ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" დამფუძნებელ და დირექტორ რამაზ სამხარაძესთან - #2(43), 2015
მინი დოსიე

რამაზ სამხარაძე დაიბადა 1978 წლის 29 აგვისტოს, ლაგოდეხში. 

განათლება

1984-1985 – თბილისის 181-ე სკოლა; 

1995-2000 – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ – ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრა. სპეციალობა: რეჟისურა და აუდიო-ვიზუალური წარმოების მენეჯერი. ხარისხი: ბაკალავრი. 
საერთაშორისო სასწავლო პროგრამები: 

2003 წელს პროგრამა აშშ-ში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით – „რადიო სადგურების მენეჯმენტი“ – დიპლომი. 

2007 წელს – შვედეთი, კალმარი, ჟურნალისტიკის კვალიფიკაციის ამაღლების უნივერსიტეტი „FOJO“. პროგრამა „ჟურნალისტიკა და დემოკრატია“ – დიპლომი. 

2008 წელს – აშშ-ში USAID-ის პროგრამა „მედია – მენეჯმენტი“ – დიპლომი. 

სამუშაო გამოცდილება

1995-1997 – ტელე-რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“, გადაცემის ავტორი და რეჟისორი. 

1997-1998 – ტელეკომპანია „TV4“, საბავშვო-საინფორმაციო პროგრამის ავტორი და პროდიუსერი. 

1997-1998 – სტუ, რადიოკომპანია „მეცხრე ტალღა“ მუსიკალური გადაცემის წამყვანი. 

2000-2001 – კომპანია „რადიო საქართველო“ – რადიო „ფორტუნა“ სარეკლამო განყოფილება, მარკეტინგის კონსულტანტი. 

2001-2005 – „საქართველოს რადიო ქსელი“ GRN-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

2004-2006 – რადიო „თავისუფლება“, პროგრამა „დღეს დილით“ – რეპორტიორი კახეთის რეგიონში. 

2007-2008 – „რადიო ქალაქი“ FM 101.9, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი. 

2009-2012 – ააიპ „საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის“ GRRN-ის თავმჯდომარე. 

1998 წლიდან დღემდე – შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ 100% წილის მფლობელი. 

2012-2013 – ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თოქ-შოუების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი ამავე არხის განვითარების მენეჯერი. 

2013 წლის ნოემბრიდან დღემდე – სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ – დირექტორი. 

უცხო ენები
  
რუსული, ინგლისური. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 

– ბატონო რამაზ, დავიწყოთ საუბარი თქვენი ბავშ¬ვობის პერიოდიდან. 

– ლაგოდეხში დავიბადე, 1978 წელს. 3 წლამდე პაპა-ბებიასთან ვიზრდებოდი და შემდეგ მშობლებმა თა-ვისთან, თბილისში წამიყვანეს. დავამთავრე 181-ე საშუალო სკოლა და შემდეგ უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი. 

– რა სპეციალობით? 

– უნივერსიტეტმა იმ წელს პირველად გამოაცხადა მიღება აუდიო ვიზუალური წარმოების მენეჯერის სპეციალობაზე და მანდ ჩავაბარე. მოგვიანებით, ნელ-ნელა შევცვალე ჩემი ინტერესის სფერო და რადიოს მიმართულებით გადმოვერთე. თუმცა, პირველი სამსახური იყო ტელევიზია, „საქართველოს ხმა“, სადაც 1995-97 წლებში ვმუშაობდი. ჩემი საავტორო გადაცემა მქონდა. მახსოვს, ხელფასი იყო 15 ლარი. მაგრამ, საქმე მიყვარდა და ვმუშაობდი. 

– საკუთარი მაუწყებლობის წამოწყება მოგვიანებით მოგაფიქრდათ? 

– ოთხ ადამიანს გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩვენ თვითონ რამე გაგვეკეთებინა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ თბილისში რადიო დაგვეფუძნებინა და მაუწყებლობა გვქონოდა. თუმცა, აქ დიდ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს წავაწყდით. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაშინდელ კავშირგაბმულობის სამინისტროში დაახლოებით 75 ათასი დოლარი მოგვთხოვეს, რომ თბილისში მაუწყებლობის უფლება მოეცათ. 

– ეს არალეგალური გადასახადი იყო? 

– რა თქმა უნდა. იმ პერიოდში თბილისში ლიცენზიებს საერთოდ არ გასცემდნენ. ქვეყანა კორუფციის ჭაობში იყო და ამ სფეროშიც ძალიან მოუწესრიგებელი სიტუაცია გახლდათ. დანარჩენმა რადიოებმა როგორ და რა გზით მოიპოვეს თბილისში მაუწყებლობის უფლება – არ ვიცი. 

მას შემდეგ, რაც თბილისში ლიცენზიის მიღებაზე ასეთი სირთულე შეგვხვდა, ვცადეთ მაუწყებლობის უფლება მცხეთაში მიგვეღო. ვიფიქრეთ, რომ მცხეთიდან გადაგვეცა სიგნალი, რომელიც დედაქალაქშიც გავრცელდებოდა. ესეც არ გამოგვივიდა. იყო გაუთავებელი ბიუროკრატიული დომხალი. 

ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ რადგან წარმოშობით ოთხივე მეგობარი კახეთიდან ვიყავით, კახეთში გვეცადა მაუწყებლობის დაწყება. მით უმეტეს, რეგიონული მაუწყებლები მაშინ ძალიან იშვიათობა იყო. კახეთში არცერთი რადიო არ ფუნქციონირებდა, რომელიც მთელ რეგიონს დაფარავდა. გავაკეთეთ ლაგოდეხში. ეს საზღვრისპირა რაიონია და მარტივად შეიძლებოდა სიგნალის აზერბაიჯანში გავრცელება, სადაც საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები ცხოვრობენ. ეს არის ძველი ჰერეთის ტერიტორია და სახელიც აქედან გამომდინარე დავარქვით რადიოს. 

– რეგიონში მაუწყებლობას არ სჭირდებოდა სიხშირის ყიდვა? 

– რა თქმა უნდა, სჭირდებოდა. ინტენსიურად მივდიოდით ხოლმე კავშირგაბმულობის სამინისტროში, სიხ-შირეების სამსახურში. ვაწუხებდით პირად ახლობლებს, რომ რამენაირად მაუწყებლობის უფლება მიგვეღო. ბოლოს მოგვცეს დროებითი ნებართვა კავშირგაბმულობის მინისტრის – ფრიდონ ინჯიას ხელმოწერით. დოკუმენტში ეწერა, რომ „ჰერეთს“ მიეცეს უფლება დროებით აწარმოოს მაუწყებლობა ტალღაზე FM101, სანამ ქვეყანაში შეიქმნება ახალი სამსახური, რომელიც ლიცენზიებს გასცემს. საუბარი იყო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე, რომელიც იმ ეტაპზე ჯერ არ ფუნქციონირებდა.
 
თუმცა, სანამ რადიოს გავაკეთებდით, მანამდე გამოვუშვით გაზეთი „ახალი ჰერეთი“. რამდენიმე ნომერი გავაკეთეთ და უფასოდ ვარიგებდით. ფაქტობრივად, არალეგალურად გადაგვქონდა აზერბაიჯანში. პრესის შეტანა საკმაოდ რთული პროცესი იყო. ეს გაზეთი ძალიან დაგვეხმარა რადიოს პოპულარიზაციაში. 

ასე რომ, 1998 წელს მივიღეთ მაუწყებლობის უფლება და შემდეგ უკვე საკმაოდ მძიმე პირობებში გვიწევდა მუშაობა. ხშირად არ იყო ელექტროენერგია, არ ვარგოდა პირობები ოფისში, სადაც გადავდიოდით, ჩვენი ხელით ვარემონტებდით... ჩვენი რადიო იყო ერთგვარი მუზეუმი. ბევრი ადამიანი, ვინც ლაგოდეხში ან ლაგოდეხის მიღმა ცხოვრობდა, მოდიოდა და ათვალიერებდა. აინტერესებდათ, როგორი იყო რადიომაუწყებლობა, რა ხდებოდა ამ პროცესის დროს.
 
– რა ტიპის გადაცემები გქონდათ? 

– ეთერში გასვლისთანავე გვქონდა ახალი ამბები, რომელსაც მაშინ გაზეთებიდან ვკითხულობდით. საინფორმაციო სააგენტოები კი მუშაობდნენ, მაგრამ მაშინ არც ინტერნეტი გვქონდა და ფაქსის მიღებაც რთული იყო. 3 სოფელი უნდა გაგვევლო ფოსტამდე, რომ იქ მიგვეღო სააგენტო პრაიმ-ნიუსის ახალი ამბები. ძალიან გვიჭირდა ფინანსურადაც და მორალური თვალსაზრისითაც. 

– ბიზნესის ფორმა როდის მიიღო თქვენმა საქმიანობამ, როცა რადიოს მუშაობისთვის საკუთარი ჯიბიდან აღარ გიწევდათ ფულის ამოღება და ხელფასის გაცემის საშუალებაც გაჩნდა? 

– დაახლოებით 2001-2002 წლიდან. შემოსავალი გაჩნდა სარეკლამო განცხადებიდან, დაბადების დღის მილოცვებიდან, SMS შეტყობინებიდან... მსხვილი ბიზნესი 2003 წლამდე ჩვენთან რეკლამას არ აკეთებდა. ერთადერთი ბანკი – "საფოსტო ბანკი" იყო რეგიონში და მას მოჰქონდა ხოლმე ზოგჯერ რეკლამა და განცხადებები.
 
2000 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. შევიტანეთ პროექტი საგრანტო კონკურსზე. ახალი ამბების სამსახურის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისთვის 24 ათასი დოლარი მოვითხოვეთ. ევრაზიის ფონდში 2 კვირის შემდეგ დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ეს დაფინანსება მათი აზრით ძალიან ცოტა იყო და 5 ათასი დოლარი დაგვიმატეს. ეს ჩვენთვის დიდი ამბავი იყო. საშუალება მოგვეცა კომპიუტერები გვეყიდა, საინფორმაციო სამსახური მოგვეწესრიგებინა. თბილისის ნომრიანი ტელეფონი დაგვედგა ოფისში, ასევე ფაქსი და ინტერნეტი ჩავრთეთ. 

მერე უკვე წამოვიდა სხვადასხვა საგრანტო ფონდებიდან დაფინანსება. მათ შორის იყვნენ „აირექსი“, აშშ-ის საელჩო, „ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო“. ეს პროექტები მიმართული იყო, რომ რადიო „ჰერეთი“ გამხდარიყო მდგრადი და უკვე თავად მოეზიდა ფინანსები, გამხდარიყო წარმატებული მედია-საშუალება კახეთის რეგიონში. 

– ერთ-ერთი პროექტი, რომელიც თქვენ განახორციელეთ, იყო საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი (GRRN) – რეგიონული რადიოების ერთობლივი გადაცემები. ამ პროექტის იდეა როგორ გაჩნდა და რამდენად წაადგა თქვენს განვითარებას?
 
– რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელმა დიდი მნიშვნელობა იქონია ზოგადად რეგიონული მედიის განვითარებაში. პატარა რადიოსადგურებმა: „ჰერეთი“ – ლაგოდეხიდან, „ძველი ქალაქი“ ქუთაისიდან, „ათინათი“ ზუგდიდიდან და „ჰარმონია“ ფოთიდან შეძლეს ერთობლივი კოოპერირება საინფორმაციო და სარეკლამო მიმართულებით. იდეის ავტორი მე ვიყავი. პროექტმა საშუალება მოგვცა ერთობლივი გადაცემები გაგვეკეთებინა: საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „მთელი კვირა“ და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „ხიდი“, რომლის აღდგენასაც ახლა ვაპირებთ. ეს იყო ძალიან კარგი, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი. ჩვენი გადაცემები რეგიონების გარდა ასევე თბილისში – რადიო „პალიტრის“ ეთერში გადაიცემოდა. 

პროექტმა ოთხივე რეგიონულ რადიოსადგურს განვითარების საშუალება მოგვცა, მოგვიტანა ერთობლივი სარეკლამო შეკვეთები სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიებისგან. ამ პროექტით ოთხივე რადიოსადგურისთვის შევიძინეთ თანამედროვე აპარატურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოგვეცა საშუალება ერთმანეთისგან მაღალი ხარისხით მიგვეღო სიგნალი და ასევე გაგვევრცელებინა. „ჰერეთს“ ასევე იმ კუთხით წაადგა, რომ რადიოების თანამშრომლებმა უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი, მხოლოდ კახეთის რეგიონში აღარ ვიყავით ჩაკეტილები, დანარჩენ რეგიონულ რადიოებასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიწვდენის შანსი გაუჩნდათ. 

– როგორც მენეჯერისთვის, რამდენად რთული სამართავია როგორც რადიო „ჰერეთი“, ასევე დანარჩენი პროექტები, მით უმეტეს საქართველოს რეალობაში რადიოს შენახვა არ არის იოლი... 

– რთულია. როცა დავიწყე რადიოს მიმართულებით მუშაობა, ამ სფეროში თითქმის არაფერი ვიცოდი. ეს იყო თამაშით დაწყებული საქმე. შემდეგ უკვე როცა დაგროვდა გამოცდილება, საქმეს უფრო სერიოზულად მოვეკი-დეთ და შეგვიყვარდა კიდეც. 

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს „ჰერეთი“? 

– შტატში 16 თანამშრომელია, ასევე სტაჟიორებიც გვყავს. გვაქვს ორი ოფისი, ერთი ლაგოდეხში და მეორე – მარკეტინგული ოფისი თბილისში. თბილისში 2007 წლიდან ვმუშაობთ რეკლამაზე კახეთის ბაზრისთვის. მსხვილი კომპანიები გადაწყვეტილებებს ძირითადად მაინც თბილისში იღებენ და ამიტომ ოფისი აქაც გავხსენით. 

– უსმენს კი ხალხი რადიოს? შესაბამისად, თუ უღირთ ბიზნესმენებს რეკლამის რადიოში მიტანა?
 
– ბოლო კვლევით, რომელიც სოციალურ-კვლევითმა კომპანია TMS-მა ჩაატარა USAID-ის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით14 ათასი რესპონდენტი გამოკითხა. კვლევის მიხედვით კახეთის ბაზარზე „ჰერეთი“ საკმაოდ ლიდერ პოზიციაზეა. ნაციონალურ რადიოსადგურებზე, რომლებიც მთელ ქვეყანას ფარავენ, ჩვენ მაღალი რეიტინგი გვაქვს ექსკლუზიურობის და ცნობადობის თვალსაზრისით. ყველაზე მეტ დროს რადიო „ჰერეთს“ უსმენენ. სწორედ ეს რეიტინგი გვეხმარება ბიზნესის დარწმუნებაში, რომ ჩვენთან ფულის ჩადება და რეკლამის მოტანა უღირთ. ჩვენთან რეკლამა მოიტანეს ცნობილმა ბრენდებმა საწარმოო და საფინანსო სექტორიდან, სამშენებლო ორგანიზაციებმა... 

– შეგიძლიათ თქვათ, რომ რადიოთი გატაცებამ ჩვეულებრივი ბიზნესის სახეც მიიღო? 

– იღებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ისეთი ბიზნესია, საიდანაც გამდიდრებაა შესაძლებელი. მაგრამ, თუ აკეთებ მიზანმიმართულად, გიყვარს ეს საქმე და არ გაქვს მერკანტილური გადახვევები – წინ წახვალ. სამწუხაროდ, ბევრმა ჩემმა კოლეგამ ამ გზას ანაცვალა ფული. საინფორმაციო პოლიტიკას როცა ქმნი შენ და არ ხარ ვინმეს მაამებლობაზე ორიენტირებული, მეტი ნდობაც გაქვს და შესაბამისად – რეიტინგიც. 

– დიდი ხანი იბრძოდით თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად. ეს უფლება ბოლო დროს მიიღეთ. როგორ დაიწყო ეს პროცესი და რატომ გაჭიანურდა ასე? 

– თბილისში ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლა 2008 წლიდან დავიწყეთ. ინტენსიურად ვწერდით წერილებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ვთხოვდით, რომ კონკურსი გამოეცხადებინა. ხელისუფლების განკარგულებით ამ სიხშირეების გაცემა იყო შეზღუდული. იმიზეზებდნენ, რომ ქვეყანაში არ იყო ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა და არ იცოდნენ, როგორი სახის მაუწყებლობა სურდა მოსახლეობას. ამიტომ არ აცხადებდნენ კონკურსს. ამას დაემატა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. შემდეგ მთავრობა იმიზეზებდა, რომ შესაძლოა ომის შემდეგ პრიორიტეტები საერთოდ შეცვლილი იყოსო. არ გასცემდა ახალ ლიცენზიებს არც რადიოზე და არც ტელევიზიაზე. 

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, კონკურსის გამოცხადებაზე შეკითხვა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტსაც დავუსვი. არ ვიცი, ჩემი შეკითხვის გამო თუ სხვა მიზეზით, დაახლოებით ერთ თვეში გამოაცხადეს კონკურსი და დაიწყო გახსნა მედიისთვის ლიცენზიების გაცემაზე. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში, სადაც ჩვენი კონკურენტი იყო „მედია ჰაუს დეკომი“, რომელიც ფლობდა ჟურნალებს „ლიბერალს“ და „ცხელ შოკოლადს“. სამწუხაროდ, იმ კონკურსში ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ.
 
ლიცენზიის მიღება მოგვიანებით გახდა შესაძლებელი. თუმცა უამრავი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით. კომუნიკაციების კომისიამ 2013 წელს გამოცხადებულ კონკურსში, სადაც „ჰერეთის“ გარდა ასევე შპს „ენერჯი გრუპი“ მონაწილეობდა, გამარჯვებულად „ენერჯი გრუპი“ გამოაცხადა. მაგრამ 2014 წლის 15 იანვარს კომისიამ რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა. მიზეზი ის გახდა, რომ კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენდა შპს „ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელს და დირექტორს, იმავდროულად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც იყო (ეს ინფორმაცია კონკურსის ჩატარების მომენტისთვის კომისიისთვის უცნობი იყო). საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირია. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები. ამ საკითხზე ჩვენ სასამართლო დავა წამოვიწყეთ და საბოლოოდ სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც ჩვენი მოთხოვნა. კომუნიკაციების კომისიის ახალმა შემადგენლობამ ხელახლა შეისწავლა დოკუმენტაცია და კონკურსში გამარჯვებულად „ჰერეთი“ გამოაცხადა. თუმცა, ამას წინ უძღვოდა სახალხო დამცველის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნები და წერილები ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციიდან, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციიდან. ბოლო 2 წლის მანძილზე ჩვენს ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. 

– რა პრობლემები გქონიათ „ჰერეთის“ მაუწყებლობის პროცესში? 

– ზოგადად, ძნელია რეგიონში მუშაობა. აქ ყველა ყველას იცნობს. ყოფილა შემთხვევები, როცა არჩევნების დღეს ჩვენი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი საკუთარმა ძმამ შინ, ოთახში ჩაკეტა და სამსახურში არ გამოუშვა. მერე ის ადამიანი საერთოდ წავიდა რადიოდან და პროფესია შეიცვალა. ასევე იყო ხოლმე მუქარა ძალოვანი უწყებებიდან. პირადად მეც მცემეს... როცა ჟურნალისტურ გამოძიებას ვაკეთებდით და საინფორმაციო გამოშვებებში მწვავე თემებს ვაშუქებდით, ზოგს არ მოს¬წონდა და იყო დაძაბულობა. 

2007 წლის მერე სიტუაცია შეიცვალა. არასამთავრობო სექტორი გააქტიურდა. სახალხო დამცველმა მხარდაჭერა გამოგვიცხადა. რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს კიდეც და მერე თავდებით გამოუშვეს. ასე იყო თუ ისე, ხალხი მიეჩვია და შეიგნო, რომ არ უნდა დაგვხვედროდა ქუჩაში, არ შეეშალათ ჩვენთვის ხელი, როცა პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. 

თუმცა, ამ ბოლო დროსაც არის ხოლმე „მეგობრული რჩევები“, დარეკვები და ასე შემდეგ. ბოლოს ერთ თანამდებობის პირთან იმის თქმაც მომიწია, რომ თუ კიდევ დამირეკავდა ასეთი „რჩევებით“, რაც ჩვენ საინფორმაციო პოლიტიკას ეხებოდა, სატელეფონო საუბარს გავასაჯაროვებდი. იმის მერე აღარ დაურეკავს. 

რთულია ადამიანებს გააგებინო, რატომ არის მნიშვნელოვანი მედია რეგიონებში; იგივე ხელისუფლებისთვის საჭიროა კრიტიკული პოზიცია, რომ უკეთ გააკეთოს საქმე. მედია მტერი ჰგონიათ ხოლმე. სინამდვილეში მედია არის ხიდი ხელისუფლებას და ხალხს შორის. 

– თქვენი აზრით, დღეს რომ ადამიანს უნდოდეს რადიოს დაარსება და ბიზნესის დაწყება, რამდენად მიმზიდველია სფეროა? თუ, იქნებ ბაზარი უკვე გაჯერებულია, ან რადიოს ბიზნესის ფორმა არც აქვს და დღემდე უფრო სოციალური ფუნქცია აკისრია? 

– 2014 წლის მონაცემებით საქართველოში მთელი სარეკლამო ბაზარი არის დაახლოებით 90 მილიონი ლარი. აქედან რადიოს სეგმენტზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი მოდის. 33 რადიოსადგურია თბილისში და 5 რადიოსადგური რეგიონებში. რადიოს სარეკლამო ბაზრის დაახლოებით 70% მიაქვს კომპანია „რადიო საქართველოს“, რომელშიც გაერთიანებულია ოთხი რადიოსადგური. მსხვილი მოთამაშეები არიან ასევე 3-4 რადიოკომპანია. დანარჩენები სარეკლამო ბაზრის 1%-საც ვერ ფლობენ. მაგრამ პირველობა ქვეყნის მასშტაბით სულაც არ ნიშნავს იმას რომ რეგიონშიც პირველი ხარ, ამიტომ კომპანიები როდესაც სარეკლამო ბიუჯეტებს ადგენენ ბიუჯეტი მათთვის სტრატეგიულად და მომგებიანად უნდა დაგეგმონ. 

მე ვფიქრობ, რომ რადიოსადგურები ზარმაცობენ. მათ არ აქვთ კარგი მარკეტინგის სამსახური, ზოგი საერთოდ არ ანიჭებს მნიშვნელობას სარეკლამო მიმართულებას. ჯერდებიან დოტაციურ დაფინანსებას. ეს ჩანს კიდეც სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების კვლევებში. 

ზოგადად, ამდენი რადიოსთვის 10-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მწირია. რადიოს გაცილებით მეტი ფინანსები უნდა ჰქონდეს. რადიო არის ყველაზე ძლიერი მედია – მას შეუძლია უფრო ახლოს იყოს ადამიანებთან, მოსმენა და ინფორმაციის მიღება თითქმის ყველგან მოსახერხებელია ტელევიზიისგან განსხვავებით. მით უმეტეს ციფრულ ეპოქაში, სადაც გადახვევის ფუნქციებია. ტელევიზიას გაციფრულებამ რეკლამის დამკვეთებს ახალი პრობლემები შეუქმნა. მათ რეკლამას მომხმარებელი მარტივად გადაახვევს და არ უყურებს. 

– შეიძლება, რადიოს მოსმენის მაღალი კულტურა საქართველოში არც არის? 

– ამერიკაში უფრო უსმენს ხალხი რადიოს, ვიდრე აქ. ამას ისიც განაპირობებს, რომ ჩვენთან რადიოს პრაიმ-ტაიმი ისეთ დროს იწყება, როცა არ არის ხელსაყრელი. ზარმაცი ქართველები ამერიკელების მსგავსად არ იწყებენ სამსახურს დილის 6 საათზე და იწყებენ გაცილებით გვიან. შესაბამისად, რადიოსთვის ამერიკული პრაიმ-ტაიმი დილის 5 საათიდან იწყება. ჩვენთან რომ იყვნენ ამერიკელი კონსულტანტები ჩამოსული, გვითხრეს – რას აკეთებთ ამისთანას, რომ საღამოს საათებში ტელევიზიას მაყურებელს ართმევთო? 19-23 საათის პერიოდი აბსოლუტურად ტელევიზიის პრაიმ-ტაიმია. რადიოს დრო ჩვენთან წესით უნდა იყოს დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე: სამსახურში წასვლამდე, მერე როცა გზაში ხარ, მოძრაობ... საღამოს უკვე ტელევიზიებს მიაქვთ დრო. თუმცა, ტელევიზიისთვის დროის წართმევაც არის შესაძლებელი, თუ მიზანმიმართულად იმუშავებ და ეთერში შესაბამის გადაცემებს გაუშვებ. ჩვენ ეს გარკვეულწილად შევძელით. 

– რეკლამას რომ დავუბრუნდეთ, ქვეყანაში როგორ იცვლება ბიზნესის მდგომარეობა, ეს წესით რადიოში მოტანილი რეკლამის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ. არის რეკლამები ბიზნესიდან თუ დრო ძირითადად მაინც პოლიტიკურ, ან სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებულ სოციალურ რეკლამას უჭირავს? 

– ძალიან ცოტაა პოლიტიკური რეკლამა. ერთადერთი მსხვილი რეკლამა ჩვენს ეთერში „რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელზე“ მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნების წინ. 4 რადიოსადგურზე 3 თვის მანძილზე პოლიტიკური რეკლამის გაშვების სანაცვლოდ 83 ათასი ლარი გადაიხადეს. რეგიონში ნაკლებად მოაქვთ პოლიტიკური რეკლამა. ჩვენ ძირითადად დამოკიდებული ვართ კომერციულ რეკლამაზე: ადგილობრივ ბიზნესზე და პლუს დედაქალაქიდან წამოღებულ რეკლამაზე, ასევე საგრანტო პროექტებზე. ჩვენი შემოსავლის დაახლოებით 30% საგრანტო დაფინანსებაა. დანარჩენი 70% მთლიანად სარეკლამო შემოსავალი და საინფორმაციო მომსახურებაა. მაგალითად, არასამთავრობო სექტორისთვის, როცა ისინი რაღაც გადაცემას დაგვიკვეთავენ თავიანთი პროექტის პოპულარიზაციის მიზნით. ზოგიერთი რადიო, იგივე „თავისუფლება“, როცა ჩვენ ვუმზადებთ რაიმე მასალებს, ამაში იხდის ფულს. ესეც ჩვენი შემოსავალია. 

– მთლიანობაში თქვენი საქმიანობა მომგებიანია? 

– შარშან ზარალი გვქონდა. რეკლამის მხრივ, საუკეთესო პერიოდი 2008 წელს იყო, აგვისტომდე, სანამ ომი დაიწყებოდა. შემოსავალი მთლიანად რეკლამის წილად იყო და 8 თვეში 96.000 ლარი მივიღეთ. იმ პერიოდში საბანკო სექტორი ძალიან გააქტიურდა რეგიონებში. ჩვენ გვქონდა წინასწარ გაფორმებული 3-წლიანი სარეკლამო კონტრაქტები ბანკებთან. ომის მერე რეკლამები თითქმის მთლიანად გაჩერდა. სამმა მსხვილმა ბანკმა ხელშეკრულება გაგვიუქმა. 2009 წელიც მძიმე გამოდგა ამ მხრივ. 2010 წლის ბოლოდან მდგომარეობა ცოტა გამოსწორდა, 2011-ში მატება დაიწყო შემოსავალმა. 2012 წლის ბოლოდან ისევ ჩავარდა. 2013-ში სიტუაცია ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ ამას მოჰყვა 2014 წელი, რომელიც ძალიან მძიმე გამოდგა ამ მხრივ. 2015 წლის პირველი კვარტალი კი საერთოდ კატასტროფა იყო. 

– ეს რას ნიშნავს: რადიოს ცუდად მუშაობის გამო შემცირდა სარეკლამო შემოსავალი თუ შეიძლება მივიჩნიოთ ინდიკატორად, რომ ბიზნესს არ ულხინს? 

– რეკლამის მოზიდვაზე და მუშაობაზე ჩვენ ზრუნვა არ დაგვიკლია. ბიზნესს რეკლამის განსათავსებლად მოსახერხებელ პირობებს ვთავაზობთ, მაგრამ თითქმის ყველა კომპანია წუწუნებს, ბევრმა თანამშრომლებიც შეამცირა, ზოგმა ფილიალები დახურა, რეკლამის გაგონება აღარ უნდათ. 

ბიზნესს გაუჭირდა. 2014 წელს რამდენიმე მცირე მეწარმემ კახეთში თავის საწარმო დახურა. ასევე, მსხვილმა ბიზნესმა გაიწვია წარმომადგენლობები, თანამშრომლები შეამცირეს. შესაბამისად, შემცირდა სარეკლამო ხარჯები. თუმცა, იყვნენ ისეთი იშვიათი გამონაკლისი კომპანიებიც, ვისაც ჩვენთან რეკლამა არ გაუჩერებია.
 
ზოგადად, თუ ბიზნესი არ იარსებებს, მაშინ ხელისუფლებაზე ან რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციაზე უნდა იყო ჩამოკიდებული, ან საერთოდ ქუდი დაიხურო და წახვიდე. ჩვენ გვირჩევნია ბიზნესთან ვითანამშრომლოთ. თუ ბიზნესი ძლიერი იქნება, ცხადია, იქიდან წამოვა დაფინანსებაც და მედია თავს შეინახავს. 

ერთადერთი ფაქტორი, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, ბიზნესიც და მედიაც უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც კარგად იქნება, რადგან თუ ბიზნესი და მედია დამოუკიდებლად ვითარდება, ეს უკვე ქვეყნის განვითარებასაც დაეტყობა. 

– ხელისუფლებაში პოლიტიკური ცვლილება თუ აისახა რადიოს საქმიანობაზე? 

– ჩვენ გამოხატული საინფორმაციო პოლიტიკა გვაქვს და ამ მხრივ არაფერი შეგვიცვლია. რაც შეეხება შემოსავლებს, გითხარით როდის როგორი პერიოდი გვქონდა. უკვე მესამე ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ყველასთან ერთიანი მიდგომა გვაქვს. ამიტომ მოდიან ხოლმე ჩვენს გადაცემებში ყველა პოლიტიკური ძალის წარმო-მადგენლები და არ მახსენდება ჩვენი თოქ-შოუები, სადაც ხელისუფლებას ან ოპოზიციას ბოიკოტი გამოეცხადებინოს. 

– „ჰერეთი“ აზერბაიჯანში, საინგილოს ტერიტორიაზეც ვრცელდება. იქაური ქართველებისგან თუ გრძნობთ თქვენი რადიო გადაცემებით დაინტერესებას? 

– ბელაქანი, ზაქათალა, კახის რაიონებში ვრცელდება ჩვენი სიგნალი, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ. ასევე კახეთში ცხოვრობს 70.000-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელი. როგორც იქაური ქართველებისთვის ვაკეთებთ გადაცემებს და ისინი გვეხმიანებიან ხოლმე, ასევე ვაშუქებთ აქ მაცხოვრებელი აზერბაიჯანელების პრობლემებს. გვქონდა სპეციალური პროექტები, მაგალითად, ახალი ამბები აზერბაიჯანულ ენაზე. იყო პროექტი – „მე საქართველოს მოქალაქე ვარ“ და აზერბაიჯანელებს ქართული ენის შესწავლაში ვეხმარებოდით, აუდიო დისკებიც დავურიგეთ. ძირითადად რუსულ ან თურქულენოვან არხებს უყურებენ და ქართული ენის სწავლა მათთვის მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა. 

არიან აქტიური აზერბაიჯანელები, რომლებიც ჩვენთან რეკავენ და ვცდილობთ დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია. აზერბაიჯანული დასახლებებიდან გვაქვს ხოლმე რეპორტაჟები. იცნობენ ჩვენს რადიოს და თანამშრომლებს. 

– საზღვრის მიღმა ქართველებთან? 

– მათაც ვხვდებით ხოლმე, ზოგჯერ ისინიც ჩამოდიან. სტუდიაშიც მოდიან და რამდენჯერმე გადაცემაშიც მიუღიათ მონაწილეობა. ვკითხულობთ მათ ამბებს, ვაშუქებთ და ვცდილობთ, მათი ხმა მისწვდეს საქართველოს ხელისუფლებას და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. 

– ამ შემთხვევაში კომერციული ინტერესი ალბათ ნაკლებია. 

– რა თქმა უნდა, არ არის ეგ ინტერესი. სხვა ქვეყანაა, სხვა ჭრილია. 

– დედაქალაქში როდიდან გეგმავთ მაუწყებლობის დაწყებას? როგორც უკვე გავიგე, რადიოს სახელი „თბილისი“ იქნება. 

– სავარაუდოდ, სექტემბრიდან საცდელ მაუწყებლობას დავიწყებთ. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელია შპს „ჰერეთი“, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ თბილისის სეგმენტისთვის გავუშვათ სხვა ტიპის გადაცემები. ანუ, ორი რადიოსადგური გვექნება – ერთი, რომელიც კახეთის ბაზარზე იქნება ორიენტირებული და მეორე – დედაქალაქზე. ეს არის სუფთა ამერიკული მიდგომა, რომელიც მუშაობს. თანაც აბსოლუტურად სხვადასხვა სეგმენტია ეს ორი ბაზარი. რაც შეეხება გადაცემებს, იქნება ერთიანი გადაცემებიც, გვექნება ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა, ვებ-საიტი ერთი იქნება და ა.შ. 

თბილისში გავაკეთებთ იმ რადიო-პროდუქციას, რასაც ლაგოდეხში ვერ ვაკეთებთ. ამის მიზეზი, თუნდაც ის გახლავთ, რომ ჩვენი რადიოდან თანამშრომლების მიგრაცია მაღალია და ადგილობრივი კადრების პრობლემა გვაქვს. ყველას თბილისში ან სხვაგან მუშაობა სურს, სადაც უკეთეს პირობებს სთავაზობენ. 

ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკა არ იცვლება. ვიქნებით ობიექტურები და კრიტიკულები. ასევე გვექნება საზოგადოებრივი თოქ-შოუები და შემეცნებითი გადაცემები, ახალგაზრდული და საბავშვო გადაცემები, მუსიკალური პროგრამები, იქნება გემოვნებიანი მუსიკა. ჩვენს ეთერში არ იქნება სარესტორნო მუსიკა, რაც ბევრი ქართული რადიოს ეთერში ძირითად დროს იკავებს. მიგვაჩნია, რომ 17 წლის განმავლობაში დამკვიდრებული სტანდარტი უნდა შევინარჩუნოთ. რაც მთავარია, უნდა გვქონდეს მრავალფეროვანი გადაცემები – ამას ლიცენზიის პირობებიც გვავალდებულებს. 

– თბილისში მრავალი რადიო მაუწყებლობს და მათთან კონკურენციას ხარისხიანი გადაცემები და შესაბამისად, ადეკვატური დაფინანსება სჭირდება. 

– გარკვეული ტექნიკური ბაზა გვაქვს, ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რეკლამის დამკვეთებთან. ამის გარდა, სასტარტო თანხის მოძიებაც არ არის პრობლემა. ახლა მივდივართ აშშ-ში, „აირექსის“ კონკურსში გავიმარჯვეთ, მოვიპოვეთ დაფინანსება და ვნახავთ იქაური პატარა და დიდი რადიოსადგურების მუშაობას. ვნახავთ, როგორ კოოპერირებენ ისინი ერთმანეთთან. რადგან ჩვენ შემოვდივართ თბილისის ბაზარზე, გვინდა მომზადებულები ვიყოთ. 

ის მარკეტინგული სტრატეგია, რაც გვქონდა ლიცენზიის მისაღებად გამართულ კონკურსში, უნდა შევასრულოთ. გვაქვს ამბიცია, რომ გავაკეთებთ კარგ რადიოს დედაქალაქში, რომელსაც ექნება ძლიერი საინფორმაციო პოლიტიკა და იმავდროულად ჩართავს რეგიონებს, გვექნება ექსკლუზიური ინფორმაცია რეგიონებიდან. მსმენელს შევთავაზებთ მიუკერძოებელ ახალ ამბებს დედაქალაქიდან და რეგიონის სოფლებიდან, რომელზე წვდომაც ჩემი აზრით, დღეს ნაკლებია. ასევე შევთავაზებთ გემოვნებიან მუსიკას და კარგ გასართობ გადაცემებს. 

– ოჯახის შესახებ რას გვეტყვით? 

– მყავს მეუღლე და 3 შვილი. უფროსი ვაჟი 15 წლისაა და ტყუპი გოგონები 6 წლის. 

– დასასრულ, თავისუფალ დროს რას უთმობთ და რა არის თქვენი ჰობი? 

– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების და კულტურის გაცნობა. ასევე სიამოვნებით ვეცნობი ხოლმე ტექნოლოგიურ სიახლეებს. ზოგადად, ისეთ ხმაურში მიწევს ყოფნა, თავისუფალი დრო როცა მაქვს, ვცდილობ მარტო დავრჩე. რაც ჩემი ჰობი იყო – ეს არის მედია და მუსიკა. ეს ჰობი დღეს ჩემი სამსახურია და სიამოვნებით ვმუშაობ ამ სფეროში. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი