ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ ტურისტული კომპანია "გუდ თრეველის" დირექტორ გოგა ფიროსმანაშვილთან - #3(44), 2015
მინი-დოსიე 

გოგა ფიროსმანაშვილი დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, 1976 წლის 2 იანვარს. 

განათლება 

1982-1993 სიღნაღის რაიონის სოფ. ტიბაანის საჯარო სკოლა. 

1993-1997 თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური კოლეჯი. 

1994-1999 თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიკროეკონომიკის ფაკულტეტი. 

სამუშაო გამოცდილება

2001-2004 „დილის გაზეთი“, პროგრამისტი, დამკაბადონებელი. 

2006-2007 ფირმა „ალიგატორი“, საკადასტრო რუკების შედგენა. 

2004-2008 „აირზენა“, გადაყვანა-გადაზიდვების უსაფრთხოების სამსახური. 

2008-2009 „ყაზტრანსგაზი-თბილისი“, IT განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 

2007-2010 შპს „ევრო ლაითი“, დამფუძნებელი, საქმიანობის სფერო უცხოეთიდან ელექტომოწყობილობების იმპორტი. 2008 წლიდან ავიაბილეთების რეალიზაცია. 

2010-2015 ტურისტული კომპანია „გუდ თრეველი“, დამფუძნებელი და დირექტორი. 

უცხო ენები: ინგლისური, რუსული 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

– ბატონო გოგა, კოლეჯში და უნივერსიტეტში მიღებული განათლება მთლად ახლოს არ არის თქვენს საქმიანობასთან. თუ წაგადგათ მიღებული განათლება თქვენს დღევანდელ საქმიანობაში? 

- ტურისტულ სფეროსთან არანაირ კავშირში არ ყოფილა ჩემი არცერთი პროფესია და შესაბამისად, არც არაფერში წამდგომია. მუშაობა მიწევდა ისეთ სფეროში, სადაც ვახერხებდი მუშაობის დაწყებას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ „დილის გაზეთში“ დავიწყე მუშაობა ჯერ პროგრამისტის, შემდეგ კი დამკაბადონებლის პოზიციაზე. რედაქციასთან ერთად აეროპორტშიც დავიწყე მუშაობა, ავიაკომპანია „აირზენაში“, გადაყვანა-გადაზიდვების უსაფრთხობის სამსახურში. 

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ რედაქციამ ფუნქციონირება, შეწყვიტა და მხოლოდ „აირზენაში“დავრჩი. იმ პერიოდში, პარალელურად მეგობრის ფირმაში დავიწყე მუშაობა. საკადასტრო რუკების და მონაცემთა ბაზის შედგენაზე ვმუშაობდით. ეს ერთწლიანი პროექტი იყო, მისი დასრულების შემდეგ კი კიდევ ახალი სამსახური მოვნახე: „ყაზტრანსგაზში“ გადავედი. ამ პერიოდშიც მიწევდა ორგან მუშაობა, აეროპორტში „აირზენაში“ და „ყაზტრანსგაზში“. 

ბოლოს გადავწყვიტე „აირზენადან“ წამოსვლა, ამავე პერიოდს მოყვა „ყაზტრანსგაზიდან“ კადრების შემცირება და გამათავისუფლეს. მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ საკუთარი ბიზნესი წამომეწყო და თან იმ სფეროში ვყოფილიყავი, რაც მოგზაურობის საშუალებას მომცემდა. 

მეგობართან ერთად დავაფუძნე ფირმა „ევროლაითი“, რომლის მეშვეობითაც გვინდოდა ნათურები შემოგვეტანა და გაგვეყიდა. მაგრამ, ვერ განვვითარდით და ეგ საქმე ვერ გავაკეთეთ. რადგან ფირმა უკვე არსებობდა, სწორედ მაგ ფირმის მეშვეობითვე დავიწყე ავიაბილეთების გაყიდვა. „ევროლაითი“ საწყის ეტაპზე მხოლოდ ავიაბილეთების რეალიზაციით იყო დაკავებული. მოგვიანებით კი გაზრდილი მოთხოვნის და აქტიურობის საფუძველზე, 2010 წელს ფირმის რებრენდინგი ჩავატარე და ახალი დასახელების ტურისტული კომპანიით დავიწყე საქმიანობა. „გუდ თრეველი“ სწორედ 2010 წლიდან გავიდა ბაზარზე. 

– ფირმის დამფუძნებელი და მეწილე მხოლოდ თქვენ ხართ თუ პარტნიორი გყავთ? 

– „გუდ თრეველი“ მარტომ დავაფუძნე და 100%-იანი წილის მფლობელიც მე ვარ. 

– ფირმაში რამდენი თანამშრომელია და რამდენ ოპერატორს უწევს ტურისტებთან ურთიერთობა? 

– 12 თანამშრომელია სათაო ოფისში, აქედან 10 ოპერატორია. მათ უწევთ ტურისტებთან ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებებზე. ამ ოფისის გარდა ამ დროისთვის გვაქვს უკვე ორი ფილიალი, ერთი თბილისში და მეორე ქუთაისში. შესაბამისად, 5-6 თანამშრომელი ფილიალებში მუშაობს. ახლო მომავალში კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. 

რომელი ქვეყნების მიმართულებაა „გუდ თრეველისათვის“ აქტიური? 

– საქართველოდან რაც ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია, ყველგან გაყიდვებში კარგ პოზიციებზე ვართ. ძირითადად ეგვიპტე, დუბაი, თურქეთი. თუმცა, ევროპის ქვეყნებში წამსვლელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია და აქაც შესაბამისი პოზიციებით გამოვირჩევით. 

– შიდა ტურიზმი თუ შედის თქვენი მუშაობის ინტერესში? 

– ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, ადგილობრივ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისთვის უფრო მეტად გავაქტიურდით. ვმუშაობთ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებზეც. 

გიორგი კალანდიასთან და და გოგა ჩანადირთან ერთად შევადგინეთ პირველი ტურისტული მარშრუტი სომხეთში, ლორეს ტერიტორიაზე ქართული ძეგლების პოპულარიზაციისათვის. ქართულ საზოგადოებაში მეტი ინტერესის და პოპულარიზაციის მიზნით, მიზერულ ფასად ვთავაზობდით ტურს – 36 ლარი მოიცავდა სრულ საგზურს: „მეგზურის“ მომსახურეობას, კომფორტულ ტრანსპორტს და პიკნიკს. 

– ასე დაბალი ფასი მომგებიანი იყო? 

– ჩვენი მთავარი ამოცანა ამ მიმართულების პოპულარიზაცია იყო. ერთი წელი აქტიურად ვიმუშავეთ, მეორე წელს კი, იგივე შემადგენლობით, გადავწყვიტეთ ტაო-კლარჯეთის მიმართულებაზე გვემუშავა და დაიბეჭდა პირველი ქართული გზამკვლევი თავისი რუკით, ექსკლუზიურად „გუდ თრეველისაგან“, რომელსაც ჩვენ ყველა ტურისტს ვჩუქნით ტურის ფარგლებში. ვაწყობდით გამოფენებს ყოველი პროექტის შემდეგ. 

სულ ახლო მომავალში იგეგმება მორიგი გამოფენა. ეს არის ანისი, რომელიც მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, სომხეთის საზღვარზე, სადაც ქართული ფრესკებით მოხატული ულამაზესი ტაძარი და ქართული კვალია შემორჩენილი. ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილია. ვფიქრობთ, საინტერესო ტურიც გამოვა და მომავალი წლის გაზაფხულიდან უკვე აქტიურად შევძლებთ ამ მიმართულების პოპულარიზაციას. 

– ეს მთლად შიდა ტურიზმიც არ გამოდის, ეს ალბათ უფრო ისტორიული საქართველოს საზღვრებში ტურებია. 

– დიახ, მთლად შიდა ტურები არ გამოდის, მაგრამ ძირითადად ქართველი ტურისტების დაკომპლექტებით ხდება ჯგუფების შევსება. ერთ-ერთ გამოფენასაც დავარქვით შესაბამისი სახელი: „ქართული კვალი ამიერკავკასიაში“. თუმცა, წლევანდელ წელს ამ ყველაფერთან ერთად მეტად აქტიური და მოთხოვნადი იყო ტურები ხევსურეთში, თუშეთში და სვანეთში. 

– მთლიანობაში, რომელი სეგმენტი უფრო პერსპექტიულია – შიდა ტურიზმი თუ საერთაშორისო? 

– „გუდ თრეველი“ უფრო აქტიური გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული ვიდრე შემომყვანით. პერსპექტიული ორივე მიმართულებაა. თუმცა, ვთვლი, რომ შიდა ტურიზმი უფრო პერსპექტიულია და მინდა რომ ასეც იყოს. 

– ვინც შემოდიან ის ტურისტები, უფრო ინდივიდუალურად მოდიან თუ არიან ჯგუფები, რომლებიც რომელიმე სააგენტოების მეშვეობით ჩამოდიან საქართველოში?

– ზოგი კომპანია მხოლოდ შემოყვანაზე მუშაობს, აქვთ შესაბამისი კონტაქტებიც. ჩვენც მოგვიწია ერთი დიდი პროექტის შესრულება, პარტნიორი კომპანიის დაკვეთით ვუწევდით მომსახურებას ხუთი თვის განმავლობაში. ისრაელიდან მივიღეთ 2500 ტურისტი. თუმცა, „გუდ თრეველს“ ტურისტების ასეთი დიდი რაოდენობა არ შემოუყვანია, თუ არ ჩავთვლით მცირე ჯგუფებს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან...

– ზოგადად, საქართველოდან ტურისტების გაყვანაზე მუშაობა რამდენად მომგებიანია? წინა თვეებში გახმაურდა კიდეც შემთხვევა, როცა ერთმა ქართულმა კომპანიამ საკუთარი კლიენტები ანტალიაში მიატოვა და თვითმფრინავის გარეშე დატოვა. მოთხოვნა თუ არის და კლიენტი ფულს იხდის, მაშინ კომპანიას რატომ უნდა გაუჭირდეს ტრანსპორტით უზრუნველყოფა? 

– ზოგადად სფერო და ბიზნესი მომგებიანია, რომელსაც წლების განმავლობაში შრომის შედეგად ნამდვილად მიაღწევ. თუმცა, დიდი კონკურენციაა. პატარა საქართველოში 350-ზე მეტი ტურისტული კომპანია ვართ. 

რაც შეეხება ანტალიაში დატოვებულ ტურისტებს და შექმნილ სიტუაციას, რა მიზეზით მოხდა, ამისი თქმა გამიჭირდება. ცუდი ფაქტია, როცა ეს პრობლემა არა მარტო კომპანიას, არამედ დამსვენებელს და სხვა ტურისტულ კომპანიებსაც ეხება. ტურისტს ისედაც უჭირს ტურისტული კომპანიის არჩევა და ნდობა, ასეთი ფაქტები უფრო მეტად უშლის ხელს ტურისტებს გადაწყვეტილების მიღებაში. 

– სულ რამდენი ტურისტის გაყოფაზე მიდის კონკურენცია ქართული ტურისტული კომპანიებისთვის? 

– სეზონზე საქართველოდან დაახლოებით 20.000 ადამიანია, ვინც ტურისტული მიზნით მიფრინავს. აქედან ტურისტების 30-40% სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაა. ჩვენი ფირმა ხარისხზე მუშაობს, შესაბამისად გვაქვს ტურისტების ნდობაც მოპოვებული და გვიცნობენ. ჩვენთვის ყველა ტურისტი პატივსაცემი და დასაფასებელია, იმიტომ, რომ სტანდარტულად, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოგზაურობს, ამ დასვენებას შენ განდობს და გამორიცხულია აქ რაიმე პრობლემით დავასრულოთ ჩვენს ტურისტებთან ურთიერთობა. 

– კლიენტის დაფასება და პატივისცემა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ქართული ბიზნესისთვის. 

– კი, მაგრამ, ეს ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ გვყავს ბევრი ტურისტი, თუმცა სეზონზე ყველას ვერ ვემსახურებით, ვცდილობთ ისეთ რაოდენობას მოვემსახუროთ, ვისთანაც შევძლებთ ხარისხიანი სერვისის მიწოდებას. 

– ზოგადად, ტურისტულმა სფერომ როგორც ბიზნესმა მიგიზიდათ თუ თუ ეს თქვენი ჰობი იყო? 

– უფრო ჰობი იყო, ვიდრე ბიზნესი. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. საზღვარგარეთ პირველად რედაქციაში მუშაობისას წავედი. შემდეგ კი „აირზენაში~ მუშაობამ შემიწყო ხელი და ხშირად ვმოგზაურობდი. ტურიზმის სფეროში ბიზნესის დაწყებამაც ამიტომ დამაინტერესა. 

– ნეიტრალური ადამიანისთვის თუ არის მიმზიდველი ეს ბიზნეს-საქმიანობა? 

– ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოში ამდენი ტურისტის შემოყვანა თუ გაყვანა შეიძლება, ამიტომ, პერსპექტიული საქმეა და დავიწყებ ამ ბიზნესსო. ბევრი ტურისტული ფირმაც იხსნება და ბევრი იხურება კიდეც. ამ სფეროში მორგებაა საჭირო. ყველა მუშაობს კონკრეტულ სეგმენტზე. ან შემოყვანაში უნდა იყო მაგარი, ან გაყვანაში, ან უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება რომელიმე მსხვილ ორგანიზაციასთან მოახერხო ისეთი ურთიერთობის აწყობა, რომ კარგი შეკვეთები გქონდეს, ან კომპანიას კარგი რეპუტაცია ჰქონდეს და გყავდეს 2-3 კარგი ოპერატორი. როცა უკვე ვითარდები, რაღაცაში კარგი ნიშა უნდა დაიჭირო... თორემ, როგორც ასეთი, რომ გახსნა და იმის იმედი გქონდეს, მოგებას აუცილებლად მოგიტანს – ასე არ არის. ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზების გაკეთება. 

– რამდენიმე წლის წინ ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად იყო გამოცხადებული და ტურისტების მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვაზე იყო ორიენტაცია აღებული. ახალი მთავრობის პირობებში ეს მიდგომა შეიცვალა და ზოგი მინისტრი იმასაც ამბობდა, რომ ბევრი ტურისტი საზიანოა ქვეყნისთვის. თქვენი დამოკიდებულება როგორია – ტურიზმი შეიძლება ხსნა იყოს ქვეყნისთვის თუ ტურიზმს არც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი მიენიჭოს? 

– მე ვფიქრობ, რომ ტურიზმი მნიშვნელოვანია. თავისი მრავალფეროვნებით ძალიან საინტერესო მხარეა საქართველო და ტურიზმი ნამდვილად უნდა იყოს პრიორიტეტული. მიმაჩნია, რომ დიდი რესურსი არსებობს აქ ტურიზმის მაქსიმალურად განვითარებისთვის. რაღაც დონეზე ინერციით კი მოედინება ხალხი, მაგრამ პოპულარიზაციისთვის და განვითარებისთვის მეტი ხელშეწყობაა საჭირო. 
 
– წინა ხელისუფლების დროს სავიზო რეჟიმი ბევრ ქვეყანასთან ძალიან გამარტივდა და საქართველოში შემოსვლა თითქმის ყველას იოლად შეეძლო. ახალმა ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმის გამკაცრება დაიწყო და ბევრი ქვეყნის მოქალაქეებს ჩამოსვლა და აქ ყოფნა შეუზღუდა. როგორ შეაფასებდით ამ ტენდენციებს? 

– ბევრი ირანელი თუ ეგვიპტელი იმის გამო შემოდიოდა, რომ აქ მიწები ეყიდათ და ეგ ტურიზმთან არ არის დაკავშირებული. ასევე, საქართველოს იყენებდნენ სატრანზიტო ქვეყნად – აქედან გადადიოდნენ მესამე ქვეყანაში. რეალურად ესენი ტურისტები კი არა, ტრანზიტული მგზავრები იყვნენ. 

– როცა უცხოელების შემოსვლა გაართულეს, ტურისტების ნაკადი არ გაუარესებულა? 

– მოგვიანებით რეჟიმი ისევ შეარბილეს და მიმაჩნია, რომ ახლა უფრო დაბალანსებული სავიზო პოლიტიკაა. რეალური ტურისტისთვის ხელსაყრელი პირობებია. 

– ხელისუფლების შეცვლით როგორ შეიცვალა ბიზნეს-გარემო თქვენი კომპანიისთვის? 

– ბიზნეს-გარემო ჩვენთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ეს ალბათ მარტო ტურიზმზს არ ეხება, ძალინ ბევრი გადასახადის გადახდა გვიწევს. ასე რომ არ იყოს, უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, უფრო გამიადვილდებოდა განვითარება და წარმატების მიღწევა. შესაბამისად, შევძლებდი უფრო მეტი კადრის დასაქმებაც. 

– გარდა გადასახადების სიდიდისა, რაც უკვე აღნიშნეთ, თქვენი აზრით სხვა რა შეუძლია მთავრობას, რომ ხელი შეუწყოს ტურისტული ბიზნესის განვითარებას? 

– როცა გაყვანაზე მუშაობ, მთავრობა აქ, ალბათ, განსაკუთრებულს ვერაფერს გააკეთებს. შემოყვანის თემა როცაა, მაშინ შესაძლებელია ქვეყანა მეტად გააცნოს მსოფლიოს. უფრო მეტი რეკლამირება და პოპულარიზაცია სჭირდება, რომ უცხოელი ტურისტებისათვის სასურველი და უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს საქართველო. ვფიქრობ, წინა წლებში უფრო მეტი ტურისტი იყო, ვიდრე ამ წელს, მაგრამ ეს მხოლოდ მთავრობის ბრალეულობა არაა. 

– მომავლის გეგმების შესახებ რას გვეტყვით? 

– მომავლისათვის ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს ტურისტებს, განახლებული და განსხვავებული ვებ-გვერდით და ახალი, საინტერესო პროდუქტებით. 

– დასასრულ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

– თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ ან ვმოგზაურობ. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი