ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ საქპატენტის ხელმძღვანელ ნიკოლოზ გოგილიძესთან - #2(47), 2016
მინი დოსიე

ნიკოლოზ გოგილიძე დაიბადა 1981 წლის 12 დეკემბერს, თბილისში. 

განათლება 

1989-1999 თბილისის ე.თაყაიშვილის სახელობის მე-2 გიმნაზია. 

1999-2004 თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

სამუშაო გამოცდილება

2003-2006 – საქპატენტი, იურისტი; 

2006-2011 – კავკასიის უნივერსიტეტი, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლექტორი; 

2006-2008 – საქპატენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი, სააპელაციო პალატის წევრი; 

2008-2010 – საქპატენტი, იურიდიული დეპარტამენტი, იურიდიული დირექტორი, სააპელაციო პალატის წევრი; 

2010 – საქპატენტი – იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი, სააპელაციო პალატის წევრი; 

2010-2014 – ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“, იურისტი, პატენტრწმუნებული; 

2012-დან – საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტი, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლექტორი; 

2013-დან – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენერი; 

23.07.2014-დან – საქპატენტი, თავმჯდომარე.

უცხო ენები: ინგლისური, რუსული 

ჰყავს მეუღლე და შვილი.
 
– ბატონო ნიკა, რა გზა გაიარეთ, სანამ სანამ საქპატენტის თავმჯდომარე გახდებოდით? 

– დავიბადე თბილისში. 2004 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მანამდე, 2003 წლიდან საქპატენტში დავიწყე პრაქტიკაზე სიარული. ვიყავი სტაჟიორი, შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში. 2010 წლიდან კერძო პრაქტიკაში წავედი და პატენტრწმუნებულის პოზიციაზე ვმუშაობდი. 2014 წელს საქპატენტის თავმჯდომარედ დავინიშნე. 

– პატენტრწმუნებული რას ნიშნავს? 

– პატენტრწმუნებული სასაქონლო ნიშნებზე და პატენტებზე განმცხადებლების ინტერესების წარმომადგენელია როგორც საქპატენტში რეგისტრაციის პროცედურებში, ასევე სასამართლო დავებში. 

– როგორც ჩანს, განათლების შემდეგ მთლიანად ამ სფეროში ხართ ჩართული. 

– კი, მხოლოდ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმეს ვაკეთებ. 

– საქპატენტის საქმიანობა 90-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. რა ცვლილებები შეეხო ამ პერიოდში უწყებას? 

– საქპატენტი 1992 წელს შეიქმნა. თავიდან ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება იყო. შემდეგ, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ კანონი მიიღეს, უკვე შეიქმნა როგორც სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი – საქპატენტი და პირდაპირ პრეზიდენტს დაექვემდებარა. პრეზიდენტი ნიშნავდა თავმჯდომარეს. უწყება განსაზღვრავდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკას და ასევე ექსპერტიზის საფგუძველზე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე გასცემდა დამცავ მოწმობებს. 

დასაწყისიდან დღემდე საქპატენტი თვითდაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია. მთავრობის მიერ დამტკიცებულია საფასური ობიექტების რეგისტრაციისთვის და ეს არის ძირითადი შემოსავალი. როდესაც კონსტიტუცია შეიცვალა და პრეზიდენტის მაგივრად ქვეყნის პირველი პირი გახდა პრემიერ-მინისტრი, ავტომატურად გადავიდა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. დღემდე არცერთი უწყების დაქვემდებარებაში არ შედის ეს უწყება და პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება. საქპატენტის თავმჯდომარეს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ეს ორგანიზაცია საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე ყველა უწყებაში, რომელიც არის შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. 

– თუ შეიცვალა რაიმე მხრივ საქპატენტის მუშაობის პრინციპი მას შემდეგ, რაც უწყება პრეზიდენტის ნაცვ¬ლად პრემიერს დაექვემდებარა? 

– არაფერი შეცვლილა. უმაღლესი პირის მიერ საქპატენტის ხელმძღვანელის დანიშვნა იმისთვის იყო მოფიქრებული, რომ ეს უწყება ჩარევისგან მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. ეს არის კვაზი-სამეცნიერო დაწესებულება. აქ ხდება გამოგონებებზე, სასაქონლო ნიშნებზე, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ექსპერტიზა. თავის დროზე მკაცრი მითითება იყო საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ კანონი ისე დაწერილიყო, ორგანიზაციას მაქსიმალურად დამოუკიდებელობა ჰქონოდა და არ ყოფილიყო პოლიტიკურ სიტუაციაზე დამოკიდებული. ასეც გრძელდება და ორგანიზაცია რეალურად დამოუკიდებელია, რაც ასახულია მის საქმიანობაში. 

– თუ არის შესაძლებელი კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოს საქპატენტი? 

– ჩემი აზრით, მეტი არ შეიძლება. კანონის მიხედვით მხოლოდ იმის მიმართ გვაქვს ანგარიშვალდებულება, ვინც თავმჯდომარე დანიშნა. დანარჩენ სფეროში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პრაქტიკულად გამორიცხულია ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა. პრემიერთან მინიმალური ურთიერთობა გვაქვს. როდესაც პოლიტიკის განსაზღვრა ხდება, რა თქმა უნდა ათანხმებ მთავრობასთან, მაგრამ, როდესაც რეგისტრაციას ეხება საქმე, იქ აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ჩარევის ბერკეტი არ არსებობს. 

– საქმიანობის დაწყებიდან საქპატენტმა როდის მიაღწია ეფექტს – როცა უკვე გამოჩნდა, რომ უწყება რეალურად აკეთებდა თავის საქმეს? 

– ამ ეფექტის დანახვის დასაწყისი 1999 წელი იყო. მანამდე ინტელექტუალური საკუთრება სამოქალაქო კოდექსში იყო ცალკე თავი. 1999 წელს მიღებულ იქნა და დღემდე მოქმედებს 6 დამოუკიდებელი კანონი, რომელიც არეგულირებდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს. პრაქტიკულად, მაშინ დაიწყო ორგანიზაციამ დამოუკიდებლად მუშაობა. 

1999 წლიდან დიდი პროგრესი იყო რეგისტრაციის, ექსპერტიზის ხარისხში, საქმიანობის პროცესში. პროგრესი განაპირობა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც გაეროს ერთ-ერთი ინსტიტუტია და აქტიურად გვეხმარებოდა განვითარებაში. 

– დაფინანსება და მატერიალური მხარდაჭერა ალბათ ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოდიოდა, ვიდრე ადგილობრივი სახსრებიდან. 

– სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქპატენტს არასოდეს ჰქონია დაფინანსება. ჩვენი შემოსავალი იყო ობიექტებზე ექსპერტიზის ჩატარების საფასური. რა თქმა უნდა, უდიდესი წილი საერთაშორისო დახმარებებზე მოდიოდა და დღემდე გრძელდება. თუმცა, საქპატენტი ფინანსურად საკმაოდ ძლიერი და მდგრადი ორგანიზაციაა. ჩვენი ფინანსები, პლუს საერთაშორისო დონორების დახმარება გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველწლიურად მეტად განვითარდეს ეს ორგანიზაცია.
 
– ორგანიზაციის ბიუჯეტი რამდენია? 

– წლის მანძილზე დაახლოებით 4 მილიონი დოლარი. ჩვენი საფასურები დოლარშია დამტკიცებული და იმის მიხედვით, კურსი როგორ შეიცვლება, ლარში ხდება გადახდა. 

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს საქპატენტი? 

– 114 თანამშრომელი გვყავს და ათამდე შტატგარეშე მოსამსახურე, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკური საკითხებით არიან დაკავებული. 

– კადრების შერჩევა-აყვანა რა პრინციპით ხდება? როგორც ვხედავ, აქ სპეციფიკური საქმიანობის შესრულებაა საჭირო. 

– ჩვეულებრივ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროცედურების გავლით კონკურსის საფუძველზე ხდება. მაგრამ ძალიან გრძელვადიანად ვიყვანთ თანამშრომლებს, რადგან სრულფასოვანი ექსპერტის გამოსაზარდელად, 2-3 წელიწადია საჭირო. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვისაც ავიყვანთ, დარჩეს ჩვენს სისტემაში და მაქსიმალურად ბოლომდე ამოვწუროთ მისი რესურსი. 

– შესაბამისი კადრების დეფიციტია? 

– კი, როგორც ზოგადად საქართველოშია. ყოველთვის ვცდილობთ მოვძებნოთ კვალიფიციური კადრები და ამ მხრივ პრობლემაა. თუმცა, ამ მიზნით, ერთი წლის წინ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრი შევქმენით. უკვე დავიწყეთ გარკვეული პროგრამების გაშვება და ცენტრი სრული დატვირთვით 2017 წელს ამუშავდება. კანდიდატები სანამ ჩვენთან დაიწყებენ მუშაობას, მანამდე ცენტრში გაივლიან წინასწარი მომზადებას. შესაძლოა, საქპატენტში დასაქმებისთვის სავალდებულო გავხადოთ სპეციალური კურსების გავლა, რათა მზად იყვნენ ამ დარგში მუშაობისთვის, ჰქონდეთ შესაბამისი უნარები. 

– ქართული უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ ისეთი კადრების ჩამოყალიბებას, ვინც საქპატენტის სპეციფიკას კარგად მოერგება? 

– გარკვეულ საბაზისო ცოდნას აძლევენ. მაგრამ, ჩვენ ფაქტობრივად ორმაგი სპეციალობის ადამიანი გვჭირდება. ერთი მხრივ, მაგალითად, გამოგონების დარგში, ფიზიკის თუ ქიმიის ან ბიოლოგიის დარგში უნდა იყოს სპეციალისტი და ამ ადამიანმა პლუს საპატენტო საქმიანობა უნდა იცოდეს. 

ჩვენ ვარჩევთ წარჩინებულ სტუდენტებს ფიზიკაში, ქიმიაში და ა.შ., მათ შორის იურისპრუდენციაში. სასწავლო ცენტრის შექმნის არსი ზუსტად ის გახლავთ, რომ მათ ინტელექტუალური საკუთრების უნარები შევასწავლოთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არცერთი უნივერსიტეტი არ არის, რომელსაც ექნება ინტელექტუალური საკუთრების სრული კურსი. აქვთ საგნად ჩასმული მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტებზე, რომელსაც სწავლობენ 1 ან მაქსიმუმ 2 სემესტრი. ინტელექტუალური საკუთრების სწავლა 2 სემესტრში წარმოუდგენელია. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ცალკე მაგისტრატურებია ინტელექტუალური საკუთრების შესასწავლად. 

– ანაზღაურება რამდენად მიმზიდველია თქვენთან მუშაობისთვის? 

– სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან შედარებით ნამდვილად კარგი ანაზღაურებაა. 

– საშუალო ხელფასი რამდენია? 

– 1700-1800 ლარია დარიცხული საშუალო ხელფასი. 

– ხელმძღვანელის ანაზღაურება? 

– 1800 ლარია ექსპერტის ხელფასი და მე მაქვს 5.000 ლარი დარიცხვით. 

– როგორ მოხდა თქვენთვის შემოთავაზება, რომ საქპატენტის ხელმძღვანელი გამხდარიყავით? 

– 12 წელია ამ დარგში ვმუშაობ, ვკითხულობ ლექციებს ამ მიმართულებით, მქონდა სახელმწიფო სექტორში და ასევე კერძო სექტორში ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება. როგორ გადაწყვიტეს, ეგ არ ვიცი, დამიძახეს, მითხრეს, რომ ჩემი გამოცდილება იყო საკმარისი და შემომთავაზეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მეკისრა. მეც დავთანხმდი. 

– უშუალოდ პრემიერ-მინისტრმა შემოგთავაზათ? 

– კი. 2 წელი შესრულდა 3 ივლისს, რაც საქპატენტის ხელმძღვანელი ვარ. 

– თქვენი შეფასებით რამდენად თანმიმდევრული იყო ორგანიზაციის პოლიტიკა წინა ხელმძღვანელების პირობებში, თუ დაინახეთ რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები? 

– წინა ხელმძღვანელობაზე საუბარი ჩემგან არაკორექტული იქნება. პოსტს რომ დავტოვებ, მერე თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია მაშინ შევაფასო. 

– შეკითხვაში იმას ვგულისხმობ, რომ ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და საქართველოში 3 ხელისუფლება გამოიცვალა, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად რამდენად თანმიმდევრულად ატარებდა საჭირო პოლიტიკას? 

– მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ და ბევრ რამეში გვაქვს პროგრესი. რა ხდებოდა ჩემს მოსვლამდე, არ მინდა მაგაზე ვისაუბრო. 

– კეთილი, საქარველოში საავტორო უფლებებზე ვილაპარაკოთ: რა ტენდენციებია მაგალითად, 90-ანი წლებიდან, როცა საქპატენტი ამოქმედდა ახლანდელთან შედარებით? 

– როცა ეს ორგანიზაცია მუშაობას იწყებდა და როცა თავიდან აქ მოვედი, ინტელექტუალური საკუთრება საზოგადოებისთვის უცხო რამე იყო. ბიზნესი ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა დაეცვა სასაქონლო ნიშნები. დღეს უკვე დაიწყეს ამის გააზრება, რადგან მათმა ბრენდებმა რეპუტაცია მოიპოვა და აღარ სურთ სხვამ გამოიყენოს. 

საავტორო უფლებების კუთხით, 2000-ანი წლების დასაწყისში რესტორანში ვინმე რომ ეტყოდა, აქ რომ მუსიკას უკრავ, ავტორს ფული უნდა გადაუხადოო, ასეთ ადამიანებს აფერისტებად აღიქვამდნენ ხოლმე.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს, საავტორო უფლებათა ასოციაციამ, რომელიც ავტორთა გაერთიანებაა, საავტორო ჰონორარები 300.000 ლარი შეაგროვა. შარშან კი 3 მილიონზე მეტის შეგროვება შეძლო. პროგრესი ძალიან დიდია. შეგროვებული ფული მხოლოდ ავტორებზე ნაწილდება. 

თუმცა, ყოველთვის არის გამოწვევები, ახალი პრობლემები და მუდმივი პროცესია, რომ სისტემა განვითარდეს და დაიხვეწოს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზებულია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ კანონების აღსრულება ბევრად ეფექტურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. მაგალითად, ფინანსურმა პოლიციამ შარშან 35 საქმე გამოიძია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე. 

– რა სფეროს ეხებოდა ეს დანაშაულები? 

– საავტორო და სასაქონლო ნიშნებზე უფლებების დარღვევას, ბრენდის გაყალბებას და ა.შ. ბოლო 10 წელი რომ შევაჯამოთ, ერთად არ ყოფილა ამდენი საქმე გამოძიებული. დღეს ამერიკელებთან გვქონდა სემინარი. ვმუშაობთ ახალი კანონის შექმნაზე, რომელიც ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის საკითხებს დაარეგულირებს. კანონი მალე იქნება შემოღებული საქართველოში, რომ აღარ ხდებოდეს უფასოდ და ყოველგვარი კონტროლის გარეშე საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების გადმოწერა.
 
ბევრად წინა ვართ, ვიდრე ვიყავით თუნდაც შარშან და მით უმეტეს 10-15 წლის წინ. მაგრამ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. და, არა მხოლოდ ჩვენ – მთელ მსოფლიოს ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ რაზეც დღეს აქ ვმუშაობთ, იგივე პრობლემებია მოწინავე ქვეყნებისთვისაც. იყო დრო, როდესაც ჩვენ იმ საკითხებზე ვმუშაობდით, რომელიც უცხოეთში კარგა ხნის წინ გავლილი თემა იყო და დაწევის რეჟიმში ვიყავით ხოლმე. დღეს უკვე სრულფასოვანი წევრი ვართ ინტელექტუალური საკუთრების ოჯახის და შესაბამისად, ვმუშაობთ განვითარებულ ქვეყნებთან ერთად იმ პრობლემატიკაზე, რომელიც მათაც აწუხებთ ამ ეტაპზე. 

– რაც ინტერნეტთან არის დაკავშირებული, ყველასთვის თანაბრად არის პრობლემა მოსაგვარებელი, ვერც ერთი ვერ ჩამორჩება. 

– რა თქმა უნდა. ჩვენთან იგივე პრობლემებია, რაც აშშ-ში და ევროკავშირშია და მათთან ერთად ვმუშაობთ მოგვარებაზე. ნებისმიერი რეიტინგით და კვლევით ამ სფეროში საქართველო ბევრად წინ არის, ვიდრე მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე. განვითარებული ქვეყნები ჩვენ აღგვიქვამენ სრულფასოვან პარტნიორად და ჩვენთან იმ პროექტებზე აღარ საუბრობენ, რაც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან აქტუალურია. 

– რა სფეროშია საავტორო უფლებებზე საქართველოში ნორმალური მდგომარეობა და სად არის ყველაზე დიდი განუკითხაობა? 

– ადრე ძალიან დიდი პრობლემა იყო კაფე-ბარები და რესტორნები, ახლა თითქმის ყველა იხდის და საავტორო უფლებები დაცულია. ასევე იხდიან სასტუმროები, სხვა საჯარო დაწესებულებები, ტელევიზიები... ანუ, იცავენ საავტორო უფლებებს, თუმცა, დიდ პრობლემად რჩება ინტერნეტი. მაგრამ, მანდაც მალე დიდი პროგრესი გვექნება. 

საავტორო უფლებებზე როცა ვლაპარაკობთ, ორი მომენტია მნიშვნელოვანი. ერთი რომ ვინმემ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები არ გამოიყენოს, მაგალითად, მე გამოვუშვა გამაგრილებელი სასმელი და დავაწერო „კოკა-კოლა“ და ან შევკერო ტანსაცმელი და „ადიდასი“დავაწერო; მეორეა – მე რომ დავწერ მუსიკას ან გადავიღებ ფილმს, ეს ნაწარმოები ჩემი ნებართვის გარეშე უფასოდ და საჯაროდ არავინ გახადოს ხელმისაწვდომი. ამ ორივე ნაწილში ბევრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს. კინოთეატრები თუ ტელევიზიები ამ უფლებებს იცავენ, მაგრამ პრობლემა რჩება ინტერნეტში. 

– არსებობს კი ბერკეტი, რომ ინტერნეტში განთავსებული ფილმები თუ სხვა კონტენტი დაუკითხავად ვერავინ გაავრცელოს? 

– არსებობს. ამის ბერკეტი დღესაც არის კანონმდებლობაში. მე თუ ვარ „იუნივერსალ ფიქჩერსი“ ან „უორნერ ბრაზერსი~, კონკრეტულ ფილმზე მაქვს საავტორო უფლება, უნდა წავიდე სასამართლოში და ინტერნეტში ამტვირთავს, ვებგვერდის პატრონს ვუჩივლო. ეს დავა შეიძლება 2 წელიწადსაც გაჭიანურდეს. საბოლოოდ დავა შეიძლება მოვიგო, მაგრამ ამასობაში სხვა ასეთი საიტები გაჩნდება და ახლა ისინი გაავრცელებენ პირატულად იმ ფილმებს. 
კანონმდებლობა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, ითვალისწინებს ინტერნეტ სერვის პროვაიდერის პასუხისმგებლობას. უფლების მფლობელი მისწერს კონკრეტულ პროვაიდერს, რომ შენს სერვერზე ჩემი საავტორო უფლებები ირღვევა. სერვის პროვაიდერს ექნება არჩევანი: ან მაშინვე დაბლოკავს ამ ვებგვერდს და მისი პასუხისმგებლობა მოიხსნება, ან არ დაბლოკავს და საავტორო უფლებების მფლობელს საშუალება ექნება სასამართლოში უჩივლოს არა ვებგვერდის პატრონს, არამედ ინტერნეტ სერვის პროვაიდერს, რომელსაც ფულიც აქვს და შესაბამისად, მისგან ჯარიმის ამოღებაც რეალურია. ეს სისტემაა ევროპაშიც და აშშ-შიც. ბევრად იაფი საშუალებაა და ეფექტურია დროში. არ სჭირდება სამინსტანციანი სასამართლო პროცესების გავლა. 

– თუმცა, საბოლოო მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩება, თუკი სხვადასხვა ვიდეო თუ აუდიო ნაწარმოები ხელმისაწვდომი აღარ იქნება. 

– როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, უფლების მფლობელებთან სახელმწიფოს მხრიდან პირველივე საკითხი დავაყენეთ, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი ლეგალური ალტერნატივა. მე თუ დავბლოკავ უკანონოდ განთავსებულ კონტენტს, შენ, უფლებების მფლობელმა უნდა უზრუნველყო, რომ საქართველოში მომხმარებელს შეეძლოს მისთვის მისაღებ ფასში ამ ყველაფრის ნახვა. საქართველოში უკვე შემოვიდა ოპერატორი, გუგლის სერვისი „ნეტფლიქსი“, სადაც თვეში დაახლოებით 5-7 დოლარად აურაცხელი ფილმების ნახვაა შესაძლებელი. თუ ვამბობთ, რომ ცივილიზებული ქვეყანა ვართ და თვეში 7 დოლარის გადახდაც არ გვინდა, მაშინ საერთოდ რაღაზე ვლაპარაკობთ? მით უმეტეს, ჩვენ ამ გზით მხოლოდ უცხოური ბიზნესის წახალისებას კი არ ვახდენთ, არამედ, ინტერნეტში პირატულად განთავსების პრობლემა ყველაზე მეტად ქართველ ავტორებს აწუხებთ. „ბეჭდების მბრძანებელს“ ჩვენ აქ ვნახავთ თუ არ ვნახავთ, ამერიკის კონკრეტულ კინოინდუსტრიას დიდად არ აინტერესებს, საქართველოს ბაზარი მისთვის არაფერია, ისედაც შოულობს ფულს. საქართველოში კი ქართული ანსამბლი, მაგალითად, „რუსთავი“, „სუხიშვილები“, „ეგარი“, „შინი“ და ა.შ. გაყიდიან თუ ვერა თავის დისკს – მათზე პირდაპირ მოქმედებს. თუ მათი სიმღერები ინტერნეტით ძველებურად თავისუფლად გავრცელდება, მაშინ აღარავინ იყიდის. 

– დღეს რა მექანიზმია, მაგალითად, კომპოზიტორმა თუ მომღერალმა საავტორო უფლებების დარღვევისას საქპატენტს უნდა მიმართოს? 

– არა, ჩვენ არა. თავიანთი ასოციაციაა. ჩვენ უბრალოდ მექანიზმები შევუქმენით, რომ ეს ფული გადაახდევინონ მოსარგებლეებს და თვითონვე აგროვებენ. მიდიან რესტორნებში და ა.შ. და ეუბნებიან, რომ შენ თუ უკრავ საავტორო უფლებებით დაცულ მუსიკას, გადამიხადე მაგიდაზე მაგალითად, 5 ლარი. ეს ფული გროვდება და მერე რეპერტუარების მიხედვით, სად რას უკრავენ, იმის პროპორციულად ნაწილდება ავტორებზე.
 
– საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული „მაიკროსოფტის“ პროგრამების არალეგალური მოხმარება. ვრცელდებოდა ხოლმე ინფორმაცია, რომ არალიცენზირებული „ვინდოუსის“ თუ „გატეხილი“ პროგრამების მქონე კომპიუტერები შეიძლებოდა დაბლოკილიყო. რა სიტუაციაა ამ მხრივ? 

– 2014 წელს საქართველომ გააფორმა სალიცენზიო ხელშეკრულება „მაიკროსოფტთან“, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფომ აბსოლუტურად ყველა საჯარო უწყებაში დააყენა ლიცენზირებული „ვინდოუსი“. სახელმწიფო სექტორში მოხდა მთლიანად ლიცენზირება, რაც პირველ რიგში იყო ნაბიჯია იმისკენ, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო და მეორე – სიგნალი კერძო სექტორისთვის – რომ ჩვენ გავაკეთეთ და თქვენც მოგიწევთ იგივეს გაკეთებაო. 
ამის შემდეგ „მაიკროსოფტთან“ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო. ყველასთან ერთდროულად პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და „მაიკროსოფტმა“ დაიწყო მსხვილი ბიზნესების ლიცენზირებიდან. საბანკო სექტორი, ფარმაცევტული სფეროს დიდი ნაწილი ლიცენზირებული „ვინდოუსის“ მოხმარებაზე გადავიდა. ნელი პროცესია, „მაიკროსოფტი“ არ ჩქარობს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს, რომ მთლიანად ლიცენზირებული პროგრამები იყოს მოხმარებაში. Business Software Alliance-ის კვლევით, 2012 წელს ქართული ბაზრის 92% კომპიუტერულ პროგრამებში იყო პირატული. ახალი კვლევით 84%-ია. 8%-ანი კლებაა 4 წელიწადში. ნელ-ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ სასურველ შედეგზე გავალთ. სახელმწიფოს მიზანიც არის, რომ არ იყოს შოკის მომგვრელი საზოგადოებისთვის. ყველა მიჩვეულია „გატეხილი“ „ვინდოუსის“ და პროგრამების გამოყენებას. უცებ რომ უთხრა, ხვალიდან 600 დოლარს თუ არ გადაიხდი, კომპიუტერს წაგართმევო – ძალიან ცუდი იქნება და თვითონ „მაიკროსოფტსაც“ დააზარალებს. სადამსჯელო ფორმას ისინიც ერიდებიან და ურჩევნიათ ნელ-ნელა, მაქსიმალურად რბილად მიაღწიონ შედეგს. ჩვენ ამ სფეროში ხშირად ვმართავთ კონსულტაციებს ბიზნესთან, საზოგადოებასთან და ვუხსნით, რომ ეს გარდაუვალი პროცესია და უნდა მივეჩვიოთ, რომ მოგვიწევს ლეგალურ პროდუქციაზე გადასვლა.

– კიდევ ერთხელ, თუ საავტორო უფლებები დარღვეულია, დაზარალებულმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მეშვეობით უნდა ეძებოს სამართალი? 

– კი, და ასევე შეუძლია სასამართლოს მიმართოს. თუ ზიანი 5.000 ლარს აღემატება, შეუძლია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წავიდეს და დამრღვევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. თუ ზარალი ნაკლებია, მაშინ დამრღვევს სამოქალაქო წესით დააჯარიმებენ.
 
– ვინ აფასებს ზარალის მოცულობას: როგორ დაითვალება უკანონოდ გავრცელებული სიმღერა ათმა კაცმა მოისმინა თუ ათი ათასმა? 

– სადაც ზიანი დათვლადია, იქ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება შესაძლებელია. თუ მაღაზიაა და მაგალითად, გაყიდა 100 დისკი 5 ლარად, მაშინ ზიანი იქნება 500 ლარი. 

– თუ ინტერნეტით გავრცელდა? 

– მაგ შემთხვევაში ზიანის მოცულობის დადგენა ცოტა რთულია, მაგრამ ადვილია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაყენება. დაზარალებულს შეუძლია უჩივლოს და კანონმდებლობა კომპენსაციას ითვალისწინებს. თანხა, რომელიც უფლების დამრღვევს დაეკისრება, იქნება მინიმუმ იმ თანხის ათმაგი ოდენობა, რაც მას კანონიერად დაუჯდებოდა. მაგალითად, თქვენ თუ აჩვენებთ ფილმს ინტერნეტით, ეს კანონიერად თუ დაგიჯდებოდათ 5.000 ლარი, მაშინ, ამ თანხას გადაამრავლებენ მინიმუმ 10-ზე და დაგეკისრებათ 50.000 ლარი. 

– ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო სიტყვას სასამართლო ამბობს და რაიმე ფორმით სიმართლის დადგენა და მით უმეტეს სანქციების დაკისრება საქპატენტს არ ეხება. 

– საქპატენტის მთავარი ფუნქციაა პირველ რიგში უფლებების მინიჭება და სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ქვეყანაში, კანონმდებლობის დახვეწა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კოორდინირება სააღსრულებლო სისტემის, სასამართლო სისტემის ტრენინგი – ჩვენი მისიაა შევქმნათ გარემო, რომელშიც უფლებების მფლობელი ადვილად შეძლებს თავისი უფლებების დაცვას. 

სასამართლო და საგამოძიებო სამსახურებია, სადაც საავტორო უფლებების მქონემ საკუთარი სიმართლე უნდა დაიცვას. იმისთვის რომ უფრო ეფექტიანი გახდეს ეს პროცესი, შარშან შევქმენით უფლებების აღსრულების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას, საბაჟოს, შსს-ს, ეკონომიკის სამინისტროს. საბჭოზე ერთად განვიხილავთ ხოლმე პრაქტიკაში არსებულ პრობლემატიკას და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია, როგორ გავხადოთ საავტორო უფლებების დაცვა უფრო ეფექტიანი. 

– ასეთ დავებს თუ ესწრება თქვენი წარმომადგენელი, რომელიც მიეხმარება საავტორო უფლებების დარღვევით დაზარალებულს? 

– არა, ამისთვის პატენტრწმუნებულები არიან. ეს არის ხალხი, რომელიც სპეციალიზირებულია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და რომელიც ვიყავი მეც, სანამ საქპატენტის თავმჯდომარე გავხდებოდი. ჩავთვალოთ, რომ ესენი ინტელექტუალური საკუთრების ადვოკატები არიან. მათ შეუძლიათ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, სასამართლოში წაყოლა და ინტერესების დაცვა. 

– საქპატენტს უშუალო კავშირი აქვს პატენტრწმუნებულებთან? 

– ჩვენ ვუტარებთ ატესტაციას და ვანიჭებთ სტატუსს. ეს ნიშნავს, რომ საქპატენტმა ჩათვალა, ეს არის ადამიანი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტია. 

– თუმცა, ნებისმიერ ადვოკატს აქვს უფლება მსგავს დავებში დაიცვას ინტერესები. 

– რა თქმა უნდა აქვს. უბრალოდ, მოქალაქისთვის არის ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ადამიანს საქპატენტმა ჩაუტარა გამოცდა და შესაბამისად, მის კვალიფიკაციაში დარწმუნებულია. ამის მერე დავაში მონაწილემ ვინც უნდა ის აირჩიოს უფლებების დამცველად. 

– რამდენ ადამიანს აქვს პატენტრწმუნებულის სტატუსი მინიჭებული? 

– დღეს მოქმედი და რეგისტრირებულია 40-მდე ადამიანი.
 
– ბაზარზე არის მოთხოვნა ამ დარგის სპეციალისტებზე? 

– როცა კერძო სექტორში ვიყავი, თანაც მხოლოდ ამ სფეროში ვმუშაობდი – საქმე არ მაკლდა. ძალიან ბევრი საქმეა. ქვეყნის ეკონომიკა რაც უფრო ვითარდება, ბაზარზე ამ დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნაც მატულობს. 

– საერთაშორისო დონეზე როგორ მიდის საქმე – სხვადასხვა ქვეყანაში არაქართული წარმომავლობის ღვინო და მინერალური წყალი იყიდებოდა ხოლმე. მაგალითად, რუსული „ბორჯომი“, კანადური „ხვანჭკარა“ და ა.შ. 

– რამდენიმე მექანიზმია საერთაშორისო დონეზე ჩვენი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისთვის. ეს სასაქონლო ნიშნებს არ ეხება, სასაქონლო ნიშანი კერძო უფლებაა და მისმა მფლობელმა ყველა იმ ქვეყანაში უნდა დაარეგისტრიროს და დაიცვას, რომელ ბაზარზეც შედის. მაგალითად, „კოკა-კოლა“, „ადიდასი“ რომელ ქვეყანაშიც შედიან, მიდიან და იქ არეგისტრირებენ. მერე თუ დავა მოუწევთ, მიდიან სასამართლოში. მაგრამ, გეოგრაფიული აღნიშვნები განსხვავებული საკითხია და ერთი კაცის საკუთრებას არ წარმოადგენს. მაგალითად „ხვანჭკარა“ არის დადგენილი სპეციფიკაცია, თუ რა განსაკუთრებული თვისებები აქვს ამ პროდუქტს, რომელიც კონკრეტულ რეგიონში მოდის. საერთაშორისო დონეზე სახელის დაცვის რამდენიმე ალტერნატიული მექანიზმი არსებობს. ერთი – საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ლისაბონის შეთანხმებაა, რომლის წევრია საქართველო. ევროკავშირის 28 ქვეყანაში ავტომატურად დაცულია გეოგრაფიული აღნიშვნები. მეორე საშუალებაა – ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა სახელმწიფოსთან ამ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე და აღიარებაზე. ჩვენ ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან, ანუ 28 ქვეყანასთან ერდროულად, ასევე უკრაინასთან და მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში ვართ ბევრთან. ზოგიერთი უაზროდ ბლოკავს ამის გაფორმებას. მაგალითად, რუსეთი.

– ამის უფლება აქვს? 

– უფლება როგორ არ აქვს?! არ მინდა და არ გიფორმებო. აშშ-ში ამბობენ, რომ მე საერთოდ არ მაქვს ეს სისტემაო. ასეთ ქვეყნებში ისღა გვრჩება, რომ ადგილობრივი განაცხადები შევიტანოთ და მათი კანონმდებლობის მიხედვით ადგილობრივად დავიცვათ თითოეული დასახელება. ეს გაკეთებული გვაქვს აშშ-ში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში; რუსეთში ნაწილზე გაკეთებული გვაქვს, ნაწილი პროცესშია და ჭიანურდება რიგი მიზეზების გამო. სადაც შესაძლებელია, ყველგან ვიცავთ. სადაც დავიცავთ, თუ დარღვევა მოხდა, მერე ბრძოლის გზა ისევ სასამართლო რჩება. ერთადერთი, ევროკავშირთან დავდეთ ხელშეკრულება, ჩვენ თუ შეგვატყობინებს მოქალაქე, რომ ევროკავშირის ნებისმიერ ადგილას დაირღვა საავტორო უფლება და მაჩვენებს რომელიმე მაღაზიაში თუ იყიდება მაგალითად, კანადური „ხვანჭკარა“, მე შემიძლია ეს მასალა გადავუგზავნო ევროკომისიას. შემდეგ ისინი ადმინისტრაციული წესით უზრუნველყოფენ ამ პროდუქციის ამოღებას. დანარჩენ ქვეყნებში ბრძოლა სასამართლოს მეშვეობით განსახორციელებელია. 

– თუ აქ ვაწარმოებ პროდუქციას და სხვა ქვეყანაში იგივე სახელის დარეგისტრირება დამასწრო ვინმემ? 

– სასაქონლო ნიშნებში პრობლემაა. თუ თქვენ მაგალითად აქ დასახელება „ნიკორას“ იყენებთ და ვინმემ კანადაში დაგასწროთ მაგ სახელის დარეგისტრირება, მაშინ იმ ქვეყანაში დაკარგავთ სასაქონლო ნიშანზე უფლებას. მაგრამ, გეოგრაფიული აღნიშვნების ნაწილში არის ბერკეტი, რომ გაუუქმოთ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელსაც მომხმარებელი წარმოშობის წყაროსთან მიმართებაში შეცდომაში შეჰყავს. ვიღაცამ ჩინეთში „ხვანჭკარა“ დაარეგისტრირა და ეს რეგისტრაცია სასამართლოს მეშვეობით გავუუქმეთ. დავუმტკიცეთ, რომ ეს არის სოფელი რაჭაში და ნებისმიერი სხვა პირის ხელში ამ დასახელების არსებობა მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ ეს არის ქართული პროდუქცია. გავუუქმეთ ეს ნიშნები. თუმცა, რთული და გრძელვადიანი პროცედურაა. ამიტომ სჯობს წინასწარ დაარეგისტრირო, ვიდრე მერე სასამართლოში იდავო. 

– რუსეთში რომ ჰყიდდნენ ადგილობრივ ე.წ. „ბორჯომს“, ასეთ შემთხვევებს ეშველა რამე? 

– „ხვანჭკარაზე“, „ბორჯომზე“ მოვაგვარეთ, დავარეგისტრირეთ. მაგრამ ერთია დარეგისტრირება და მეორე ამ უფლებების რუსეთის სასამართლოში დაცვა. ზოგჯერ იქაც ვაღწევთ წარმატებას, მაგრამ არის მუდმივი პროცესი. დღეს ასეთი ქვეყანაა რუსეთი და იმედი გვაქვს, ხვალ უკეთესი გახდება. როგორც კი სასამართლო სისტემა იქ სათანადო დონეზე დადგება, ბევრად ეფექტიანად მოხდება უფლებების დაცვა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ფორმალური ნაწილი უკვე გაკეთებული გვაქვს. 

– საქართველოს ბაზარზე წლების წინ იყო ხოლმე „ადიბასის“ დასახელების ნაწარმი, „გოლდსტარს“ მიმსგავსებული „გლობესტარი“... ამ შემთხვევაში რა ხდება? 

– უცხოურმა ბრენდებმა პირველ რიგში, სავაჭრო ნიშნები უნდა დააარეგისტრირონ საქართველოში. შემდეგ სხვადასხვა მექანიზმი აქვთ. ერთია სასამართლო და მეორე – საბაჟო პროცედურები. შეუძლიათ ჩვენთან რეგისტრირებული ნიშნები დაიცვან საბაჟოზე, მიაწოდონ ინფორმაცია, თუ ვინ არის ლეგალური შემომტანი, ვისგან არის საფრთხე, რომ შეიძლება კონტრაფრაქციული საქონელი შემოვიდეს უფლებების დარღვევით და ა.შ. საბაჟო ამ ინფორმაციას ამოწმებს. თუ ხედავს რომ იქ პრობლემური ტვირთია, უკავშირდება უფლებების მფლობელს და ეუბნება, რომ აი, მე გავაჩერე პარტია, მოდი ნახე შენია თუ არა, კონტრაფრაქციულია თუ არა. საზღვარზე არ შემოვა ის ტვირთი, სანამ საავტორო უფლებების მფლობელი არ ნახავს. 

– თუ სახელს ზუსტად არ იმეორებს რაიმე პროდუქცია, მაგალითად ერთი ასოა განსხვავებული, მაგრამ ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბრენდს, მაშინ რა ხდება? 

– თუ არსებითად არ განსხვავდება, მაშინ საბაჟოზე ეს პროცედურა მუშაობს. თუ არსებითად განსხვავდება, მაგრამ მაინც მსგავსია და ასოცირებას იწვევს, ამ შემთხვევაში სასამართლოში შეიძლება საქმის მოგება. კერძო პრაქტიკაში ბევრი შემთხვევა მქონდა, როდესაც მიმსგავსებულ ნიშნებს ვიჭერდით, შემომტანებს ვუჩიოდით. შემიძლია ერთი შემთხვევა დაგისახელოთ კიდეც, რადგან დასრულებული დავაა. ალბათ, „ბელას ტორტები“ გაგიგიათ. გლდანში გაიხსნა მაღაზია „ბელა ოცდამეერთე“. მოვიგეთ ეს დავა და დავუმტკიცეთ, რომ მსგავს სასაქონლო ნიშნებს იყენებდა. 

რაც შეეხება ასეთ საქონელს, ის ნადგურდება და შემომტანს ეკისრება ადვოკატის ხარჯები, ზიანის ანაზღაურება თუ სისხლის სამართლის კუთხით წავა საქმე, ეკისრება შესაბამისი ჯარიმაც. პატარა თანხებზე არ არის ხოლმე საუბარი. 

– ჯარიმების ტარიფები დადგენილია თუ სასამართლო ადგენს? 

– ზიანი სასამართლოს მიხედვით არის დათვლადი. გააჩნია რას, როგორ და რამდენს ყიდდა. ასევე, როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს და ა.შ. 
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა და ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა, თუ ძალიან დიდ ზიანზეა საუბარი. 

– მაგალითად, თუ მე მაქვს რაიმე კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ვყიდი და ვინმემ მიმსგავსებული პროგრამის გაყიდვა დაიწყო, ეს დათვლადია? 

– დათვლის ორი გზა არსებობს: 1. მე რა ზიანი მომადგა; 2. თუ ვერ ვამტკიცებ ზიანის მოცულობას, შემიძლია იმ სარგებლის ჩამორთმევა მოვითხოვო, რაც უფლებების დამრღვევმა მიიღო. იმას გაუნადგურდება რა პროდუქციაც აქვს გასაყიდი, ასევე აეკრძალება შემდგომში გაყიდვა. დავუთვლი რამდენის გაყიდვა მოასწრო და რა შემოსავალიც მიიღო – წამოვიღებ. სამამართლო აუკრძალავს კონტრპროდუქციის გაყიდვას და ამის შემდეგ თუ კიდევ გაყიდის, ეს უკვე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაა და ამაზე პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. აქ უკვე ინტელექტუალური საკუთრება აღარაფერ შუაშია. 

– ხშირად მიმართავენ ხოლმე საავტორო უფლებების მქონე ადამიანები დავებს უფლებების დარღვევის გამო? 

– საქპატენტი აქტიურ კონსულტაციებს გადის უფლებების მფლობელებთან. განცხადებების რაოდენობა იზრდება. რამდენიმე დღის წინ გამომცემლებთან გვქონდა შეხვედრა. ძალიან შეშფოთებულები არიან მათი წიგნებით უკანონო ვაჭრობით და ახლა თავიანთი უფლებების დაცვას დაიწყებენ. ახალი სექტორები ემატება უფლებების დამცველთა რიგებს. 

– მით უმეტეს, ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ მოხდა გამომცემლობებისთვის წიგნების ჩამორთმევა და სკოლებში მოსწავლეებისთვის ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამით დარიგება. 

– ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა, რომელზეც ჩვენთან გარკვეულწილად მუშაობენ და გვეკითხებიან რაღაცებს. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ბაზრობაზე იყიდება როგორც ორიგინალი წიგნი, ისე პირატული. ეს პრობლემა აწუხებთ და იწყებენ თავისი უფლებების დაცვას. 

– სახელმწიფო პოლიტიკას როცა ეჯახება საავტორო უფლებები, მაშინ როგორ შეიძლება გამომცემლებმა გამოსავლი მოძებნონ? 

– სახელმწიფო პოლიტიკას არ ეჯახება. რაღაც გაუგებრობა იყო, რომელსაც აგვარებენ. სახელმწიფო ნამდვილად არ არის მოტივირებული, რომ საავტორო უფლებები დაურღვიოს გამომცემლობებს ან ავტორებს. კანონდებლობაში იყო ხარვეზი. როგორც ვიცი, დიალოგი დაწყებულია სახელმწიფოს და გამომცემლებს შორის და იმედი მაქვს, მოაგვარებენ. 

– რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვას თუ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას?
 
– ჩვენი რეგისტრაცია ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე. სხვა უწყება არ არსებობს. შესაბამისად, საქართველოში რეგისტრაცია დე-იურე ნიშნავს, რომ ეს ნიშნები რეგისტრირებულია აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენი იურისდიქცია ვერ ვრცელდება და ვერ ხდება აღსრულება. 

უჩვენოდ რაც არ უნდა იქ რეგისტრაცია მოხდეს, არალეგალურია. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად კომპანიებს არა აქვთ უფლება პროდუქცია შეიტანონ და საქმიანობა აწარმოონ.
 
– თუ არსებობს ვინმე, ვინც საქართველოსთან შეთანხმებით, საქართველოს გავლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროდუქცია შეიტანა?
 
– კითხვები იყო, მაგრამ როდესაც გაიგეს ჩვენი პოზიცია, დაანებეს თავი. 

– მომავლის გეგმები რა გაქვთ? 

– მომავლის გეგმები ბევრია. როგორც გითხარით, აკადემია უნდა ავამუშაოთ, აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან, ერთობლივი კურსები გვინდა გავაკეთოთ საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ ექსპერტიზის ხარისხის დახვეწაზე, საკანონდებლო ცვლილებებზე, რომ არსებულ რეალობას უფრო უკეთესად მოვარგოთ ახალი კანონმდებლობა. რაღაც დასახვეწია – ეს მუდმივი პროცესია. პლუს ჩვენ უკვე დიდი წარმატებები გვაქვს საერთაშორისო არენაზე – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში გადავედით ცენტრალური ევროპის და ბალტიისპირეთის ჯგუფში. ლისაბონის შეთანხმება რომ ვახსენე გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო რეგისტრაციაზე, საქართველო წელს არის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად ვმუშაობთ. მთავარი აქცენტები გვაქვს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე პირველ რიგში და მეორეა აღსრულების სისტემის კიდევ უფრო დახვეწა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მოხდეს მაქსიმალურად.
 
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

– თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მაქვს. რაც აქ მოვედი, შვებულებაში არ გავსულვარ. საკმაოდ ბევრი საქმეა საკეთებელი, ბევრი მიმდინარე პროექტია, უამრავი საქმეა და დიდი დრო იხარჯება, ყველაფერი მაღალ დონეზე რომ გაკეთდეს. მყავს 11 წლის შვილი, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მასთან ხშირად ვიყო, მაგრამ ერთად იმაზე ნაკლებ დროს ვატარებთ, ვიდრე მე მინდა.
 
– რა არის თქვენი ჰობი? 

– ჩემი გატაცება მთამსვლელობაა. სანამ აქ დამნიშნავდნენ, მოვასწარი და მყინვარწვერზე ავედი. სასიამოვნო განცდაა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალი დავლაშქრე. მომავალში თუ მექნება დრო, გავაგრძელებ, თუ არა და რა გაეწყობა. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი