ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ შპს "მაი.ჯი"-ს ერთ-ერთ დამფუძნებელ და პარტნიორ ლაშა გიგიტელაშვილთან - #4(49), 2016
ლაშა გიგიტელაშვილი დაიბადა 1981 წლის 24 თებერვალს, თბილისში.

განათლება

1987–1993 თბილისის მეორე ექსპერიმენტული საშუალო სკოლა;

1993-1998 ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა;

1998-2002 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი 
მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი, ბაკალავრიატი;

2003-2005 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი
მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი, მაგისტრატურა;

2008-2011 კავკასიის ბიზნეს სკოლა, MBA.

სამუშაო გამოცდილება

2000-2003 შპს „ინფოჯორჯია XXI“ – პროგრამისტი;

2003-2005 მიკროსაფინანსო ფონდი „კონსტანტა“ – პროგრამისტი;

2005-2010 შპს „მაგთიკომი“ – პროგრამისტი;

2003-დან შპს My.ge – დამფუძნებელი პარტნიორი.

უცხო ენები: ინგლისური, რუსული.

ჰყავს მეუღლე თამარ მოსეშვილი და შვილები გიორგი და ალექსანდრე.

– ბატონო ლაშა, სანამ უშუალოდ თქვენი დღევანდელი საქმიანობაზე ვისაუბრებთ, თქვენი განათლების შესახებ მოკლედ გვიამბეთ.

– დავიბადე თბილისში, 1981 წელს. 1998 წელს დავამთავრე კომაროვის სახელობის სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოყენებითი
მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე, რომელიც 2002
წელს დავამთავრე. შემდეგ გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაში და დავამთავრე 2005 წელს.

– მუშაობა სად დაიწყეთ?

– ჯერ კიდევ მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა მუშაობა საინფორმაციო ცენტრ 09-ში დავიწყე. მაშინ მოხდა პრივატიზაცია და ახალი ბაზა, ახალი
პროგრამა გავაკეთეთ. ასე რომ, ჩემი სამუშაო გამოცდილება პროგრამირებაში
მანდ დაიწყო.

მოგვიანებით რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე. პროგრამირების კუთხით
ვიმუშავე მიკროსაფინანსო ფონდ „კონსტანტაში“, შემდეგ „მაგთიკომში“ და
ბოლოს აქტიურად გადმოვედი აქ. 

– რაც შეეხება უშუალოდ თქვენი საქმის დაწყებას?

– პირველი საიტი გავაკეთე MyMobile.ge, რომელიც მოგვიანებით გავყიდეთ და აღარ არის ჩვენი. შემდეგ უკვე, 2003-2004 წელს მე და ჩემმა ძმამ დავიწყეთ MyAuto.ge-ს გაკეთება. მსგავსი დანიშნულების საიტი საქართველოში მანამდე არც იყო. დავდიოდით ბაზრობაზე, მანქანებს ფოტოებს ვუღებდით, ვდებდით საიტზე. ასე, ნელ-ნელა მოიპოვა პოპულარობა ჩვენმა საიტმა.

- იდეა საიდან წამოვიდა, რომ MyAuto.ge გაგეკეთებინათ?

– არსებობს გერმანული მობილე.დე და მაგის მიხედვით გავაკეთე. ასე რომ, მთლად ახალი იდეა არ ყოფილა. უბრალოდ, საქართველოში არ იყო მსგავსი და ჩვენ შევქმენით.

– უშუალოდ თქვენ დაიწყეთ თუ მამათქვენმა, რომელიც ახლა My.ge-­ს დირექტორია?

– მე და ჩემმა ძმამ. მამაჩემს მანამდე ჰქონდა მობილური ტელეფონების მაღაზია და MyMobile.ge სწორედ მაგ მაღაზიისთვის გავუკეთე. მერე უკვე მომდევნო
საიტებზე მუშაობა ერთად დავიწყეთ: MyAuto.ge, MyMarket.ge და ა.შ.
გავაკეთეთ.

– პირველი MyAuto.ge იყო?

– კი, MyMobile.ge-ს შემდეგ ეგ გავაკეთეთ. MyMobile.ge-ს რეკლამა არც გვქონია, ისე გახდა ცნობადი. MyAuto.ge-ც მსგავსად გახდა პოპულარული. თავიდან, ბანერი MyMobile.ge-ზე გვედო და ისე მოიპოვა ცნობადობა.

– საქმიანობის დასაწყისში რა პრობლემებს აწყდებოდით ხოლმე?

– თავიდან, ბაზრობაზე რომ მივდიოდით, გასაყიდ მანქანებს ფოტოებს
ვუღებდით და საიტზე ვდებდით – მანქანების პატრონები მაინც უარს გვეუბნებოდნენ ხოლმე. ეზარებოდათ გასაყიდი მანქანის ტექნიკური
მახასიათებლების თქმა, საიტზე მაინც ვინ ნახავს და ვინ იყიდისო. მაშინ
საიტს ცნობადობა არ ჰქონდა, ხალხმა არ იცოდა, ინტერნეტში თუ შეიძლებოდა რამეს ნახვა...

– ინფორმაციის და ფოტოების განთავსებაში ფულს არ ართმევდით?

– არა. თავიდან ყველაფერი უფასო იყო.

– რა პერიოდში გამოჩნდა, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ბიზნესს ემსგავსებოდა?

– 2005-2007 წლებში, პირველი სარეკლამო ბანერების დადება რომ მოუნდათ ჩვენს საიტზე, მაშინ. იმ პერიოდისთვის საიტი ცნობილი გახდა, ხალხი შედიოდა, პოპულარობა მოიპოვა და მაგის მერე წამოვიდა ბიზნესისგან დაინტერესება, რომ რეკლამა გაეკეთებინათ MyAuto.ge-ზე. შემოსავალიც
მაგედან წამოვიდა. მანამდე მხოლოდ ხარჯები გვქონდა. თავიდან ჩვენ დავდიოდით, მერე თანამშრომლები ავიყვანეთ, ვინც სურათებს უღებდა
ბაზრობაზე გასაყიდ მანქანებს. მათ ხელფასებს ჩვენი ჯიბიდან ვუხდიდით და
ასე ვაკეთებდით ინვესტიციას.

– გარკვეული პერიოდი წაგებაზე მუშაობდით.

– კი, 1-2 წელი არც იყო მოგებაზე ლაპარაკი, შემოსავალი არ იყო. მაშინ საიტის პოპულარობა იზრდებოდა ხალხში და ზოგადად, ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობაც მატულობდა. თბილისში კარგად არის განვითარებული ქსელი,
მაგ პერიოდში იზრდებოდა მომხმარებელთა რაოდენობა და მაგასთან ერთად ჩვენც ვვითარდებოდით.

– MyAuto.ge-­ს განვითარება გასაგებია. დანარჩენი ბიზნესების საქმე როგორ იყო?

– MyAuto.ge-ს მერე MyMarket.ge გავაკეთეთ. საიტზე ყველა სახის განცხადებები გვქონდა, ავტომობილების გარდა. შემდეგი იყო ავტომობილების ნაწილების ყიდვაგაყიდვის საიტი. ავტონაწილების განცხადებები ადრე
MyAuto.ge-ზე იყო და ცალკე გამოვყავით MyParts.ge. შემდეგ MyMarket.ge-დან გამოვყავით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და გავაკეთეთ MyHome.ge.
იმავდროულად ცალკე გამოვყავით ვაკანსიები საიტზე MyJobs.ge.

– შემოსავლიანობის მხრივ როგორ არის გადანაწილე­ბული – ყველა საიტს მოაქვს მოგება თუ, მაგალითად, MyAuto.ge „ინახავს“ დანარჩენებს?

– არა. წამგებიანი ფაქტობრივად არცერთი საიტი არ არის, გარდა იმათი, რომელიც ახალი დაწყებულია ხოლმე. აზრი არა აქვს, ტყუილად რატომ უნდა შევინახოთ წამგებიანი ბიზნესი?

– ამ საიტების გარდა თქვენ სხვა ბიზნესებში თუ მონაწილეობთ?

– კი, კიდევ ორ ბიზნესში ვარ. ერთი არის BabyMall.ge, რომელიც არის ჩვილი ბავშვების ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზია და არის კიდევ დაწნული ავეჯის მაღაზია CosyCorner.ge, რომლის საამქროც საქართველოში,
თბილისშია. ვაკეთებთ ავეჯს, რომელიც მეტალზე გადაკრული პოლიმერის
მასალისგან არის დამზადებული. 

– ეგეც საოჯახო ბიზნესია?

– გარკვეულწილად, ამ საქმეებში ჩემი მეუღლე და მეგობრები მონაწილეობენ.

– თქვენი ჰოლდინგი, My.ge – რამდენ თანამშრომელს აერთიანებს?

– დაახლოებით 25 ადამიანს. ჩემი აზრით ძალიან კარგი გუნდია შეკრებილი. ნაწილი პროგრამისტები არიან, ვინც IT-მიმართულებით მუშაობს და ნაწილი საიტების ადმინისტრირებაშია ჩართული.

– შორიდან რაც ჩანს, კომპანიის ბრუნვა თანამშრომელთა რაოდენობასთან შედარებით საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

– კონკრეტული რიცხვების დასახელებისგან თავს შევიკავებ. სხვა მსგავსი კომპანიების შემოსავალზე და ბრუნვაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენ
ვფიქრობთ, რომ ამ ოდენობის პერსონალისთვის საკმაოდ ნორმალური
ბრუნვა გვაქვს.

– იმის თქმა თუ შეგიძლიათ, საშუალო ხელფასი რამ­დენი აქვთ თანამშრომლებს? იგივე პროგრამისტის ან სხვა პოზიციის დასაკავებლად რამდენად დიდი სტიმული აქვთ თქვენთან მუშაობის დაწყების მსურველებს?

– სხვა კომპანიებზე მეტია აქ ხელფასიო, ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ნაკლებია. დაახლოებით, საშუალოა, რაც ბაზარზეა.

– თუ გაქვთ სტატისტიკა, მთლიან გაყიდვებში დაახლოებით რამდენი მანქანა იყიდება MyAuto.გე­ს მეშ­ვეობით?

– ძნელია მაგისი თქმა. მაგას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რა განცხადებებიც იდება, იქიდან რამდენი გაიყიდა. მით უმეტეს, არ ვიცით სხვა არხებით რამდენი მანქანა იყიდება და შესაბამისად, MyAuto.ge-ს წილზეც ვერაფერს გეტყვით. მთავარია, რომ საიტის ცნობადობა მაღალია და მგონი ყველამ იცის ჩვენს შესახებ. მანქანის ყიდვა-გაყიდვით ვინც არის დაინტერესებული, ერთხელ მაინც შემოვა საიტზე. აქ იმხელა არჩევანია, რომ ყველა შემოდის და ეძებს.

– თქვენს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას გაყიდვა მოჰყვა თუ არა, მაგას ვერ აკონტროლებთ?

– ვერა. უშუალოდ ჩვენ ხომ არ ვყიდით მანქანებს, შუამავლები ვართ. MyAuto.ge პლატფორმაა, პორტალია, სადაც იდება როგორც კერძო პირების, ასევე დილერების და ნებისმიერი პირის განცხადებები.

– საინტერესოა, რომ დღემდე შესაძლებელია მანქანის გამყიდველმა განცხადება უფასოდ გამოაქვეყნოს.

– 2 მანქანის გაყიდვის განცხადების დადება უფასოა – ანუ, ვინც კერძო მომხმარებელია, მათთვის ასეა. ვინც მეტს ყიდის, უკვე ბიზნესად ითვლება და თითო განცხადების ფასი 1 ლარია. თუ ბევრ განცხადებას განათავსებს, უკვე თითო განცხადების ფასიც მცირდება. ბოლოს, დაახლოებით 10 თეთრზეც კი ჩამოდის 1 თვით განცხადების დადება. ეს ფასიც იმიტომ დავადეთ, რომ არასწორ განცხადებებს აქვეყნებდნენ ხოლმე საიტზე. ასე რომ, ფასი თავიდან უფრო მაგის კონტროლისთვის შემოვიღეთ, ვიდრე შემოსავლის მიღების მიზნით.

– საიტზე ძირითადი შემოსავალი რეკლამაა?

– ადრე ასე იყო, მაგრამ ახლა უკვე დაახლოებით თანაბარია განცხადებებიდან და რეკლამებიდან შემოსული თანხა. სანამ განცხადების გამოქვეყნება უფასო იყო, ძალიან ბევრ არასწორ განცხადებებს დებდნენ ხოლმე და ფასი მაგის შესაზღუდად შემოვიღეთ. შემდეგ უკვე ისე მოიმატა განცხადებებმა, ბანერებიდან მიღებულ შემოსავალს თითქმის გაუტოლდა.

– ფასიანი განცხადებებიც დაყოფილია სხვადასხვა ფასის მიხედვით.

– დღეში 1 ლარია VIP-ში დადება, VIP+ დღეში 2 ლარი, Super VIP-ში 10 ლარი ღირს. იცვლება ხოლმე ფასები.

– რაც შეეხება დანარჩენ საიტებს, მაგალითად, ბინების გაყიდვის მხრივ ალბათ ნაკლები აქტიურობაა, ვიდრე ავტომობილების ყიდვა-­გაყიდვაში.

– MyHome.ge-ზე ნაკლები ვიზიტორებია, შეიძლება იმიტომ, რომ უფრო ნაკლები ადამიანი ეძებს ბინას, ვიდრე მანქანას. მაგრამ MyHome.ge-ც
თითქმის ყველამ იცის, მაგასაც კარგი ცნობადობა აქვს და საკმაოდ
მოსახერხებელია. როგორც ვიცი, ბინების გაყიდვისას მაკლერებს საკმაოდ
მაღალი საკომისიო აქვთ და 1-2%-ს იღებენ, რომ გამყიდველი და მყიდველი ერთმანეთს დააკავშირონ. ჩვენ კი ფაქტობრივად იგივე საქმეს უფასოდ ვაკეთებთ.

– MyHome.ge-­ზე VIP განცხადებებიც დევს. ასეთი განცხადებების დადების პრინციპი და ტარიფები MyAuto.ge-­ს მსგავსია?

– პრინციპი იგივეა, ტარიფიც დაახლოებით მსგავსია.

– კლიენტები და ბაზარზე მოთხოვნილებაც თქვე­ნი საიტების მსგავს პორტალებზე ნამდვილად არის. კონკურენცია როგორია?

– კონკურენცია MyAuto.ge-ს პრინციპში, ნაკლებად ეხება. არის რამდენიმე საიტი, სადაც მანქანების ყიდვა-გაყიდვის განცხადებები დევს, თუმცა, ბევრად ნაკლებ განცხადებას და ნაკლებ ვიზიტორს ითვლს, ვიდრე MyAuto.ge.
კონკურენცია უფრო MyHome.ge-ს ეხება. ბევრი ცნობილი საიტია, სადაც
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ხდება. ასევე, MyMarket.ge-საც ნაკლებად ჰყავს კონკურენტები.

– სტანდარტულ ვაჭრობაში, როდესაც ფიზიკური პირები უშუალოდ ყიდიან რამეს, შეიძლება კლიენ­ტის „წართმევა“ სხვადასხვა მეთოდით სცადონ და ზოგჯერ შეიძლება კონკურენცია არაკეთილსინდისიერიც იყოს. საიტის მეშვეობით ვაჭრობისას თუ ხდება რამე მსგავსი და ზოგადად, არის კი შესაძლებელი აქ არაკეთილსინდისი ერი კონკურენცია იყოს?

– შესაძლებელი ალბათ არის, მაგრამ ჩვენ არ გვქონია მსგავსი შემთხვევა.

– მაგალითად, კონკურენტ საიტზე მოხდეს ჰაკერული შეტევა და საიტის პარალიზება?

– ასეთი ფართომასშტაბიანი არაფერი ყოფილა. იყო შემთხვევა, როცა ჩვენს კლიენტებს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, ჩვენთან გადმოდითო, მაგრამ ეგ
დანაშაულიც არ არის, ჩვეულებრივ შეუძლიათ კლიენტის გადაბირება. ასევე
ყოფილა შემთხვევა, როცა საიტიდან ჩვენგან დაუკითხავად წაუღიათ
განცხადებები. ეგ აღვკვეთეთ, მაგას ვებრძვით, იმიტომ რომ ეგ არ შეიძლება.

– განცხადებების მოპარვის კონტროლი თუ არის შესაძლებელი, ან რამე სამართლებრივი ბერკეტი არ­სებობს ქურდობის შესაჩერებლად?

– საიტიდან განცხადების წაღების საშუალება ჩვენი ძალებითვე დავბლოკეთ. დავურეკეთ, მოვაგვარეთ. დიდი პრობლემა მაგის გამო არ გვქონია.

– ინტერნეტით ვაჭრობის ერთ­-ერთი რისკი თაღლითობაც არის ხოლმე. თუ ყოფილა შემთხვევა, თქვენს საიტზე განცხადება თაღლითებს დაედოთ, მერე ვიღაცა დაზარალდა და პასუხი თქვენთვის მოეთხოვათ?

– ჩვენთვის პასუხი არ მოუთხოვიათ... იყო შემთხვევა მანქანებზე, რომელიც გაყიდეს და განცხადება ჩვენს საიტზეც ჰქონდათ დადებული. ფული აიღეს და მერე გაიქცნენ. მაგრამ, მაგას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და მაგისთვის სხვა
სტრუქტურები არსებობს, ვისთანაც ჩვენ მაქსიმალურად ღიად
ვთანამშრომლობთ. ნებისმიერ ინფორმაციას, რაც სჭირდებათ, მუდმივად
ვაწვდით. სხვანაირად, ჩვენ რა შეგვიძლია? არც საშუალება გვაქვს და არც უფლება, რომ კრიმინალი ან თაღლითობა აღვკვეთოთ.

– ანუ, თუ ვინმემ ითაღლითა MyAuto.ge-­ს გამოყენებით, თქვენ დაზღვეულები ხართ და პასუხს ვერ მოგთხოვენ?

– დაზღვეულები ვართ იმ მხრივ, რომ ყველამ იცის, მანქანები ჩვენ არ გვაქვს
და ჩვენ არ ვყიდით. ჩვენ უბრალოდ განცხადებებს ვდებთ და ვართ ერთგვარი შუამავალი – კონტრაქტს აფორმებენ მყიდველი და გამყიდველი.

– ბიზნეს­გარემო როგორ იცვლებოდა მას შემდეგ, რაც თქვენ თავიდან დაიწყეთ საქმიანობა? ხელისუფლების ცვლილებით გარემოც შესაბამისად იცვლებოდა თუ სტაბილურად ვითარდებით?

– ჩვენთანაც ისეა, როგორც დანარჩენ ბიზნესებში საქართველოში. იყო
ჩავარდნებიც და იყო ზრდაც სხვადასხვა პერიოდებში. ჩვენც ყველასთან ერთად
მივყვებით დინებას. მაგრამ, ზოგადად, ინტერნეტის სფერო გაცილებით
განვითარდა, 10 წლის წინანდელთან შედარებით. ინტერნეტის მომხმარებელთა
რაოდენობაც გაიზარდა და შესაბამისად, ინტერნეტის მოხმარებაც გაზრდილია.

– როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის და წინამორბედის პოლიტიკას ცვლის, ან როდესაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები თამაშობს – ეს სხვადასხვა ბიზნესებზე გავლენას ახდენს ხოლმე. თქვენს შემთხვევაში როგორ არის – ინტერნეტის მუდმივი განვითარება თქვენს ბიზნესს უპრობლემო ზრდის გარანტიას აძლევს? 

– ზოგადად, თუ რამე ცვლილება ხდება, ჩვენც გვეხება. რაც ნაკლები კლიენტი გვეყოლება და განცხადების განთავსების ნაკლები მსურველი, მით ნაკლები
შემოსავალი გვექნება. ასე რომ, ჩვენც დამოკიდებული ვართ ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში. მაგრამ, იმავდროულად, ინტერნეტი ცალკე ისეთი სფეროა, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვითარდება და მზარდია.
ბოლო წლებში მუდმივად ასეა.

– თუ გაქვთ გამორჩეული რომელიმე წელი ბოლო პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტი შემოსავალი და შესაბამისად, მეტი მოგება ჰქონდა თქვენს ბიზნესს?

– ვფიქრობ, რომ 2016 წელი იქნება ასეთი. რაც შეეხება ჩავარდნის პერიოდს – მაგალითად, 2008 წლის ომმა ჩვენზეც იქონია გავლენა. თუმცა, იმის მერე მუდმივად ვიზრდებით.

– გამოდის, თუ ძალიან არ მოინდომა რომელიმე ხე­ლისუფლებამ ბიზნესების შევიწროება, ინტერნეტის განვითარება ნებისმიერ შემთხვევაში მზარდია და თქვენი ბიზნესიც მუდამ აღმავლობაშია.

– კი, ასეა. დრომ მოიტანა და კიდევაც მოაქვს ეს სიტუაცია. ტექნოლოგიები
ვითარდება და მომხმარებელთა რაოდენობაც მატულობს და მატულობს.

– დღევანდელი ხელისუფლების სახელმწიფო ბიუ­ჯეტიდან აფინანსებს სხვადასხვა მოქმედ თუ დამწყებ ბიზნესებს წამახალისებელი პროგრამებით „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ხელისუფლება უნდა ხარჯავდეს ბიუჯეტის ფულს ცალკეული ბიზნესების ხელშესაწყობად?

– მე მგონია, რომ კარგია თუკი „სტარტაპებს“ დაეხმარება. ვინც დამწყებია, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. ბევრი იდეა შეიძლება იყოს ისეთი, რომ დასაწყისში ბიძგის მიცემა დასჭირდეს და მერე ბიზნესი თავის თავს თვითონ მიხედავს.
ასეთ წამახალისებელ პროგრამებს მივესალმები, იმიტომ რომ ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ქვეყანაში რაც მეტი ბიზნესი იარსებებს, ეგ ყველასთვის კარგი იქნება.

– თქვენი საქმიანობის დასაწყისიდან დღემდე, გქონიათ სახელმწიფოს მხრიდან რამე ფინანსური დახმარება, თუ თქვენი ძალებით შეძელით განვითარება?

– არა, სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბანკიდანაც არ აგვიღია სესხი.

– ასეთი სახის ბიზნესს, დიდი საწყისი კაპიტალი ალბათ არც სჭირდება.

– დასაწყისში, ჩემი, სახლის კომპიუტერით გავაკეთე საიტი და იქიდან მოვდივართ და ვვითარდებით.

– რა შეუძლია დღევანდელ დღეს გააკეთოს ხელისუფლებამ, რაც თქვენს ბიზნესს, ზოგადად ბიზნეს­გარემოს წაადგება?

– ცნობილი გამონათქვამია: მთავრობას რაც შეუძლია გააკეთოს, ის არის, რომ ბიზნესს ხელი არ შეუშალოს განვითარებაში. ჩვენ წაგვადგება, თუ მაგალითად, გადასახადების მხრივ, დღგ-ის განაკვეთები შემცირდება.

– ახალი წლიდან ავტომობილების განბაჟებისას აქ­ციზის გადასახადი მნიშვნელოვნად იზრდება, მარჯვე­ნასაჭიან მანქანებზე კი სამმაგი ხდება ეს გადასახა­დი. თქვენი აზრით, გადასახადების მომატება როგორ აისახება თქვენს შემოსავლებზე? ავტოდილერებს თუ შეუმცირდათ ბრუნვა, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

– ზოგადად, ალბათ შემცირდება მანქანების შემოტანის ტენდენცია. ავტომობილები თუკი გაძვირდა, ნაკლები ხალხი იყიდის. მაგრამ, არამგონია, ძალიან შემცირდეს, მაქსიმუმ 5-10%-ით, მეტით არა. მანქანა ვისაც სჭირდება, ჩემი აზრით, მაინც ეყოლება. შესაბამისად, დილერები ცოტა ძვირად გაყიდიან მანქანებს და ჩვენთანაც დარჩებიან. აქციზის ზრდამ მაქსიმუმ შეიძლება პატარა კომპანიების, ვისაც რაღაცა პრობლემები აქვს, ბაზრიდან გასვლა გამოიწვიოს.
ძირითადი მასა მაინც დარჩება. ალბათ, დიდად არაფერი შეიცვლება.

– რაც შეეხება კომპანიაში პარტნიორებს და წილების გადანაწილებას?

– პარტნიორები მე და ჩემი ძმა ვართ, ჩემი 70%-ა, 30% კახა გიგიტელაშვილს ეკუთვნის.

– My.ge-­ს შემადგენლობაში არის ასევე საიტი MySports.ge. ამ საიტის დანიშნულება მხოლოდ სპორ­ტული სიახლეების გავრცელებაა?

– საინფორმაციო პორტალია. ახალი მიმართულების განვითარებას ვაპირებდით. გარკვეულწილად ახლოს არის ავტომობილები და სპორტი. ჯერჯერობით, ვუყურებთ, ვნახოთ როგორ განვითარდება. სპორტული სიახლეების საიტია.

– მაგ საიტს ბიზნესის მხრივ რამე დატვირთვა აქვს?

– საიტიდან შემოსავალი შეიძლება სარეკლამო ბანერებმა შემოიტანოს. ჯერჯერობით არ არის და თუ იქნება ძალიანაც კარგი.

– საინფორმაციო თვალსაზრისით, ავტომობილების შესახებ თუ გაქვთ სიახლეები?

– ადრე გვქონდა MyAuto.ge-ზე და შემდეგ გავაჩერეთ. ახლა ისევ ვაპირებთ განვაახლოთ და მომავალი წლიდან ისევ გვქონდეს სიახლეები ავტომობილების შესახებ.

– სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

– მომავალი წლიდან ვგეგმავთ MyShop.ge-ს გაშვებას. დაახლოებით იქნება amazon.com-ის მსგავსი, სადაც მაღაზიები დადებენ თავის პროდუქციას და
გაყიდიან. საქართველოს მასშტაბით არსებული მაღაზიები პროდუქციას და
ჩვენი მეშვეობით გაყიდიან.

– თქვენი სარგებელი რა იქნება – საკომისიო ყოველი გაყიდული ნივთიდან?

– კი, შემოსავალი საკომისიოდან გვექნება. მყიდველი ნივთის ღირებულებას საიტზე მითითებულ ჩვენს ანგარიშზე ჩარიცხავს, საკომისიო დარჩება ჩვენთან, დანარჩენი თანხა გამყიდველთან წავა.

– გასაყიდი ნივთის განცხადების დადება უფასო იქნება?

– კი, განცხადება უფასო იქნება. შემოსავალი იმ შემთხვევაში გვექნება, თუ ნივთი გაიყიდება.

– რა ტიპის მაღაზიებთან გექნებათ ურთიერთობა?

– თითქმის ყველანაირთან, რაც მეტი იქმნება, მით უკეთესი. საიტზე არ გაიყიდება უძრავი ქონება და ავტომობილები. იქნება საოჯახო ტექნიკა,
ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები... დაახლოებით ისევე, როგორც
„ამაზონზეა“.

– რაც შეეხება თქვენს კიდევ ერთ საიტს MyAds.ge-­ს?

– აქ განცხადებების, რეკლამების დადებაა შესაძლებელი, რაც მერე ჩვენს ყველა დანარჩენ საიტზეც გავრცელდება. ვთქვათ, MyMarket.ge-ზე განათავსეთ
რამე რეკლამა, შეგიძლიათ გადაიტანოთ MyAds.ge-ზე და ეს რეკლამა უკვე
ჩვენს საიტებზე – მთელ სივრცეში გამოჩნდება.

– ცხადია, ეს ფასიანი იქნება.

– კი, ფასიანია და იმის მიხედვით დაითვლება, რამდენჯერაც მომხმარებელი ბანერზე „დაკლიკავს“ და გადავა რეკლამის სანახავად.
 
– არსებობს ვაკანსიების ცნობილი საიტი jobs.ge. თქვენ გაქვთ ასევე MyJobs.ge. რა განსხვავებულ სერვისს სთავაზობთ თქვენ?

– jobs.ge უკვე იყო ბაზარზე, როცა ჩვენც შევედით. MyJobs.ge-ს მუშაობის ცოტა განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ჩვენს ბაზაში დაახლოებით 100.000-მდე მომხმარებლის CV-ია დაგროვილი და როგორც კი ვინმე ვაკანსიას გამოაცხადებს, მაშინვე შესაბამის CV-ებს ვუგზავნით. ანუ, ლოდინი აღარ უწევს
მომხმარებელს და თუ დამთხვევა მოხდა შეთავაზებასა და სამსახურის
მძებნელის რეზიუმეს შორის, ჩვენ მაშინვე ვაკავშირებთ ერთმანეთთან. მაგალითად, თუ 100.000 რეზიუმედან რამდენიმეს მონაცემები დაემთხვა,
ყველა მათგანს ვუგზავნით ვაკანსიის გამომცხადებელს და შემდეგ თვითონ აარჩევს სასურველ კანდიდატურებს.

– თქვენი საიტის მეშვეობით რამდენმა მონახა სამსახური ან სასურველი კადრი შეარჩია, სტატისტიკა გაქვთ?

– ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვინ დასაქმდა და
ვინ სასურველი კადრი შეარჩია.

– სხვა ბიზნესებში თუ აპირებთ ჩართვას?

– ვაპირებთ, მაგრამ ჯერჯერობით სანამ არ გავაკეთებთ, არ ვლაპარაკობ.

– იგივე პრინციპის ბიზნესს გეგმავთ?

– ისევ „აითი“ სფეროს შეეხება. თუ გამოვიდა, ბევრი რაღაცაა. სანამ არ გამოვა, ლაპარაკს აზრი არა აქვს.

– კომპიუტერულ თამაშებს თქვენც ხომ არ წერთ? პროგრამისტი ხართ...

– ერთ-ერთი მიმართულება ეგეც გვაქვს, რომ ვაპირებთ თამაშების სტუდია გავაკეთოთ. ჯერჯერობით, დასაწყის სტადიაშია. თუ გამოვიდა რამე, გვინდა
დავწეროთ და გავყიდოთ მსოფლიო ბაზარზე. ექსპორტის ერთ-ერთი
საშუალება ეგ არის.

– არის კი ქართული კომპანიები, ვინც თამაშების დაწერას და გაყიდვას ახერხებს?

– ერთი ქართული კომპანია ვიცი, „ლემონდო“. ეგ ისეთი სფეროა, რომლის ექსპორტის პოტენციალიც არსებობს. ზოგადად, ქართული პროდუქციიდან ბევრი რამე არ არის, რისი ექსპორტიც შეიძლება. ერთ-ერთი მათგანი კომპიუტერული თამაშები და პროგრამებია.

– თუ გქონიათ შემთხვევა, რომ უცხოელებისგან მიგეღოთ შეკვეთა „აითი“ მომსახურებაზე და შეგესრულე­ბინათ კიდეც?

– რაღაცა იყო, მაგრამ, ჩვენივე საქმეებში იმდენად ვიყავით ჩართული, რომ ვერ მოვიცალეთ უცხოური შეკვეთებისთვის.

– როგორც ჩანს, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ბაზარი საკმაოდ მწირია, მაინც არსებობს რესურსი და პროგრამისტებს შეუძლიათ უფრო მეტად განვითარდნენ.

– პირადი გამოცდილებითაც ვიცი, რომ მოთხოვნა არის. მეც ვმუშაობდი და პროგრამირების და „აითი“ სფეროში სხვასთან შედარებით ხელფასებიც საკმაოდ მაღალია. ეს ის სფეროა, რომელიც ძალიან მოთხოვნადია ბანკებში, დიდ სატელეკომუნიკაციო კომპანიებში... მაღალი კვალიფიკაციის
სპეციალისტები ყველგან საჭიროა.

– რადგან საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ალბათ შემო­სავალი აქ უფრო მეტია, ვიდრე მაღალანაზღაურებადი პროგრამისტის პოზიციაზე.

– ეგრე რომ არ ყოფილიყო, არც წამოვიდოდი და საკუთარ ბიზნესს არ დავიწყებდი.

– ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

– მყავს მეუღლე და 2 შვილი.

– ბიზნესის და ოჯახის ერთდროულად გაძღოლა რთულია?

– დროის კონფლიქტია. ორივეს ყურადღება სჭირდება, დროის დათმობა ორივესთვის საჭიროა... მაგრამ, ასე თუ ისე, ორივეს ვახერხებ.

– არსებობს სამსახურები, სადაც სამუშაო საათები განსაზღვრულია, მაგალითად, დაიწყებ 9 საათზე და დაამთავრებ 6-­ზე. როდესაც საქმიანობა კომპიუტერ­თან, პროგრამირებასთან არის დაკავშირებული მაშინ შეიძლება ღამის 3 საათზეც კი მოგიწიოთ მუშაობა. ასეთ რეჟიმში ხართ ხოლმე?

– მაქსიმალურად ვცდილობ, თუ საშუალება მექნება დრო ოჯახთან გავატარო. ღამის სამ საათზე აღარ ვარ სამუშაოში ჩართული. ადრე მაგ დროსაც
ვმუშაობდი ხოლმე, ახლა უკვე ჩვეულებრივად, დღის განმავლობაში ვმუშაობ 
და საღამოს ვამთავრებ. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ოჯახს და ბავშვებს. უფროსი 4 წლისაა და უმცროსი 10 თვის.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ და რა არის თქვენი ჰობი?

– ჩემი ჰობია სპორტული, არა სატელევიზიო, „რა, სად, როდის“ თამაში. 10-12 წელია მაგ სფეროში ვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში მეგობრებთან. კითხვა ჰობია თუ არა, არ ვიცი, ზოგადად ყველა უნდა იყოს კითხვით დაკავებული. 
კომპიუტერული თამაშებიც მიყვარს და თავისუფალ დროს ვთამაშობ ხოლმე.

ესაუბრა თემურ იობაშვილი