ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" გენერალურ დირექტორ იაგორ კალანდაძესთან - #3(56), 2018
მინი დოსიე

იაგორ კალანდაძე დაიბადა 1964 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში.

განათლება

1971-1981 - თბილისის №101 საშუალო სკოლა;

1981-1986 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა ბიოფიზიკა;

1990 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა – სამედიცინო ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია. აკადემიური ხარისხი: მეცნიერებათა
კანდიდატი, (PhD);

1999 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობა – მიკრობიოლოგია, აკადემიური ხარისხი – მეცნიერებათა დოქტორი, (Dhc);

სამუშაო გამოცდილება

1986-1990 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, სამედიცინო ბიოფიზიკის განყოფილება,
ასპირანტი;

1990-1996 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, სამედიცინო ბიოფიზიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1995-1997 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო- დიაგნოსტიკური ცენტრი, ექსპერიმენტული დიაგნოსტიკის ლაბორატორია, ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

1996-1997 – საქართველოს პარლამენტი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წამყვანი სპეციალისტი;

1997-1999 – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პირველი მოადგილე;

1999-2002 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სტანდარტიზაციის, ლიცენზირებისა და ნორმირების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი;

2002-2004 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;

2004-2005 – ა(ა)იპ – სექტორალური კვლევების ცენტრი, ცენტრის დირექტორი;

2005-2007 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი;

2007-2009 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი;

2009-2012 – ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი;

2012-2015 – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, მედიცინის და სტომატოლოგიის სკოლა, ბიომედიცინის პროფესორი;

2012-2013 – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, რექტორის მოადგილე;

2013-2015 – აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, განვითარების დირექტორი;

2015-დღემდე – კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“, გენერალური დირექტორი, პარტნიორი.

საკონსულტაციო გამოცდილება

1999-2004 – საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მსოფლიო ბანკის პროექტის კონსულტანტი;

2009-2012 – გლობალური ფონდის (GF) ტუბერკულოზის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში;

2009-2012 – საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს (CCM Gეორგია) წევრი;

2011-2013 – საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი;

2011-2015 – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მწვანე შუქის კომიტეტის (WHO/EURO GLC) წევრი;

2012-დან დღემდე – საუნივერსიტეტო კვლევების კორპორაციის (URC, აშშ) კონსულტანტი;

2012-დან დღემდე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში;

სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა – 74.

დამატებითი ინფორმაცია (ჯილდოები, სტიპენდიები, სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა)

საქართველოს პრეზიდენტის (პირველი ხარისხის) სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის (1999-2004);

„ტუბერკულოზის მკურნალ ექიმთა და პულმონოლოგთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი – 2009-2014;

„ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირი (IUTBLD)“-ის წევრი – 2010-2015;

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“-ს დირექტორთა საბჭოს წევრი – 2011 წლიდან დღემდე;

საქართველოს დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე – 2013 წლიდან დღემდე.

უცხო ენები

ინგლისური, რუსული.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი.

– მოგესალმებით, ბატონო იაგორ. სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, გთხოვთ ორიოდე სიტყვით გვიამბოთ თქვენი ბიოგრაფიული დეტალების შესახებ.

– დავიბადე თბილისში, დავამთავრე 101-ე სკოლა საბურთალოზე დღეს ამ სკოლის ნაცვლად ამავე ადგილას „ევროპული სკოლაა“. ვისწავლე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, გავხდი ბიოფიზიკოსი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩავაბარე მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში და ვიყავი აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი ბიოფიზიკის მიმართულებით. 1990-ში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მომენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, რაც დღევანდელი მიდგომით – PhD – ანუ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხია. 1995 წლამდე ინტენსიურ სამეცნიერო საქმიანობაში ვიყავი, შემდეგ საჯარო სამსახურში გადავედი.

– პირველი საჯარო სამსახური რა იყო?

– ჯერ საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად ვიმუშავე, შემდეგ – 1997-დან 2004 წლის აპრილამდე – ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე – ვიყავი დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე. მომდევნო თითქმის 4 წლის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვიმუშავე, ვიყავი ამ უნივერსიტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი. 2009-2012 წლებში კი კვლავ ჯანდაცვის სფეროში დავბრუნდი – ამ პერიოდში ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორი და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი გახლდით.

– კერძო ბიზნესში როდიდან ჩაერთეთ?

– კერძო ბიზნესის მიმართულებით საქმიანობა ძირითადად 2015 წლის ივლისის ბოლოს, მეგობრებთან ერთად დავიწყე, დღეს უკვე ჩვენივე დაფუძნებული საზოგადოების პარტნიორები და მფლობელები ვართ.

– მანამდე თქვენი ბიზნესი არ გქონიათ?

– სამინისტროში მუშაობის დროს, რა თქმა უნდა, არ მქონია. სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ შეიძლება ითქვას მცირე ბიზნეს-საქმიანობას ვეწეოდი მეგობრებთან ერთად, ეს იყო ანალიტიკურ მომსახურება და სერვისის მიმართულება, მათ შორის სამედიცინო სექტორთანაც მქონდა შეხება. რაც შეეხება შედარებით მსხვილ ბიზნესს – ასეთ ბიზნესში, სამედიცინო სექტორში, როგორც აღვნიშნე, 2015 წლის აგვისტოდან ჩავები, სწორედ მას შემდეგ, რაც პარტნიორებთან ერთად შევიძინეთ ყოფილი ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლი.

– როგორ გაჩნდა იდეა, რა სახის ბიზნესი უნდა გქონოდათ?

– მეგობრების ის ჯგუფი შევიკრიბეთ, რომელთაც სამედიცინო სფეროში საქმიანობის უკვე საკმაო გამოცდილება გვქონდა. აქედან გამომდინარე თავიდანვე გამოიკვეთა იდეა შეგვექმნა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, ამასთან ისეთი დაწესებულება, რომლის გამორჩეული და ხაზგასმული მახასიათებელი იქნებოდა უკომპრომისო დამოკიდებულება ხარისხთან, მაღალი აკადემიური კომპეტენცია, პაციენტზე ორიენტირებულობა. სწორედ მეგობართა ეს ჯგუფი ვართ დღეს ჩვენი დაწესებულების დამფუძნებლები. დამფუძნებელთა ჯგუფის შემადგენლობამ განაპირობა ჩვენი კლინიკის კონკრეტული წამყვანი მიმართულებების შერჩევა და განვითარება: ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელია – შესაბამისად ნევროლოგიის მიმართულება ერთ-ერთი წამყვანია ჩვენს მულტიპროფილურ კლინიკაში. კიდევ ერთი დამფუძნებელია მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე და ცხადია მეანობა და გინეკოლოგია ასევე წამყვანი მიმართულებაა; დამფუძნებლები არიან ანდრო ძნელაძე და ავთანდილ იმედაძე, ანდრო – უროლოგი და რადიოლოგია, ავთანდილი – უროლოგი, შესაბამისად ეს მიმართულებებიც საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი ჩვენთან; კიდევ ერთი დამფუძნებელი – არმაზ თავაძე მართალია უშუალოდ მედიცინაში არ მოღვაწეობს, მაგრამ სადაზღვევო კომპანია „არდის“ დამფუძნებელია და აქტიურად არის ჩართული სამედიცინო დაზღვევის სფეროში.

ამ იდეით, რომ უნდა შეგვექმნა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, მონოპროფილური სამშობიარო სახლი შევიძინეთ, რომელიც იმ დროისთვის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო.

– სამშობიაროს მფლობელი ვინ იყო?

– სამშობიარო სახლის მფლობელი იმ დროს „PSP ჯგუფი“ გახლდათ, სწორედ მათგან შევიძინეთ ეს დაწესებულება 2015 წლის აგვისტოში და მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა განვითარებაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ბანკის დახმარებით. განვითარების პირველი სეგმენტი იყო ის, რომ ლაბორატორია ავამუშავეთ, შემდგომ – ახალშობილთა რეანიმაცია, ამას მოჰყვა ამბულატორიული ნაწილის გაფართოება; ამის შემდეგ ერთდროულად ამუშავდა ნევროლოგიის დეპარტამენტი, მოწესრიგდა სამშობიარო და სამშობიაროში ამოქმედდა ახალი ტიპის სამშობიარო მომსახურების განყოფილება ე.წ. „პინეო ლაქშერი“, სადაც მშობიარობისთვის განსაკუთრებით მაღალი დონის სტანდარტია შეთავაზებული და მომსახურების განსხვავებული ფორმატი. ეტაპობრივად დაიწყო ფუნქციონირება გადაუდებელმა მიმღებმა, კარდიოლოგიის დეპარტამენტმა, მოზრდილთა რეანიმაციამ, ქირურგიამ და ასე თანდათან დღეისთვის ფაქტობრივად სრულად შევსებულია დაწესებულების არსებული სივრცე. ეს სივრცე აქ დაახლოებით 6000 კვადრატული მეტრია და ნეონატალური საწოლების ჩათვლით ჩვენი სტაციონარი 153 საწოლზეა გათვლილი.

– პარტნიორები საკმაოდ ბევრი ხართ. ჯერ კი არ არის დიდი დრო გასული, მაგრამ მაინც – ცოტა რთულია ხოლმე ამდენ ადამიანში ხმაშეწყობილი მართვა...

– ამგვარი პროგნოზები სხვებსაც ჰქონდათ, გამოთქვამდნენ ეჭვებს, თუ რამდენად ჰარმონიულად, შეთანხმებულად შევძლებდით მუშაობას რამდენიმე პარტნიორი... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არანაირი ბზარი იმ საქმიან ურთიერთობას, რომელსაც საფუძვლად ათწლეულობის მეგობრობა უდევს, არ გასჩენია და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება.

– სულ რამდენ პარტნიორს აერთიანებს „პინეო“?

– ახლა შვიდნი ვართ. ექვსნი ზემოთ ჩამოვთვალე და ერთიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორია – ვილიამ ტომას იპსენი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად გვიდგას მხარში.

– კომპანიის მართვაში უშუალოდ ყველა პარტნიორია ჩართული თუ ზოგი მხოლოდ წილის მფლობელია და შორიდან უყურებს სიტუაციას?

– საზოგადოების მართვას, ფინანსურ და სამეურნეო საქმიანობას მე ვხელმძღვანელობ, კლინიკური დირექტორია ზაზა სინაურიძე, ხარისხის სამსახურს და ნევროლოგიის მიმართულებას – სანდრო ცისკარიძე, რადიოლოგიის მიმართულებას – ანდრო ძნელაძე. ყველა პარტნიორი უშუალოდ მართვაში ჩართული არ არის.

– თქვენს კლინიკაში რამდენიმე მიმართულებაა. შეგიძლიათ რომელიმე დაასახელოთ, რომელიც უფრო წარმატებულია ბიზნესის თვალსაზრისით? სამშობიარო რომ ძალიან ცნობილია, ფაქტია.

– კლინიკის შენობა და მისამართი ათწლეულების მანძილზე სამშობიაროსთან იყო ასოცირებული. ისტორიული მეხსიერება რა თქმა უნდა, მუშაობს. თუმცა, ახლა უკვე ალბათ ძნელად შეხვდებით ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ სამშობიაროთი მოიხსენიებს ჩვენს კლინიკას. 2016 წლის ზაფხულიდან აქ მრავალპროფილური ჰოსპიტალი, 2017 წლიდან კი კლასიკური მრავალპროფილური რეფერალური ჰოსპიტალია და ყველა ის სერვისი ფუნქციონირებს, რომელიც დამახასიათებელი მულტიპროფილური დაწესებულებისთვის, დაწყებული გადაუდებელი მიმღებიდან, დამთავრებული სამშობიაროთი.

ამიტომ ჩვენ არ ვუდგებით ასე, რომელი უფრო წარმატებულია. ჩვენი ამოცანა და მიზანია ჰოსპიტალი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, იყოს იმ სიმაღლეზე, რომელსაც ვითხოვთ, რაც თავიდანვე დავთქვით – არანაირი კომპრომისი ხარისხთან და კომპეტენციასთან. მოკლედ, ხარისხი, კომპეტენცია და ასევე ეკო სისტემა არის გარკვეულწილად ნიშანი ჩვენი დაწესებულებისთვის. ჩვენი საზოგადოების სათაურში წარმოდგენილი სიტყვა „ეკოსისტემა“ არ არის შემთხვევითი. ჩვენი ჰოსპიტლის მდებარეობა, მისი გამწვანებული ეზო და გარემო ნამდვილად შეესაბამება ეკოლოგიური გარემოს მოთხოვნებს და ასევე ხელს უწყობს პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს.

– თქვენ სახელმწიფო მოხელის პოსტზეც იყავით, შემდეგ კერძო ბიზნესში ჩაერთეთ და დიდი კლინიკის ხელმძღვანელი ხართ. სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს და რა თავისებურებები გამოარჩევს ამ სფეროებში მუშაობას?

– ჩემი აზრით, ყოველ კონკრეტულ დროში კონკრეტულ პოზიციაზე საქმიანობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. საჯარო სამსახურში თითქმის 15-წლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს, ასეთი გამოცდილება ბევრ უნარს გმატებს: პასუხისმგებლობის კისრების, სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის, ნორმატიულ ბაზასთან დამოკიდებულების და ა.შ.

– თუმცა, კერძო ბიზნესი მეტი თავისუფლებაა.

– კერძო ბიზნესს სხვა ვალდებულებები და სხვა თვისებები ახასიათებს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო სამსახურში მუშაობა ძალიან სასარგებლო გამოცდილებაა შემდგომში კერძო სექტორში საქმიანობისთვის. საკუთარი ბიზნესის მართვა უდავოდ დიდი კომფორტია, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ საზღვრავ პრიორიტეტებს, ტაქტიკას, ინსტრუმენტებს, როგორ უნდა გადაჭრა ესა თუ ის პრობლემა. წააგებ თუ მოიგებ, შენ ხარ პასუხისმგებელი. 

– ალბათ, სიამოვნების მიღების თვალსაზრისით, კერძო ბიზნესში ყოფნა სჯობს.

– ვერ ვიტყვი, რომ საჯარო სამსახურში სიამოვნებას ვერ იღებ. სიამოვნებაა, როცა გარკვეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხარ ჩართული, კარგი და სასარგებლო საქმის კეთება შეგიძლია. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო და ეტაპი აქვს. მიმაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპზე, დაგროვილ გამოცდილებასა და ურთიერთობებზე დაყრდნობით, უმჯობესია გადადგა ასეთი ნაბიჯი, რომ საკუთარ საქმეს ჩაუდგე სათავეში.

– შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია თქვენი კომპანიის ბრუნვის ტენდენცია?

– მოკლედ გეტყვით: კლინიკის შესყიდვის ეტაპიდან დღემდე, თვიური ბრუნვა 5-6-ჯერ გაიზარდა.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს თქვენი კლინიკა და როგორია კადრების შერჩევის პრინციპი?

– როგორც ვთქვი, ხარისხთან და კომპეტენციასთან კომპრომისის გარეშე ხდება ჩვენი კოლეგების შერჩევა. დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით 350 ადამიანია.

– არც თუ ცოტაა.

– სამედიცინო დაწესებულების სპეციფიკაა ცვლაში მუშაობა. 350 ადამიანი არ ნიშნავს, რომ თქვენ კლინიკაში 350 ადამიანს ერთდროულად შეხვდებით.

– უშუალოდ თქვენ, პარტნიორები წყვეტთ ახალი თანამშრომლების მიღებას თუ ცალკე სამსახურია ამისთვის ჩამოყალიბებული? 

 
– ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი გარკვეულწილად დეცენტრალიზებულია. პარტნიორები არ ვიხილავთ თითოეული თანამშრომლის მიღებას. კლინიკაში არსებობს შესაბამისი სამსახური და მისი ხელმძღვანელი, რომელიც აფასებს საშუალო სამედიცინო პერსონალს, წარმოადგენს კლინიკურ დირექტორთან და ამის მიხედვით აგვყავს სამსახურში.

– ალბათ, პარტნიორები უფრო მაღალი რანგის თანამშრომლების
შერჩევაში მონაწილეობთ.

– როდესაც ახალი სერვისების განვითარებაზეა საუბარი და მაგალითად, შესარჩევია ხელმძღვანელი – მთავარი პერსონა, ვინც ამ მიმართულებას განავითარებს და იმ სიმაღლეზე დააყენებს, რაც ჩვენი მოთხოვნაა, ცხადია, მე პირადად, პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვარ ჩართული. როცა მიმართულების ხელმძღვანელთან მოვილაპარაკებთ, ჩამოვყალიბდებით, მერე უკვე დამოუკიდებლობა აქვს თავისი გუნდის ჩამოყალიბების პროცესში.

– კლინიკის კლიენტები ძირითადად ვინ არიან?

– ჩვენი ჰოსპიტალი არ ფუნქციობს რომელიმე ერთ გამოკვეთილ სეგმენტში. გვაქვს ურგენტული მიღება, რაც ნიშნავს, რომ აქ მოდის საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები. საკმაოდ ინტენსიური ნაკადია ასევე ე.წ. პერსონალური პაციენტების, რომლებიც კონკრეტულ, მათ მიერ ამორჩეულ ექიმთან მოდიან, გნებავთ, ნევროლოგიაში, კარდიოლოგიაში, ქირურგიაში, მეანობაში და გინეკოლოგიაში... და ასევე შეიძლება გამოვყოთ ცალკე ჩვენი ე.წ. ახალი სამშობიარო განყოფილება, „პინეო ლაქშერი“, სადაც ძალიან კომფორტული და ოჯახის ტიპის გარემოა და სადაც მშობიარობისთვის მოგვმართავენ აქაურებიც და უცხოელებიც, ეს უკანასკნელნი ზოგჯერ ამისთვის საგანგებოდაც კი ჩამოდიან ხოლმე.

– ძირითადად რუსეთიდან?

– არ ვიტყოდი ასე. კი, არიან რუსულენოვანი და სლავური წარმოშობის პაციენტებიც, მაგრამ, ასევე არიან ჰოლანდიელები, გერმანელები, ამერიკელები, ასევე პაციენტები აფრიკის კონტინენტიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან...

– როგორც ვიცი, საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია...

– იაფი ნამდვილად არ არის, ამიტომ ამ განყოფილებაში უფრო მაღალი შემოსავლების მქონე პაციენტები შემოდიან. სხვათა შორის, წყალში მშობიარობის ერთადერთი საშუალება საქართველოში ჩვენს კლინიკაშია, ასევე „პინეო ლაქშერიში“. ზოგისთვის ეს სერვისიც საინტერესოა. ამ განყოფილების გარდა ყველა სხვა მიმართულებებზე – როგორც გითხარით, ნებისმიერი შესაძლებლობისა და სოციალური სტატუსის ადამიანები მოდიან. 

– საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თუ არის თქვენი კლინიკა ჩართული?

– რა თქმა უნდა, ჩართულია.

– როგორ შეაფასებდით მთლიანობაში ამ პროგრამას? წლიდან წლამდე ბიუჯეტი დეფიციტური ხდება. ისიც ხდება ხოლმე, რომ პაციენტს სჭირდება თუ არა, რადგან დაფინანსება გარანტირებულია, ზედმეტ პროცედურებს უკეთებს კლინიკა.

– ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ეს პროგრამა ჩვენი ბრუნვის დაახლოებით 55-60%-ს შეადგენს. ეს სააგენტო კარგი და კომფორტული პარტნიორია. თუნდაც ჩვენი 3-წლიანი საქმიანობის პერიოდი რომ განვიხილოთ, ამ პერიოდში ჯანდაცვის სისტემისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პერინატალური რეგიონალიზაცია. ეს არის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით ძალიან საჭირო და წინგადადგმული ნაბიჯი. სანებართვო პირობებთან და ხარისხთან დაკავშირებით თამასა თანდათან მაღლა იწევს, რაც ვფიქრობ რომ გადაუდებლად აუცილებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დადებითად შევაფასებდი, ეს ხელისუფლების პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელოვანი სეგმენტია. ახლა მორიგი პილოტური პროექტი DRG („დი არ  ჯი“) იწყება. DRG (Diagnosis-related group) – გახლავთ დაავადებებთან ასოცირებული ჯგუფები. რაც ჩვენთვის ახალი, მაგრამ საერთაშორისო სივრცეში ჯანდაცვის სფეროს მართვის და დაფინანსების აპრობირებული მექანიზმია. მიმაჩნია, რომ ამ სისტემაზე გადასვლა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

– პირადად მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩემი შვილისთვის ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიულ ჩარევას მთავაზობდნენ, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დააფინანსებდა. აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო საჭირო შემოთავაზებული პროცედურა.

– სადმე მსგავსი შემთხვევები შესაძლოა იყოს, მაგრამ, ჩვენი კლინიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენთან მსგავსი რამე არ ხდება.

– კონკურენტებზე და კონკურენციაზე რომ ვისაუბროთ – რამდენად თავისუფალია კონკურენცია იმ სეგმენტზე, სადაც თქვენ საქმიანობთ?

– კონკურენცია დიდია. როცა 1990-იან წლებში ამ ადგილას მე-4 სამშობიარო იყო, მაშინ თბილისში სულ 5 სამშობიარო ფუნქციონირებდა. დღეს მარტო თბილისში 20-ზე მეტი სამშობიაროა. მიმდებარე რეგიონებში – მარნეულში 3, გარდაბანში 2, რუსთავში 3 სამშობიაროა... თუნდაც ჩვენი კლასტერი რომ ავიღოთ – ჩვენს გვერდით არის საპატრიარქოს მრავალპროფილური კლინიკა, აქვე არის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“, ახლოს, ავლაბარშია ე.წ. არამიანცის კლასტერი, სადაც მოგეხსენებათ რამდენიმე კლინიკაა... მრავალი კლინიკაა დიღომში. მოკლედ, კონკურენცია მაღალია, მაგრამ როდესაც ხარისხზე გაქვს აქცენტი და ამბიცია, კონკურენცია უკეთესია, ეს გეხმარება მუდმივად იყო ფორმაში, მუდმივად განაახლო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, გყავდეს მაღალკვალიფიციური პერსონალი. დღეს პაციენტი საკმაოდ კარგად ერკვევა იმაში თუ სად რა ტექნიკით უწევენ დახმარებას და იმაშიც, თუ რა კომპეტენციის ექიმთან აქვს საქმე. ამიტომ, მაღალი კომპეტენცია, სწორად შერჩეული აღჭურვილობა, ამ კონკურენტულ გარემოში განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

– ზოგჯერ კონკურენტებს „ბინძური“ მეთოდებით იშორებენ ხოლმე. მაგალითად, ან ხელისუფლებაში გავლენიანი ადამიანის მეშვეობით, საკანონმდებლო ნორმების დაუცველობის მიზეზით, ბუღალტერიაში რაიმე საეჭვოს ძებნის გამო აფერხებენ... სხვადასხვა მიზეზის მოძებნა მაინცდამაინც რთული არ არის, თუკი „შარის მოდება“ გადაწყვიტა ვინმემ.

– ჩვენთან ჯანდაცვის სექტორში მსგავსი რამ არ ხდება.

– დიდი ხანია თქვენ სამედიცინო სფეროში საქმიანობთ, როგორ შესფასებდით ბიზნეს-გარემოს ცვლილებას სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში?

– სხვა სფეროებზე ვერ ვილაპარაკებ, სამედიცინო სექტორის განვითარებისთვის კი ძალიან რაციონალური გარემო და პირობებია. ვინმეს დაჩაგვრა და მიზანმიმართულად რამე ზიანის მიყენება, აშკარად თუ „ჩრდილში“ დაპირისპირება ამ სფეროში არ ხდება.

– ინვესტირება ღირს სამედიცინო სფეროში?

– მას შემდეგ, რაც ფული გადავიხადეთ და ეს დაწესებულება შევიძინეთ, სამჯერ მეტი თანხა გვაქვს დახარჯული კლინიკის რეკონსტრუქციის, განახლებისა და აღჭურვისთვის. გვაქვს ახალი გამოწვევა, ეს სივრცე აღარ გვყოფნის და აქვე ვაშენებთ ახალ კორპუსს. ასევე აქტიურად ვმუშაობთ, რომ გავიხსნათ სხვა ლოკაციაზეც. ეს ყველაფერი ინვესტიციაა და ეს გახლავთ ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე.

– დაახლოებით რა მასშტაბის ინვესტიციაა?

– რამდენიმე მილიონი დოლარი.

– ბანკიდან მოიზიდეთ?

– მოვიზიდეთ როგორც ბანკიდან, ასევე ბიზნესიდან. ჩვენ, პარტნიორებს ერთი თეთრიც კი არ აგვიღია დივიდენდის სახით. დივიდენდების დრო მაშინ დადგება, როცა ჩვენს დაფუძნებულ საზოგადოებას სასურველ კონდიციამდე მივიყვანთ.

– დივიდენდზე უარის თქმა გასაგებია, თუმცა, თუ ნორმალური ხელფასი არ გადაუხადეთ, კარგ პერსონალს ვერ გააჩერებთ. საშუალო ხელფასი რამდენია თქვენს კლინიკაში?

– რაც შეეხება ხელფასებს, პერსონალის საშუალო ხელფასი 1200-1500 ლარია, მაგრამ ჩვენთან ნახავთ 10 000 ლარზე მეტ ხელფასსაც.

– მინიმალური?

– ცვლებიდან გამომდინარე სხვადასხვაა, ერთ სამუშაო ადგილზე მინიმალური ხელფასი არის 700-800 ლარი.

– არჩევნების პერიოდია ახლა და შემოწირულობებზე გკითხავთ – თქვენი სფეროს წარმომადგენელი ბიზნესმენებისგან მსმენია, რომ უწევდათ ხოლმე პოლიტიკური პარტიისთვის ფულის გადარიცხვა, მთლად თავისი სურვილითაც არა... თქვენ თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა?

– არასდროს.

– როგორ მიგაჩნიათ, სწორია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებით ბიზნესის ხელშეწყობა? არსებობს დამოკიდებულება, რომ სჯობს სახელმწიფომ თავი დაანებოს და ბიზნესი თავად უკეთ განვითარდება.

– მიმაჩნია, რომ სჯობს თავი დაანებოს. პროტექტორატის ქვეშ არსებული ბიზნესი ცუდი სცენარია. იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს ჯანსაღი, უნდა იყოს დამოუკიდებელი, თვითონ შეაფასოს რისკებიც და შანსიც. კეთილი ინებოს და თვითონ იცხოვროს. სახელმწიფომ ბიზნესის განვითარებისთვის ნორმალური ბაზა უნდა შექმნას: საგადასახადო სისტემა, ექსპორტ-იმპორტის რეგულაციები, ჯანდაცვაში სანებართვო პირობები, სალიცენზიო პირობები, უწყვეტი სამედიცინო განათლების რეგულაციები, გარკვეულ სეგმენტებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი, ხელი შეუწყოს პროფესიული ასოციაციების განვითარებას... სხვა რაიმე დამატებითი ინექციები და ჩარევები სადაცაა საჭირო, ის ბიზნესი არ ამართლებს.

– თუმცა, წეღან თქვით, რომ იგივე პროგრამა „საყოველთაო ჯანდაცვა“ ხელს უწყობს კლინიკის საქმიანობას. ამ პროგრამაზე დამოკიდებულება ხომ ერთგვარი რესურსის მიღებაა ბიუჯეტიდან და დირექტივების გათვალისწინებაც უწევს კლინიკებს? 

– ამ შემთხვევაში ეს არის ორმხრივი ურთიერთობა, ანუ დამკვეთის და შემსრულებლის ურთიერთობა. პროგრამა არის დამკვეთი და შენ ხარ შემსრულებელი. მე თუ არ მაწყობს დამკვეთის პირობები, ხელშეკრულებაზე ხელს არ მოვუწერ. არაერთი დაწესებულებაა, რომელიც არ მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მშვენივრად ცხოვრობს და ვითარდება.

– წინა ხელისუფლების დროს მრავალი ლიცენზია-ნებართვა გაუქმდა არამხოლოდ ჯანდაცვის სფეროში. დღევანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული რეგულაციები შემოიღო, მაგალითად, თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამკაცრდა საკეისრო კვეთაზე რეგულაცია. როგორ აისახება რეგულაციები ბიზნესზე?

– რაც შეეხება საკეისრო კვეთაზე გამკაცრებას, აბსოლუტურად სწორია და ვეთანხმები. ზოგადად, არ უნდა გადასცდე ოქროს შუალედს. ჯანდაცვის სისტემა არის ძალიან სენსიტიური. წინა ხელისუფლების დროს უაღრესად ლიბერალური გახდა რეგულაციები, რასაც არ ვემხრობოდი. ლიბერალურმა მიდგომამ რა შედეგებიც მოიტანა, შემდეგ წლებში კარგად გამოჩნდა. ლიბერალური დამოკიდებულების პირობებში პაციენტს კლინიკაში რა კომპეტენცია ხვდება, რა სერვისი, რთული სათქმელია... იგივე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამაც საწყის ეტაპზე მონოპროფილური რეანიმაციის განყოფილებების გამრავლება მოიტანა შედეგად. ეს ყოვლად დაუშვებელია, შესაბამისად საჭირო გახდა დამატებითი რეგულაციები. ზოგადად რეგულაციები უნდა იყოს დაბალანსებული, ჯანდაცვაში აუცილებელია გონივრული, დაბალანსებული რეგულაციები.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ რეგულაციები ჭარბია რომელიმე
მიმართულებებით?

– არა, პირიქით. სწორედ აქეთ მიდის მუშაობა და სამინისტროს მიდგომაც ასეთია, რომ მზადდება გარკვეული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორის საჭირო ფორმაში ჩადგომას.

– რა შეუძლია ხელისუფლებამ დღეს გააკეთოს, რაც თქვენ ბიზნესს და ზოგადად ჯანდაცვის სფეროს წაადგება?

– წეღან ვახსენე DRG სისტემა, რომლის შემოღებაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ამ სისტემის შემოღებით სამინისტროსა და მისი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შემსრულებლების მიერ შესრულებული სამუშაოს დაფინანსება გაცილებით გამჭვირვალე და მოქნილი იქნება. თქვენ რომ ახსენეთ პაციენტისთვის არასაჭირო პროცედურების ჩატარების შემთხვევა – მსგავს შემთხვევებსა და კითხვის ნიშნებს ეს სისტემა მნიშვნელოვნად მოხსნის. ასევე პრობლემაა კლინიკების ჭარბი რაოდენობა, რასაც ხშირად უხარისხო სერვისი ახლავს. აუცილებელია ამის დარეგულირებაც. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს ზედმეტი მარწუხებია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრება საჭიროა.

– მომსახურების ფასების ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები არ იქნება კლინიკების შემცირება?

– როცა მედიცინაზე და ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, იქ პირველ პრიორიტეტად აუცილებლად ხარისხი უნდა გვქონდეს. მომსახურების ფასის რეგულირება სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ უკვე მომდევნო ეტაპია. ხარისხთან კომპრომისი არ შეიძლება. იყოს ბევრი კლინიკა და ფასი დაბალი, მაგრამ სერვისი უხარისხო – არ შეიძლება. უხარისხო ჯანდაცვა უდრის უხარისხო ჯანმრთელობას და უამრავ ექსტრადანახარჯებს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაზე რიგ შემთხვევაში ისევ სახელმწიფოს მხრიდან, რიგ შემთხვევაში – ოჯახის ბიუჯეტიდან, რაც გაუმართლებელია.

– თუ მაღალი ხარისხის სერვისი სურს, პაციენტი თავად ვერ აირჩევს ძვირადღირებულ კლინიკას? კონკურენცია ხომ თავად დაარეგულირებს ფასებსაც და ხარისხსაც?

– არ მიმაჩნია სწორად, რომ მედიცინის სფეროს მხოლოდ კონკურენცია და ბაზარი არეგულირებდეს. მედიცინა და ჯანდაცვა ყველა ქვეყანაში არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფერო. სანებართვო პირობები, სალიცენზიო პირობები, განათლებასთან და კომპეტენციასთან დაკავშირებული რეგულაციები, ეს ის რეგულაციებია, რაც აუცილებელია ჯანსაღი ჯანდაცვის სისტემის ასაგებად.

– დღევანდელი განათლების სისტემა სამედიცინო მიმართულებით რამდენად დამაკმაყოფილებლად მიგაჩნიათ?

– სამედიცინო სფეროს საგანმანათლებლო სეგმენტი შესაძლოა კრიტიკის ერთ- ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იყოს. რამდენად კვალიფიციურ დიპლომირებულ მედიკოსს უშვებს დღევანდელი ჩვენი უნივერსიტეტები, როგორია ამ უნივერსიტეტების პროგრამები, ინფრასტრუქტურა, კლინიკური ბაზები? როგორია შემდგომი უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები და ზოგადად უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ჩვენი სამედიცინო პერსონალისთვის?.. იმისათვის, რომ სრულყოფილ და მაღალი კომპეტენციის პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, ვშიშობ, ჯერჯერობით, არაერთი წლის განმავლობაში ქართველ ახალგაზრდას ალბათ ქვეყნის გარეთ მოუწევს აქტივობა. სამედიცინო საუნივერსიტეტო განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებია გადასადგმელი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე იგეგმება ჩვენი სამინისტროს მიერ, რაც მისასალმებელია.

– გვახსოვს, ძველ პერიოდში ხშირ შემთხვევაში უზარმაზარი ქრთამით ხდებოდა ადამიანი სამედიცინოს სტუდენტი, თუმცა, მაინც ბევრი ამთავრებდა სამედიცინო ფაკულტეტს. რომ შევადაროთ, დღევანდელი განათლების სისტემა უკეთესი სპეციალისტების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს?

– უმაღლესი სამედიცინო განათლება არის ძალიან ხარჯტევადი – დაწყებული თეორიული დისციპლინებიდან, გაგრძელებული სამეცნიერო და კლინიკური დისციპლინებით. კარგი ექიმის მოსამზადებლად შესაბამისი ლაბორატორიული გარემო, ინფრასტრუქტურაა საჭირო, სერიოზული კლინიკური აქტივობაა აუცილებელი. საქართველოში დღეს ალბათ 20-ზე მეტი უმაღლესი სამედიცინო განათლების ფაკულტეტია. ძალიან არადამაჯერებელია, რომ ყველა მათგანი სრულფასოვან უმაღლეს სამედიცინო განათლებას აძლევს სტუდენტს, თუნდაც ზემოაღნიშნული საჭირო ინფრასტრუქტურისა და აუცილებელი კლინიკური აქტივობის უზრუნველყოფის კუთხით...

– საქმეზე საუბრიდან ოჯახის თემაზე გადავინაცვლოთ. რას გვეტყვით თქვენი ოჯახის შესახებ?

– მყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. ქალიშვილი დაოჯახებულია და შვილიშვილიც მყავს. ვაჟი სწავლობს, ბაკალავრიატის ბოლო სემესტრები აქვს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

– რა მიმართულებაზე სწავლობს?

– ვაჟი სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია, ქალიშვილი – ფსიქოლოგიის, ხოლო სიძე – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტია ბარსელონას ბიზნეს სკოლაში. დავამატებდი, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საქმესა და ოჯახს შორის დროისა და ყურადღების განაწილება კარგად შევძლო, მგონი ამას ვახერხებ.

– მომავლის გეგმები რა გაქვთ?

– `პინეოს~ ამჟამინდელ ლოკაციაზე ვაპირებთ კლინიკის განვითარებას. ახალი შენობა გვჭირდება და ახლა სწორედ ამ პროექტის ბოლო დეტალებს ვათანხმებთ ნებართვის მისაღებად რომ წარვადგინოთ. გვაქვს გარკვეული აქტივობა სხვა ლოკაციაზეც. ამას ალბათ მომავალი წლიდან განვავითარებთ... მოკლედ, აქტიურად ვმუშაობთ.

– ქსელის შექმნას აპირებთ?

– ვნახოთ, თუ სხვა ლოკაციები კარგად გამოგვივიდა, თავისთავად ქსელის შექმნა გამოვა.

– სხვა ქალაქებში გეგმავთ?

– ჯერ მხოლოდ თბილისში.

– ინვესტორი გყავთ თუ ისევ ბანკის მეშვეობით?

– არა, ბანკის რესურსით.

– ამდენ საქმეში თავისუფალ დროს თუ პოულობთ და როგორ ატარებთ?

– თავისუფალი დრო როცა მაქვს, ამ დროს პირველ რიგში შვილიშვილს ვუთმობ, დავდივარ ასევე აუზზე, მიყვარს ცურვა. რა თქმა უნდა მეგობრებთან ყოფნა და დროის გატარებაც პრიორიტეტულია. როცა მაქვს საშუალება და შესაბამისი სეზონია, სანადიროდაც დავდივარ.

ესაუბრა თემურ იობაშვილი