ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ ღვინის ექსპერტ ლადო უზუნაშვილთან - #1(54), 2018
ავსტრალიაში მყოფი ქართველი ღვინის ექსპერტი, მარკეტოლოგი და მეღვინე, ლადო უზუნაშვილი წლებია მეღვინეობის სფეროში საქმიანობს და როგორც ქართული, ასევე მსოფლიო მეღვინეობის შიდა და გარე დინებები კარგად იცის. ბატონი ლადო ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ ინტერვიუში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე, ნატურალური ღვინის მომავალზე და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრა.

– ბატონო ლადო, რას გვეტყოდით ქართული ღვინის ხარისხის შესახებ? თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა აქაური ღვინის ხარისხი ბოლო წლებში?

– ქართული ღვინის ხარისხი ცალსახად იზრდება და ეს ნორმალურიცაა. ალბათ ამისი მიზეზიც და მიზანიც, შესაბამისად, კონკრეტული მამოძრავებელი წინაპირობები და საბოლოო შედეგებზე ინდივიდების ორიენტაციაა. საერთო ფონს რაც შეეხება, ხარისხი ერთმნიშვნელოვნად მაღლა მიდის. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ უამრავი რამეა გასააზრებელი და დასახვეწი, თვით ელემენტარული დეტალებიც კი.

– როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, სხვადასხვა ტიპის ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი წლიდან-წლამდე მატულობს. თქვენი აზრით, ექსპორტის კუთხით რომელ ქართულ ღვინოებს აქვს განსაკუთრებული პერსპექტივა და რატომ?

– ჩემი აზრით, ჯერ ისეთ სტადიაში ვართ, რომ ამ საკითხზე საუბარი ცოტა ნაადრევი მგონია, რადგან უცხოელი მომხმარებლის მხრიდან სახეობებს შორის უპირატესობები არ ჩამოყალიბებულა. ამას გარდა, ჩვენ თვითონაც ჯერ კიდევ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენების სტადიაში ვართ: ჯიშების, მათი ახლიდან დარეგიონების, მათგან წარმოებული ღვინოების სტილისტური გამართულობის თუ სხვა მრავალი მომენტის გათვალისწინებით.

უცხოეთში კი არა და, სახლშიც დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ქართველმა მომხმარებელმა გაარკვიოს რას მიირთმევს და იმავდროულად, ქართველმა მწარმოებელმა მას მიაწოდოს სახასიათო ღვინო, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მრავალფეროვნების გაცნობას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც მუდმივი ცვლილებები მიდის მეტ-ნაკლებად და ამას მხოლოდ სიკეთე მოაქვს.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართული ღვინის ხარისხის და ექსპორტის ზრდაზე გრძელვადიან დინამიკაში?

– ჩვენ ჯერ იმდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ჯერჯერობით რაღაც გრძელვადიან დინამიკაზე საუბარი შეუძლებლადაც კი მიმაჩნია. ქართული ღვინო მე ჯერ აღმოჩენის და განცვიფრების საგნად უფრო მიმაჩნია უცხოეთის განვითარებული ბაზრებისათვის, ვიდრე ჩამოყალიბებულ ბრენდულ ან სხვა მიმართულებით გამორჩეულ პროდუქტად. არაფერს ვამბობ ქვევრზე, რადგან ეს ცალკე ფენომენია. ქვევრის ღვინო იზიდავს მომხმარებელს მისივე წარმოების კონცეპტუალური მხარეებით და სრულიად განსხვავებული გემოვნური თვისებებით. იმავდროულად ხშირად გვესმის, რომ ის საბოლოოდ მხოლოდ „დრაივერის“ როლს იკისრებს ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში. დანარჩენი სიმძიმე კი მაინც უფრო მოდერნის (ღვინის თანამედროვე ტექნოლოგიების) წილხვედრი გახდება. საინტერესო ფენომენია საერთაშორისო ღვინის პრესა. აქამდე ქვევრის ღვინის გაგონებაც კი არ სურდათ, დაგემოვნებამდე გარბოდნენ და ახლა კი, უეცრად, განცვიფრების საგნად იქცა მათ თვალში. ამ საკითხზე მერე ვისაუბროთ დეტალურად, თუ რა ობიექტური მიზეზებით 
იმართებოდა ეს პროცესი.

