ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ "ვერე ბიზნეს ცენტრის" დამფუძნებელთან და დირექტორთან, "თბილისი იპოდრომ სერვისის" დირექტორ მაია ტაბაღუასთან - №1(62), 2020
მინი დოსიე

მაია ტაბაღუა დაიბადა 1970 წლის 7 მაისს, თბილისში. 

განათლება

1977-1987 – რუსთავის მე-13 საშუალო სკოლა; 

1987-1992 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა ფსიქოლოგი; 

2007 – თბილისის საერო უნივერსიტეტი "მეტეხის" მაგისტრატურა, მაგისტრის წოდება, სპეციალობა: სამართალმცოდნეობა. 

სამუშაო გამოცდილება

1996 – რუსთავის სამშობიარო სახლი და რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო, ბავშვთა ფსიქოლოგი;
 
1996 – ტელეკომპანია რუსთავი 2, ფსიქოლოგიურ-ანალიტიკური გადაცემა „ექო“, ავტორი; 

1997-2000 – რუსთავის თავისუფალი უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ლექტორი; 

2001 – საქართველოს პარლამენტი, რუსთავის აღორძინებისა და განვითარების ფონდის საპარლამენტო წარმომადგენლობის თავმჯდომარე; 

2002-2005 – რუსთავის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული დეპარტამენტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი; 

2005-2007 – საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; 

2007-დან – სამშენებლო კომპანია „ახალი ქართული ჯგუფი“, დამფუძნებელი; 

2016-დან – შპს "ვერე ბიზნეს ცენტრი", დამფუძნებელი; 

2018-დან – იტალიური ქიმწმენდა „ჩაო ჩაო“, დამფუძნებელი; 

2019-დან – შპს "თბილისი იპოდრომ სერვისი", დირექტორი.
 
უცხო ენები: რუსული, გერმანული. 

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს ვაჟი, ბექა წულაია.

– ქალბატონო მაია, სანამ დღევანდელ საქმიანობაზე ვისაუბრებთ, მოკლედ გვიამბეთ, დღემდე რა გზა გაიარეთ. 

– დავიბადე თბილისში, სკოლა რუსთავში დავამთავრე წარჩინებით, მედალოსანი ვიყავი. შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგის ფაკულტეტზე, სპეციალობით ვარ ფსიქოლოგი. მერე უკვე მაგისტრატურა დავამთავრე სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 

– სწავლა რომელ წელს დაასრულეთ? 

– უნივერსიტეტი 1992 წელს დავამთავრე. 

– უკვე ის დრო იყო, როცა ბიზნესი ფეხს იდგამდა ქვეყანაში

– კი, მაგრამ, მე პირდაპირ ბიზნესით არ დამიწყია საქმიანობა. თავიდან ფსიქოლოგის სპეციალობით ვმუშაობდი. რუსთავის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, ვმუშაობდი რუსთავის სამშობიარო სახლში და რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვთა ფსიქოლოგად. დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე ტელეკომპანია "რუსთავი2"-ში, მქონდა ჩემი საავტორო ფსიქოლოგიურ-ანალიტიკური გადაცემა „ექო“.
 
– სანამ "რუსთავი2" ჯერ კიდევ რუსთავში იყო? 

– კი, იმ დროს ეროსი კიწმარიშვილთანაც მეგობრობა მაკავშირებდა. ეროსის დედა, ქალბატონი გულიკო ჩემი მასწავლებელი იყო და მათ ოჯახთან ვმეგობრობდი. როდესაც ტელეკომპანია ყალიბდებოდა, ეროსიმ მიმიწვია ფსიქოლოგად – კონტინგენტის შერჩევა ფსიქოლოგიური ტესტირებითაც ხდებოდა. მერე გუნდთან ერთად – პაატა ჩახნაშვილთან და თემურ ბჟალავასთან ერთად გავაკეთეთ ფსიქოლოგიურ-ანალიტიკური გადაცემა „ექო“, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო და სხვათა შორის, „მანას“ სატელევიზიო ფესტივალზეც იყო წარდგენილი. რუსთავი2-ის შემდეგ, რუსთავის ფსიქიატრიულ დისპანსერში ვიმუშავე ფსიქოლოგად. 2000 წელს, უკვე მუშაობა დავიწყე პარლამენტში, გახლდით რუსთავის აღორძინებისა და განვითარების ფონდის საპარლამენტო წარმომადგენლობის თავმჯდომარე. 

– პოლიტიკაში როდიდან გადაერთეთ? 

– რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მერაბ ტყეშელაშვილი, რომლის საარჩევნო ფონდს ვხელმძღვანელობდი. მაჟორიტარულ არჩევნებში ვიყავი ჩართული, მერაბმა გაიმარჯვა არჩევნებში და საპარლამენტო წარმომადგენლობა ჰქონდა რუსთავში. 

შემდეგ, 2001 წელს, მერაბ ტყეშელაშვილმა კენჭი იყარა რუსთავის მერად და მის საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობდი. როდესაც გახდა ქალაქის მერი, ვმუშაობდი ქალაქის მერის თანაშემწედ. 

დაახლოებით 1 წელიწადში გადავედი რუსთავის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული დეპარტამენტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსად. 2005 წლამდე ვმუშაობდი ამ თანამდებობაზე.
 
– ბიზნესში როდიდან წახვედით? 

– ბიზნესში 2007 წლიდან ჩავერთე, მშენებლობით დაი¬წყო ჩემი ბიზნეს-საქმიანობა.
 
– რომელიმე მოქმედ ბიზნესს შეუერთდით თუ თქვენ თვითონ წამოიწყეთ? 

– ჩვენ თვითონ, სამმა პარტნიორმა ქობულეთში დავიწყეთ სამშენებლო ბიზნესი. შევქმენით ამხანაგობა. თამარ მეფის გამზირზე ავაშენეთ პირველი კორპუსი, რომელიც დღესაც პოპულარობით სარგებლობს. ძირითადად მოსკოვიდან ჩამოსული ქართველები დასახლდნენ, ვინც აფხაზეთში ომის დროს დაკარგეს სახლ-კარი, წასულები იყვნენ მოსკოვში და მერე ნელ-ნელა კვლავ მკვიდრდებოდნენ საქართველოში. შემდეგ თბილისშიც შეიძინეს ბინები ჩვენ აშენებულ სახლებში. მიხარია, რომ გარკვეული წვლილი მიგვიძღვის ქართულ მიწაზე მათ ხელახლა დამკვიდრებაში. კარგი ხალხია, აქ თავისი ბიზნესებიც შექმნეს. ასევე უცხოელებმაც იყიდეს ბინები ჩვენთან. 

– ქობულეთში დიდი ობიექტი ააშენეთ? 

– კი, საკმაოდ. 10-სართულიანი კორპუსია. 

– მშენებლობის დაწყება და ვადებში დასრულება საკმაოდ ხშირად პრობლემაა ხოლმე. თქვენთან როგორ ჩაიარა ამ ამბავმა, მით უმეტეს, აგვისტოს ომი დაემთხვა მშენებლობას. 

– ზუსტად მაშინ, როდესაც 2008 წლის 7 აგვისტო გათენდა, ქობულეთში ვიყავი იმ ხალხთან ერთად, ვინც შემდეგ ჩვენი ბინები შეიძინეს. ჩვენი მშენებარე კორპუსის გვერდით იყო სასტუმრო, სადაც ამ ოჯახებთან დავმეგობრდით. საკუთარი თვალით ვუყურებდით, დაბომბვისას ფოთის პორტის თავზე როგორ წითლდებოდა ცა. ყველაფრის მიუხედავად, მუშაობა არ გაგვიჩერებია. პარალელურად მიმდინარეობდა გაყიდვებიც. ყველამ დაინახა ჩვენი საქმიანობა და ნდობის ფაქტორიც გაიზარდა. 

აბსოლუტურად თავის დროზე ჩაბარდა ყველაფერი, დასრულდა განსაზღვრულ ვადებში. დღეს გაცილებით უარეს დღეში ვართ, ბიოლოგიური ომი უფრო მძიმეა ჩემთვის, როცა ჩვეულებრივი დღეები ჩვეულებრივი აღარ არის. 

– სახელმწიფოსთან თუ გქონდათ მაშინ რაიმე პრობლემები ან ხელშეწყობა თუ იგრძენით, რომ პროექტი შეუფერხებლად დაგესრულებინათ? 

– ბიზნესის კუთხით არანაირი შეფერხება სახელმწიფოსგან არასოდეს გვქონია არც მაშინ და არც მერე. ერთი პროექტი გვაქვს, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, რომლის ნებართვის აღებაც გაჭიანურდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ესეც გასწორდა და ახლა მიმდინარეობს მშენებლობა თამარაშვილის 13 ნომერში.
 
– ქობულეთის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი საქმიანობა – საით განვითარდა ბიზნესი? 

– ქობულეთის მერე ბათუმში გადავედით, სადაც ასევე ძალიან საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ბულვართან ახლოს ავაშენეთ სახლი. იქაც ღირსეულმა ხალხმა იყიდა ბინები. 

ბიზნესის წარმატებულად მართვის პარალელურად ხდებოდა დამეგობრება იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენი ბიზნესის მონაწილეები ხდებოდნენ. დღემდე ყველასთან ვმეგობრობთ. 

– რამდენი კორპუსია თქვენი კომპანიის მიერ შესრულებული, რომელიც დასრულებულიც არის, ჩაბარებულიც და ფუნქციობს? 

– ქობულეთში, ბათუმში, თბილისში – ყველა დასრულებულია, ცხოვრობს ხალხი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თარხნიშვილზე აშენებულ კორპუსში, რომელიც ექსპლოატაციაში მიღებულია, პირველ სართულზე ჩვენი ბიზნესი ერთგვარად განვავრცეთ. თითქოს კარდინალურად განსხვავებული სვლა გავაკეთეთ, მაგრამ დრომ მოიტანა. გავაკეთეთ სარესტორნო ქსელი. ერთი ბათუმში, ერთიც აქ, ვერაზე. 

ქობულეთშიც გვაქვს დატოვებული პირველი სართული და ვგეგმავთ მსგავსი საქმიანობისთვის გამოყენებას. მაგრამ, ჯერჯერობით ქობულეთი მაინც უფრო სეზონურია. თუმცა, ბათუმში რესტორანმა „მონემ“ ძალიან გაამართალა. მთელი წლის განმავლობაში აქვს დატვირთვა. პოპულარული ადგილია არამხოლოდ დამსვენებლებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც. საინტერესო სფერო გამოდგა სარესტორნო ბიზნესი.
 
– თქვენს ბიზნესში სხვა მიმართულებებიც არის. 

– გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიების ბიზნესს დაემატა სარემონტო ბიზნესიც. ასევე, სულ ორი წელია, რაც თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე გაიხსნა იტალიური ქიმწმენდა „ჩაო ჩაო“. 

– ეგეც თქვენი დაფუძნებულია? 

– ჩემი და მერაბ ტყეშელაშვილის. იტალიაში ერთად წავედით, შევხვდით ამ სფეროს წარმომადგენლებს, უახლესი, მესამე თაობის დანადგარები შევიძინეთ. საკმაოდ წარმატებული საქმიანობა აღმოჩნდა.

ასე რომ, თუ გაქვს სურვილი, შეგიძლია ბიზნესი სხვადასხვა კუთხით განავითარო. საინტერესოა და დიდი აზარტია ყოველი ახალი საქმის წამოწყება. მე იმ ადამიანთა რიცხვს განვეკუთვნები, ვინც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე და საკუთარი თავის იმედი აქვს – ეხება ბიზნესს თუ პირად ცხოვრებას. 

ბიზნესში ყოფნა არანორმირებულ სამუშაო დროს მოითხოვს. თუმცა, ამ ყველაფრის კეთება მშვიდადაც შეიძლება. ერთი კვირის განრიგს წინასწარ არ ვადგენ, შეიძლება რომ გათენდება, დღე სულაც მაშინ დავგეგმო. 

– თქვენ საქმიანობაში შედის ასევე თბილისის იპოდრომის მართვა. სხვა ბიზნესებთან შედარებით ალბათ მნიშვნელოვნად განსხვავებული და სავარაუდოდ ნაკლებშემოსავლიანია. რა გახდა ამ საქმიანობით დაინტერესების მიზეზი? 

– იმის გარდა რაზეც ვისაუბრეთ, ჩემ სამუშაო რეჟიმს 2019 წლიდან დაემატა თბილისის იპოდრომიც. ამ წუთშიც, იპოდრომის დამფუძნებლები მოგებაზე ორიენტირებულები არ არიან. მათ უყვართ ეს საქმე, უყვართ ცხენები. კომპანიაში ფუნქციობს საცხენოსნო სპორტული სკოლა ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვისაც. საცხენოსნო მანეჟში, წინასწარშედგენილი განრიგით, მწვრთნელ-ინსტრუქტორების ზედამხედველობით ტარდება გაკვეთილები ცხენოსნობაში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ამ ეტაპზე ეს საქმიანობა მომგებიანი არ არის. 

– მიმდინარე ხარჯებს მაინც თუ ფარავს? 

– ჯერჯერობით მივდივართ იმ ეტაპზე, რომ იპოდრომმა თავისი თავის შენახვა შეძლოს. სამწუხაროდ, აქ ბევრი პრობლემა დამხვდა. იყო დავალიანება სახელმწიფოსთან, რაც გადმოვიბარეთ და პირნათლად შევასრულეთ ვალდებულებები. ახლა საცხენოსნო სპორტის განვითარება გვსურს. გვინდა ცხენოსნობასთან დაკავშირებული კულტურა დავამკვიდროთ საქართველოში, ცხენით გასეირნება და რაც ცხენოსნობასთან იქნება დაკავშირებული, თანდათან ყველაფერი გავმართოთ. 

ცხენების მოვლა-პატრონობა, მათი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ინსტრუქტორებისა და მწვრთნელების შრომის ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის სწორად წარმართვისთვის. უნდა დააფასო ადამიანების შრომა, ვინც თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულები არიან. თუნდაც დღეს არსებულ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო სიტუაციის და კარანტინის რეჟიმში მწვრთნელ-ინსტრუქტორებს აქვთ სამუშაო განრიგი, ვცდილობთ 3 ადამიანზე მეტი არ შევიდეს ტერიტორიაზე. ცხენებს მხოლოდ კვება და ჰიგიენური ზომების დაცვა ხომ არ სჭირდებათ, რასაც ზოოტექნიკოსი პირნათლად აკეთებს. მათთვის ყოველდღიური გავარჯიშებაც აუცილებელია. ცხენი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ადამიანებივით სჭირდება მოძრაობაც და მოფერებაც. ამიტომ, მწვრთნელ-ინსტრუქტორები იპოდრომის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თითქმის არ გამოდიან ტერიტორიიდან. 

– ბევრი თანამშრომელია იპოდრომზე დასაქმებული? 

– იპოდრომზე სულ 24 თანამშრომელი მყავს. დღევანდელ რეალობაზე ვართ მორგებული. კონკრეტულად, საცხენოსნო სპორტული სკოლა დათხოვნილია, გაკვეთილები არ ტარდება, კერძო მფლობელობაში არსებული ცხენებია ჩვენს თავლებში და მათი მოვლა-პატრონობა გვეხება. ჩვენთან სულ 83 ცხენია. აქედან 39 ცხენი განთავსებულია მე-3 და მე-4 თავლებში, რომელებიც კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით და ჩვენთან ჰყავთ მოვლა-პატრონობისთვის. ამის გარდა, იპოდრომის მეორე თავლაში 14 ცხენია, სპორტული ფედერაციის ცხენებიც ჩვენთან დგას, და 20 ცხენია პირველ თავლაში, რომელიც საცხენოსნო სპორტულ სკოლას ეხება.
 
დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, დროებით განრიგი გვაქვს. იპოდრომის სამუშაო რეჟიმი შეიცვალა. 8 საათიდან 18 საათამდე ვმუშაობთ. ყველა სამუშაო საათზე გაწერილია ინსტრუქტორის სახელი და გვარი, აკრძალულია ზედმეტი ხალხის შემოშვება, გაკვეთილები არ ტარდება, ცხენები გადანაწილებულია ამ ოთხ თავლაში. ყველა თავლაში 2-2 მეჯინიბე ფაქტობრივად, ცხოვრობს. 

– კარანტინის პერიოდი რომ გამოვრიცხოთ, უცხო ადამიანს რომ მოუნდეს 1-2 საათით ცხენის ქირაობა და იპოდრომზე სეირნობა, შესაძლებელია თუ ვინც ვარჯიშობს, მხოლოდ იმათზეა გათვლილი? 

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ბევრი უცხოელიც მოდის ხოლმე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამოვიდეს, ლისის ტბასთან ინდივიდუალურად, ნახევარი საათით თუ ერთი საათით, რა დროითაც უნდა – იქირაოს ცხენი, გამოიყენოს მანეჟი, შეუძლია ღია ტიპის მოედანზეც გაისეირნოს. შეუძლია აიღოს აბონიმენტი, აიყვანოს მწვრთნელი, პროფესიონალურად ასწავლიან ცხენზე ჯდომასაც და ჯირითსაც. არანაირი შეზღუდვები არ არის. კულტურაც დამკვიდრდა, შაბათ-კვირას ბევრი მსურველი მოდის, იციან, რომ გამართულად მუშაობს იპოდრომი, წინასწარ რეკავენ და ეწერებიან კიდეც. 

– საერთოდ საიდან გაგიჩნდათ სურვილი ამ საქმეში ჩაბმულიყავით? გქონდათ შეხება საცხენოსნო სპორტთან? 

– არასოდეს არ მქონია საცხენოსნო სპორტთან შეხება. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან დამფუძნებლები. ფედერაციის თავმჯდომარე ლაშა ჯაიანი ქობულეთში, მშენებლობაზე ჩვენი პარტნიორი იყო. ასევე დამფუძნებლებს შორის არის ჩემი ბიზნეს-პარტნიორი მერაბ ტყეშელაშვილი, ზვიად ყანჩაველი, ერთი სამეგობრო წრე ვართ, ვინც იდეები გავაერთიანეთ. ისინი არიან იპოდრომის დამფუძნებლები და გადაწყვიტეს მე დავნიშნულიყავი დირექტორად. 

– შპს "ვერე ბიზნეს ცენტრის" შემთხვევაში რა მასშტაბის ბიზნესზეა ლაპარაკი? 

– ვერე ბიზნეს ცენტრი კომერციული საქმიანობებისთვის გვაქვს გაქირავებული. აშენებისთანავე გაჩნდა იდეა, რომ ბიზნესი ამ კუთხითაც გვქონოდა. ყველა დამფუძნებელი შევთანხმდით. მართლაც, ბევრმა გავლენიანმა ცნობილმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა კომპანიამ ჩვენთან დაიდო ბინა. 4-5 წელზე მეტია მათთან ვთანამშრომლობთ. საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ უცხოელებს, მათ პარტნიორებს შეხვდებით ბიზნეს ცენტრში. თბილისში ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ადგილია. 

ასევე თავისთავად მოვიდა იდეა, რომ ბიზნეს-ცენტრის პირველ სართულზე რესტორანი დავაფუძნეთ. საქმიანი ვიზიტით მყოფ და ოფისიდან გამოსულ ბიზნესმენებს, მათ პარტნიორებს ჰქონდათ მოთხოვნა და გავითვალისწინეთ. რესტორანი „ლოტრეკი“ ჯერ ევროპული მენიუთი, შემდეგ უკვე ქართულ კერძებთან ერთად აგრძელებს მუშაობას. რესტორანში ბოლოს უკვე ქართული ფუჟენიც – სხვადასხვა კულინარიული ტრადიციების თავმოყრაც გაჩნდა. 

– როგორც დამფუძნებელი და როგორც მმართველი, რომელ ბიზნესებში ხართ წარმოდგენილი? 

– ბიზნეს ცენტრში ვარ წილის მფლობელი და დირექტორი, ასევეა „მონეში“, ბათუმში, ქობულეთშიც – ამხანაგობის თავმჯდომარეც ვიყავი და წილის მფლობელიც. იპოდრომია, სადაც არ მაქვს წილი, ვარ მხოლოდ დირექტორი და მმართველი. 

– ყველა ის ბიზნესი, რომლებშიც მონაწილეობთ, ჯამურად დაახლოებით რამდენ ადამიანს ასაქმებს? 

– ბიზნეს-ცენტრს თუ ჩავთვლით, ჩვენთან განთავსებულ ფირმებს ასეულობით თანამშრომელი ჰყავთ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი კომპანიის დასაქმებულთა რაოდენობას, იპოდრომზე 24 თანამშრომელია, დაახლოებით 20 თანამშრომელი გვყავს ყულარის ცხენსაშენშიც, რომელიც ასევე იპოდრომს ეკუთვნის. ბიზნეს-ცენტრში 17 თანამშრომელი, „მონეში“ 20-მდე თანამშრომელია... 

აქვე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ კრიზისშიც ყველას ვუნარჩუნებთ ხელფასს. 

– როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეუძლია ბიზნესს გაუძლოს ასეთ პირობებში ყოფნას, რომ რადიკალურ ნაბიჯებზე წასვლამ არ მოუწიოს?

– ბიზნესი ყოველთვის რისკი და გაბედულებაა. სწორად უნდა დასახო მიზნები და შენი საქმე გიყვარდეს. გარდა იმისა, რომ იყო წარმატებული, ასევე დიდი ვალდებულებებიც უნდა გახსოვდეს. დღეს დადგა სამწუხარო რეალობა. თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ დაღმასვლა არ მოჰყოლია და გაჩერებული ვართ ერთ ადგილზე. 

მე მაინც ოპტიმისტი, თუმცა, ასევე რეალისტიც ვარ. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე ისეთი აღარ იქნება, როგორიც ვირუსის გავრცელებამდე იყო. ეს ეხება არა მხოლოდ ბიზნესს, ზოგადად, ადამიანების ცხოვრება და სამყარო შეიცვლება. საერთოდ, პანდემიამ მსოფლიოს გეგმები შეცვალა. 

– დღევანდელი კრიზისის დროს, რომელ ბიზნესს უფრო მეტი პრობლემა შეექმნა, სადაც თქვენ მონაწილეობთ და რა გეგმები გაქვთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს თქვენმა ბიზნესებმა? 

– ყველას შეეხო, იპოდრომი გაჩერებულია, რესტორნული ქსელი დაკეტილია... 

– სამშენებლო ბიზნესი? 

– სამშენებლო ბიზნესი მიმდინარეობს. ამაში ქალაქის მერია მხარში გვიდგას, რომ დაწესებული ნორმების მკაცრად დაცვის პირობებში გრძელდება მუშაობა. იპოდრომზე გითხარით, რომ შემოსავალი არაფერია. დამატებით, პრობლემები შემექმნა აზერბაიჯანიდან შვრიის შემოტანაზე. საქართველოში მხოლოდ მცირე მოცულობა მოდის და დანარჩენი შემოგვაქვს. სატვირთომ კარანტინის პირობებში მარნეულამდე ძლივს ჩამოაღწია და შემდეგ უკვე მარნეულიდან გამოყვანა გახდა პრობლემა. მთელი ჩემი ძალისხმევა იმაზეა გადასული, რომ ცხენები მშიერი არ დამრჩეს. ჯერ კი გვაქვს საშუალება, საკვები მოვიმარაგოთ და დავასაწყობოთ, მაგრამ, რაღაც პერიოდში ხომ დადგება ამის პრობლემაც? 

რაც შეეხება ვერე ბიზნეს ცენტრს, იქ კომპანიები ელექტრონულად, დისტანციურ რეჟიმში მაინც ფუნქციობენ. მაგრამ, მათაც ალბათ იმდენი შემოსავლები აღარ ექნებათ და იჯარის გადახდაზეც სავარაუდოდ სირთულეები იქნება. გადავხედავთ მაგ საკითხს. ალბათ, ცოტას ჩვენ დავთმობთ, ცოტას ისინი. ბიზნესის სწორად მართვის რეცეპტი არ არსებობს. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. 

– თუ გაქვთ წარმოდგენილი, დაახლოებით რამდენ ხანს შეიძლება ბიზნესმა ამ მდგომარეობას გაუძლოს? 

– ეს ისეთი საკითხია, რომელზეც პასუხი არ მაქვს. ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს სტატისტიკა, არ ვიცით საით წავა ეს ვირუსი, ჯერ ვერ ვილაპარაკებ ბიზნესის პროგნოზზე, ყველაზე დიდი ფასეულობა დამეთანხმებით, არის ადამიანის სიცოცხლე და მერე ყველაფერი დანარჩენი. გადაივლის ეს პიკი და მერე ვისაუბრებთ უკვე ბიზნესის გადარჩენაზე, მე ასე ვფიქრობ. 

– მთავრობა მოუწოდებს ბიზნესს, თანამშრომლები არ გაათავისუფლონ და თან ხელფასები უხადონ. ბიზნესსაც ხომ რაღაც რესურსი აქვს, რომელიც ამოუწურავი არ არის? 

– რა თქმა უნდა. ჩვენ ჩვენი დანაზოგით ჯერ ვახერხებთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ; ის ადამიანები, ვინც ჩვენთან არიან დასაქმებული, საგანგებო რეჟიმში მაინც არ დავტოვოთ შემოსავლის გარეშე და ელემენტარული საჭიროებებისთვის საშუალება ჰქონდეთ. ისედაც ფსიქოლოგიურად დაინგრა საზოგადოება. 2-3 თვე უხელფასოდ არავის დავტოვებთ. 

– ვირუსის გავრცელებამ და პანდემიამ ბევრის ფსიქიკა შეარყია. თქვენ ალბათ თავდაპირველი პროფესია წაგადგათ კიდეც, რომ უფრო მხნედ იყოთ. 

– პროფესიაც წამადგა და საერთოდ პიროვნულადაც ასეთი ვარ – ოპტიმისტი და რეალისტი. თან ადამიანების მჯერა და მიყვარს ადამიანები. ამიტომ მშვიდად ვარ. 

– ადამიანების მჯერაო, თქვენს ნათქვამს მოვაყოლებ – უკვე საკმაო ხანია ბიზნესში ხართ, თუ გქონიათ შემთხვევა, როცა ბიზნესში ადამიანის გჯეროდათ და იმედი გაგიცრუვდათ. ხშირად ყვებიან ბიზნესმენები, რომ „გადაგდებამ“ თუ საქმიანი პარტნიორის უპასუხისმგებლობამ ძალიან დააზარალათ. 

– მსგავსი შემთხვევა არასოდეს მქონია. სიმართლე გითხრათ, რაღაცა გაუთვალისწინებელი ცხოვრებისეული სიურპრიზები ადამიანებს ოჯახშიც აქვთ, მაგრამ რაც შეეხება ბიზნესს, რომ მაგალითად, რაღაცა ვადებში ვერ ჩავეტიეთ, ვიღაცა მოვატყუეთ ან ვინმე ჩვენ მოგვატყუა – ასეთ სიტუაციაში არასოდეს ჩავვარდნილვართ არც მე და არც ჩემი ბიზნეს-კომპანიონები. თვითონ კანონმორჩილი ვარ და ასევე მოქმედებენ ჩემი ბიზნეს-პარტნიორებიც. ყველაფერს კანონების დაცვით ვაკეთებთ. არასოდეს ვიწყებთ რამეს ისე, სადაც ნებართვა არ გვაქვს. ყოველთვის, დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ვდგამთ ნაბიჯებს. 

ბიზნესი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, თუ სწორად მართვა იცი და გუნდიც შენთან ერთად გუნდურად მუშაობს, გაუთვალისწინებელი შემთხვევა ნაკლებად მოსალოდნელია. 
 
– საკმაო დროა, რაც ბიზნესში ხართ, მანამდე საჯარო სამსახურშიც იყავით – რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა. ბიზნეს-გარემოს ცვლილებებზე რას იტყვით? როდის იყო ბიზნესისთვის ხელსაყრელი პერიოდი? 

– შევარდნაძის ხელისუფლების დროს არ ვიყავი ბიზნესში და ვერ გეტყვით. დანარჩენ პერიოდში კი არასდროს გვქონია არანაირი პრობლემა ხელისუფლებასთან. როცა კარგად იცი რა გინდა და სწორად მართავ შენ საქმეს, არ არღვევ კანონმდებლობას – მაშინ არ გექმნება პრობლემები. 

– არც წინა და არც ახლანდელ ხელისუფლებასთან? 

– არასოდეს. პირიქით, აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდით. დროულად გვპასუხობდნენ, დროულად შეჰყავდათ ჩვენი ობიექტები ექსპლუატაციაში. ერთადერთი შემთხვევა იყო თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, როდესაც ნებართვის აღების ვადები გაგვიჭიანურდა. ეგ მშენებლობა წესით უკვე დასრულებულიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ თბილისის წინა მერის დროს რატომღაც დროულად ვერ მივიღეთ ნებართვა. ამდენი ხნის მანძილზე ფულის „გაყინვა“ ცალკე ზარალია. იქ კურსის ცვლილებაც დაემატა. უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორები იყრის თავს... ახლა ვართ მშენებლობის ეტაპზე. 

– ბანკებთან მიმართებაში როგორ ხართ? რამე მსხვილი სესხი გაქვთ, რამაც შეიძლება სირთულე შეგიქმნათ კრიზისის გამო? 

– ბანკები თანამშრომლობენ ჩვენთან. სესხების გადავადებაზე 3-თვიანი პერიოდი მოგვცეს. ვთანამშრომლობთ და ჯერჯერობით პრობლემა არ გვქონია. 

– თქვენ პარტნიორებთან ერთად საქმიანობთ, ზოგს ურჩევნია ერთპიროვნულად მართოს ბიზნესი. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ბიზნეს-პარტნიორებს შორის კონფლიქტი და დავა წარმოიშვება. თუ გქონიათ მსგავსი გაუგებრობა პარტნიორებთან? 

– ჩვენ გუნდური მუშაობის პრინციპი გვაქვს, ყველაფერს ერთობლივად ვწყვეტთ და ერთმანეთს ვუთანხმებთ. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ვაღწევთ კონსენსუსს, რომ რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და სწორი მართვის პრინციპით მივაღწიოთ მიზანს. აბსოლუტურად გუნდური თანამშრომლობა გვაქვს. 

მშენებლობის მიმართულებაზე არის ერთი პარტნიორი, რომელიც ფინანსურ საკითხებს უძღვება, მეორე პარტნიორი მშენებლობას უძღვება, ქვეკონტრაქტორებთან აქვს შეხება და არჩევს საუკეთესო სამშენებლო მასალებს. ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ ტყეშელაშვილი პროფესიით არქიტექტორია. ისეთ დეტალებშია გარკვეული, რაშიც მე ნაკლებად ვერკვევი. გადანაწილებულია ჩვენი ფუნქციები. ყოველი დილა იწყება თათბირით, ხან ვდავობთ, ხან ერთმანეთის აზრს არ ვითვალისწინებთ, მაგრამ, საბოლოოდ მაინც ერთ აზრზე ვთანხმდებით და ყველაფერი იმ ოთახშივე რჩება. საკმაოდ შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს. 

– რამდენი ადამიანი ხართ, ვინც ასეთ პრინციპულ გადაწყვეტილებებს ერთმანეთში ათანხმებთ? 

– დაახლოებით 5-6 ადამიანი ვართ, ვინც ვთათბირობთ, კონსენსუსამდე მივდივართ და საბოლოოდ საერთო აზრზე ვთანხმდებით. ჩვენ ჩვენი გარკვეული ფუნქციებით და დავალებებით ვმუშაობთ. 

თუნდაც იგივე „მონეს“ და რესტორნების ქსელზე – ორივეგან დამფუძნებელიც ვარ და დირექტორიც, მაგრამ ზაფხულში, განსაკუთრებით „მონეში“, შემიძლია თანამშრომლებს ფიზიკურად დავეხმარო. როდესაც პლაჟიდან ბრუნდება ხალხი, ყველა მაგიდაზე შემოტევაა, ყველას ერთდროულად შია და წყურია, შემიძლია სამზარეულოში ჭურჭელი დავრეცხო, შემიძლია რომელიმე მაგიდას მიმტანის მაგივრად მოვემსახურო. ჩვენი ბიზნესი ჩემი და ჩემი მეგობრების სახეა და არცერთი კლიენტი არ მინდა უკმაყოფილო გავიდეს. 

გუნდური მუშაობა გაქვს, მაგრამ გაითვალისწინო პარტნიორის განსხვავებული აზრი – ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, თუკი ის აზრი ჩემსას ჯობია, ნიშნავს, რომ უკეთესად დაგეხმარება ბიზნესის მართვაში. ჩემთვის შეიძლება ცუდი მოსასმენი იყოს არა პარტნიორის განსხვავებული აზრი, არამედ ბიზნესის არასწორად მართვის გამო დაზარალებული კლიენტის საყვედური. 

– პანდემიის პერიოდში მთავრობამ ბიზნესისთვის მთელი რიგი შეზღუდვები შემოიღო. რამე პრობლემები თუ შეგექმნათ სახელმწიფო პოლიტიკის გამო და თუ მიგაჩნიათ, რომ სხვა გზაც არსებობდა, რომელიც ბიზნესს ნაკლებად დააზარალებდა? 

– დედა მთავარი ექიმი მყავს, ერთერთ იმ საავდმყოფოში მუშაობს, სადაც პანდემიის გამოცხადების დღიდან ცხელების ცენტრია მოწყობილი. ვხედავ რა რეჟიმში მუშაობს. მართლა გმირობის ტოლფასია ექიმების თავდაუზოგავი ბრძოლა ამ ბიოლოგიურ ომში. ამიტომ, შეიძლება უფრო მეტად მაქვს გააზრებული ეპიდემიის საშიშროება მათთან შედარებით, ვინც ინფორმაციებს მხოლოდ ტელევიზიით ადევნებს თვალს. რაც შეეხება იპოდრომის გაჩერებას, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ სახელმწიფოსგან არც აკრძალვა მოგვსვლია და არც მითითება, მანამდე შევაჩერეთ ყველაფერი. დამფუძნებლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება და გამოვაკარით განცხადება, რომ დროებით შევწყვიტეთ ფუნქციობა და გარდა ცხენების მომვლელებისა, არავინ დაიშვება ტერიტორიაზე. 

თანამშრომლებთანაც გვქონდა თათბირი, ვინც ასაკის მხრივ რისკ-ჯგუფში იყვნენ, ვუთხარით წასულიყვნენ სახლში, გაფრთხილებოდნენ საკუთარ სიცოცხლეს და ჩვენი მხრიდან შევუნარჩუნეთ ხელფასი. 

კვების ობიექტებიც რომ უნდა დახურულიყო – აქ ორი აზრი არ არის. ერთადერთი, რაც შეიძლება განვიხილოთ, ბიზნეს-ცენტრში და მშენებლობაზე, მე ვფიქრობ, რომ მკაცრი ნორმების დაცვით შესაძლებელი იყო საქმიანობა. 

– როგორ ფიქრობთ, პოსტ კრიზისულ პერიოდში სად იქნება ინვესტირება ხელსაყრელი? ელით ინვესტიციების დეფიციტს, თუ მეტი შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს ბიზნესის განვითარებისთვის? 

– ბიზნესის განვითარების მხრივ, ყველაზე მეტი რესურსი შეიძლება სამედიცინო სფეროში დაიხარჯოს. საქართველოში გარდა იმისა, რომ გვყავს შესანიშნავი სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო პროდუქცია – სასუნთქი აპარატები იქნება თუ იგივე სამედიცინო პირბადეები შეიძლება აქ იწარმოებოდეს... 

ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება. იგივე სომხეთს თუ შევხედავთ, სასურსათო მაღაზიებში დაახლოებით 80% საკუთარი წარმოების აქვთ. 

– მომავლის გეგმებზე თუ შეგიძლიათ გვითხრათ – თუ გაქვთ სავარაუდო მონახაზი? 

– მონახაზი ის მაქვს, რომ დაწყებული მშენებარე პროექტები, იგივე თამარაშვილზე, ვერაზე – ყაზბეგის ქუჩაზე, ბაკურიანში – ეს პროექტები მივიყვანოთ ბოლომდე. იპოდრომს რაც შეეხება, გითხარით, რომ ვაპირებთ განვითარებას და მეტის გაკეთებას. როგორც კი პანდემია გადაივლის და ჯანსაღ ცხოვრებას დავუბრუნდებით, სასწრაფოდ გადავეწყობით. თუმცა, ისიც მესმის, რომ ბევრი რამე შეიცვლება და გუშინდელი დღესავით აღარაფერი იქნება. 

– თქვენი აზრით, სარესტორნო ქსელს გაუჭირდება და ისეთივე მომგებიანი აღარ იქნება, როგორც ადრე იყო? 

– მაგაზე ვფიქრობ და ჯერ პასუხი არ მაქვს. დანარჩენ სფეროებში, სადაც ვსაქმიანობთ – საქმეები დაწყებულია, გავაგრძელებთ და ბოლომდე მივიყვანთ. იპოდრომზე ბევრი რამე გვქონდა დაგეგმილი, უკვე გაზაფხულიდან ვაპირებდით, შაბათ-კვირას მომსვლელებისთვის საოჯახო ტიპის ღია კაფე მოგვეწყო. ცოტა დროში გადაიწევს, მაგრამ მაინც გავაკეთებთ. თბილისს ექნება ძალიან მაღალი დონის, ერთ-ერთი კარგი დასასვენებელი, კულტურული ადგილი, რასაც ჰქვია თბილისის იპოდრომი. ჩვენ ამას შევძლებთ. 

– საუბრის დასასრულისკენ წავიდეთ – თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

– თავისუფალ დროს, შაბათ-კვირას, ყოველთვის ვცდილობ ვიყო ჩემს მშობლებთან, ჩემს შვილთან ერთად – ბექა ჩემთვის ყველაფერია, მას შეუძლია მაცოცხლოს, ადამიანი ვისთვისაც ყველანაირი სამაგიეროს გადახდა მხოლოდ სიყვარულით შემიძლია. მე და ბექა თითქმის ერთად გავიზარდეთ, 17 წლით ვარ მასზე უფროსი, ყველაფერს ვუზიარებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი აზრიც და შენიშვნაც. ასევე მყავს შვილიშვილი, 6 წლის დათა, რომელიც არის ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი მამოძრავებელი ძალა. ამბობს, რომ თვითონაც მშენებელი უნდა გამოვიდეს. ვეკითხები რატომ მაინცდამაინც მშენებელი-მეთქი და, მაია, შენ უნდა დაგეხმაროო. ასევე სამი საოცარი ძმისშვილი მყავს, თაზო, ივა და საბა, ამ ოთხეულის სამყაროში დიდობას ვივიწყებ, საოცარი განტვირთვაა მათთან ერთად ყოფნა. 

ასევე, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. პანდემიის გამო, ვფიქრობ ნაკლებად შევძლებთ მოგზაურობას. ახლა ფრენის დრო აღარ არის. ვირუსმა ყველა მყარად დაგვაყენა ფეხზე. არ მინდა მომავლის გეგმებზე ფიქრი, აქ და ამ მოცემულობაში – აწმყოში უფრო მშვიდად ვარ. 

აქამდე ყოველთვის ვგეგმავდი სად წავსულიყავი ზაფხულში, ზამთარში... სადაც დავდივარ, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასთან ერთად ძალიან მაინტერესებს ადგილობრივი სამზარეულოც. გურმანი ვარ, შოპინგი ხომ ჩემი სისუსტეა. 

ახლა ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლებად ვიმოგზაურებ და უფრო მეტად გავატარებ დროს ჩემს საყვარელ ადამიანებთან, უფრო მეტად ჩავეხუტები და მოვეფერები მათ. ყოველდღე ვნახავ დედას და მამას, ყოველდღე ვეტყვი „მიყვარხარ“, რომ დედამიწაზე ყველაზე მაგარი მშობლები მყავს და მათ უპირატესობაში დავარწმუნებ ყოველდღე. ნაკლებად დავისვენებ და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, აღარაფერს გადავდებ ხვალისთვის. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი