
ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, დიდი დროის მანძილზე არ მომწონდა თელავში მიმდინარე პროცესები. არ მომწონდა, რომ ქალაქს უდიერად ეპყრობოდნენ. რადგან აქ ვაპირებ ცხოვრებას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში იქნება ქალაქი. მნიშ-ვნელოვანია თელავის ხელმძღვანელად ვინ მოვა და რას გააკეთებს. როდესაც ჩემს კანდიდატურაზე იყო შემოთავაზება, მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნის გამო დავთანხმდი. ქალაქზე ზრუნვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტე ეს ნაბიჯი გადამედგა.
 
– გამოდის, შემოთავაზებამდეც გქონდათ ნაფიქრი, რომ შეიძლებოდა რამე პოლიტიკურ თანამდებობაზე წასულიყავით?

– შემოთავაზებამდე ამ პოზიციის დაკავებაზე ნაფიქრი არ მქონია. საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი ჩემი წინა სამსახურით და ჩემი საქმიანობით. წლების მანძილზე ერთ ადგილას გაჩერებული არ ვიყავი. „ბილაინი“ დინამიურად მზარდი კომპანიაა. შესაბამისად, ყოველდღე, ყოველთვე, ყოველ წელს ინერგებოდა სიახლეები, კომპანია ვითარდებოდა, რაშიც ჩართული ვიყავი. ეს სამსახური ჩემთვის უინტერესო არ ყოფილა. მაგრამ არც ქალაქში მიმდინარე მოვლენები იყო უინტერესო. ამიტომ, შემომთავაზეს მერის პოსტისთვის მებრძოლა. შემოთავაზებისას დიდხანს არც მიფიქრია, რადგან ჩემს ქალაქზე ზრუნვის საშუალება მომეცა.

– ვისი იდეა იყო, რომ თქვენ მერის პოსტზე გეყარათ კენჭი?

– მე ვმეგობრობდი კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელ პაატა გიორგობიანთან, რომელმაც იცოდა ჩემი მენეჯერული გამოცდილების და ნიჭის შესახებ. ვსაუბრობდით ხოლმე. როგორც მენეჯერს, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რაღაც რჩევები მკითხეს. როგორც ვიცი, რამდენიმე პოზიციაზე განიხ¬ილავდნენ ჩემს კანდიდატურას და პაატას ინიციატივა იყო, რომ თელავის მერის თანამდებობაზე მებრძოლა. მერე მეც შემომთავაზა. მოკლედ, ინიციატორი იყო პაატა გიორგობიანი, რომელიც ჩემი მეგობარია.

– შემოთავაზების შემდეგ ალბათ ზედა პოლიტიკურ დონეებზეც გაიარეთ კონსულტაციები.

– რა თქმა უნდა. შემდგომ იყო მოლაპარაკებები. მე მქონდა კითხვები, რა იქნებოდა ჩემი უფლება-მოვალეობები, რა უნდა მეკეთებინა. მაინტერესებდა რა საშუალება მექნებოდა იმისთვის, რომ ქალაქზე მეზრუნა და რა მხარდაჭერა მექნებოდა ამ საქმეში. ამ საკითხებზე მივიღე არგუმენტირებული ახსნა და შესაბამისად, შევჯერდით კიდეც.

– ვისთან გაიარეთ საბოლოო კონსულტაცია, ვინც გითხრათ რა უფლება-მოვალეობები და ასევე რა გარანტიები გექნებოდათ, რომ საქმე გეკეთებინათ? ბიძინა ივანიშვილს ესაუბრეთ თუ უფრო დაბალ დონეზე გადაწყდა?

– ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია. შევხვდი „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძეს და მმართველ გუნდს. ღია ფორმატში ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც შეეხებოდა თელავის მომავალ განვითარებას. ეს იყო ჩემი ძირითადი ინტერესი და როგორც კი ვნახე, რომ მთლიანად გუნდის სურვილი იყო თელავზე მეზრუნა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი.

– 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ აგრძელებდით „ბილაინში“ მუშაობას და მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა, თუ სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მანამდე რაიმე ფორმით იყავით პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული? 

– პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არასდროს ვყოფილვარ. როგორც მოგახსენეთ, ვიყავი მენეჯერი. ჩვენი კომპანია აბსოლუტურად აპოლიტიკური გახლდათ. არასოდეს მანამდე არც პოლიტიკური საქმიანობა მქონია და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ვყოფილვარ.

– ბოლო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაიზარდა ქალაქების რაოდენობა, სადაც მერის პირდაპირი წესით არჩევა გახდა შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ, რეალური დეცენტრალიზაცია არის შესაძლე¬ბელი თელავის მერიაში? „ზემოდან“, ანუ ცენტრალური ხელისუფლებიდან მითითებები გამორიცხულია?

– არ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ თეორიებით და ყველა საკითხს პრაქტიკული თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. თუ გავითვალისწინებთ თელავის მერიაში ჩემი მუშაობის სულ რამდენიმე კვირის პერიოდს, აბსოლუტური თავისუფლება მაქვს გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, რეალურად ვგრძნობ იმ გადაწყვეტილების სისწორეს, რასაც ხელისუფლების დეცენტრალიზაცია ჰქვია.

– ამ შენობაში არის მერია, ასევე თელავის გამგეობაც და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი. ყველა ეს სტრუქტურა რეგიონულ ხელისუფლებას წარმოადგენს. რამდენად მკაფიოდ არის გამიჯნული უფლება-მოვალეობები ამ უწყებებს შორის, რომ არ მოხდეს ან ურთიერთგადაბრალება, ან არაეფექტური მიდგომა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში?

– ამ პერიოდის მანძილზე, რაც თელავის მერი ვარ და რა საკითხებსაც შევეხე, უწყებების კომპეტენციები გამიჯნულია. ყველამ ვიცით რა საქმეს ვაკეთებთ. რაც შეეხება რწმუნებულის აპარატს, ქალაქის საქმიანობაში არ ერევა. გარკვეულწილად გვეხმარება და ხელს გვიწყობს იმ რეგიონული პროექტების განხორციელებაში, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება კურირებს. 
მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება თუ სხვა უწყება, რომელიც რეგიონის დონეზე ახორციელებს პროექტებს. 
ასევე, მაგალითად, თელავში არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებული პროექტები. მიმდინარეობს ბატონის ციხის რეაბილიტაცია, ასევე ლაპარაკია თელავის თეატრის რეაბილიტაციაზე. 
რწმუნებულის აპარატი უწევს კოორდინაციას და ასრულებს დამხმარის ფუნქციას, ხელს უწყობს პროექტების მიმდინარეობას. არ ხდება ის, რომ განგვისაზღვროს რა და როგორ უნდა გავაკეთოთ ქალაქში.

– 2012 წლის ივლისში თელავს ტორნადომ გადაუარა და სახლებს სახურავები გადახადა. დაზარალდა მიმდებარე სოფლებიც. მაშინდელმა ხელისუფლებამ სახურავები გაურემონტა დაზარალებულებს, აგრეთვე, ვისაც ნაკვეთები გაუნადგურდა შხამ-ქიმიკატები და სურსათ-სანოვაგეც დაურიგეს. მაშინ „ქართული ოცნება“ აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რატომ უფრო მეტად არ დაეხმარეთ დაზარალებულებსო. „ქართული ოცნება“ უკვე 2 წელია ხელისუფლებაშია და დღეს რომ მოხდეს მსგავსი სტიქია, სახელმწიფოს მეტი დახმარების რესურსი აქვს?

– 2013 წელს მთავრობამ სოფლის მეურნეობის დახმარების პროექტის ფარგლებში 710.000 ბენეფიციარი დაახლოებით 200 მლნ ლარით დააფინანსა, რაც წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა. 2014 წელს ბენეფიციართა რაოდენობა 800.000-მდე იზრდება. თუნდაც ის, რომ რეგიონებში მცხოვრები ოჯახები ყოველი მესამე ბავშვის დაბადებაზე ყოველთვიურ დახმარებას 150-200 ლარის ფარგლებში მიიღებენ, საბავშვო ბაღები გახდა უფასო და აგრეთვე სხვა პროექტები მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო მეტად არის ორიენტირებული სოციალურ პროექტებზე. შესაბამისად, ამ დახმარებებს ვერ გასცემდა, თუ საშუალება არ იქნებოდა. რესურსიც არსებობს და სურვილიც, რომ ხელისუფლება მეტად იყოს ადამიანზე ორიენტირებული.

– გასაგებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოს მთავრობა ქვეყნის საგარეო ვალდებულებას 154 მილიონი აშშ დოლარით ზრდის. სავალუტო ფონდმა ახალი კრედიტი უკვე გამოყო. წლის ბოლომდე ქვეყანა კიდევ 400 მილიონი ლარის ობლიგაციებს გამოუშვებს და 732 მილიონი ლარის სესხს აიღებს. თუ ხელისუფლება ვალის ხარჯზე დაარიგებს დახმარებებს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყანას რესურსი აქვს?

– რა საგარეო ვალითაც ჩაიბარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანა, რამდენიმე მილიარდით გაზრდილი საგარეო ვალი დატოვა. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და რისთვის იქნება აღებული ვალი აღებული, ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა აქტიურად არის ჩართული მეწარმეობის განვითარებაში. 45-მილიონამდე ლარია გამოყოფილი პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“. გააჩნია რისთვის იზრდება საგარეო ვალი – ერთჯერადი დახმარებისთვის თუ წარმოების ზრდისთვის. ყოველ შემთხვევაში, საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო.

– თელავის რეაბილიტაციას შევეხოთ: ოპონენტებს გაუმართლებლად მიაჩნდათ და ამბობდნენ, რომ წინა ხელისუფლებამ რეაბილიტაცია რა სახითაც განახორციელა სხვადასხვა ქალაქში – ეს ქალაქები დამახინჯდაო. ახლა, როცა პოლიტიკური ორომტრიალი ჩავლილია, როგორ მიგაჩნიათ, თელავის რეაბილიტაცია კარგია თუ ცუდი?

– ზოგადად კარგი იქნებოდა, თუ ვისაუბრებდით იმაზე, რა სჭირდება ქალაქს და რა შეგვიძლია ამისთვის გავაკეთოთ, და არა წინა და ახლანდელი ხელისუფლების შედარებაზე. ადამიანები მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკა იყო ხალხისთვის მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მიზანია უსასრულოდ კი არ ვაკრიტიკოთ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ რაც შეიძლება მეტი გავაკეთო ქალაქისთვის. ხალხი თვითონ შეატყობს კონტრასტს და განსხვავებას.

რაც შეეხება რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახე ჯობია მის რეაბილიტაციამდე არსებულს. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს შეიძლებოდა გაცილებით ხარისხიანად, ნაკლები დანახარჯით გაკეთებულიყო და მეტი მოცულობის სამუშაო ჩატარებულიყო, ვიდრე გაკეთდა. მაგრამ, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად იქნება ქალაქის მაცხოვრებელი ჩართული ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში და სამუშაო პროცესში. ჩემი აზრით, ქალაქის მოსახლეობა ჩართული რომ ყოფილიყო თელავის თეტრის რეაბილიტაციის პროცესში, ჩვენ არ მივიღებდით ასეთ უსახურ და დაუმთავრებელ შენობას, რაც დღეს არის.

აგრეთვე, ბატონის ციხე, რომელიც თითქმის განადგურებულია და უმძიმეს მემკვიდრეობად გვერგო. ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. თელავი რითაც განსხვავდება სხვა ქალაქებისგან და მისი სავიზიტო ბარათია – ეს იყო ბატონის ციხე, თელავის თეატრი, რომელსაც 250 წლიანი ისტორია აქვს და თელავის უნივერსიტეტი, რომელიც ასევე საკმაოდ მძიმე დღეშია. რაც შეეხება, თელავის თეატრს და ბატონის ციხეს – ეს არის იმ რეაბილიტაციის მძიმე შედეგი. დანარჩენი, ცენტრალური ნაწილი და ფასადები, რა თქმა უნდა, არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო.

– თქვენი სამოქმედო გეგმა რა არის – რა მთავარ პრობლემებს ხედავთ თელავში და რისი მოგვარების რეალური რესურსი არსებობს? როგორც ვიცი, ქალაქში პრობლემაა წყალი, გზა, გართობის ცენტრები არ არის...

– თელავს უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის კუთხით. ღვინის სამშობლოს დედაქალაქია. ამ მხრივ, სწორი მიმართულების დაგეგმვით ჩვენ გვინდა ქალაქი უფრო მეტად დავტვირთოთ ტურისტებით. ამისთვის შესაბამის სამუშაოებს გავატარებთ.

რაც შეეხება ქალაქის განვითარებას, არ გვინდა ნაკლები ყურადღება მივაქციოთ სამუშაო ადგილების შექმნას. უმუშევრობა ყველა განვითარებადი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. გვინდა, მეტი საწარმოები გაიხსნას. 2 საწარმო უკვე გაიხსნა, ასევე მალე ამუშავდება ღვინის ქარხანა თელავის ტერიტორიაზე. რადგან ხელისუფლება არ ქმნის სამუშაო ადგილებს და ეს კერძო სექტორის ფუნქციაა, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შევქმნათ. დანარჩენი – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით იწყება. ბევრია გასაკეთებელი და აღსადგენი: საავტომობილო გზები, როგორც შიდა საუბნო, ასევე ცენტრალური გზები. მათ რეაბილიტაციას გვინდა წინ უძღვოდეს ქალაქის წყალმომარაგების რეაბილიტაცია. წყალმომარაგებისთვის გამოყოფილია დაახლოებით 7 მილიონამდე ლარი. სამუშაოების ჩამტარებელ კომპანიას ტენდერი გამოავლენს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. თელავი წყალმომარაგების ზონების მიხედვით 5 ნაწილად დაიყოფა.

– ვადები თუ არის განსაზღვრული, რა დროში აღარ იქნება თელავში წყალმომარაგების პრობლემა?

– ტენდერი გამოცხადდება და შესაბამისად მოხდება სამუშაოების დაწყება. ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე, წელიწადნახევრის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მივაწოდოთ 24-საათიანი რეჟიმით, ხოლო დანარჩენს ზონებს გრაფიკი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

დიდი დანაკარგია უყაირათო ხარჯვის გამო. 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ქალაქს წამში დაახლოებით 175 ლიტრი წყალი სჭირდება. დღის მანძილზე წყლის მიწოდება ხშირად გვაქვს 200-220 ლიტრი წამში, ანუ საჭიროზე ბევრად მეტი, მაგრამ არასწორი გადანაწილების გამო პრობლემაა ქალაქში. წყლის მაგისტრალი ძალიან ძველი გაკეთებულია და დაზიანებულია, ასევე მოსაგვარებელია გამრიცხველიანების პრობლემა. ადამიანმა უნდა იცოდეს რამდენ წყალს მოიხმარს, რომ უყაირათო ხარჯვას მოერიდოს.

– თელავის მაგალითზე, წინა ხელისუფლების პოლიტიკაში რა მოგწონთ, რაც უნდა გაგრძელდეს და რა მიგაჩ¬ნიათ მთავარ შეცდომად, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს?

– საუბრის დასაწყისშივე გითხარით, რომ ვცდილობ ჩემი ლეგიტიმაციის პერიოდში პოლიტიკურ განცხადებებზე ნაკლები დრო დავხარჯო. მოდი, პოლიტიკური განცხადებების კეთება პოლიტიკურ გუნდს ვანდოთ და ჩვენ ვისაუბროთ პროექტებზე. მომწონს, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილი რეაბილიტაციამდე არსებულს ჯობია, მაგრამ, არსებული რესურსის ფარგლებში შეიძლებოდა გაცილებით მეტი გაკეთებულიყო. ჩემი ძირითადი გამოსასწორებელი რაც არის, ეს არის საზოგადოების ჩართულობა კონკრეტული პროექტების დაგეგმვის პროცესში, რაც არ ხდებოდა ხოლმე და გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღებოდა.

– თქვენ საკმაო ხანს კერძო, ბიზნეს-სექტორში საქმიანობდით. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგებში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლას მიაღწია. იგივე, „დუინგ ბიზნესში“ მე-8 ადგილის დაკავება შეძლო. როგორ ფიქრობთ, ეს მაჩვენებელი დღევანდელ პირობებში შენარჩუნდება?

– აუცილებლად კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ბიზნესმენისთვის მთავარია ჰქონდეს მოქმედების თავისუფლება და წნეხის ქვეშ არ ექცეოდეს. ადამიანი როდესაც იმ საქმეს აკეთებს, რომელიც იცის, უფრო კარგად გამოსდის, ვიდრე ის, რაც არ იცის. დღეს არავინ არცერთ ბიზნესმენს არ ავალდებულებს, რომ გარკვეული თანხები მიმართონ ისეთ საქმეში, რომელიც ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ბიზნესმენმა არ იცის იმ კონკრეტული საქმის კეთება. ადრე ეს წნეხი არსებობდა. ვერც „დავალებული“ ბიზნესი ვითარდებოდა და არსებული ბიზნესიც ზიანდებოდა.
 
ეს წნეხი დღეს აბსოლუტურად მოხსნილია. ასევე ხელი ეწყობა მეწარმეობის განვითარებას და ამისთვის არსებობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ყველა დაინტერესებულ ადამიანს ხელი ეწყობა საქართველოში, რომ აკეთოს ის საქმე, რაც იცის.

– „დუინგ ბიზნესი“ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მაგალითად, რაც შეიძლება დაბალი გადასახადები იყოს, ქვეყანა მაქსიმალურად იყოს უცხოელი ინვესტორების მიმართ გახსნილი და ბარიერები არ არსებობდეს. ახლა ჩვენ გვესმის, რომ უცხოელებისთვის გარკვეული რეგულაციები შემოდის. შრომის კანონმდებლობაში ასევე რეგულაციები მიიღეს და დამსაქმებელი გარკვეულწილად იზღუდება, გადასახადების შემცირებაზე არაფერი ისმის... ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად შეიძლება იმის მოლოდინი არსებობდეს, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივეში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესოს?

– ბევრი ახალი ინვესტორი შემოდის. არსებული ინვესტორები საქართველოში რეინვესტირებას ახდენენ. შემიძლია გითხრათ ჩემი ყოფილი კომპანიის მაგალითზე. „ბილაინმა“ 40 მილიონი ლარის რეინვესტიცია განახორციელა მე-4 თაობის ინტერნეტის განვითარებისთვის. აგრეთვე არიან სხვა ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც რეინვესტირებას ახდენენ. ასევე შემოდიან სხვა ინვესტორებიც და იწყებენ ახალ ბიზნესს.

რაც შეეხება დამსაქმებლის გარკვეულ შეზღუდვას შრომის კოდექსის რეგულაციებით, არ შეიძლება დამსაქმებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ დასაქმებულების ხარჯზე. უნდა არსებობდეს სწორი ბალანსი.

– თელავში ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით რა გეგმები და შესაძლებლობები აქვს თელავის მერს?

– ჩვენ შეგვიძლია ის, რომ შევქმნათ სტაბილური ბიზნეს-გარემო. აგრეთვე ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინიციატორები, მთავრობას შევთავაზოთ, რომ ქალაქში რაღაც ტერიტორია ერთგვარ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოვაცხადოთ და ბიზნესის საწარმოებლად იყოს შეღავათები. ამ საკითხზე ნაფიქრი მაქვს. ჯერ ყველაფრისთვის დრო არ მქონდა, ამ წუთასაც საორგანიზაციო საკითხებით ვართ დაკავებული. მერიის სამსახურებში დაკომპლექტება მიმდინარეობს და კვალიფიციური კადრების მოძიება. გუნდმა, რომელიც ჩემს გარშემო იქნება შეკრებილი, უნდა შეძლოს რესურსების ეფექტურად გამოყენება.

პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიდის მუშაობა. აგრეთვე, შეგვიძლია გარკვეული პირობების შემოთავაზების შემთხვევაში ინვესტორებს გარკვეული ტერიტორიებიც გამოვუყოთ სიმბოლურ ფასად, თუ ეს იქნება მნიშვნელოვანი თელავისთვის, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდისთვის. აგრეთვე ბიზნესის მაშტაბიდან და სფეროდან გამომდინარე – რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ქალაქის განვითარებისთვის.

– იგივე თავისუფალი ეკონომიკური ზონების საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან არის შესათანხმებელი. ეს საკითხი გაცილებით მეტად არის მათზე დამოკიდებული, ვიდრე ადგილობრივ თვითმმართველობაზე. რამდენად არსებობს შესაბამისი კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან?

– მე ვიქნები ამ საკითხის ინიციატორი. ჯერ ოფიციალურად არ შემითავაზებია.

– თელავის ბიუჯეტი რამდენია?

– 2015 წლის ჯერ არ შემდგარა, მაგრამ მიდის საუბარი, რომ დაახლოებით იმ მოცულობით განისაზღვროს, რაც მანამდე მთელი რაიონის ბიუჯეტი იყო. დაახლოებით 8-9 მილიონ ლარამდე.

 ალბათ არ არის დიდი ციფრი, მაგრამ არც თელავია ძალიან მრავალრიცხოვანი...

– დიახ, არც თელავია მრავალრიცხოვანი ქალაქი. ამის გარდა იქნება სხვა მიზნობრივი ტრანსფერები ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ინტენსიური მუშაობის თემაა ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

– საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია, რომ კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროს მეტი ყურადღება ექცევა იგივე თელავთან შედარებით მიზეზად კი ის სახელდება ხოლმე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი დედოფლისწყაროელია. თქვენი შეფასებით, პრივილეგირებული მხარეები არის თუ არა კახეთში?

– წინა სამსახურის დროს ხშირად მიწევდა სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში გადაადგილება. მე ვერ ვამჩნევ პრივილეგიას სხვადასხვა რაიონებს შორის. რაც შეეხება კახეთში გზების მოწესრიგებას და ინფრასტრუქტურას, მხოლოდ ვიწრო ჭრილში არ უნდა შევხედოთ რამდენი კილომეტრი გზა არის დაგებული და რამდენ ქუჩას დავინახავთ დაგებულს. პირობითად, შეიძლება დედოფლისწყაროში გაკეთდეს 10 ქუჩა და უფრო მასშტაბურად გამოჩნდეს,
ვიდრე ბევრად დიდ თელავში გაკეთდეს 30 ქუჩა.

– რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, არაერთხელ მიანიშნებენ ხოლმე, რომ კახეთში თამაზაშვილების გავლენა საგრძნობია და ხშირად, პოლიტიკურ თანამდებობებზე მათი ნათესავები ინიშნებიან. თავის დროზე პრემიერმა ისიც თქვა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არისო და შესაბამისად, ჩემი ნათესავების დანიშვნა არ ხდებაო. რამდენად თავისუფალია სახელმწიფო სამსახურებში კადრების დანიშვნა და მიგაჩნიათ, რომ 100 პროცენტით გამჭვირვალე და ობიექტური საჯარო კონკურსით ხდება კადრების შერჩევა?

– ჩემს მაგალითზე გეტყვით – მე აბსოლუტურად თავისუფალი ვარ საკადრო პოლიტიკაში. რაც ჩემ შემთხვევაში ხდება, დარწმუნებული ვარ ანალოგიური იქნება სხვაგანაც. მე არანაირი დაბრკოლება, არანაირი მითითება და რეკომენდაცია არ მქონია საკადრო საკითხებში.

– ნაწილობრივ კი აღნიშნეთ წეღან, მაგრამ მაინც რომელი კონკრეტული ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს ხედავთ თელავში, ან თქვენ თუ გაქვთ რაიმე პროექტები, რაც შეიძლება ბიზნესმენების შესთავაზოთ?

– ვითარდება მცირე საოჯახო ტიპის, აგრეთვე იგივე დიდი სასტუმროები. თელავში შენდება 50 ნომერზე გათვლილი სასტუმრო, რომელიც 2015 წლის დასაწყისში დასრულდება. სასტუმროების ბიზნესს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარება რეგიონში. აგრეთვე, 2017 წელს აშენდება 2.000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლე, რომელიც ხელბურთში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურს უმასპინძლებს. ბევრი ვიზიტორი გვეყოლება და ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა იქნება. ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნას აჩენს თუნდაც ჩოგბურთის ტრადიციული ტურნირი, რომელიც ბოლო წლებია თელავში ტარდება და ახლაც მიმდინარეობს. რამდენიმე ტურნირია სხვადასხვა საპრიზო ფონდით, არის 10.000-დოლარიანი, ასევე 25.000-დოლარიანი ტურნირები. მიმდინარე ტურნირში 31 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

მეღვინეობის მხრივ არის ინვესტორების ინტერესი. აგრეთვე, თელავში გაიხსნა ქარხანა, რომლის ანალოგი ამიერკავკასიაში არ არის. დასაწყისში, დაახლოებით 50 სამუშაო ადგილი და სრული დატვირთვის შემთხვევაში 60 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ქარხანა აწარმოებს წყლის გადამამუშავებელ ფილტრებს და გამწმენდ ნაგებობებს. გაკეთდა უცხოური ინვესტიციით და მათი პროდუქციის მიწოდება ამიერკავკასიის ბაზრისთვის არის გათვლილი.

– გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, თელ¬ავში კრიმინალი მატულობს, გახშირებულია საავტომობილო შემთხვევები, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვება ხოლმე. ბოლო დროს ავარიის დროს ფეხმძიმე ქალიც გარდაიცვალა. პრევენციისთვის თუ კეთდება რამე?

– საავტომობილო შემთხვევები ქალაქში ძალიან იშვიათია. რაც შეეხება იმ ავარიას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ქალაქის გარეთ მოხდა. ქალაქის ტერიტორიაზე ასეთი ფაქტები არც თუ ხშირია. ქალაქში მოძრაობა საპატრულო პოლიციის მიერ საკმაოდ ინტენსიურად და კარგად კონტროლდება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ კუთხით გაუარესებაა.

საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგების კუთხით, ჩვენ ვაპირებთ გარკვეული ზომების გატარებას. ვიდეოკამერების და რადარების დაყენებას, 24 საათის მანძილზე წესების დარღვევა დაფიქსირდება. ერთ-ერთი რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, ქალაქში პარკირების საკითხს მოვაწესრიგებთ.

– პარკირების კომპანიის შემოყვანას აპირებთ, როგორც ვთქვათ, თბილისში სიტი პარკია?

– ალბათ შემოვიყვანთ კომპანიას, რომელსაც მივცემთ ლიცენზიას, მაგრამ აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ის პირობები, რომ ამან არ დააზარალოს და რთულ პირობებში არ ჩააყენოს ქალაქის მოსახლეობა. პირობები მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებზე და აგრეთვე გათვალისწინებული იქნება ის, რომ დარეგულირდეს და მოწესრიგდეს ავტომობილების დგომა. ის, რომ ავტომობილები ზოგჯერ ქვეითად მოსიარულეთა გზაზეა ხოლმე გაჩერებულები, აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

– რაც შეეხება კრიმინალის ზრდის შემთხვევებს, უშუალოდ თელავის ცენტრში, მაისში, 35 წლის ბიჭი მოკლეს იმის გამო, რომ 11 წლის წინ ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავდა მოკლული და სასჯელიც მოიხადა. შურისძიება კი ახლახან მოხდა. მკვლელობამდე, გარდაცვლილმა პოლიციას აცნობა კიდეც, მოკვლას რომ უპირებდნენ. გამოძიების მხრივ რა ხდება და არის თუ არა ეს შემთხვევა საგანგაშო ნიშანი სიტუაციის გაუარესებაზე – შემთხვევა ძალიან ჰგავს მაფიოზურ შურისძიებას.

– ეს უფრო სამართალდამცავების კომპეტენციაა. მე როგორც ვიცი, გამოძიება ინტენსიურად მიდის. მე ვიცნობდი გარდაცვლილ არჩილ მაისურაძეს. ერთ ქალაქში გავიზარდეთ, ერთ სკოლაში დავდიოდით. მაქსიმალურად ვიმუშავებ სამართალდამცავებთან, რომ ეს საქმე სწრაფად გაიხსნას. ვიცი, რომ აქტიურად არიან გამოძიებაში ჩართული.

რაც შეეხება პრევენციას, მექნება ხშირი კონტაქტი სამართალდამცავებთან, რომ კრიმინალის მატება არ მოხდეს ქალაქში.

– როგორია თქვენი გეგმა – პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნას დიდხანს აპირებთ, თუ კერძო სექტორში დაბრუნების გეგმაც გაქვთ?

– სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია მაგ საკითხზე. საკმაოდ ბევრი მაქვს საფიქრალი იმაზე, როგორ დავგეგმო სწორად ჩემი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ყველა იმ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისაკენ, რაც თელაველებს მივეცი. ასე რომ, ჩემთვის პრიორიტეტი არის იმაზე ფიქრი, როგორ შევასრულო ყველა დაპირება.

– თავისუფალი დრო თუ გაქვთ და რა არის ჰობი?

– თავისუფალი დროის ფუფუნება აღარ მაქვს. ეს წინასწარ ვიცოდი და შეგუებული ვარ. ჯერ იმ ასაკში ვარ, როცა შემიძლია არ ვიფიქრო თავისუფალ დროზე და ენერგია მაქსიმალურად მოვახმარო საქმეს. ჩემი ჰობი კითხვაა.

– ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

– ვარ დასაოჯახებელი. ალბათ მაგისთვის დროს გამოვნახავ.
 
ესაუბრა თემურ იობაშვილი