ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ "თბილისის თავისუფალი სკოლის" ხელმძღვანელ, თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის (MACS) დეკან ამირან ამბროლაძესთან - #1(58), 2019
მინი დოსიე 

ამირან ამბროლაძე – დაიბადა 1960 წლის 5 თებერვალს, ქუთაისში. 

განათლება 

1967-1974 – თბილისის მე-60 საშუალო სკოლა; 

1974-1977 – კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა; 

1977-1982 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГУ), მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 

1982-1985 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГУ), ასპირანტურა. 

სამუშაო გამოცდილება

1986-1991 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 

1993-1997 – უმეოს უნივერსიტეტი, შვედეთი; 

1997-2001 – ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი; 

2001-2005- ლონდონის და საუთჰემპტონის უნივერსიტეტები, დიდი ბრიტანეთი; 

2009-დან – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის დეკანი; 

2018-დან – თბილისის თავისუფალი სკოლის დირექტორი. 

უცხო ენები: რუსული, ინგლისური, შვედური, ფრანგული. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

  
დღეს წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც მაქსიმუმს აღწევდა თავისი ცხოვრების ყოველ ეტაპზე: 

– იყო პირველი ქართველი, რომელმაც გაიმარჯვა მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათემატიკაში. 

– წითელ დიპლომზე დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, იმ დროისთვის მათემატიკის საუკეთესო საგანმანათლებო ცენტრი მსოფლიოში. 

– წლების განმავლობაში მუშაობდა შვედეთისა და ინგლისის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც მრავალჯერ იყო აღიარებული წლის საუკეთესო ლექტორად. 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კახა ბენდუქიძის ინიციატივით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დააარსა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების (MACS) ფაკულტეტი – დღემდე ყველაზე რეიტინგული ფაკულტეტი საქართველოში. 

შემდეგი პროექტია: თბილისის თავისუფალი სკოლა. 

– ბატონო ამირან, სანამ დღევანდელობაზე ვისაუბრებთ, მანამდე თქვენი ახალგაზრდობის წლებზე გვიამბეთ. როგორ გახდით მათემატიკოსი? 

– სრულიად შემთხვევით. მთელი სკოლის პერიოდი ქართული ენის წრეზე დავდიოდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში და ვფიქრობდი, რომ მწერალი ან პოეტი გამოვიდოდი. თუმცა შემდეგ, მეგობრის წაქეზებით, კომაროვის სკოლაში გადავედი, ოლიმპიადებშიც ვმონაწილეობდი და ამან განსაზღვრა ჩემი ტექნიკური კარიერა. ამიტომ დღეს ძალიან ფრთხილად ვარ, როდესაც რომელიმე ბავშვზე მეტყვიან, რომ ის ჰუმანიტარია ან ტექნიკური ტვინი აქვს – ბავშვს უნდა მივცეთ მრავალმხრივად და ჰარმონიულად განვითარების საშუალება, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
 
– როგორც ვიცით, თქვენი მონაწილეობა მათემატიკურ ოლიმპიადებში ძალიან წარმატებული იყო. 

– დიახ, ჯერ მე-9, შემდეგ მე-10 კლასში გავედი მათემატიკურ ოლიმპიადაზე და საკავშირო ოლიმპიადაზე გავიმარჯვე. პრიზიც მივიღე ყველაზე ორიგინალური ამოხსნისთვის. მე-10 კლასში (მე-10 კლასი დამამთავრებელი იყო იმ დროს) ნაკრებს აყალიბებდნენ და მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ამიყვანეს. მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე წავედით. პირველად მოხდა, რომ საქართველოდან მოსწავლე აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. საერთაშორისო ოლიმპიადაზე მე პირადად ვერცხლის მედალი ავიღე, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი პირველ ადგილზე გავედით. 

ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატების შემდეგ ნაკრების ნებისმიერ წევრს რომელ უნივერსიტეტშიც მოგვინდებოდა სწავლა, უგამოცდოდ მიგვიღებდნენ, მათ შორის სამედიცინოზეც, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო და სადაც დედაჩემს ძალიან სურდა, რომ მესწავლა. მე მაინც „ემგეუში“ (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში) წავედი, სადაც მათემატიკის ფაკულტეტი მაშინ მსოფლიოში საუკეთესო იყო. 

საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე გზა გაიარა ჩემმა უმცროსმა ძმამ, მურმან ამბროლაძემ. მე თუ პირველი ქართველი ვიყავი, ვინც საკავშირო და საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადებზე გაიმარჯვა, ჩემი ძმა იყო მეორე. შემდეგ მანაც დაამთავრა „ემგეუ“ და ასპირანტურა. 

– მოსკოვში სწავლისას რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ? 

– უნივერსიტეტში სწავლისას არა, მაგრამ ასპირანტურაში მიღებაზე შემექმნა პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, ასპირანტურაში მაინც არ მიმიღეს, რადგან კომკავშირის კომიტეტის მდივანი გამოვიდა ჩემ წინააღმდეგ. დისიდენტი არ ვიყავი და დემონსტრაციებს არ ვაწყობდი, მაგრამ ყოველთვის მწყრალად ვიყავი კომკავშირულ ორგანიზაციასთან და ეს არ მაპატიეს. 

ჩემს დასაცავად საყოველთაოდ ცნობილი მათემატიკოსი – ანდრეი კოლმოგოროვიც კი გამოვიდა საბჭოზე: ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდაა, მივიღოთო ასპირანტურაში. მაგრამ საბჭომ – კარგია, რომ კოლმოგოროვი ასე ფიქრობს, მაგრამ, მოდი ახლა ვკითხოთ კომკავშირის კომიტეტის მდივანსო. სახელგანთქმული აკადემიკოსის, კოლმოგოროვის სიტყვა კომკავშირის კომიტეტის მდივნის, 25 წლის ბიჭის სიტყვამ გადაწონა და არ მიმიღეს. 

ამის შემდეგ შემომთავაზეს განაწილებით წავსულიყავი უფაში ან იოშქარ-ოლაში (არ შეიძლებოდა „ემგეუს“ დამთავრების შემდეგ ადამიანს არ ემუშავა). მე სასწრაფოდ დავუკავშირდი ჩემებს თბილისში და ვთხოვე ნებისმიერი ადგილი მოეძებნათ ჩემთვის. განათლების სამინისტროში (სადაც ხუთი წლის წინ თავად მინისტრმა დამასაჩუქრა დიდი ზარ-ზეიმით საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის) თქვეს, რომ თბილისის სკოლებში ერთი მათემატიკის პედაგოგის ადგილიც კი არ იყო ვაკანტური. ყველაფერი ქრთამით და ნაცნობობით კეთდებოდა. 

ეს გადახვევა – მათთვის, ვისაც დღემდე საბჭოთა ნოსტალგია აქვს. 

– შვედეთთან როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება? 

– „პერესტროიკის“ მერე სიტუაცია შეიცვალა. 1990-ანების დასაწყისში ბევრი მიზეზის გამო ძალიან გაჭირდა საქართველოში ცხოვრება. წავედი ისევ მოსკოვში სტაჟირებაზე. იმ დროს იქ უკვე ცუდად უყურებდნენ ქარ თველებს, 9 აპრილი მომხდარი იყო, მაგრამ მაინც მიმიღეს. მოსკოვი ერთგვარ ტრამპლინად მჭირდებოდა დასავლეთში მოსახვედრად. თავიდან ერთი თვით მოვახერხე შვედეთში ჩასვლა. კარგ ადამიანთან მოვხვდი. ერთ თვეში დავწერეთ ორი სტატია, მესამეც წამოვიწყეთ. მერე ექვსი თვით მიმიწვიეს, შემდეგ ერთი წლით, ასე გაგრძელდა და ნელ-ნელა მუდმივი სამუშაო და მოქალაქეობაც მივიღე. 

– რომელ უნივერსიტეტში მუშაობდით? 

– ეს იყო უმეოს უნივერსიტეტი, შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პატარა, ძალიან მშვიდ და წყნარ ქალაქში. იქ 4 წელი ვიმუშავე. შემდეგ გადმოვედი ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტში, ქვეყნის სამხრეთში, რომელიც ყველაზე დიდი უნივერსიტეტია სკანდინავიაში. იქ უკვე მუდმივი სამუშაო რომ მიგეღო – შვედურად უნდა წაგეკითხა ლექცია. ლექცია ფაქტობრივად, დავიზეპირე, თითქმის არ ვიცოდი შვედური. მიმიღეს. ასე რომ, ჯერ ინგლისურად მომიწია ენის მტვრევა, მერე უკვე შვედურზე გადავედი.
 
ქალაქი ლუნდი სამხრეთ შვედეთშია და დედაქალაქ სტოკჰოლმისგან მკვეთრად განსხვავებული აქცენტით საუბრობენ. უნივერსიტეტის ჟურნალში სტატია გამოაქვეყნეს, სადაც სტოკჰოლმელი სტუდენტი ჩიოდა: აქცენტის გამო მიჭირსო ლექტორების გაგება, მაგრამ ერთი რუსი პროფესორია, რომელიც ძალიან ნელა და გარკვევით ლაპარაკობსო. ეს „რუსი პროფესორი“ მე ვიყავი.
 
– ინგლისის უნივერსიტეტებთანაც გქონდათ ურთიერთობა. 

– კონფერენციებზე სიარულისას ვხვდებოდი ინგლისელ კოლეგებს და საერთო სამეცნიერო ინტერესები აღმოვაჩინეთ. ინგლისშიც წავედი და რამდენიმე წელი ლონდონის და საუთჰემპტონის უნივერსიტეტებთან ვთანამშრომლობდი. იქ ძირითადად სამეცნიერო საქმიანობა მქონდა, ლექციებს ძალიან იშვიათად ვკითხულობდი. 

– შვედეთში დიდხანს დარჩით? 

– კი. 2005 წელს დავბრუნდი საქართველოში. 

– საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირდაპირ თავისუფალ უნივერსიტეტში დაიწყეთ მუშაობა? 

– არა, ეს სულ სხვაგვარად მოხდა. შვედეთიდან რომ ჩამოვედი, საერთოდ აღარ ვაპირებდი საუნივერსიტეტო სისტემაში მიბრუნებას. მეცნიერულ კვლევასაც დავანებე თავი. სამეცნიერო წიგნებიც მეგობრებს დავურიგე, თანაც სხვადასხვა მეგობარს, უკან რომ ვეღარ შემეკრიბა. მოკლედ, ყველა უკან დასაბრუნებელი ხიდი დავწვი. ფილოსოფიური დამოკიდებულება მქონდა ცხოვრების მიმართ: ამ ცხოვრებაში მათემატიკოსი ერთხელ უკვე ვიყავი, ახლა სხვა რამე მინდოდა მეცადა. ჩემი იდეები მქონდა და საკუთარი პროექტების კეთებაზე ვფიქრობდი (ისევ განათლების სფეროში). რატომ მიდიოდა კაცი კახა ბენდუქიძესთან? – ჩემი პროექტებისთვის დაფინანსება მჭირდებოდა! ამიტომაც ვთხოვე შეხვედრა. საინტერესოა, რომ ეს შეხვედრა საღამოს 7 საათზე დაიწყო და დილის 3 საათზე დასრულდა, – სრულიად უშედეგოდ: მე ფული მჭირდებოდა, ბატონი კახა კი მთავაზობდა მის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში დამეწყო მუშაობა მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელად. ჩვენ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და მე დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანს მართლაც რაღაც დიდის და მნიშვნელოვანის გაკეთება ჰქონდა ჩაფიქრებული. მეც გადავწყვიტე, გვერდით დავდგომოდი მას ამ საქმეში და ჩემი მცირე წვლილი შემეტანა. 

– ნანობთ, თავდაპირველ ჩანაფიქრს რომ გადაუხვიეთ? 

– კიც და არაც. მე და ჩემმა კოლეგებმა ბატონ კახასთან ერთად ნულიდან შევქმენით მაქსის სკოლა (მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი), რომელიც ყველაზე რეიტინგულია დღეს საქართველოში არსებულ ყველა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს შორის. ანუ, ჩვენთან მოსული სტუდენტების საშუალო რეიტინგი (ეროვნული გამოცდების მიხედვით) ყველაზე მაღალია. მიუხედავად ასეთი დონისა, პირველ წელს მიღებული ოცდაათი სტუდენტიდან ბაკალავრიატი მხოლოდ ხუთმა დაამთავრა თავის დროზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, რომელსაც არ ვწევთ დაბლა. 

– არის თუ არა დასაქმება თქვენი სტუდენტებისთვის პრობლემა? 

– დიახ, დიდი პრობლემაა! ოღონდ, სწორედ რომ დასაქმება და არა დაუსაქმებლობა! ჩვენთან უკვე მეორე-მესამე კურსიდან თითქმის ყველა სტუდენტი მუშაობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცოტა ადრეა, მაგრამ დიდია ცდუნება სტუდენტისთვის, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. 

– როგორც ვიცი, თქვენ პირადად თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა პირველკურსელ სტუდენტს, ფაკულტეტის მიუხედავად, უკითხავთ მათემატიკის კურსს. სჭირდება კი ყველა პროფესიის ადამიანს მათემატიკა?
 
– ეს არის ზოგადი განათლების საგანი, ეს კურსი მთლიანად თავისუფალი უნივერსიტეტისთვის შეიქმნა და ეს არის მათემატიკა, ფაქტობრივად, ფორმულების გარეშე, ძირითადად იდეების დონეზე. ამ კურსის მიზანია სტუდენტებში ლოგიკისა და სტრუქტურული აზროვნების განვითარება. ბევრს მათემატიკა ანგარიშის ცოდნა ჰგონია მხოლოდ, სინამდვილეში მათემატიკის სწავლების მიზანი კრიტიკული აზროვნების განვითარება უნდა იყოს. დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში, როდესაც ადამიანი უამრავი ფაქტობრივი მასალით იბომბება, აუცილებელია ამ ინფორმაციის სწორად დახარისხების და გაფილტვრის უნარი და მისი კრეატიულად გამოყენება. 

– ალბათ ამავე მიზნით არის დაწერილი ლოგიკური ამოცანების თქვენი ცნობილი წიგნი „1+1=10“? 

– დიახ, ეს არის სათავგადასავლო ნაწარმოები, სადაც ბუნებრივად არის ჩართული თითქმის ყველა ცნობილი მათემატიკური თავსატეხი. ამ აზრით, ეს წიგნი ორიგინალურია. ბევრია პოპულარული მათემატიკის წიგნი დაწერილი მათთვის, ვისაც უკვე უყვარს მათემატიკა. ჩემი წიგნის მიზანია მათემატიკა გავაგებინო და შევაყვარო მათ, ვისაც არ უყვარს მათემატიკა. ეს დაახლოებით ტკბილ გარსში გახვეული წამალივითაა. 

– ადვილად ძლევენ სტუდენტები თქვენს საგანს? 

– ყოველ წელს დაახლოებით მესამედი იჭრება, – ოღონდ სიზარმაცის გამო. 

– ასეთი მკაცრი ხართ? 

– არა, როგორც გითხარით, სიზარმაცის გამო იჭრებიან. სხვათა შორის, შვედეთში ერთ-ერთ ყველაზე ლმობიერ ლექტორად ვითვლებოდი, აქ კი იგივე სტანდარტებით ალბათ ყველაზე მკაცრი ლექტორი მქვია. მთავარია, მართალი იყო სტუდენტთან და შენი საქმე პატიოსნად აკეთო. ვინც იჭრება, კარგად იცის, რომ მისი სიზარმაცის ბრალია და ლექტორზე არ ნაწყენდება. 

აქვე ვიტყვი, რომ პირველსავე წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა წლის საუკეთესო ლექტორად ამირჩიეს. მათ არჩევანში ჩაჭრილი სტუდენტების ხმებიც იყო. ეს არჩევანი კი იმავდროულად ნიშნავდა, რომ სტუდენტებმა მიიღეს საგანი და დაინახეს მისი სიკეთე. 

– სამწუხაროდ, ბევრს არ უყვარს მათემატიკა. 

– დიახ, მეც ხშირად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მას მათემატიკა არ უყვარს. ამ დროს ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, ამ ადამიანს ცუდი მათემატიკის მასწავლებელი ჰყავდა. ხშირად ასეცაა. ფაქტია, რომ დღევანდელი მათემატიკის მასწავლებლების დიდმა ნაწილმა თავად არ იცის ის პროგრამა, რაც უნდა ასწავლოს. აქ უკვე გადაცემის უნარზე და საგნის მოსწავლისთვის შეყვარებაზე საუბარი აღარაა. ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია, როდესაც სტუდენტი მეტყვის, რომ ჩემმა საგანმა მას მათემატიკა შეაყვარა. 

– ბევრი ქართველი ახალგაზრდა დღესდღეობით უცხოეთში იღებს განათლებას და პროფესიულ ცოდნასთან ერთად იქაურ კულტურასაც სწავლობს. ეს კარგია?

– ეს ძალიან კარგია, ოღონდ გარკვეულ ხიფათსაც შეიცავს. რაღაც ნაწილი სტუდენტებისა ბრუნდება უცხოეთიდან, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება უცხოეთში, რითაც საქართველო საუკეთესო გენეტიკურ ფონდს კარგავს. ხშირად გამიგია მშობლებისგან: ჩემს შვილს ისე უყვარს საქართველო, სხვაგან ვერსად ვერ გაჩერდებაო, მაგრამ ერთი-ორი წლის მერე იმავე შვილს არდადეგებზეც აღარ უნდა საქართველოში ჩამოსვლა. კარგი იქნება, რომ სწავლის პირველი საფეხური, ბაკალავრიატი, საქართველოში გაიაროს ბავშვმა, შეიძინოს მეგობრები, ჩაებას ქვეყნის ცხოვრებაში და შემდეგ, უკვე ბევრად უფრო ჩამოყალიბებულმა ადამიანმა, უცხოეთში გააგრძელოს სწავლა. 

– მივადექით კარგი ბაკალავრიატის საჭიროების პრობლემას. 

– საქართველოდან უზარმაზარი ფული გაედინება, მშობლებისგან გადახდილი, მათი შვილების ბაკალავრიატში სასწავლებლად უცხოეთში. ამ ფულით შეიძლებოდა საქართველოშივე გაგვეკეთებინა კარგი ბაკალავრიატი, თუნდაც იმავე უცხოელი სპეციალისტების მოწვევით. მით უმეტეს, რომ ბევრი მიმართულებით მაღალი დონის საბაკალავრო სწავლება საქართველოში უკვე არსებობს. 

– ამჟამად თქვენ „თბილისის თავისუფალი სკოლის“ დირექტორი ხართ. რა მოსაზრებით გადაწყვიტეთ სკოლის გახსნა? 

– სკოლა გაიხსნა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტებია საქართველოში სტუდენტების მიერ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით. როდესაც ვიფიქრეთ სტუდენტების რაოდენობის გაზრდის შესახებ, აღმოჩნდა, რომ ამას შეიძლება დაეზარალებინა ხარისხი, ანუ, სპორტული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, აბიტურიენტთა სათადარიგო სკამი ძალიან მოკლე იყო. საქართველოში ძალიან ცოტაა კარგი სკოლა და შესაბამისად კარგი აბიტურიენტიც ცოტაა. ამ ხარვეზის ნაწილობრივ მაინც შევსება იყო ჩვენი სკოლის გახსნის ერთ-ერთი მიზანი. ზოგადად, რომ განათლება ქვაკუთხედია ქვეყნის განვითარებისთვის და ამის გარეშე ვერც დემოკრატია განვითარდება და ვერც ეკონომიკა, ეს ცხადია. უფრო მეტიც, განათლების გარეშე დემოკრატია საზიანოც კი შეიძლება იყოს. 

– როგორ ფიქრობთ, რატომაა ცოტა კარგი სკოლა საქართველოში? მოთხოვნა ხომ დიდია კარგ განათლებაზე. 

– არა, რაც მოთხოვნაა, ისეთია მიწოდებაც. კარგი განათლება არ არის ყველა მშობლისთვის პრიორიტეტი (დიპლომი კი, მაგრამ არა განათლება). მათთვის სკოლა რაღაცნაირი ნაირსახეობაა გასართობი ცენტრის. ინგლისურის გარდა სხვა საგნის შესწავლა ნაკლებად აინტერესებთ. ფიქრობენ, რომ მერე, მაღალ კლასებში მოამზადებენ ბავშვებს რეპეტიტორთან და სადღაც ჩააბარებინებენ, – დღეს ხომ საკმაოდ ადვილია გახდე სტუდენტი. ზოგი მშობელი ქვეცნობიერად ასეც ფიქრობს: მე თუ განათლება არა მაქვს, ვერ ვიშოვე ფული თუ რა?! ლუარსაბის თანამედროვე ვარიანტია: „მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ?!“ 

ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება და ზუსტად აქ არის ჩვენი ნიშა: ჩვენ არ ვცდილობთ, ყველას მოვაწონოთ თავი, – ჩვენი სკოლა არის მათთვის, ვისაც ესმის განათლების ფასი და რომ განათლების გარეშე არ არსებობს თავისუფალი პიროვნება. 

– და რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა „თავისუფალი“? ეს სიტყვა თქვენი სკოლის დასახელებაშიც შედის. 

– თავისუფალი და თავისუფლება ბევრის მომცველი სიტყვებია. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია აზრის თავისუფლება, რაც სიტყვის თავისუფლებაზე ბევრად მეტია. სიტყვის თავისუფლებაა, როცა შენ ამბობ იმას, რასაც ფიქრობ. აზრის თავისუფლებაა, როცა შენ ფიქრობ იმას, რასაც გრძნობ. მოკლედ, შეგიძლია, თუნდაც საკუთარ თავს უთხრა, რომ „მეფე შიშველია“. 

– თავისუფალი თუ ნიშნავს თავისუფალ ქცევასაც?
 
– დიახ, ოღონდ იმ ბუნებრივ საზღვრამდე, როცა, მაგალითად, ერთი ბავშვის „თავისუფალი“ ქცევა ხელს უშლის გაკვეთილის ნორმალურ ჩატარებას და ამით ზღუდავს სხვა ბავშვის უფლებას მიიღოს ცოდნა მშვიდ, სასიამოვნო და სამუშაო გარემოში. 

ზოგადად, თავისუფლება და წესრიგი არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები, პირიქით. მე ორ ქვეყანას ვიცნობ კარგად, საქართველოს და შვედეთს (სადაც წლები გავატარე, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს) და მათ რომ ერთმანეთს ვადარებ, შვედეთში ერთდროულად თავისუფლებაც მეტია და წესრიგიც.
 
– კიდევ რა პრიორიტეტები აქვს თქვენს სკოლას? 

– პირველ რიგში უსაფრთხოება! და ამაში სრულად ვთანხმდებით მოსწავლეების მშობლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური დაცულობა. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ბულინგი, როგორც ბავშვებს შორის, ასევე ბავშვსა და უფროსს შორის ნებისმიერი მხრიდან. 

სხვათა შორის, გართობაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ვთვლით, რომ სწავლაც მაქსიმალურად სახალისო და გასართობი ფორმით უნდა მიმდინარეობდეს, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, სწავლა ზოგჯერ განსაკუთრებულ მობილიზაციასაც მოითხოვს მოსწავლისაგან. მაგალითად, თქვენ თუ მეტყვით, რომ არ ყოფილა დილა, როცა თქვენ ძილის გაგრძელება გერჩივნათ სკოლაში წასვლას, არ დაგიჯერებთ. 

– თქვენ ახსენეთ, რომ კარგად იცნობთ შვედეთს. ხომ არ ფიქრობთ შვედური სისტემის გადმოღებას? 

– არა. ის, რომ შვედური განათლების სისტემა ბევრად სჯობს ქართულს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სტანდარტული შვედური სკოლა კარგ განათლება იძლევა. ეს მე კარგად განვიცადე საკუთარ ტყავზე, ერთი, როგორც მშობელმა (ჩემი ორი ქალიშვილი იქ სწავლობდა და ძალიან გამიჭირდა მათთვის კარგი სკოლის შერჩევა) და მეორე, როგორც ლექტორმა, – ძალიან ცუდი დონის აბიტურიენტები მოდიოდნენ სკოლის მერხიდან. ლუნდის უნივერსიტეტში (სადაც ვმუშაობდი) ტექნიკურ ფაკულტეტებზე ერთ-ერთ საგნად ჩვეულებრივი სასკოლო პლანიმეტრიის კურსიც კი შემოვიღეთ პირველი კურსის სტუდენტებისთვის ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად. ეს კურსი ამოღებული იყო შვედური სკოლის პროგრამიდან მარტივი ლოგიკით: თუ ყველა ვერ სწავლობს პლანიმეტრიას, მაშინ არავის არ ვასწავლოთო. 

კიდევ ერთი მომენტი: ის სისტემა, რაც არის შვედეთში, მორგებულია შვედურ ხასიათზე და შეიძლება არ იმუშაოს ქართულ რეალობაში. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ასეთი ისტორია: როდესაც გორბაჩოვმა "პერესტროიკის" განთიადზე გამოაცხადა, რომ სურდა სოციალიზმის შვედური მოდელის აშენება საბჭოთა კავშირში, მისმა ერთ-ერთმა ოპონენტმა გადაჭრით უარყო ეს იდეა შემდეგი მარტივი არგუმენტით: ძალიან ცოტანი არიან ჩვენს ქვეყანაში შვედებიო. 

ჩვენ არცერთი მოდელის კოპირებას არ ვაპირებთ, მაგრამ გადმოვიღებთ ყველა მოწინავე იდეას, რაც მიესადაგება ქართულ რეალობას. ამით ჩვენ შევქმნით ჩვენს საკუთარ მოდელს. 

რადგან საბჭოთა კავშირი ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ განვთავისუფლდებით საბჭოური ტოტალიტარული აზროვნებისგან და მეტ თავისუფლებას მივცემთ სკოლებს. განათლება იმდენად რთული და ამოუწურავი მეცნიერებაა, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ზუსტად მას აქვს განათლების ერთადერთი სწორი კონცეფცია და თავს მოახვიოს ყველა სხვას. იყოს სკოლების მრავალფეროვნება და ცხოვრება აჩვენებს, რა არის სწორი და რა არა. 

– თქვენი ზემოთ ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ ქართველი მოსწავლე სხვაა და შვედი სხვა?! 

– დიახ, ისევე როგორც ქართველი მძღოლი სხვაა და შვედი სხვა. შვედური განათლების სისტემის წარმატება დიდწილად ემყარება შვედურ ორგანიზებულობას და შრომისმოყვარეობას. საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც ლუნდის უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა, თა¬ვიდან ყველაფერი ამიხსნეს, რა როგორ იყო და ბოლოს მითხრეს უცნაური რამ: შემეძლო სემინარებზე შესვლა ხუთი წუთით დამეგვიანა. ამან ძალზე გამაკვირვა. მანამდე სხვა შვედურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი და კარგად ვიც¬ნობდი შვედურ პუნქტუალობას, პედანტიზმამდე მისულს. სხვათა შორის, გერმანელები იგივე ანეკდოტებს ყვებიან შვედურ პედანტიზმზე, რასაც ჩვენ ვყვებით გერმანელებზე. ჰოდა, ახლა ეს „გერმანელები კვადრატში“ მეუბნებოდნენ, რომ შემეძლო სემინარზე ხუთი წუთით დაგვიანება. აღმოჩნდა რა? სტუდენტებს ეს ხუთი წუთი სჭირდებოდათ, რომ ამოეღოთ რვეულები და წიგნები, სახლში ამოხსნილი ამოცანებისთვის თვალი გადაევლოთ და კითხვები მოემზადებინათ. მართლაც, როცა სემინარზე შევდიოდი, ყველანი წიგნებში და რვეულებში იყვნენ ჩაფლულნი. თბილისში ასეთი შემთხვევა არ მქონია. პირიქით, პირველი ხუთი წუთი სტუდენტების დაწყნარებას და მათ ჭკუაზე მოყვანას სჭირდება ხოლმე. 

სხვა მაგალითსაც გეტყვით: როდესაც ჩემი ორი წლის ბიჭი შვედური საბავშვო ბაღიდან სახლში მოვიდოდა, გადმოალაგებდა კარადიდან სათამაშოებს, ითამაშებდა და ბოლოს უთქმელად აალაგებდა ისევ კარადაზე. ასე ასწავლეს ბაღში. ჩვენს ქვეყანაში კი, ბავშვს საკუთარი ნახმარი თეფში არ მიაქვს ნიჟარამდე, რადგან ვერ ვასწავლეთ ეს (უფრო სწორად, არ ვასწავლეთ).
 
– დღეს არსებობს აზრი, რომ სკოლამ ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს ბავშვი და არა კონკრეტული საგნები შეასწავლოს... 

– ერთი მეორეს არ გამორიცხავს, უფრო პირიქით. როგორ იქნება ბავშვი მომზადებული ცხოვრებისთვის, თუ მას არ ეცოდინება ელემენტარული პროცენტის დათვლა ან ორი სიტყვა არ ეცოდინება უცხო ენაზე?! იმავდროულად მე პირადად, ვფიქრობ, რომ, მაგალითისთვის, ბიოლოგიაში უფრო მნიშვნელოვანი დრო უნდა ეთმობოდეს ადამიანის ორგანიზმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესწავლას, ვიდრე, ვთქვათ, ამების უჯრედის დეტალური აგებულების დაზუთხვას. ისტორიაშიც არა აუცილებელი უამრავი ფაქტისა და თარიღის დაზეპირება. ბევრად მნიშვნელოვანია წაკითხულის კრიტიკული გააზრება, სხვადასხვა მოვლენას შორის ლოგიკური კავშირის დანახვა და, თუნდაც, სწორი კითხვების დასმა. სხვათა შორის, თავისუფალ უნივერსიტეტში გამოცდები ღია წიგნის პრინციპით ტარდება და სტუდენტს შეუძლია ყველა ფაქტობრივი მონაცემი წიგნიდან ამოიღოს პირდაპირ გამოცდის მსვლელობისას. 

ჩვენი სკოლა ასევე გეგმავს, რომ მოსწავლეებს შეუქმნას საბაზისო წარმოდგენა ცხოვრებისთვის საჭირო ისეთ პრაქტიკულ საგნებზე, როგორიცაა სამართალი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და ასე შემდეგ.

– რაც არ უნდა კარგი მოდელი გქონდეს, კარგ სკოლას ვერ გააკეთებ, თუ არა გყავს კარგი პედაგოგები. პედაგოგი არის სკოლის ქვაკუთხედი. როგორ შეარჩიეთ პედაგოგები? 

– ძალიან მარტივად. გამოვაცხადეთ მაღალი ხელფასები და ვინც დაგვთანხმდა, ისინი ავიყვანეთ. სერიოზულად რომ გიპასუხოთ, პედაგოგები დიდი პრობლებაა საქართველოში. გასაუბრებებმა გვიჩვენა, რომ, სამწუხაროდ, მათემატიკის პედაგოგთა 80-მა პროცენტმა თავად არ იცის ის სასკოლო კურსი, რაც უნდა ასწავლოს. მე მათემატიკოსი ვარ და მათემატიკის საგანში მივცემ თავს უფლებას ასე გადაჭრით ვისაუბრო, თორემ, ალბათ, სხვა საგნებშიც იგივე სიტუაციაა. არაა ასეთ თემებზე საუბარი სასიამოვნო, მაგრამ განათლებაში დიდწილად იმიტომაცაა ცუდად საქმე, რომ ბევრს წარმოდგენაც არა აქვს, რამდენად ცუდადაა საქმე. ამის გამოსწორებას ბევრი დრო და ენერგია დასჭირდება. 

– თქვენ რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პედაგოგები? 

– ჩვენმა პედაგოგებმა გაიარეს ტესტი ლოგიკურ აზროვნებაში, საკუთარ საგანში (თავისუფალი უნივერსიტეტის შესაბამისი საგნის პროფესორებთან) და წარმოგვიდგინეს პედაგოგიური უნარები კონკრეტული თემის ახსნით სასკოლო კურსიდან. 

ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პედაგოგები არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალურადაც იყვნენ დაფასებულნი. მათ არ ეძლევათ ინსტრუქცია სკოლის ადმინისტრაციისაგან, რომ, მაგალითად, მოუმატონ ბავშვებს ნიშნები, კმაყოფილი ჰყავდეთ მშობლები და, ზოგადად, ყველაფერი გააკეთონ მათ საამებლად, რაც, საბოლოოდ, მაინც მშობლებისთვისაა საზიანო (იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენთან, საბედნიეროდ, ასეთი მშობელი ცოტაა). ჩვენ არ გვაქვს პრინციპი, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია. ჩვენთვის სკოლა არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. 

– თქვენ თვლით, რომ განათლება არის ქვეყნის უპირველესი პრობლება? 

– დიახ, ყველა სხვა პრობლემა, რაც არ უნდა აიღოთ, საბოლოოდ განათლებაზე დადის: ჩვენ ვერც რაიმე საქმის გაკეთებას შევძლებთ და ვერც კარგ ხელისუფლებას ავირჩევთ, თუ განათლება არ გვექნება. განათლებაში, ცხა¬დია, ცარიელი დიპლომის ქონას არ ვგულისხმობ. საბოლოოდ, ყველა ზარალდება ამ პრობლემით. 

– რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრას? 

– განათლებაში საჭიროა დიდი ინვესტიცია, როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური. ოღონდ ეს ხეჭეჭურის ხესავითაა, კინოფილმიდან „ნერგები“, – გვიან მოგცემს ნაყოფს. როგორც კონფუცი ამბობდა: „თუ ერთწლიანი გეგმები გაქვს – ბრინჯი დათესე, თუ ათწლიანი – ხეები დარგე, თუ ასწლიანი – ბავშვებს ასწავლე“. მთავრობას კი ნაყოფი მომავალ არჩევნებამდე სჭირდება, ანუ ოთხ წელიწადში. უფრო მეტიც, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა, შეიძლება გაანაწყენოს კიდევაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ სწავლა სწავლას დაემსგავსება, ბევრი სტუდენტი, ვინც დღეს ვითომ სწავლობს, ვეღარ ისწავლის და ბევრი ლექტორიც, ვინც ვითომ ასწავლის, უმუშევარი დარჩება (ყველაზე არ ვამბობ). ჰოდა, ბევრს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს. თუმცა, თუ იმავე ფილმს დავესესხებით, ასე თუ ვიფიქრებთ, ხვალ აღარც კვერცხი გვექნება და აღარც ქათამი. გრძელვადიან პერსპექტივაში ყველას ინტერესშია ამ პრობლემის გადაჭრა. 

– მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ისინი სულ სხვა პრობლემებს აყენებენ პირველ ადგილზე, მაგალითად, უმუშევრობას. 

– გეთანხმებით, ოღონდ ყველა ეს პრობლემა განათლების პრობლემისგან არის გამოწვეული. რა არის უმუშევრობა? უმუშევრობა ნიშნავს, რომ არის ადამიანი და არ არის სამუშაო. ჩემი აზრით, ეს პრობლემა გამოწვეულია ზუსტად ამის საპირისპირო პრობლემით: კვალიფიციური კადრების მკვეთრი დეფიციტით: ანუ, არის სამუშაო და არ არის ადამიანი. სამუშაო თავსაყრელია, – ან კი როგორ შეიძლება ჩვენს შეჭირვებულ ქვეყანაში საქმე და საკეთებელი არ იყოს?! მაგრამ, მაგალითად, იმისთვის, რომ ქარხანა ამუშავდეს, საჭიროა კვალიფიციური მენეჯერი, ინჟინერი, ფინანსისტი, იურისტი და ასე შემდეგ. ასეთი კადრები არსებობს, მაგრამ ძალიან ცოტაა. ამიტომაა, რომ ჭირს რაიმე საქმის წამოწყება. გვიწია დიპლომომანიამ, როცა დიპლომების რაოდენობით ერთ-ერთი პირველი ვიყავით მსოფლიოში. ჰოდა, გვყავს დღეს ტაქსის მძღოლები ორ-ორი დიპლომით. შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს კურიოზული სიტუაცია: არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც სამუშაო არა აქვს და იმავდროულად არსებობს უამრავი საქმე, სადაც სპეციალისტებს ვერ პოულობენ! ჩემი სტუდენტობის მეგობრები (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის და ფიზიკის ფაკულტეტების კურსდამთავრებულები) თითქმის ყველა გადავიდა ბიზნესში და საკმაოდ წარმატებულადაც. მათ შეხვედრებზე ხშირად ისმის ასეთი კითხვები: კარგი ბუღალტერი მჭირდება და ხომ არ იცით ვინმე? ან კარგი იურისტი, ინჟინერი და ასე შემდეგ. ყველა ეძებს კარგ სპეციალისტს, მაგრამ ადვილად ვერ პოულობს. 

– თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს გაანაწყენებთ ამ სიტყვებით, დიპლომიან უმუშევართა უზარმაზარ არმიას. 

– მე პოლიტიკოსი არა ვარ, ადამიანებს თავი მოვუქონო. პოლიტიკოსები ხშირად ხალხს განიხილავენ, როგორც ქალს, რომელიც კომპლიმენტებით უნდა აავსო (ზოგჯერ საჩუქრებითაც), რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვო. ზურგს უკან კი აგინებენ იმავე ხალხს. მე ვამბობ ისე, როგორც ვხედავ. რა თქმა უნდა, დაუსაქმებელ ადამიანებს შორისაც არიან კარგი სპეციალისტები, ვინც ჯერ კიდევ ვერ დააფასეს სათანადოდ, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. უმეტეს შემთხვევაში დიპლომის უკან არ დგას შესაბამისი ცოდნა.
 
– როგორც აღნიშნეთ, კარგი სპეციალისტის აღზრდას დიდი ინვესტიცია სჭირდება. აქვს ქვეყანას ამის ეკონომიკური რესურსი?
 
– რაც აქვს, ის უნდა გამოიყენოს ეფექტიანად. ქვეყანა უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევა ოჯახი, სადაც მშობლებმა იციან განათლების ფასი: პირველ რიგში ბავშვების განათლებაზე გადადებენ თანხას და რაც დარჩება, იმას ანაწილებენ სხვა საჭიროებაზე. პედაგოგს უნდა ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება, ცარიელი ლოზუნგებით ამ პროფესიის პრესტიჟი არ ამაღლდება. 

იმავდროულად, მეტი ობიექტურობა უნდა მოეთხოვოს პედაგოგს. სრულიად მიუღებელი უნდა გახდეს არცოდნაში ნიშნის დაწერა, რადგანაც ეს არის სიყალბე. მაგალითად, ყალბი კუპიურების დაბეჭდვა ხომ არის დანაშაული? ჩემი აზრით, ყალბი ნიშნის დაწერა და ამით ვითომ ექიმის ავადმყოფთან მიშვება ან ვითომ იურისტისთვის ადამიანის ბედის ჩაბარება ბევრად დიდი დანაშაულია. მხოლოდ სხვისი კრიტიკა რომ არ გამომივიდეს ვიტყვი, რომ, როცა ახალგაზრდა ლექტორი ვიყავი, მეც გამიკეთებია შეღავათი, მაგალითად, ჩვილბავშვიანი სტუდენტებისთვის, დროულად რომ ვერ მოასწრეს გამოცდისთვის მომზადება. მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ასეთ შემთხვევებში გამოსავალი უფრო მოქნილი სალექციო და საგამოცდო სისტემაა და არა ნიშნის მომატება. ყალბი კუპიურების დაბეჭდვა ხომ არანაირი მიზეზით არ არის გამართლებული. 

– ეს ალბათ კიდევ ერთ პრობლემას იწვევს: პროფესიულ-ტექნიკური კადრების ნაკლებობას. 

– დიახ, კვალიფიციური ხელოსანიც ძნელი საპოვნელია. მე თავად ავაშენე საკუთარი კერძო სახლი თბილისში და ვიცი, რომ კარგი ხელოსნის პოვნაა ამ საქმეში ყველაზე დიდი პრობლემა. კონკრეტული საქმე ცოტამ იცის, უმეტესობა „ყველაფერშჩიკია“. ცარიელი დიპლომების დარიგება კიდევ უფრო ამწვავებს ამ პრობლემას: დიპლომიანი ადამიანი თვლის, რომ მას უმაღლესი განათლება აქვს და აუცილებლად „ოფისში“ უნდა იმუშაოს, აღარ უნდა ხელოსნობა და რჩება საერთოდ უმუშევარი. საბოლოოდ გვაქვს ის კურიოზული სიტუაცია, რაც უკვე ვთქვით: უამრავი ადამიანი სამუშაოს გარეშე და უამრავი საქმე, გამკეთე¬ბელი რომ არ ჰყავს. 

– „ყველაფერშჩიკობა“ ალბათ მარტო ხელოსნების სენი არაა... 

– მართალია, ზოგადად ქართველებს არ გვიყვარს სიტყვები: „არ ვიცი“. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. არადა, პირადად მე ძალიან ვაფასებ, როცა ადამიანი ამბობს „არ ვიცი“, რადგანაც მაშინ მე მჯერა მისი იქ, სადაც ის ამბობს „ვიცი“. კარგად მახსოვს ჩემი გაოცება, როდესაც შვედეთში პირველად მოვხვდი მიღებაზე ექიმთან, პროფესორთან და თავისი მოსაზრების გამოთქმის შემდეგ დააყოლა, ჩემს კოლეგასთანაც გავივლი ამ საკითხზე კონსულტაციასო.
 
– თქვენ, პირადად, როგორ აგვარებთ კადრების საკითხს? თქვენ თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი ხართ და ბევრი მიმართულებით გჭირდებათ სპეციალისტი. 

– არა მარტო ჩემს ფაკულტეტზე, სხვა ფაკულტეტებსაც უჭირთ კვალიფიციური კადრების მოძიება. ჩემს ფაკულტეტს რაც შეეხება, მათემატიკოსების პოვნა ჯერ კიდევ შეიძლება (ხაზს ვუსვამ, ჯერ კიდევ), კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი კი სანთლით საძებარია. ასეთი კადრი ცოტაა და მათზე დიდი კონკურენციაა. ჩვენს უნივერსიტეტში ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, მაგრამ მაინც ძნელია კონკურენცია გაუწიო ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს. როდესაც გავიგებ, რომ სადმე კარგი სპეციალისტი მუშაობს, ვურეკავ, ვეპატიჟები სადილზე სადმე მის სამსახურთან ახლოს (უნივერსიტეტში მოსვლა შეიძლება ეშოროს), მივდივარ ჩემს კოლეგებთან ერთად და ვიწყებ აგიტაცია-პროპაგანდას, ასე ვთქვათ, „შეხვევას“. ზოგჯერ ვხუმრობ, რომ ამდენი ძალისხმევა თავის დროზე ქალების „შეხვევაზე“ არ დამიხარჯავს-მეთქი. 

– რამე სანუგეშოს თუ გვეტყვით ამდენი პრობლემის შემდეგ? 

– სანუგეშოც ბევრია. თუნდაც ის ფაქტი, რაც ახლახან აღვწერე: ძალიან დაფასდა კვალიფიციური კადრები, კერძო ბიზნესმა მოიტანა ეს. ჩემს ახალგაზრდობაში, საბჭოთა კავშირის დროს, სულაც არ იყო ასე, არავის აინტერესებდა კვალიფიციური კადრი, ძირითადად ფულით და ნაცნობობით ხდებოდა სამუშაოზე მიღება. მთავარი იყო დიპლომი გქონოდა ფორმალურად. დამქირავებელს დიდად არ აღელვებდა საქმის შედეგი – ეს ხომ არ იყო მისი კერძო საქმე. 

დღეს კი სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი: მეც და ჩემი კოლეგებიც თავისუფალი უნივერსიტეტიდან სანთლით ვეძებთ კვალიფიციურ კადრებს. ასეა ყველა ფაკულტეტზე. ასე რომ, ახლა ცოდნა ბევრად უფრო ფასობს, ვიდრე ეს იყო ადრე. 

კიდევ სანუგეშო ის არის, რომ სწავლა აღარ არის სამარცხვინო, როგორც ეს იყო ერთი-ორი ათეული წლის წინ. აღარ გირეკავენ ნაცნობები და არ გთხოვენ სტუდენტისთვის ნიშნის დაწერას. სტუდენტები აღარ იხდიან ქრთამს მისაღებ გამოცდებზე და შემდეგ არც სწავლის პერიოდში.

აქ ერთი ძველი ქუთაისური ანეკდოტი გამახსენდა: – ავთოია გაურიცხიათო. გარიცხავდნენ, აბა რა იქნებოდა, ორი ათასი მანეთის გამოცდები დარჩა ჩასაბარებელიო... გამოცდების რაოდენობა მანეთებში იზომებოდა. 

– გაქვთ იმედი, რომ მალე მოხდება საჭირო ძვრები განათლების სისტემაში? 

– ეს ვერ მოხდება, თუ არ მოხდა ასეთი საჭიროების მასობრივ დონეზე გააზრება. რამდენად კომპეტენტური ხალხიც არ უნდა მოვიდეს განათლების სამინისტროში, ისინი მაინც პოლიტიკური გუნდის ნაწილი იქნებიან და ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი უნდა გაატარონ. სწორი რეფორმების გატარება კი, რომლებიც შედეგებს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს, არაპოპულარული იქნება ხელისუფლებისთვის. 

სიმართლე რომ გითხრათ, სხვადასხვა ხელისუფლების დროს მეც მქონდა შემოთავაზება ჩემი მეგობრებისგან (რომლებიც იმ დროს ხელისუფლებაში იყვნენ) ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობაზე და შემდეგ განათლების მინისტრობაზე. მე მათ დავუსვი რიტორიკული კითხვა, მექნებოდა თუ არა შესაძლებლობა იმ საჭირო რეფორმების გატარებისა, რომელთა სიკეთეშიც ჩემი მეგობრებიც მეთანხმებოდნენ. მეგობრებმა პატიოსნად მიპასუხეს, რომ არა. და ცხადია, რომ არა! ეს ორივე თანამდებობა არის პოლიტიკური თანამდებობა. 

განათლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, დღევანდელ ეტაპზე განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს გარკვეული დამოუკიდებლობა (სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რაღაც ანალოგი), რათა მან გაატაროს აუცილებელი რეფორმები, ხშირად მტკივნეულიც. 

განათლება ეს არის მთავარი იარაღი თანამედროვე სამყაროში და ჩვენთვის ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი (რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს). განათლების გარეშე ჩვენ დავმარცხდებით და სხვა უსათუოდ დაგვჯაბნის. და თუ ჩვენი გაუნათლებლობის გამო გვაჯობა ვინმემ, გულის სიღრმეში რაღაცა მეუბნება, რომ ეს სამართლიანიც იქნება და ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. 

– თქვენ უცხოურ უნივერსიტეტებში მუშაობდით. რა არის მთავარი განსხვავება ქართულ რეალობასთან შედარებით? 

– პირველ რიგში – სტუდენტების დამოკიდებულება სწავლის მიმართ. შვედეთის გარდა, მე ვმუშაობდი ინგლისშიც, ლონდონისა და საუთჰემპტონის უნივერსიტეტებში. დამოკიდებულება სწავლისადმი იგივენაირად საქმიანია. საქართველოს გარდა, არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც სტუდენტი ფულს იხდიდეს იმაში, რომ არ ისწავლოს. წარმოიდგინეთ, შეხვედით რესტორანში, გადაიხადეთ ფული და არ მიირთვით შეკვეთილი კერძები. თანაც გიხარიათ, ეს რა ჭკვიანურად გააცურეთ რესტორანი. მარტო ფულის გადახდაზეც არ არის საქმე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სტუდენტი იხდის ბევრად უფრო ძვირფას ვალუტას – საკუთარ დროს, მისი ცხოვრების საუკეთესო წლებს, როცა სხვა საზრუნავი ნაკლები აქვს და შეუძლია ცოდნის მიღებაზე გააკეთოს კონცენტრაცია. ასეთი დრო აღარ განმეორდება მათ ცხოვრებაში. 

როდესაც აგრარული უნივერსიტეტი კახა ბენდუქიძის მართვაში გადმოვიდა და რადიკალური ცვლილებები მოვახდინეთ იქ, იცით რას აპროტესტებდნენ აგრარულის სტუდენტები? რატომ გვასწავლითო? ჩვენ აგრარულში იმიტომ ჩავაბარეთ, რომ არ გვესწავლაო. 

ჩემი თაობის ხალხისგანაც ხშირად გამიგია: რა კარგი იყო სტუდენტობა, როგორ აცდენდნენ ლექციებს, როგორ დადიოდნენ „შატალოებზე“ („შატალოც“ შეიძლება კარგი იყოს, როცა ეს გამონაკლისია და არა წესი), როგორ ეშმაკობდნენ გამოცდაზე, როგორ იწერებოდა ნიშნები ჩაწყობით (ქრთამზე რომ არაფერი ვთქვათ) და ასე შემდეგ... ამიტომაც გვაქვს ახლა ეს ქვეყანა თავზე დამხობილი! 

– ალბათ მარტო სტუდენტების ბრალიც არ არის ეს ყველაფერი. როგორც თავად თქვით, ხშირად ლექტორებიც „ახალტურებენ“ და ტყუილად არიგებენ ნიშნებს. 

– გეთანხმებით, მოჯადოებული წრეა. თუ ლექტორმა ნიშანი არ დაუწერა სტუდენტს, მაშინ სტუდენტი გაირიცხება. გარიცხული სტუდენტი კი ფულს აღარ გადაიხდის და ლექტორიც ხელფასს ვერ მიიღებს. ამიტომ უნივერსიტეტებში ძალიან დაბალ დონეზეა ცოდნის თამასა დაწეული. მე მიკვირს, თავად სტუდენტები რატომ არ აპროტესტებენ ამ სიტუაციას. ესეც ალბათ საბჭოთა მენტალიტეტის ინერციაა, როცა საჭირო იყო არა ცოდნა, არამედ დიპლომი და მერე ნაცნობობით ყველაფერი კეთდებოდა. დღევანდელი სტუდენტები არ მოსწრებიან საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბჭოთა მენტალიტეტის გარემოში გაიზარდნენ. კიდევ ბევრ თაობას გადაყვება, სამწუხაროდ, ეს მენტალიტეტი. 

– სად არის გამოსავალი? 

– მე ასე ვიტყვი: განათლებაში არსებობს ორი ბოროტება, დიდი ბოროტება და პატარა ბოროტება. დიდი ბოროტებაა, არ ასწავლო მას, ვისაც სწავლა უნდა და პატარა ბოროტებაა, ასწავლო მას, ვისაც სწავლა არ უნდა. ჩვენ არც ერთი ბოროტება არ უნდა ჩავიდინოთ და არც მეორე. საგრძნობლად უნდა შევამციროთ სტუდენტების რაოდენობა და მთელი სახსრები მათ მოვახმაროთ, ვისაც სწავლა უნდა. მაგრამ ამას ძნელად გააკეთებს რომელიმე ხელისუფლება. ეს არც სტუდენტს მოეწონება, არც მის მშობელს და არც პედაგოგს. რადგან მშობელი ვახსენეთ, მინდა მათ მივმართო: თუ თქვენი შვილი არაფერს აკეთებს სემესტრის განმავლობაში, ბოლოს ერთი-ორი დღე დაჯდება სამეცადინოდ და მერე ნიშანს მიიღებს გამოცდაზე, ნუ ჩათვლით, რომ თქვენი შვილი აუცილებლად გენიოსია! ჩათვალეთ, რომ მთელი სისტემა თქვენ გატყუებთ და გააპროტესტეთ ეს (შემდეგში მაინც მოგიწევთ საპროტესტოდ გასვლა, როცა თქვენი შვილი უმუშევარი დაგიჯდებათ სახლში).
 
– ანუ მნიშვნელოვანია სტუდენტის თვითშეგნება? 

– დიახ, ესაა გადამწყვეტი. აბა სცადეთ, შვედ სტუდენტს არ ასწავლოთ ან ტყუილად დაუწეროთ ნიშანი. დაუმსახურებლად მიღებული ზედმეტი ნიშანიც არ უნდათ. მახსოვს ასეთი შემთხვევა ჩემი პირველი კურსის წაკითხვისას შვედეთში: კომპლექსურ რიცხვთა თეორიაში საგამოცდო ნაწერში ერთ-ერთ სტუდენტს თითოეული ამოცანა შესაბამისი ქულით რომ შევუფასე, მერე ამ ქულების შეკრებაში შეცდომა მომივიდა და უფრო მაღალი შეფასება დავწერე, ვიდრე ქულების ჯამი იყო. მოვიდა შემდეგ ეს სტუდენტი და მითხრა: თქვენ პრობლემები გქონიათ არაკომპლექსური რიცხვების შეკრებაშიო. რა მექნა, დავუწიე შეფასება. თავად რომ არ ეღიარებინა, ვერც ვერავინ გაიგებდა. ასეთი რამ შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს, მაგრამ, ზოგადად თუ ვიტყვით, ჩვენთან უფრო მეტად მისაღებია პლაგიატი და აკადემიური თაღლითობა. და ეს არა მარტო სტუდენტებისთვისაა მისაღები, არამედ ბევრი პედაგოგისთვისაც კი. ჩემს კოლეგებთან თბილისში ხშირად მქონია კამათი, როდესაც მიმტკიცებდნენ: რა მოხდა, სტუდენტი თუ გამოცდაზე გადაიწერს, გადაწერაშიც ხომ სწავლობენო. 

– ლექციები როგორ ტარდებოდა შვედეთში? 

– ლექციებს საკმაოდ დიდ ჯგუფებში ვატარებდი, დაახლოებით ორასი სტუდენტი ესწრებოდა ერთდროულად. საინტერესოა, რომ თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დამჭირვებია წესრიგისაკენ მოწოდება.
 
– ჩვენი სტუდენტები განსხვავდებიან ამ მხრივ? 

– ჩვენი სტუდენტები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. თქვენც ალბათ ხშირად გინახავთ ჩვენთან კინოში ან თეატრში, როგორ თავისუფლად საუბრობენ ადამიანები სპექტაკლის მსვლელობისას. მობილურები ხომ ცალკე პრობლემაა. დასავლეთში სტუდენტები მაქსიმალურად არიან ჩართული ლექციაში და არ ცდილობენ სხვა რაიმე გასართობის პოვნას. ასეთ საინტერესო რამეზეც დავფიქრებულვარ: ლექციებს შვედურად ვკითხულობდი და შვედური ჩემი მეხუთე ენაა. ენების ნიჭი არ მაქვს მაინცდამაინც და წარმომიდგენია, რამდენ შეცდომას დავუშვებდი საუბრისას. საინტერესოა, რომ ამაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონდათ სტუდენტებს. აქ შემიძლია დავიტრაბახო კიდევაც, მიუხედავად ენობრივი შეზღუდულობისა, რამდენჯერმე ვიყავი სტუდენტებისაგან ფაკულტეტის საუკეთესო ლექტორად არჩეული და ჩემი მუშაობის ბოლო წელს მთელს უნივერსიტეტში წლის საუკეთესო ლექტორადაც ამირჩიეს. დავინტერესდი და გავარკვიე, რომ იმ წელს ათას ორასამდე ლექტორი ასწავლიდა უნივერსიტეტში და სტუდენტები მხოლოდ ერთს ირჩევდნენ მათგან საუკეთესო ლექტორად. სხვათა შორის, საუკეთესო ლექტორს ხელფასსაც უმატებდნენ. 

– აქ ალბათ უპრიანია კითხვა, რატომ დაბრუნდით ზუსტად მაგ დროს საქართველოში? 

– ბევრი მეკითხება მაგას: მუდმივი სამუშაო მქონდა, კარგი ხელფასი, შვედეთის მოქალაქეობაც მქონდა, ენა ვიცოდი... არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ისე, სხვათა შორის, არავინ მეკითხება რატომ წავედი საქართველოდან. მაინც გეტყვით. საქართველოდან რომ წავედი, ჩემი ხელფასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო 30 ცენტი თვეში. ამ პერიოდში ან პროფესია უნდა შეგეცვალა ადამიანს, ან ქვეყანა. მე ქვეყანა შევცვალე, დროებით. რატომ დავბრუნდი? მე იმ დროს წამოვედი, როცა ჩემი გოგონები ჯერ კიდევ წამომყვებოდნენ. მინდოდა, რომ საქართველოც გაეცნოთ. სკოლის ბოლო კლასები (ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლაში) და უნივერსიტეტი თბილისში დაამთავრეს. აქ მეგობრები გაიჩინეს, ქართული ენაც კარგად ისწავლეს. მე მათ არჩევანი მივეცი, საქართველო თუ უცხოეთი. უამისოდ არჩევანი არ ექნებოდათ. ამის შემდეგ თავიანთი გზა თვითონ იციან. 

– ხომ არ ნანობთ, რომ დაბრუნდით? 

– არა. ბევრი რამე მენატრება შვედეთიდან – მოწესრიგებული ქვეყანაა, მაგრამ აქაც ძალიან საინტერესოა ცხოვრება. 

– თქვენი შვილები ამჟამად სად არიან და რას საქმიანობენ?
 
– სამი შვილი მყავს. მათ, ისევე როგორც მე, ორმაგი მოქალაქეობა აქვთ (საქართველოსი და შვედეთის). უფროსი გოგონა გათხოვილია ამერიკელზე, დიპლომატიურ საქმიანობას ეწევიან. ამჟამად უკრაინაში ცხოვრობენ და მომავალში შვედეთში აპირებენ ცხოვრებას. მეორე გოგონა შვედეთშია. მესამე შვილი – ბიჭი კი თბილისშია, თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს პირველ კურსზე. 

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

– ჩემი ჰობია არგენტინული ტანგო. ძალიან დიდი ხანია ამ საქმეში ვარ. ვასწავლიდი კიდეც. თავისუფალ უნივერსიტეტშიც გვქონდა კლუბი. მიყვარს ეს საქმე და დიდი დრო მაქვს დათმობილი. დღემდე ვცეკვავ, დავდივარ ფესტივალებზე, გამოვდივარ საჩვენებელ გამოსვლებზე. 

– რამე წარმატება მაგ მიმართულებითაც ხომ არ გაქვთ? 

– არგენტინულ ცეკვებში შეჯიბრებები ნაკლებად ტარდება. არსებობს სამეჯლისო, ანუ ევროპული ტანგო და არგენტინული ტანგო. სამეჯლისო ტანგო ეს უფრო სპორტული ცეკვაა. არგენტინული ტანგო თავისი არსით არ არის შეჯიბრება. სამეჯლისო ცეკვა არის ცეკვა მაყურებლისთვის და ჟიურისთვის – ნახეთ რა მაგარი ბიჭი ვარო, არგენტინულ ტანგოს პარტნიორისთვის ცეკვავ. ყველაზე დიდი მსაჯულიც პარტნიორია. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი