ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ "ოაზის ვერიტას"-ის დამფუძნებელ ალექსანდრე პოტიომკინთან - №3(71), 2022
მინი დოსიე 

ალექსანდრე პოტიომკინი დაიბადა 1947 წლის 12 მარტს, საქართველოში. მისი მშობლები იყვნენ გერმანიიდან დროებით გადმოსახლებულები: მამა – იოზეფ ფედერშპილი, დედა – ბეატე კოპი. 

განათლება 

1966 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის მე-10 საშუალო სკოლა; 

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; 

1985 წელს დაამთავრა ბონის უნივერსიტეტი (გერმანია) ეკონომისტის სპეციალობით. 

სამუშაო გამოცდილება 

1971-77 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად მოსკოვში, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“. 

1985 წელს, ბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეწეოდა სხვადასხვა საქმიანობას: მწერლობას, მეცნიერებას, ბიზნესს – სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. 

არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინტელექტუალური ფილოსოფიური რომანებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 

ჰყავს მეუღლე – მანანა პოტიომკინა (ქალიშვილობის გვარი – ჯანიაშვილი) და 6 შვილი.

 – მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე! დიდი მადლობა, რომ დათანხმდით ინტერვიუზე. ძალიან ცოტა ინფორმაციაა თქვენ შესახებ ინტერნეტში. თუ შესაძლებელია, მოუყევით ჩვენს მკითხველს, როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრება და როგორ განვითარდა თქვენი წარმატებული ბიზნეს-კარიერა. 

– დავიწყებ სოხუმით. ევგენია გიმ, მარიუპოლელმა მოხუცმა ქალბატონმა, კოჯრის ბავშვთა სახლიდან ამიყვანა, როცა 6,5 წლის ვიყავი. ის სოხუმში ცხოვრობდა და სახლმმართველობაში დამლაგებლად მუშაობდა. საცხოვრებლად პატარა, 6,5 კვადრატული მეტრი ფართის ოთახი ჰქონდა ფარდულში, სადაც მეც დავსახლდი. 

ჩემი სასკოლო ცხოვრება სოხუმში დაიწყო. ვინაიდან საცხოვრებლად კომფორტული პირობები არ მქონდა, გამუდმებით დროს ქუჩაში ვატარებდი, სადაც ჩემთვის თითოეული ქვა, თითოეული ხე ნაცნობი იყო. სტუმრადაც არავინ მეპატიჟებოდა, ირგვლივ მეზობლები „ფაშისტს“ მეძახდნენ, გერმანელობის გამო. 

1966 წელს დავამთავრე სოხუმის მე-10 საშუალო სკოლა. ხოლო 1971 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ორი თვის შემდეგ დავიწყე მუშაობა გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ სპეციალურ კორესპონდენტად, 1971 წლიდან 1977 წლამდე ქ. მოსკოვის ცენტრალურ აპარატში ვიმუშავე. 

ამ დროს ჩემმა მშობლებმა, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობდნენ, მომძებნეს და გერმანიაში გადასვლა შემომთავაზეს. გერმანიაში წასვლისა და ჩემი გერმანელი ნათესავების ნახვის დიდი სურვილის მიუხედავად, რადგან „კომსომოლსკაია პრავდაში“ ვმუშაობდი, ამის გაკეთება არ შემეძლო. ამიტომ იძულებული გავხდი დამეტოვებინა საყვარელი სამსახური და გადავსულიყავი სცენის მუშად ქ. მოსკოვის სატირის თეატრში, რადგან სავიზო და სარეგისტრაციო განყოფილებაში განცხადების შეტანა საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის მიზნით, მუშისთვის უფრო მიზანშეწონილი იყო. 1979 წელს მივიღე გასვლის ნებართვა, 1980 წელს კი გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად. 

– „კომსომოლსკაია პრავდა“ საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი იყო, ისევე როგორც სხვა მაშინდელი გაზეთები. როდის იგრძენით, რომ იდეოლოგიას ემსახურებით, თუ ეს თავიდანვე აშკარა იყო? 

– არა, მე ასე არ ვთვლიდი. „ახალი ამბების“ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. როგორც სპეციალური კორესპონდენტი, გავდიოდი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში ცხელ წერტილებში, სადაც ვწერდი რეპორტაჟებს და ვაშუქებდი სხვადასხვა მოვლენებს – მიწისძვრებს, ხანძრებს, ავარიებს... 

– გერმანიაში წასვლის დროს საბჭოთა ხელისუფლება პრობლემებს არ გიქმნიდათ? 

– არანაირს. ყველაფერი მშვიდად იყო. საბუთები ავიღე და „მოსკოვი-კიოლნის“ მატარებლით გავემგზავრე, 33 წლის ვიყავი. 

– გერმანული საკმარისად კარგად იცოდით, რომ უნივერსიტეტში სწავლა გაგეგრძელებინათ? 

– რა თქმა უნდა, არა. სოხუმში ვცხოვრობდი და გავიზარდე რუსულენოვან ებრაელ ლტოლვილთან. გერმანიაში ჩასვლიდან მეორე დღეს მომცეს გერმანული საბუთები და გამანაწილეს სკოლაში გერმანული ენის შესასწავლად. 

რადგან საბჭოთა უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების დიპლომი მქონდა, ბონის უნივერსიტეტის ჰუმბოლდტის ინსტიტუტში ჩამრიცხეს გამოცდების გარეშე, ეკონომიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე. მისი დამთავრების შემდეგ უკვე თავისუფლად ვლაპარაკობდი გერმანულ ენაზე. 

– როდის დაიწყეთ თქვენი ბიზნეს-საქმიანობა? 

– გერმანული განათლების მიღების შემდეგ, სასწრაფოდ შემომთავაზეს სამუშაო რადიოსადგურ Deutsche Welle-ში („გერმანული ტალღა“). არ მინდოდა ამ შემოთავაზებაზე დათანხმება და DW-ის ხელმძღვანელობისთვის მიზეზი არც ამიხსნია. მე არ დამიკარგავს საბჭოთა მოქალაქეობა, ვინაიდან ოფიციალურად გავემგზავრე. საბჭოთა კავშირის პოლიტიკის მიმართ ძალიან კრიტიკულად განწყობილი DW-ის რედაქციაში მუშაობის შემთხვევაში, სსრკ-ის მოქალაქეობას ჩამომართმევდნენ. მე ეს არ მსურდა – მინდოდა ჩემი მშობლიური ადგილების მონახულება, მეგობრებთან შეხვედრა, სოხუმში, თბილისსა და სსრკ-ის სხვა ქალაქებში ჩასვლა. ამიტომ, რედაქციის ხელმძღვანელობასთან საუბრისას მომიწია მინი-სპექტაკლის გათამაშება. 

მეგრული საკმარისად კარგად ვიცოდი, თავისუფლად შემეძლო რუსულად მოლაპარაკე მეგრელების საშინელი აქცენტის პაროდირება. გასაუბრებაზე ისეთი დამახინჯებული რუსულით ვლაპარაკობდი, ისეთი გამოხატული აქცენტით, რომ ამან განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია ჩემს ინტერვიუერებში. მათ კითხვაზე – როგორ მუშაობდით „კომსომოლსკაია პრავდაში“, მე ვუპასუხე: „მომისმინეთ, მე ვწერდი, კი არ ვკითხულობდი. სსრკ ათასობით ერის ქვეყანაა“. მადლობა ღმერთს – გასაუბრება ვერ გავიარე, უარი მითხრეს აყვანაზე. მირჩიეს რუსული ენის შემსწავლელი კურსის გავლა და ექვს თვეში შეხვედრა. ამრიგად, DW-სთან ისტორია წარმატებით დასრულდა. 

სწავლის შემდეგ, რადგან სხვა იდეები არ მქონდა, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ჰამბურგში რუსული მაღაზიის გახსნა. ეს იქნებოდა პირველი მაღაზია გერმანიაში საბჭოთა საქონლით. ჰამბურგი – იყო და არის ევროპის უდიდესი საკვანძო პორტი, მნიშვნელოვანი საზღვაო ლოჯისტიკური ცენტრი. იმ მომენტისთვის ჰამბურგში საბჭოთა კავშირის დიდი სავაჭრო წარმომადგენლობა „პროდიმექსი“ არსებობდა. როგორც მიგრანტმა, გერმანიის მთავრობისგან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მივიღე, რაც დამეხმარა პირველი მაღაზიის გახსნაში – 100 კვ.მ სავაჭრო დარბაზით, 150 კვ.მ სასაწყობე სათავსებით. გამყიდველად მოვიწვიე გერმანელი მარინა შილერი. სავაჭრო წარმომადგენლობამ, მნიშვნელოვანი მოვლენის – გერმანიაში პირველი საბჭოთა მაღაზიის გახსნის პატივსაცემად დიდი სიამოვნებით მომცა სავაჭრო კრედიტი. ამრიგად, როგორც ჩანს, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. მაღაზია მყიდველს საბჭოთა სასურსათო საქონლის მთელ ასორტიმენტს სთავაზობდა: ღვინო, შესქელებული რძე, წითელი და შავი ხიზილალა, თევზი, საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ. 

– ინტერნეტში, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, თქვენი საქმიანობის საწყის ეტაპზე, საბჭოთა ლიდერების პორტრეტებს ჰყიდდით. 

– დიახ, ოღონდ იყიდებოდა არა პორტრეტები, არამედ საბჭოთა ლიდერების პოსტერები: სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, გორბაჩოვი, სუსლოვი, რაც გერმანელ მყიდველებში ღიმილს იწვევდა და უჩენდა სურვილს, შეეძინათ საბჭოთა ეპოქის ისტორიასთან დაკავშირებული პროდუქცია. 

რა თქმა უნდა, ეს ბიზნესი უმნიშვნელო იყო და არც დიდი შემოსავალი მოჰქონდა, ამიტომ მუდამ სხვა სახის კომერციის ძიებაში ვიყავი. 

მე კარგად ვიცოდი თამბაქოს მოყვანა-დამუშავების შესახებ, რადგან სკოლის მოსწავლეობისას ხშირად მიწევდა დამატებითი ფულის შოვნა თამბაქოს პლანტაციებზე. ჰამბურგში, არც ისე შორს ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან, იყო მსხვილი ამერიკული თამბაქოს კომპანია World Tobacco. მე გავხდი ამ კომპანიის მენეჯერი, ჩემი ამოცანა იყო World Tobacco-ს პროდუქციის სსრკ-ის თამბაქოს ბაზარზე შეტანა, ასევე სხვადასხვა ჯიშის თამბაქოს შესყიდვისა და მიწოდების ორგანიზება. რა თქმა უნდა, დავიწყე აფხაზეთიდან, სოხუმში იყო კომპანია „აფხაზთამბაქო“, გენერალური დირექტორი გუგუნი ყურაშვილი გახლდათ. ასე დაიწყო პირველი საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები საქართველოდან. განსაკუთრებით გვაინტერესებდა ჯიში „სამსუნი“. 

– თამბაქოს ბიზნესში მუშაობის შემდეგ, როგორ გაგრძელდა უშუალოდ თქვენი ბიზნეს-საქმიანობა? თქვენ მიაღწიეთ დიდ წარმატებებს სხვადასხვა მიმართულებით. 

– იმ წლებში საზღვარს ხშირად ვკვეთდი და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა საზღვარზე ბიზნესის კეთება – Duty Free მაღაზიების გახსნა. 

– რომელ წელს მოხდა ეს? 

– ფიქრი დაახლოებით 1987-88 წლებში დავიწყე. პირველი მაღაზია ავაშენე და ავამუშავეთ 1989 წელს, სსრკ-ის დასავლეთ საზღვარზე, ყველაზე დიდ გამშვებ პუნქტ „ბრესტში“. ამ საბაჟო პუნქტში წელიწადში 60 ათასზე მეტი საექსპორტო-საიმპორტო ოპერაცია ხორციელდებოდა. მეორე მაღაზია გავხსენი უკრაინის ქალაქ „ჩოპის“ გამშვებ პუნქტში. ასე დაიწყო უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების ქსელის განვითარება საავტომობილო გამშვებ პუნქტებზე სსრკ-ის ყველა გარე საზღვარსა და აეროპორტში. აეროპორტის ტერიტორიაზე ქირაობის მაღალი ფასები საქმიანობისთვის წამგებიანი იყო, საავტომობილო გამშვებ პუნქტებზე კი მაღაზიები ჩემს საკუთრებაში იყო. ასე, 2018 წლამდე, ქსელის სავაჭრო ობიექტების რაოდენობამ შეადგინა 86 მაღაზია, მაქსიმალური წლიური ბრუნვით 400 მილიონი ევრო. მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებასთან, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუარესებასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური რისკების მოლოდინის გამო – რაც მომავალში ასეც მოხდა (მათ შორის, 2019 წლის პანდემია) – ეს ბიზნესი ნელ-ნელა გავყიდე. საქართველოში ჩემ ყოფილ კომპანიას შპს Duty Free Aliance-ს ჰქონდა ხუთი მაღაზია: საქართველო-სომხეთის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სადახლო“, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“, ქართულ- თურქული სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“, ქართულ-რუსული სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზედა ლარსი“, მაღაზია დიპლომატებისათვის ქ. თბილისის ცენტრში (ჭავჭავაძის ქუჩა) და ასევე ფოთის საზღვაო პორტში მდებარე საკუთარი დახურული ტიპის საბაჟო საწყობიდან გემებს Shipchandler-ის (Shipchandler – გულისხმობს გემისთვის სურსათისა და საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას, ნორმალური მუშაობისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის – რედ.) მომსახურებას უწევდა. 

სხვათა შორის, ორიოდე სიტყვით მინდა გავიხსენო ჩემი მონაწილეობის შესახებ საქართველოს აგრარულ ბაზარზე ახალი ხილის – კივის გამოჩენაში. 1986 წელია, ვცხოვრობ ჰამბურგში. საბჭოთა კავშირის საელჩოდან დამირეკეს ბონში: „საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ევტიხის ძე ჩერქეზიას სურს თქვენთან საუბარი. მზად ხართ მასთან სასაუბროდ?“ – „დიახ“. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაისმა ზარი ქალაქის ტელეფონზე (ჯერ არ იყო ფიჭური კავშირი). მოკლედ საუბრის შესახებ: ჩერქეზია მეუბნება: „მივესალმები გერმანიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს. შეგიძლიათ დაეხმაროთ სოფლის მეურნეობის ეროვნულ ბაზარს და გასამრავლებლად კივის ნერგები გვაჩუქოთ?“ 

ჩემი პასუხი: „ეს ჩემთვის სრულიად ახალი თემაა, რამდენიმე დღეში დამირეკონ თქვენებმა და გავცემ პასუხს“. 

რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა მისმა თანაშემწემ. ჩემი გადაწყვეტილება: „მზად ვარ დავეხმარო საქართველოს და ვაჩუქო კივის ნერგები“. „რა რაოდენობით?“ – დამისვა კითხვა თანაშემწემ. „30 000 ნერგი“. „ვაჰ, ვაჰ, ვაჰ, დიდი მადლობა!“. ტელეფონის ნომერი ჩავიწერე მიწოდების ორგანიზებისთვის. შემდეგ მოხდა ძალიან სასაცილო ამბავი. მე დავპირდი, რომ კივის ნერგებს მივაწოდებდი გამშვებ პუნქტ „ბრესტში“, რაც უფრო ადვილი იყო, რადგან მეორე პუნქტი „ჩოპი“ მდებარეობდა რამდენიმე ქვეყნის იქით. ოცდაათი ათასი ნერგი დატვირთეს ორ გერმანულ დიდ სატვირთო ტრაილერში და გაგზავნეს ბელორუსის საბაჟო ტერმინალში. შევთანხმდით, რომ ქართული მანქანები ჩამოვიდოდნენ და მათთან გადატვირთავდნენ. მივეცი დეტალური ინსტრუქციები მანქანების აღჭურვილობის შესახებ: სტელაჟების რაოდენობა და საჭირო ტემპერატურული რეჟიმი. საბაჟო ტერმინალში ქართველი მძღოლები ჩამოვიდნენ და თანამშრომლებს ეუბნებიან: „გივისთვის ჩამოვედით“. საბჭოთა მებაჟემ უპასუხა: „გივი არ გვყავს“. – „როგორ არა, ჩვენთვის გივი უნდა იყოს“. საუბარი დასრულდა. მძღოლები რეკავენ საქართველოში, რა თქმა უნდა, არა მინისტრთა საბჭოს მისაღებში, არამედ სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან და ეუბნებიან: „გივი არ არის“. მერე ჩემამდეც მოაღწია ინფორმაციამ გივის არყოფნის შესახებ. ჩემთან ჰამბურგში შემოვიდა ზარი ექსპედიტორ-გადამზიდავისგან: „გივი არ არის“. „გივი კი არა, კივი, გადაზიდვის საბუთებს გადახედონ“. საბაჟო პუნქტზე კივის ძიების ისტორია ორ დღემდე გაგრძელდა... 

ასე და ამგვარად, საქართველომ გაიცნო არა მხოლოდ სუბტროპიკული ხილის ახალი სახელი – უნიკალური კივი, არამედ მიეცა შესაძლებლობა თავის ტერიტორიაზე მოეყვანა კიდეც ეს შესანიშნავი ძვირფასი პროდუქტი. 

– თქვენ ასევე საქმიანობთ ჩინეთში. გვიამბეთ თქვენი პროექტების შესახებ. 

– 1997 წელს, რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე ქალაქ ზაბაიკალსკსა და მანჯურიას შორის, რუსეთის მხარეს გავხსენი საკმაოდ დიდი, უბაჟო ვაჭრობის მაღაზია. რა თქმა უნდა, კავშირების დასამყარებლად დავიწყე მანჯურიაში ჩასვლა, გავეცანი პროვინციის ხელმძღვანელობას. შემომთავაზეს ჩინელი ტურისტების მოსაზიდად ტერიტორიის „როგორც რუსეთში“ ორგანიზების პროექტში მონაწილეობა. რომ გავეცანი, პროექტის შესაბამის დასახელებად „პოტიომკინის სოფელი“ მივიჩნიე. 18 ჰექტარ ფართობზე აშენდა კრემლის კედელი 800მ, ოთხი კოშკი, საბჭოთა კავშირში ცნობილი 300-ზე მეტი სკულპტურული ძეგლის ასლი. აშენდა ე.წ. მატრიოშკების ტიპის მრავალსართულიანი სახლები და ქრისტიანული ტაძრის მოდელი. 

ტერიტორიაზე ტილოზე ორი უზარმაზარი პორტრეტი იყო ჩამოკიდებული: მაო ძედუნი – 1000 კვადრატული მეტრი, სტალინი – 600 კვ.მ. 9-სართულიან „მატრიოშკაში“ მოეწყო სხვადასხვა ცენტრები: პირველ სართულზე – სუვენირების მაღაზია, მე-2-დან მე-8-მდე სართულები ეკავა ეროვნული სამზარეულოს რესტორნებს 400-600 კვ.მ თითოეულს. ყველაზე პოპულარული იყო ქართული სამზარეულოს რესტორანი. რესტორნის დირექტორად ჩემი სოხუმელი მეგობარი ომარ ქვეითაია დავნიშნე. 

ხშირად ჩავდიოდი ხოლმე და ახლაც ჩავდივარ ჩინეთში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მივიღე სასწრაფო შეტყობინება მანჯურიის რეგიონული პარტიული კომიტეტის პირველი მდივნისგან – ბატონი ლისგან. ბატონი ლი: „ალექსანდრე, გთხოვთ, სასწრაფოდ დაესწროთ საზეიმო დარბაზში გამართულ შეხვედრას, გაგაცილებენ“. შევდივარ დარბაზში, სადაც 15 ადამიანი ზის, ყველა ჩინელი. ერთი ქალბატონი მოუთმენლად მომმართავს: „სად დადიხარ, გელოდებით, დაბრძანდით“. 

რაზე ბჭობდნენ? როდესაც 1927 წელს ჩან კაიშმა მოაწყო გადატრიალება შანხაიში და დაიწყო რეპრესიები კომუნისტებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. გადაწყდა რევოლუციონერების, პარტიის ლიდერების (მათ შორის მაო ძედუნის ქალიშვილების, ლიუ შაოცის და ჯუ დეს) შვილების გაგზავნა საბჭოთა კავშირში. 1933 წელს იოსებ სტალინის ინიციატივით და მუშაკთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის ე. დ. სტასოვას ხელმძღვანელობით ივანოვოს საერთაშორისო ბავშვთა სახლი შეიქმნა ბოლშევიკების შვილებისთვის, რომლებიც იყვნენ ან ციხეში, ან არალეგალურ მდგომარეობაში, ან დაღუპულები. ამ ბავშვთა სახლში ჩინეთის პარტიის ლიდერების მრავალი შვილი შევიდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში და ყოველთვის მადლიერებით იხსენებდნენ მათ, ვინც მათ რთულ წლებში ეხმარებოდა. 

ქალბატონმა, რომელიც კრებას უძღვებოდა (მოგვიანებით გავიგე, რომ ის მაო ძედუნის ქალიშვილი იყო), მომმართა მე რუსულ ენაზე: „ალექსანდრე, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ჩვენ გადავწყვიტეთ მანჯურიაში ავაშენოთ ივანოვოში არსებული ჩვენი ბავშვთა სახლის ზუსტი ასლი, სადაც გავიზარდეთ და საშუალო განათლება მივიღეთ. მთავრობამ გამოყო საჭირო თანხები. დავალება თქვენ: გვჭირდება საბჭოთა სკოლის მერხები, სკოლის ფორმები, კალმები, სამელნეები; იმდროინდელი წიგნები, მწერლების, მეცნიერების პორტრეტები, რომლებიც ეკიდა ვლადიმირის სკოლის კედლებზე. მაგრამ რაც მთავარია, გვინდა ჩვენი საყვარელი ლავრენტი პავლოვიჩ ბერიას პორტრეტი. ის საოცარი ადამიანი იყო. ხშირად გვსტუმრობდა, ტკბილეული მოჰქონდა, ყველას ესაუბრებოდა და ძალიან ყურადღებიანი იყო ჩვენი პრობლემების მიმართ“. 

მე ადვილად ვიპოვე ძველი სკოლის ავეჯი ჩიტას რეგიონის პროვინციულ ქალაქებში და რუსეთის სხვა სკოლებში, მათ ვუცვლიდი ახლით. მანჯურიაში გავაგზავნე სასკოლო ნივთების ორი კონტეინერი, მათ შორის ფორმები, კალმები, მწერლებისა და მეცნიერების პორტრეტები, სახელმძღვანელოები და პიონერული ატრიბუტიკა. იმდროინდელი სასკოლო ფორმებიდან სამწუხაროდ, მოვიძიე მხოლოდ ერთი ფორმა ბიჭისთვის და დაახლოებით ათი ფორმაც გოგოებისთვის. ყველა ეს ექსპონატი წარმოდგენილია მოქმედ მუზეუმში. 

ლავრენტი ბერიას პორტრეტის მიღების პროცედურა კი საკმაოდ სახალისო იყო – გარკვეული ბიუროკრატიული ნიუანსებით. ჩემს მოსკოვის თანამშრომლებს დავავალე, რომ დაკავშირებოდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მუზეუმს (КГБ) საკითხით ბერიას პორტრეტის გაყიდვის შესახებ ჩინეთის ბავშვთა სახლისთვის. ძალიან მინდოდა ჩვენი ჩინელი კოლეგების გულწრფელი თხოვნის შესრულება. მუზეუმის პასუხი: „რუსეთის საელჩომ პეკინში უნდა მოგვმართოს ამ მოთხოვნით. თუ ასეთი მომართვა იქნება, პორტრეტს გავყიდით“. დავურეკე მაოს ქალიშვილს, მისი რუსული სახელია ინა. მან დამარწმუნა, რომ რამდენიმე დღეში, ელექტრონული ფოსტით პეკინში რუსეთის საელჩოს მიერ ხელმოწერილ წერილს მიმართვით მიიღებს „კაგებეს“ მუზეუმი და ჩემი თანამშრომელი. ჩემმა თანამშრომლებმა აირჩიეს ბერიას საუკეთესო პორტრეტი. ზეთით შესრულებული ტილოს ზომები იყო 1,40 მ 0,70 მ-ზე. თუმცა, პორტრეტის ფასი ძალიან გასაკვირი იყო, დაახლოებით 10 დოლარი. ამრიგად, მე შევასრულე ჩემი ჩინელი კოლეგების ყველა დავალება. 

ჩემი მონაწილეობით ხელახლა შეიქმნა სამუზეუმო კომპლექსი „წითელი რევოლუცია“, რომელიც ეძღვნებოდა საბჭოთა და ჩინელი ხალხების მეგობრობას, მათი ურთიერთობის ისტორიას. მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში – „წითელი თაობა“ – არის დიდი ექსპოზიცია, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ გაიგოთ ივანოვოში ინტერნაციონალური ბავშვთა სახლის შესახებ. 

ჩინელები შესანიშნავი ხალხია. ისინი ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ ისტორიას და გააჩნიათ მაღალი კულტურა. ჩინეთის მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს უზარმაზარ თანხას, რომელიც უზრუნველყოფს 500 ათასი ტურისტის მიერ მანჯურიაში ამ მუზეუმის მონახულებას – აფინანსებენ გზას, განთავსებას, კვებას. მათ იციან, რომ მე თვითონ ვარ ბავშვთა სახლის აღზრდილი, ამიტომ მუზეუმში ჩემი ფოტოც ჰკიდია, თუმცა, მე მხოლოდ ირიბი კავშირი მაქვს ივანოვოს ინტერნაციონალურ ბავშვთა სახლთან. მოგაწვდით ჩემი წარსული ჩინეთის ისტორიიდან რამდენიმე ფოტოსურათს. 

– ახლა რას საქმიანობთ ჩინეთში, იქაც Duty Free-ის მსგავსი ბიზნესი გაქვთ? 

– დღეისთვის შექმნილია ერთობლივი კომპანია ცნობილ ჩინურ ჩაის კომპანიასთან Dianhong Yunnan Company Ltd. (იუნანის პროვინცია). ჩვენ ვართ ჩაის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მე პირადად ვარ პასუხისმგებელი ჩაის წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის პრემიუმ ხარისხზე. მე თვითონ მუდმივად ვარ პლანტაციებში, საწარმოში, ლაბორატორიებში, სადაც პროდუქციის კონტროლი მიმდინარეობს. ჩაის მოსავალს კრეფენ ხელით, ხდება სათანადო შერჩევა და კარგად ჩამოყალიბებული ფერმენტაციის პროცესი. ჩაის შეფუთვა ხორციელდება მოკრეფის ადგილზე – ეს არის მნიშვნელოვანი პირობა, რომლის დროსაც ჩაის ყველა სასარგებლო და გემოვნური თვისებაა დაცული. 

ჩინეთმა ჩაის წარმოება 15000 წლის წინ დაიწყო, მე კი ჩინეთში 25 წელია ამ ბიზნესში ვარ. 

– ინტერნეტში ვრცელი სტატიაა, რომელიც მოგვითხრობს ჩინეთში თქვენი ვიზიტის შესახებ, უმაღლეს დონეზე მიღებაზე და თქვენთვის გაკეთებულ უჩვეულო საჩუქარზე – ჩაის ხეზე, რომლის ასაკი 2500 წელზე მეტია. რა ბედი ეწია ამ სასწაულებრივ ხეს? 

– ზოგადად, ეს არ არის ყველაზე უძველესი ჩაის ხე, მაგრამ ყველაზე ძველია, რომელიც უცხოელს აჩუქეს და რომლიდანაც მოსავლის აღების უფლებაა მიცემული. მათი რაოდენობა სულ 70-მდეა. სხვათა შორის, არის ხე, რომლის ასაკი 3200 წელია, რომელიც ჩვენს ევროპულ-ჩინურ კომპანიაზეა მიმაგრებული და სახელმწიფოს მიერ არის დაცული, ასევე არის მსოფლიო ჩაის ბრენდის SHABBAT-ის სავაჭრო ნიშანი და იშვიათი ნედლეული საკოლექციო ჩაისთვის, რომლებიც აუქციონებზე იყიდება, 1 კგ-ში 100 000 აშშ დოლარიდან ღირებულებით და უფრო ზევით. მე ვარ ბრენდი SHABBAT-ის მფლობელი, რომელიც განკუთვნილია ყველა სახის კოშერული წარმოების საქონლის გამოშვებისთვის (ებრაული სამყარო), ასევე ბრენდი SAMAWI – ყველა სახის ჰალალის საქონლის (ჰალალი – პროდუქტი არ შეიცავს მუსულმანური მოხმარებისთვის აკრძალულ ინგრედიენტებს. – რედ.) წარმოება (ისლამური სამყარო), 888 Eternity, MyFeelings – ლგბტ წარმომადგენლებისთვის პროდუქციის წარმოება. ჩვენი ჩინური ჩაი ამ ბრენდებით იწარმოება. რადგან ყველა დასახელებული ჩაი ფოთლოვანია სხვადასხვა კუპაჟის უნიკალური ნედლეულის ნაკრებით, ამიტომ ისინი გაცილებით ძვირადღირებული პროდუქტია, ვიდრე მასობრივი მომხმარებლისთვის მაღაზიის თაროებზე წარმოდგენილი ჩვეულებრივ პაკეტებსა და „პირამიდებში“ დაფასოებული ჩაი. 

– უძველესი ხიდან ჩაის განსაკუთრებული თვისებები აქვს? 

– ალბათ, უფრო ემოციური და მისტიკური. ამ ხისგან ხომ შეიძლება მხოლოდ 50-100 კგ ფოთლის მოკრეფა და ისიც არა ყოველწლიურად; იქიდან კი სულ 8-დან 17 კგ-მდე ჩაი მიიღება, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ აძვირებს მის ფასს. 

– თქვენ ასევე იყავით ჩართული ცნობილი გერმანული ჟურნალის Burda Moden-ის რუსულენოვანი გამოცემის დაწყებაში. როგორ მოხდა ეგ ამბავი? 

– ერთხელ, 1985 წელს, დამიბარეს საბჭოთა კავშირის საელჩოში ბონში. მართალი გითხრათ, შოკში ვიყავი და არ ვიცოდი, რა მელოდა. ელჩმა იულიანე კვიცინსკიმ მაშინვე საქმით დაიწყო: „ალექსანდრე, თხოვნა გვაქვს შენთან. არის იდეა, რომ საბჭოთა კავშირში გამოვცეთ ჟურნალი Burda Moden, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მათ პირდაპირ, ოფიციალურად, ასეთი წინადადებით მივმართოთ. უარის შემთხვევაში შესაძლოა საბჭოთა ხელისუფლების რეპუტაცია დაზარალდეს. შენ კი კერძო პირი, ჟურნალისტი, სსრკ-ის მოქალაქე ხარ. წადი და ჰკითხე, თუ არიან დაინტერესებული ასეთი შესაძლებლობით“. 

ეს იდეა ძალიან პერსპექტიული მეჩვენა, შესაძლო სამომავლო ჰონორარზეც კი ვიფიქრე. გავემგზავრე Burda Moden-ის შტაბ-ბინაში, ოფენბურგში. იქ, წარვუდექი როგორც ჟურნალისტი, საბჭოთა პასპორტი ვაჩვენე და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ვითხოვე. იდეის არსის ახსნის შემდეგ, რაც გერმანული ჟურნალის საბჭოთა მოქალაქეებისთვის გამოცემაში მდგომარეობდა, ყველანი დავაინტრიგე. როგორც ჩანს, ჩემს წინადადებას ძალიან ფრთხილად მოეკიდნენ და „ბურდას“ დირექტორთან, მანფრედ მადესთან შეხვედრის ლოდინი 40 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მაგრამ ის გულითადად მომესალმა და მკითხა, როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს პროექტი, საიდან დავიწყოთო. ჩემმა განმარტებებმა და იმან, რომ მოსკოვში საკმაო კონტაქტები მქონდა, შესაძლებლობაში დაარწმუნა. ჩვენი შეხვედრა იმით დასრულდა, რომ Burda-მ საბჭოთა მხარისგან განზრახვის პროტოკოლი (მემორანდუმი) მოითხოვა. თეორიულად, ისინი უკვე მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის. 

ამისთვის 10 დღე ვითხოვე – ჯერ არ იყო ელექტრონული ფოსტა და გადავწყვიტე არ გამომეყენებინა ტელექსი. საელჩოში დავბრუნდი და ელჩს საუბრის შედეგები მოვახსენე. მან თქვა, რომ როცა განზრახვის მემორანდუმი მზად იქნებოდა, მაშინ დამიკავშირდებოდნენ. გავემგზავრე ჰამბურგში, ერთი კვირის შემდეგ კი გადმომცეს დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო, რომ „ვნეშტორგიზდატი“ იწვევდა გამომცემლობა „ბურდას“ წარმომადგენლებს მოლაპარაკებისთვის. ამ პროექტში ჩართვა სრულიად შემთხვევით მოხდა. ჩემი კანდიდატურა იყო შესაფერისი და ნდობას იწვევდა: გერმანიაში ლეგალურად ვიმყოფებოდი, მქონდა სსრკ-ის მოქალაქეობა და გამგზავრებამდე ჟურნალისტად ვმუშაობდი. ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მეპოვა საკუთარი თავი ამ პროექტში და Burda-ს დირექტორს შევთავაზე დაედო ჩემთან ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე. მან მიპასუხა, რომ დაფიქრდებოდა და შემომთავაზა მანამდე ოფენბურგში დავრჩენილიყავი, ჩემი იქ ყოფნის ხარჯებს კი თავად კისრულობდა. ორიოდე დღეში ხელშეკრულება მზად იყო, მასში ჩაწერილი იყო ჩემთვის განკუთვნილი თანხა 200 000 გერმანული მარკის ოდენობით – პროექტის განხორციელებისთვის. ვინაიდან მე სამხრეთელი, ტემპერამენტიანი ადამიანი ვარ, შევთავაზე თანხა 500 000-მდე გაეზარდათ! გერმანელები შეყოყმანდნენ, დაახლოებით ოცი წუთი იფიქრეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიიღეს ჩემი პირობები. 

– თქვენ არ შეგეშინდათ გარისკვა და მოიგეთ! 

– შემდეგ ჩვენ უნდა გავმგზავრებულიყავით მოსკოვში, ერთ-ერთ დასკვნით შეხვედრაზე რაისა მაქსიმოვნა გორბაჩოვასთან (როგორც გაირკვა, სსრკ-ში გერმანული ჟურნალის გამოცემის იდეა მას ეკუთვნოდა). ენნე ბურდამ თქვა, რომ სურს ნახოს, როგორ ვართ ჩაცმული ამ შეხვედრისთვის. სპეციალურად ვიყიდე ფეხსაცმელი, პერანგი, კოსტიუმი, ბრენდის სახელიც კი მახსოვს – Lezar. მეგონა საკმაოდ სიმპათიური იყო. მაგრამ ქალბატონმა ბურდამ უცებ განაცხადა: „ალექსანდრე, შენ არ მიდიხარ! მადე, ამოიღეთ ის კრემლში მოწვეულთა სიიდან“. რბილად რომ ვთქვათ გაკვირვებული გამოვედი. მერე გამომცემლობის ერთ-ერთი მენეჯერი დროულად მოვიდა, შემპირდა, მაღაზიაში წაგიყვანთ და შესაბამის ტანსაცმელს შევარჩევთო. შედეგად, 17 500 მარკა დაიხარჯა – ამდენი ღირდა ჩემი ახალი გარდერობი. ეს თანხა შემდეგ Burda-ს ბუღალტერიამ გამომიქვითა ჩემი ჰონორარიდან, რომელიც ხელშეკრულებით მეკუთვნოდა. 

– ნამდვილი გერმანული სიზუსტე გამოუვლენიათ. როგორც ვიცით, იმავე პერიოდში საბჭოთა კავშირში პირველი სარეკლამო სააგენტოც შექმენით. 

– როცა „ბურდასთან“ პროექტი წარმატებით დასრულდა, რაისა მაქსიმოვნა გორბაჩოვას შევხვდი. და მან მკითხა: „ალექსანდრე, რამე გრანდიოზული კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს სსრკ-ში?“ – „რაისა მაქსიმოვნა, პირველ რიგში რეკლამა უნდა გაკეთდეს. საბჭოთა კავშირში არ არის არცერთი გამოცემა უცხოური რეკლამით. ეს დიდი ფულია“. 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რეკლამის განთავსება გაზეთ „იზვესტიაში“ იყო შესაძლებელი. 

შემდეგ გაიმართა შეხვედრა „იზვესტიას“ მთავარ რედაქტორ ივან ლაპტევთან და ქვეყნის მეორე პირთან, პოლიტბიუროს წევრთან, სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანთან, ეგორ ლიგაჩოვთან. საერთო შეხვედრაზე ლიგაჩოვმა იკითხა: „მაშ, რა თანხის მიღება შეუძლია „იზვესტიას“ამ პროექტიდან?“. მე ვუთხარი: „50 ათასი დოლარი“. მან იკითხა: „რა, ერთ წელიწადში?“. ისე გამიკვირდა, ვფიქრობდი, ქვეყანაში მეორე პირს მაინც უნდა ჰქონოდა წარმოდგენა სარეკლამო ტარიფებზე. მე ვუპასუხე: „თითო ნომრის გამოშვებით, ეს შეიძლება იყოს კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ“. ლიგაჩოვმა ეჭვით აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა მე და ლაპტევი და გაკვირვებულმა იკითხა: „როგორ, ერთი ნომრის გამოშვებით?“. – „თითო ნომრის გამოშვებით ეგორ კუზმიჩ, თითო ნომრის“, – ვუპასუხე მე. 

გაზეთის პირველი ნომერი უცხოური რეკლამით გამოვიდა 1989 წლის 3 იანვარს – ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს სსრკ-ში რეკლამის პირველ დაბადების დღედ. ვინაიდან ვერ ვასწრებდი იმათ მოძებნას, ვინც რეკლამებს მოგვცემდა, განვათავსე ჩემი კომპანია Kaukasika Consulting-ის რეკლამა. „იზვესტიასთან“ სარეკლამო პროექტისთვის 200 000 მარკა მივიღე და გაზეთში ჩემი კომპანიის რეკლამისთვის 20 000 მარკა გადავიხადე. ლიგაჩოვისთვის მიცემული სიტყვა შევასრულე. როგორც მოგვიანებით „იზვესტიას“ ჟურნალისტებმა დაწერეს, „ალექსანდრემ მილიონები მოიტანა პუშკინის მოედანზე“...… 

– რაში მდგომარეობდა თქვენი იდეების ნოვატორობა? 

– პირველმა მე შევთავაზე მსხვილ ბრენდებს, მაგალითად, დიდ თეატრს, გამოეყენებინათ თავიანთი სიმბოლიკა და გამოეშვათ სიმბოლიკიანი სუვენირები საკუთარი პოპულარიზაციისთვის და კომერციული მიზნებისთვის. შეიქმნა ერთობლივი საწარმო „დიდი თეატრი – ოსტატი“ (Большой театр – Мастер) და დაიწყო სუვენირების გაყიდვა თეატრის საზღვარგარეთ გასტროლების დროს. ზოგადად, ბრენდი „ბოლშოი“ – დიდი თეატრის სიმბოლიკით (და საბალეტო ატრიბუტიკით) დღემდე მე მეკუთვნის: სავაჭრო ნიშანი რეგისტრირებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რუსეთის გარდა. 

– განათლებას დავუბრუნდეთ – თქვენ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძეთ სწავლა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, საბჭოთა კავშირიდან გარბოდა. 

– ზოგი გარბოდა, ზოგი – არა. ასპირანტურაში ჩავაბარე – რაც არ არის ყოველდღიური სწავლა, არამედ შემოქმედებითი სამეცნიერო პროცესია, შემდეგ სადოქტორო დისერტაცია დავიცავი. 

– რა თემაზე მუშაობდით? 

– მსოფლიო ფინანსური ბაზრები გლობალიზაციის პერიოდში. 

– გამოდის, ჯერ ჟურნალისტის განათლება მიიღეთ, შემდეგ კი ფინანსისტად გადამზადდით. 

– ჟურნალისტებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესით და განვითარებით. გერმანელებმა დღეში შეიძლება 20 საათი იმუშაონ, განსხვავებით ქართველებისგან, რუსებისგან ან თუნდაც ფრანგებისგან, რომლებსაც მაქსიმუმ 8 საათი შეუძლიათ მუშაობა. 

– სად არის ახლა თქვენი მთავარი ბიზნესი საქართველოში? 

– რამდენიმე პროექტი მაქვს, რომლის დაწყებასაც საქართველოში ვაპირებთ და ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ კომპანია OAZIS VERITAS-ის დაფუძნების მიზანი გახლავთ მეცნიერულ-ექსპერიმენტული პროექტის რეალიზაციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგის აღდგენა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწების. პლანეტაზე დეგრადირებული მიწების საერთო ფართი შეადგენს 2,8 მილიარდ ჰექტარზე მეტს, ან მთლიანი მიწის ფართობის 21,8%-ს. ამ ნიადაგების ბუნებრივი გზით აღსადგენად საჭიროა რამდენიმე ათეული წელი და მათი გათავისუფლება ადამიანის ანთროპოგენური საქმიანობის ზემოქმედებისგან. ამ ნიადაგების რეაბილიტაციის უფრო სწრაფი ტემპი საჭიროებს მნიშვნელოვან ფინანსურ, შრომით, მატერიალურ და ენერგეტიკულ რესურსებს და ეფექტიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს. სხვადასხვა შეფასებით, პლანეტაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 47 954 190 კმ2-ია. სახნავ-სათესი მიწების დაზიანების ხარისხის შეფასებები მთელ მსოფლიოში განსხვავებულია, მაგრამ გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენცია იუწყება, რომ მიწის 52% ანუ 25 მილიონი კმ2, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობისთვის, ძლიერ დეგრადირებულია. ყოველწლიურად ხდება 12 მილიონი ჰექტარი მიწის დეგრადირება, ანუ უახლოეს წლებში მიმოქცევიდან გამოვა სასოფლო-სამეურნეო მიწები და საჭირო იქნება წლები, მნიშვნელოვანი რესურსები და ეფექტიანი ტექნოლოგიები ნიადაგის აღდგენისა და რემედიაციისთვის. 

– რას იტყვით საქართველოში ბიზნეს-გარემოზე, როგორ იცვლება ის? 

– ზოგადად, კარგი მდგომარეობაა, კულტურა მაღლდება. რაც შეეხება მომარაგებას და სოფლის მეურნეობის სექტორს, მას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორი გაქრება. ცალკე შუამავალი შოულობს, სავაჭრო ქსელი შოულობს და მწარმოებელს კი უჭირს. 

– თანამედროვე მსოფლიოში სად არის უფრო მომგებიანი ინვესტიცია? 

– თანამედროვე სამყაროს დიდი კრიზისი ელის. რესურსები მნიშვნელოვნად შემცირდა. პრაქტიკულად არაფერი დარჩა. 20-30 წელი და რესურსები ამოიწურება: სასარგებლო წიაღისეული, ტყეები, ყველაფერი... მაგალითად, უახლოეს წლებში არ იქნება საკმარისი სასმელი წყალი არც სომხეთში, არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში 7-8 წელიწადში, არც საქართველოში 60 წელიწადში... თუ მეზობელ ქვეყნებში სასმელი წყალი არ იქნება, მათ მოუწევთ გადაადგილება იმ ადგილებში, სადაც სასმელი წყალი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. 

– თქვენ ვარაუდობთ, რომ ბიზნესმენები, რომლებიც წარმოადგენენ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს, დაიწყებენ წყლის მოპოვებას და ექსპორტირებას საქართველოდან ინვესტიციების ხარჯზე ან გამოიყენებენ სხვა საშუალებებს? 

– კი არ ვვარაუდობ, ვიცი, რომ ასე იქნება. 7 წელიწადში იქ სუფთა სასმელი წყალი აღარ იქნება. აშკარაა, რომ წყალი ბოლომდე არ გაშრება, მაგრამ მოსახლეობას არ ექნება საკმარისი სუფთა წყალი. საჭირო იქნება ჩამდინარე წყლების მთელი მასის გადამუშავება და გასუფთავება. დღეს ამ ქვეყნებში მოსახმარებელი მტკნარი წყლის გაწმენდის მოცულობა შეადგენს მხოლოდ 50%-მდე. 

– როდესაც ბიზნეს-ურთიერთობები დაიწყო საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი რუსეთში, ბევრმა დააგროვა დიდი ქონება შედარებით მოკლე დროში და ევროპელი ინვესტორები ხალისით დებდნენ ფულს რუსეთში მოქმედ დამწყებ ბიზნესებში. თქვენ რატომ არ გსურდათ ანალოგიური ბიზნეს-ურთიერთობების დამყარება რუსეთში, მით უმეტეს, რომ საკმარისი კავშირები გქონდათ და იცოდით სიტუაცია? 
 
– მე არ ვიყავი მხოლოდ ბიზნესში. ასევე დაკავებული ვიყავი ლიტერატურით და მეცნიერებით. ბევრი წიგნი დავწერე ეკონომიკაზე და სხვა თემებზე. 2000 წელს გამოიცა პირველი წიგნები – მოთხრობების კრებული „ადამიანური ვნებები“ („Страсти людские“) და „ვირტუალური ეკონომიკა და სიურეალისტური ყოფა“ („Виртуальная экономика и сюрреалистическое бытие“). მაშინ მე საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს არჩევანში და მივხვდი, რომ ლიტერატურაში საკუთარი გზა მქონდა. ვცდილობდი გამეგო, რა მოსდის არა მარტო რუსეთს, არამედ მთელ თანამედროვე ცივილიზაციას, სად მიექანება გადაჭარბებული მოხმარების გზის არჩევით, მოსახლეობის ინტელექტუალური დონის დაქვეითებისას. მაღელვებდა ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარების, ბიოლოგიური ინტელექტის სრულყოფის პრობლემები და ზოგადად, Homo Sapiens-ის მომავალი - ვრჩებით დედამიწაზე, თუ... ყველა ეს თემა ასახულია ჩემს თხზულებებში. ლიტერატურათმცოდნეების მიერ განსაკუთრებით გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა შემდეგი ჩემი ნაწარმოებები – „გარიყული“ („Изгой“), „ადამიანი უქმდება“ („Человек отменяется“), „მონობა“ („Кабала“), „რუსი პაციენტი“ („Русский пациент“), „სოლო მონო“ („Соло Моно“), „დამარცხებულის ცნობიერების მოგზაურობა“ („Путешествие сознания пораженца“), „მარტოობის განჭვრეტა“ („Прозрения одиночества“). ეს რომანები ნათარგმნია უცხო ენებზე, გამოცემულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ზოგიერთი მათგანი ითარგმნა ქართულ ენაზე („რუსი პაციენტი“, „მე“). თანამედროვე ადამიანი უფრო გრძნობებზეა ორიენტირებული, ვიდრე ფიქრებზე, ეძებს ემოციებს, დასვენებას, გართობას ლიტერატურაში. ჩემს ნაწარმოებებს კი შეიძლება ეწოდოს იდეოკრატიული: მე მაინტერესებს გლობალური იდეები და მათი განსახიერება პროზის მხატვრულ ქსოვილში. ჩემთვის ლიტერატურა არის სამყაროს და მისი საიდუმლოებების შესწავლის ერთ-ერთი გზა, მათ შორის ადამიანური სამყაროსი თავისი დახვეწილი და მრავალფეროვანი ფსიქოლოგიით. შემოქმედება ყოველთვის ინტელექტუალური პროცესია. ჩემი მკითხველი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მასთან შერწყმა, ცნობიერების შეცვლა, ინტელექტუალურად გაზრდა. ჩემი კვლევები არ მთავრდება, Homo Sapiens-ის საქმიანობის შედეგი, განაჩენი კაცობრიობისთვის აისახება ჩემს ერთ-ერთ სამეცნიერო და ფილოსოფიურ ნაშრომში, რომლის გამოცემაც 2023 წელს იგეგმება. 

– რუსეთის ომმა იმოქმედა თქვენს ბიზნესზე? 

– მე არ მაქვს ბიზნესი რუსეთში. 

– რას ფიქრობთ რუსეთ-უკრაინის ომზე? 

– უკრაინა აუცილებლად დააბრუნებს თავის ტერიტორიებს. ჩემი სურვილი და თავდაჯერებულობა გამოიხატება იმაში, რომ 2023 წელს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნდებიან სახლში – საქართველოში. გაზაფხულზე, როცა საქართველოში ჩამოვედი, მოვაწყვე სოხუმელების მცირე შეხვედრები, რათა ერთმანეთი გაეხსენებინათ და მზად ყოფილიყვნენ ახალი ურთიერთობებისთვის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისას. 

– ახლა წერთ რამეს? 

– აუცილებლად. გასული წლის ბოლოს დავამთავრე წიგნი: „ანთებითი გონების ხილვები“ („Видения воспаленного разума“), დაახლოებით 300-გვერდიანი. ხილვები, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალურ მოვლენებად იქცა. ახლა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ გიორგი კვესიტაძესთან თანაავტორობით, ვმუშაობთ სამეცნიერო და ფილოსოფიურ მასალაზე: „მოხმარების ეკოლოგია – პლანეტის დათრგუნვა. Homo Sapiens-ის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის გარდაუვალობა“ („Экология потребления – угнетение планеты. Неизбежность перехода Homo Sapiens на новый этап развития“). 

– თქვენთვის წიგნების წერა ბიზნესია? 

– არანაირი ბიზნესი. მე არ მაღელვებს წიგნის ტირაჟი, არც ვეკითხები, ვინ არის გამომცემელი და რა შემოსავალი მიიღო. 

– საკმაოდ დიდი ინვესტიციები გაქვთ განხორციელებული საქართველოში. კანონმდებლობის თანახმად, მსხვილ ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. გსურთ მისი მიღება? 

– ქართული კარგად ვიცი, საქართველოში დავიბადე, შემიძლია მოქალაქეობის მიღება. მაგრამ რისთვის? გერმანელებს ამ ქვეყანაში კარგად იღებენ. განა მოხდება ისეთი რამ, რომ გერმანიის მოქალაქეები ვერ შეძლებენ აქ ჩამოსვლას? ეს არ არის მოსალოდნელი. 

ესაუბრნენ თემურ იობაშვილი და გიორგი ცერცვაძე