ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილთან - #3(48), 2016
გიორგი სამანიშვილი დაიბადა 1977 წლის 2 იანვარს, თბილისში. 

განათლება 

1990-1993 კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა; 

1993-1997 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტი, სამადუღარო წარმოება და მეღვინეობის ტექნოლოგია; 

1997-1999 ბურგუნდიის უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტი ჟიულ გიო (საფრანგეთი, ქ. დიჟონი). 

1999-2000 ბორდოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (საფრანგეთი, ქ. ბორდო). მეღვინეობის დარგის მართვის, ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრის დიპლომი; 

2001-2004 მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ასპირანტურა. 

სამუშაო გამოცდილება

1998 ბურგუნდიის უნივერსიტეტის საცდელი მარანი და კვლევითი ლაბორატორია, სტაჟიორი; 

2000 კონიაკის ინტერპროფესიული ბიურო (BNIC) (საფრანგეთი, კონიაკი). სტაჟიორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიულ განყოფილებაში; 

1999-2000 მარანი „Domaine de la Courtade“ (პროვანსი, საფრანგეთი), მარანი „Domaine Auther“ (ელზასი, საფრანგეთი) – მეღვინე. პროვანსის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოების დამზადება და ჩამოსხმა (Mourvèdre, Grenache, Syrah, Rolle); ელზასური ღვინის (Riesling, Gewürztraminer, Pinot Gris, Silvaner, Pinot Noir) დამზადება ტრადიციულ მუხის ბუტებში; 

2001-2005 შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS) / Pernod Ricard ჯგუფი – მეღვინე. წარმოების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი;
 
2005-2007 შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS) / Pernod Ricard ჯგუფი – მთავარი მეღვინე; 

2008 ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“ / სოფლის მეურნეობის სამინისტრო – დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 

2009-2010 ღვინის კომპანია შპს „ტფილისის მარანი“, აღმასრულებელი დირექტორი; 

2011-2014 შპს „წინანდლის ღვინის სკოლა“, სასწავლო ხელმძღვანელი, დირექტორი; 

2011-2014 ა(ა)იპ „აგრო“ – ვაზის სარგავი მასალების წარმოების ეროვნული ცენტრი, ს. ჯიღაურა, მეღვინე-მკვლევარი;

2012-2014 სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტო“, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 

2014 წლის ნოემბრიდან – სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე. 

სხვადასხვა  

მეღვინეობის სახელმძღვანელოს „ენოლოგია“ („Oenologie“ – Colette Navarre, Françoise Langlade) თარგმანი ფრანგულიდან ქართულად. გამომცემლობა LAVOISIER, 2004 (PARIS);
 
წიგნის „საუკეთესო ქართული ღვინოები 2010“ და „2011“ – თანაავტორი. გამომცემლობა პარნასი 2010 და 2011; 

„საქართველოს ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირის“ დამფუძნებელი წევრი 2005 წლიდან. საქართველოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი; 

თბილისის ღვინის საერთაშორისო კონკურსის INTERNATIONAL WINE AWARD-ზე სადეგუსტაციო კომისიის წევრი 2008, 2010, 2011 წლებში. სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე 2013 წელს; 

ლექციები ენოლოგიის, მეღვინეობის ისტორიის, საქართველოს მევენახეობის რეგიონების, მსოფლიო მეღვინეობის, ღვინის დეგუსტაციის მიმართულებებით; 

მეღვინეობის სკოლის Wine and Spirits Education Trust (London) III (Advanced) თანრიგის სერტიფიკატის მფლობელი.

უცხო ენები  

ფრანგული, რუსული, ინგლისური. 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

– ბატონო გიორგი, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდით, მაგრამ განსხვავებული პროფესია რატომ აირჩიეთ? 

– კომაროვის სკოლა დავამთავრე, თუმცა, შემდეგ გადავწყვიტე მიმართულება შემეცვალა და სოფლის მეურნეობის მხარეს წავსულიყავი. მეღვინეობა თვითონ შევარჩიე. მამაჩემი და ბაბუაჩემიც ამზადებდნენ ღვინოს, მეც ვაკეთებ სოფელში. ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში. მეღვინეობა აქ 4 წელი ვისწავლე, შემდეგ სწავლა საფრანგეთში, ბურგუნდიაში გავაგრძელე. მეღვინის, ენოლოგის დიპლომი ფრანგული მაქვს. 

– მთლად მარტივი არ იყო მაშინ სასწავლებლად წასვლა, თქვენ როგორ შეძელით? 

– გაცვლითი პროგრამა იყო აგრარულ უნივერსიტეტსა და ბურგუნდიის უნივერსიტეტს შორის. ასევე, იმ წელს დაძმობილდნენ კახეთის მხარე და ფრანგული იონის დეპარტამენტი. მე და ჩემი მეგობარი მიხეილ მესხი ვიყავით პირველი სტუდენტები, ვინც 1997 წელს იქ სასწავლებლად წავედით. 

ერთწლიანი ვადით ვიყავით წასული და დავამთავრეთ. ერთი წლის შემდეგ, გამოცდები რომ ჩავაბარე, სტიპენდია გამიგრძელეს. სწავლა ბოლომდე დავასრულე და დიპლომიც საფრანგეთში ავიღე. 

– ფრანგულ ენაზე სწავლა არ გაგიჭირდათ? 

– ფრანგულს აგრარულშიც გვასწავლიდნენ, მაგრამ ბავშვობიდან ვსწავლობდი, გაძლიერებული ფრანგული სკოლა დავამთავრე. ასე რომ ენა კარგად ვიცოდი და რადგან მეღვინეობაშიც კარგად ვსწავლობდით, ჩვენ ამიტომ შეგვარჩიეს. 
ფრანგული მეღვინის დიპლომი ბურგუნდიაში, მერე კი უკვე ბორდოს უნივერსიტეტში მეღვინეობის დარგის მართვის, ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრის დიპლომი ავიღე. ამის შემდეგ ცოტა ხანი კიდევ ვიყავი საფრანგეთში, სწავლის შემდეგ ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ მერე ჩამოვედი და თელავში დავიწყე მუშაობა. 

– რომელ წელს დაბრუნდით? 

– 2001 წელს. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სა¬სმელების კომპანიაში (GWS) დავიწყე მუშაობა. 

– საფრანგეთში დარჩენის პერსპექტივა გქონდათ? 

– რა თქმა უნდა. იქ ვმუშაობდი, მაგრამ საქართველოში დაბრუნება მაინც მინდოდა. თელავში წამოსვლამდე ინტერვიუ სწორედ საფრანგეთში გავიარე. „ჯივიესი“ მაშინ ფრანგული კომპანია „პერნო რიკარის“ ჯგუფს ეკუთვნოდა და იქ შევიტანე „სივი“, სამსახურშიც საფრანგეთში ამიყვანეს. შემდეგ გამომაგზავნეს საქართველოში სამუშაოდ. 

– საქართველოში რას აკეთებდით? 

– მეღვინედ დავიწყე მუშაობა. თავიდან ვიყავი ხარისხის კონტროლის უფროსი, მევალებოდა ხარისხის მონიტორინგი, შემდეგ გადავედი განყოფილების უფროსად და ბოლოს მთავარი მეღვინე ვიყავი, სანამ თელავიდან წამოვიდოდი. 

2007 წლიდან სახელმწიფო სამსახურში ვიმუშავე. ღვინის ეროვნულ სააგენტოს მაშინ ერქვა ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“, 1 წელი თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. შემდეგ ისევ კერძო სექტორში გადავედი. კომპანია „ტფლისის მარნის“ აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი. ამასობაში რამდენიმე კვლევაც გავაკეთე სხვადასხვა დონორის დაკვეთით, ქართული მეღვინეობის მიმოხილვა. პარალელურად გავაკეთე საექსპორტო ქვეყნის მარკეტინგული სტრატეგიის კვლევა. ამის გარდა ვმუშაობდი ჯიღაურაში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. მაშინ ქართული ვაზის ჯიშებს ვსწავლობდით და რამდენიმე წელი ვიყავი. 2012 წლიდან ღვინის სააგენტოში დავბრუნდი – ვიყავი სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი და უკვე შარშანწინ, მას შემდეგ რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მმართველი მინისტრის მოადგილის პოსტზე გადავიდა, მე წარმადგინა სააგენტოს თავმჯდომარედ. 

– სააგენტოს თავმჯდომარეობა ვინ შემოგთავაზათ? 

– სავარაუდოდ, ეს შეთანხმებული იყო მაშინდელ თავმჯდომარესთან – ლევან დავითაშვილთან (ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრია). თუმცა, მინისტრმა – ოთარ დანელიამ შემომთავაზა, რომ ამ უწყებისთვის მეხელმძღვანელა. 

– სააგენტოს წინა ხელმძღვანელების მუშაობა და გატარებული საქმიანობა შეაფასეთ – რამდენად თანმიმდევრულია უწყების მუშაობა? 

– ყოველ წელს ვცდილობთ, რომ წინა წელთან შედარებით უკეთესად ვიმუშაოთ. თუმცა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ძირითადი გარდატეხა მოხდა სახელის შეცვლასთან ერთად – მიდგომები ძალიან შეიცვალა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ორიენტირი გაკეთდა ქართული ღვინის პრომოციაზე. ჩამოყალიბდა მეღვინეობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგია. რაც მე დავინიშნე თავმჯდომარედ, მცირე რეფორმა ჩავატარე სტრუქტურაში. ძირეული ცვლილება არ გაგვიკეთებია. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ მივყვებით იმ გეგმას, რაც დავისახეთ. თანმიმდევრულობა და სტაბილურობა არის ის, რაც ახლა შედეგებს გვაჩვენებს. დიდი ცვლილებები არ გაგვიკეთებია და არც ახლა ვგეგმავთ, უბრალოდ, ყოველ წელს იხვეწება სისტემა. 

– ღვინის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები ყველასთვის რომ გასაგები იყოს: ვის შეიძლება გაუკონტროლოს საქმიანობა და ვინ არ შედის მის კონტროლში?
 
– ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს კონტროლ-მონიტორინგს საქართველოში ოფიციალურად წარმოებულ ყველა ღვინოზე. ჩვენ აღვრიცხავთ, გვაქვს მონაცემთა ციფრული ბაზა. საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული კომპანიების წარმოებულ თითო ლიტრ ღვინოზე გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. მაგრამ, აქ არ შედიან ის მეღვინეები, ვინც ღვინოებს არაოფიციალურად აწარმოებენ. არცერთი საოჯახო ღვინო ფაქტობრივად ჩვენთან არ აღირიცხება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათ სურთ წარმოებული ღვინის ოფიციალურად გაყიდვა. ოფიციალურად გაყიდვა – ეს არის ან ექსპორტი ან ბოთლში ჩამოსხმა და ადგილობრივ ბაზარზე წესების დაცვით გაყიდვა. თუ ისინი ყიდიან მეზობელ სოფელში მაგალითად, გასვენებაში, ქორწილში ან რამე დღესასწაულზე, ეს ღვინო ჩვენ მიერ არ აღირიცხება. 

– ასეთი მწარმოებლები კანონდამრღვევებად ითვლებიან? 

– ზოგადად ითვლება, რომ ეს ღვინო ფაქტობრივად არ იყიდება. ჩვენ აღვრიცხავთ საქართველოში ყველა ოფიციალურად წარმოებულ ღვინოს, რომელზეც სერტიფიკატი გაიცემა. სერტიფიკატი კი გაიცემა მხოლოდ იმ ღვინოებზე, რომელიც აღრიცხული გვაქვს. 

– სავალდებულოა, რომ მწარმოებელი დარეგისტრირდეს კომპანიად თუ მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული? 

– დარეგისტრირება სავალდებულოა, თუ აპირებს ოფიციალურად გაყიდოს ღვინო. 

– რაც „სამტრესტს“ სახელი შეეცვალა და ღვინის ეროვნული სააგენტო დაერქვა – რა პრინციპული სხვაობაა მაშინდელ უწყებასა და ახლანდელს შორის ფუნქციების თვალსაზრისით? 

– ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, როცა სააგენტოს „სამტრესტი“ ერქვა, ძირითადი ფუნქცია იყო კონტოლი. დღეს ძირითადი ფუნქციაა ქართული ღვინის კონტროლი და პრომოუშენი. ანუ, ორივეს პარალელურად ვაკეთებთ და კომპანიებთან, კერძო სექტორთან გაცილებით ახლოს ვმუშაობთ, ვიდრე ადრე. ვეხმარებით კომპანიებს, რომ უფრო კარგად გაყიდონ. არსებული კონტროლიც დახმარების ნაწილია. კომპანიებმა კარგად იციან, რომ ყველა მათგანისთვის ერთი წესი მოქმედებს და კონტროლი რაც უფრო მკაცრი და მასობრივი იქნება, ყველა კომპანიას ერთნაირ პირობებში ჩააყენებს. ეს ნიშნავს, არ დავუშვათ ცუდი ღვინის გაყიდვა,რომელმაც შეიძლება ზოგადად, ქართული ღვინის იმიჯი დააზარალოს. 

– პრომოუშენი მხოლოდ საექსპორტო თვალსაზრისით, უცხოურ ბაზრებზე მიდის თუ შიდა ბაზრისთვისაც აკეთებთ რამეს? 

– დაყოფილი გვაქვს: საქართველოს შიდა ბაზარი, სადაც საკმაოდ დიდი სამუშაოს ვაკეთებთ, რაც საინტერესო სამუშაოა. ბევრი ღონისძიება კეთდება საქართველოში, მათ შორის ჩვენი უშუალო დაკვეთით ან ჩარევით, რომელიც მეღვინეობის პოპულარობას განაპირობებს. ბოლო წლებში ბევრი ვინმე დაინტერესდა და გაუჩნდა სურვილი, რომ საკუთარ სახლში ღვინო გააკეთოს. ამაში ჩვენი წვლილიც არის.
 
საექსპორტოდ კი ყურადღება გამახვილებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, მნიშვნელოვან გამოფენებზე, კონკურსებზე, სადაც ქართული ღვინოები მონაწილეობს – ხშირად ჩვენი დახმარებით ან თანადაფინანსებით. 

– თუ გაქვთ სტატისტიკა, შიდა ბაზარზე გაყიდულ ღვინოში რა თანაფარდობაა აღრიცხული და აღურიცხავი ღვინის მოცულობებს შორის? 

– ზოგადად თუ დავყოფთ, ჯერ იყოფა გაყიდული ბოთლის ღვინო და ჩამოსასხმელი ღვინო. ბოთლის ღვინის წილი სამწუხაროდ ძალიან მცირეა. თუმცა, ბოლო წლებში მატულობს. ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით 3-4 მილიონი ბოთლია წელიწადში. ექსპორტი კი დაახლოებით 40 მილიონ ბოთლს შეადგენს. წელს კიდევ უფრო მეტი იქნება.
 
– ბოთლში ჩამოსხმული აღურიცხავი ღვინო არსებობს?
 
– თითქმის არა. შესაძლოა იყოს სადმე გამონაკლისი, მაგრამ ბოთლში რასაც ასხამენ, როგორც წესი, ჩვენთან აღრიცხულია. 

გაყიდული ღვინიდან ბოთლში ჩამოსხმული ღვინის წილი დაახლოებით 3-5%-ია. ჩამოსასხმელ ღვინოში თითქმის ნახევარი აღურიცხავია. ჩამოსასხმელი ღვინო რაც იყიდება, დიდი წილი, როგორც წესი, ოჯახში დამზადებულია. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, რაც გარევაჭრობაში – ანუ, ცოტა გაურკვევლობაა მაგ სფეროში. 

– ღვინის ეროვნული სააგენტო პოლიტიკას დამოუკიდებლად განსაზღვრავს თუ პირდაპირ დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე და მის შემუშავებულ გეგმას ატარებს? 

– ჩვენ ვართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ჩვენს ბიუჯეტს ამტკიცებს და ხარჯვაზე კონტროლს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახდენს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი დარგში. იგივე რთველის პოლიტიკა იქნება თუ ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობა, ჩვენ გარდა სხვა სახელმწიფო უწყება არ არსებობს. ანუ, თუ დარგში რაღაც პოლიტიკის გატარება სჭირდება ქვეყანას, ეს ჩვენი მეშვეობით ხდება. 

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს ღვინის სააგენტო და რამდენია საბიუჯეტო დაფინანსება? 

– 50 თანამშრომელი გვყავს. მარკეტინგის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარია წელიწადში, რაც დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გამოდის. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, ბევრი არაფერია.
 
რთველის ბიუჯეტი გვემატება ხოლმე, თორემ უშუალოდ სააგენტოს დაფინანსება მთლიანობაში დაახლოებით 7-8 მილიონი ლარია. 

– სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გარდა რამე სხვა შემოსავალი თუ გაქვთ ან დონორები თუ გაფინანსებენ?
 
– ჩვენ გვაქვს საკუთარი შემოსავალი სერტიფიცირებიდან, ასევე დეგუსტაციებს ვატარებთ... ასეთი შემოსავალი მთელი თანხის მხოლოდ 2-3% შეიძლება იყოს. დონორი ორგანიზაციები ჩვენ არ გვაფინანებენ. 

– რამდენად ახდენს გავლენას პოლიტიკური ძალის ცვლილება ღვინის ეროვნული სააგენტოს მუშაობაზე, თანმიმდევრულობაზე, რასაც დარგში ხანგრძლივვადიანი პოლიტიკის გატარება ჰქვია? 

– ზოგადად, მთავრობის ცვლილება რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს სახელმწიფოს პოლიტიკაზე. სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი კი ეს სააგენტოა. აქ კარგი კადრების შერჩევაც მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მენეჯმენტიც შეიცვალა. პროფესიონალები მოვიდნენ. ახალმა მენეჯმენტმა ჯანსაღი მიდგომა მოიტანა. ასე რომ, რა თქმა უნდა ხელისუფლების ცვლილება გავლენას ახდენს. ასევე იმედი მაქვს, რომ მთავრობის ცვლილება მომავალში არ მოახდენს უარყოფით გავლენას სააგენტოს პოლიტიკაზე და ასე კარგად გაგრძელდება. 

– რა ბერკეტები გააჩნია სააგენტოს დამრღვევების წინააღმდეგ – ჯარიმა, სანქცია თუ მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება? 

– დარღვევის შემთხვევაში გვაქვს ჯარიმის გამოწერის უფლებაც, თუმცა, ეს არ არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა. ჩვენ ვართ ერთადერთი მასერტიფიცირებელი ორგანო მეღვინეობაში. იმ შემთხვევაში თუ არ ხდება წესების დაცვა, არ გავცემთ სერტიფიკატს. 

– დაჯარიმება რა შემთხვევაში ხდება? 

– თუ მეწარმემ არ დაიცვა ის პირობები, რაც მაგალითად, საჭიროა „ქინძმარაულის“ დასამზადებლად, ვერ მიიღებს „ქინძმარაულის“ სერტიფიკატს. მაგრამ, თუ ვიღაცამ მოახდინა ფალსიფიკაცია, ეს ჯარიმა კი არა, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. საქმეც შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეცემა. ბოლო წლებში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ფალსიფიკაციის პრობლემა ქვეყანაში თითქმის აღარც არსებობს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღრიცხულ ღვინოში ფალსიფიკაცია აღარ ხდება. 

ჯარიმები ფიქსირებულია. მაგალითად, სერტიფიცირებისას მეწარმემ თუ მოტყუებით სხვა ნიმუში წარადგინა, 10000-ლარიანი ჯარიმაა. 

– გამოგიყენებიათ ასეთი სანქციები?
 
– რაც მე ვმუშაობ, არ გამოგვიყენებია. ისტორიაში გვახსოვს, რომ იყო 2 ასეთი შემთხვევა. თუმცა, ის ბერკეტები, რაც ჩვენ გვაქვს, იგივე სერტიფიკატის არ გაცემა, გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ჯარიმა ან სხვა ზედმეტი ჩარევა.
 
– ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში ღვინის სააგენტოს როლი უფრო მნიშვნელოვანია თუ შექმნილმა გარემომ ისედაც მოიტანა ხარისხის ამაღლება? 

– ხარისხის გაუმჯობესებას ყველაფერი ერთად ქმნის: სტაბილურობა დარგში, ექსპორტში, გაყიდვებში, არის მთავარი ფაქტორები, რაც ღვინის ხარისხს განაპირობებს. წლებია, ქართული ღვინის სახელი იმატებს არა მარტო ტრადიციულ, არამედ ახალ ბაზრებზეც. 

რა თქმა უნდა, კონტროლიც არის და ჩვენი, ღვინის ეროვნული სააგენტოს როლი მნიშვნელოვანია. 

თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ ღვინის ხარისხს. გვაქვს ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი ვენახის შესახებ. მაგრამ მალე გვექნება მთელი ვენახების სრული ციფრული კადასტრი. ახლა გვაქვს ყვარლის რაიონი – „ქინძმარაულის“ ზონა და ამბროლაურის რაიონი – „ხვანჭკარის“ ზონა, ასევე თელავის რაიონი. გაისად ვგეგმავთ გურჯაანის რაიონის კადასტრის დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კარგ შედეგებს მოგვცემს. ამას გარდა, რთველზე უკვე 3-4 წელია, აღვრიცხავთ გადამუშავებულ თითოეულ კილოგრამ ყურძენს. ვიცით, თითოეულმა კომპანიამ რამდენი კილოგრამი ყურძენი გადაამუშავა, რომელი სოფლიდან, რა ჯიშის... ვიცით, გადამუშავებული ყურძნის მიხედვით ვინ რამდენი ლიტრი ღვინო შეიძლება აწარმოოს. 

ასევე აღვრიცხავთ ნაშთებს, ხორციელდება შერჩევითი კონტროლი და სერტიფიცირება. ჩამოსხმული თითოეული ბოთლი გადის კონტროლს. დამოუკიდებელ ლაბორატორიებში ხდება კონტროლი. თუ არ შეესაბამება რამე ნორმა, ღვინო სერტიფიკატს ვერ მიიღებს. ამის შემდეგ, ადგილწარმოშობის დასახელების მქონე ღვინოები – ხვანჭკარა, ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი, და ა.შ., სულ 18 დასახელება არის დაცული დღეის მდგომარეობით – გადის დეგუსტაციას. თუ მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, მაგრამ არ აკმაყოფილებს გემოვნურ თვისებებს, ეს ღვინო ვერ მიიღებს შესაბამის სახელს – „ქინძმარაულს“, „წინანდალს“, „მუკუზანს“ თუ „ტიბაანს“ და ა.შ. 

და კონტროლის მესამე ეტაპი – თითოეული ბოთლი ღვინო, რომელიც ჩამოისხმება, ვიცით რომელი მარაგიდან არის ჩამოსხმული და ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაბამისი პროდუქტი, შესაბამისი დასახელების ყურძენი მიღებული. 

ამ სამივე ეტაპს თუ არ გაივლის ღვინო, სერტიფიკატს ვერ მიიღებს. სერტიფიკატის გარეშე კი რეალიზაცია ვერ მოხერხდება. ასე რომ, მთლიანობაში საკმაოდ მობილიზებულია ყველა. შეიძლება ბევრი ეტაპები ჩამოვთვალე, მაგრამ საკმაოდ გამართული სისტემაა, რომელსაც ყველა კომპანია იცავს, ასრულებს და პრინციპში, ალბათ დარღვევა უფრო რთულია, ვიდრე შეუსრულებლობა. 

– ინვესტორების ინტერესი საქართველოში მეღვინეობის სფეროში კლებულებს. აღარ ჩანს მსხვილი ინვესტორები, ვინც საქართველოში მეღვინეობაში დააბანდებს დიდ ფულს. 

– ჩემი აზრით პოზიტიური ცვლილებაა, რაც ბოლო წლებში მოხდა. ადრე შემოდიოდნენ დიდი კომპანიები და აწარმოებდნენ დიდი მოცულობის ღვინოს. ნელ-ნელა უკვე საშუალო და პატარა მარნების რაოდენობა მატულობს. დიდი ქარხანა ძველებურად ვეღარ ყიდის იმდენ ღვინოს. კომპანიები, რომლებიც დღეს არის ბაზარზე, გაცილებით ნაკლებ ღვინოს აწარმოებენ რაოდენობრივად, ვიდრე იყო საბჭოთა პერიოდში, მაგრამ, ხარისხი, სტილი და ხასიათი გაცილებით მეტი აქვს დღევანდელ ღვინოებს. ჩნდება პატარა საოჯახო წარმოებები, რომლებიც მსხვილდებიან, ვენახებს ყიდულობენ, 10-20 ჰექტარს. დაიწყეს ბოთლში ჩამოსხმა და ოფიციალურად გაყიდვა. ექსპორტზეც წარმატებულად გააქვთ. ასევე საშუალო სიდიდის მწარმოებლები მომრავლდნენ. ექსპორტს თუ შევხედავთ, დაახლოებით 80% მოდის 15 კომპანიაზე და არცერთი მათგანი არ არის გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც მოდას ქმნის. 

– ღვინის ბიზნესი საქართველოში, როგორც ფულის კარგად კეთების საშუალება, ინვესტორების დასაინტერესებლად აღარ გამოდგება? 

– მეღვინეობა მომგებიანი ბიზნესია, მით უმეტეს, თუ მცოდნედ მივუდგებით. მაგრამ, ეს არ არის ისეთი ბიზნესი, რომ ჩადებული ფული უცებ ამოიღო. არ არის ისე, როგორც 2013-ში ეგონათ, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნება და ვისაც ღვინო აქვს, ყველა გაყიდისო. ბოლო წლებში რუსეთის ბაზარიც შეიცვალა და იქაც უკვე რაღაც დონეზე ხარისხს ითხოვენ. ასე რომ, ღვინის ბიზნესი არ არის ფულის საკეთებელი მანქანა. ვინც სფერო იცის, იმან უნდა აკეთოს. ვინც არ იცის მევენახეობა-მეღვინეობა, ვურჩევ, ამ საქმეში ფული არ ჩადოს.
 
– რთველის თემას შევეხოთ. რა უჯდება სახელმწიფოს რთველის სუბსიდირება და არის თუ არა სარგებელი ფულის ამგვარ გადახდაში, მუდმივ დოტაციას ხომ არ დაემსგავსა ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება? 

– მთავრობას აქვს პოლიტიკა, რომ ხელისუფლების მიზანი არ არის სუბსიდირება ხანგრძლივ პერსპექტივაში ხდებოდეს. სახელმწიფო რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეს სუბსიდირებიდან და ნელ-ნელა ასეც ხდება. უკვე წლებია, დარგი მიჩვეულია გარკვეულ სუბსიდიებს და სახელმწიფოს უცებ გასვლა უჭირს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევამციროთ სუბსიდირება, ანუ ჩარევა ყურძნის ფასებში და უნდა გავზარდოთ ხელშეწყობა გაყიდვებში.
 
– თუ რთველის დაფინანსებიდან სახელმწიფოს გასვლაა გადაწყვეტილი, წელს ნაკლებად ჩაერია, ვიდრე შარშან?
 
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკლებად ჩაერია. თუმცა, წელს დიდად შემცირება ვერ მოვახერხეთ, რადგან ღვინის საექსპორტო ფასმა მოიკლო, რაც დიდ გავლენას გამოიწვევდა. ყველაზე მეტი ჩარევა 2012 წელს იყო. სამწუხაროდ, არჩევნებმა იქონია გავლენა. ხელისუფლება იცვლებოდა და დატოვა რაღაცა ფასი, რომელიც მოცემულობად იქცა. ჩვენ მოვახერხეთ და ის მითი დავანგრიეთ, რომ ფასი უნდა იყოს ძალიან მაღალი. ყურძნის ფასი ნელ-ნელა საბაზრო ფასს უახლოვდება. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ მალე შევძლებთ, რომ სუბსიდირება რთველს ან აღარ, ან მცირე რაოდენობით დასჭირდება.
 
– თუმცა, 2012 წლის არჩევნების წინ მაშინდელმა ოპოზიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა სახალხოდ, რომ არ შეიძლება ყურძენი 1 ლარზე იაფი ღირდესო. შეიძლება შემდეგი ხელისუფლებაც ოპონენტების განცხადებების მძევალი აღმოჩნდეს და ასე გაგრძელდეს უსასრულოდ.
 
– განმარტა ბიძინა ივანიშვილმა, რას გულისხმობდა იმ ერთ ლარში. დასახელებული ფასი იმას კი არ გულისხმობს, რომ ვიღაცამ ყოველ წელს გადაიხადოს, არამედ, ეს არის სურვილი, სადამდეც უნდა მივიდეს ყურძნის ფასი და სწორი გაყიდვების შემთხვევაში შეიძლება ამ ფასამდე მივიდეთ. მაგრამ, ბოლო წლებში – შარშანაც და წელსაც ყურძნის ფასი ნაკლები იყო. თუმცა, არც ოპოზიციას და არც მთავრობას ამითი პრობლემა არ შეჰქმნია. 
წელსაც, მიუხედავად იმ იმისა, რომ დასახელებულზე იაფი ღირდა, მევენახე უკმაყოფილო არ დარჩენილა. არ ვაპირებთ პოლიტიკური სპეკულაციების ტყვეობაში ყოფნას. ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია რაღაც გადაწყვეტილების მიღება და დარგისთვის რაც არის კარგი, ის უნდა გავაკეთოთ. 

– რა თანხის სუბსიდირებასაც ახდენს სახელმწიფო, იმ თანხის ადეკვატური მოცულობის ღვინო იწარმოება?

– წელს, 2016 წლის მონაცემებით დაახლოებით 100 მილიონი დოლარი იქნება ექსპორტიდან შემოსული თანხა. სუბსიდია კი 30 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია. ასე რომ სულ სხვა თანხებზე ვსაუბრობთ. 

– სუბსიდირება რომ არ მომხდარიყო, გაყიდვები რაღაც დონეზე ხომ მაინც იქნებოდა? 

– სუბსიდირება რომ არ ყოფილიყო, გაყიდვები იქნებოდა, მაგრამ ყურძენი დაახლოებით ორჯერ იაფი, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო ნაკლები იქნებოდა. მევენახე წავიდოდა ზარალზე, რამაც შეიძლება ვენახის გაჩეხვა გამოიწვიოს. ვენახის გაჩეხვით საბოლოოდ გაცილებით დიდ ზარალს ვნახავთ, რადგან ვენახის გაშენება ძალიან ძვირია და შემოსავალს წლების მერე იძლევა. ამიტომ, სჯობს ახლა შევინარჩუნოთ კარგი ვენახები და ფასის სუბსიდირება დარჩეს. როდესაც გაყიდვები წარმოებას დაეწევა და დააბალანსებს, უკვე არ გვექნება ზედმეტი ფული დასახარჯი ვენახის გაშენებაში. ექსპორტი იზრდება, ვენახის ფართობის დამატება მაინც დაგვჭირდება. ეხლა რომ გაიჩეხოს და მერე გაშენდეს, ორმაგი ხარჯია. ამიტომ, სუბსიდირების მოცულობა ყოველი წლის დასაწყისში დაითვლება ხოლმე. ხდება ანალიზი, რამდენია დაახლოებით ყურძნის მოსავალი და რა იქნება მოთხოვნა ყურძენზე. თუ სხვაობა დიდია, ჩარევა მეტი სჭირდება ხოლმე, თუ ნაკლებია, ნაკლები. ამას სპეციალისტები და პროფესიონალები ითვლიან. მთავარი მიზანია, რომ სტაბილური ფასები იყოს. სტაბილურობა კარგია მევენახისთვისაც და ღვინის მწარმოებლისთვისაც. ფასის თამაში უაზროს ხდის ამ ბიზნესში მონაწილეობას.
 
მე ვთვლი, რომ ვენახები არ უნდა გაიჩეხოს, რადგან მეტი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე დღეს ვყიდით. იგივე ადგილობრივ ბაზარზე, ღვინო უფრო მეტი რაოდენობით უნდა მოიხმარებოდეს სხვა ალკოჰოლიან სასმელებთან შედარებით. ღვინო ჩავანაცვლეთ არყით, ლუდით და სხვა ალკოჰოლური სასმელებით. როგორც კი საქართველოში შემოსავლები გაიზრდება, ღვინის მოხმარებაც მოიმატებს იგივე არყის თუ სხვა იაფფასიანი სპირტიანი სასმელების ხარჯზე. ამიტომ, ეს ვენახები ჩვენ ადგილობრივი ბაზრისთვისაც გვჭირდება. არის რეგიონები საქართველოში, სადაც ყურძენი ან არ მოდის, ან ძალიან ცოტა მოდის, შესაძლოა მოწეული ყურძენი იქით გადამისამართდეს და დაკმაყოფილდეს სხვა რეგიონების მოთხოვნებიც. 

ასევე არის ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს აუცილებლად ექნება ექსპორტი. დღეს ვენახების ფართობი გვაქვს 50 ათას ჰექტარზე და მინიმუმ 70 ათასი ჰექტარის პოტენციალი არსებობს ხანგრძლივ პერსპექტივაში. თუ ფასების სტაბილურობას დასჭირდა სუბსიდია, სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს. თუ არ დასჭირდა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დახარჯოს ფული ამ მიმართულებით. 

– ამ ქვეყანაში ხალხის განწყობებით თამაში ჩვეულებრივ ამბად იქცა და ცოტა რთულია ხოლმე ხელისუფლებამ არ გაითვალისწინოს იგივე მევენახეებისთვის ყურძნის სუბსიდირება.
 
– ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის ხალხი, ასევე კომპანიები და ექსპერტები, ყველანი ვცდილობთ პოლიტიკაში ნაკლებად ჩავერიოთ და პოლიტიკის გავლენა ჩვენზე იყოს მინიმალური. მგონი, ვახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ შარშან რთველზე იყო გარკვეული სპეკულაციები სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან, გავართვით თავი. წელს მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წელი იყო, ფაქტობრივად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ჩატარდა რთველი.
 
– რუსეთის ბაზრის შესახებ არსებული მითები და რეალობა რომ სხვადასხვაა, ხალხმა დაიჯერა? 

– მე მგონი, მითები უკვე დაიმსხვრა. აღარავის ჰგონია, რომ ოღონდ ქართული ღვინო იყოს და აუცილებლად ყველა დალევს. რუსეთის ბაზარი, როგორც სხვა ბაზრები – ვითარდება. მსოფლიოში ღვინოს უფრო აფასებენ და მეტად ცნობენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის მომხმარებელი, ვინც ქართულ ღვინოს იცნობს და აფასებს, სინჯავს სიახლეებს. არის გამოხმაურებები და პოლემიკა ქართული ღვინის ხარისხზე. ხშირად მათ უფრო კარგად იციან, ჩვენ მწარმოებლებს რომელი ღვინო რომელ წელს უფრო კარგი ჰქონდათ. ასე რომ, იგივე რუსეთშიც არის პროფესიონალი მომხმარებელი, რომელიც ხარისხიან ქართულ ღვინოს აფასებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება რამე ცუდი თქვას, ქართულ ღვინოს ზოგადად კარგი სახელი აქვს, მით უმეტეს ახალ ბაზრებზე და მით უმეტეს ახალი სტილის ქართულ ღვინოებს, რომელიც ბოლო ათი წელია რაც წამოვიდა. 

– 2006 წლის ემბარგომდე არ იყო ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე მთლად იდეალური ხარისხის ღვინით წარმოდგენილი. 

– ემბარგოს წინა პერიოდში იყო რამდენიმე მწარმოებელი, რომლებიც ბოლომდე კეთილსინდისიერად არ მუშაობდა. ძალიან კარგია, რომ დღეს ეგ აღარ ხდება. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფოც და კერძო სექტორიც ერთსულოვანი ვართ და ვთანხმდებით, რომ ასეთი დრო არ უნდა დაბრუნდეს. 

– არის კი რუსეთის ბაზარი უკიდეგანო შესაძლებლობების ადგილი, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს? 

– უკიდეგანო შესაძლებლობების ბაზარი მსოფლიოში არცერთია, მათ შორის არც ჩინური. ყველას აქვს თავისი საზღვარი, თავისი მოთხოვნა და ყველას სჭირდება პროფესიონალური მიდგომა. ზუსტად უნდა იცოდე კონკრეტულ ბაზარზე რა ხარისხის ღვინო რა ფასად და სად უნდა გაიყიდოს. ვინც ეს იცის, წარმატებულადაც ყიდის.
 
რუსეთი აღარ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მხრივ პირველ ადგილზეა, ჩვენ ვცდილობთ მოხდეს დივერსიფიკაცია. არა იმიტომ, რომ ერთი ბაზარი მოგვწონს ან არ მოგვწონს – გვინდა, რომ გაყიდვები იყოს სტაბილური და ღვინო რაც უფრო მეტ ქვეყანაში გავა, მით უფრო მეტია შანსი სტაბილურობის. რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს იცნობენ, აფასებენ და კარგად იყიდება, თუმცა, არასტაბილური ბაზარია. მხოლოდ პოლიტიკას არ ვგულისხმობ. ეკონომიკურადაც არასტაბილურია – იყო ეკონომიკური ჩავარდნები, იგივე რუბლის გაუფასურება, რამაც გაყიდვებზე იმოქმედა. 

– ახალი ბაზრების ათვისების ხელისშემშლელი ფაქტორი რა არის? 

– ალბათ, დრო და თანხები. ჩვენ გვაქვს მარკეტინგული სტრატეგია, სადაც განისაზღვრა მნიშვნელოვანი ბაზრები. ქვეყნები, სადაც ქართულ ღვინოებს აქვს პოტენციალი და მარკეტინგულად უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ. იგივე აშშ-ის, ჩინეთის, ევროკავშირის, ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით...
 
– თვითონ პროდუქციაში არ არის პრობლემა და მხოლოდ პრომოუშენიღაა საჭირო? 

– პრომოუშენი და დრო. პირველ პრობლემად თანხების ნაკლებობას დავასახელებ. იგივე აშშ-ის ბაზარი ძალიან კარგი მაგალითია – რამდენსაც დახარჯავ, შესაბამის მოგებას ნახავ. ჩვენი შეზღუდული რესურსების პირობებშიც გვაქვს შედეგები, გაყიდვები იზრდება, მაგრამ გაცილები მეტ შედეგებს მივიღებდით, მეტი ფული რომ დახარჯულიყო.
 
– თანხას სახელმწიფო ხარჯავს? 

– სახელმწიფოც და კერძო სექტორიც. ჩვენ პოლიტიკა, სამოქმედო გეგმა შევაჯერეთ და მივყვებით. თანხებს ვინაწილებთ ხოლმე. კერძო სექტორი არ არის მზად, რომ მარკეტინგული ხარჯი მთლიანად იკისროს. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ქვეყანაში ლიდერი, დიდი კომპანიები არ არის გამოკვეთილი. ამიტომ, ვცდილობთ ერთობლივად განვახორციელოთ ეს ღონისძიებები. გამოფენები, სოციალური ქსელების გამოყენება, რეკლამები პირდაპირ თუ არაპირდაპირ... ფაქტობრივად, ყველა გზას მივმართავთ. ხელისუფლება ოფიციალური შეხვედრების დროსაც იყენებს საშუალებას, რომ წარმოაჩინოს – საქართველოში ღვინო მნიშვნელოვანი პროდუქტია და ყოველთვის პირველ პლანზე არის ხოლმე ნახსენები. ამის პარალელურად მიდის დასახელებების დაცვა, ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ – ეს ყველაფერი ხორციელდება.
 
კერძო სექტორს საბედნიეროდ კარგად ესმის, რომ კომპანიები ერთმანეთის კონკურენტებზე მეტად ერთმანეთის პარტნიორები არიან და უცხოეთის ბაზარზე ერთი კომპანია მეორის კონკურენტი არ არის. მსგავსი პოლიტიკა აქვთ მარკეტინგულ კომპანიებსაც და ერთობლივად ვახერხებთ, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი გავხადოთ. 

– იმ სეგმენტში, სადაც ცნობილი ფრანგული თუ იტალიური ღვინოებია წარმოდგენილი, ქართულ ღვინოს კონკურენცია ხარისხის მხრივ არ გაუჭირდება? 

– ხარისხის მხრივ პრობლემა არა გვაქვს. ხარისხი საკმაოდ კარგია და ქართულ ღვინოს თვისებებიც საკმაოდ კარგი აქვს. სტრატეგიაში შევაჯერეთ, რომ არ ვმუშაობთ იაფფასიან სეგმენტზე, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა, მით უმეტეს საფასო. ჩვენი ღვინო საკმაოდ ძვირია იმისთვის, რომ იქ იაფიან სეგმენტში გაიყიდოს. პლუს, ქართულ ღვინოს ისეთი დასახელებები აქვს, რომ ამ იაფიან სეგმენტში ვერ იმუშავებს, სადაც მსოფლიოში ცნობილი დასახელებები – მაგალითად, შარდონე და კაბერნეა წარმოდგენილი. ამიტომ, ჩვენ საშუალო ან საშუალოზე ცოტა მაღალ სეგმენტზე ვმუშაობთ, სადაც მოცულობები ნაკლებია. ასევე ვმუშაობთ ისეთ მომხმარებელზე, რომელსაც მრავალფეროვნება, განსხვავებული პროდუქტი აინტერესებს, არ უნდა მასობრივი წარმოებები და სურს განსხვავებული. ეს უპირატესობები ქართულ ღვინოს აქვს: ადგილობრივი უნიკალური ჯიშები, ადგილობრივი მეთოდებით დამზადებული ღვინო. თანაც ის, რომ საქართველო უძველესი ღვინის ქვეყანაა – საინტერესოა პროფესიონალი მომხმარებლისთვის. 

– რა მომავლის გეგმები აქვს ღვინის სააგენტოს? 

– ახლა წლის ბოლოა, მომავალი წლის სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ. ბიუჯეტი იგივეა, რაც წელს იყო. ვისურვებდი მეტი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი არ გამოდის. ვმუშაობთ, რომ სამოქმედო გეგმა კარგად განვსაზღვროთ და გაისად პრობლემები არ იყოს შესრულებაში, გვსურს კერძო სექტორის მონაწილეობა გავზარდოთ...
 
– მომავალ წელს სუბსიდიის მოცულობა შეიცვლება?

– სუბსიდირებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება 2017 წლის რთველზე ყურძნის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. გაყიდვებიდან და ექსპორტიდან გამომდინარე დაახლოებით ვიცით, რა მოცულობის ყურძენსაც შეისყიდიან მწარმოებლები. იმედი მაქვს, რომ როგორც წელს, მთავრობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. 

– რაც შეეხება სამომავლო თქვენს პირად გეგმებს? 

– ჩემი პირადი გეგმა ჯერ სააგენტოში მუშაობაა. საბოლოოდ ალბათ მაინც კერძო სექტორში წავალ. მეღვინეობაში ვარ, რაც ინსტიტუტი დავამთავრე. ჩემ ასაკში სხვა ბიზნესში უკვე ვეღარ გადავალ. ასე რომ აქ დავრჩები, თუმცა, რა ფორმით, ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ყველას აქვს ოცნება ჰქონდეს საკუთარი ვენახი და საკუთარი ღვინო აწარმოოს. თუ მოვახერხე, ბედნიერი ვიქნები. ჯერჯერობით ჩემს საკუთარ ყურძენს ვწურავ თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში ჩემს ძმებთან ერთად და ჩვენ თვითონ მოვიხმართ ხოლმე. 

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

– თავისუფალი დრო – ასეთი თუ არსებობს, წლებია არ მინახავს. როცა თავისუფალი დრო მქონდა, ლექციებს ვკითხულობდი. დეგუსტაციას ვკითხულობდი კერძო სასწავლებლებში, აგრარულ უნივერსიტეტშიც და უფრო მეტად – დეგუსტაციის სკოლაში. სხვათა შორის, ასეთ ლექციებზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. მინდა, ისევ გამოვნახო ლექციების წასაკითხი დრო. 

რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და ორი შვილი. მიყვარს ბავშვების ტარება დაბადების დღეებზე და მათთან ერთად ყოფნა.
 
ესაუბრა თემურ იობაშვილი