მინდა ისიც ვახსენო, ვინ ქმნის საბოლოო კლიმატს მეღვინეობის დარგში: გნებავთ რაოდენობრივს და გნებავთ ხარისხობრივს. საუბედუროდ, რაოდენობრივი კლიმატის შემქმნელი ბაზრები ხარისხის ე.წ. „შემქმნელებადაც“ გვევლინებიან. საბედნიერო კი ისაა, რომ არის ცალკეული ძალიან გამოკვეთილი და, მე ვიტყოდი, ძლიერი მაგალითებიც, როდესაც ამ ორი პარამეტრის ერთმანეთთან კვეთა არ ჩანს. იმედია ეს აზროვნება ყველასთვის გადამდები გახდება. ჩვენ დღევანდელი შანსის დაკარგვის უფლება არ გვაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდვები მილიონობით ბოთლებში ავსახოთ და არ განვავითაროთ უნიკალური მიმართულებები როგორც პრიორიტეტი!

– რას გვეტყვით ქართულ ტერუარებზე, ანუ ე.წ. კონტროლირებად ზონებზე – შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტერიტორიაზე მოწეული ყურძნისგან დაყენებული ღვინო ქართული მეღვინეობის სახე გახდება?

– მე პირადად მიმაჩნია, რომ ქვეყნის სახე მაინც კონკრეტიკამ უნდა შექმნას. თუმცა, იმავდროულად უკვე იწერება სტატიები წარმოშობის კონტროლირებადი ზონების თვისებებზე; იგივე ხდება ტერუარების გარშემოც. ამ წარმოშობის ღვინოების გემოვნური პროფილის ბედი, ისევე როგორც სხვა ყველასი, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მიზეზი უბრალოა და მას ალბათ ვეღარავინ გააჩერებს, რაც გახლავთ კლიმატის გლობალური ცვალებადობა. ეს ფენომენი დინჯად და გრძელვადიან პერსპექტივაში ანგრევს ამდენი ხნის ჩამოყალიბებულ შეხედულებებს რეგიონებზე, მათი პროდუქციის თვისებებზე და ა.შ.

ასე რომ, ხვალ ვის რა მოეწონება ჩვენგან და ჩვენ რით გავაოცებთ მომხმარებელს, რთული სათქმელი და გადასაწყვეტია და დამძიმებულია ჩვენი ყოველდღიური რეალობითაც.

– გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ავსტრალიაში და არამხოლოდ...

– ჩემი საქმიანობა უკვე 90-იანების ნახევრიდან შეუქცევლად გადაება ავსტრალიას და სხვა განვითარებული მეღვინეობის ქვეყნებს, რომლებიც გახლავთ: საფრანგეთი, ამერიკა, იაპონია, იტალია, მაროკო; ბედმა ალბათ განსაკუთრებულად გამიღიმა. მოხდა ისე, რომ კონკურსის შედეგებით ამიყვანეს და მათი მეღვინეობის ჩემთვის ბურუსით მოცულ სამყაროში აღმოვჩნდი.

1997 წლიდან მაქვს ჩემი საკუთარი რეგისტრირებული საკონსულტაციო ბიზნესი ავსტრალიაში. როგორც ცოტა ხნის წინ იყო, იმდენად ინტენსიურად ვეღარ, მაგრამ მაინც ჩაბმულია ძალიან კრიტიკული გადაწყვეტილებების ფერხულში კონკრეტული კომპანიების საწარმოო თუ მარკეტინგულ პოლიტიკაში.

პარალელურად ქართული ღვინის ფენომენს ვუწევ პოპულარიზაციას ლექცია-სემინარებით თუ ქართულ ჯიშებზე დაფუძნებული ბრენდებით. შემიძლია დავასახელო მინიმუმ ორი შედეგი, რომლებიც სერიოზულ ორიენტირად იქცა როგორც ხარისხით, ასევე წარმოშობის უნიკალობით: Hugh Hamilton Wines და Patritti Wines, რომლებშიც საფერავი გახდა ფლაგმანი არა მარტო ამ კომპანიების პორტფელებში, არამედ მე ვიტყოდი, რომ თვით ავსტრალიისთვისაც, იმდენი გამარჯვება და მოწონება ხვდათ წილად. სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყანა, მით უმეტეს ვაზი – სხვაგან ასე დაფასდება!

არის კიდევ რამდენიმე სერიოზული პროექტი და როდესაც დრო მოვა, აუცილებლად გაგიზიარებთ.

– რას გვეტყვით ნატურალური ქართული ღვინის სეგმენტზე – ასეთ ღვინოს რა შანსი აქვს თავი დაიმკვიდროს დიდ ბაზრებზე?

– სამწუხაროდ, კაცობრიობა ცოტა ადრე უნდა მოგებულიყო გონს, ამდენი ქიმიით რომ ვანგრევდით პლანეტას. დღეს ისეთი ინტენსივობით ხდება ყველაფერი ბუნებრივის ძებნა და გათავისება, ქართულ ბუნებრივ ღვინოსაც თავისი ადგილი ნამდვილად გამოეძებნება. პროცესი დაწყებულია და ხდება შეუქცევადი. ყველაფერი ჩვენს ხელშია. იმას ვგულისხმობ, რომ ღვინის ნატურალურობა არ უნდა ნიშნავდეს მასში ხარვეზის არსებობის გამართლებას. შორს აღარაა ის დღე, როდესაც გემოვნურ გამართულობას ნატურალურ ღვინოებში კრიტიკული ყურადღება მიექცევა. უკვე გამოჩნდა სტატიები, თანაც უსაზღვროდ მკაცრი ტონით, რომ ნატურალური მოძრაობა რაღაც დოზით ანგრევს ღვინის გემოვნურ პროფილზე სწორ წარმოდგენას. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ კრიტიკის ეპიცენტრში არ მოვხვდეთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ყველა შანსი განყენებულ ფენომენად დავრჩეთ. სულ იოლად შეიძლება ამ ყველაფრის პრობლემური არეალიდან გატანა და ამით ნატურალური ღვინის მართლაცდა დამსახურებული იმიჯის შენარჩუნება. გვაქვს ყველაფერი: ჯიშები და დამზადების ნატურალური გზები თავისი დიდი ისტორიით. ეს დიდი იარაღია და სწორი გამოყენება სჭირდება.

– რუსეთის და ჩინეთის ბაზარი რა გავლენას ახდენს ქართული ღვინის ხარისხზე?

– აქ მხოლოდ ერთი პასუხი მომდის თავში: „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ ეს პასუხი დიდი ხნის წინ, ძალიან დიდმა ადამიანმა კითხვის სახით დაწერა...

წარმოებული პროდუქტის არარაციონალური ზრდა ნებისმიერ საქმეში, მით უმეტეს მეღვინეობაში, როდესაც ვაზი მოსავლის მაღალ ხარისხს მრავალი წლის შემდეგ გაძლევს, კარგს არაფერს მოიტანს. პროცესი კონტროლირებული და გააზრებული უნდა იყოს. გასაგებია ეს ყველა დონეზე არ მოხდება, რადგან ბიზნესი თავისი კანონებით ცხოვრობს, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ უნიკალურობის შეგრძნება და მისკენ სწრაფვის სურვილი. რუსეთის და ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ მოიტანს, თუ ჩვენ ორიენტაცია გვექნება ხარისხზე და თუ მათ მხარესაც გავაკონტროლებთ. ასეთი დამოკიდებულება სრულიად ნორმალური მოვლენაა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში: მწარმოებელი უშვებს ხარისხიან პროდუქციას და ნდობას უცხადებს ღირსეულ წარმომადგენელს მისი ექსპორტის ქვეყანაში, სადაც გაყიდვებისა და მარკეტინგის პოლიტიკა ურთიერთშეთანხმების საგანია და არცერთი მხარე არ არღვევს ამ ჰარმონიას. აქ განსაკუთრებული არაფერია.

– ქვევრის ღვინოს რამდენად დიდი ექსპორტი პოტენციალი აქვს?

– ძალიან დიდია და მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ამ ყველაფრის თავი და თავი. თუმცა, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, ღვინის ექსპორტში ლომის წილი მაინც მოდერნზე მოვა.

ქვევრი ჩვენი სიძველის სახეა და ის გააცნობს საქართველოს მთელს მსოფლიოს! ჩვენი ისტორიაა და რაც არ უნდა გვეძახონ, რომ წარსულიდან მოვდივართ, თანამედროვე მეღვინეობის 70-დან 80%-მდე მაინც საწნახელი ქვევრის შეწყვილებაში ჩანს ორიგინალური სახით. ვგულისხმობ იმას, რომ დაღვინება-დავარგების ტექნიკის უდიდესი ნაწილი აქ, ჩვენთან უნდა იყოს დაბადებული და სახესხვაობით და შემდეგ უკვე გათანამედროვებული შესრულებით გვევლინება დღეს ყველგან. ამ ვერსიის მტკიცებულებები უამრავია და სწორედ ლექცია-სემინარების დროს ყველა წამყვანი სპეციალისტი ეთანხმება ამ აზრს. როგორც ამბობენ: მზის ქვეშ არაფერია ახალი!

– თქვენი აზით, ქართული ღვინო სხვა რომელი ქვეყნების ღვინოებს ჰგავს?

– საფერავს უფრო ჩრდილო იტალიის ბაროლოს და ბრუნელოს სტილს შევადარებდი. რაც შეეხება ქვევრის ღვინოს – აქაც არის მშრალი ხერესის და პორტოს ანალოგები იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ალკოჰოლს არ ვამატებთ ღვინოში. არის ასევე მოტკბო ღვინოები, რისი კულტურა საქართველოში ოდითგანვე იყო. კიდევ არსებობს მოკრეფილი და ნახევრად გამომშრალი ყურძნიდან დაყენებული ღვინოები. იტალიური ამარონე წითელია, ჩვენ კი ასეთი ტიპის თეთრ ღვინოებს ვაყენებდით ჩამოკიდებული და დაჩამიჩებული თეთრი ყურძნიდან. 

– რას ურჩევდით ქართველ მცირე მეღვინეებს, რომლებიც ახლა აპირებენ ბოთლის ღვინის წარმოებას?

– მოიწიონ ხარისხიანი ყურძენი, ჰქონდეთ გაკრიალებული
ჭურჭელი (თუ ეს ქვევრია, მით უმეტეს), მუდმივად
ჰქონდეთ ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი ორგანოლეპტიკურ
კონტროლთან ერთად. დაიცვან ღვინის
სისუფთავე როგორც რთველის დროს, ასევე ღვინის მოვლის
დროს, არ გაეპაროთ დაავადებები, ამის შემდეგ კი
შეძლებენ საკუთარი ხელწერის შექმნას.

– დაბოლოს, რომელი ქართული ღვინოა პირადად თქვენი ფავორიტი და რატომ?

– ჯიშებს გეტყვით: წითლებიდან საფერავი, ოცხანური საფერე და შავკაპიტო; თეთრებიდან კახური მწვანე და გორული მწვანე.

ისე კი, კარგი ყველაფერი და ყველგან კარგია და ამიტომ მრავალფეროვნება ყველას ჯობია. იყო ასეთი ტერმინი 90-იან წლებში: საკუთარი მარნის გემოთი შებოჭილობა. ეს გულისხმობს იმას, რომ სულ მეტი და მეტი გამოცდილება უნდა მივიღოთ, გემოვნება აღვზარდოთ ჩვენში. ამ გზით აღარ იქნება ეს ჩვენეული მიდგომა, რომ თუ ვინმე გვინდა ყველაზე კარგ მწარმოებლად სჩანდეს, სხვები თითქოს არაფრად ვარგანან.

ეს „აუჰ, არ გამაგონო“ მიდგომა ინდივიდუალურად ყველას მტერია და გვიფუჭებს სხვისი მიღწევების სწორად შეფასების უნარს. გადახედეთ რა მწვერვალებს მიაღწია ღვინის ახალმა სამყარომ. თითქმის მოიგო სუპერ-პრემიალური სეგმენტი და ეს სულ რაღაც 25-30 წელიწადში. პატივი ვცეთ სხვის მიღწევას და ვეძებოთ სად არის ჩვენი შეცდომები. ასეთი მიდგომით შორს წავალთ. ურთულეს დარგში ვართ და ურთულესი მისია გვაკისრია დღეს – ქართული ღვინის თანამედროვე ისტორია დაიწერება ან კარგად, ან ძალიან ცუდად.

ესაუბრა ლევან სეფისკვერაძე