ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი (გელა) ხანიშვილთან - №1(66), 2021
მინი-დოსიე

გიორგი ხანიშვილი დაიბადა 1960 წლის 16 ივლისს, ქარელში. 

განათლება: 

1967-1977 – სოფელ რუისის №1 საშუალო სკოლა; 

1979-1984 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესია – მშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია, კვალიფიკაცია – ინჟინერ-ეკონომისტი. 

სამუშაო გამოცდილება: 

1977-1978 – ფცის საბჭოთა მეურნეობა – მუშა; 

1978-1979 – მცხეთის სარემონტო – სამშენებლო ორგანიზაცია – მუშა; 

1985-1988 – სამეცნიერო კვლევითი ცენტრი – ფასებისა და ტარიფების განყოფილება უმცროსი ეკონომისტი; 

1984-1992 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის ლექტორი; 

1993-1995 – საწარმოო გაერთიანება „თბილთამბაქო“ გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკის დარგში; 

1995-1997 – სს „ენისელი“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 

1997-1997 – სს „ბაგრატიონი 1882“ (შამპანურის ქარხანა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 

1998-1998 – შპს „ნავ-2000“ დირექტორი; 

1998-2000 – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 

2001-2004 – სახელმწიფო მარეგულირებელი საბჭო – თავმჯდომარე, დირექტორი/კომერციული დირექტორი; 

2004-2005 – შპს „აგროსისტემები“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 

2005-2006 – შპს „სილქროუდი“ ბათუმის პორტის შესყიდვების პროექტის მენეჯერი; 

2006-2006 – „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 

2006-2010 – „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ ოპერატიული მართვის დირექტორი; 

2010-2010 – სს „სილქნეტი“ ოპერატიული მართვის დირექტორი; 

2012-2014 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ დირექტორის მოადგილე; 

2014-2015 – სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 

2015-2016 – სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ გენერალური დირექტორი; 

2016-2017 – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 

2017-2019 – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 

06.02.2019-დან – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე. 

უცხო ენები: რუსული. 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

– ბატონო გიორგი, დავიწყოთ საუბარი თქვენი ბავშვობის პერიოდით და იმ გარემოს შესახებ, სადაც გაიზარდეთ. 

– დავიბადე ქარელის რაიონის სოფელ რუისში. მამა ფინანსისტი იყო და მთელი ცხოვრების მანძილზე სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. დედა გახლდათ ბუღალტერი, რომელიც აგრეთვე სოფლის მეურნეობის მიმართულებით საბუღალ¬ტრო სამსახურებში მუშაობდა. 

– სოფლის მეურნეობასთან კავშირი ბავშვობიდან გქონიათ. 

– ჩემს ბავშვობაშიც, ჩვენთან სოფლის მეურნეობის წამყვანი კულტურა იყო ვაშლი და კომბოსტო. პირველი, მაშინ რასაც ბავშვები ვაკეთებდით, უფროსების ამოთხრილ ორმოებში კომბოსტოს ჩითილის დარიგება იყო. იქიდან მოყოლებული, მთელი ჩემი ცხოვრება სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული. სკოლაშიც გვასწავლიდნენ სოფლის მეურნეობას და პირველი მართვის მოწმობაც ტრაქტორზე, სკოლაში ავიღე. 

– თქვენს ბიოგრაფიულ მონაცემებში წერია, რომ მუშაობა მეურნეობაში დაგიწყიათ. 

– ჩემი შრომითი ბიოგრაფიაც სოფლის მეურნეობიდან დაიწყო. სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტში რომ ვერ ჩავაბარე, იმ წელიწადს მამამ წამიყვანა და მუშაობა დამზადების პუნქტში, ხის ყუთების შეჭედვაზე დამაწყებინა. 

– მოგვიანებით მაინც ჩაირიცხეთ უმაღლესში.
 
– მესამე წელს ჩავაბარე, მანამდე ქულები მაკლდებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, მშენებლობის ეკონომიკა, რეორგანიზაცია და მართვა დავამთავრე.
 
– პირველ წლებში რატომ ვერ ჩაირიცხეთ, უსამართლოდ მოგექცნენ და იმიტომ? 

– შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მაშინაც კი ცოდნა არ ფასდებოდა. დღემდე საშინელი კალიგრაფია მაქვს, ქართულში დაბალი ნიშნები მქონდა და ქულები დამაკლდა. სამაგიეროდ, როცა ჩავაბარე, იმ წელიწადს მათემატიკაში მივიღე ფრიადები, ფიზიკაშიც მაღალი ქულა მქონდა და ჩავირიცხე. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. შემდეგ გავაგრძელე მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე.
 
– უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზეც გიმუშავიათ.
 
– უნივერსიტეტში სწავლისას მქონდა ფრიადოსნის სტიპენდია და ანაზღაურება პროექტებში მონაწილეობისთვის. სწავლის ბოლო წელს ვიღებდი 130 მანეთს, მუშაობა რომ დავიწყე 110 მანეთი მქონდა ხელფასი. 

– მოგვიანებით, თქვენ საკუთარი ბიზნესიც გქონდათ, კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზეც იყავით. ჩვენი ჟურნალის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით ბიზნეს-გარემოს ცვლილებას თუნდაც ბოლო 20-25 წლის მანძილზე? 

– სამწუხაროდ, ასეთ რეტროსპექტივას ადამიანები ხშირად არ უყურებენ. საბჭოთა პერიოდში, 1985 წელს გამოვიდა დადგენილება, რომელმაც ხელი შეუწყო კოოპერატივების შექმნას ქვეყანაში. პირველი რეალური ბიზნესის განვითარების სიომ მაშინ დაბერა. მაშინ ვმუშაობდი ფასების და ტარიფების განყოფილებაში, სადაც ადგენდნენ საქართველოში კომუნალური მომსახურების ტარიფებს. მინდა გავიხსენო კარგი ადამიანი და ჩემი ხელმძღვანელი ბატონი საშა კორკელია. ის იყო ძალიან ნიჭიერი, სწრაფად ალღო აუღო ამ სიახლეს, მეც ჩავერთე და დავიწყეთ პირველი კოოპერატივების შექმნა. ჩემი ბიზნესი იყო საკონსულტაციო ბიზნესი. გვქონდა ძალიან ბევრი ამონაჭრები ჟურნალ-გაზეთებიდან. მაშინ გამოდიოდა ჟურნალი Экономика и жизнь, რომელიც პრაქტიკულად ნორმატიული დოკუმენტების ბაზას წარმოადგენდა. ასე დაიწყო ჩემი საკონსულტაციო საქმიანობა.
 
მანამდე, 1984 წელს ჩავაბარე ასპირანტურაში. იმავე პერიოდში 1985 წლიდან, ვიყავი უნივერსიტეტში – მშენებლობის ეკონომიკის ორგანიზების და მართვის კათედრაზე, როგორც ასისტენტი, 1992 წლამდე. 

– კარგად ხედავდით რა ბიზნესგარემო იყო. 

– მთელი ეს პერიოდი, ეკონომიკური ფორმაციის ცვლილება, მიდიოდა ჩემ თვალწინ. პროცესებში მუდმივად ვი¬ყავი ჩართული. ძალიან ცოტამ იცის, რომ საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობა დაიწერა 90-იან წლებში. ამ კანონის შემოქმედი, ძირითადი ბირთვი იყო ზაზა ქობულაშვილი, ვალერი ხანიშვილი, ნუგზარ ქავთარაძე... ვმუშაობდით ჩვენ. დოკუმენტები იწერებოდა ნაქირავებ ბინაში, გაყინულ სახლში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში. 

საბჭოთა პერიოდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ რადიკალურად შევიცვალეთ. ეკონომიკური მოდელის შეცვლა იყო ძალიან მძიმე, გაწყდა ეკონომიკური ურთიერთობა. ერთიანი საბჭოთა იდეა, რომელზეც იყო აწყობილი ყველა საწარმო, მოიშალა. დაშვებული იყო უამრავი შეცდომა უცოდინრობის თუ ფულის სწრაფად შოვნის გამო. სოფლის მეურნეობაში მიიღეს გადაწყვეტილება – ყველას დაურიგდა მიწა, ტრაქტორები, ძროხები. რადგან ყველა ვეტერინარი, აგრონომი და ტრაქტორისტი ვერ იქნება, უმეტესობამ ძროხა დაკლა, ხეხილის ბაღები გაჩეხა, ტრაქტორებიც განადგურდა. მოიშალა ინდუსტრია და წარმოება. 

მაგ პერიოდში სხვადასხვა წარმოებებში ვიმუშავე ცენტრალურ თანამდებობებზე, ძირითადად ფინანსური კუთხით. ვიყავი თამბაქოს ქარხანაში, კონიაკის ქარხანაში, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა სამთავრობო დადგენილებების შემუშავებაში. ამ აქტიურობას მოჰყვა ის, რომ 1998 წელს ბიზნესიდან სახელმწიფო სამსახურში გადავედი, გავხდი ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

– რიგითი ბიზნესმენისთვის როგორ იცვლებოდა გარემო შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლების დროს – რა ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ვითარება იყო? 

– ყველა პერიოდს თავისი ეტაპი ჰქონდა. 90-იან წლებში, როდესაც ძირითადად დატაცება, ყაჩაღობა და ჯართად გაყიდვა ხდებოდა, იქ ხელშემწყობ პირობებზე საუბარი ზედმეტია. ავტომატიანი ხალხი წყვეტდა ინტელექტუალი ადამიანების ნაცვლად. შევარდნაძის დაბრუნებამ დიდი როლი ითამაშა, რომ ეკონომიკა დაბრუნებოდა თუნდაც საწყის პერიოდს და სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნილიყო: ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს დამსგავსებოდა, მთავრობა მთავრობას და გადაწყვეტილებების მიღება კაბინეტებში დაწყებულიყო. მაგ პერიოდში გამოჩნდნენ პირველი კონსულტანტები. 

1992 წელს, ივლისში დაიდო აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამერიკა საქართველოს განვითარებაში დღემდე ეხმარება. შემდეგ მოჰყვა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება – ეს ყველაფერი ზრდიდა ეკონომიკას. რა თქმა უნდა, იმ პერიოდს ჰქონდა უზარმაზარი პრობლემები: სამოქალაქო ომი, ომი ცხინვალში, ომი აფხაზეთში, მოშლილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა... მაგრამ, ამ ეტაპების გავლა სამწუხაროდ მოუწია ქვეყანას. 

შევარდნაძის დროს, ბატონი მიხეილ ჭკუასელის თავმჯდომარეობით 1998 წელს ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, როგორ უნდა გამოსულიყო ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან. ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო ამ დოკუმენტის განხორციელება. მერე მიშა სააკაშვილმა აიღო ეს დოკუმენტი, ბევრი რამე შეცვალეს და ნახევარიც ვერ განახორციელეს, რადგან ქვეყანა სხვა კალაპოტით წაიყვანეს. მაგრამ, მათ შეძლეს ბიზნესის მოქცევა უფრო მეტ ლეგალურ ჩარჩოებში შიშით, ძალით და ა.შ, და კიდევ ერთი ეტაპი გაიარა ქართულმა ბიზნესმა. 

„ქართული ოცნების“ პირობებში ბიზნესისთვის აბსოლუტურად ხელშემწყობი გარემოა. თუ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი იყო მიბმული ვინმეს ინტერესთან და მონოპოლიები არსებობდა, დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი გარემო. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ, მარტო მცენარეული ზეთის შემომტანი 300-ზე მეტი კომპანიაა. ეს ადასტურებს, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. კონკურენცია ქმნის ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფაში სტაბილურობას. აღარ გვჭირდება ხელოვნური მარაგების შექმნა, რადგან ბიზნესი განსაზღვრავს სტაბილურ მიწოდებას. მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი ყველა თავის არეალში მუშაობს და აღწევს წარმატებას თავისი ინტელექტუალური ძალის და შესაძლებლობის მიხედვით. არის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები სახელმწიფოს მხრიდან. ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდება. მაგრამ, ერთ წელიწადში ვერ შექმნი... მაგალითად, მარტო მეცხოველეობის სექტორი რომ გავაუმჯობესოთ, 2 მილიარდი დოლარია საჭირო. ასეთი რესურსი ბიუჯეტს არა აქვს და სახელმწიფო 1-2 წელში ვერ გააკეთებს, მაგრამ, იწყება. წამყვანი ინსტიტუტების მიერ აღიარებულია საქართველოს ბიზნეს-გარემო, გვაქვს ძალიან მაღალი რეიტინგები იმ გზის კვალობაზე, რაც ქვეყანამ გაიარა. 

– წინა მთავრობის პერიოდში ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად მაღალი იყო, რაც მიუღწეველი რჩება დღევანდელი პერიოდისთვის. 

– ეს არის აბსოლუტური ტყუილი. არანაირი ეკონომიკური ზრდის ტემპი არ იყო მაღალი. წინა მთავრობამ მოახდინა ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზება. ეკონომიკა, რომელიც იყო ჩრდილში, ის გამოვიდა ჩრდილიდან.

– რომელ წლებში გამოვიდა?
 
– 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, ეს ერთბაშად არ მომხდარა. 

– 2010-ში და 2011-ში ეკონომიკის ზრდის ტემპი რომ მაინც 6%-ზე მაღალი იყო? 

– ეს ზრდა იყო მთელ მსოფლიოში და მთელ რეგიონში. მაშინდელი ზრდა ქვეყანაში, ჩამორჩებოდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის ზრდას. დღევანდელ პირობებში ჩვენი ზრდა აღემატება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის ზრდას. ასევე, შევარდნაძის ხელისუფლების დროს, გვქონდა დაახლოებით 4 მლრდ დოლარის საგარეო ვალი. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 16 მლრდ დოლარი დახვდა საერთაშორისო ვალდებულებები. 

– ცალკე აღებული ვალის დათვლა სწორია? მშპ-თან მიმართებაში ვალი მცირდებოდა. 

– მშპ-ს რა მნიშვნელობა აქვს? აბსოლუტურ ციფრებში, როდესაც 12 მილიარდ ვალს იღებ და ეკონომიკაში დებ, როგორ დებ – ეგ კიდევ ცალკე თემაა: დაუმთავრებელია ობიექტები და ფული გადაყრილია, მაგრამ დახარჯული ფული თავის მაკროეკონომიკურ ეფექტს გაძლევს. იმ ფულიდან, დავუშვათ თუ 300 მილიონი დაიხარჯა პარლამენტის და რკინიგზის მშენებლობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა სწორი იყო. სოფლის მეურნეობაში იმავე პერიოდში ფული იხარჯებოდა ისეთ მიმართულებებზე, რომლებმაც საერთოდ ვერ ჰპოვა განვითარება. იყო სათბურების და ელევატორების პროგრამა. სახელმწიფო ფერმერს და მეწარმეს კი არ ეხმარებოდა, საკუთარი თავისთვის აშენებდა. როგორ შეიძლება სათბური ააშენო დავუშვათ, წეროვანში, გორში და რეალურად არ ჰყავდეს პატრონი? ბევრი სათბურები და მაცივრები აშენდა, მაცივრებს ლამის ვაკეშიც აშენებდნენ. არ შეიძლება თავკომბალა ორგანიზაციები შექმნა. მაგრამ, როდესაც შენი ამოცანა ბიზნესის განვითარება კი არაა, გინდა ყველაფერი შენს ხელში იყოს: ვინც მოგეწონება, ტრაქტორი აჩუქო, სათბური მისცე და ვინც არ მოგეწონება, არ მისცე. 

– იქნებ ჯობია, სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ნაკლებად ჩაერიოს? 

– სახელმწიფო უნდა ჩაერიოს სტიმულირებაში. მთელი მსოფლიო ასტიმულირებს სოფლის მეურნეობას. სადაც მილიარდობით დოლარი იდება სტიმულირებაზე და შენ საქართველოს თუ არ მიეხმარები, შეუძლებელია. ალბათ გახსოვთ, ეკონომიკური იდეოლოგის – კახა ბენდუქიძის გამონათქვამი, რომელიც ამბობდა, არ მაინტერესებს სოფლის მეურნეობა, კაცებს თუ უნდათ შავ მუშებად წავიდნენ, ქალებს თუ სურთ, უკაცრავად და, უძველესი პროფესიით დაკავდნენ – მე სოფლის მეურნეობას მაინც არ დავაფინანსებო. ამიტომ, როდესაც ეკონომიკის ზრდაზე ვლაპარაკობთ, ნახეთ მაკროეკონომიკური მონაცემები და ნახავთ ყოველწლიურად როგორი ვარდნა იყო სოფლის მეურნეობაში. ყოველი მომდევნო წელი წინასთან შედარებით მთავრდებოდა მინუსით. ამის შეცვლა დაიწყო 2010 წლიდან იმის ხარჯზე, რომ ააშენეს სახელმწიფო საწარმოები. „ქართული ოცნების“ პირობებში ზრდა არის იმის ხარჯზე, რომ ფული ჩაიდო ბიზნესში. მარტივ პარამეტრს გეტყვით. 2012 წელს, ბანკებში პორტფელი სოფლის მეურნეობაზე იყო 50 მლნ ლარი, დღეს პორტფელმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2012 წელს, უარყოფითი სავაჭრო სალდო სოფლის მეურნეობაში იყო 753 მლნ დოლარი. 2012-2020 წლებში, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის იმპორტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, 1.2-1.3 მლრდ-ის ფარგლებში მერყეობს. უარყოფითი სავაჭრო სალდო შევამცირეთ 753-დან 265 მლნ დოლარამდე. ექსპორტზე გავიტანეთ 500 მლნ დოლარით მეტი პროდუქცია და გამოვკვებეთ 3-ჯერ მეტი ვიზიტორი, ვიდრე 2004 წელს იყო. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს სხვა სფეროებისგან განსხვავებით ჩვენ ისევ ზრდა გვქონდა. ამიტომ, სოფლის მეურნეობის ჩავარდნის პერიოდი ცალსახად იყო 2004-2012 წლები. 2010 წელს ზრდა სახელმწიფოს არასწორად დახარჯულმა ფულმა გამოიწვია. 

– საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2014 წლიდან ნათესების ფართობი და საქონლის რაოდენობა მცირდება. რატომ? 

– როგორც კი ეკონომიკამ დაიწყო თავისუფლად სუნთქვა და განვითარება, რამდენიმე მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა. 2012 წელთან შედარებით 2019 წელს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა: 46% იყო და ჩამოვიდა 39%-ზე. ესენი გადმოჯგუფდნენ სხვადასხვა ბიზნესებში, მათ შორის ტურიზმში, მომსახურების სფეროში. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული უნდა გვყავდეს მოსახლეობის მაქსიმუმ 10%. სხვადასხვა ბიზნესებში ადამიანების დასაქმებამ და ცხოვრების დონის გაუმჯობესებამ გამოიწვია, რომ ბევრ ოჯახს საკუთრებაში ძროხა აღარ ჰყავს. მაგალითად, ისრაელში ჯამურად ჰყავთ 100 000 მეწველი ფური და წველიან 1.6 მლრდ ლიტრ რძეს. ჩვენ გვყავს 500 000 ფური და ვწველით 570 მლნ ლიტრს. ანუ, 5-ჯერ მეტი სული გვყავს და 3-ჯერ ნაკლებ რძეს ვწველით. უნდა შემცირდეს სულადობა და გაიზარდოს პროდუქტიულობა. ეს არის ჩვენი პროგრამების ძირითადი მიზანი. უნდა შემცირდეს დასაქმებულების რაოდენობა და გაიზარდოს შრომის ნაყოფიერება. 

– დაუმუშავებელი მიწების ფართობის შემცირება რამ გამოიწვია? 

– აქაც არის ლოგიკა. საქართველოში ყველაზე ნაკლებშემოსავლიანი კულტურები არის მარცვლეული. მცირდება მარცვლეულის და იზრდება მრავალწლიანი კულტურების ფართობები. სახელმწიფო პროგრამები რეალურად 2015 წლიდან ამუშავდა. გაშენდა 11 000 ჰა ახალი მრავალწლიანი ბაღები. აშენდა 240 ახალი საწარმო. 940 საწარმო გადაიარაღდა. შედეგად, სოფლის მეურნეობის ბიზნესსექტორში 2012 წლიდან გვაქვს 500%-იანი ზრდა. სოფლის მეურნეობის სექტორში გამოშვება 12 მლრდ-ზე ავიდა. ჩვენს პროექტებში 50 000 ბენეფიციარია, ვინც სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს – აგროკრედიტს, ტრაქტორს, საწარმოს მშენებლობა და ა.შ.
 
ბიზნესსექტორში 1 დასაქმებულზე გამოშვება 48 000 ლარია, როდესაც სოფლის მეურნეობაში არის 8 000 ლარი. უნდა შევძლოთ ბიზნესების გამსხვილება, ჰექტრებად დანაწილებული მიწები მაღალ შედეგს ვერ იძლევა. მალე უნდა მოხდეს ბიზნესად გადართვა. ამიტომ შეგვაქვს ცოდნა, ტექნიკა, გვაქვს სხვადასხვა საკონსულტაციო სამსახურები. 

– 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თქვენ დაბრუნდით საჯარო სექტორში. ვინმემ შემოგთავაზათ, თუ თავად გსურდათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა? 

– საჯარო სექტორში ჩემი დაბრუნება მოხდა 2012 წლის ზაფხულში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ნარჩენების მართვის კომპანიაში. ჩემ მეგობრებთან ერთად საქართველოში ახალ მიმართულებას დავუდეთ სათავე. ვიყავით შვედეთში და იქაური გამოცდილება წამოვიღეთ, რაც ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობას უკავშირდებოდა. ჩემთვის მთავარი იყო იდეა, რომელიც მომეწონა და დავთანხმდი. შემოთავაზება ჩემი მეგობრისგან – ნუგზარ კევლიშვილისგან მივიღე, რომელიც მაგ საწარმოს დირექტორი იყო. 

დიდი გამოწვევები იყო. მე დავდე ხელშეკრულება KFW-თან ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე დასავლეთ საქართველოში, რომელიც სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილის და სხვათა გამო არ შესრულდა. ჩვენს ქვეყანაში ხომ მოდაა, რომ ყველაფერი კარგის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს ადამიანი და გააპროტესტოს და პროგრესიც რეგრესად შერაცხოს. 

ჩვენ დავხურეთ ბევრი ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც ხევებში იყო. დავიწყეთ მოწესრიგება, აშენება და ეკოლოგიაზე ზრუნვა. 

– ათიოდე წლის წინ, მარტყოფთან ახლოს აშენდა ახალი ნაგავსაყრელი და სუნის გამო იმ გზაზე გავლა ლამის კატასტროფად არის გადაქცეული. 

– რუსთავის ნაგავსაყრელი არის ერთ-ერთი თანამედროვე ნაგავსაყრელი, მაგრამ უხარისხოდ შესრულებული. გზის პირზეა და გავლისას იგრძნობა რა სუნიც დგას. თანამედროვე ნაგავსაყრელს აუცილებლად სჭირდება გაზდამჭერები და ჩამდინარე წყლები რაც არის, იმის დამჭერები. მაქსიმალურად უნდა დაიცვა ეკოლოგია. შვედეთში, ქალაქის ცენტრშია ნაგავსაყრელი და სუნი არავის აწუხებს. აქეთ უნდა წავიდეთ ჩვენც. წლები დასჭირდება, მაგრამ ჩვენი სამინისტრო მაგას წარმატებით ემსახურება. 

– ჩვენი ჟურნალის რუბრიკაა „სახელმწიფო მოხელე“. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში ამ ინსტიტუტის განვითარებას ბოლო წლებში, როგორ გრძნობენ ჩინოვნიკები იმ პასუხისმგებლობას, რასაც სახელმწიფო მოხელეობა აკისრებთ? 

– როგორც ბევრი სხვა რამ, საჯარო მოხელის ინსტიტუტიც მნიშვნელოვნად ვითარდება. საჯარო სამსახურში ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანებია დასაქმებული. ჩვენ ხშირად ვართ გარკვეული „ბულინგის“ მსხვერპლი და ყველას ერთ ქვაბში გვხარშავენ. ხშირად გვეუბნებიან, „ჩემი გადახდილი გადასახადებიდან იღებთ ხელფასს“ – თითქოს ჩვენ გადასახადებს არ ვიხდიდეთ. რაც მე ცხოვრების მანძილზე გადასახადები მაქვს გადახდილი, ცხოვრებაში იმდენს ხელფასად ვერ ავიღებ. თუ ქვეყანაში რამე კეთდება, კეთდება საჯარო მოხელის მიერ. საჯარო მოხელე წერს კანონს, დადგენილებას, ზრუნავს მის აღსრულებაზე. როდესაც ადამიანს პრობლემა შეექმნება, საჯარო სამსახურში მირბის, რომ ეს პრობლემა გადაუწყვიტონ. ამას დაფასება უნდა. 

– ხშირად, ეგ პრობლემაც სწორედ საჯარო მოხელეების არაკომპეტენტურობით არის გამოწვეული. 

– საზოგადოება, რომლის დიდ ნაწილს 30 წელია ხელში წიგნი არ აუღია, სწორედ უწიგნურობის გამო გახდა ამბიციური. 

საჯარო მოხელე არის სახელმწიფო ინსტიტუტების ძირითადი საყრდენი. ამ ადამიანებმა გაუძლეს ყაჩაღობას, ტერორს, სამსახურში იმ პერიოდში სიარულს, როცა დენი არ იყო და ციოდა. 

დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში პრობლემაა, რომ მიწა, აღრიცხვა, განკარგვა სირთულეა. ეს იმან გამოიწვია, რომ წინა ხელისუფლებამ გააუქმა მიწის დეპარტამენტი და არქივები გადაყარეს. გააუქმეს სურსათის ეროვნული სააგენტო. 

მაგალითად, გერმანიაში რომ ჩადიხარ, გადმოგიღებენ მე-12 საუკუნის დოკუმენტს, როგორ იმართებოდა ტყე და სოფელი. ჩვენ არ გაქვს 2004 წლის მერე არაფერი, იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ეს ყველაფერი არ იყო საჭირო. მიწის დეპარტამენტის მთელი მასალები ერთმა ადამიანმა გადაარჩინა. თუ სწორად მახსოვს, პაატა გაფრინდაშვილმა. ასეთი ადამიანები როგორ შეიძლება არ დააფასო? ამიტომ, ვამბობ, რომ საჯარო მოხელეების ინსტიტუტი ვითარდება და დასაფასებელია. სამწუხაროდ, საჯარო მოხელეებს ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ. 

– გადადიან კერძო სექტორში. 

– კარგია, კერძო სექტორი რომ კადრებით მომარაგდეს, მაგრამ, არ შეიძლება თან საჯარო მოხელის იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი მან უნდა მოგიგვაროთ, თან ის უთხრათ, შენი არაფერი მჭირდებაო. 

– თუმცა, ხშირ შემთხვევაში ლაპარაკია, რომ საჯარო სამსახურებში გაბერილი შტატებია და ამიტომ სჯობს ნაკლები, მაგრამ მაღალი კომპეტენციის კადრებით იყოს დაკომპლექტებული. 

– აშშ-ს შტატების გაბერვას და შემცირებას ვერავინ ასწავლის. 10 ფერმერზე 1 საჯარო მოხელე მოდის. ჩვენ სამინისტროში სულ მთლიანად მუშაობს 7 000 კაცამდე. გვყავს 700 ათასზე მეტი ფერმერი. როცა ექსტენციის თანამშრომელი რაიონში მხოლოდ სამია, უნდა იაროს სოფლებში და თითოეულ ფერმერს ასწავლოს, აღმოაჩენთ, რომ კადრები გაბერილი კი არ არის, დეფიციტია. 

კადრების კომპეტენციაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რასაც ვაუმჯობესებთ. წეღანაც ვთქვი, 30 წელია, საქართველოში ლამის სწავლას თავი დაანებეს. ნელ-ნელა ფასი ედება სოფლის მეურნეობას. არ გვყავს საკმარისი ვეტერინარები, აგრონომები, სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა რომ იცოდნენ. 

ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომლის ნაწერებიც ფეისბუკზე ვნახე, მომეწონა და დავუძახე, რომ სამსახურში ამეყვანა. მოვიდა და მეუბნება, ბატონო გელა, 5000 ლარზე ნაკლები არ მაქვს ანაზღაურება, თქვენთან სამუშაოდ როგორ წამოვიდეო. 23 წლისაა. მსგავსი შემთხვევები სხვა დროსაც მქონია. როგორ მოვიზიდო უმაღლესი დონის ექსპერტები? ამიტომ, ვცდილობთ შიდა ტრენინგებით გავაძლიეროთ არსებული კადრები. ასეა საჯარო სექტორში ყველგან. 

ყველაზე დიდი პრობლემა სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალაა. ქვეყანაში უმუშევრობაა და არაკვალიფიციური მუშის პოვნა ჭირს, კვალიფიციურ კადრზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 

– არსებობს დამოკიდებულება, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად საბაჟო ტარიფებია შემოსაღები. ამ დროს, უცხოეთში თუ ჰექტარზე 10-12 ტონა ხორბალი მოჰყავთ, ჩვენთან საუკეთესო შედეგი 4-5 ტონაა. შესაბამისად, უცხოეთში ხორბალი ბევრად იაფი ჯდება და ადგილობრივს ფასში ყოველთვის მოუგებს. 

– არასწორი დამოკიდებულებაა, როცა ვინმე ამბობს, რომ ჩაკეტე ბაზარი და ჩემი არაკონკურენტუნარიანი პროდუქცია მაღალ ფასად გამაყიდვინეო. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ შეიძლება საზღვრების ჩაკეტვით რაიმე წარმატებას მივაღწიოთ. უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი პროდუქცია კონკურენტული გავხადოთ. ვაშლის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა საქართველოში 9-ჯერ ნაკლებია ვიდრე საფრანგეთში. როგორ გინდა ფასით კონკურენცია გაუწიო? ამიტომ, ჩვენი ყველა პროგრამა მოსავლიანობის გაუმჯობესებას ემსახურება. 

– ქვეყანაში მოქმედებს ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა დიდი საცხობებისთვის, 50 კგ-იან ტომარაზე 10 ლარს იხდის სახელმწიფო. ამან მცირე საცხობებს მუშაობა გაურთულა. მათ სუბსიდიას არავინ აძლევს, ფქვილი გაუძვირდათ, დიდი ქარხნები კვლავ იაფად ყიდიან პურს. 

– ასეც უნდა ყოფილიყო. მცირე საცხობებს თავისი მოქნილობა აქვთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მაგალითად, გელა ხანიშვილს, რომელიც ყიდულობს 3-ლარიან პურს, არ უნდა ჰქონდეს სუბსიდია. მაგრამ, სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანისთვის, რომელიც არის ქარხნის პურის მომხმარებელი, უნდა შეგვენარჩუნებინა ფასი. ჩვენ დავაფინანსეთ დაახლოებით 26 მილიონი პურის ცხობა, რომ დავიცვათ სოციალურად შეჭირვებული ხალხი. 

სუბსიდირება არცერთი მიმართულებით სწორი არ არის – არც პურში არც ყურძენში და არც არსად. მაგრამ, ეს დროებითი ღონისძიებაა და ამან შედეგი მოგვცა. 

– საპროტესტო გამოსვლები აქვთ ხოლმე მევენახეებს, რომლებიც სუბსიდირების იმედად ვენახს გააშენებენ, მოიყვანენ მოსავალს და სახელმწიფოს სთხოვენ სუბსიდიას. 

– ჩვენ ჩქარა გვიყვარს შედეგები, ცხოვრება ეგრე არ არის. ჩვენ რა ბაზარიც გვაქვს მსოფლიოში სპირტიანი სასმელების კუთხით, ამ ბაზრის ათვისებას ათეული წლები სჭირდება. როდესაც ამ ბაზარზე სრულყოფილად გავალთ, ღვინო არ გვეყოფა. ჩვენი სტრატეგიაა, რომ მაღალფასიან სეგმენტზე დავიკავოთ ნიშა. გვექნება ცოტა, მაგრამ მაღალხარისხიანი პროდუქცია. ეს ცოტა იქნება 200-300 მილიონი ბოთლი წელიწადში. ამიტომ, უნდა გვქონდეს ვენახები, გაიჭირვოს სახელმწიფომ, რომ ეს პერიოდი გადავლახოთ.
 
– თქვენ ხართ „იმერეთის აგროზონის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე, რაც სათბურების განვითარებას უკავშირდება. როგორ ვითარდება სახელმწიფოს ეს წამოწყება, რატომ იმერეთში და სხვა რეგიონებში თუ ივარაუდება მსგავსი პროექტის განხორციელება?

– ეს არის თვისობრივად ახალი სიტყვა ქართულ ეკონომიკაში. მსგავსი ტიპის პროექტი არამარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ ეკონომიკაშიც არ მეგულება. ეს არის ჰოლანდიურ-ქართული კონსორციუმის დამუშავებული იდეა 220 ჰა ფართობზე. დაწყებულია ინტერესთა გამოკითხვა. ვმუშაობთ ყველა უზარმაზარ საფინანსო ინსტიტუტთან IFC-დან დაწყებული „იბიარდით“ დამთავრებული. 

ადგილის არჩევა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. დასავლეთი საქართველო სათბურებისთვის კლიმატურად არის ხელსაყრელი, ნაკლები დანახარჯი სჭირდება და მეორე მიზეზია – ქუთაისის აეროპორტი. წყალტუბოს ტერიტორიაა და 10 კილომეტრშია ქუთაისის აეროპორტიდან. იქიდან უნდა გავიდეს მთელი პროდუქცია ექსპორტზე. სხვადასხვა ქვეყნის 28 ოპერატორმა, რომელთა შორის 10 ქართული კომპანიაა, გამოთქვა სურვილი, პროექტში მონაწილეობა მიიღოს. 

– რა პროდუქციის მიღებაა გათვლილი სათბურებში? 

– რაც გაუხარდებათ. ჩვენ გვაქვს შესწავლილი დაწყებული პომიდვრიდან, დამთავრებული ყვავილით – ყველაფერია შესაძლებელი. 

სამი ტიპის სათბურებია. მაღალტექნოლოგიური – „ჰაიტექი“, საშუალო დონის სათბურები და ე.წ. გვირაბის ტიპის სათბურები. ყველა ტიპის ინვესტორს შეეძლება შემოსვლა. საბოლოო პროექტირება 2022 წელს დასრულდება და დიდ ინვესტიციებს ველოდებით. პროექტი არის დაახლოებით 150 მლნ ევროიანი, რომელმაც რადიკალურად უნდა შეცვალოს დასავლეთ საქართველოში ბევრი ეკონომიკური მაჩვენებელი სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, პროექტი შემუშავებულია ისე, რომ მისი დანერგვა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ოღონდ, მსგავსი დაშვებებით. აეროპორტთან სიახლოვის გამო, მაგალითად, შეიძლება თბილისთან ან ქვემო ქართლში გააკეთონ. 

– როგორც ჩანს, მთავარია პროდუქციის სწრაფი ტრანსპორტირების საშუალება ახლდეს. 

– კი. მაგალითად, მწვანილი გაყინვის გარეშე უნდა მიაწოდო. ამისთვის 3 საათი გაქვს დრო და 3-საათიანი ფრენა ქუთაისიდან ევროპის და აზიის ბევრ ქვეყანას მოიცავს.
 
– სახელმწიფოს კუთვნილებაში იქნება ეს სათბურები თუ კერძოსი? ვინ იმუშავებს? 

– ეს არის აბსოლუტურად კერძო ინსტიტუციაზე აგებული მოდელი. „იმერეთის აგროზონა“ არის 100%-იანი სახელმწიფო წილით. დრო გამოაჩენს ზუსტად, მაგას დარჩება რამე მომსახურება, ოპერატორს შემოვიყვანთ თუ არა, მაგრამ, ეს იქნება მაქსიმალურად კერძო სტრუქტურები. 

მაგალითად, მე შემიძლია ჩავერთო მონაწილეობის მისაღებად? 

– დარეგისტრირდით, იყიდით ფართობს და ააშენებთ სათბურს. ჩვენი უზრუნველყოფა იქნება, რომ გზა გქონდეთ, დენი, გაზი, წყალი მოგაწოდოთ და ა.შ. პირველი შენდება ცენტრი, სადაც უნდა ისწავლონ იმ კადრებმა, ვინც „იმერეთს აგროზონაში“ უნდა იმუშაონ. ასევე, იმერეთის აგროზონის მეორე დიდი პროექტი იქნება მესაქონლეობის კოოპერატივი, სადაც ჩართულ ადამიანებს მაქსიმალურად დავეხმარებით სარძეო მეურნეობის განვითარებაში. 

– ოღონდ, ეს ყველაფერი ჯერ პროექტის დონეზეა. 

– პროექტის დონეზეა, მაგრამ, ჩვეულებრივ გადის მსოფლიო სტანდარტების მიხედვით აპრობირებულ ეტაპებს. ინტერესთა გამოკითხვა, დაკონტრაქტება, ფულის გადახდა და ა.შ. 

– ზოგადად, რა მიმართულებები შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი განვითარების საფუძველი – მაგალითად, მოცვის პლანტაციები, თხილი თუ სხვა? რა პრიორიტეტები აქვს სამინისტროს? 

– საქართველო მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, ჩვენც, ინვესტორებიც, ვინც ჩამოდიან, ვუყურებთ მსოფლიო ტენდენციებს. მოცვი საქართველოში შემთხვევითი კულტურა არ არის. „იმერეთის აგროზონის“ შემთხვევაში სათბურების თემაზე, მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი ჩასული იყო ისრაელში, იქაური მაგალითი შევისწავლეთ და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ სხვადასხვა მიმართულებებს. 

რა თქმა უნდა, ასევე არის ტრადიციული დარგები, რომლებიც საქართველოში იყო და სტაბილურად განვითარდა. 

– ტრადიციულია მარცვლის მოყვანა, რომელიც აშკარად არ არის კონკურენტუნარიანი უცხოეთში მოყვანილ მარცვალთან. მაგის ჩანაცვლება იგეგმება? 

– მარცვალი ითესება მაგალითად, შირაქში, სადაც სხვა კულტურას უბრალოდ ვერ მოიყვან. მანდ საჭიროა მარცვალი დაითესოს, მაგრამ მოსავლიანობა უნდა იყოს 5-6 ტონა და არა 2-3 ტონა, რაც დღესაა.
 
– რა უშლის ხელს? 

– საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სათესლე მასალაში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი დახმარება, სერიოზული ლაბორატორიების მოწყობა. სისტემურ პროექტებს ვაკეთებთ იქ, სადაც უკუგება მაღალრენტაბელურია და ბიზნესიც უფრო მეტად დაინტერესებულია. თანდათანობით ყველა სფეროს დავფარავთ. ჯამში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, საქართველოში მივიღოთ 300-400 ათასი ტონა ხორბალი, რაც მთლიანი მოხმარების დაახლოებით ნახევარი იქნება. ასევე, სიმინდში, ბოლო ორ წელიწადში მოსავლიანობა გავაორმაგეთ და საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 3 ტონაა. სადაც სისტემური ნაკვეთებია და სიმინდის კულტურას უფრო თანამედროვედ უვლიან, 8-9 ტონა მოსავალს იღებენ. 

მთავარი ამოცანაა მოსავლიანობა გავზარდოთ. ხახვის საშუალო მოსავლიანობა საქართველოში 10-12 ტონაა, როცა თურქეთში მოჰყავთ 75-80 ტონა. ჩვენი მიზანია გავზარდოთ მაგალითად ხახვზე მოსავლიანობა, იმის ხარჯზე შევამციროთ ნათესი ფართობი და სხვა კულტურა დავნერგოთ. დიდი პერსპექტივაა კაკლოვან კულტურებზე, თხილზე, ფსტაზე, ნუშზე. მოცვის თემა საკმაოდ საინტერესოა. 

დღეს არ არსებობს საქართველოში სფერო, რომლის განვითარებაც არ შეიძლება. უბრალოდ, ჩემი რეკომენდაციაა, ფერმერებმა მეტი იმუშაონ საექსპორტო ბაზრებზე და თავიდანვე იცოდნენ, რის მოყვანასაც აპირებენ, სად გაყიდიან. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბაზრების მოძიებაში, მაგრამ, კარგი იქნება, თუკი ფერმერს თავიდანვე გაცნობიერებული ექნება, მის მიერ მოყვანილი პროდუქციის გაყიდვას სად აპირებს.
 
ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ახალგაზრდობა, საოცარი თაობა მოდის, რომელიც სოფლის მეურნეობაშიც და სხვა დარგებშიც თავის სიტყვას იტყვის. უამრავი ახალგაზრდა ქალაქიდან სოფელში გავიდა და საოცარ შედეგებს აღწევენ. ზოგი მეცხოველეობაშია წარმატებული, ზოგი ვაშლის მოყვანაში და ა.შ. მათთვის ეს ბიზნესია. ისინი შექმნიან სამუშაო ადგილებს, გაჩნდება მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ კადრებზე. ეს იქნება მომავალში. კი გვეჩქარება, მაგრამ დღესვე ყველაფერი ვერ იქნება. 

– მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით – აპირებთ საჯარო სექტორში დიდხანს იყოთ თუ, მაგალითად, კერძო სექტორში გსურთ გადასვლა, ან საკუთარი ბიზნესის განვითარება? 

– არცერთს გამოვრიცხავ. ახლა რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, მაგრამ, სამსახურების გამოცვლაც მიყვარს. თუ სამსახურს დავტოვებ, სფეროდან შორს წასვლას მაინც არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ეს არის სერიოზული საინვესტიციო სივრცე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით და გახდეს წარმატებული. 

საქართველოში უამრავი ახალგაზრდა მუშაობს სხვადასხვა ინტელექტუალურ პროდუქტებზე, მაგრამ ვერასდროს ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცევა საკვების ბაზის შექმნის აუცილებლობას. პანდემიამ უცებ გამოაჩინა, რის გარეშეც არ შეუძლია ადამიანს არსებობა. შეიძლება როგორც სოფლელ კაცს სხვა ნოსტალგია მაქვს, მაგრამ ჩემთვის სოფელი არ არის უბრალოდ არეალი. ვფლობ ფერმერულ მეურნეობას, რომლის მართვის პირდაპირი უფლება აღარ მაქვს. ეზოში მაქვს კარგი ხეივანი, მამა-პაპისეული ქვევრები, სადაც რომ მივდივარ, ვისვენებ. 

– თქვენი შვილები სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხომ არ აპირებენ გზის გაგრძელებას? 

– არ ვიცი რა გზას აირჩევენ. უფროსი 15 წლის იყო, კემბრიჯის კოლეჯში რომ ჩააბარა, მერე ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტი დაამთავრა. იურისტია და სხვადასხვა პროექტებში მუშაობს. უმცროსი შვილი აბიტურიენტია და იმედი მაქვს წარმატებული კარიერა ექნება. რა გზას აირჩევს, არ ვიცი, რასაც ვხედავ, უფრო ბიზნესის მიმართულებისკენ იწევს. 

მგონია, რომ ქვეყანას სწორედ ჩვენი შვილების თაობა ააშენებს, მიიღებენ ცოდნას ევროპაში და ჩამოვლენ. გუშინ, ქართლელი, ჩემი სოფლელი ბიჭი იყო მოსული. 23 წლის წინ ამერიკაში წავიდა. 42 წლისაა და სურს საქართველოში ინვესტირება. 50 წლის რომ გახდება, მთელ აქტივებს წამოიღებს ამერიკიდან და გადმოვა საქართველოში. 

– ურჩევთ, რომ ასე მოიქცეს? 

– რა თქმა უნდა. ჩვენ შევძელით ქვეყანა გაგვეხადა ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ხვალ კიდევ უკეთესი იქნება. საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტი დღეს 1 მლრდ დოლარამდეა. 5 მლრდ-ს რომ მიაღწევს, ვიტყვი, რომ სწორად გვიშრომია. წინა ხელისუფლებამ ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გააუქმა, ჩვენ აღვადგინეთ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი მიწების ბაზაზე. 

– პირადად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს? 

– არა, ეგ ბედნიერება არ მქონია. 

– თქვენ საკმაოდ მრავალი სამსახური გაქვთ გამოვლილი. საქმიანობას და ოჯახს შორის დროს როგორ ანაწილებთ? 

– 17 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. ახლა 61 წლის ვხდები. ამ წლების მანძილზე შვებულება რომ ამეღო და მაგალითად, 1 თვით დამესვენა – არასოდეს ყოფილა. დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე სამსახურში ვარ. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობდი შაბათ-კვირას დრო დამეთმო ოჯახისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის. რა რესურსიც მაქვს, ყველაფერი ოჯახისკენ არის მიმართული. ჩემს შვილებზე წინ არასდროს არავინ დამიყენებია.
 
– მთელი გამოცდილების გათვალისწინებით, სად მიგაჩნიათ ყველაზე მეტად წარმატებული საკუთარი თავი, რომელ სამსახურში გრძნობდით თავს მეტად კომფორტულად? 

– მუშაობა არსად გამჭირვებია. ჩემი კარიერის მანძილზე, არცერთი სამსახური არ დამიტოვებია, საიდანაც დიდი სიყვარული და პატივისცემა არ წამომიღია. ჩემს დამქირავებელს თუ აღარ უნდა ჩემი დაქირავება, ეს მისი არჩევანია. მაგალითად, ფინანსთა მინისტრის მოადგილეობისას, ზურაბ ნოღაიდელის დროს, როცა მითხრეს, ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ თანამშრომლობასო, იმ საღამოს დიდი პურმარილი გადავიხადე. 

თუ მე ვარ მინისტრის მოადგილე და ამ სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში არ ვიცი სად წავიდე და როგორ გავყიდო ჩემი შრომა, მაშინ რა პრეტენზია შეიძლება მქონდეს, რომ ვმართავ სამინისტროს და ინტერვიუს ვიძლევი, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა? მაგის შიში არასოდეს მქონია. უმუშევარიც ვყოფილვარ. „სილქნეტიდან“ 2010 წელს წამოვედი, 15 ათასი დოლარი მქონდა ხელფასი და ხელფასის შესაბამისი ვალებიც აღებული. მაგრამ, გადავწყვიტე და წამოვედი. ფინანსურად სერიოზული პრობლემები შემექმნა, რასაც ჩემი აქტივების საკმაო ნაწილიც შეეწირა, მაგრამ ჩემი თავისუფლება არ შეუწირია. ჩემი ხელფასი მაშინდელთან შედარებით მიზერულია, მაგრამ მჯერა ჩემი გაკეთებული საქმის. დამიქირავა სახელმწიფომ? ვემსახურები კეთილსინდისიერად. დამიქირავებს კერძო სექტორი? მასაც კეთილსინდისიერად მოვემსახურები. შევქმნი საკუთარ ბიზნესს? დავიქირავებ ისეთ ადამიანებს, ვინც ბიზნესის აშენებაში მომეხმარებიან. 

– თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და რა არის თქვენი ჰობი? 

– თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მაქვს. ჰობად თუ ჩავთვლით, ჩემი სოფელში ყოფნაა. ძველებურად ვეღარ ვახერხებ, მაგრამ ძალიან მიყვარს ნათესავებთან ყოფნა, ქართული სუფრა, თამადობა, მოსმენა. ჩემმა ნათესაობამ იცის, როგორ მიყვარს სოფელში ყოფნა და თუნდაც, შეშის ღუმელში შემწვარი კარტოფილი. აქტიური სპორტული ცხოვრებით არასოდეს მიცხოვრია. როცა დრო გამოჩნდებოდა, ოჯახთან ერთად 4-5 დღით თუ ვახერხებდი ხოლმე სადმე გასვლას.
 
ესაუბრა თემურ იობაშვილი