ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ კომპანია "SASON HOGI GROUP"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელ სასონ ჰოგთან - #4(41), 2014
მინი დოსიე

სასონ ჰოგი დაიბადა 1927 წელს, ერაყში, ქალაქ ედ-დივანიაში. 

განათლება

1952 წელს დაამთავრა საინჟინრო კოლეჯი ქალაქ ბაღდადში. 

სამუშაო გამოცდილება

1952 წელს დაიწყო მუშაობა ინჟინრად. 

1954 წლიდან გახდა მშენებელი, 1965 წლამდე მუშაობდა ქალაქ ბაღდადში და ჰქონდა საკუთარი ბიზნესი. 

1965 წელს წავიდა ისრაელში და იქაც სამშენებლო ბიზნესში ჩაერთო. 

1982 წელს ბიზნესი დაიწყო ლონდონში. 

2008 წელს საქართველოში იყიდა მიწები და დაიწყო მშენებლობა. საქართველოში აქვს რამდენიმე განხორციელებული და მიმდინარე პროექტი. 

უცხო ენები

ინგლისური, არაბული. 

ჰყავს 6 შვილი და 17 შვილიშვილი. 

– ბატონო სასონ, როგორ მოხვედით დღევანდელ მდგომარეობამდე, რა გზა გაქვთ გავლილი, ვიდრე საქართველოში ბიზნესს დაიწყებდით? 

– დავიბადე ერაყში 1927 წელს. ეს არ ყოფილა ქალაქი ბაღდადი, დავიბადე ედ-დივანიაში. 

– რა განათლება გაქვთ? 

– 1952 წელს დავამთავრე საინჟინრო სასწავლებელი. მშენებელი ინჟინერი ვარ. იმ პერიოდში არ იყო უნივერსიტეტები და ამიტომ კოლეჯში ვსწავლობდი. სასწავლებლის დამთავრების შედეგ მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე ინჟინრად. რამდენიმე წელიწადში გავხდი მშენებელი. 1965 წლამდე ბაღდადში ვიყავი და ვმუშაობდი. შემდეგ წავედი ისრაელში. იქაც მშენებლობის კუთხით გავაგრძელე საქმიანობა.
 
– უშუალოდ საკუთარი ბიზნესი ერაყშივე გქონდათ თუ ისრაელში დაიწყეთ? 

– 1952 წელს დავამთავრე სასწავლებელი, 2 წელი ვიმუშავე ინჟინრად ერთ-ერთ კომპანიაში და 1954-დან 1965 წლამდე უკვე ვიყავი მშენებელი. ამ პერიოდში დავიწყე მშენებლობა და ეს უკვე იყო ჩემი ბიზნესი. 1965 წელს ერაყში დავამთავრე საქმიანობა და ისრაელში წავედი. იქ ჩავდე კაპიტალი, ვყიდულობდი მიწებს და იმ მიწებზე ვაშენებდი. ისრაელში ახლაც აგრძელებენ ჩემს დაწყებულ საქმეს ჩემი შვილები. ახლა ისინი აშენებენ.
 
– ისრაელის შემდეგ თქვენ კიდევ უფრო შორს წახვედით... 

– 1982 წელს წავედი ლონდონში, კენსინგტონის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 18 ძველი შენობა ვიყიდე. აღვადგინე, გავარემონტე, ზოგიც თავიდან ავაშენე და გავყიდე. დღეს ჩემს საკუთრებაში მხოლოდ 4 შენობაა დარჩენილი, დანარჩენი გავყიდე. ეს 4 შენობა მომგებიანია, დღემდე გაქირავებულია და შემოსავალი მოაქვს. დღევანდელი ფასებით, ამ 4 შენობის საბაზრო ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ფუნტი სტერლინგია.
 
– თქვენ ჯერ ერაყში დაიწყეთ ბიზნესი, შემდეგ ისრაელში გააგრძელეთ, მოგვიანებით ლონდონში გადაინაცვლეთ... რა გახდა თქვენი საქართველოში ჩამოსვლის და ინვესტიციების აქ ჩადების მიზეზი? 

– მე გადაწყვეტილი მქონდა ინვესტიციების ჩადება აღმოსავლეთ ევროპაში. ჩავედი ჯერ რუმინეთში მდგომარეობის კარგად შესასწავლად, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვესტუმრე რუმინეთს და არ მომეწონა. 2008 წლამდე საქართველოშიც ვიყავი ჩამოსული, მაგრამ უძრავ ქონებაზე აქ ისეთი მაღალი ფასები დამხვდა, რომ ინვესტირებას აზრი არ ჰქონდა. შემდეგ იყო ომი საქართველოში, ასევე დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც საქართველოსაც შეეხო და უძრავ ქონებაზე ფასები შეიცვალა. 

ისრაელში მყავდა მეგობარი, რომელსაც საქართველოს ბაზართან გარკვეული კონტაქტი ჰქონდა და აქაურ მდგომარეობას იცნობდა. ერთხელაც, მასთან ერთად ჩამოვედი. ვნახე, რომ ფასები იყო დაცემული და მაშინ უკვე აზრი ჰქონდა მიწების ყიდვას. სწორედ მაშინ გადავწყვიტე საქართველოში ინვესტირება. 

– პირველად სად იყიდეთ მიწა? 

– პირველი მიწის ნაკვეთი შევიძინე ბაგებში. დავიწყეთ მშენებლობა და ამჟამად დასრულებულ შენობებში ვყიდით ბინებს. 

– იგივე პოსტ-კრიზისულ პერიოდში რატომ მაინცდამაინც საქართველო და არა მაგალითად, საქართველოს რომელიმე მეზობელი ქვეყანა, ან რომელიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა – რა უპირატესობა დაინახეთ საქართველოში ინვესტირებისთვის? 

– მე მყავს მეგობრები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, აქ ცხოვრობენ და მოსწონთ საქართველო. ასევე, როდესაც აქ ჩამოვედი, მომეწონა აქაურობა და ფასებიც რომ ნორმალური გახდა, ამის მერე გადავწყვიტე ფულის ჩადება. 

– საქართველოში მოცემულ მომენტში რა ბიზნესებში მონაწილეობთ? 

– მხოლოდ სამშენებლო ბიზნესში. ვყიდულობთ მიწას, ვაშენებთ შენობებს და დასრულებული მშენებლობის შემდეგ ვყიდით ბინებს და კომერციულ ფართებს. მათ შორის არის ბიზნეს-ცენტრი ბესიკის ქუჩაზე, რომელი შენობის მხოლოდ კარკასი არსებობდა და ჩვენი მეშვეობით მოხდა მშენებლობის დასრულება. 

– ბიზნესცენტრი მთლიანად დატვირთულია? 

– ძალიან სწრაფად გავყიდეთ ფართები, მხოლოდ 5 ბინა თუ იქნება დარჩენილი. დანარჩენი ფართები ან გაყიდულია, ან გაქირავებული. აქირავებენ ისინი, ვინც იყიდა ჩვენგან. ჩვენ აქ გაქირავებით არ ვართ დაინტერესებული. ძირითა¬დად გაყიდვებზე ვართ ორიენტირებული, რომ მერე ახალი პროექტები დავიწყოთ. 

– სხვა შენობები სად გაქვთ? 

– გვაქვს დოლაბაურის ქუჩაზე, ავლაბარში. ვფიქრობთ, რომ აქ ჯერჯერობით სასტუმრო გავაკეთოთ. ასევე შენობა არის ბაგებში, სადაც მშენებლობა დასრულებულია და უკვე იყიდება ბინები. 20 ოჯახი უკვე ცხოვრობს. მშენებლობა გვაქვს ასევე დიდ დიღომში, „გუდვილის“ სიახლოვეს. ესეც თითქმის დასრულებული შენობაა, მხოლოდ შიდა სამუშაოებია დარჩენილი და ახლა მიმდინარეობს. არის მშენებლობა ზემო ვერაზე, გუნიას ქუჩაზე, ველოდებით ნებართვას, რომ აღმაშენებლის გამზირზე დაიწყოს ჩვენი კიდევ ერთი მშენებლობა და ასევე ბაგებშია მეორე პროექტი, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
 
– რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას კონკურენტებისაგან? მსგავსი ბიზნესი საქართველოში სხვებსაც აქვთ. თქვენთან რატომ უნდა მოვიდეს კლიენტი? 

– ჩვენ პირველ რიგში ის გამოგვარჩევს, რომ მშენებლობას ბოლომდე ვამთავრებთ. დიღომში შიდა სამუშაოები არ არის ბოლომდე დასრულებული და ამიტომ ფართებს ჯერ არ ვყიდით. ბოლომდე როცა დასრულდება მშენებლობა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი გვაქვს ხოლმე, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ გაყიდვას. მყიდველს შეუძლია პირდაპირ შევიდეს და იცხოვროს. გვაქვს ობიექტები, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, კლიენტებიც არიან, მაგრამ სანამ არ დასრულდება, არ ვყიდით. ვიდრე რეესტრიდან ამონაწერი არ იქნება და ლიფტები არ იქნება დამონტაჟებული. გარდა ამისა, ჩვენთვის ხარისხია მნიშვნელოვანი. იტალიური კერამო-გრანიტით ვაკეთებთ, მოპირკეთებულია, მარმარილოს საფეხურებია, „ოტისის“ ლიფტები, ალუმინის კარ-ფანჯრები. საკმაოდ ძვირადღირებული პროექტები გვაქვს და ფასი არის ბაზარზე არსებულზე საკმაოდ დაბალი. თუ ბაგებში ჩვენი შენობის გვერდით ყიდიან და ბევრად დაბალი ხარისხის მშენებლობაა შესრულებული, ფასი აქვთ უფრო მეტი. 1000-1100 დოლარად ყიდიან კვადრატულს, როცა ჩვენ კვადრატულს ვყიდით 800 დოლარიდან. გააჩნია სართულს და მხარეს.  

– მშენებლობის დასრულებისთვის ზოგჯერ სამშენებლო ფირმებს ფულის მოძიება უჭირთ ხოლმე. რამდენიმე ცნობილ კომპანიას სერიოზული პრობლემა შეექმნა. დღესაც არიან ადამიანები, ვისაც მშენებარე ბინებში შეტანილი ჰქონდათ ფული და დღემდე ვერ მიიღეს ბინა. მსგავსი პრობლემა თქვენ არ გქონიათ? 

– ჩვენ საკუთარი ფულით ვაშენებთ და არ გვჭირდება სესხის აღება. რადგან საკუთარი რესურსი გვაქვს, არც ბანკებთან ურთიერთობა გვიწევს და არც მშენებლობის დასრულებამდე ვყიდით ბინებს. შესაბამისად, არც ეგ პრობლემა გვქონია, რომ მშენებლობის დასრულებამდე გაგვეყიდა ბინა და დროულად ვერ ჩაგვებარებინა. სწორედ ამიტომ არ ვყიდით მშენებლობის დასრულებამდე ბინებს, რომ მსგავსი პრობლემა არ შეგვექმნას.
 
– რამდენიმე წლის წინ, როდესაც მშენებელ კომპანიებს ფინანსური რესურსის მოძიების პრობლემა შეექმნათ, მაშინ თბილისის მერია დაეხმარა ზოგიერთ მათგანს და ფულიც ისე მონახეს. მსგავსი პრაქტიკა კონკურენციის პრინციპებს ეწინააღმდეგება – ვიღაცისთვის ფულის მოძიებს იოლი ხდება, ვიღაცისთვის რთული. თქვენთან მსგავსი პრობლემა და კონკურენცია ფულად რესურსზე როგორც ჩანს, არ არსებობს.
 
– ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს. საკუთარ თანხას ვხარჯავთ. რეკლამაშიც არ ვიხდით ფულს, შენობა და ხარისხი არის თავად რეკლამა. როდესაც კლიენტი მოდის ბაგებში და ნახავს ჩვენს შენობას, ის სხვაგან არ წავა რაც არ უნდა რეკლამები ჰქონდეს ნანახი. მაგალითად, 10 მყიდველი თუ მოსულა, დაახლოებით შვიდს საბოლოოდ უყიდია. დანარჩენ სამსაც მხოლოდ იმის გამო არ უყიდია, რომ ან კრედიტი არ დაუმტკიცა ბანკმა, ან სხვა ფინანსური პრობლემა შეექმნა. ვინმეს რომ ენახა ჩვენი ბინა და ხარისხი არ მოსწონებოდა – ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა.
 
ძირითადად, შედარებით პატარა ბინები გვაქვს. 55 კვადრატული მეტრიდან 90 კვადრატულის ჩათვლით, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. ბაზარზე მოთხოვნაც ძირითადად ასეთ ფართებზეა. 

– კონკურენცია მშენებლობის სფეროში თქვენ როგორ გეხებათ, შესაძლოა ვინმემ ფასი დააგდოს, ან პირიქით, რომელიმე კომპანიამ საკუთარი ფასი უკარნახოს ბაზარს. არის ხოლმე კონკურენციის სხვადასხვაგვარი დამახინჯება ამა თუ იმ ბიზნესებში... 

– მსგავს მოვლენებს ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. დამოუკიდებლად ვმუშაობთ და არც ვიცით სხვა კომპანიებში რა ხდება.
 
– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს თქვენი კომპანია? 

– ჩვენ ვართ დეველოპერული კომპანია და სამშენებლო კომპანიებს ვქირაობთ. აქ სულ ათიოდე თანამშრომელი ვართ, არის ხელოსნების მცირე ჯგუფი, მძღოლი, ოფისის დამლაგებელი, პროექტის განვითარების მენეჯერი, ობიექტებზე თითო გაყიდვის მენეჯერია, გვყავს მთავარი არქიტექტორი, რომელიც პროექტებს აკეთებს და ასევე არის მდივანი. 

– მაშინ, ასე ვთქვათ, თქვენი კომპანია რამდენი ადამიანის დასაქმებას უწყობს ხელს? 

– ჩვენი კომპანია ქირაობს სამშენებლო კომპანიას, რომელიც თავის მხრივ ასაქმებს ხალხს. ეს არის პერიოდული სამუშაო, როდესაც რომელიმე შენობის მშენებლობა მიმდინარეობს ხოლმე. სამშენებლო კომპანიას რომ ვიქირავებთ, მერე ისინი უზრუნველყოფენ სხვადასხვა სპეციფიკური სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი სპეციალისტების მიყვანას. 20 მილიონი ლარი მაქვს გადახდილი უშუალოდ მშენებლობებისთვის. ამ თანხაში არ შედის მიწების ყიდვის და სხვა საქმიანობის ღირებულება. ეს არის უშუალოდ მშენებლობაში გადახდილი თანხა. 

– მშენებლები უცხოეთიდან გყავთ მოწვეული თუ ადგილობრივებია? 

– არა, ყველა ადგილობრივია. 

– რომელიმე ერთ ფირმასთან თანამშრომლობთ თუ სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა კომპანიას უკავშირდებით? 

– ძირითადად ერთ გუნდთან ვთანამშრომლობთ. 

– როგორც ბიზნესმენისთვის და მენეჯერისთვის, რამდენად იოლი ან რთულია დეველოპერული ბიზნენსის მართვა საქართველოში? 

– არ არის შეუძლებელი. კარგ კადრებს ვარჩევ და ამიტომ საქმეც კარგად მიდის. თუ არ არის კარგი თანამშრომელი, მასთან ურთიერთობას ვწყვეტ. 
საქართველოს პირობებში ეს ბიზნესი ცოტა არასტაბილურია. მაგალითად, კარგი გაყიდვები გვქონდა და როდესაც გაყიდვები არ არის, ახალი პროექტიც ვერ განხორციელდება, რადგან გაყიდვებზეა ჩვენი ფულადი რესურსი დამოკიდებული. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდვების მთლიანად გაჩერება. კრედიტებს ვეღარ იღებს ხალხი, უფრო გაურთულდათ ფულის მოძიება. 

– რა გამოარჩევს დეველოპერულ ბიზნესს სხვა ბიზნესებისგან და რატომ აირჩიეთ ეს სფერო ზოგადად? 

– პროფესიის გამო. 65 წელია ამ ბიზნესში ვარ და სხვა საქმე არც მიკეთებია. 

– წეღან ბრძანეთ, თუ არ მომეწონა თანამშრომელი და მისი გაკეთებული საქმე, მარტივად ვათავისუფლებო. თუ გაქვთ რამე სპეციფიკური მეთოდი ახალი კადრების ან თუნდაც იმ პარტნიორი ფირმის შესარჩევად, ვინც უშუალოდ უნდა აწარმოოს მშენებლობა? 

– გასაუბრება საკმაოდ მარტივად ხდება. თუ დარღვევაა ვადებში ან სამუშაოა ხარისხის მხრივ ცუდად შესრულებული, ამ შემთხვევაში შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტა. 

– მსგავსი შემთხვევები გქონიათ? 

– ყოფილა, მაგრამ ნაკლებად. 

– საქართველოში ხშირად მიაჩნიათ ხოლმე, რომ პასუხისმგებლობის ნაკლებობაა, როცა საქმე იგივე ხელოსნებს თუ სხვა დარგის წარმომადგენლებს ეხებათ. 

– ყველა ქვეყანა მსგავსია ამ თვალსაზრისით. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები. ჩვენ ვარჩევთ კარგებს. ზოგადად, სამშენებლო ბიზნესი ყველა ქვეყანაში ძალიან რთულია. მაგრამ როდესაც შეარჩევ კარგ ადამიანებს, მაშინ ყველაფერი რიგზეა. 

– რამდენიმე ქვეყანაში გიმუშავიათ და დღესაც აგრძელებთ ბიზნესს. საქართველოს რა გამოარჩევს იმ ქვეყნებისგან, სადაც თქვენ ბიზნესი გქონიათ ან გაქვთ? 

– თუ გაქვს კაპიტალი და შესაბამისი თანხა რომ იმუშაო, არ არის პრობლემა. მაგალითად, საქართველოში მე 30 მილიონი დოლარი მაქვს ჩადებული. აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. თვეში საშუალოდ 3 კვირა საქართველოში ვარ და 1 კვირა ისრაელში. ჩემი შვილები ისრაელში არიან და ჩვენს ბიზნესს იქ ისინი აქცევენ ყურადღებას. აქ მარტო ვცხოვრობ.
 
– 2004-2012 წლებში საქართველოს წინა ხელისუფლების დროს ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა იმავდროულად ისმოდა ხოლმე პრეტენზიები ოპონენტებისგან, რომ საქართველოში ბიზნესმენებს ხელისუფლება პრობლემებს უქმნიდა. როგორ შეაფასებდით წინა ხელისუფლების დროინდელ პერიოდს და ახლანდელს – თქვენი ბიზნესისთვის რა შეიცვალა? 

– პოლიტიკური ცვლილებები მე არ მიგრძნია, ჩემთვის არაფერი შეცვლილა. არანაირი კონტაქტი არ მაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არც ის ვიცი, ადრე ვინ იყო მთავრობაში და ახლა ვინ არის, ეგეც არ ვიცი. გაყიდვებს რაც შეეხება, მაშინაც ვყიდდით და ახლაც. უბრალოდ, ბოლოდროინდელმა ლარის კურსის დაცემამ შეგვიქმნა პრობლემა.
 
– იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ბიზნესმენებს უწევდათ საარჩევნოდ პოლიტიკური ძალისთვის ფულის ჩუქება. მსგავსი შემთხვევა თქვენ თუ გქონიათ? 

– არასოდეს, სრულიად დამოუკიდებლები ვართ პოლიტიკური ძალებისგან. საგადასახადო სამსახური წინა ხელისუფლების დროსაც სწავლობდა ჩვენს საქმიანობას და ახლაც. არც მაშინ და არც ახლა არ დავჯარიმებულვართ, ყველაფერი წესრიგშია. 

– იგივე ისრაელთან შედარებით, საქართველოში უფრო დაბალი გადასახადებია. ეს რამდენად აბალანსებს სიტუაციას, რომ აქ შედარებით არასტაბილური გარემოა? ამ ფონზე, ღირს კი მაინც აქ ინვესტიციების ჩადება? 

– რა თქმა უნდა, საქართველოში ინვესტირება ღირს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა ისრაელთან შედარებით. ასევე, ის მიწა, რაც აქ მაქვს ნაყიდი, იგივე ფასში ვერ გავყიდი, მაგრამ თუ პროექტს განვახორციელებ, დახარჯულ ფულს ყველა ვარიანტში ავინაზღაურებ. არ შეიძლება, რომ უძრავი ქონება არ გაიყიდოს. თუ გაქვს ფული, რომ ნაყიდ მიწაზე პროექტი განახორციელო, აუცილებლად მომგებიანი საქმიანობაა. 

ასევე, თუ ინვესტორს სურს, რომ აქ ჩადოს ფული, დაიწყოს მშენებლობა, ის აუცილებლად აქ, ადგილზე უნდა იყოს. თუ აქ არ იცხოვრებს და თვითონვე არ იქნება აქ, მაშინ წაგების დიდი შანსია. დიდი ინვესტორები აქ საცხოვრებლად ვერ ჩამოდიან და იმიტომ იკავებენ თავს საქართველოში ინვესტირებისგან. 
საქართველოში ვცხოვრობ და დღეში 24 საათი ვმუშაობ. სხვა შემთხვევაში წამგებიანი იქნება ჩემი ბიზნესი.
 
– თბილისში მრავალი ახალი შენობაა და მშენებლობები გრძელდება. მაგრამ, ამის მიუხედავად ძალიან ბევრია ძველი და ავარიული სახლი. ეს ნიშნავს, რომ ახალი მშენებლობის პოტენციალი თბილისშიც და მთელ საქართველოშიც საკმაოდ დიდია. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, უფრო მეტი მშენებლობა იყოს ქვეყანაში და ავარიული სახლები ახალმა შენობებმა ჩაანაცვლოს? 

– ბევრი ფული. საქართველო ღარიბი ქვეყანაა და არ არის საკმარისი ფული, რომ ჯერ ახალი შენობები აშენდეს და მერე შესაბამის ფასად გაიყიდოს. 

– რით შეიძლება ღარიბმა ქვეყანამ ინვესტორები დააინტერესოს, რომ აქ ჩადონ ფული? 

– ყველა ინვესტორი თვითონ ირჩევს სად ურჩევნია საქმიანობა. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ინვესტორების მოსაზიდად. მე აქ მოვედი, მომეწონა და ასე გადავწყვიტე აქ საქმიანობის დაწყება. 

– ახალი მშენებლობების დასაწყებად აუცილებლად უკვე არსებული პროექტი უნდა დასრულდეს და გაიყიდოს თუ ამატებთ პირად კაპიტალს მშენებლობების უფრო დასაჩქარებლად? 

– 30 მილიონი ჩამოვიტანე. მთელ ჩემს ქონებას აქ ხომ არ დავაბანდებ? ჩემი ბრუნვა საკმარისია. რაც უკვე ჩადებულია, თანხის კიდევ უფრო გაზრდას არ ვფიქრობ. ამიტომ, როდესაც მიმდინარე მშენებლობა დასრულდება და გაიყიდება, შემდეგ იწყება ახალი პროექტი. 

– რამდენიმე ქვეყანაში გიცხოვრიათ და საქმეც გიკეთებიათ. საქართველო, აქაური გარემო და ხალხი რამით თუ არის გამორჩეული?
 
– ხალხზე და მათ გამორჩეულობაზე ვერაფერს გეტყვით. სადაც ვიყავი, ყველგან 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი. ამიტომ, ვერ გეტყვით რა გამორჩეული ხალხი და გარემო შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყანაში. ერთი რაც ვიცი, ესაა, რომ ძალიან მომწონს აქაური ბუნება. მე სავარძლით ვმოძრაობ და ამიტომ, გადაადგილების პრობლემა მაქვს. მაგრამ, ყველა ებრაელს, ვინც საქართველოში ჩამოდის, აქაურობა ძალიან მოსწონს. ბევრი ტურისტი ჩამოდის აქ ისრაელიდან. 
დრო გჭირდებათ, რომ ქვეყანა განვითარდეს. საქართველოს არ აქვს გაზი, ნავთობი, არც იმდენი რესურსი, რომ ქვეყნის სწრაფად განვითარება იყოს შესაძლებელი.
 
ისრაელსაც არ აქვს მაინცდამაინც დიდი ბუნებრივი რესურსები, მაგრამ განვითარებული და ძლიერი ქვეყანაა საქართველოსგან განსხვავებით. 

– ისრაელში ბევრი ჭკვიანი ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მდიდარი ებრაელი საკუთარ ფულს ისრაელში აბანდებს. ასეთი მდიდარი ადამიანები კი ისრაელში ბევრია. 

– თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით? 

– 6 შვილი მყავს - 3 ბიჭი და 3 გოგო. მყავს 17 შვილიშვილი - 11 ბიჭი და 6 გოგო. ერთი შვილი მყავს ეკონომისტი, მეორე იურისტი, გოგო მყავს არქიტექტორი... ყველამ ლონდონში მიიღო განათლება. პატარაობიდან ცხოვრობდნენ ლონდონში. 

როდესაც სამუშაოდ გადავედი ლონდონში, წავიყვანე ოჯახი და შვილებს იქ მივაღებინე განათლება. ლონდონში რომ დავამთავრე აქტიური ბიზნესი, ყველა დაბრუნდნენ ისრაელში. მყავს ძალიან კარგი ოჯახი და შვილები. საკმაოდ სერიოზული პროექტები და კარგი ქონება გვაქვს ისრაელში. 

– მეუღლე არ გყავთ? 

– 32 წლის წინ გავშორდით. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ვარ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვარ. 

– რაიმე ჰობი თუ გაქვთ და თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

– დღეში თითქმის 24 საათი მშენებლობაზე ვფიქრობ და ვმუშაობ. მთელი ცხოვრება ვმუშაობ. 10 წლის ვიყავი, რაც მუშაობა დავიწყე და მას შემდეგ ასე ვარ. 62 წელია ვმუშაობ ამ ბიზნესში, მანამდე ბავშვობისას ვმუშაობდი... ეს მომწონს ძალიან. ყოველდღე ასეა. 

– მომავლის გეგმები რა გაქვთ, რაიმე ახალი პროექტების დაწყებას ან ახალი მიწების ყიდვას თუ აპირებთ სამომავლო მშენებლობებისთვის საქართველოში? 

– რა მიწებიც საქართველოში მაქვს ნაყიდი, მინიმუმ 30 წლის გარანტირებული სამუშაოა. იმდენი ქონება მაქვს, რომ 30 წელი დასჭირდება მშენებლობას ამ მიწებზე: გუდაურში, ბაკურიანში, ბათუმში, ქობულეთში, სარფში, გონიოში, ფოთში, თბილისში... ჩემნაირ ინვესტორს საქართველოში მეორეს ვერ ნახავთ. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი