ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ შპს "ენერგო არაგვის" და "მიკრო ბიზნესკაპიტალის" დამფუძნებელ და პარტნიორ ტარას ნიჟარაძესთან - №3(68), 2021
მინი-დოსიე

ტარას ნიჟარაძე დაიბადა 1963 წლის 3 ივლისს, თბილისში. 

განათლება

1969-1977 – საშუალო სკოლა; 

1977-1980 – ვ.კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა; 

1980-1982 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი; 

1982-1986 – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი (МГУ), ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 

სამუშაო გამოცდილება 

1987-1990 – „სტრუქტურული კვლევის რესპუბლიკური ცენტრი“ – მეცნიერ-თანამშრომელი;
 
1990-1993 – შპს „ნეტა“, ფინანსური მენეჯერი; 

1998-2012 – სს „ბაზისბანკი“, პარტნიორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 

2012-დან – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნესკაპიტალი“, დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 

1993-2010 – შპს „ჯადვარი“, პარტნიორი, დირექტორი; 

2007-2014 – შპს „სითიეს“, პარტნიორი, დირექტორი; 

2006-დან – შპს „ენერგო-არაგვი“, პარტნიორი, დირექტორი. 

უცხო ენები: ინგლისური, რუსული. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– ბატონო ტარას, თქვენ საკმაო ხანია ბიზნესში ხართ, თუმცა, ადრე მცირე ხნით სამეცნიერო მიმართულებითაც გიმუშავიათ, როგორც ფიზიკოსს. გვიამბეთ თქვენი გა¬ნათლების შესახებ. 

– დავიბადე თბილისში, 1980 წელს დავამთავრე კომაროვის სახელობის სკოლა და თბილისის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ორი წლის შემდეგ მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში გადავედი. 

– საიდან წამოვიდა იდეა, რომ „ემგეუში“ გესწავლათ? 

– კომაროვში სწავლისას მიღწევად ითვლებოდა, თუ სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნი¬ვერსიტეტში (МГУ), მათემატიკის ან ფიზიკის ფაკულტეტზე, ან მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში (МФТИ) ჩააბარებდი. ეს ფაკულტეტები ითვლებოდა სწავლის ყველაზე უკეთეს გაგრძელებად. 

სკოლის დამთავრებისთანავე მინდოდა მოსკოვში წასვლა, მაგრამ მშობლებმა უარი მითხრეს გაშვებაზე. ამიტომ თბილისის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინ, მოსკოვიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ ხოლმე და წარმატებულ სტუდენტებს არჩევდნენ. მე-2 კურსზე ვიყავი, როცა ჩამოვ¬იდა მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტის (МИФИ) წარმომადგენელი. გასაუბრებაზე მე და ჩემი მეგობარი შეგვარჩიეს და შემოგვთავაზეს მოსკოვში გადასვლა. მაგრამ ვინაიდან ინსტიტუტი თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა და კურსდამთავრებულებს ძირითადად სამხედრო მრეწველობის კვლევით ცენტრებში ანაწილებდნენ, ჩემმა მშობლებმა კვლავ უარი მითხრეს. ამის შემდეგ უკვე „ემგეუდანაც“ ჩამოვიდნენ წარმომადგენლები, ჩაატარეს მსგავსი ტესტირება და იქაც მოვხვდი შერჩეულთა შორის. ამჯერად უკვე მშობლებმა უარი ვეღარ მითხრეს. ასე აღმოვჩნდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

– ჯერ საბჭოთა პერიოდია. 

– დიახ. 1986 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. 

– სამეცნიერო მუშაობა მოსკოვშივე დაიწყეთ?

– დიახ, ფაქტობრივად გავაგრძელე სტაჟირება. იმ პერიოდში თბილისში სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკური ცენტრი შეიქმნა და იქ შემომთავაზეს სამუშაო ადგილი, რომელიც ითვალისწინებდა ახალი ტექნოლოგიის ასათვისებლად ერთწლიან სტაჟირებას მოსკოვში. შემდეგ თბილისში დავბრუნდი და გავაგრძელე ცენტრში მუშაობა. თუმცა, მცირე ხნით. მალევე დაიშალა საბჭოთა კავშირი. ასპირანტურა, დისერტაცია და ყველაფერი, რაც გეგმაში მქონდა, აზრს მოკლებული გახდა. 

90-იანების დასაწყისში ისეთი ინფლაცია იყო, ერთი თვის ხელფასი სამსახურში ერთხელ წასვლა-წამოსვლაზე ავტობუსით მგზავრობას ჰყოფნიდა. ძველი თანამშრომლები სამსახურს ვერ ტოვებდნენ. ვინც ახალგაზრდები ვიყავით, უფრო იოლად შევეგუეთ ახალ რეალობას და სხვა მიმართულებით მოვსინჯეთ საქმიანობა. 

– რა საქმე დაიწყეთ? 

– მთავარი იყო, რაიმე გაგვეკეთებინა, რაც მოგებას მოგვიტანდა. მაშინ დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, რეალურად არავის ესმოდა, რა იყო ეს საბაზრო ეკონომიკა. შეიქმნა რამდენიმე „ბირჟა“, რომელიც ძალიან შორს იყო რეალური ბირჟისგან. დავკავდით ბროკერობით – ვყიდულობდით და ვყიდდით საქონელს ბირჟაზე. საბჭოთა კავშირის ნგრევას მთელი ეკონომიკური კავშირების სისტე¬მის ნგრევაც მოჰყვა. ამიტომ „ბირჟაზე“ ყველაფერი იყრიდა თავს – ვის რა სჭირდებოდა და ვის რისი მიწოდება შეეძლო. 

საბროკერო კომპანიაში რამდენიმე მეგობარი გავერთიანდით. ცხადია, ბროკერები ძირითადად დამკვეთების სახსრებით ვმუშაობდით. სამწუხაროდ, ამ სფეროში ხშირი იყო მოტყუება, თაღლითობა, მაგრამ ჩვენ ეს რთული პერიოდი პირნათლად გავიარეთ. 

– რა პროდუქციით ვაჭრობდით? 

– ყველანაირით, პროდუქციის ტიპს არ ჰქონდა მნიშვნელობა. მახსოვს, ერთ-ერთ დამკვეთს 10 000 ცალი ჭიქა მივაწოდეთ. ერთხელ, მაგალითად, საქართველოში წარმოებული მასიური დაზგები გავყიდეთ ურალზე. უნდა მოგვეგვარებინა საბუთები და ტრანსპორტირების საქმე, გარდა ამისა, დაზგებისთვის სპეციალური შეფუთვა აღმოჩნდა საჭირო – ცალკე შემფუთავი კომპანია უნდა მოგვეძებნა და ა.შ. დამკვეთმა დაზგები კი მიიღო, მაგრამ გვითხრა, ფულს ვერ გადაგიხდით, შეგვიძლია ბარტერის სახით ჩვენი წარმოებული ლინოლეუმი მოგაწოდოთო... მერე მოსკოვში მოვნახეთ ლინოლეუმის მყიდველი და ა.შ. 

– როცა უკვე შედარებით სტაბილურ საქმიანობას მოჰკიდეთ ხელი, რა ბიზნესი იყო? 

– ერთი პერიოდი კომპიუტერების რეალიზაციით ვიყავით დაკავებული. ასევე ფინანსურ სერვისებსაც ვაწარმოებდით. მაშინ გადარიცხვებიც რთული იყო, სავალუტო კონვერტაციაც. იყო შემთხვევები, როცა 100-დოლარიანი კუპიურის გადახურდავება შეიძლება იარაღიან ყაჩაღებთან ურთიერთობით დამთავრებულიყო. 

იმ პერიოდში ბალტიისპირეთში საბანკო სერვისი აქტიურად ყალიბდებოდა. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა რიგაში არსებულ კომერციულ ბანკთან. ცხადი იყო, რომ საბანკო საქმე საქართველოშიც მოთხოვნადი ხდებოდა. საქართველოში ბანკის დაფუძნების იდეა გია პეტრიაშვილს გაუჩნდა, რომელთანაც უნივერსიტეტში დაწყებული მეგობრობა მაკავშირებდა. ასე ჩაეყარა საფუძველი „ბაზისბანკს“, რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ისევ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულმა მეგობრების ბირთვმა – მურმან ამბროლაძემ, ირაკლი ბოქოლიშვილმა, ზურაბ ციხისთავმა და ვანო ჯანჯღავამ. 
მეც მალევე შევუერთდი ბანკის აქციონერებს და შემდგომში „ბაზისბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. 

– ბანკის ჩამოყალიბებამდე სხვა ბიზნესი გქონდათ? 

– დიახ, 1993 წელს დავაფუძნეთ კომპანია „ჯადვარი“, რომელიც კავკასიური სოჭის თესლის ექსპორტს ახორციელებს ევროპაში. 2010 წლამდე დამფუძნებლის გარდა ამ კომპანიის დირექტორიც ვიყავი. კომპანია დღესაც წარმატებულად ფუნქციობს. 

– რაში გამოიყენება სოჭის თესლი, რისთვის ყიდულობენ? 

– კავკასიური სოჭის თესლიდან ევროპული კომპანიები აწარმოებენ საახალწლო ნაძვის ხეებს. 

საბჭოთა პერიოდში, სოჭის თესლის ექსპორტი ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა „სოიუზზერნოექსპორტის“ მეშვეობით. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარება უცხოელ პარტნიორებთან, კავკასიური სოჭის თესლი დანიურ კომპანიას მივაწოდეთ. 

– ადგილზე არ იზრდება მარადმწვანე ხეები, თავისივე რომ გამოზარდონ და აქაური სოჭის თესლი არ დასჭირდეთ? 

– კავკასიური სოჭი წარმოადგენს კავკასიის რეგიონის ენდემურ სახეობას, თუმცა, ევროპა, როგორც უკვე გითხარით, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული კარგად იცნობდა ამ ჯიშს. საახალწლო ნაძვის ხეებს სხვა, მათ შორის ადგილობრივი ევროპული ჯიშებიდანაც აწარმოებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ქართულმა პროდუქციამ მალევე დაიპყრო ევროპის ბაზრის უდიდესი წილი, რაც უნიკალური შემთხვევაა ზოგადად ქართული ბიზნესისთვის. ეს ორი ფაქტორით იყო განპირობებული – ამ სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიების სწორი მარკეტინგული პოლიტიკითა და მიწოდებული თესლის მკვეთრად გაზრდილი ხარისხობრივი მაჩვენებლებით. 

– რთული იყო ბიზნესის აწყობა? 

– გირჩის მოპოვებიდან თესლის საბოლოო საექსპორტო ფორმამდე საკმაოდ რთული და ფაქიზი ტექნოლოგიური ციკლია გასავლელი. დანიელმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, აღმოგვიჩინეს დახმარება მოწყობილობა-დანადგარების შერჩევასა და შეძენაში. რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიგროვდა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მისაღებად აუცილებელი გამოცდილება. 

სამწუხაროდ, კომპანიის ჩამოყალიბების პირველ წლებში ტექნოლოგიაზე ბევრად უფრო დიდი პრობლემას წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ბიზნესმენი ხვდებოდა ჩაბნელებულ ქალაქში, რომელშიც ისმოდა სროლის ხმა და არ მუშაობდა ინფრასტრუქტურა. ამ პირობებში ჩვენი დროის და რესურსის დიდი ნაწილი უცხოელი პარტნიორების უსაფრთხოებაზე ზრუნვას მიჰქონდა. ასე გავიარეთ ეს წლები. მიუხედავად ყველაფრისა, თანამშრომლობა შედგა და მალე ჩვენი პარტნიორობის 30 წელი შესრულდება. 

– ინფორმაცია გავრცელდა, რომ სახელმწიფო აპირებს გირჩების შეგროვებაზე ლიცენზია გაამკაცროს. 

– ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა რეგულაციები, რასაც გარკვეულწილად მიჩვეულები ვართ. მაგალითად, 90-იან წლებში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოდან ექსპორტზე გადასახადიც კი არსებობდა. მაშინ, ჩვენდა გასაკვირად, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ გადახდილმა საექსპორტო გადასახადმა ბიუჯეტის ამ მუხლის შემოსავლის დაახლოებით 10% შეადგინა. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო სახელმწიფო ბიუჯეტი. მას მერე ვითარება ბევრჯერ შეიცვალა, ბევრი მთავრობა გამოვიარეთ. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დეკლარირებული არის ხოლმე ბიზნესის მხარდაჭერის აუცილებლობა, ხშირად სახელმწიფო მოხელეებს ბიზნესი მეწველ ძროხად მიაჩნიათ. ლიცენზირებისა და ამ სფეროში სპეციალური ტიპის სხვადასხვა გადასახადების შემოღება და მათი პერიოდული გაზრდაც ამის დასტურია. 

– რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა, რაც ბიზნესში ხართ. როდის უფრო ხელსაყრელი იყო თქვენთვის მუშაობა? 

– სანამ შევარდნაძე დაბრუნდებოდა საქართველოში, აქ „ველურ დასავლეთი“ იყო, შეიარაღებული დაჯგუფებები ფლობდნენ ძალაუფლებას და აკონტროლებდნენ და ერეოდნენ ბიზნესშიც. შესაბამისად, ბევრი ფაქტორის გათვალისწინება გიხდებოდა. 

შევარდნაძის ჩამოსვლა საქართველოსთვის იყო ქვეყნის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი მომენტი. მაშინ ნელ-ნელა დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობა, ცუდად თუ კარგად, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ცივილიზებული თამაშის წესები შემოვიდა. ბიზნესისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. უცბად დაიწყო ეკონომიკამ ზრდა, გაჩნდა ახალი ბიზნესები. 

– თავისი „შავი ბუღალტერიით“ და კორუფციით. 

– კი, მაგრამ, ყაჩაღობასთან შედარებით ეს ყველაფერი მაინც დიდი პროგრესი იყო. თუმცა, მერე უკვე კორუფცია ვირუსივით მოედო მთელ სისტემას. ეკონომიკური ზრდა გადაიქცა სტაგნაციად, ბიუჯეტი ვერ ივსებოდა, იყო სეკვესტრი, ხელფასების და პენსიების გაყინვა... ადრე ბანდიტები რომ წილს გვთხოვდნენ, მერე უკვე სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები იქცეოდნენ ყაჩაღების მსგავსად. 

„ვარდების რევოლუცია“ იყო ქვეყნისთვის მეორე ნახტომი. გაქრა ყაჩაღობა და ეკონომიკასაც დაეტყო ზრდა. გადასახადს სიხარულით ვიხდიდით. როცა ყველა იხდის, კონკურენციაში აღარ აგებ. ბიუჯეტში პროფიციტი გაჩნდა, რამდენიმე წელი ძალიან დადებითი ტრენდი იყო ბიზნესისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. 

სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლისთანავე ზეწოლა სოჭის თესლის ბიზნესზე – „ჩვენი წილი უნდა მოგვცე, თუ გინდა რომ იმუშაო“ – გაქრა. კრიმინალები აღარ იყვნენ. 

– სახელმწიფოსთან და კონკურენტებთან რა ურთიერთობა გქონდათ? 

– კონკურენტებს რაც შეეხება, მრავალი წლის განმავლობაში ამ სფეროში მოღვაწე 10-მდე კომპანიამ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ ერთად. დაპირისპირება არ გვქონია და პირიქით, მოვახერხეთ, კოლეგიალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, ხშირად ერთმანეთს დავხმარებივართ კიდეც. 
მიუხედავად ამისა, 2007 წელს იყო ბიზნესის წართმევის მცდელობა, თუმცა, ამჟამად უკვე ცივილიზებული, საბაზრო გზით. მაშინ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ იქნა სოჭის გირჩის მოპოვებაზე 10-წლიანი ლიცენზიების აუქციონი. ერთ-ერთმა დანიურმა კომპანიამ, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში თვითონ ახორციელებდა სოჭის თესლის მოპოვებას საქართველოში და ამ საქმიანობაში ქართულ კომპანიებთან კონკურენციის გამო მხოლოდ მცირე წილს ფლობდა, გადაწყვიტა მონოპოლისტი გამხდარიყო და აუქციონზე ფინანსური დომინირების გზით მოეხდინა ყველა ლიცენზიის კონსოლიდაცია თავის ხელში, ხოლო ქართული კომპანიები ბიზნესიდან განედევნა. ასეთმა მიდგომამ დანარჩენი კომპანიების სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია, აუქციონის ლოტებზე არარეალურად მაღალი, ამ ბიზნესისთვის სრულიად გაუმართლებელი ფასები დაფიქსირდა. შედეგად კომპანიებმა ვერ გადაიხადეს შესაბამისი თანხები, დაჯარიმდნენ, ხოლო აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა. ამ გზით მოხერხდა ამ სფეროს მონოპოლიზაციის თავიდან არიდება. 2009-ში აუქციონი თავიდან ჩატარდა, სადაც ლიცენზიები სხვადასხვა კომპანიებმა შევისყიდეთ და შემდგომი წლების განმავლობაში დღემდე ამ ლიცენზიებით ვმუშაობთ. 

2022 წელს ველოდებით ახალი აუქციონის ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესის მოცულობა სახელმწიფო მასშტაბში ძალზე მცირეა, ჩვენი ინფორმაციით, სამწუხაროდ, ისევ იგეგმება ამ სფეროში სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლების გაზრდა. ეს ცუდ გავლენას მოახდენს ბიზნესის პერსპექტივებზე. 

– ჯამში წლიურად რა თანხის პროდუქცია გადის? 

– ვინაიდან საახალწლო ნაძვის ხის მოხმარება ბუნებრივად შეზღუდულია, ევროპის ბაზრის მოცულობა წელიწადში დაახლოებით 25 ტონას შეადგენს. 1 კილოგრამი თესლის საშუალო გასაყიდი ფასია 35-40 ევრო. ჯამურად, საქართველოში არსებული ყველა კომპანიის ბრუნვა დაახლოებით წელიწადში 1,25 მილიონ ევროს შეადგენს. 

სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი ფინანსური ზეწოლის გამო პროდუქციის ღირებულების გაზრდის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, რომ უცხოელი პარტნიორები ევროპაში მოყვანილ თესლზე ორიენტირდნენ. მით უმეტეს, რომ დანიაში 2000-იანი წლებიდან დაწყებული, მრავალი პლანტაცია გაშენდა სათესლე უბნებად და დღეს ისინი უმაღლესი ხარისხის საკუთარ თესლსაც აწარმოებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ გამოყვანილი თესლი ჩვენსას სჯობს კიდეც. გენეტიკურად კი იგივეა, მაგრამ სათესლე უბნებში წლების განმავლობაში წარმოებული სელექცია საუკეთესო შედეგს იძლევა. ჩვენთან, ველური ტყის პირობებში, ამგვარი სელექციის წარმოება შეუძლებელია. 

– აბა აქედან რატომ გააქვთ? 

– ჯერჯერობით ვახერხებთ დავარწმუნოთ პარტნიორები ჩვენ მიერ მიწოდებული თესლიც რომ შეიძინონ. იმედია, სახელმწიფო მოხელეების მცდელობები, რომ გაზარდონ ამ სფეროდან მისაღები გადასახადები არ გამოიწვევს ზოგადად ბიზნესისა და იმავდროულად მასთან დაკავშირებული გადასახადების გაქრობას. 

გარდა იმისა, რომ ამ სფეროში დასაქმებული მრავალი ადამიანისთვის ეს შემოსავლის წყაროა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არის ერთადერთი საქონელი, რომლითაც ქართულ ბიზნესს ევროპის ბაზარზე დომინანტური პოზიცია უჭირავს. საბჭოთა კავშირიდან დაახლოებით 6 ტონა სოჭის თესლი გადიოდა ევროპაში, საქართველოდან კი დღეს 20-25 ტონა გადის. 

– თქვენ ასევე ადრევე ჩაერთეთ ტურისტულ ბიზნესშიც. 

– დიახ, ვარ შპს „სითიესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს კომპანია 2002 წლიდან არსებობს და არის საერთაშორისო ბრენდის Carlson Wagonlit Travel (CWT)-ის წარმომადგენელი საქართველოში. CWT ისევე, როგორც American Express Travel წარმოადგენენ ორ ყველაზე დიდ კომპანიას მოგზაურობის სფეროში. 

– ვისზეა გათვლილი? 

– CWT მნიშვნელოვანწილად სპეციალიზებულია ბიზნეს მოგზაურობაზე. ეს კომპანია იღებს მონაწილეობას სახელმწიფოს მრავალმილიონიან დაკვეთებსა და ტენდერებში არამარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც, იგი ემსახურება ბიზნეს კომპანიებს. 

საქართველოში „სითიესი“ წლების განმავლობაში უწევს მომსახურებას ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოებს საქართველოში, BP-ს, ასევე საქართველოში არსებულ მსხვილი ფარმაკოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობებს და სხვა ბიზნეს კომპანიებს. 

– თქვენ ასევე ხართ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნესკაპიტალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. როგორ აღმოჩნდით ამ ბიზნესში? 

– 2012 წელს, „ბაზისბანკის“ გასხვისების შემდეგ, შეიქმნა „ემბისი“ (სააქციო საზოგადოება „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“). იდეის ავტორი კვლავ გია პეტრიაშვილი იყო. მე ვარ პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

იმ პერიოდისთვის საქართველოში საფინანსო სერვისების პოტენციური მომხმარებლების ისეთი სეგმენტი გამოიკვეთა, რომელიც ვერ სარგებლობდა საბანკო მომსახურებით. არსებობს მომხმარებელთა კატეგორია, ვისაც უძნელდება ბანკიდან სესხების აღება, ვინაიდან მას არ აქვს საკრედიტო ისტორია, არ აქვს შესაბამისი ფინანსური საბუთების მომზადების გამოცდილება, და ამიტომ ბანკისთვისაც არ არის საკმარისად მისაღები. ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგალითად, მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც სჭირდება სახსრები, რათა გაიზარდოს და გააფართოვოს ბიზნესი. 

როცა „ემბისი“ დავაფუძნეთ, ბაზარზე 80 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ბევრიც რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა. საბანკო გამოცდილებიდან გამომდინარე „ემბისის“ ფუნქციონირება თავიდანვე კორპორაციული მართვისა და აღრიცხვიანობის მაღალ, თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდა. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია მალევე დაწინაურდა და ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულია, როგორც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი; ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოში მიკროსაფინანსოებს შორის „ემბისის“ საუკეთესო რეიტინგი მიანიჭა. 

– რაც შეეხება კიდევ ერთ ბიზნესს – „ენერგო არაგვს“? 

– ჰესის აშენების იდეა 90-იან წლებში გაგვიჩნდა ჩემს მეგობარ რეზო ადამიას და მე. რეზო, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ერთად აღარ არის, სამთო-სათხილამურო სპორტის დიდი მოამაგე და გულშემატკივარი იყო. იმ პერიოდში აგრეთვე ჩვენი მეგობარი, ვახტანგ მიქელაძე იყო სასტუმრო „გუდაურის“ დირექტორი. ვახტანგმა დიდი საქმის გაკეთება მოახერხა, მან დანგრეულ და კრიმინალიზებულ ქვეყანაში სასტუმროს მართვა შეძლო და სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურა განადგურებას გადაარჩინა. მაშინ, მოგეხსენებათ, მთელ საქართველოში და რა თქმა უნდა გუდაურშიც, დენის არასტაბილური მოწოდება დიდ პრობლემას წარმოადგენდა. გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა ადგილობრივი ენერგომომარაგების წყაროს შექმნის საკითხი. ეს არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. მრავალმილიონიანი ბიუჯეტი და საფუძვლიანი შესწავლა სჭირდებოდა ჰიდროელექტრო სადგურის აშენებას. იმ პერიოდში ვერც ამხელა სესხს ავიღებდით ბანკში და ვერც ინვესტორს დავაინტერესებდით საქართველოში ამგვარი ინვესტიციის განთავსებით. მაშინ მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ წინასწარი სამუშაო ჩაგვეტარებინა და დავლოდებოდით საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. სააკაშვილის მთავრობის მოსვლიდან რამდენიმე წელიწადში გამოიკვეთა ენერგეტიკაში საინვესტიციო პროექტების მიმართ სახელმწიფო ხელშეწყობის ტენდენცია. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის საფასურის გადახდა გადაიქცა ნორმად, რამაც ეს სფერო ერთ-ერთ საინვესტიციოდ მიმზიდველ დარგად გადააქცია. ამიტომ, როგორც კი საშუალება გაჩნდა, საქმეს შევუდექით. 

– წინა მთავრობას ინვესტორების მოზიდვის მიმართ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. 

– სახელმწიფო აქტიურად მუშაობდა ინვესტორების მოსაზიდად. ეკონომიკამ სწრაფი ზრდა დაიწყო, ინვესტორებსაც უხაროდათ აქ ჩამოსვლა. მას მერე, რას 2008 წლის ომის და შემდგომი ეკონომიკური კრიზისის შოკმა ნაწილობრივ გადაიარა, 2011 წელში ჩვენც მოვახერხეთ ავსტრიელი პარტნიორების დაინტერესება ჩვენი პროექტით და ავსტრიული საინვესტიციო ფონდიდან სახსრების მოზიდვა ჰესის მშენებლობისთვის. ვინაიდან ქვეყანა დაინტერესებული იყო ინვესტიციების და დამატებითი დასაქმების მეშვეობით ეკონომიკის გააქტიურებით, მთავრობიდან აქტიურ მხარდაჭერას ვგრძნობდით ამ სფეროში მომუშავე კომპანიები. ბიუროკრატია ცდილობდა დაეჩქარებინა საჭირო პროცედურების გავლა და საქმეც სწრაფად წავიდა. უკვე 2012-ში მშენებლობა დავიწყეთ, ხოლო 2014 ელექტროენერგიის მიწოდება დავიწყეთ ქსელში. 

– ენერგეტიკაში მსგავსი პროექტების გეგმებიც გქონდათ. როგორ გაგრძელდა? 

– 8-მეგავატიანი „არაგვი ჰესის“ შემდეგ, იგივე ხეობაში, ცოტა ზემოთ, 2-მეგავატიანი „არაგვი 2“ ავაშენეთ, რომელმაც 2018-ში დაიწყო ფუნქციობა. მშენებლობა 2 წელი გაგრძელდა. ორივე პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. ასევე მივიღე მონაწილეობა სხვა პროექტებშიც, რომლის ფარგლებშიც სვანეთში 2 ჰესი აშენდა. 

– კამპანია „არა ჰესებს“ თქვენ არ შეგეხოთ? 

– ეს კამპანია ჩვენს მშენებარე ჰესებს არაგვის ხეობაში არ შეხებია. 2012-ში, როდესაც მშენებლობას ვიწყებდით, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა უარყოფითი არ ყოფილა, ხოლო შემდგომში კიდევ უფრო დარწმუნდნენ იმაში, რომ ხეობაზე ამ პროექტებმა მხოლოდ დადებითი გავლენა მოახდინა – ხეობაში გზა გავიყვანეთ და მთელი წლის განმავლობაში ვმეთვალყურეობთ მას, რამაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს ბევრი სხვადასხვა აქტივობის შესაძლებლობა მისცა. ასე რომ, თუ სხვაგან მოსახლეობას აშინებენ ხოლმე იმით, რომ უცხოურ ინვესტიციას უცხოელების ჩამოსახლების ან სხვა რაიმე საფრთხე მოჰყვება, „არაგვი ჰესის“ მიმდებარე სოფლებში კარგად იციან, რომ ეს ასე არ არის. 

– ჰესების წინააღმდეგ არსებული დღევანდელი კამპანია შესაძლოა თავის დროზე „ხუდონის“ მშენებლობის გაჩერების გაგრძელებაც იყოს? 

– „ხუდონის“ პროექტის მაშინდელი მთავარი მოწინააღმდეგეების ლიდერისგან წლების მერე პირად საუბარში მოვისმინე, რომ შეცდომა იყო მშენებლობის გაჩერება. მაგრამ, დღეს რაც ხდება, ეს არც „ხუდონის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების დანატოვარია და არც სხვების. ეს არის იმ სტრუქტურების მიერ მიზანმიმართულად წარმოებული მუშაობა, რომლებიც ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოს. 

– 2007 წელს საქართველო თუ ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცა, ბოლო წლებია მდგო¬მარეობა უარესდება და დეფიციტის შევსება სულ უფრო მეტი დოზით ხდება რუსეთიდან. 

– თუ დავაკვირდებით, რუსეთი ცდილობს, რომ მისი მეზობელი ყველა ქვეყანა, ევროპის ჩათვლით, გახადოს მასზე ენერგეტიკულად დამოკიდებული. მაგალითად, მონღოლეთშიც კი, ჰესის მშენებლობას „ვითომ მწვანეების“ პროტესტის მეშვეობით ებრძვიან და პროექტების ეკონომიკურ სარგებლიანობაში ეჭვის გასაჩენად, იაფიანი ელექტროენერგიის მიწოდებას ჰპირდებიან. სამწუხაროდ, ხშირად ხალხი არ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად მარტივად იცვლება შეპირებული ფასი მომავალში ან რამდენად მარტივად შეუძლია რუსეთს საერთოდ შეწყვიტოს მეზობლის ენერგომომარაგება რაიმე საბაბით. ჩვენს თაობას კარგად ახსოვს როგორ „დაზიანდა“ გაზის მილსადენი 90-ანებში და „შემთხვევით“ ზუსტად იმავე დროს შეგვიწყდა ელექტროენერგიის მოწოდება. შემდგომში ენერგომატარებლების რუსეთიდან შემოთავაზება ისევ გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველომ სხვა მომწოდებლების მეშვეობით შეძლო ენერგომომარაგების აღდგენა. ამჟამად მთელი მსოფლიო აკვირდება იმას, თუ როგორ „ენერგოპრესინგს“ ახორციელებს რუსეთი ჩვენზე ბევრად დიდი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე. 

წლების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ახერხებენ სხვადასხვა ძალები მოსახლეობის დეზინფორმირებას და დაშინებას, ხშირად გამოგონილი არგუმენტების მეშვეობით განაწყობენ მათ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. 

ჯერ იყო და დიდი ჰესები არის ცუდიო! მერე, პატარა ჰესებიც არ შეიძლებაო. მიზეზს ასახელებენ ფანტასტიკურს: ზოგიერთ სოფლებს აშინებენ – ჰესი თუ აშენდება, თქვენ გადაგასახლებენო; ზოგიერთს – წყლის რეზერვუარის გამო ყველას ჭლექი დაგემართებათო; ზოგიერთს – ვიბრაციები გაჩნდება და მიწისძვრები მოჰყვებაო და ა.შ. საერთოდ ეს სასაცილოც კი არის ხოლმე – ჰესის გენერატორს ნაკლები ვიბრაცია აქვს, ვიდრე, მაგალითად, დაქოქილ ავტომობილს ან ტრაქტორს. ხშირად ჩვენი თანამოქალაქეები ბრმად აჰყვებიან ხოლმე მოყვანილ მიზეზებს. ამ პატარა დაგუბებებს თუ ამხელა გავლენა შეუძლია მოახდინოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რა მოსდის დედამიწის მოსახლეობის იმ 70%-ს, რომელიც ცხოვრობს ზღვის და ოკეანის პირას? რატომ არ არის ეს პრობლემები ავსტრიაში და შვეიცარიაში, სადაც ათასობით ჰესია აშენებული? რატომ არის ამ ქვეყნებში ყველა დიდი ტბის ან რეზერვუარის ირგვლივ გაშენებული ქალაქები და კურორტები? რატომ არ დაანგრია ვიბრაციებმა მათი მთები და სოფლები? რატომ არის მიჩნეული მთელს მსოფლიოში ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ერთ-ერთ ყველაზე „მწვანე“ ენერგიად და როგორ შეიძლება „მწვანე“ ორგანიზაციებმა სერიოზულად შემოგვთავაზოს ჩავანაცვლოთ ის მეზობელ ქვეყნებში თბოსადგურებზე გამომუშავებული ეკოლოგიურად ბინძური ენერგიით? 

დღეს „მწვანე“ იდეით ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ შეიძლება გალაშქრება. 

მაგალითად, სოფლის მეურნეობა ავიღოთ. ნებისმიერი კულტურის მოყვანა არის დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების რისკებთან. გარემოში, სადაც იყო ფლორის და მწერების დიდი ბიომრავალფეროვნება, შენდება მონოკულტურები – ხილის ბაღი, ბოსტნეულის პლანტაციები, სიმინდის და ხორბლის ნათესები და სხვა. ეს გარემოზე უფრო დიდი დაწოლაა, ვიდრე მცირე ჰესი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვიკრძალავენ საკვები პროდუქტების წარმოებას. 

იგივე შეიძლება ვთქვათ გზების გაყვანაზე, ტრანსპორტის გამოყენებაზე და ჩვენი ცხოვრების უამრავ სხვა ასპექტზე. 

– ინვესტორების დაინტერესება ენერგეტიკაში ძალიან შემცირებულია. 

– ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში წესრიგს და კანონს ყველა მხარე ერთნაირად იცავდეს. როდესაც სახელმწიფო ავალებს მისივე პირობებით ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გარკვეულ ვადებში გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას და დაგვიანების შემთხვევაში ემუქრება მას სერიოზული სანქციებით, ის ასევე უნდა უზრუნველყოფდეს ინვესტორის მიერ ამ ვალდებულებების შესრულებისთვის პირობების შექმნას. საუბარია სხვა მოთამაშეების მიერ კანონის დარღვევით და ძალადობის გზით პროექტებისთვის ზიანის მიყენებაზე. როდესაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კანონის დაცვას, კარგი ინვესტორიც კარგავს ინტერესს პროექტების მიმართ. ძლიერი სახელმწიფო ხომ არ არის ბოროტი სახელმწიფოს სინონიმი, ასევე კარგი სახელმწიფო არ არის სუსტი სახელმწიფოს სინონიმი. 

ალბათ გახსოვთ, წლების წინ, სვანეთში ყაჩაღობის შიშით ვერც ტურიზმი და ვერც სხვა ბიზნესი ვერ ვითარდებოდა. მაშინდელი ხელისუფლების მიერ პოლიციური სპეცოპერაციისა და რიგი ღონისძიებების ჩატარების შედეგად სვანეთში მკვეთრად შეიცვალა ბიზნეს გარემო, გაჩნდა სასტუმროები, გესტ ჰაუსები, კაფეები, ტურისტებით გაივსო სვანეთი და მოსახლეობის კეთილდღეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. 

წინა მთავრობა იყო ძლიერი და ზოგჯერ არასწორად იყენებდა ამ ძალას. ახლანდელი მთავრობა კიდევ, ამ სფეროში წესრიგის და ინვესტორების უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ენერგეტიკის განვითარებაზე. ბოლო პერიოდში სახელმწიფო მოხელეებისგან გვესმის, რომ გააცნობიერეს ამ პრობლემის სიღრმე და აპირებენ ზომების მიღებას სიტუაციის გამოსასწორებლად. იმედი ვიქონიოთ, მალე ვნახავთ დადებით ცვლილებებს. 

– რაც ბიზნესმენებისგან მსმენია, წინა ხელისუ¬ფლების დროს მტკივნეული საკითხი იყო ბიზნესმენების შევიწროება. 

– წინა ხელისუფლების ქვეყნის მმართველობაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა რიგი კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეების დაკავებები, ზოგიერთ მათგანს დააბრუნებინეს ქვეყნის ბიუჯეტიდან მოპარული თანხები. ამ ფაქტებს მაშინ ძირითადად ყველა მიესალმებოდა. წინა პერიოდში კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ დაგროვილი გაღიზიანების გამო, ხალხში არანაირ პროტესტს არ იწვევდა ის, რომ შესაძლოა ეს დაკავებები არ იყო ხოლმე იურიდიულად გამართული და სასამართლო პროცესები ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. შემდგომში იგივე მეთოდების გამოყენება უკვე მოსახლეობის სხვა ჯგუფებზეც გავრცელდა, მაგალითად ბიზნესმენებზე. 

ადვილი გახდა სასამართლოს გამოყენება „სწორი“ საქმეებისთვის. თავიდან შესაძლოა ხშირი შემთხვევები არ იყო, მაგრამ, შემდგომ ეს დამოკიდებულება მანკიერ პრაქტიკად გადაიქცა. ბიზნესმენებში სერიოზული შიში გაჩნდა. ისინიც, ვინც ყველა გადასახადს პატიოსნად ვიხდიდით, მუდამ დაძაბულები ვიყავით. ხშირად საგადასახადო შემოწმებას მარტივი მიდგომა ჰქონდა ხოლმე – რადგან ამხელა ბრუნვა გაქვს, ალბათ რაღაცას „აკეთებდიო“, და არიცხავდნენ ხოლმე გარკვეულ პროცენტს ჯარიმის სახით. ზოგ სფეროში, სადაც კომპანიები დაბალ მარჟაზე მუშაობენ, შეიძლება დიდი ბრუნვა და ამავდროულად მცირე მოგება იყოს. შესაბამისად, ამ მიდგომას კომპანიების გაკოტრება მოჰყვებოდა. ის მოლოდინი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებების მაგივრად სახელმწიფოს წარმომადგენლის მოთხოვნის სასარგებლოდ მიიღებდა, დიდ რისკებს უქმნიდა ბიზნესს. ამან ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. 

– მოგიწიათ სახელმწიფოსთვის ხარკის გადახდა? 

– კონკრეტულად ჩვენ – არა, მაგრამ, ჩემ ირგვლივ ბევრი იყო ასეთი შემთხვევა. 

– ივანიშვილის მოსვლის შემდეგ დამოკიდებულება როგორ შეიცვალა? 

– ხელისუფლების ცვლილებით დადებითი ის მოხდა, რომ უსამართლოდ დაჯარიმების შიში აღარ არის. ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

– ინვესტორებისთვის მიმზიდველობა როგორ შეიცვალა? 

– გაუარესდა. 

– მიუხედავად იმისა, რომ ადრე ბიზნესს ეშინოდა და ახლა არ ეშინია? 

– უცხოელ ინვესტორებს ნაკლებად ეშინოდათ, ბევრი ვერც ხვდებოდა, ვისაც პირადად არ შეეხო ეს პრობლემა. ბოლო წლებში ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა, სიტუაცია შეიცვალა. ისე რომ გაგრძელებულიყო საინვესტიციო დინამიკა როგორც, მაგალითად 2006-07 და ომის მერე, 2011 წლებში იყო, დღეს სულ სხვა მდგომარეობა გვექნებოდა. 

– საქართველოში რომელი სფერო მიგაჩნიათ საინვესტიციოდ მიმზიდველად და ურჩევდით თუ არა ინვესტორს ფულის ჩადებას? 

– მსგავსი რჩევა დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს და ამისთვის პროფესიონალი საინვესტიციო ბანკირები არსებობენ. ამიტომ მხოლოდ პირადი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე მომავალში გამოჩნდება. 

ორ უცხოელ პარტნიორთან ერთად, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია გვაკავშირებს, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ სოფლის მეურნეობაში განგვეხორციელებინა ინვესტიცია – პარტნიორებთან ერთად ვიყიდეთ მიწა გორის რაიონში. 50 ჰა-მდე ფართობზე გავაშენეთ თანამედროვე ტიპის, ვაშლისა და ატმის ბაღები, ხოლო 100 ჰა-მდე ფართობზე მოგვყავს სიმინდი. საკუთარი მოსავლის შესანახად ათასი ტონა ხილის შენახვაზე გათვლილი მაცივარიც ავაშენეთ. უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. 

ამ პროექტის განხორციელებას შევუდექით თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით. ჩვენი კომპანიის თანამშრომლებსა და აგრონომებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გასცნობოდნენ ამ სფეროში ევროპის მოწინავე კომპანიების გამოცდილებას, როგორც გამოფენებზე, ასევე უშუალოდ ჩვენი ევროპელი კოლეგების ბაღებში მივლინებისას. ბაღის გაშენებისას გამოვიყენეთ ხეხილის თანამედროვე ჯიშების სანერგე მასალა ჰოლანდიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთისა და იტალიიდან. ბაღში მოვაწყვეთ იტალიური წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. 

იმედი გვაქვს, რომ ტრადიციული მეხილეობის რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარება სარგებლობას მოუტანს მოსახლეობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოფლებში, რომელიც კონფლიქტის ზონიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია განლაგებული, დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ახალგაზრდებიც. რასაკვირველია, ასევე იმედი გვაქვს, რომ ინვესტიცია ფინანსურადაც გამართლებული აღმოჩნდება. 

– თქვენ რამდენიმე ბიზნესში ხართ. ჯამურად რამდენ ადამიანს ასაქმებთ? 

– გირჩების ბიზნესში, მაგალითად, დასაქმებულთა რაოდენობა პერიოდზეა დამოკიდებული. როცა მოსავლის შეგროვების პერიოდია, შეიძლება 100-ზე მეტი კაცი მუშაობდეს, დანარჩენ დროს – გადამუშავება-შენახვაზე ბევრად ნაკლებია; 

ჰესების მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 100-150 ადამიანი, ხოლო ოპერირებაში – 10-მდე; სოფლის მეურნეობის კომპანიაშიც დასაქმება სეზონურია და რამდენიმე ათეულ ადამიანს შეადგენს. 

– პანდემიის გავლენა თქვენს ბიზნესებზე როგორია? 

– პანდემიამ ტურისტულ ბიზნესზე დრამატულად იმოქმედა, ენერგეტიკაზე და სოფლის მეურნეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. მიკროსაფინანსო სფეროზე კი გარკვეულწილად მოახდინა გავლენა. 

– პანდემიის დროს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბიზნესთან მიმართებაში როგორ შეაფასებთ – რა მიგაჩნიათ, რომ სწორად გააკეთეს და ასევე რა არ მოგეწონათ? 

– გასაგებია, რომ საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს იგივე ფინანსური საშუალება, როგორც მაგალითად ამერიკას, გერმანიასა თუ დიდ ბრიტანეთს ბიზნესის დახმარების კუთხით. 

ვფიქრობ, მთავარი მინუსი პანდემიის მართვის პროცესში სახელმწიფოს არათანმიმდევრულობა იყო შეზღუდვების დაწესება-მოხსნისა და დარღვევების ადმინისტრირების კუთხით. ასევე, წარუმატებელი იყო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია. შედეგად, საქართველოს ანტირეკორდული მაჩვენებლები აქვს, სამწუხაროდ. 

– ბიზნესის ერთპიროვნული მართვა სჯობს თუ პარტნიორებთან ერთად? გამოცდილებამ რა გიჩვენათ? 

– მე მიჩვეული ვარ პარტნიორებთან ერთად მუშაობას. თუმცა, ერთპიროვნულ მართვას თავისი პლუსებიც აქვს. თუ კომპანიის მმართველი ნიჭიერია და სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ამ გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულება სწრაფად ხდება და კომპანიას კონკურენტულ გარემოში შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს. მოკლე პერსპექტივაში ერთპიროვნულმა მართვამ შეიძლება უფრო სწრაფი განვითარება უზრუნველყოს. ამავე დროს, შეცდომის დაშვების რისკიც იზრდება, და შეცდომაც სწრაფად აისახება ხოლმე კომპანიაზე. ასევე მომატებული რისკი შეიძლება ჰქონდეს კომპანიას ამგვარი მმართველის გამოცვლის დროს. ვერ ვიტყვი, რომელია უკეთესი, მაგრამ მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ პარტნიორებთან ერთად მუშაობას. 

– სახელმწიფო ტენდერებში თუ მონაწილეობთ და როგორი გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ? 

– სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა არ მიმიღია. 

– რამდენად პატიოსანი კონკურენციაა იმ სფეროებში, სადაც თქვენი ბიზნესებია? 

– ენერგეტიკაში და სოფლის მეურნეობაში რაიმე შეზღუდვა კონკურენტების მხრიდან არ გვქონია. კავკასიური სოჭის თესლის ექსპორტის სფეროში კი, როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა ბიზნესის მონოპოლიზების მცდელობა და მას შემდეგ რაც ამას ვერ მიაღწია, წლების განმავლობაში ცდილობს ზიანი მიაყენოს ამ სფეროში მომუშავე დანარჩენ კომპანიებს საერთაშორისო და ადგილობრივ მასმედიაში „შავი პიარის“ აგორების გზით, და არამარტო ამ მეთოდით. 

– სახელმწიფოს რა შეუძლია შეცვალოს, რაც თქვენს ბიზნესებსაც წაადგება და არც ბიუჯეტი დაზარალდება? საგადასახადო ტვირთი დიდია? 

– გადასახადების ზომა ამჟამად ნორმალურია. მთავარია, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციას ასრულებდეს. ამ შემთხვევაში ბიზნესმენი მხოლოდ საქმის კეთებაზე იქნება ორიენტირებული და დროს, ნერვებს და ენერგიას არ დახარჯავს ფუჭად. 

რაც შეეხება გირჩების ბიზნესს, როგორც უკვე გითხარით, სახელმწიფოს მხრიდან ფისკალური პრესინგის ზრდის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ეს ბიზნესი თანდათან მთლიანად გადაინაცვლებს დანიაში. თუ ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს, ალბათ ამით დამთავრდება, სამწუხაროდ. 

რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს – ქვეყანაში დიდი რეფორმები მიმდინარეობს. ამჟამად რთული სათქმელია, რა სახით ჩამოყალიბდება ენერგეტიკული ბაზარი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო მსოფლიო ბაზრებზე ენერგომატარებლების ფასი ასევე ზრდადია, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ჯანსაღი საინვესტიციო გარემო ენერგეტიკის სფეროში და რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია, მიიტანოს მოსახლეობისა და სახელმწიფო მოხელეების ცნობიერებამდე საქართველოს ენერგოპოტენციალის რეალიზაციის აუცილებლობა. 

– რა სამომავლო გეგმები გაქვთ ბიზნესში? 

– თუ ქვეყანაში ჯანმრთელი ბიზნესგარემო იქნება, შესაძლებელია ენერგეტიკაში ან სოფლის მეურნეობაში კიდევ რამე პროექტი განვახორციელოთ. 

– თქვენ სესხებიც გაქვთ და თან საბანკო ბიზნესიც არ არის თქვენთვის უცხო. არის საქართველოში კრედიტი უსამართლოდ ძვირი? მოწოდებები ისმის ხოლმე, ბანკებმა პროცენტებს დაუწიონო. 

– უნდა გვესმოდეს, რომ სესხის პროცენტი, ისევე როგორც ბანკების მიერ საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრების ღირებულება, ხშირად არის როგორც ზოგადად ქვეყნის რისკებთან, ასევე ქვეყანაში არსებულ შიდა რისკებთან შესაბამისობაში. საბაზრო პირობებში, იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ბანკი იაფიან ფულს ზედმეტად ძვირად გაყიდის, კონკურენტი ბანკი გაყიდის უფრო იაფად და ძვირიანი ბანკის კლიენტებს თავისთან გადაიბირებს. ფული ამ შემთხვევაში ისეთივე პროდუქტია, როგორც ნებისმიერი სხვა, მთავარია ეროვნულ ბანკმა სამართლიანი კონკურენცია უზრუნველყოს საფინანსო სფეროში და ბაზარი თვითონ შეზღუდავს დაკრედიტების ფასს. 

– მრავალი მიმართულების ბიზნესში ხართ ჩართული. თავისუფალი დრო თუ გრჩებათ? 

– თავისუფალი დრო მეტი რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა. ყოველთვის ვცდილობ, ბიზნესში, სადაც ეს შესაძლებელია, მართვის დელეგირებას. ხომ არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იცოდეს? რაც თანამშრომელმა ჩემზე უკეთ იცის, მან უნდა აკეთოს. ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ იპოვო ამგვარი ადამიანები. ამ შემთხვევაში, მეტი თავისუფალი დრო ჩნდება. 

– ოჯახის წევრები გყავთ ჩართული ბიზნესის საქმეებში? 

– შვილები არა. უფროსმა გერმანიაში უნივერსიტეტი დაამთავრა და PhD ხარისხზე მუშაობს ბიოლოგიაში. მეორე ასევე გერმანიაშია, სწავლობს ბიომედიცინის ფაკულტეტზე. უმცროსი შვილი კი ჯერ სკოლის მოსწავლეა. 

– თავისუფალ დროს რას უთმობთ? 

– თავისუფალი დრო რომ მრჩება, მიხარია სახლში ყოფნა, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენება. ადრე სიამოვნებით ვმოგზაურობდი ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ადამიანებთან პირადი ურთიერთობის სიამოვნება ძალზე შეიზღუდა. იმედი მაქვს, მომავალში ისევ მოგვეცემა ამის საშუალება. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი