ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ "შატო მერეს", "როიალ ბატონის" და შპს "ვინივერიას" ერთ-ერთ დამფუძნებელ და დირექტორ ზვიად გურაშვილთან
#3(40), 2014
მინი-დოსიე

ზვიად გურაშვილი დაიბადა 1981 წლის 24 თებერვალს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში. 

განათლება

1998 წელს დაამთავრა ტიბაანის საშუალო სკოლა. 

1998-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. 

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად გაიარა „ბაფის“ ბაზაზე არსებული ბუღალტერთა საკვალი¬ფიკაციო პროგრამა „ACCA“: 

სამუშაო გამოცდილება

2000 წელს – „ბაფის“ ბაზაზე არსებული პოლიგრაფიული გამომცემლობა, ბუღალტერ-ეკონომისტი;
 
2002-2003 – შპს „ჩხავერი“, ბუღალტერ-ეკონომისტი; 

2003-2005 – კომპანია „ვაინ მენი“, ფინანსური მენეჯერი; 

2005-2008 – კომპანია „ვინოტერა“, ერთ-ერთი დამფუძნებელი, დირექტორი; 

2006-2013 – კომპანია „ეკო-ფუდი“, ფინანსური დირექტორი; 
2008 წლიდან დღემდე – შპს „ვინივერია“, ერთ-ერთი დამფუძნებელი, დირექტორი; 

2009 წლიდან დღემდე – შპს `ე.ლ.ზ. კომპანის~ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დირექტორი; 

2011 წლიდან დღემდე – „შატო მერე“ – ერთ-ერთი დამფუძნებელი; 

2012 წლიდან დღემდე – სასტუმრო კომპლექსი „როიალ ბატონი“, ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. 

2013 წლიდან დღემდე – კომპანია „ეკო-ფუდი“, ფინანსური კონსულტანტი. 

უცხო ენები

ინგლისური, რუსული. 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

– ბატონო ზვიად, საიდან იწყება თქვენი მუშაობა? 

– ჩემი პირველი სამსახური პოლიგრაფიული გამომცემ¬ლობა იყო, სადაც 2000 წელს ბუღალტერ-ეკონომისტად დავიწყე მუშაობა. 2002 წლიდან ღვინის ბიზნესში ჩავერთე. ეს იყო შპს „ჩხავერი“. კომპანია გურიის რაიონ სოფელ საჭამიასერში საშუალო წარმადობის ღვინის ქარხანას ფლობდა. ამავდროულად, საჭამიასერში დავიწყეთ ერთ-ერთი უნიკალური ჯიშის – ჩხავერის გაშენება. 

– რუსეთის ბაზრისთვის იყო გათვლილი თქვენი პროდუქცია? 

– ჩვენი წარმოება მიმართული იყო უნიკალური ღვინის ჩხავერის წარმოებაზე. იმ პერიოდისთვის ჩხავერის ვენახები მხოლოდ რამდენიმე ოჯახში იყო შემორჩენილი და საკმაოდ მცირე რაოდენობა ყურძენს ვიღებდით, შესაბამისად პროდუქცია მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. მოგვიანებით დავიწყეთ ვაზის ნერგის გამოყვანა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობას უსასყიდლოდ ვურიგებდით. 

მოგვიანებით 2003 წლიდან პარარელურად ჩავერთე კომპანია „ვაინ მენში~ ფინანსურ მენეჯერად. ამ პერიოდში საკმაოდ კარგად დავეუფლე მევენახეობის და მეღვინეობის სფეროს. კომპანიას ჰქონდა საკუთარი ვენახები და ღვინის წარმოება. „ვაინ მენის~ დამფუძნებელი ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესმენი გიორგი პირადაშვილი იყო, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კომპანია საკმაოდ სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, რამაც განაპირობა ლიდერობა ღვინის ექსპორტის მიმართულებით. 

– რომელ წლებში? 

– ეს იყო 2002-2005 წლები. 2005 წელს კომპანიამ თავისი განვითარების მაქსიმუმს მიაღწია, რა დროსაც მისმა დამფუძნებელმა პირადაშვილმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ამავე წელს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ახალი კომპანია „ვინოტერა“ დავაფუძნეთ. აქ დაიბადა იდეა პირველი ქართული შატოს აშენების. შატოს კონცეფცია გულისხმობდა მომსახურებას და წარმოებას. ავაშენეთ 8-ნომრიანი შატო 70-80-კაციანი საბანკეტო დარბაზით, კომპლექსი ასევე მოიცავდა ქვევრების მარანს ტრადიციული საწნახელით, სადეგუსტაციო და საკონფერენციო დარბაზს და ღვინის წარმოებას 100-150 ათასი ცალი ბოთლის წელიწადში შესაბამისი დანადგარებით. აქ ვაწარმოებდით ბოთლირებულ ღვინოს, როგორც კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, ასევე ევროპული ტექნოლოგიით. კომპანიის სტრატეგია ღვინის წარმოების მიმართულებით უნიკალური, ტრადიციული კახური ყურძნის ჯიშების ღვინის დამზადება იყო. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებდით ქისს, ხიხვს, კახურ მწვანეს (თეთრი, მშრალი ღვინოები) და ქვევრის საფერავს. აღნიშნული თეთრი ღვინოები დღეს საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი ღვინოებია. წარმოებულ პროდუქციას როგორც საქართველოში, ასევე ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში ვყიდდით. 

შემდეგ იყო 2008 წელი და სამწუხარო მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. ამ პერიოდში დაგვიკავშირდა გერმანელი ინვესტორი, რომელმაც ჩვენი ბიზნესის ყიდვის სურვილი გამოთქვა. 2008 წლის სექტემბერში კომპანია გერმანელ ინვესტორს მივყიდეთ, რომელმაც საკმაოდ კარგად განავითარა ჩვენი დაწყებული ბიზნესი. 

იმავე წელს თელავთან ახლოს შუამთაში ვიყიდეთ მიწა და 2009 წელს დავიწყეთ 15-ნომრიანი შატოს მშენებლობა. 2011 წლის სექტემბერში სასტუმრო „შატო მერეს~ მშენებლობა დავასრულეთ და მივიღეთ პირველი სტუმრები ლატვიიდან. მას შემდეგ ეს სასტუმრო სტუმრებისთვის სასურველი ადგილია. შატოს კომპლექსში ასევე განთავსებულია ღვინის წარმოება, ქვევრების მარანი, საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით, საკონფერენციო და სარესტორნო დარბაზი, ღია აუზი, და ა.შ. 

ღვინოს შეზღუდული რაოდენობით ვაწარმოებთ. ღვინის ხარისხის კონტროლს ვენახიდან ვიწყებთ. თუ ყურძენი არ არის კონდიციური და მაღალხარისხიანი – ასეთ ყურძენს არ ვიღებთ. ღვინოს ახალგაზრდა, პერსპექტიული მეღვინე გიორგი სოლომნიშვილი საკმაოდ წარმატებულად აყენებს, რომელსაც ეს საქმიანობა მემკვიდრეობით „ერგო“. წარმოებულ პროდუქციას ვყიდით ჩვენსავე სასტუმროებში, ასევე თბილისში ღვინის სახლებსა და რამდენიმე კაფე-რესტორნებში. აგრეთვე ვახორციელებთ ღვინის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში. 

– რა წარმადობა გაქვთ? 

– დაახლოებით 250 000 ბოთლი წელიწადში. 

– თქვენი ვენახებიც გაქვთ და სხვა ფერმერებისგანაც იბარებთ ყურძენს? 

– ჩვენ საკმაოდ მცირე ფართობის ვენახები გვაქვს. როგორც გითხარით, საკმაოდ დიდი ხანია რაც ღვინის ბიზნესში ვართ და ძალიან კარგად ვიცნობთ ადგილობრივ მევენახეებს. მათთან ერთად შექმნილი გვაქვს ფერმერული გაერთიანება და ყოველწლიურად, მათი კუთვნილი ვენახებიდან ვიბარებთ ყურძენს.
 
– მსხვილ ფერმერებთან ურთიერთობთ თუ მცირე ვენახების მქონე გლეხებისგანაც ყიდულობთ ყურძენს? 

– ჩვენ მცირე და მსხვილ ფერმერებთან თანაბარი წარმატებით ვთანამშრომლობთ. ყურძენს ყველა ჩვენი მევენახისგან ვიღებთ და თითქმის ყოველთვის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მეტს ვუხდით. 

– სეზონზე დაახლოებით რა მოცულობის ყურძნის დამუშავება შეგიძლიათ, თუნდაც წლევანდელი მაგალითის გათვალისწინებით? 

– „შატო მერეს“ ტერიტორიაზე არსებული წარმოება საშუალოდ 250-300 ტონა ყურძნის გადამუშავების საშუალებას იძლევა. წელს 250 ტონამდე ყურძენი მივიღეთ. იმავდროულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროსესხის დახმარებით შატოსთან ახლოს ღვინის წარმოება ავაშენეთ, სადაც ამ ეტაპზე მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს და წლის ბოლომდე შევა წარმოება ექსპლუატაციაში. ქარხანა 700-800 ათასი ბოთლის წარმოებაზეა გათვლილი, რომელიც სრულად აღჭურვილია შესაბამისი დანადგარებით. 

– თქვენს მომდევნო ბიზნესებს რაც შეეხება? 

– 2012 წელს, საპარტნიორო ფონდთან ერთად პარალელურად ახალი ბიზნესის შექმნა დავიწყეთ. ქალაქ ყვარელში, ილიას ტბასთან საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, დავიწყეთ ახალი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა. საპარტნიორო ფონდის და სს „თიბისი ბანკის~ დახმარებით ავაშენეთ სასტუმრო „როიალ ბატონი“. კონცეფცია თითქმის იგივეა, რაც „შატო მერეში“. ოთხ კოშკში განთავსებულია 31 სასტუმრო ნომერი, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები, ულამაზესი ხედით ვერანდები და გადაკიდებული ღია აუზი. ვიზიტორებს სასტუმრო ძალიან მოსწონთ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჩატარდა „ბიზნეს თაიმს ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული საუკეთესო ბიზნესების გამოვლენა და დაჯილდოება. „როიალ ბატონი“ 4 ნომინაციაში დაჯილდოვდა: ტურისტების არჩევანი, საუკეთესო სერვისი, კომფორტის ნიშანი და ექსკლუზიური დიზაინი.
 
ჩვენი პრინციპია, რომ ვიზიტორს ისე ვუმასპინძლოთ, როგორც ოჯახში ვხვდებით სტუმარს. შესაბამისად, დიზაინიც და გაფორმებაც ისე გვაქვს მოწყობილი, რომ თითოეულ სტუმარს თავი შეუძლიათ იგრძნონ როგორც საკუთარ ოჯახში, საკუთარ შატოში. მომსახურე პერსონალიც ცდილობს, რომ სტუმარს ეს გარემო შეუქმნას. ამით განსხვავდება ჩვენი მომსახურებაც ტურიზმის მიმართულებით არსებული სხვა ბიზნესებისგან. გვინდა ეს ნიშა შევინარჩუნოთ. მცდარია აზრი, რომ საქართველოში მომსახურება და სერვისი არ იციან. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ მეტნაკლებად წარმატებებს მივაღწიეთ. კარგია, რომ საქართველოში სერვისის დახვეწის მხრივ წინ მივდივართ. 

– თქვენ ბევრი ბიზნესი გამოგივლიათ და მოცემულ მომენტში რომელ ბიზნესში მონაწილეობთ, როგორც წილის მფლობელი ან მენეჯერულ პოზიციაზე ხართ? 

– ამ ეტაპზე ჩემს საუკეთესო პარტნიორებთან ერთად (გიორგი პირადაშვილი, გიორგი ესიტაშვილი და გიორგი სოლომნიშვილი) სამი დიდი კომპანიის თანადამფუძნებელი ვარ. ესენია: „შატო მერე“, ღვინის წარმოება – „ვინივერია“ და სასტუმრო კომპლექსი „როიალ ბატონი“. სამივე კომპანიის მენეჯმენტში ყველა პარტნიორი აქტიურად ვმონაწილეობთ და ყოველდღიურად ერთმანეთთან შეთანხმებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. 

იმავდროულად რძის მწარმოებელ კომპანია „ეკო ფუდს“ ფინანსურ და საინვესტიციო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ვეხმარები. 

– რუსეთის ბაზრის მნიშვნელობა თქვენი წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია? 

– ჩვენი წარმოებული პროდუქციის 30-35% რუსეთის ბაზარზე იყიდება. რუსეთის ბაზარი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნის დისტრიბუტორ კომპანიებთან. ჩვენი პროდუქცია ასევე წარმატებულად იყიდება ლატვიასა და აშშ-ში, მცირე რაოდენობით ვყიდით ასევე იტალიაში, ინგლისსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ნოემბერში გავაფორმეთ კონტრაქტი უკრაინულ ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის იმპორტიორთან, სადაც პროდუქციის გადატვირთვას მიმდინარე წლის ბოლომდე დავიწყებთ. ჩვენი სტრატეგია არ გულისხმობს დიდი რაოდენობით ღვინის წარმოებასა და რეალიზაციას, თუმცა მნიშვნელოვანია ექსპორტი მაქსიმალურად იყოს დიფერენცირებული სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ იგივე რუსეთის ბაზარზე წლიურად 100-150 ათას ბოთლზე მეტს არ ვყიდით. 

რაც შეეხება საქართველოში ღვინის გაყიდვებს – საკმაოდ პოპულარულია ჩვენი ღვინო. „შატო მერესა“ და „როიალ ბატონში“ ღვინის კარგი გაყიდვები გვაქვს. ჩვენი სასტუმროების სტუმრებს ჩვენი ღვინო დაგემოვნებული აქვთ და შესაბამისად, თბილისში გაჩნდა „ვინივერიას“ ღვინოებზე მოთხოვნა. თბილისში თითქმის ყველა ღვინის სახლში ვართ წარმოდგენილი, ასევე რამდენიმე მაღალი კლასის კაფესა და რესტორანში. 

– თქვენთვის, როგორც მენეჯერისთვის, „როიალ-ბატონი“, ასევე ღვინის წარმოების საქმე, რამდენად რთული ან იოლი სამართავია საქართველოს რეალობაში? 

– რამდენიმე ბიზნესში მიმიღია მონაწილეობა: რძის და ღვინის წარმოება და რა თქმა უნდა მომსახურების სფერო. მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე რთულია ბიზნესია. მენეჯმენტი და მთლიანად მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია მხოლოდ სტუმრისთვის მეტი კომფორტის შექმნასა და უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე. შესაბამისად, მომსახურების ფასები ხშირად საკმაოდ მაღალია და სამწუხაროდ ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. 

– ხშირად, ფასი ხარისხს აღემატება კიდეც... 

– ალბათ ასეა, თუმცა საქართველოში საბანკო სესხები გადახდის პირობებია საკმაოდ მაღალპროცენტიანი და მოუქნელი. „ძვირი ფული“ ერთ-ერთი განმსაზღვრელია ფასების დადგენაში. საკმაოდ რთულია გქონდეს მომსახურების მაღალი ხარისხი და სტუმარი ყოველთვის კმაყოფილი იყოს. წარმოება არანაკლებ რთულია, მაგრამ ბევრად უფრო პროგნოზირებადია. სასტუმროში ყოველთვის სხვადასხვა ტიპის სტუმარს უნდა ელოდო. ახალი წლის დაგეგმვისას რთულია შეარჩიო რა ტიპის მუსიკოსები უნდა გყავდეს, რომელი მომღერალი მოიწვიო, რა ტიპის წამყვანი გჭირდება. შერეული ჯგუფებია, ზოგი ოჯახით ჩამოდის, ზოგს გართობა უნდა, ზოგს მშვიდ გარემოში დასვენება, უნდა ეცადო თითოეულ სტუმარს შესაბამისი კომფორტი და განწყობა შეუქმნა. ამიტომ, მომსახურება ბევრად რთულია, ვიდრე წარმოება. 

– მომსახურების ხარისხსაც და წარმოების წარმატებულობასაც ძირითადად პერსონალი განაპირობებს. როგორ ხდება თანამშრომლების შერჩევა? 

– როგორც ზემოთ ავღნიშნე, პარტნიორები საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართული ყოველდღიურ პროცესებში. ვიცით, რა ხდება, რამდენი სტუმარი გვყავს, რა მიმართულებით რა არის გასაკეთებელი. დამფუძნებლები და პერსონალი ყოველდღიურ საქმიანობას ერთად ვასრულებთ. თავდაპირველად სასტუმრო ბიზნესში დიდი გამოცდილება არ გვქონდა, ამიტომ ბევრს ვმოგზაურობთ და ვსწავლობთ სხვა ქვეყნის შესაბამისი მოცულობის სასტუმროების მართვას და სერვისს. ასევე ხშირად ვატარებთ ტრეინინგებს. სამივე დამფუძნებელი ზოგჯერ მიმტანებიც ვართ, მზარეულებიც და ყველანაირ პროცესში ვმონაწილეობთ. შესაბამისად, ჩვენთან მომუშავე პერსონალი ხვდება, რომ მომსახურებაში სათაკილო არაფერია და პირიქით, სასიამოვნო და საინტერესოა. ამიტომ, როცა კადრებს ვარჩევთ, არ ვამახვილებთ ყურადღებას, დიდი გამოცდილება აქვს თუ არა. მთავარია, იყოს მზარდი ადამიანი, ერკვეოდეს ადამიანებთან ურთიერთობაში და სწორად ჩაჯდეს გუნდში. 

– ვაკანსიებს აცხადებთ ხოლმე თუ ნებისმიერ დროს შეიძლება სამუშაოს მაძიებელმა მოგმართოთ? 

– როცა სულ პირველად დავიწყეთ კადრების შერჩევა შატოში და შემდეგ „როიალ ბატონში“, საკმაოდ მოგვეხმარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. მათთან ერთად გამოცხადდა ვაკანსიები და შერჩევა მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ. შემდეგ მოვიწვიეთ საკმაოდ წარმატებული ტრენერები მომსახურებასა და სერვისი სფეროში და მათ გადაამზადეს შერჩეული კადრები. ახლაც ყოველთვიურად უტარდება პერსონალს შესაბამისი ტრეინინგები. 

– კადრების გადინება და ახლის მიღება დიდია? 

– კადრების ხშირი გადინება არ არის. ბირთვი ძირითა¬დად ჩამოყალიბებულია, რომელიც რამდენიმე მენეჯერისგან შედგება. ისინი თავიანთ დეპარტამენტებს საკმაოდ წარმატებულად ხელმძღვანელობენ. 

– ახალი კადრების მიღების საჭიროება არ გაქვთ? 

– მოდიან ადამიანები, ვესაუბრებით, რესურსების ბაზა იქმნება. შემდეგ, თუ რომელიმე მიმართულებით კადრის შეცვლა ან განახლება დაგვჭირდა – ამ ადამიანებს ვუკავშირდებით. ვინმე რომ მოვიდეს, ნებისმიერ შემთხვევაში შევხვდებით, მოვუსმენთ, რესურსების ბაზაში თავის ადგილს დაიკავებს. 

– „როიალ ბატონში“ რამდენი თანამშრომელია? 

– 50 კაცამდე. 

– საშუალო ანაზღაურება რა არის? 

– ყველაზე დაბალი ანაზღაურება 400 ლარია, მაქსიმალური ხელფასი მენეჯერისთვის 2000 ლარამდე. 

– თანამშრომლებს შორის თუ არის შიდა კონკურენცია, რაც ზრდის სტიმულია ხოლმე?
 
– თანამშრომლებს შორის შიდა კონკურენცია რაღაც დოზით არის. მათი უმრავლესობა ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ და შესაბამისად უფრო მეტად მეგობრული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. 

რამდენიმე კვირის წინ, „როიალ ბატონში“ თანამშრომლებისთვის ერთი წლის იუბილე აღვნიშნეთ. გამოვავლინეთ წლის საუკეთესო თანამშრომელი და ასევე სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით და სხვა ფასიანი ვაუჩერებით. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წამახალისებელი იყო ეს ფაქტორიც. სხვებიც უკვე ცდილობენ, რომ მომავალ წელს ისინი გახდნენ საუკეთესოები. 

– სასტუმროს ბიზნესი რამდენად მიმზიდველი საქმიანობაა საქართველოს პირობებში? საკმაოდ პოპულარულია აზრი, რომ ქართველი უცხოელის მოსამსახურედ არ უნდა იქცეს და ეს არაა ჩვენი საქმე. 

– სამწუხაროდ არ გვაქვს ნავთობი, მადნეული ან რამე ბუნებრივი რესურსი, რითაც შეიძლება მიმზიდველი გავხდეთ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი ქვეყანა უფრო მიწათმოქმედებით და ტურიზმის განვითარებით იქნება საინტერესო. მშვენიერი ადგილები გვაქვს: გუდაური, ბაკურიანი, ყაზბეგი, რაჭა, იმერეთი, ბათუმი, კახეთზე აღარაფერს ვამბობ – ყველა სეზონისთვის საუკეთესო ადგილია. ჩვენ შეგვიძლია, რომ ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ვიყოთ.

მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქართველისთვის სტუმარი მნიშვნელოვანია. ოჯახი გაჭირვებულიც რომ იყოს, ყვე-ლაფერს აკეთებს სტუმრის პატივისცემისთვის. შესაბამისად მცდარია აზრი, რომ ქართველებს მომსახურება და სტუმრის პატივისცემა არ შეგვიძლია. 

– თუმცა, როდესაც სტუმარი კლიენტის რანგში გადადის და მისი მომსახურება უკვე ანაზღაურებას უკავშირდება, მაშინ ნაკლებად ხდება ხოლმე სტუმრის პატივისცემა. თქვენი შეფასებით, ამ მხრივ არის პროგრესი, რომ „კლიენტ“ სტუმარსაც ოჯახის სტუმრის მსგავსად დავხვდეთ? 

– ყველა სასტუმროს თავისი კონცეფცია აქვს, მაგრამ უმეტესობა მაინც აქეთ მივდივართ. ჩვენთან, ორივე სასტუმროში პერსონალს რომ ჰკითხოთ კლიენტი ვინ არისო, შეიძლება ვერც გითხრან. ჩვენთან ეგ სიტყვა არ არსებობს, ჩვენთან არის სტუმარი. 

ჩვენს სასტუმროებში სარეკლამო კამპანია საერთოდ არ გვიწარმოებია, თუმცა სასტუმროები საკმაოდ პოპულარულია. მარკეტინგს და რეკლამას სხვა მიმართულებით ვაკეთებთ: სტუმარს ვჩუქნით ღვინოს, ნომერში საჩუქარს ვახვედრებთ ან რამე სამახსოვროს ვუკეთებთ. ასე რომ, ჩვენთვის მოსული სტუმარი არის სტუმარი და არა კლიენტი. იგივეს ვთხოვთ პერსონალს, როგორც საკუთარ ოჯახში მისულ სტუმარს ექცევიან, ისე დახვდნენ აქ მოსულ ადამიანს.
 
– როგორც ბიზნესმენს, რომელი ბიზნესი უფრო გხიბლავთ? 

– წარმოება მეტ-ნაკლებად ჩაკეტილი ბიზნესია. რაც შეეხება სასტუმროს ბიზნესს, მომსახურება ბევრად მრავალფეროვანია. ყოველდღიურად განსხვავებული ადამიანები მოდიან და მათთან ურთიერთობა ბევრ ახალს, საინტერესოს გასწავლის. 

– ძირითადად რა კატეგორიის სტუმრები გყავთ, უცხოელები ბევრი მოდიან? 

– „შატო მერეში“ უცხოელი და ქართველი სტუმრების რაოდენობა ალბათ თანაბარია. რაც შეეხება „როიალ ბატონს“, აქ ადგილობრივები სჭარბობენ, 70%/30%-ზე. 

– სეზონების მიხედვით როგორ იცვლება სასტუმროს დატვირთვა? 

– ოთხივე სეზონზე კახეთი საინტერესოა. თუმცა, ზოგადად, სასტუმროს ბიზნესს მსოფლიოში ყველგან სეზონურობა ახლავს, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით ნაკლები აქტივობის სეზონად ითვლება. აპრილ-მაისიდან იწყება აქტიური სეზონი და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. 

ჩვენთან პიკი უფრო სექტემბერ-ოქტომბერშია. შემოდგომას კახეთში სხვა ხიბლი აქვს. რთველის პერიოდია, საწნახელში ყურძნის დაწურვის ორგანიზებას ვაკეთებთ, ხდება ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, დეგუსტაციები, ხინკლის მოხვევა იქნება თუ მწვადის შეწვა, სტუმრებისთვის მიმზიდველია. 

– ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას შევეხოთ: თქვენი აზრით, რატომ უნდა ჩადოს ინვესტორმა საქართველოში ფული, რა პლუსები აქვს აქ საქმიანობას ევროპის სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით? 

– საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაღალი რისკის მატარებლობაა, თუმცა, ინვესტორისთვის ამასაც აქვს თავისი „პლუსი“. ბაზარი ამის გამო მეტ-ნაკლებად აუთვისებელია. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ნულიდან ბიზნესის დასაწყებად ინვესტორს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, საკმაოდ დაბალ მარჟაზე მუშაობს, თუმცა არის სტაბილური გარემო. საქართველოში რადგან მაღალი რისკია, ფასები მაღალია მომსახურებაზეც და პროდუქტებზეც. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ინვესტირებული თანხა ინვესტორმა უფრო მალე ამოიღოს, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. შესაბამისად, როდესაც უცხოელი ინვესტორი საქართველოში გეგმავს ინვესტირებას და ბიზნესის განხორციელებას, კონკურენციაც ნაკლებია, ნაკლები ფული სჭირდება ბრენდის დამკვიდრებისთვის და თუ სწორად წარმართავს საქმიანობას, უფრო იოლად შეუძლია მიზნის მიღწევა. 

ამის გამო, საქართველო მიმზიდველი იყო, არის და იქნება ისეთი ტიპის ინვესტორებისთვის, ვისაც რისკის გაწევის არ ეშინიათ და შეუძლიათ და ენდობიან კონკრეტულ ხელისუფლებას. ხელისუფლება ერთ-ერთი გარანტორია და კონკრეტულ ინვესტორს უნდა დაუდგნენ გარანტად, რომ მათ ინვესტირებულ თანხას საქართველოში საფრთხე არ შეექმნება. 

– წინა ხელისუფლება აქტიურობდა გზების მშენებლობაში, გაზიფიკაციაში, ხდებოდა ქვეყნის რეკლამირება და მეტი ინვესტიციებიც შემოდიოდა. ახალი ხელისუფლების პირობებში როგორ შეაფასებდით იგივე ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპს? 

– წინა ხელისუფლების დროს ინფრასტრუქტურის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. როცა ქვეყანა ახალმა მთავრობამ ჩაიბარა, თითქმის აღარ არსებობდა გზები, ელექტრომომარაგება, მრავალი ელემენტარული პირობა, რომლის გარეშეც ქვეყანა უბრალოდ ვერ იარსებებს. მაშინ უფრო მეტი იყო გასაკეთებელი და შეიძლება ამის გამოც მეტად ჩანდა გაკეთებული საქმე. ბევრი ახალი გზა და ხიდი აშენდა. 

დღევანდელმა ხელისუფლებამ როდესაც ჩაიბარა ეს ქვეყანა, მეტნაკლებად ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული დახვდა. შეიძლება ამის გამო არ ჩანს ყოველდღიურად რამე ახლის მშენებლობა. თუმცა, ტემპი ნამდვილად შენელებულია. ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, კადრების სერიოზული პრობლემაა. ასევე, როდესაც ხელისუფლების გადაბარება ხდება, 2 წელი არ არის საკმარისი დრო ქვეყანამ რომ ცვლილებები იგრძნოს. ზოგადად, საჭიროა ხალხი გაერთიანდეს და აღარ იყოს „წინა ხელისუფლება“, „ახლანდელი ხელისუფლება“... ყველა უნდა ერთი მიზნისკენ მივდიოდეთ. 

– კახეთში თუ არის კონკურენცია მცირე სასტუმრობს შორის? 

– ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმ პერიოდში, როდესაც შატოს მშენებლობა გადავწყვიტეთ, რეგიონში მხოლოდ რამდენიმე სასტუმრო არსებობდა. შემდეგ აშენდა რამდენიმე სასტუმრო კომპლექსი თელავში, ყვარელში და სიღნაღში. ამ სასტუმროების ერთობლიობამ ტურისტული მარშრუტი შეკრა და საინტერესო გახადა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ტურისტული კომპანიების დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩემი აზრით, კახეთის რეგიონი სასტუმრო ბიზნესით 20-30%-ით არის ათვისებული და შესაბამისად ახალი სასტუმროების აშენების შედეგად კახეთი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება ვიზიტორებისთვის. 

– ანუ ეს ისეთი ბიზნესია, სადაც კონკურენციაზე მეტად შეიძლება თანამშრომლობა იყოს? 

– კი, საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან. 

– საქართველოში სასტუმროების ბიზნესის განვითარებისთვის მთავარ ხელისშემშლელად რა მიგაჩნიათ? 

– ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი კვალიფიციური ბიზნესმენების, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. მთავრობას საკმაოდ დიდი თანხა აქვს გამოყოფილი, რომ ბიზნესმენებმა ნულიდან დაიწყონ და განავითარონ საქმიანობა. ამისათვის რამდენიმე ფონდი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ არ არის იმ ბიზნესმენთა რაოდენობა საკმარისი, რომლებიც ახალ ბიზნესებს დაიწყებენ, გარისკავენ. ამას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ზოგადად რეგიონი ძალიან საინტერესოა, უფრო მეტად შეიძლება განვითარდეს ბიზნესი. 

იმავდროულად, საქართველოში ფული ძალიან ძვირია. ამიტომ რისკებიც მაღალია. ჩვენს ბიზნესს სეზონურობა ახასიათებს, ამიტომ, თუ სწორად არ გაქვს ფინანსები დალაგებული, სწორად თუ არ დაგეგმავ, 1-2-თვიანი რყევებიც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს კომპანიისთვის. რთულია, მაგრამ, თუ ბოლომდე სწორად იქნები ჩართული ბიზნეში, შეუძლებელი არ არის. 

– მეწარმეების ხელშესაწყობად არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, წინა მთავრობის დროს იყო „იაფი სესხი“. არიან მეწარმეები, ვინც ამბობენ, რომ იაფ სესხამდე არ მიუწვდება ხელი და ფულს მხოლოდ იმათ აძლევენ, ვისაც კავშირები აქვს მთავრობასთან. ეს კიდევ უფრო ართულებს კონკურენციის სამართლიანობას. ვიღაცისთვის რესურსი იაფია, რადგან ხელი მიუწვდება ამ იაფ სესხზე, ვიღაცისთვის კი კიდევ უფრო დამახინჯებული ბაზარი მიიღება. 
თქვენი შეფასებით, რამდენად სწორი ინიციატივაა ბიზნესის განვითარებისთვის და სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის ბიუჯეტიდან კონკრეტული ბიზნესების დაფინანსება? 

– არაპირდაპირ, ზოგჯერ, სახელმწიფოს იაფი სესხი სხვა ბიზნესებისთვის შეიძლება ხელისშემშლელი იყოს. როდესაც ბიზნესი მოქმედია, აღებული აქვს მაღალპროცენტიანი კრედიტი და იხდის გადასახადებს, ეს კომპანია ვერ იქნება თანაბარ კონკურენტიან პირობებში იმ ახალ კომპანიასთან რომელსაც სახელმწიფო 1%-იან სესხს მისცემს. 

თუმცა, ბაზარზე ახალ შემომსვლელს მეტი თანხა და მეტი ლობირება სჭირდება, რომ ადგილი და ბრენდი დაამკვიდროს. თვითონ იდეა „აწარმოე საქართველოში“ კარგი პროექტია. თურქეთი არის მაგალითი, სადაც მსგავსი ხელშეწყობით ბიზნესები სწრაფად განვითარდა. უბრალოდ, იაფი სესხით ისეთი წარმოების დაფინანსება უნდა მოხდეს, რომლიც საქართველოში განუვითარებელია და ხდება იმპორტი. იმპორტი მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, თუნდაც საბაჟო გადასახადების გაზრდის ხარჯზე. ადგილობრივ მეწარმეს უნდა გაეხსნას გზა რომ უფრო იოლად დაიმკვიდროს ბაზარზე ადგილი.
 
– თუმცა, პროტექციონისტული საბაჟო პოლიტიკა მომხმარებელს პროდუქციას გაუძვირებს. იგივე, თურქეთიდან შემოტანილ ბოსტნეულს თუ დაბეგრავ, ეს პირდაპირ პროდუქციის ფასს გაზრდის და მომხმარებელს ეს გაახარებს? 

– შეიძლება მომხმარებელმა უფრო მეტი გადაიხადოს, მაგრამ მწარმოებელს მეტი საშუალება ექნება წარმოება გაზარდოს და განავითაროს. მაშინ არის ქვეყანა წარმატებული, როცა ექსპორტი აჭარბებს იმპორტს. ამ ქვეყანაში პირიქით არის. 

– წლევანდელ რთველს როგორ შეაფასებთ? ყოველ წელს გვესმის ხოლმე, რომ სწორედ წელს არის ყველაზე წარმატებული რთველი. წინა ხელისუფლების დროსაც ისმოდა მსგავსი განცხადებები და წელსაც, როცა კახეთში ლამის ნახევარი ვენახები გვალვამ დააზიანა. აგრეთვე, ყურძნის მოსავლის სუბსიდირება რამდენად სწორია, როცა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციას სახელმწიფო მსგავსად არ ეხმარება? 

– ჩემი აზრით, რთველის ორგანიზება საქართველოში წარმატებულად ხორციელდება. იყო პერიოდი, როდესაც კახეთში გლეხმა ვენახის გაჩეხვა დაიწყო, რადგან ვაზის მოვლისთვის დახარჯულ თანხას ვერ იღებდა ყურძნის ღირებულებით. ვენახი მრავალწლიანი კულტურაა და დიდი მოვლა სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვაზის კულტურა შენარჩუნდეს და მეღვინეობა განვითარდეს. ეს ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია და იწარმოება პროდუქცია რომელიც ექსპორტზე გადის.
 
თავის დროზე, ყურძნის სუბსიდირება რუსეთის ემბარგოს გამო დაიწყო როდესაც ღვინის ქარხნები ყურძენს ვეღარ იბარებდნენ. შემდეგ შეიქმნა სახელმწიფოს კუთვნილი ქარხნები, რომლებიც დაზიანებულ ყურძენსაც იღებდნენ და გლეხს აღარ რჩებოდა ყურძენი დასაბინავებელი. წლიდან წლამდე სუბსიდირება მცირდება. საფერავზე შარშან თუ კილოგრამზე 50 თეთრი იყო, წელს იყო 15 თეთრი. მომავალ წელს როგორც ვიცი, მთლიანად მოიხსნება. წელს ყურძენზე ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა, რაც საშიშროებას უქმნის ღვინის ქარხნებს იყოს კონკურენტუნარიანი ფასით და შესაბამისი ხარისხით სხვა ქვეყნის წარმოებულ პროდუქციასთან. 

– ნედლეული გაძვირდა? 

– ნედლეული საქართველოში საკმაოდ გაძვირდა. ყურძნის ასეთი ფასები თითქმის არცერთ ქვეყანაში არ არის. მაგალითად, ევროპაში 1 კგ ყურძნის ფასი საშუალოდ 50-70 ევროცენტს არ აღემატება. ასევე ძირითადი ტარა-მასალები იქვე იწარმოება და შედარებით იაფია. ტექნოლოგიებიც უფრო მეტად არის განვითარებული. ვშიშობ, ასეთი ტენდენცია და ფასები თუ გაგრძელდება, ქართველ მეღვინეს გაუჭირდება მსოფლიო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს. იტალიურ, ფრანგულ, ახალზელანდიურ თუ სხვა ღვინოებს მსოფლიოში უკვე კარგად ცნობენ. იტალიურ ღვინოს არანაირი დამატებითი წარდგენა არ სჭირდება. ქართული ღვინის შემთხვევაში კი საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო, რომ მომხმარებლამდე მიიტანო და გახადო პოპულარული. მეტი მარკეტინგული ხარჯია გასაწევი, რომ გაყიდვები გაიზარდოს. 

– წინა ხელისუფლების დროს ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაცია ხდებოდა, მეტი გამოფენები ეწყობოდა მსოფლიოს ბაზრებზე. თქვენი შეფასებით, ასეთი პოლიტიკა დღესაც გრძელდება თუ ტემპი შემცირებულია? 

– ნამდვილად საჭიროა ტემპის შენარჩუნება და უფრო მეტად განვითარებაც. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა აქვს. ხდება ახალი ბაზრების მოძიება და არსებულის გაძლიერებაც. წლევანდელი რთველის ორგანიზებაც უკეთესი იყო, ვიდრე წინა წლებში. ვფიქრობ, ის თანხა, რომელიც სუბსიდირებაზე იხარჯება, მომავალ წლებში გამოყენებული იყოს გამოფენების მოწყობისთვის და ქართული ღვინის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ. 

ასევე, წელს დაიწყო აგროსექტორის დაზღვევაზე მუშაობა, რაშიც სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო. გლეხი აღარ იქნება მთლიანად ბუნებაზე დამოკიდებული და გარკვეული რისკები შემცირდება. ასევე პრობლემაა, ის რომ საქართველოში ვენახის მოსავლელი ქიმიკატები საკმაოდ უხარისხოა, საწვავი საკმაოდ ძვირია, ტექნიკა რაიონებში და სოფლებში გაუმართავია. ამიტომ, გლეხს ყურძნის მოყვანა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ევროპაში და მსოფლიოშია. მნიშვნელოვანია, რომ აგრომიმართულებით სწორად წავიდეს რეფორმები და თვითონ პროდუქტის გაიაფებაზე ვიზრუნოთ. 

– რუსეთის ბაზარი ქართველი მეღვინისთვის ხსნაა თუ გაზარმაცების მიზეზი? გამოცდილებიდან გამომდინარე, ფალსიფიცირებული ღვინო მშვენივრად იყიდებოდა რუსეთში. რუსული ემბარგოს გამოცხადების შემდეგ ქართული ღვინის ხარისხი ნამდვილად გაიზარდა. 

– გადამწყვეტია სახელმწიფოს პოლიტიკა. დღეს საქართველოში არსებობს გერმანელების დაფუძნებული დამოუკიდებელი ლაბორატორია, სადაც ნებისმიერი ექსპორტირებული ღვინო მოწმდება. არა აქვს მნიშვნელობა სად იგზავნება – შემოწმებას გადის ყველა პარტია. თუ დახურულ დეგუსტაციაზე ღვინის ხარისხი დადასტურდა, მხოლოდ შემდეგ ეძლევა მწარმოებელს პროდუქციის ექსპორტის უფლება. ასევე ყოველი ექსპორტის დროს მწარმოებელი ღვინის სააგენტოს ნაშთების შესახებ აწვდის ინფორმაციას. აგრეთვე, კონტროლდება შესყიდული ყურძნის ჯიშობრივი მახასიათებელი და რაოდენობა. ახლა ღვინის ფალსიფიცირება თითქმის შეუძლებელია. 

– რუსეთის ბაზარი საფრთხეს ნაკლებად შეიცავს? 

– რუსეთის ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მეღვინეობის, ასევე მეხილეობის თვალსაზრისით. რუსეთის ბაზარი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, უამრავი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. 

– თუმცა პოლიტიკურია. 

– ამიტომ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მთლიანად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა, რომ გაყიდვები რუსეთში არ უნდა გვქონდეს 30-50%-ზე მეტი. გვირჩევნია ვაწარმოოთ ნაკლები, მაგრამ მაღალი ხარისხის ღვინო, გავყიდოთ მაღალ ფასად და ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ. 
პარალელურად უნდა ვეცადოთ ახალი ბაზრების მოძიება. საკმაოდ მზარდი და საინტერესოა ჩინეთის ბაზარი, ასევე შესაძლებელია სხვა ბაზრების ათვისებაც. 

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

– ჩვენ 3 საკმაოდ დიდი ბიზნესი შევქმენით 3 წელიწადში. უახლოეს პერიოდში კიდევ რაიმე ახლის წამოწყებას არ ვგეგმავთ. გვინდა, უფრო სტაბილური და ფინანსურად ძლიერი კომპანიები გავხადოთ. შეიძლება პატარ-პატარა აქტივობები სასტუმროებშიც და მეღვინეობის მიმართულებითაც გვქონდეს. ვგეგმავთ ახალი ღვინის ბაზრები ავითვისოთ და დიფერენცირებული გავხადოთ ღვინის გაყიდვები. 

რაც შეეხება სასტუმროებს, მნიშვნელოვანია რომ მუდმივად გადავამზადოთ პერსონალი, შევინარჩუნოთ ხარისხი და უფრო მეტად განვავითაროთ ბიზნესი. 

– ოჯახის შესახებ რა გვეტყვით? 

– მყავს მეუღლე – ლიკა ყიფიანი და 2 შვილი ანდრია 4 წლის და ანა 2 წლის. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ოჯახთან დიდ დროს ვერ ვატარებ. 

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

– საკმაოდ ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და ვცდილობ ოჯახთან ერთად ვიყო. მეგობრებთან და ოჯახის ნათესავებთან ყოფნაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაინტერესებს ასევე უცხო ქვეყნებში მოგზაურობა, სხვა კულტურის გაცნობა. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი