ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ მოძრაობა "ლელოს" წევრ, ბიზნესმენ გიორგი მორდეხაშვილთან - #3(60), 2019
მინი დოსიე 

გიორგი მორდეხაშვილი დაიბადა 1964 წელს, თბილისში. 

განათლება

1971-1981 თბილისის პირველი საშუალო სკოლა; 

1981-1986 თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; 

1986-1989 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონოხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობა კინოდრამატურგია; 

2006-2008 მოსკოვის ბიზნეს-აკადემია, MBA ხარისხი. 

სამუშაო გამოცდილება

1989-1990 კომერციული მაღაზია „უნივერსალი“, მმართველი პარტნიორი; 

1990-1992 კომერციული საქმიანობა სხვადასხვა ფირმებში; 

1992-1994 კომერციული ფირმა „ერლანი“, მოსკოვში. სხვადასხვა პოზიცია; 

1994-1997 კომერციული საქმიანობა მოსკოვში, იტალიური ბრენდების ტანსაცმლის დისტრიბუცია; 

1997-2000 ინტერნეტ-მაღაზია „ინტერშოპი“, დამფუძნებელი, მოსკოვი; 

2001-2014 საიუველირო საათების მწარმოებელი კომპანია „ნიკა გრუპი“, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; 

2016 წლიდან რესტორანი „ლანგუსტი“, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში. დამფუძნებელი. 

უცხო ენები: 

რუსული, ინგლისური. 

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

– ბატონო გიორგი, სანამ „ლელოს“ წევრი გახდებოდით, საკმაოდ მრავალფეროვანი ბიზნეს-საქმიანობა გქონიათ. ასევე, განათლებაც სხვადასხვა მიმართულებით მიგიღიათ. 

– 1981 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე, შემდეგ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დავამთავრე. იმავე, 1986 წელს უნივერსიტეტში, კინოხელოვნების მეორად ფაკულტეტზე ჩავაბარე. 1989 წელს კი დავამთავრე კინოდრამატურგიის სპეციალობით. 

თუმცა, 80-ანი წლების ბოლოს მივხვდი, რომ იხსნებოდა სრულიად ახალი შესაძლებლობები ბიზნესის კუთხით და ამის გამო გადავწყვიტე ჩემი მომავალი ბიზნესის სფეროსთან დამეკავშირებინა. 

– პირველი ბიზნეს-საქმიანობა სად დაიწყეთ? 

– 1989 წელს, მეგობრებს თბილისში, ფილარმონიასთან საკომისიო-კომერციული მაღაზია „უნივერსალი“ გვქონდა. სწორედ იქ გამოვიჩინე ინოვაციებისადმი ჩემი სიყვარული და ნომრის გამომცნობი ტელეფონის აპარატები პირველმა შემოვიტანე საქართველოში. 

1992 წლისთვის სერიოზულად დავინტერესდი კომპიუტერებით, ინტერნეტ ტექნოლოგიებით, მაშინ ინტერნეტი თანამედროვე სახით ჯერ არ არსებობდა, მხოლოდ Fido-ს ქსელი იყო და მისი ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი ვიყავი. ქსელის საშუალებით ვღებულობდი ინფორმაციას – საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სად რა პროდუქტი იყიდებოდა. 

1992 წელს, ჩვენი ორგანიზაციიდან მოსკოვში გამაგზავნეს მივლინებით, რომ კლიენტისთვის რამდენიმე ვაგონი შაქარი მეყიდა. მომცეს სამივლინებო ფული. მივედი იმ ორგანიზაციაში, ვისგანაც შაქარი უნდა მეყიდა. ოფისის წინ გაბრაზებული ხალხი ირეოდა. აღმოჩნდა, ორგანიზაცია გაკოტრებულა და მფლობელები კლიენტების თანხებით მიიმალნენ. მივაწოდე ეს ინფორმაცია თბილისში. იქიდან დამავალეს, კონტრაქტი უნდა შევასრულოთ, იქნებ სხვაგან მაინც ნახო შაქარიო. ერთი კვირა მოვანდომე ძებნას და მოვნახე. ვურეკავ თბილისში, ვიშოვნე შაქარი, თან უფრო იაფად, ვიდრე უნდა გვეყიდა. 2 დღეში თბილისიდან დამირეკეს – გია, ცუდი ინფორმაცია გვაქვს, ვისაც შაქრის ყიდვა უნდოდა, აღმოჩნდა რომ ფული არ ჰქონიაო. იმ დროისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. 

ამ ისტორიამ, ასევე საქართველოში 90-ანი წლების დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა, ქვეყნის უახლოესი პერსპექტივების ანალიზმა, გადამაწყვეტინა დავრჩენილიყავი რუსეთში და ბიზნეს-საქმიანობა იქ გამეგრძელებინა. 

მოსკოვში ყოფნისას შევხვდი ქართველ მეგობრებს, რომელთაც იმ დროისთვის კომერციული ფირმა „ერლანი“ ჰქონდათ დაარსებული. მათ შემომთავაზეს სამსახური. ვხედავდი, რომ თბილისში კომერციული საქმიანობა ძალიან სარისკო ხდებოდა და შეთავაზებას დავთანხმდი. საკმაოდ მალე დირექტორთა საბჭოში შევედი და წამყვანი პოზიციები დავიკავე. მეგონა ჩემს კარიერას არავითარი საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თუმცა, 2 წელიწადში „ერლანი“ გაკოტრების პირას მივიდა, ხოლო მფლობელები გაიქცნენ. სწორედ მაშინ გადავწყვიტე აღარასოდეს მემუშავა სხვის დაქვემდებარებაში. 

დამოუკიდებელი საქმიანობა მაღალი კლასის იტალიური ბრენდული ტანისამოსის შემოტანით დავიწყე. აქაც არ ვუღალატე ჩემს სიყვარულს ტექნოლოგიებისადმი. იმ დროისთვის უნიკალური ლოჯისტიკური პროგრამა დავწერე, რომელიც საშუალებას იძლეოდა დისტანციურად მეკონტროლებინა არა მხოლოდ საწყობები, არამედ საქონლის ასორტიმენტის ოპტიმალური შეკვეთები და შესყიდვები. ამის შედეგად ჩემი საწყობი ერთადერთი იყო მოსკოვში, სადაც ყოველთვის იყო საჭირო, დეფიციტური ასორტიმენტი. 
ჩემი ინტერესი ინტერნეტის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და 1997 წელს რუსეთში ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ-მაღაზია „ინტერსჰოპ.რუ“ დავაფუძნე. 

– ამ პერიოდში საქართველოში რამე საქმიანობა გქონდათ? 

– 1992 წლის მერე საქართველოში ბიზნესი აღარ მქონია. 1998-ში, კრიზისის დაწყებამდე 3 თვით ადრე, იტალიური ტანსაცმლის ბიზნესი დავხურე და მთლიანად გადავერთე ინტერნეტ-მაღაზიის განვითარებაზე. ბიზნესი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და 3 წლის შემდეგ, როდესაც მან განვითარების პიკს მიაღწია, საკმაოდ სარფიანად გავყიდე. 

– ბიზნესთან დაკავშირებული რამე კონფლიქტი ხომ არ გქონდათ? 

– არანაირი. ჩემი ბიზნეს-საქმიანობის განმავლობაში არასოდეს არავისთან კონფლიქტი არ მქონია. მაგ მხრივ ალბათ იშვიათი გამონაკლისი ვარ. 

– რა ფასად გაიყიდა „ინტერშოპი“? 

– დაახლოებით 200 000 დოლარად, მაღაზიის შექმნა კი სულ 6 000 დოლარამდე დაჯდა. ბიზნესის ღირებულების ასეთი სწრაფი ზრდა იმ დროისთვისაც კი სახარბიელო იყო. 

– შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ბიზნეს-საქმიანობა? 

– 2001 წელს ჩემთან საქმიანი წინადადებით მოვიდა ჩემი ბავშვობის მეგობარი თენგიზ სანიკიძე, რომელიც 90-ანი წლების დასაწყისიდან ასევე მოსკოვში ცხოვრობდა და საიუველირო კომპანიებში საქმიანობდა. შემომჩივლა, საიუველირო საათების ბიზნესში ბევრი იდეები მაქვს და სადაც ვმუშაობ, ამ იდეებს ყურადღებას არ აქცევენო. შევისწავლე მისი იდეები, იმ დროისთვის არსებული საათების ბაზარი და დავრწმუნდი, რომ ეს სარფიანი ინვესტიცია იქნებოდა. თენგიზთან ერთად დავაფუძნე კომპანია „ნიკა“. 

თავიდან ელემენტარული მოდელებით დავიწყეთ. თენგოს ჰქონდა „ნოუ ჰაუ“ – შექმნა ტექნოლოგია, რომელიც ოქროს საათების თვითღირებულებას რადიკალურად ამცირებდა. ეს ტექნოლოგია დაპატენტებულია და უნიკალურია მთელ მსოფლიოში. 

ვამაყობ, რომ ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია შევქმენით. ესეც სტარტაპი იყო. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, ნულიდან ვიწყებ ხოლმე. თავიდან, რამდენიმე ქარხანაში მივედით და ჩვენი დიზაინით, კონსტრუქციით და ტექნოლოგიებით შევუკვეთეთ ცალკეული ნაწილები. ჩვენი „ნოუ ჰაუს“ საიდუმლოებები რომ არ გასაჯაროვებულიყო, სხვადასხვა ელემენტებს სხვადასხვა ფაბრიკებში ვუკვეთავდით – ვერავინ ხვდებოდა რას ვაკეთებდით და საბოლოო ჯამში რა უნდა გამოგვსვლოდა. საიუველირო გამოფენაზე პირველივე მონაწილეობისას 2002 წელს აბსოლუტური ფურორი მოვახდინეთ. ისეთი საათები წარვადგინეთ, როგორსაც მანამდე არავინ აწარმოებდა. საბჭოთა დროში, ოქროს პატარა საათები იყო ქალებისთვის, „კაპეიკებს“ რომ ეძახდნენ. ჩვენ აბსოლუტურად სხვა ხაზი შევქმენით. უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით ჩვენი საათების ოქროს კორპუსის წონა 5-8 გრამი იყო, როცა იგივე ზომის, ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული საათები 20-40 გრამს იწონიდა. 

– ოქროს შემცირების ხარჯზე გააიაფეთ საათის თვითღირებულება? 

– კორპუსი არის სუფთა ოქრო, მაგრამ ის ძალზედ თხელია. ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული საათის ასეთ თხელ კორპუსში შევიდოდა წყალი და მტვერი. ჩვენი საათის მექანიზმი კი აბსოლუტურად დაცული იყო წყლისგან და მტვრისგან, ვინაიდან ის ჰერმეტულ კაფსულაში იყო მოთავსებული. ტექნოლოგია დაპატენტებულია და ჰქვია „კაფსულიანი ტექნოლოგია“. დღემდე მხოლოდ „ნიკა“ აწარმოებს ამ ტექნოლოგიით საათებს. 

კომპანიამ ზრდა დაიწყო. კიდევ ერთი პარტნიორი შემოვიყვანეთ, რომელმაც ინვესტიციები მოიზიდა და ასე გავაფართოეთ ბიზნესი. 

– საათებს მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ჰყიდდით?

– ძირითადად კი. რუსეთის ბაზარი საკმარისი იყო ჩვენი შესაძლებლობებისთვის. თუმცა, მოგვიანებით ჩვენი საათები გაჰქონდათ დსთ-ის ქვეყნებში, ძირითადად უკრაინაში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში. 

– პროდუქცია ბიზნეს-კლასის სეგმენტისთვის იყო განკუთვნილი თუ სხვა მომხმარებლებზეც მუშაობდით? 

– საბოლოო ჯამში ჩვენ შევქმენით 4 ბრენდი: 1. QWILL – შედარებით იაფი, 50-100-დოლარიანი ვერცხლის საათებისთვის; 2. „ნიკა“ ოქროს საათებისთვის 1000-2000 დოლარის ფარგლებში; 3. „ნიკა ექსკლუზივი“, 5-15 ათასი დოლარის ფარგლებში; 4. „კონსტანტინე ჩაიკინი“, ექსკლუზიური მოდელები. კონსტანტინე ერთ-ერთი ცნობილი მესაათე და უძლიერესი გამომგონებელია მთელ მსოფლიოში. მისი ბოლო მოდელი „ჯოკერი“ – მსოფლიო საუკეთესო საათების ხუთეულშია შესული. ასევე უნიჭიერესი პიროვნებაა თენგიზ სანიკიძე, უამრავი პატენტის და გამოგონების მფლობელია. საერთოდ, უცხოეთში უამრავი ნიჭიერი და პროფესიონალი ჩვენი თანამემამულეა დასაქმებული. ჩემი ოცნებაა, რომ მათაც მომბაძონ, დაბრუნდნენ საქართველოში და თავისი ნიჭი, ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოახმარონ. 

– რამდენ ადამიანს აერთიანებს „ნიკა გრუპი“? 

– 2014 წლის კრიზისამდე, კომპანიის საქმიანობის პიკზე დაახლოებით 700 ადამიანი მუშაობდა. 2011 წელს, რუსეთში სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ვიწინასწარმეტყველე. პარტნიორებს ვუთხარი, რომ ჯობდა კომპანია დაგვეხურა და რუსეთიდან წავსულიყავით. სამწუხაროდ, არ დამიჯერეს, რაზეც მოგვიანებით ძალიან ინანეს. მაგრამ, მე მაინც გადავდგი ასეთი ნაბიჯი და 2011 წლიდან ოჯახთან ერთად საფრანგეთში გადავედი საცხოვრებლად. 

– დამფუძნებლებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა იყო? 

– ალბათ იშვიათია კომპანია რუსეთში, სადაც დამფუძნებლების ურთიერთობა ასე მშვიდობიანად დასრულებულა. 2014 წელს, ყირიმის მოვლენების შემდგომ მართლაც მოხდა სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და მეგობრები საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ მართალი ვიყავი. ჩვენ მოვრიგდით, რომ მე და ალექსი ბოგდანოვი გავიდოდით ბიზნესიდან. დამფუძნებლებში დარჩნენ თენგიზი და მისი მეუღლე ელენა ხიტრინა. 

რაც შეეხება დამფუძნებელთა შორის ურთიერთობას, ჩემი MBA ხარისხი ზუსტად ამ თემას მივუძღვენი, როგორ უნდა მოხერხდეს დამფუძნებლებს შორის და საერთოდ ბიზნესში უკონფლიქტო თანაარსებობა. მიუხედავად ბიზნესში დაშორებისა, ჩვენ დღემდე ახლო მეგობრებად ვრჩებით. 

– სწავლა უკვე ბიზნესში აქტიური მონაწილეობის დროს განაგრძეთ? 

– 2006-2008 წლებში ვსწავლობდი მოსკოვის ბიზნეს-აკადემიაში. როდესაც 2002 წელს „ნიკა“ დავაფუძნეთ, პირველი ოთხი წელიწადი იმ ბიზნეს გამოცდილებით და ცოდნით ვმოქმედებდი, რაც მანამდე მქონდა მიღებული. 2006 წელს მივხვდი, რომ თეორიული ცოდნა მაკლდა. აკადემიაში 2 წელი ვისწავლე. საკმაოდ ძლიერი პედაგოგები ჩამოდიოდნენ. მაგალითად, ლექციებს გვიკითხავდა იცხაკ ადიზესი, რომელიც 40 ქვეყანაში დიდი კორპორაციების მრჩეველია და მსოფლიოს უდიდეს ბიზნეს გურუდ არის აღიარებული. მისი ლექციები მთელი ცხოვრება მემახსოვრება. 

– სანამ ბიზნესიდან გამოხვიდოდით, კომპანიის ბრუნვა რამხელა იყო? 

– დაახლოებით 100-150 მილიონ დოლარამდე წელიწადში. 2014 წლამდე ძალიან წარმატებული და ძლიერი კომპანია იყო. 

– საქმიანობის მანძილზე, პოლიტიკური ან სხვა მოტივით შევიწროვება თუ გქონიათ? 

– ჩვენი ბიზნესის რთული სპეციფიკიდან გამომდინარე, ის არ მოხვდა რეიდერების ან სხვა კრიმინალური დაჯგუფებების ინტერესთა სფეროში. ჩვენ გარეშე ის ვერ იმართებოდა. ასევე რადგან საქმე გვქონდა ოქროსთან, რომელსაც ბანკებიდან ოფიციალურად ვყიდულობდით, არანაირი შევიწროვება არ ყოფილა არც სახელმწიფოს მხრიდან. თუ არ ჩავთვლით 2006 წელს, როცა საქართველო-რუსეთს შორის სიტუაცია დაიძაბა. რადგან დამფუძნებლები ქართველები ვიყავით – თენგიზი და მე, ჩვენთანაც, ისევე როგორც სხვა ასეთივე კომპანიებშიც, შემოვიდა შემოწმება. თავიდან ძალიან ხისტად მოქმედებდნენ, შეამოწმეს ჩვენი თანამშრომლები – ეგონათ დასაქმებულები არალეგალი ქართველი ემიგრანტები იქნებოდნენ. ქართველებზე მაშინ ფაქტობრივად ნადირობა იყო გამოცხადებული. ნახეს, რომ 150 კაცში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ქართველები და ორივეს რუსეთის მოქალაქეობა გვქონდა. ასევე დახვდათ თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართული უნიკალური საწარმო, ბოდიშიც კი მოგვიხადეს და წავიდნენ. მაგ პერიოდის გარდა, სახელმწიფოსგან არც შევიწროვება გვიგრძვნია და არც მხარდაჭერა. 

– ამჟამად რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ? 

– ამჟამად ვარ საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ვინარჩუნებ რუსეთის მოქალაქეობასაც. 

– დღესაც აქტუალური საკითხია: თქვენი შეფასებით თუ არის რუსეთის ბაზარი მიმზიდველი ქართველი მეწარმეებისთვის? 

– მიუხედავად საკმაოდ მწვავე კრიზისისა, რომელიც რუსეთში 2014 წლიდან დაიწყო, რუსეთის ბაზარი მაინც საკმაოდ დიდია და მისდამი ინტერესი მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს. თუმცა, ეს ინტერესი უკვე ძალზედ განელებულია. ბევრმა უცხოურმა კომპანიამ საერთოდ შეწყვიტა რუსეთის ბაზარზე მუშაობა. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც რისკები უფრო მაღალია, ვიდრე მოსალოდნელი მოგება. სამწუხაროდ, ბევრი ქართული კომპანია ტრადიციულად რუსეთის ბაზარზეა ორიენტირებული. ეს გასაგებიცაა. ამ ბაზარზე უკვე დიდი ხანია იცნობენ ჩვენს პროდუქციას. არის მომხმარებელი, რომელიც თვალს ხუჭავს ხარისხზე დაბალი ფასის გამო. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ რისკებს, რომელიც ამ ბაზარზე არსებობს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მე ყველას ვურჩევდი რაც შეიძლება მალე მოახდინოს უცხოურ ბაზრებზე გადართვა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს ასე გამარტივებული აქვს ამ ბაზრებზე შესვლა. დიახ, რთულია, საჭიროა გაიზარდოს პროდუქციის ხარისხი, უნდა დააკმაყოფილო მაღალი სტანდარტები, ასაწყობია ლოჯისტიკა, ამ ბაზრებზე კონკურენციაც უფრო მაღალია, მაგრამ სამაგიეროდ ეს შესძენს ქართულ ბიზნესს მეტ სტაბილურობას და მეტ შემოსავლებსაც, რადგან უცხოურ ბაზრებზე პროდუქცია უფრო ძვირად გაიყიდება. 

– ბიზნეს-გარემო როგორ იცვლებოდა რუსეთში? 

– 90-ანი წლები იყო ძალზედ აქტიური, მაგრამ ბიზნესის კეთება უფრო წესების გარეშე ბრძოლას გავდა. ყველაზე დიდი ქონება სწორედ მაშინ დააგროვეს. იმარჯვებდა ის, ვისაც მეტი ფიზიკური ძალა ჰქონდა. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვეულებრივი ამბავი იყო. გადასახადებს თითქმის არავინ არ იხდიდა, ძლიერი იყო კრიმინალური სამყარო. 

2000 წლიდან, დასუსტებული პრეზიდენტი ელცინი ახალგაზრდა პუტინმა შეცვალა. რაღაც პერიოდი მან საკმაოდ ცივილიზებული ბიზნეს-გარემო შექმნა. დაამყარა გარკვეული წესრიგი. 2000 წლამდე თითქმის არ იკრიბებოდა გადასახადები. პუტინმა დაახლოებით ისეთივე რეფორმები გაატარა, რაც ჩვენთან 2003-2007 წლებში იყო. მან შეავსო ხაზინა, წამოიწყო ინფრასტრუქტურული პროექტები. რუსეთში საკმაოდ ბევრი ინვესტორი და მსხვილი კორპორაცია შემოვიდა. 

მაგრამ, 2004 წლიდან დაიწყო რუსეთის რეაქციული პოლიტიკა, რომელიც ბიზნესსაც დაეტყო. დააპატიმრეს ხოდორკოვსკი და იყო სხვა მსგავსი შემთხვევები. ბიზნესი გადავიდა ხელისუფლებასთან დაახლოებული და მათდამი ლოიალური ოლიგარქების სრულ განკარგულებაში. ამან გრძელვადიან პერსპექტივაში სავალალო შედეგი მოიტანა და ამ შედეგებს დღეს უკვე მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს. 

– თუმცა, ამბობენ, რომ რუსეთში ბიზნესის განვითარებას რიგ შემთხვევაში დიდი ინტელექტუალური რესურსი და ბიზნეს-გარემო არც სჭირდება. ზოგიერთი ბიზნესმენი მაგალითად, ხელში ჩაიგდებდა რომელიმე ნავთობსაბადოს და იქიდან მოსდიოდა იოლი ფული. 

– ნავთობსაბადოები, წიაღისეულის მოპოვება, ან მსგავსი ბიზნესები იყო უამრავი. ასევე, ვაუჩერიზაციის პერიოდში ფაბრიკები და უმსხვილესი საწარმოებიც კი კაპიკებად შეისყიდეს ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა ოლიგარქებმა. მოგვიანებით, იმ მილიარდერების უმრავლესობამ, ვინც თავისი კაპიტალი ასეთი მეთოდებით დააგროვეს, ერთი წარმატებული ბიზნესიც კი ვერ შექმნეს უცხოეთში. მათ სხვა უნარ-ჩვევების საშუალებით შექმნეს უდიდესი კაპიტალი, მაგრამ დასავლეთში იგივე თვისებები ვეღარ გამოიყენეს და ვერც ლეგალური ბიზნესები ააწყვეს. 

– რუსეთში საკმაოდ ხანგრძლივად იყავით ბიზნესში. „გადაგდება“ და მსგავსი სირთულეები თუ შეგმთხვევიათ? 

– ისე გავიარე ცხოვრება, რომ ზოგადად არ მახსენდება არც ვინმესთან კონფლიქტი და არც „გადაგდება“. ალბათ, ჩემი ფასეულობებიდან და პრინციპების ერთგულებიდან გამომდინარე, ვცდილობდი ურთიერთობაც ასეთივე ადამიანებთან დამემყარებინა, რაც ასეთი შემთხვევების პრევენციას ახდენდა. 

– სადაც თქვენ საქმიანობდით, იმ სეგმენტში როგორი კონკურენცია იყო? 

– როცა ჩვენ საათების ბიზნესი დავიწყეთ, ბაზარზე რამდენიმე მოთამაშე არსებობდა. მაგრამ 3-4 წლის შემდეგ ეს მოთამაშეები შორს ჩამოვიტოვეთ. განვითარების პიკზე ბაზრის 34% დავიკავეთ. ლაპარაკია საათების მთელ ბაზარზე, რაც კი რუსეთში შემოდიოდა. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, რამდენიმე ფაბრიკა იყო შემორჩენილი და ისინიც უკვე გაკოტრების პირას იყო მისული, მათ ჩვენთან კონკურენციას ვერ გაუძლეს და ბოლომდე გაკოტრდნენ. 

ჩემი უსაყვარლესი წიგნია სამხრეთკორეელი და ამერიკელი ბიზნეს-თეორეტიკოსების, პროფესორების – ჩან კიმის და რენე მობრონის „ლურჯი ოკეანის სტრატეგია“. წიგნი გვასწავლის კონკურენტებთან ჭიდილის ნაცვლად ახალი ბაზრის შექმნის და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას. რაც თენგიზმა შემომთავაზა, ეს აბსოლუტურად „ლურჯი ოკეანე“ და ახალი შესაძლებლობები იყო. სხვათა შორის, 5 წელი ეხვეწებოდა თავის ხელმძღვანელობას და ვერავინ დაინახა რა პოტენციალი არსებობდა. 

– საწყისი თანხა ბევრი იყო საჭირო? 

– 30 000 დოლარი ჩავდეთ, რომელიც ინტერნეტ-მაღაზიის გაყიდვიდან მქონდა შემორჩენილი. ხოლო შემდეგ, დაახლოებით მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ ბიზნესის გასაზრდელად. 

– ქვეყნის გარეთ არ გიცდიათ გაყიდვა? 

– არა, რადგან უცხოეთის ბაზრებზე დიდი მარკეტინგული ხარჯია საჭირო ბრენდებთან ჭიდილისთვის. გადავწყვიტეთ, რომ ეს არაეფექტური იქნებოდა. 

– თქვენი ამჟამინდელი ბიზნესია რესტორანი „ლანგუსტი“ ნიცაში. როგორ წამოიწყეთ ეგ საქმე? 

– ნიცაში საცხოვრებლად 2011 წელს გადავედი. რამდენიმე წელი უბრალოდ ვისვენებდი, ბევრს ვმოგზაურობდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მოგზაურობისას ჩემი საყვარელი საქმე ყოველთვის ადგილობრივი კერძების დაგემოვნება იყო. განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ იაპონური კულტურით და გასტრონომიით. ასევე შეყვარებული ვარ ფრანგულ და იტალიურ სამზარეულოზე. უამრავი უმაღლესი ხარისხის რესტორანია ფრანგულ რივიერაზე და მეზობელ იტალიაში. ყოველთვის ვოცნებობდი მქონოდა საკუთარი რესტორანი. 

ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დგებოდა მომენტი, როდესაც ოცნება გადაიქცეოდა მიზნად, ხოლო მიზანი იმით განსხვავდება ოცნებისგან, რომ მას აუცილებლად უნდა მიაღწიო. ასე გადავწყვიტე გამეკეთებინა რესტორანი ქალაქ ნიცაში. ადგილს წელიწადზე მეტხანს ვეძებდი. 30-მდე ლოკაცია მაჩვენა აგენტმა, მაგრამ არცერთი არ მომეწონა. ერთ დღესაც მითხრა – არის ერთი ადგილი, არავინ ხელს არ კიდებს და ალბათ არც შენ მოგეწონება, მაგრამ მაინც გაჩვენებო. 

რესტორანი მართლაც სავალალო მდგომარეობაში დამხვდა, გაპარტახებული, უსიცოცხლო. მაგრამ არასდროს არ ვხედავ ადგილს, ისე როგორც ის გამოიყურება. ყოველთვის ვაფასებ პოტენციალს, ვხედავ იმ სურათს, რომელიც ამა თუ იმ ადგილიდან შეიძლება მივიღო. ამას ვიზუალიზაციის უნარი ქვია. აგენტს ვუთხარი, რომ რესტორანს ვიღებ და მალე ის ნიცის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი გახდება. არც მას და არც არავის მაშინ ამის არ სჯეროდათ. საერთოდ, არ მახსოვს არცერთი ჩემი წამოწყება, ვინმეს რომ არ ეთქვა – ამისგან არაფერი არ გამოგივა ან ეს შეუძლებელიაო. როგორც კი ეს სიტყვები მესმოდა, ეგრევე ვხვდებოდი, რომ სწორ გზაზე ვარ. როდესაც აკეთებ იმას, რაც არ გამოსდის სხვას, სწორედ ეს გძენს უნიკალურობას და უძლიერეს კონკურენტულ უპირატესობას. 

რესტორანი ნახევარ წელიწადში გავხსენით. კონცეფცია ზღვის პროდუქტები და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოა. ავიყვანე ძალიან ძლიერი ფრანგი შეფ-მზარეული. მთელი `სტაფი~ ფრანგებისგან შედგება. მაგრამ ძალიან გამიმართლა, რომ რესტორნის მმართველად ჩვენი თანამემამულე, ალექსანდრე ბურძენიძე მოვნახე. ის უკვე 15 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და მანამდე ერთ-ერთ კორსიკულ რესტორანში მიმტანად მუშაობდა. მან უგემრიელეს ფრანგულ კერძებს ქართული სტუმართმოყვარეობის სული შემატა. ორი წელი ვუტარე ტრენინგები როგორც მმართველს, ასევე მთელი სტაფს. შრომა სრულად დამიფასდა. უკვე ერთი წელია რესტორანი ჩემი ჩარევის გარეშე მუშაობს და იზრდება კიდეც. 

– „ლანგუსტი“ ალბათ უფრო თქვენი ოცნების შესრულებაა, ვიდრე შემოსავლის მისაღებად წამოწყებული ბიზნესი. 

– მთლად ეგრეც არ არის. არავინ ელოდა, მაგრამ 7-8 თვეში რესტორანი მოგებაზე გავიდა, რაც ნიცის კვალობაზე საოცრებაა. მთლად სასწაულია, რომ ნიცაში არსებულ 1700 რესტორანს შორის საუკეთესო 50-შია. ზღვის პროდუქტების ნიშაში კი სულაც ერთ-ერთი პირველია. 

– ძვირადღირებული რესტორნების სეგმენტშია? 

– შედარებით ძვირადღირებულია. ყველა სიგელი, რაც კი მაღალი კლასის რესტორანს ეკუთვნის, გახსნიდან ერთ წელიწადში ავიღეთ. სხვები იგივეს 3 წელიწადი ელოდებიან ხოლმე, ზოგჯერ ამაოდაც. ერთადერთი, „მიშლენის ვარსკვლავი“ არ გვაქვს, რომლის აღებაზეც თავს შეგნებულად ვიკავებთ. ვარსკვლავი არაკომერციულია, ის უფრო შეფის ამბიციებს აკმაყოფილებს. მე კი ბიზნესი კომერციულად მომგებიანი მინდა იყოს. 

საერთოდ, პერფექციონისტი ვარ და რესტორანი სწორედ პერფექციონისტების ბიზნესია. ის მცირე შეცდომასაც კი არ გპატიობს. ამ საქმეში მცირე დეტალიც კი მნიშვნელოვანია. „ნიკაში“ 700 კაცი მუშაობდა, რესტორანში 18 კაცია, მაგრამ რესტორნის ბიზნესი ბევრად რთული ასაწყობი გამოდგა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბიზნესია. 

– საქართველოში ბიზნესზე არ ფიქრობთ? 

– რა თქმა უნდა ვფიქრობ, მაგრამ ჯერ შესწავლის რეჟიმში ვარ. საქართველოში უამრავი შესაძლებლობებია. თუმცა, უცხოური ინვესტიციების შემოდინების მკვეთრი კლება მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სერიოზული სისტემური პრობლემებია, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. ინვესტიციების მოზიდვას სასამართლო სისტემის გაუმართავობაც აფერხებს. სამწუხაროა, რომ სახარბიელო რეიტინგების მიუხედავად რეალური ინვესტიციების შემოდინება დღითიდღე კლებულობს. 

– ბიზნესში აქტიურად ყოფნის ფონზე რამ გადაგაწყვეტინათ პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართვა? 

– როგორც უკვე აღვნიშნე, წარმატებული ბიზნესის განსახორციელებლად და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად საკმარისი არ არის მხოლოდ ქვეყნის გამოუყენებელი პოტენციალი ან მაღალი რეიტინგები. მისთვის აუცილებელი პირობებია: გამართული სასამართლო სისტემა, კორუფციის და ნეპოტიზმის მინიმიზება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიმღები, ეფექტიანი სახელმწიფო მანქანა, კანონმდებლობა, გამართული ინფრასტრუქტურა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის გრძელვადიანი, პოლიტიკურად სტაბილური განვითარების შეგრძნება. სამწუხაროდ, დღევანდელი საქართველო ასეთი მაღალი სტანდარტების საინვესტიციო პირობებიდან შორს არის. მეტსაც გეტყვით, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო წარმატებული და ბედნიერი ისეთ ქვეყანაში, სადაც ირგვლივ ბევრი წარმატებული და ბედნიერი ადამიანია და არა მხოლოდ საზოგადოების პრივილეგირებული ფენა. რაც არ უნდა კომფორტულად მეცხოვრა უცხოეთში, ყოველთვის გულისტკივილით ვადევნებდი თვალს ჩემი ქვეყნის გასაჭირს. ვაქტიურობდი სოციალურ ქსელში, სოლიდარობას ვუცხადებდი ყველა უსამართლოდ ჩაგრულს და არასდროს მოვრიდებივარ არსებული რეალობის მწარე შეფასებას. 

საქართველოში დაბრუნება ერთი წლის წინ გადავწყვიტე. სწორედ მაშინ მაქვს დაწერილი ფეისბუქ-სტატუსი სიტყვებით: საქართველო არასწორი გზით ვითარდება. მე მსურს დავბრუნდე ქვეყანაში და პირველი შევუერთდები იმ ძალას, რომელიც ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანას შეეცდება. 

მოხდა ისე, რომ ჩემი დაბრუნებიდან ერთი კვირის თავზე მამუკა ხაზარაძემ სწორედ ასეთი გეგმებით დააანონსა პოლიტიკაში შემოსვლა. 

– მანამდე იცნობდით მამუკა ხაზარაძეს? 

– ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. ყოველთვის პატივს ვცემდი მის ნიჭს და უნარ-ჩვევებს, მამუკა არის ისეთივე „სელფ მეიდ“ ბიზნესმენი, როგორიც მე. მასზე ბევრი სინამდვილეს სრულიად მოკლებული ინფორმაცია ვრცელდება. მე დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი მის მიერ შექმნილი ურთულესი პროექტები, მის მიერ შექმნილი ათასობით სამუშაო ადგილი. ის ქვეყნის მოსიყვარულე და ერთგული პატრიოტია. მჯერა, რომ სულ მალე ამაში ყველა დარწმუნდება. 

– „ლელოს“ წევრობა თვითონ მამუკამ შემოგთავაზათ? 

– ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც თავისი გეგმები გააცნო და შემოერთება შემომთავაზა. დამარწმუნა, რომ სწორედ იმ მიზნების მისაღწევად მოვიდა პოლიტიკაში, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველოს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს, აქ ცხოვრობს უნიჭიერესი ხალხი. უზარმაზარი პოტენციალია ასევე ემიგრაციაში. ჩემი ოცნებაა და ახლა უკვე მიზანიც, ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზით წასული 1,5 მილიონი ადამიანის საქართველოში დაბრუნება და მის განვითარებაში, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში ჩართვაა, ისევე, როგორც ეს თავის დროზე მოახერხა ისრაელმა.
 
– ალბათ დაბრუნდებიან, თუკი აქ უკეთესი გარემო დახვდებათ. 

– ასეთი გარემო თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შექმნას. გამიხარდება, თუ ჩემი დაბრუნება მისაბაძი მაგალითი გახდება. ვიცი უკვე ბევრი მაგალითი, როდესაც ადრე წასული ემიგრანტები ბრუნდებიან და იწყებენ წარმატებულ საქმიანობს. დარწმუნებული ვარ, ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ელოდება პოზიტიურ ცვლილებებს, იმედის ნაპერწკალს, რომელიც უახლოვეს ხანში გაღვივდება. სწორედ ამის მერე აგორდება ჩვენი თანამემამულეების დაბრუნების ძლიერი ტალღა. 

– 90-ანი წლებიდან მოყოლებული – როგორ ჩანდა უცხოეთიდან საქართველო, განვლილ ეტაპებს როგორ შეაფასებდით? 

– ყველა პერიოდს ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე ვიყავი და ეროვნულ მოძრაობას მხარს აქტიურად ვუჭერდი. იმპერიის დანგრევა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ჩემთვის უდიდესი სიხარულის დღე იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ მალე საზოგადოება ასეთ დაპირისპირებაში შევიდოდა და სიტუაცია ასე აირეოდა. სამწუხაროდ, იმ დროს ჩვენი გამოუცდელობის, ასევე ემოციურობის გამო, რომელიც კარგად ჰქონდა შესწავლილი ჩვენს არაკეთილმოსურნეს, უამრავ პროვოკაციაზე წამოვეგეთ და განვითარების სწორ გზას დიდი ხნით გადავუხვიეთ. 

შემდეგ იყო საშინელი პერიოდი – კრიმინალის თარეში, ომი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაკარგვა, სრული ეკონომიკური კოლაფსი. შევარდნაძის დაბრუნებამ სიტუაცია პოზიტიურად გარდატეხა. თუმცა, არეულობის შექმნაში დიდი ალბათობით, თავადაც ჰქონდა წვლილი შეტანილი. მაგრამ მან მაინც რაღაც შეცვალა, ქვეყანა მოარიდა უფსკრულს. ამასთან, დსთ-ში შეგვიყვანა, რამაც რუსეთზე უფრო დამოკიდებული გაგვხადა. სამწუხაროდ, მისმა მმართველობამ საქართველოში განუკითხაობა, კორუფცია, კრიმინალი, უშუქობა და ეკონომიკური კოლაფსი მოგვიტანა. ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადგა უფსკრულისკენ მიმავალ გზას. 

სწორედ ამიტომ, 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ მხურვალე მხარდამჭერი ვიყავი. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოსულმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო და ისტორიული მიღწევები დადო. ჩვენი რეფორმების წარმატებებზე უამრავი სტატია დაიწერა. ხალხის განწყობა და ენთუზიაზმიც სულ სხვა იყო იმ დროს. სამწუხაროდ, იმ პერიოდშიც ხდებოდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც. ჩემთვის მიუღებელი იყო იგივე ბიზნესებთან მაშინდელი დამოკიდებულება. ასევე, რომ ჩამოვდიოდი, ყველა ჩურჩულით მესაუბრებოდა. მეუბნებოდნენ, ზედმეტი არაფერი ილაპარაკო, ტელეფონები ისმინებაო... ჩემთვის ეს საშინელება იყო – როდესაც ადამიანი თავისუფლების ხარისხს კარგავს, იქ იკარგება ბიზნესიც, ქვეყნის განვითარებაც და ადამიანობაც. მიუხედავად ბევრი მიღწევებისა, ქვეყანა ისევ არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა და 2012-ში ხელისუფლების ცვლილება, ჩემი აზრით აუცილებლობა იყო. 

– ბიზნეს-გარემო უკეთესი გახდა, ვიდრე 2012 წლამდე იყო? 

– ვფიქრობ, პირველ წლებში უკეთესი გარემო შეიქმნა. თუმცა, ბიზნეს-გარემო არც წინა ხელისუფლების დროს იყო ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში იყო ბიზნესის დათრგუნვა, პრობლემები, სასამართლო სისტემის გაუმართავობა, ძალოვანი სტრუქტურების ხელისუფლებასთან შერწყმა, ფაქტია, რომ იმ პერიოდში ეკონომიკური ზრდა და ბიზნესის განვითარება გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ბოლო შვიდ წელიწადში. ვფიქრობ, ამ ფენომენზე ყველანი ერთად უნდა დავფიქრდეთ. 

– ბოლო წლებში ასევე გაუფასურდა ლარი, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ბიზნესისთვის და აფერხებს ეკონომიკის ზრდას. 

– ეკონომიკური სიტუაცია თუ არ გაუარესდა, არც გაუმჯობესებულა. ამას ციფრებიც აჩვენებს. ხელისუფლებიდან ბიზნესზე წნეხი ნაკლებია, თუმცა, რაც ხდება თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ, ასევე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით – ძალიან ცუდი მოვლენებია, თუ არა სულაც დანაშაული. 

– თქვენი თავი სად, რა პოზიციაზე წარმოგიდგენიათ „ლელოში“? 

– პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ პოლიტიკა ბავშვობიდან მაინტერესებდა. მე-7 კლასში ვიყავი, სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელი გაკვეთილზე 15 წუთს მითმობდა და კლასს ვუყვებოდი, რასაც წინა დღეს „რადიო თავისუფლებაზე“ ვისმენდი. 70-ანი წლები იყო და საპირისპირო აზრი იდევნებოდა. 3 თვის მერე მასწავლებელი სკოლიდან გარიცხეს, მე კი სასტიკად გამაფრთხილეს, რომ შემეწყვიტა ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა. 

აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არც არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, ვინც ამბობს – პოლიტიკა არ მაინტერესებსო. შენი გაუსაძლისი პირობები ზუსტად პოლიტიკის შედეგია, შენ თუ ამბობ, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს, მაშინ არც ცუდ პირობებს უნდა უჩიოდე. 

„ლელოში“ ჩემს თავს ვხედავ იმ ძალის ნაწილად, რომელიც ყველა ხელისუფლებას აკლდა. ეს არის მაკონტროლებელი ფუნქცია. ისტორიული ფაქტია, ლიდერები იწყებდნენ კარგად, ამთავრებდნენ ცუდად. ზოგადად, იშვიათია მაგალითი, ვინც კარგად დაიწყო და ადამიანურად წავიდა. შეიძლება ლეხ ვალენსა ან ვაცლავ ჰაველი დავასახელოთ. თუმცა, ისინი გამონაკლისები იყვნენ. 100-დან 99 ადამიანი ვერ უძლებს იმ საშინელ ცდუნებას, რაც ძალაუფლებას ახლავს და რყვნის ადამიანს. აღარაფერს ვამბობ მათზე, ვინც აბსოლუტური ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. სწორედ ისეთი მყარი და სწორად დაბალანსებული სისტემის, ინსტიტუციების შექმნას მსურს შეუწყო ხელი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ცალკეული ლიდერების პიროვნულ თვისებებზე. თუმცა, ისტორია იმასაც გვასწავლის, რომ ლიდერებზე და საერთოდ გუნდზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ჩვენ უნდა შევეცადოთ და შევცვალოთ პარადიგმა, როდესაც პოლიტიკა მხოლოდ სიბინძურესთან არის ასოცირებული. უნდა მოვიზიდოთ პატიოსანი, პროფესიონალი, პრინციპული, პასუხისმგებლიანი, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები. სწორედ ამით უნდა მოვიპოვოთ საზოგადოების ნდობა, გავაჩინოთ რწმენა და იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება! 

– თქვენ იცნობთ რუსეთის ბიზნეს-გარემოს, ასევე საფრანგეთს, სადაც გაქვთ ბიზნესი. საქართველოს ბიზნეს-გარემოს გათვალისწინებით, რატომ უნდა მოუნდეს ინვესტორს აქ ინვესტირება? 

– დღეს საქართველოში ინვესტირება საკმაოდ მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. პოტენციალი საქართველოში უზარმაზარია, მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობა, სახელმწიფოს არაეფექტურობა, შერჩევითი სამართალი და დაუცველობის შეგრძნება ინვესტიციებზე უარყოფითად მოქმედებს. 

– ბიძინა ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ პირველ საჯარო განცხადებებში იუსტიციის სახლის სწრაფი მუშაობა ირონიულად მოიხსენია – რა მნიშვნელობა აქვს პასპორტს თუ წუთებში აიღებს ადამიანი, დაზოგილ დროს რაში გამოიყენებსო. 

– სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობა, ეს არის სწორედ ის, რაც ბიზნესის კეთებას უწყობს ხელს. 

საქართველოში მე ვხედავ დიდ პოტენციალს. ათობით ჩემს ბიზნესმენ მეგობარს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არიან, ვეუბნები, რომ აქ შეიძლება ფულის ჩადება. მაგრამ, მერე მერიდება ხოლმე, არ მოვატყუო. მინდა, რომ ბიზნესის ხელშემწყობი გარემო შევქმნათ. მხოლოდ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. სახელმწიფოს შექმნილი სამუშაო ადგილები ადრე თუ გვიან მიგვიყვანს იქამდე, სადაც საბჭოთა კავშირში ვიყავით. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მხოლოდ მსხვილი კი არა, საშუალო და მცირე ბიზნესიც განვითარდეს. ყველას უფლება დაცული უნდა იყოს. კანონი უნდა განსაზღვრავდეს ამ უფლებას და არა პირადი კონტაქტები. 

ჩემი მთავარი ოცნებაა, რომ ყველა ემიგრანტი დაფიქრდეს და დაბრუნდეს. აქ შესაძლებლობები უამრავია. 

– დღეს რომელიმე თქვენს მეგობარს ურჩევდით, რომ სხვა ქვეყანაში ბიზნესი გაყიდოს, აქ ჩამოვიდეს და რაიმე საქმე წამოიწყოს? 

– მე მათ ვურჩევდი, რომ ამოგვიდგენ მხარში, რათა ერთად შევქმნათ ქვეყნის და ბიზნესის განვითარების საუკეთესო პირობები. 

– ბიზნესის განვითარებისთვის დღეს მთავარი პრობლემა რა არის? 

– პოლიტიკური გაურკვევლობა და პრობლემები სასამართლო სისტემაში. ასევე განათლების, მეცნიერების განვითარების და პროფესიონალიზმის, შრომითი კვალიფიკაციის დაბალი დონე. სწორედ ამ სფეროებში უნდა მიმართოს სახელმწიფომ თავისი ძირითადი რესურსი. ასევე აუცილებელია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა და საერთოდ, საკუთრების მაქსიმალურად კერძო სექტორზე გადაცემა. 

– საქართველოს ბიზნეს-გარემოს მნიშვნელოვნად აუარესებს ოკუპაცია და რუსეთის ფაქტორი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე თქვენი დამოკიდებულება როგორია? 

– რუსეთი გეოგრაფიულად ჩვენი მეზობელია. მას აქვს ჩვენთან შედარებით გაცილებით დიდი რესურსები და საკმაოდ ძლიერი გავლენა მსოფლიოში. ეს ფაქტები აუცილებლად გასათვალისწინებელია და ჩვენს დიპლომატიას, უსაფრთხოების სამსახურებს ურთულესი გამოწვევების წინაშე აყენებს. მაგრამ არის ბევრი მაგალითი მცირე ქვეყნების, რომლებიც შიდა ერთობით, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციების შექმნით, ღირსეულად გამკლავებიან ასეთ გამოწვევებს. რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს იმ ხელისუფლებამ, რომელსაც საზოგადოებისგან ექნება უდიდესი ნდობის მანდატი. საზოგადოება უნდა ხედავდეს, რომ მას კომპეტენტური, ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება ყავს და თავისი ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე, უკომპრომისოდ დაიცავს. 

– არის შესაბამისი რესურსი ქვეყანაში? 

– რა თქმა უნდა, არის. ტროლების და „ფეიკ ნიუსების“ შემხედვარე ხალხს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში რესურსი თითქმის აღარ არის. დღეს ყალბი რეალობაა შექმნილი. ხალხში უიმედობა და ნიჰილიზმია დანერგილი. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ შემოტრიალება და სწრაფი პოზიტიური ცვლილებები სავსებით შესაძლებელია. არის უამრავი პატიოსანი, გულანთებული, პატრიოტი ადამიანი. საქმეზე, შედეგის დადებაზე ორიენტირებული. ჩვენი მოძრაობის პლატფორმა სწორედ ასეთი ადამიანების მოზიდვაზეა მომართული. ყოველდღე უამრავი ასეთი ადამიანი გვემატება. 

– მომავლის გეგმები რა გაქვთ, მაგალითად, პარლამენტში თუ აპირებთ შესვლას? 

– ვფიქრობ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ავაშენოთ ქვეყანა, სადაც თითოეული ადამიანი იგრძნობს თავს უზრუნველყოფილად, დაცულად, ჯანმრთელად და ბედნიერად. ასეთი ადამიანებისგან შემდგარი სახელმწიფო გახდება ძლიერი და წარმატებული. თავის მხრივ, ასეთი სახელმწიფოსთვის ნებისმიერი მოქალაქე მზად იქნება სიცოცხლეც კი გაწიროს. ასეთი სახელმწიფოს მშენებლობაში მინდა მივიღო მონაწილეობა, შევიტანო ჩემი წვლილი. არა აქვს მნიშვნელობა რა სტატუსით. 

– თქვენ საკმაოდ აქტიური ბიზნეს-ცხოვრება გაქვთ. ოჯახთან ურთიერთობისთვის თუ გრჩებათ საკმარისი დრო? 

– ამ მხრივ, ყოველთვის გამორჩეული ვიყავი – რის გაკეთებასაც სხვა ერთ საათს ანდომებდა, მე 5 წუთში ვასწრებდი. ვცდილობ დროის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების ხარჯზე ოჯახთანაც საკმარისი დრო გავატარო და მეგობრებსაც ხშირად შევხვდე. 

– მოგზაურობის გარდა რამე სხვა გამორჩეული ჰობი გაქვთ? 

– უამრავი ჰობი მაქვს. მუსიკოსი ვარ – გიტარაზე, ასევე კლავიშებზე ვუკრავ. მუსიკას ვწერ და ჩემი დისკებიც მაქვს ჩაწერილი. მიყვარს კინო. ვარ გურმანი, ჩემი საყვარელი დროის გატარება არის ახალი რესტორნების, შეფების და გემოების აღმოჩენა. ასევე, როგორც გითხარით, ვარ მოგზაურობის მოყვარული. მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის და ადამიანის ბუნების შესწავლისთვის ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. 

– მუსიკის რა მიმართულება გიყვართ? 

– უფრო 70-იანების „ჰარდ როკი“. თუმცა, ბევრს ვუსმენ ჯაზს და კლასიკურ მუსიკას. მიყვარს კონცერტებზე სიარული. ქართველი მუსიკოსებიდან ნინო ქათამაძეს გამოვარჩევდი. ვთვლი, რომ ის და ბიორკი ერთი პლანეტიდან არიან. ნინო უნიჭიერესი პიროვნებაა და შესანიშნავი ადამიანი. ვამაყობ, რომ ის ჩემი მეგობარია. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი