ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ შპს "შვიდის" და შპს "შვიდი მითის" ერთ-ერთ დამფუძნებელ პარტნიორთან ირაკლი ტვილდიანთან - #1(42), 2015
მინი დოსიე

ირაკლი ტვილდიანი დაიბადა 1964 წლის 2 მაისს, ქ. თბილისში. 

განათლება
 
1981 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა; 

1986 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 

სამუშაო გამოცდილება

1986-1991 მუშაობდა არქიტექტორად ვოვა ქურთიშვილის სახელოსნოში; 

1989 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა საკუთარი არქიტექტურული ფირმა „დიდგორი“;
 
1993-1995 წლებში მუშაობდა დიპლომატიურ კლუბში; 

1995 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შპს „შვიდი“, რომლის სპეციალიზაციაა კვების მრეწველობის ინგრედიენტების იმპორტი; 

2009 წელს დააფუძნა შპს „შვიდი მითი“, რომელიც ხორცისა და თევზის წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტით არის დაკავებული. 

უცხო ენები

რუსული და ინგლისური სრულყოფილად. 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. 

– ბატონო ირაკლი, თავდაპირველად სად და როგორ დაიწყეთ საქმიანობა? 

– პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქალაქპროექტში, ვოვა ქურთიშვილის სახელოსნოში დავიწყე მუშაობა. 1989 წელს, მეგობრებთან ერთად არქიტექტურული ფირმა „დიდგორი“ დავაფუძნე. ილო ყავლაშვილი, შაკო მელქაძე, მე და კიდევ რამდენიმე კაცი ვიყავით. დაახლოებით 4 წელი საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ. კონსტრუქტორების და არქიტექტორების ძლიერი ჯგუფი გვყავდა. მაგრამ, ამ პერიოდში უკვე სამოქალაქო ომი დაიწყო და ქვეყანა აირია. მშენებლობისა და არქიტექტურისთვის აღარავის ეცალა, ამიტომ ამ საქმეს თავი მივანებეთ. 

– შემდეგ? 

– არქიტექტურას რომ დავანებე თავი, მერე რამდენიმე ხანი სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი, მათ შორის „დიპლომატიურ კლუბში“ ვმუშაობდი. 

– რას აკეთებდა დიპლომატიური კლუბი? 

– კლუბი ორგანიზებას უკეთებდა სხვადასხვა შეხვედრებს, ღონისძიებებს. იმართებოდა ბიზნეს-შეხვედრები. ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა. ჩეხეთში ვიზიტისას ჩემმა მომავალმა პარტნიორმა გოგი ვაჩნაძემ გამაცნო ბიზნესმენი, რომელსაც ჰქონდა შაქრის შემცვლელების და სხვადასხვა დიაბეტური პროდუქტების წარმოება. 

– ეს რომელ წელს იყო? 

– 1993 წლის ბოლოს. ამ თემამ რამდენიმე კაცი დაგვაინტერესა. შევისწავლეთ ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქციაზე იყო მოთხოვნა ლიმონათების მწარმოებლებში, დიაბეტით დაავადებულებში. მოთხოვნა არსებობდა და პროდუქცია არავის შემოჰქონდა. ასე, შემთხვევით, დავიწყეთ იმპორტი და გაამართლა. მუშაობისას გამოჩნდა, რომ სხვა საკვებ დანამატებზეც იყო ინტერესი. თავდაპირველად დავუკავშირდით სანკტ-პეტერბურგის ესენციების მწარმოებელ ცნობილ ქარხანას და მათგან დავიწყეთ პროდუქციის იმპორტი. გზადაგზა გაირკვა, რომ ესენციებთან ერთად ლიმონმჟავა, კონსერვანტები, სტაბილიზატორები და მრავალი სხვა ინგრედიენტებიც ესაჭიროებოდათ ჩვენს მეწარმეებს. ასე გავაფართოვეთ საქმიანობა.

1995 წელს უკვე შპს „შვიდი“ დავაფუძნეთ. მაშინ შვიდი პარტნიორი ვიყავით და ფირმის სახელიც აქედან მოდის. ლიმონათის გარდა, უკვე ნაყინის წარმოებასაც გადავწვდით და შესაბამისი ინგრედიენტების შემოტანა დავიწყეთ. 

– იმ პერიოდში, როდესაც იაფფასიან პროდუქციას ჰქონდა ბაზარი დაპყრობილი, არ გაგიჭირდათ ხარისხიანი, მაგრამ ძვირფასი ინგრედიენტებით კონკურენცია გაგეწიათ იაფი და უხარისხო დამხმარე საშუალებებისთვის? 

– მაშინ კონკურენცია ფაქტობრივად არც იყო. სპონტანურად შემოჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე საშუალებები. როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა, პროფესიონალურ დონეზე შევისწავლეთ საკითხი. ჩავედით უცხოეთში, გავიგეთ, რა არის საჭირო ხარისხიანი პროდუქციის საწარმოებლად. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ შესაბამისი ინგრედიენტებისა და ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა ქართულ ბაზარზე. 

– შესაძლოა მაშინ წარმოებაში დაშვებული შეცდომების გამოც იყო ლიმონათი, ნაყინი და სხვა პროდუქცია უხარისხო და ინგრედიენტების ბრალი ნაკლებად იყო? 

– ალბათ, ყველაფერი ერთად – პროდუქტის გაიაფების მიზნით, არ ხდებოდა საჭირო დოზირებების გამოყენება, ირღვეოდა ტექნოლოგიური პროცესი, იყენებდნენ უხარისხო ინგრედიენტებს და ა.შ. ეს პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა ნელ-ნელა ამაღლდა წარმოების დონე, ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა მაღალი დონის პროდუქციაზე, გაიხსნა რამდენიმე კარგი ქარხანა, შესაბამისად, ჩვენც უცხოეთში სხვა პარტნიორების მოძიება დავიწყეთ. ვესწრებოდით სპეციალიზირებულ ინდუსტრიულ გამოფენებს. ამ პერიოდში დავუკავშირდით ისეთ კომპანიებს, როგორიც არის ამერიკული „ნუტრასვიტი“, ავსტრიული „ესარომი“. ისინი იმ პერიოდში ჩამოვიყვანეთ თბილისში, როცა აქ ჯერ კიდევ ავტომატიანი ხალხი დარბოდა ქუჩაში. ჩამოვიდნენ კომპანიების მფლობელები და დირექტორები. მოვეწონეთ. მოვაწერეთ პირველ კონტრაქტებს ხელი და გავხდით მათი პარტნიორები. ამ პარტნიორობამ გზა გაგვიხსნა სხვა უცხოური წამყვანი კომპანიებისაკენ. სხვათა შორის, „ესარომთან“ ერთად პირველად საქართველოში თითქმის ყველა ნაყინის მწარმოებლები წავიყვანეთ ავსტრიაში, სადაც უტარდებოდათ ტრენინგები, ხდებოდა ნაყინების დეგუსტაცია და წარმოების ტექნოლოგიების გაცნობა. 

სწორედ ამის შედეგად საქართველოში ნაყინის ბიზნესში ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. დღეს 5-6 ისეთი მწარმოებელია, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და ამაში ჩვენი დამსახურება ძალიან დიდია. 

– თქვენგან დამოუკიდებლად აქაური მწარმოებლები ვერ დაუკავშირდებოდნენ ესენციის და სხვა დამხმარე მასალების მწარმოებლებს? 

– ის ფირმები, ვისთანაც ჩვენ ექსკლუზიური პარტნიორობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს გარეშე არავისთან დაიჭერენ საქმეს. მწარმოებლებს სხვა კომპანიებთან კი შეუძლიათ დაკავშირება, მაგრამ ჩვენთან თანამშრომლობა როგორც ერთი ასევე მეორე მხარისათვის მომგებიანია. უცხოელი პარტნიორებისთვის ჩვენ ვართ სტაბილურობის გარანტია, ქართველებისთვის – შუამავლები, რომლებიც საკუთარ სახსრებს და ენერგიას ვდებთ მათი ბიზნესის განვითარებისათვის. 

– თუ იყო დაცული ბიზნესის თამაშის წესები აქაური და უცხოელი პარტნიორების მხრიდან – იმ პერიოდში განსაკუთრებით იყო მოდაში შეთანხმებების შეუსრულებლობა, „გადაგდება“, პარტნიორებს შორის განხეთქილება... 

– სანკტ-პეტერბურგის ქარხნის მაგალითზე საკმაო გამოცდილება შევიძინეთ, მუდამ სიძნელეებს ვაწყდებოდით შეკვეთების დროულად შესრულებისა თუ კომუნიკაციის მხრივ. ამიტომაც ავირჩიეთ ევროპული გზა. ეს იყო სწორი არჩევანი. ევროპელებზე ავიღეთ ორიენტაცია. იქ ბიზნეს-წესებში ხელის ჩამორთმევა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვაგან კონტრაქტის გაფორმება. ისინი იცავენ ყველა შეთანხმებას, ზეპირსაც კი. 

რაც შეეხება აქაურ პარტნიორებს, ყველაფერი ხდებოდა,ბევრი სიძნელეებიც იყო, მაგრამ ძირითადად კმაყოფილი ვარ მათთან თანამშრომლობით. 

– ნაყინისა და ლიმონათის შემდეგ რა სფეროში განაგრძეთ საქმიანობა? 

- წარმოების რომელი სფეროც მუშაობდა, თითქმის ყველას ათვისება ვცადეთ. ნელ-ნელა გავაფართოვეთ საქმიანობა. „ესარომის“ რეკომენდაციით დავუკავშირდით მსოფლიოში განთქმულ კომპანიას ავსტრიულ „ბაკალდრინს“, რომლის სპეციალიზაცია პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო წარმოების ინგრედიენტებია. 

ყველა დარგში, ვინც მიმწოდებლად ავირჩიეთ, მართლაც უმაღლესი ბრენდისა და სახელის მქონე კომპანია იყო. შემოვიყვანეთ ისინი საქართველოს ბაზარზე. ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი პროდუქცია ხარისხიანი, მაგრამ ძვირი იყო, თუმცა ჩვენთვის კომპანიის პრესტიჟი პრიორიტეტული იყო, ამიტომაც შევინარჩუნეთ სახელიცა და ხარისხიც. 

– კონტრაბანდა ლეგალური ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი პირობაა და იმ პერიოდში ბიზნესმენებისთვის უცხო არ იყო ხოლმე ფორმალური თუ არაფორმალური გადასახადები, რეკეტი... ასეთი პერიოდი როგორ გამოიარა თქვენმა კომპანიამ? 

– სულ ვამბობ ხოლმე, რომ ღმერთმა გადაგვარჩინა. არასოდეს გვქონია კრიმინალურ სამყაროსთან შეხება. არც ისეთი მსხვილი იყო ჩვენი ბიზნესი, რომ თვალში მოვხვედროდით ყველას. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან იყო ცალკეული შემოწმებები, მაგრამ ამას შემოწმებაც არ ერქვა – როცა გაიგებდნენ, ფირმას სუფთა აღრიცხვიანობა და ბუღალტერია ჰქონდა, შემოწმებას წყვეტდნენ და პირდაპირ ფულის გამოძალვაზე გადადიოდნენ. 

იყო იმ მოცულობის თანხების აღება, რაც ბიზნესს მნიშვნელოვნად აფერხებდა? 

– არა, 2000 წლამდე ძალიან მცირე თანხებს ვაძლევდით, ბიზნესისთვის უმნიშვნელოს. კომპანიის დამფუძნებლებს ქალაქში ჩვენი კავშირები და ურთიერთობები გვქონდა და ხშირად ამ გზით ვაგვარებდით სიტუაციას. 

– რამდენი იყო წლიური ბრუნვა მაშინ და შემდეგ? 

– 2000 წელს დაახლოებით 800.000 – 1.000.000 ლარი წელიწადში. 2003-ში, სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ავედით 3-4 მილიონ ლარზე. სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის მერე, როცა სიტუაცია დალაგდა, კონტრაბანდა მოიხსნა, სუფთად მუშაობა შესაძლებელი გახდა – საკმაოდ გავიზარდეთ და წელიწადში 6-8 მილიონ ლარზე ავედით. 

– დასაწყისში თქვენი კომპანია რამდენ თანამშრომელს აერთიანებდა და დინამიკა როგორია დასაქმების მხრივ? 

– დასაწყისში 7 დამფუძნებელი ვიყავით და სულ 3 თანამშრომელი დავიმატეთ: ბუღალტერი, მდივანი და კიდევ ერთი კაცი, რომელიც დისტრიბუციაზე მუშაობდა. ჩვენც იგივე ფუნქცია გვქონდა: პროდუქციის წასაღებად ყოველთვე მივდიოდით დასავლეთ საქართველოში, ასევე კახეთის მხარესაც და ყველანი საკუთარი ძალებით ვაკეთებდით საქმეს. როგორც უკვე გითხარით, კომპანიის სახელიც დამფუძნებელთა რაოდენობას უკავშირდება. შვიდნი ვიყავით და ფირმას „შვიდი“ იმიტომ დავარქვით. მერე ნელ-ნელა, გამოჩნდა ვის უნდოდა მუშაობა, ვის არა და გამოვისყიდეთ პარტნიორების წილები. 1998-1999 წლებში 3 წილი გამოვისყიდეთ და ოთხნი დავრჩით. 

– შვიდი ადამიანი საკმაოდ ბევრია დამფუძნებლების შემთხვევაში. საინტერესოა, როგორ მოახერხეთ, რომ ამდენმა ადამიანმა ერთად შეძელით საერთო ბიზნესის დაწყება-განვითარება. ხშირად, ორ პარტნიორს შორის ხდება ხოლმე ისეთი განხეთქილება, მერე სამკვდრო-სასიცოცხლოდ ხდებიან ერთმანეთზე გადაკიდებულები. 

– ამ შვიდი კაციდან ოთხნი ბავშვობის მეგობრები ვიყავით და სკოლიდან დაწყებული, ინსტიტუტით გაგრძელებული – ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა. დანარჩენი სამნი – ერთი დამფუძნებლის ძმა იყო, მეორე – მამა და მესამე – ჩემი ახლო ნათესავი. ფაქტობრივად, ერთი ოჯახივით ვიყავით და სრული გაგება გვქონდა. კამათი კი იყო ხოლმე, რა და როგორ ჯობდა საქმისთვის, მაგრამ კამათზე შორს არ წავსულვართ. წილების გამოსყიდვაც ძალიან მეგობრულად მოხდა. აღარ გვინდა მუშაობა, დავიღალეთ და გვირჩევნია ჩვენი წილი გავყიდოთო. არავითარი კონფლიქტი არც ამ შემთხვევაშიც არ გვქონია. 

ისეთი მძიმე პერიოდი იყო, რომ ერთმანეთის სიძლიერით, გატანით და მეგობრობით შევძელით საქმის გაკეთება, თორემ ერთმანეთში რომ ჩხუბი დაგვეწყო, დასაწყისშივე დავიშლებოდით. ამის შემდეგაც ფირმის სახელი უცვლელად დავტოვეთ, რადგან „შვიდი“ უკვე ჩამოყალიბებული კომპანია იყო, კონტრაქტები გვქონდა გაფორმებული და ამ სახელით განვაგრძეთ მუშაობა. 

– შემდეგ როგორ გაგრძელდა პარტნიორების ცვლილება? 

– 2006 წელს კიდევ ერთ-ერთი პარტნიორი გავიდა და ისიც – მშვიდობიანად და მეგობრულად. ახლა ცალკე აკეთებს თავის ბიზნესს. სამნი დავრჩით პირველი დამფუძნებლებიდან, სამი არქიტექტორი: მე, ირაკლი მასხულია და ირაკლი ვაჩნაძე. 1 წლის წინ შემოგვიერთდა მალხაზ ტვილდიანი, რომელიც ჯერ დირექტორის პოზიციაზე ავიყვანეთ და მერე ყველა დამფუძნებელმა მას დავუთმეთ წილი. ახლა ფირმაში 10% მისია, დანარჩენ სამს კი 30-30% გვაქვს. 

– მალხაზ ტვილდიანი თქვენი ნათესავია? 

– არა. ჩვენს კომპანიას „პროკრედიტბანკში“ ჰქონდა ურთიერთობა, სესხს ამ ბანკიდან ვიღებდით ხოლმე. მალხაზი „პროკრედიტბანკში“ მუშაობდა და ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელიც იყო. თუმცა, ახლოს მოგვიანებით გავიცანი, საგვარეულო შეხვედრაზე, სადაც ტვილდიანები წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით ხოლმე. აღმოჩნდა, რომ წარმომავლობით ერთი სოფლიდან ვართ. შეხვედრაზე თქვა, რომ აღარ მინდა ბანკში მუშაობა, გადავიღალე და სხვა სამსახურს ვეძებო. ჩვენ კი იმ დროს კარგ აღმასრულებელ მენეჯერს ვეძებდით და ასე, სრულიად შემთხვევით მოგვარდა ეს საქმე. 

– წეღანდელ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, დღევანდელი მდგომარეობით კომპანია რამდენ თანამშრომელს აერთიანებს? 

– დღეს შპს „შვიდი“ 25 თანამშრომელს ითვლის. თუმცა, ჩვენ მეორე კომპანიაც გვაქვს, რომელიც 2009 წელს შევქმენით და „შვიდი მითი“ ჰქვია. ეს კომპანია მთლიანად ორიენტირებულია ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოებისათვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტსა და რეალიზაციაზე. თუმცა, ეს მიმართულება ბევრად ადრე, 2002 წლიდან განვავითარეთ. მაშინ ჩვენი ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნათესავი და ჩვენი მეგობარი რამაზ ანდღულაძე ჩამოვიდა სანკტ-პეტერბურგიდან, სადაც მას14 წლის მანძილზე ძეხვის საწარმო ჰქონდა. შემოგვთავაზა, ხორც-პროდუქტების წარმოებისათვის საჭირო ინგრედიენტების მიმართულებით მუშაობა და ჩვენც დავთანხმდით. 

დიდი კომპანიები გახდნენ ჩვენი პარტნიორები: ავსტრიული „შალერვიბერგი“, გერმანული „ნესე“, ბრიტანული „დევრო“... ეს მიმართულება ძალიან საინტერესო გამოდგა. საქართველოშიც რამდენიმე ახალი, სერიოზული საწარმო გაიხსნა და რამაზმა და მე დავაფუძნეთ ახალი კომპანია „შვიდი მითი“, სადაც წილები თანაბრად გვაქვს გადანაწილებული. მეორე ოფისი გვაქვს დიღომში, სადაც 15-16 თანამშრომელი მუშაობს. 

– ხორცპროდუქტებმაც ნაყინის მსგავსად იმპორტი მნიშვნელოვნად შეზღუდა ადგილობრივი წარმოების განვითარების ხარჯზე. 

– კი. ყოველწლიურად იმპორტი სულ უფრო მცირდება. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ხელი შეგვეწყო და ევროპული დონისათვის მიგვეახლოებინა. ეს ჩანაფიქრი, ჩემი აზრით, საკმაოდ წარმატებით განხორციელდა. 

– თქვენ ასევე ღვინის წარმოებაშიც ხართ ჩართული. 

– ღვინის სფეროში საქმიანობა 1998 წლიდან დავიწყეთ, გაცილებით ადრე, ვიდრე ხორცპროდუტების მიმართულებას განვავითარებდით. მაშინდელი პარტნიორების რჩევით დავუკავშირდით ცნობილ ფრანგულ კომპანიას – „იოცეს“, რომელიც შამპანის რეგიონშია და თვითონ ატარებს სამეცნიერო კვლევებს, თვითონვე აწარმოებს პროდუქტებს. შევთავაზეთ, საქართველოს ბაზარი თუ დააინტერესებდათ. დაგვთანხმდნენ. ფრანგები არიან, ღვინის და საქართველოს შესახებ იცოდნენ და სიამოვნებით წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. 

ღვინოს სჭირდება საფუარი, გამწებავი, დასაწმენდი მასალები, ფილტრები – უამრავი რამ არის საჭირო, რათა ევროპული დონის ღვინო აწარმოო. ღვინის წარმოებაში აქ მაშინ სრული ქაოსი იყო. სემინარები ჩავატარეთ საქართველოში, მეღვინე-ტექნოლოგები რამოდენიმეჯერ საფრანგეთში წავიყვანეთ, ოთხმა მეღვინემ სპეციალური სერტიფიკატიც კი მიიღო, საქართველოში ფრანგული ტიპის შამპანური-ცქრიალა ღვინის საწარმოებლად. 

შემდგომში ჩვენი პარტნიორი გახდა ჩეხური კომპანია „ჰობრა“, რომელიც უმაღლეს ხარისხის ღვინის ფილტრებსა ფილტრაციის აგენტებს აწარმოებს. 

– თქვენ უზრუნველყოფდით აქაური მეღვინეების სწავლებას და სამაგიეროდ, როცა წარმოებაში მასალები დასჭირდებოდათ, უკვე თქვენი ფირმა ამარაგებდა? 

– კი. ჩვენ შევქმენით სიტუაცია, როდესაც ღვინის წარმოების ნებისმიერი ეტაპისთვის საჭირო ყველა მასალა საწყობში გვაქვს, უფასო კონსულტაციებს ვუწევთ ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო მეღვინეებს ყოველწლიურ სემინარებს ვუტარებთ.. 

– ღვინის ქარხნებისთვის დანადგარებიც ჩამოგაქვთ? 

– თავიდან ჩვენ მხოლოდ დამხმარე მასალები ჩამოგვქონდა. ბოლო დროს მოიმატა ინტერესმა ღვინის წარმოების მიმართ და დავიწყეთ წვრილი და საშუალო ქარხნებისთვის დანადგარების ჩამოტანა. ცალკე ოფისი და `შოურუმი~ გავხსენით მეღვინეობისთვის. სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ტექნოლოგები დამკვეთს დაუპროექტებენ საშუალო ან მცირე ქარხანას და დანადგარების ჩამოტანა-დამონტაჟებიანად, ბოლომდე მიჰყვებიან. ბევრი ასეთი მინი-ქარხანა გაიხსნა. ჩვენ ტენდერებშიც ვმონაწილეობთ და ექსპერიმენტული წარმოებების გახსნასაც ყველანაირად ვუწყობთ ხელს. 

– ღვინის დიდ ქარხნებთან თანამშრომლობთ? 

– აბსოლუტურად ყველა ქარხანასთან, რადგან დამხმარე მასალები ყველას სჭირდება. 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი დაიკეტა, ჩვენი ბიზნესი ძალიან გაიზარდა, ყველა იძულებული გახდა ხარისხიანი ღვინო ეწარმოებინა და ევროპულ ბაზარზე შესულიყვნენ. 

– ხარისხის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სტიმული გამოდგა რუსული ემბარგო. 

– ძალიან. იმიტომ რომ უკვე ყველას მოუწია ხარისხზე ზრუნვა. ემბარგომდეც იყო ქარხნები, რომლებიც ხარისხს იცავდნენ, მაგრამ რუსეთის ბაზარი ყველაფერს „ყლაპავდა“ და უხარისხო და ფალსიფიცირებული ღვინოც ბევრი მიდიოდა. 

– ამასობაში თქვენი კომპანიის გამოცდილება და ცოდნაც გაიზრდებოდა სხვადასხვა მიმართულებებში. 

– ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პლუსია, რომ რა მიმართულების ბიზნესიც არ უნდა დაგვეწყო, იქ აუცილებლად უნდა მოგვეძებნა მაღალი დონის, პროფესიონალი ტექნოლოგი. მეღვინეობაში მაგალითად, გვყავდა მარიკა ხომასურიძე. ახლა მიშა მესხი გვყავს – ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგია საქართველოში. ნაყინებში და რძეში ცალკე ტექნოლოგი გვყავს. ასევეა პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტროში, ლიმონათის მიმართულებაშიც. ამან მოგვიტანა წარმატება. 

– თქვენს ფირმებში თანამშრომლების მოძრაობა მაღალია? 

– მოსული ბევრი მინახავს, წასული ნაკლებად. აქ ოჯახივით სიტუაცია გვაქვს. 

– საშუალო ანაზღაურება რამდენია თქვენს კომპანიებში? 

– თანამშრომელზეა დამოკიდებული. 1000 ლარზე ნაკლები არავის აქვს. თუმცა, თუ ინიციატივას იჩენს და მეტსაც მუშაობს – ანაზღაურებაც მეტია. 

– მრავალ წარმოებასთან გაქვთ შეხება, მათ შორის ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო, ხორცპროდუქტები... თქვენი დაკვირვებით, ყველა ამ წარმოებაში საბოლოო პროდუქციის ხარისხი რამდენად სასურველი დონით უმჯობესდება? 

– ნაყინში სწრაფად მოხდა ხარისხის ზრდა. როგორც კი ჩვენ ჩავერთეთ, რამდენიმე ქარხანამ ევროპული დონის ნაყინის გამოშვება დაიწყო და ამ დონეს დღემდე ინარჩუნებენ. ყოველ წელს ტარდება სემინარი, ჩამოდის „ესარომის“ წარმომადგენელი და რაც კი სიახლეებია ევროპაში – ყველაფერს აცნობს, რის შემდეგაც ხდება ამ სიახლეების ქართულ ბაზარზე დანერგვა. 

– რაც შეეხება პურ-ფუნთუშეულს? 

– აქაც ჩვენი პრიორიტეტია განვითარდეს განსხვავებული, ევროპაში პოპულარული, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ჭვავისა თუ სხვა სახის პურის წარმოება. 

– მსმენია, რომ აქაური შავი პური ხშირად საღებავების წყალობით არის შავი და არა ტექნოლოგიების დაცვის გამო. 

– ჩვენ ამ ცუდ ტრადიციას ვებრძვით. ადამიანს, რომელსაც დიაბეტი აქვს და სურს შავი პური მიირთვას, არ შეიძლება მას შაქრიანი საღებავით შეღებილი პური შეასაღო. ჩვენი პარტნიორი „ბაკალდრინი“ მსოფლიო ლიდერია ჭვავის პურის წარმოებაში, მზა მიქსები აქვს და მხოლოდ ტექნოლოგიის ზუსტად დაცვაა საჭირო უმაღლესი ხარისხის პურის გამოსაცხობად. სწორედ ავსტრიაში, „ბაკალდრინის“ ტექნოლოგიურ ცენტრში გაიარეს მომზადება ქართველმა პურის მცხობელებმა „გუდვილიდან“, „მარშედან“, „ნიკორას მზარეულიდან“, „მემოდან“. ცალკე ჩავუტარეთ ტრენინგები იმ სასტუმროებისა და რესტორნების მცხობელებს, რომელთაც საკუთარი საცხობები აქვთ. 

– პატიოსნად იცავენ განსაზღვრულ ნორმებს ეს მეწარმეები? 

– რა თქმა უნდა, იცავენ ნორმებს, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენგან და „ბაკალდრინისაგან“ შეუწყდებათ ნედლეულის მიწოდება. 

– არსებობს აგრეთვე „ლიტვური“ პური. 

– მასთან შეხება არ გვაქვს და ვერაფერს გეტყვით. 

– დიაბეტიანებს შეუძლიათ „მარშეს“, „გუდვილის“, „ნიკორას“ წარმოების შავი პური იყიდონ და ფალსიფიკაციის არ ეშინოდეთ? 

– ამ მწარმოებლებზე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, წყნარად მიირთვით მათ მიერ გამომცხვარი პური. ცოტა ხნის წინ „კარფურშიც“ დაიწყეს ჩვენი დახმარებით ჭვავის პურების ცხობა, ასე რომ, აქაც შეგიძლიათ მაღალი ხარისხის პურის შეძენა. 

– თითქმის 20 წელია, რაც ეს ბიზნესი გაქვთ. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა და როდის იყო თქვენი ფირმისთვის გამორჩეული პერიოდები? 

– შევარდნაძის პერიოდი რთული იყო, უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი. ძნელი იყო საქმიანობა იმ ფირმებისთვის, რომლებიც ხარისხზე მუშაობდნენ და ბუღალტერიასაც სუფთად აწარმოებდნენ. სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, როცა კორუფცია საშუალო და დაბალ დონეზე მართლა მოისპო, ბიზნესისთვის საუკეთესო პერიოდი იყო (2004-დან 2010 წლამდე). მაშინ ჩვენი განვითარება ყველაზე მზარდი იყო. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში სხვა მარწუხები ამუშავდა – ითხოვდნენ, რომ ფული გადაგვერიცხა არჩევნებისთვის, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. 

2010 წელს დაგვიბარეს (როგორც, ალბათ ბევრი სხვა ბიზნესმენი იმ დროს) და მოგვთხოვეს, თქვენი ბრუნვიდან გამომდინარე 50.000 ლარი უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე გადარიცხოთო. იმის მიუხედავად, რომ ბევრს ვიცნობდით და ახლობლებიც ბევრი გვყავდა, 20 ათასის გადახდა მაინც მოგვიწია. 

ფულის გადარიცხვის მოთხოვნის საფუძველი რა იყო? 

– შემოწმება ჩაგვიტარეს, ვითომ რაღაც გვიპოვეს და ჯარიმა დაგვადეს. 

– ბიზნესმენებისგან ისიც გამიგია, რომ მსგავსი ფაქტები ჰქონდათ, უწევდათ შემოწირულობების გადახდა უსამართლოდ. დღევანდელი მდგომარეობით კი, მართალია ფულს არ სძალავენ, მაგრამ სამაგიეროდ, ბრუნვა საგრძნობლად შეუმცირდათ. 

– შარშან დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვქონდა. ისეთ სფეროში ვართ და ისეთ დონეზე წავიდა კონკურენცია, რომ რომ თუ არ განვითარდი, არ გამოვა. საკონდიტრო წარმოება იზრდება, ადრე მსგავსი განვითარება აქ არ ყოფილა, რაც კარგად ჩანს „ტკბილი ქვეყნის“ მაგალითზე. ყველა ცდილობს კარგი დანადგარები შემოიტანოს. ჩვენ ამ მხრივაც ვეხმარებით მწარმოებლებს და მათთვის იტალიური დანადგარები ჩამოგვაქვს. გვყავს რამდენიმე ძლიერი პარტნიორი და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. 

– ღვინის მწარმოებლებს ბოლო კვარტალში პრობლემები აქვთ – ექსპორტი 69%-ით არის შემცირებული, თქვენ ამ მიმართულებით არ გაქვს ბრუნვის შემცირება? 

– ქართული ღვინისთვის უკრაინის ბაზარი დღეს თითქმის აღარ არის. ვალუტას ვერ ურიცხავენ, ქარხნები ცუდ დღეში არიან, ცისტერნები სავსეა და შეკვეთები არ არის. ვინც რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ ორიენტაცია ისევ რუსეთზე გააკეთა, იმათაც ძალიან გაუჭირდათ. შესაბამისად, ამ კვარტალში შარშანდელთან შედარებით ღვინის მიმართულებით ჩვენი გაყიდვები დაახლოებით 30%-ით შემცირდა. მაგრამ სხვა მიმართულელებში ზრდა გვაქვს და ეს აბალანსებს. 

– რა სფეროშიც დღეს მუშაობთ, საქართველოს ბაზარზე კონკურენცია მაღალია? 

– არის კონკურენცია, მაგრამ ჩვენ იმდენად ადრე დავიწყეთ საქმიანობა, რომ ახლა ჩვენთან მოსულ მწარმოებელს შეგვიძლია შევთავაზოთ მომსახურების სრული ციკლი: პროფესიონალური კონსულტაცია; თანამედროვე ტექნოლოგიები; საჭირო დანადგარების შერჩევა; ტრენინგები უცხოელ პარტნიორებთან; საბოლოო უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება. არიან კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებელს მომსახურებას სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ნაკლებად მეგულებიან კონკურენტები, რომლებიც შეძლებენ ჩვენსავით პროფესიონალურად ამოუდგნენ მხარში პარტნიორებს. 

– რამდენად პატიოსანია კონკურენცია თქვენს სფეროში? შეიძლება, რომ რომელიმე კონკურენტმა იაფფასიანი და დაბალი ხარისხის პროდუქცია რომ შემოიტანოს და ამით ხარისხიან პროდუქტს ფასით დიდი პრობლემა შეუქმნას? 

– ჩვენ არასდროს ჩამოვიტანთ ისეთ პროდუქციას, რომელშიც შეიძლება დიდი მოგება დაგვრჩეს, მაგრამ ვიცით რომ უხარისხოა. მაგალითად, იყო ლაპარაკი შედედებულ რძეზე, შეგვეძლო წამოგვეღო რეგიონიდან, რომელიც ახლოს არის ჩერნობილთან. სხვებმა იკისრეს, ჩვენმა კომპანიამ უარი თქვა. მოვძებნეთ სხვა ქარხანა, რომელიც აბსოლუტურად სუფთა რძისგან აწარმოებს ამ პროდუქტს და არც სახიფათო რეგიონშია. ასეთ საკითხებში ძალიან დელიკატურები ვართ. თუ სხვა იკისრებს, ის ცოტა ხანში წავა ბაზრიდან. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ასეთ კონკურენციას გავუძლოთ. 

დღევანდელ სიტუაციაში მირჩევნია, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა მკაცრად იმუშაოს. კვების სფეროა და მკაცრი კონტროლია საჭირო. ასევე, ვისაც პროდუქცია შემოაქვს, თითოეულმა უნდა გაიაზროს, რომ მისი შვილის, მისი ახლობლის რაციონში მოხვდება ეს პროდუქტი და შესაძლო შედეგებზე უნდა დაფიქრდეს. 

– თქვენ ორ კომპანიას ფლობთ. რამდენად იოლი ან რთული სამართავია, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს თუ იოლად უმკლავდებით? 

– ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც 2 წლის წინ დავიმატეთ პროფესიონალი კადრები ფინანსებში, გაყიდვების მენეჯმენტში. მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა აღარ ყოფნიდა. ახალ დირექტორს გადავაბარეთ ბევრი საქმე. მართალია, ჩვენი კონტროლის ქვეშ არიან, მაგრამ ასე იყო საჭირო. საკმაო ძალისხმევას მოითხოვს ბიზნესის მართვა, სულ დაძაბული ხარ, მუდამ უნდა იარო გამოფენებზე, მუდამ ძიებაში უნდა იყო, რათა არ ჩამორჩე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს. ამიტომაც მე და ჩემს თანამშრომლებს წელიწადში, დაახლოებით, ოცამდე მივლინებაში გვიწევს წასვლა. 

– ახალი კადრების აყვანა და გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდება? 

– დირექტორი ამზადებს წინადადებას და შერჩეულ კანდიდატურას გასაუბრებაზე პარტნიორები ვუსმენთ. მერე ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას. 

– ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, საქართველო თუ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის და დღესაც რატომ ჭირს უცხოელი ინვესტორების შემოსვლა? 

– ამ მხრივ ჩვენი მდებარეობა სტრატეგიულად თითქოს კარგია, მაგრამ მეზობლად თურქეთია, დიდი ინვესტიციის ჩადება ვისაც უნდა, ალბათ იქ ურჩევნია. ჩვენ შევთავაზეთ ერთ-ერთ პარტნიორს, რომ საქართველოში დაგვეწყო ესენციების წარმოება და რეგიონული მომარაგება აქედან მომხდარიყო. ამ დროს ირანი სანქციების ქვეშ იყო. დაფიქრდნენ და თქვეს, თურქეთში უფრო იოლია ამის გაკეთებაო. მაგრამ, საქართველოში ინვესტირება აუცილებლად გახდება საინტერესო. მთავარია სტაბილურობა – პოლიტიკურიც და ვალუტის მხრივაც. როცა უცხოელი ინვესტორი ამ სტაბილურობას ხედავს, მაშინ მზადაა თანამშრომლობისათვის. 

ინვესტორების მოსაზიდად ალბათ შესაძლებელია საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის კიდევ უფრო შემცირება. თავის დროზე ძალიან დიდი შვება იყო, როცა საბაჟო გადასახადები მოიხსნა, კომპანიის დაფუძნებისა და განბაჟების პროცედურების გამარტივებამ ძალიან მოხიბლა ინვესტორები. თუმცა, კიდევ მეტი შეიძლება გაკეთდეს, რათა უცხოელმა ინვესტორებმა აქ თავი მშვიდად იგრძნონ. 

– თქვენი კომპანიის გეგმები რა არის – როგორ აპირებთ ბიზნესის შემდგომ განვითარებას? 

– გვაქვს რამდენიმე მიმართულება, რა მხრივაც გვინდა განვვითარდეთ. ჩვენი პარტნიორი დაგვთანხმდა და ვაპირებთ საქართველოში გავაკეთოთ პურ-ფუნთუშეულის ტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც მოამზადებს პერსონალს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ეს იქნება ცენტრი ამიერკავკასიისთვის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის. ავსტრიელებსაც ძვირი უჯდებათ მათი იქ ჩაყვანა და თავმოყრა. ჩვენ შევთავაზეთ იდეა – საქართველოში დავაფუძნებთ ცენტრს და აქ მოხდეს სწავლება, ეს გაზრდის ბაზარზე გაყიდვებს. ფინანსურადაც გვეხმარებიან, ინვესტიციასაც დებენ ჩვენთან ერთად და თითქმის მზად ვართ. ალბათ, სექტემბრისთვის გავხსნით ამ ცენტრს. ეს არის ერთ-ერთი სამომავლო გეგმა. 

– რაც შეეხება საქართველოშივე წარმოებას, ამ საკითხზე ინვესტორები თავს იკავებენ? 

– საკვები ინგრედიენტებისა და დამხმარე მასალების საქართველოში წარმოებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამ ეტაპზე ყველა პარტნიორი თანხმდება იმაზე, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს სასაწყობე ცენტრი. აქედან განაწილდეს პროდუქცია შუა და ცენტრალურ აზიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში... ამ მხრივ არის უკვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რა გამოვა. 

– როგორც ბიზნესის მმართველს, სულ ასეთ დაძაბულ სიტუაციებში გიწევთ ყოფნა – თუ გრჩებათ თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ? 

– ჩემი ჰობია ჩოგბურთი, კითხვა. როგორც კი გვაქვს საშუალება, თანამშრომლებთან ან მეგობრებთან ერთად აუცილებლად გავდივართ შაბათ-კვირას ქალაქიდან. ხან კახეთში, ხან დასავლეთ საქართველოში მივემგზავრებით. ერთი ოჯახი ვართ და ერთად ვატარებთ დროს. ეს არის ჩვენი განტვირთვა და დასვენება – ისევ ერთად ყოფნა. 

– რაც შეეხება ნამდვილ ოჯახს? 

– ცოტა გვიან დავოჯახდი და ახლა მე და ჩემს მეუღლეს გვყავს 2 წლის გოგონა. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი