ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი (გია) ხარჩილავასთან - №3(71), 2022
მინი-დოსიე 

გიორგი ხარჩილავა – დაიბადა 1970 წლის 17 აპრილს, წალენჯიხაში. 

განათლება

1976-1986 – წალენჯიხის #1 საშუალო სკოლა; 

1986-1991 – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 

სამუშაო გამოცდილება 

1995-1998 – ქალაქ წალენჯიხის მერი; 

1998-2002 – ქალაქ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე; 

2002-2003 – ქალაქ წალენჯიხის გამგებელი; 

2003-2006 – აქტიური სამწვრთნელო საქმიანობა სპორტში; საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი. 

2006-2010 – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 

2010-2021 – პროექტები სოფლის მეურნეობაში; საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი; 

2018-2021 – ლურჯი მოცვის კულტურის განვითარების ასოციაცია – გამგეობის თავმჯდომარე; 

2021-დან წალენჯიხის არჩეული მერი. 

სხვა აქტივობა 

1991 – კარატეს სკოლა წალენჯიხაში – დამფუძნებელი; 

1994-2003 – ინტელექტკლუბი „მასქური“ – დამფუძნებელი. 

უცხო ენები: ინგლისური, რუსული. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– ბატონო გიორგი, სანამ დღევანდელ საკითხებს შევეხებით, საუბარი დავიწყოთ თქვენ მიერ დღემდე განვლილი გზის შესახებ. 

– დავიბადე წალენჯიხაში. დედა პედაგოგია, მამა ინჟინერი გახლდათ. წარჩინებით დავამთავრე წალენჯიხის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მაშინ ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი მთელ საქართველოში, რადგან სკოლაში ადრე შევედი. 1991 წელს წარჩინებით დავამთავრე მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 

– პროფესიის არჩევის მიზეზი რა გახდა? 

– ტექნოლოგიური თემები მაინტერესებდა, ამ მიმართულებით წამყვანი იყო მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ამასობაში საბჭოთა კავშირი დაინგრა, მოიშალა მეურნეობა და ფაქტობრივად ჰაერში დამრჩა სპეციალობა და აზროვნების ის მოდელი, რომელიც მაშინ გამომიმუშავდა. სხვათა შორის, სპეცდიპლომიც დავიცავი. პარალელურად მეორად ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკაზეც ვსწავლობდი. 

– ჟურნალისტიკის მიმართ ინტერესი რამ გამოიწვია? 

– პედაგოგის შვილი ვარ და ჩვენს ოჯახში 3000-მდე წიგნია. ფაქტობრივად, ბიბლიოთეკაში გავიზარდე. 

მაშინ დავიწყე აკრძალული მიმდინარეობის – აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების დაუფლება. დაშვებული იყო მაგალითად, კრივი, ძიუდო და ხელშეწყობაც ჰქონდა, მაგრამ კარატე იყო ერთადერთი სახეობა, რომელსაც განათლებაც შემოჰქონდა – ინდური, ჩინური, იაპონური ფილოსოფია... ეს ლიტერატურაც აკრძალული იყო, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 

– მახსოვს, ბავშვები მხოლოდ მალულად ახერხებდნენ ვარჯიშს, რომ არავის გაეგო. 

– დიდ კონსპირაციას ვიცავდით, რომ არ გავბმულიყავით ჯერ წალენჯიხაში, სტუდენტობამდე და მერე უკვე თბილისში.

– ჟურნალისტიკაზე სად სწავლობდით? 

– პოლიტექნიკურ ინსტიტუტშივე იყო მეორადი ფაკულტეტი. ძალიან საინტერესო გახლდათ. 

– სპორტში თქვენ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეთ. 

– ვარ პანამერიკული თამაშების ჩემპიონი 1996-98 წლებში. ვარ მეორე დანის მფლობელი. ეს წოდება მომანიჭა ლეგენდარულმა სენსეიმ – მორიო ჰიგამონამ, ამერიკაში. 

მანამდე კი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1991 წელს რაიონში დავბრუნდი, როცა სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. წალენჯიხაში ყველაზე დიდხანს გაგრძელდა დაპირისპირება და ვერ ვტოვებდი ქალაქს. ბოლომდე ვუპირისპირდებოდით შევარდნაძის რეჟიმს. მეორედ უკვე ამერიკიდანაც დავბრუნდი. 1996-98 წლებში ამერიკაში ვცხოვრობდი. წარმატებული სპორტსმენის ამერიკიდან დაბრუნების მთავარი მოტივატორი იყო ოჯახი, სამშობლო და ჩემი ქალაქი. 

90-იან წლებში წალენჯიხაში დავაფუძნე კარატეს სკოლა, სადაც საერთო ჯამში 200-ზე მეტი ახალგაზრდა 15 წლის განმავლობაში უფასოდ ვარჯიშობდა, დამყავდა ვარჯიშებზე, ტრენინგებზე, ვზრდიდი, ვასწავლიდი ისტორიას, ფილოსოფიას. საქართველოში გოჯურიო კარატეს სკოლის წამყვანი სპორტსმენები ჩემი აღზრდილები არიან. 

– თქვენ სტუდენტობა 1980-იანი წლების ბოლოს გაატარეთ, როცა 9 არილის მოვლენებიც განვითარდა. ეროვნულ მოძრაობასთან გქონდათ შეხება? 
 
– 1988 წლიდან მოყოლებული, ჩემს დეიდაშვილთან ერთად, შიმშილობების და სხვადასხვა აქციების მონაწილე ვარ. 9 აპრილს ფარიც კი წავართვით რუს ჯარისკაცს, ვიგერიებდით, როგორც შეგვეძლო. 9 აპრილს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ათიათასობით ადამიანის, როგორც ერთის, გადაწყვეტილების მიღების დუმილის წამები. ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა დავიშლებოდით თუ მივიღებდით ბრძოლას. დემონსტრანტებს თავის დასაცავად არაფერი გვქონდა და შიშველი ხელებით შევებრძოლეთ რუსულ სპეცრაზმს. რამდენიმე ადამიანი გამოვიყვანეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინდელი დარბევა მსხვერპლით დასრულდა. 

– თქვენს ბიოგრაფიულ მონაცემებში მითითებულია, რომ დააარსეთ ინტელექტ-კლუბი „მასქური“. ეს ცნობადობის გასაზრდელად შექმენით, თუ სხვა მიზანი გქონდათ? 

– მაშინ განათლებაზე წვდომა ძალიან ჭირდა. იმ ბავშვებს, ვინც სპორტში ჩემ თვალწინ იზრდებოდნენ, მინდოდა, რომ განათლება ხელმისაწვდომი ჰქონოდათ. დავაფუძნე ინტელექტკლუბი „მასქური“, რომელიც ქალაქის შემოქმედებითი ცხოვრების ერთგვარი ამძრავი გახდა. ხელოვნებაში, კულტურაში, განათლებაში უამრავი ღონისძიებები ტარდებოდა. გამოვლინდნენ ახალგაზრდა მწერლები, პოეტები... 

„მასქური“ მთიდან მომავალ ნიავს ნიშნავს, ჩვენ განათლების ნიავი ვიგულისხმეთ. 1994-2002 წლებში „მასქურმა“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ახალგაზრდობის მიზიდულობის ცენტრი იყო. ტარდებოდა საღამოები, შეჯიბრებები და პატარა ქალაქში ცხოვრება დუღდა. 

– თქვენ 1995 წელს წალენჯიხის მერად დაინიშნეთ. საიდან წამოვიდა შეთავაზება? 

– ინიციატივამდე უკვე გარკვეული ბიოგრაფიის მქონე ვიყავი. გამგებელმა შემომთავაზა. 

– მაშინ შევარდნაძის ხელისუფლება იყო, რომელსაც თქვენ უპირისპირდებოდით და რა წინაპირობით დათანხმდით? 

– ჩემი მიზანი იყო დავხმარებოდი ქალაქს სამოქალაქო ომის ჭრილობების მოშუშებაში. მალევე პირისპირ შევეჩეხე ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარების პროცესს, მმართველობის მანკიერ სქემებს. ამიტომაც, სამოქალაქო აქტივობებით დავუპირისპირდი მოქმედ რეჟიმს. ხალხმაც მხარი დამიჭირა. ჯერ 1998-ში, შემდეგ 2002 წელს თვითმმართველობის არჩევნებში გავიმარჯვე. მაშინაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ოპოზიციონერი მერი ვიყავი. 

– პატიოსნად ჩატარებული არჩევნები იყო? 

– სნაიპერები ისხდნენ სახურავებზე, მაგრამ ხალხი გამოვიდა და მთელმა ქალაქმა მხარი დაგვიჭირა. 

– ახლანდელ არჩევნებს რომ შეადაროთ? 

– 1998-შიც მსგავსი იყო. აქტიურად წარმოვადგენდი იმ ადამიანებს, რომლებიც დევნილობაში იყვნენ. ერთადერთი მერი ვიყავი, ვინც გამსახურდიასდროინდელი ეროვნული მოძრაობის მოშიმშილეებს პირადად იცნობდა. მათ გვერ¬დით ვიყავი ხოლმე, მათი და ჩემი ქალაქის ცხოვრებით ვცხოვრობდი. 

მთელი ქალაქი მხარში ამომიდგა, გამოვაცხადეთ ბრძოლა და ორი არჩევნები მოვუგეთ შევარდნაძეს.

– მოგვიანებით თქვენ საკრებულოს თავმჯდომარეც გახდით. 

– 2006 წელს. მანამდე „ვარდების რევოლუციის“ აქტიური მონაწილეც ვარ, იმ ცნობილ კოლონაშიც ვიყავი. 

2002 წელს, როცა არჩევნებში გავიმარჯვეთ, პოლიტიკური ბრძოლის პერიოდი იყო. 2003-ში „ვარდების რევოლუციის“ აქტიური მონაწილე ვიყავი. წალენჯიხიდან წამოსულ კოლონაში ვიყავით მეც და ჩემი ქალაქის ახალგაზრდობაც. ერთ-ერთი პირველი შევედი პარლამენტში ჩემს სპორტსმენებთან ერთად. 

– თქვენი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, 2004 წლიდან ერთი პერიოდი პოლიტიკას ჩამოშორებულხართ. 

– პოლიტიკას არასდროს ჩამოვშორებივარ. მუდამ რთული ცხოვრება მქონდა პოლიტიკაშიც, სპორტშიც, ბიზნესშიც. როცა თანამდებობას არ ვიკავებდი, სამოქალაქო აქტივიზმით ვიყავი დაკავებული და ქალაქის საჭირბოროტო საკითხებში ვიყავი ჩართული. 

– რა სახის ბიზნესი გქონდათ? 

– ჩვეულებრივი, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მცირე ბიზნესი. არაფერი განსაკუთრებული. ამასთან ვიყავი რამდენიმე საინვესტიციო პროექტის მენეჯერი. 

– 2006 წელს მოგიწიათ წალენჯიხის მმართველობაში დაბრუნება. რა გახდა მიზეზი? 

– ვხედავდი, რომ ცვლილებები მიდიოდა ქვეყანაში, ტარდებოდა რეფორმატორული პოლიტიკა. იმ პერიოდში ყოველთვის ვთანამშრომლობდი რეფორმატორულ გუნდთან. 

– წალენჯიხაში რამდენად აისახა „ვარდების რევოლუცია“? 

– 2006-10 წლებს თუ გულისხმობთ, თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი გვქონდა. 

„ვარდების რევოლუციამდე“ რეჟიმულ სისტემაში ვმუშაობდით. მაშინაც ადამიანები მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, რაც ნიშნავდა, რომ ჩვენი მუშაობით კმაყოფილი იყვნენ. ხედავდნენ, რომ არასოდეს მოვწყვეტილვართ ხალხის ყოველდღიურ ყოფას და პრობლემებს. 

2006-10 წლებში, წალენჯიხაში ერთ-ერთი ყველაზე რეფორმატორული თვითმმართველობა იყო, ძალიან სწრაფად გავაკეთეთ თვითმმართველობის მოდელები არსებული კონსტიტუციის ფარგლებში. წარმატებული და თვალსაჩინო იყო ინფრასტრუქტურის განვითარება. თუ წარმოვიდგენთ რა მემკვიდრეობა გვერგო: განადგურებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას არ მიეწოდებოდა შუქი, წყალი, გვქონდა გაუვალი გზები, ხალხი თვეობით იდგა პენსიის რიგში, კორუფციას მიჰქონდა ყველაფერი. კრიმინალური ფონი: ფაქტობრივად, კრიმინალური მენტალიტეტი იყო გამჯდარი ხელისუფლებაში. ვთვლი, რომ ამ მოკლე პერიოდში ჩვენი მმართველობა იყო ძალიან ეფექტიანი. პარალელურად, დიდ ინვესტიციას ვდებდით განათლებაში, ხელოვნებაში, კულტურაში, სპორტში. აღმოჩნდა, რომ ეს საქმიანობა და შედეგი ხალხს კარგად ახსოვდა. 2010 წლიდან კი აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვიყავი. 

– მიზეზი? 

– გადავწყვიტე ცოტა ხნით წავსულიყავი, თან ჩემი ხედვებიც მქონდა. წარმატებული მოდელი დავტოვეთ და ჩემს მეგობრებთან ერთად გადავერთე მაშინ ძალიან აქტუალურ ანაკლიის მშენებლობაში. ასევე, დამაინტერესა სოფლის მეურნეობამ და ჩამოვაყალიბე ლურჯი მოცვის კულტურის განვითარების ასოციაცია. მოვიზიდეთ ინვესტიციები და განათლება იქაც შეგვქონდა. 

– 2012 წლის არჩევნების შედეგი დღევანდელი გადასახედიდან – ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი თუ მაინც არასწორ გზაზე დადგა ქვეყანა? 

– ამ გადასახედიდან ჩანს, რომ ეს იყო კრემლის პროექტი. ჩვენ რომ მანამდე 
არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით გვევლო, აღმოსავლეთ ევროპის განვითარების დონეს მივაღწევდით. 

არასდროს არ ვყოფილვარ ისეთი კატეგორიის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ვერ ხედავდა, სად გვქონდა სიტუაცია გამოსასწორებელი. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საპირწონე რა გვქონდა – იყო კრიმინალური და კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალი საქართველო, რომლის გამოსწორებასაც ხისტი მეთოდები და ძლიერი ბრძოლა დასჭირდა. სკოლის მოსწავლეებს „ქურდობა“ უნდოდათ და სკოლებში „ობშიაკები“ ჰქონდათ. ჩვენ შემოვატრიალეთ ბავშვის ცნობიერება წიგნისკენ, უნივერსიტეტებისკენ, სწავლისკენ. სამწუხაროდ, დღეს მაშინდელ სურათს ვხედავ: ისევ გაჩნდა გადაგდებული შპრიცები სადარბაზოებთან, ისევ ჩნდება „ობშიაკები“... 

მაშინ იყო არჩევანი: ან უნდა მტკივნეული რეფორმები გაგვეტარებინა, ან ისევ მივყოლოდით დროის დინებას, რომლითაც, საქართველო წინ ვერ წავიდოდა. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 11 მილიარდი იყო, რაც მაშინდელი კურსით 7 მილიარდამდე დოლარს უდრიდა, დღევანდელი 21.3 მილიარდი ლარი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეესაბამება. გამოდის, 10 წლის მანძილზე ეროვნული დოვლათი თითქმის არ გაზრდილა. ხელფასი თითქმის იგივეა, მსყიდველობითუნარიანობა მკვეთრად შემცირებულია. ამასთან, საქართველოს საგარეო ვალმა შეადგინა 33 მილიარდი ლარი, რაც კრიტიკული ნიშნულია. ევროკავშირის მხრივ, ჩვენ შევქმენით აღმოსავლეთ ევროპის ასოციაციის წარმატებული ტრიო – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. საქართველო იყო ამ ტრიოს ინიციატორი და წამყვანი ქვეყანა. 

– დღეს საქართველო ევროკავშირთან დაახლოების მხრივ მაჩანჩალა პოზიციაზეა. 

– არა მხოლოდ. 3+3 ფორმატი, სადაც საქართველო მოიაზრება აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, არის კრემლის მოდელი. ეს ნიშნავს უამბიციო კავკასიის ქვეყნებს. წარმატებული აღმოსავლეთ ევროპის ტრიოდან კრემლი ცდილობს კავკასიურ, დამორჩილებულ ტრიოში გადმოგვანაცვლოს. 

– ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირს და დასავლეთს ბრალს სდებს, რომ სურთ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრიონ ან ცალკე, რუსეთს გაუხსნან ფრონტი... 

– „ოცნების“ ლიდერები დავით აღმაშენებელს რომ ადარებენ საკუთარ თავს, ჯერ ერთი, გელათში რა უბედურება ხდება, მაგას მიხედონ. და მეორეც, აღმაშენებელი დიდხანს ემზადებოდა დიდი ომისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის. საკითხის დაყენება: „ომი თუ მშვიდობა“ არის ყველაზე ვერაგი თემა, რაც კი შეიძლება მოიგონონ. დამონებული მშვიდობა გვინდა? 

ჩვენ მხოლოდ გამარჯვებული ერის მშვიდობა გვჭირდება, რომელსაც დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში მოვიპოვებთ. ეგ ყოველთვის მუდმივი ბრძოლით მიიღწევა და მიღწეულის შენარჩუნებასაც უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება. 

ჩვენ იოლად გვერგო 1918 წელს სახელმწიფოებრიობა და იოლადაც წაგვართვა რუსეთმა. 

თუ უკრაინაში რუსეთი იარაღით იბრძვის, ჩვენ ეგ ბრძოლა 2008-ში გავიარეთ. ახლაც ბრძოლაში ვართ – ადამიანების გონებაზე შეტევა არანაკლებ საშიშია. 

აქ აღარიბებენ ადამიანებს და მერე გაურკვეველი სოციალური პროგრამებით მიიბამენ მათ საარჩევნო ხმებს. საშუალო კლასს, ვისაც შეუძლია თავისი ინტელექტით და შრომით წარმატებას მიაღწიოს, იძულებულს ხდიან დატოვონ ქვეყანა. მსოფლიოში არ მინახავს სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ერს ეუბნება, აქ ვერაფერს შექმნი, ბილეთსაც აგიღებ და სხვა ქვეყანაში წადით ბედის საძიებლადო. შედეგად, აქ მხოლოდ კრიტიკული მასა რჩება, რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. 

– თქვენ 2016 წელს თქვენ პაატა ბურჭულაძის პარტიას – „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმოადგენდით და მონაწილეობა მიიღეთ საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარად წალენჯიხიდან. მაშინ ვერ გაიმარჯვეთ. როგორ აღმოჩნდით ბურჭულაძესთან? 

– პირველი ახალი ძალის პრეზენტაცია პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა. იმ პარტიის წინაშე მაშინ მმართველმა ძალამ გაილაშქრა. წარმოდგენა რომ არ გვქონდა, ისეთი ბრძოლის მეთოდები – „ტროლთა ქარხანა“ და დაუნდობელი შეტევა პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოიყენა. ეს სისტემა რას შვება? სადაც ავტორიტეტია, იქ ცდილობენ ძირის გამოთხრას. მოგვიანებით, მსგავსი ამბავი იყო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, როცა თაღლითობა დააბრალეს. რომ ნახეს, პაატა ბურჭულაძეს ქველმოქმედებით ხალხის სიყვარული ჰქონდა, სწორედ ამ საქმიანობაზე მიიტანეს იერიში. საბოლოო ჯამში ვერც დანაშაული დაუმტკიცეს, მაგრამ საზოგადოებას მოახვიეს აზრი. 

ბურჭულაძესთან ჩემი დაკავშირება პირადმა კავშირებმა და იმ იდეამ გამოიწვია, რომ ახალი სუფთა ძალა შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში. საბოლოო ჯამში „სახელმწიფო ხალხისთვის“ გაერთიანდა კოალიციაში „ძალა ერთობაშია“. პაატა დღესაც აქტიურია ოპოზიციაში და დიდ პატივს ვცემ როგორც ჰუმანისტს და ქველმოქმედს, პრინციპულ ადამიანს. 

– 2020 წლის არჩევნებში რატომ აღარ მიიღეთ მონაწილეობა? 

– 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციას ვედექი გვერდში. მანამდე ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბს ვეხმარებოდი. 

– თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, წალენჯიხის მერობაზე კენჭისყრა შემოგთავაზეს თუ პირადად გადაწყვიტეთ? 

– ჩავთვალე, რომ აუცილებლად უნდა ჩავრთულიყავი. ვხედავდი ქვეყანა სად მიექანებოდა. მქონდა გამოცდილება წინა არჩევნებიდან, ძველი თანამებრძოლებიც ისევ დამხვდნენ და საბოლოო ჯამში გავიმარჯვე კიდეც. 

– მთავარი მიზეზი რა იყო, რამაც განაპირობა თქვენი, ერთადერთი ოპოზიციონერის გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?

– წალენჯიხის ამომრჩეველი. ხალხი გამობრძმედილია სამოქალაქო ომში, უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და 2003 წლის მოვლენებში. მათ არამარტო არჩევნებით საკუთარი პოზიციის გამოხატვა, არამედ ხმების თავგანწირვით დაცვაც შეუძლიათ. ასევე გუნდმა, კოალიციურმა ერთობამ მოიტანა გამარჯვება. ჩვენ გვიპირისპირდებოდა სახელმწიფო იდეოლოგიური მანქანა, ძალიან დიდი ფინანსები, შანტაჟი, მუქარა, მაგრამ მოვუგეთ. დამეხმარა ჩემი ბიოგრაფია, რაც წეღან უკვე მოგახსენეთ. მთელ ამ პერიოდში მუშაობის განმავლობაში ვერაფერი წამომაძახეს. პირიქით, ძალიან გამიადვილდა პოლიტიკაში დაბრუნება და მოსახლეობასთან ისევ საარჩევნო ამპლუაში შეხვედრა. 

– სხვამ რატომ ვერავინ შეძლო თქვენ მსგავსად გამარჯვება? რას ურჩევდით ოპოზიციონერ კანდიდატებს? 

– რთულია ამის თქმა. უმნიშვნელოვანესი იყო წალენჯიხელების თავგანწირული ბრძოლა. აქაც იყო მოსყიდვის და დაშინების მცდელობა. თავდაპირველად, მოსახლეობა შეხვედრებზეც ვერ გამოდიოდა, იმდენად დიდი რეპრესიული მანქანა აამოქმედეს. სწორად იყო საარჩევნო კამპანია დაგეგმილი, კოალიციური მოდელი სწორად იყო აწყობილი და მოსახლეობამ იცოდა, რომ იქნებოდა უკომპრომისო ბრძოლა; ჩვენ ყველა უბანში არა მარტო ხმას მივცემდით, არამედ ბოლომდეც დავიცავდით. ჩემი აზრით, გამარჯვება მაინც მოსახლეობის განწყობის დამსახურებაა. მანამდე სწორად შედგა ჩვენი კომუნიკაცია. თითქმის მთელი მუნიციპალიტეტი კარდაკარ ფეხით შემოვიარე. 

სოციალურად დაუცველები, სკოლის პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები – ეს ხალხი მცირე საბიუჯეტო ხელფასებით „მიბმული“ ჰყავდათ საარჩევნო ბაზაზე. ამას დაემატა პიროვნული მუქარა და მოსყიდვა. ასეთ პირობებში, მცირე უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მოსახლეობის სიმტკიცის და ორგანიზების დამსახურებაა. არ დაგვიშვია არცერთი კომპრომისი. მოსახლეობის მადლიერი ვარ. 

ძალიან დაგვეხმარნენ ჟურნალისტები, ყველაფერი შუქდებოდა. 

– უშუალოდ ხმების დათვლას რომ შევეხოთ, რეალურად შემოხაზული ბიულეტენები კომისიამ სწორად დათვალა? 

– ამომრჩევლებს დერეფნებში უხდებოდათ გავლა, სადაც გაუგებარი და ხელისუფლებასთან მიტმასნილი ადამიანები იდგნენ. ძალიან ძლიერი საარჩევნო ჯგუფი გვყავდა, უღალატოები და არც ერთ შემთხვევაში არ წასულან გარიგებაზე. 

ხელისუფლებამ დაამუშავა ვერაგული გეგმა. უბნებიდან საოლქო კომისიაში წასული დალუქული ბიულეტენების გადათვლა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ზუგდიდში, გადათვლამდე ვიღაც შეიპარა, ბიულეტენებს გადაუსვა კალამი, რაც გაბათილებას ნიშნავს. სულ რამდენიმე ხმით ვინც იგებდა ზუგდიდს, იმ უბანში მაჟორიტარ კანდიდატს ამ მეთოდით წააგებინეს. 14-დღიანი ვადა იყო საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე. 11 დღე საოლქო შენობა ალყაში მოვაქციეთ და ისე ვიცავდით, რომ ვინმე არ შეპარულიყო. მეორე დღეს ხარაჩოების მიდგმა დაიწყეს, მესამე სართულზე, ვითომ ფასადს არემონტებდნენ და ასე ცდილობდნენ ვინმე შემძვრალიყო შენობაში. ეს რომ ელჩებს ვუთხარი, მეტყველების უნარი წაერთვათ. სამ უბანში მოვიგეთ 3, 2 და 8 ხმით. რამდენიმე ბიულეტენზე ზედმეტი ხაზის ჩამოსმა და გაბათილება საკმარისი იქნებოდა. 

მე-11 დღეს დაიღალნენ კომისიაში ვინც იყვნენ, ჩვენი ალყა არ დაღლილა. საბოლოოდ გამოაცხადეს შედეგები. ყველაფერი გათვლილი გვქონდა და ზღვარზე გამოვიარეთ. 

– თქვენი გამარჯვების შემდეგ თემურ ჭყონიამ და მამუკა ხაზარაძემ თქვეს, წალენჯიხაში ბიზნესებს გავხსნით და იქ გადავალთო. ყველას ვაჩვენებთ, დემოკრატიულად როგორ იმართება ადგილიო. რა გააკეთა ან ჭყონიამ, ან ხაზარაძემ, აისახა რამე წალენჯიხაზე თუ შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა? 

– წალენჯიხამ დემოკრატიული არჩევნებით, თავისუფლების მიმართ ლტოლვით და ბრძოლით მიიქცია წარმატებული ბიზნესმენების ყურადღება. წალენჯიხამ შეიძინა მეგობრები. ამ ადამიანებმა იციან როგორ იმართება სახელმწიფო, როგორ მუშაობს მსოფლიო ეკონომიკა. მათი გადაწყვეტილება იყო იდეალისტური. მამუკა ხაზარაძე, თემურ ჭყონია, კოკა თოფურია, გელა თუთბერიძე – ეს ხალხი წალენჯიხის ყოველდღიურობაში არიან ჩართული. 

გამოჩნდა, რომ სადაც დემოკრატიაა, იქ მეტი კეთილდღეობაა. როგორც 2003 წელს დემოკრატიულმა გარღვევამ საქართველოში დიდი ინვესტიცია მოიზიდა, ასევე მოხდა წალენჯიხაში ამჯერად. გეტყვით, რით განსხვავდება დღევანდელი წალენჯიხა არჩევნებამდე არსებულისგან. არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემდეგ წალენჯიხამ შეიძინა მეგობართა ჯგუფი. „ფორმულა ჯგუფმა“ 1 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო ქალაქ ჯვარში, უნიკალური, თანამედროვე სპორტული ბაზის მშენებლობაში. მიმდინარეობს ჭადრაკის სახლის რეაბილიტაცია და განვითარდება წალენჯიხის ცნობილი საჭადრაკო სკოლა. „ფორმულა ჯგუფმა“ გამოსცა ტერენტი გრანელის ნახატები. ბევრმა არც იცის, ტერენტი რომ ხატავდა. ეს იყო საქართველოს კულტურის სივრცეში გარღვევა, რომელსაც რატომღაც კულტურის სამინისტრო სათანადოდ არ გამოეხმაურა. ჩვენ 900-მდე ნახატი აღმოვაჩინეთ, რომელიც შესრულებული იყო რეცეპტის ნაგლეჯებზე თუ შპალერის ნახევებზე, ბლოკნოტის ფურცლებზე. ხატავდა მაშინ, როცა ის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჰყავდათ გამომწყვდეული. 

ჩემი მანქანა რომ დაწვეს, იქ მქონდა ნახატების ნაწილი. გადარჩენილი ეგზემპლარები ძალიან ძვირფასია. 

– თქვენი მანქანა გასული წლის ოქტომბერში დაიწვა. საქმე გამოიძიეს? 

– გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელოვნურად არის ხანძარი გაჩენილი. დამნაშავის გამოვლენა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჩემ სახლთან, 200 მეტრშია პოლიციაც და სახანძროც და რომ მოენდომებინათ, მაშინვე იპოვიდნენ. 

– მაშინ თქვენ თქვით, რომ პოლიტიკური ნიშნით დაგიწვეს მანქანა. პოლიტიკური ნიშნით ფიზიკურადაც უსწორდებიან ხოლმე ოპონენტებს. თქვენ თუ დაგხვედრიათ ვინმე და თუ მოგიწიათ ოდესმე თქვენი სპორტული შესაძლებლობებით თავის დაცვა? 

– პირადად ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევა არ მქონია. მაგრამ, როცა ოჯახი გყავს, მათ თვალწინ მანქანას წვავენ, ბავშვები ამას ხედავენ, ეს გათვლილია პიროვნების დასასტრესად და გასატეხად. ამასთან, სახელისუფლებო მედიები მუდამ გიტევენ, რასაც გააკეთებ, ყველა საქმის დაკნინებას ცდილობენ – იმედი აქვთ, რომ წალენჯიხას ჩააქრობენ როგორც იდეას და გამაჩერებენ მეც. მაგრამ არც მე ვჩერდები და წალენჯიხაც ვითარდება. 

რა გაკეთდა – მაგას განვაგრძობ. ორგანიზაცია EECMD-მა (აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის) „დემოკრატიის ჰაბი“ გახსნა წალენჯიხაში, სადაც ახალგაზრდებისთვის, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის შეხვედრები და სემინარები მოეწყობა. 

ამასთან, წალენჯიხაშია ანტისაოკუპაციო მოძრაობა. ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს თემურ ჭყონია, რომელიც საიმედო პარტნიორია განათლებაში ინვესტირებაში და უკრაინის მხარდაჭერაში. მიმდინარეობს საინტერესო პროექტზე (რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი) მუშაობა საქართველოს უნივერსიტეტთან. ასევე, საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი აღუდგინა წალენჯიხელ 18 სტუდენტს, რაც თანხობრივად 44000 ლარია.
 
მამუკა ხაზარაძე წალენჯიხის ბიბლიოთეკის სრულ რეინვენტარიზაციას აფინანსებს, გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით, შესანიშნავი წიგნის ფონდით უზრუნველყოფილი ბიბლიოთეკა, გვაქვს თანამედროვე სამხატვრო სალონი, სადაც ნახატების გამოფენა იმართება. 

წალენჯიხაში ამოქმედდა ნიკო კვარაცხელიას სახელობის „აიტი სკოლა“ – უნიკალური პროექტი, სადაც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები პროგრამირებას ასწავლიან ახალგაზრდებს იმ ხარისხით, რომ ისინი საქართველოში დასაქმდებიან. ასეთ ძვირადღირებულ განათლებას უფასოდ იღებენ. უკვე მეორე გამოშვება შედგა, 90-ზე მეტმა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა სკოლა და ყველაზე წარმატებულებს საბანკო სისტემა ასაქმებს. 

მამუკა ხაზარაძის დახმარებით ჰოლანდიიდან ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, რომლებმაც წალენჯიხის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმაზე დაიწყეს მუშაობა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სფეროში რა დარგებში შეიძლება მუშაობა – კვლევები მიმდინარეობს. ასევე ტურიზმის მიმართულებით მიდის შესწავლა. 

ჩავატარეთ წიგნის ფესტივალი, ხატვის კვირეულები. 

ხაზარაძემ აგრეთვე შეიძინა ფართი აუქციონზე, სადაც განათლების, ხელოვნების და კულტურის ჰაბი შედგება. იქ იქნება რეჟისორ ოთარ ეგაძის თეატრი, მისი წარმომადგენლები იქნებიან წალენჯიხაში. 

მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა იქნება წალენჯიხაში. 
განათლებაში, სპორტში ისეთი კერები იქმნება, რომ მშობელს არ მოუწევს განათლების მისაღებად შვილის დედაქალაქში გაშვება. თან, ეს მხოლოდ წალენჯიხელებისთვის კი არ იქნება, ზუგდიდიდან, მესტიიდან, ჩხოროწყუდან, სენაკიდან, ფოთიდან ჩამოვლენ ბავშვები. 

ხაზარაძის ინიციატივით იხსნება „იუვენტუსის“ ფეხბურთის აკადემია, სადაც კონკურსის გავლით 100 ბავშვი უფასოდ ივარჯიშებს. 

წალენჯიხა ხდება მიზიდულობის ცენტრი მრავალი მიმართულებით, რაც სოციალურ განვითარებაში ითარგმნება. მეტი ხალხი შემოვა მეზობელი რაიონებიდან, ამუშავდება მცირე ბიზნესები. მაგალითისთვის, მხოლოდ 2022 წელს, მეგობართა კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებებით, კერძო სასტუმროების საწოლფონდის დატვირთვა გაორმაგდა. 

მიგრაციას ვაჩერებთ. ახალგაზრდა აქ რჩება, თავის განათლებას საკუთარ რეგიონს და ქვეყანას მოახმარს და არ უწევს საზღვარგარეთ გადახვეწა. 

– „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზოგჯერ ამბობენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ ხალხის გადინებას შეუწყო ხელი, ხან კი აქედან ევროპაში სამუშაოდ წამსვლელებს გამგზავრებაში დახმარებას ჰპირდებიან. 

– ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია გამარტივებულ მიმოსვლას ნიშნავს, მაგრამ მოიცავს კულტურულ ურთიერთობას, ხელოვნებას, სპორტს. ევროკავშირში ევროპელი მოქალაქის მსგავს ყოფნას. თორემ, ეს არ ნიშნავს, რომ აქედან ხალხი სამუშაოს საძებრად წავიდეს. 

ხელისუფლების მოვალეობაა, რომ ადამიანს აქ შეეძლოს დასაქმდეს. ესენი ცდილობენ ევროპის მიმართ მცდარი დამოკიდებულება გააჩინონ. ასევე, მათი მიზანია საქართველოში საშუალო კლასი არ შეიქმნას. საშუალო კლასი არ არის გაყიდული და ყველაზე მომთხოვნია. მას მეტი თავისუფლება და მეტი კეთილდღეობის სტანდარტები სჭირდება. ამიტომაც, ხელისუფლება ადგილზე გაუსაძლისი პირობების შექმნით ახდენს საშუალო კლასის ფაქტობრივ დეპორტაციას. 

– რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლაზე რას ფიქრობთ, უნდა იყოს რამე ფილტრი თუ დაუბრკოლებლად უნდა შემოდიოდნენ? 

– აქ არის ფილტრი, ოღონდ, უკუღმა. ადამიანებს, ვინც პუტინის რეჟიმს უპირისპირდება, საქართველოში თითქმის არ უშვებენ, სამაგიეროდ, გაურკვეველი მენტალობის, სპეცმომზადების ხალხისთვის კარი ღიაა. ხომ შეიძლება ამათ მსხვერპლად წარმოაჩინონ თავი და რუსეთმა ისევ ჩაატაროს სპეცოპერაცია საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით? უკრაინის „მწვანე კაცუნების“ მსგავსი რამე აქაც არ არის გამორიცხული. 

განვითარების ყველა შესაძლო ვერსიაში საქართველო მოწყვლადია უსაფრთხოების მხრივ. უკრაინაში მარცხის ფონზე კრემლს შეიძლება პატარ-პატარა გამარჯვებები დასჭირდეს. ამ დროს, ჩვენი ჯარი ბოლო 10 წელი არ გაძლიერებულა, დემორალიზება ხდება, პოლიციაც იდეალების გარეშე დარჩა. 

კონსტიტუცია ყველას გვავალებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. როგორ შეიძლება ხელისუფლება იყოს ლეგიტიმური, რომელიც ყველა ტექსტით არღვევს კონსტიტუციას და დასავლეთის წინააღმდეგ მიდის? 

ჩვენ გვყავს იდეოლოგიურად რუსი ხელისუფლება, რომელსაც თავგანწირვაზე ჯარი არ გაჰყვება. ჯარი არის იდეა. 300 სპარტელი და 100 ხევსური იყო იდეა. დღეს უკრაინა არის იდეა, რომელიც თავგანწირვით იბრძვის საკუთარი სახელმწიფოებრიობისთვის და გაიმარჯვებს კიდეც. 

– ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანაში „ომი გინდათ“ დაშინება მოდური გახდა... 

– ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი შანსი გვაქვს იმ ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად – ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. 

„ოცნება“ არასდროს იფიქრებს აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაზე. მათი მოდელია მესამე სუბიექტად თბილისის იქით მიერთება. მათ აგრესიაში გამოიხატება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არ აინტერესებთ. 

– „სახელმწიფო მოხელე“ ჰქვია ჩვენს რუბრიკას. დიდი ხანია თქვენ რაც სახელმწიფო მოხელის თანამდებობას იცნობთ – ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული. თქვენი შეფასებით, როგორ იცვლება ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეების დამოკიდებულება ამ თანამდებობის მიმართ? 

– ძალაუფლება სახელმწიფოს მიერ სრულიად უზურპირებულია – პარლამენტშიც და მთავრობაშიც. უზურპირებულია სასამართლოც და თვითმმართველობაც. ბიუჯეტი არის პარტიული სალარო. სახელმწიფო მოხელეს ამ სისტემაში მხოლოდ მინიმალური როლი აქვს: გაატაროს ცენტრის პოლიტიკა. აბსოლუტურად არ აქვს თავისუფლების ხარისხი შემორჩენილი. 

ახლაც და ადრეც, ყოველთვის ვცდილობდი თვითმმართველობაში მოქალაქის შემოყვანას. ახლახან ჩავატარეთ სათემოს საბჭოების არჩევნები, ათზე მეტი სათემო საბჭო გვაქვს, გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი ძალაუფლება დავუბრუნე მოქალაქეებს და ვეუბნები – თქვენ ხართ ძალაუფლების წყარო და თქვენ უნდა იყოთ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული. დღევანდელ პირობებშიც კი, შევძელით დინამიკის შენარჩუნება. ჩვენთან რეალური დებატებია, გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქის როლი არის წამოწეული. სახელმწიფო მოხელე უნდა იყოს იმ შეკვეთის შემსრულებელი, რასაც მოქალაქე აძლევს და არა იმ დაკვეთის, რასაც ვერტიკალი ავალებს. 

– როგორია ტენდენცია, რას ატყობთ? 

– რაც უფრო ავტოკრატია მყარდება, მით უფრო მინიმალური ხდება საჯარო მოხელის როლი რეალურ პროცესებში. 

გახსოვთ, პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი დადგენილება რომ მიიღო ოკუპანტის ხსენების გარეშე? დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. უკრაინის მხარდამჭერ ტექსტში არ იყო აღნიშნული, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, არაფერი იყო ნათქვამი ჩვენს მდგომარეობაზე. ამ ფონზე, წალენჯიხის მერიამ უკრაინის ხალხს ბევრად მეტი მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დიპლომატიით, ვთქვით, რომ რუსეთი ოკუპანტია და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინის ქალაქებს და სოფლებს. 

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ჩემმა მოადგილემ გააკეთა განცხადება რადაში. აღფრთოვანებით მიიღეს. შემოგვითვალეს დამეგობრების სურვილი. ამასობაში ომიც დაიწყო. 24 თებერვალს გავედით წალენჯიხის საოკუპაციო ხაზზე და იმ დროს ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობ კაცს – ქალაქ იავოროვის მერს, იგორ გრაბოვსკის დავუდასტურე მეგობრობა. მოვუწოდე საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტის მერებს, რომ ომის პერიოდში, ჰუმანიტარული მისიით თითო უკრაინულ ქალაქს ამოვუდგეთ მხარში. როცა ომი მორჩება და აღმშენებლობა დაიწყება, ჩვენ დაგვრჩება სახალხო დიპლომატიის ლეგენდარული ისტორია, რომელიც დროს გაუძლებს. არავინ გამოეხმაურა, რადგან თავის გადაწყვეტილებებში არ არიან თავისუფალი. ეს არის პასუხი კითხვაზე, როგორია დღევანდელი სახელმწიფო მოხელის ინსტიტუტი. 

მოგვიანებით ხომ ყველა აფორიაქდა და აწვდიან გენერატორებს? პირველი გენერატორი გასული წლის აპრილში ჩვენ ჩავიტანეთ, მაშინ უკვე ქალაქი იბომბებოდა, დენი ითიშებოდა და დიზელ-გენერატორებზე გადადიოდა. ჰუმანიტარული მისიისთვის შევაგროვეთ წყალსაქაჩის ტუმბო, დამხმარე ნაწილები, გენერატორისთვის საჭირო თანხა, მედიკამენტები. მოსახლეობამ 5-5 და 10-10 ლარით შეაგროვა. ეს იყო წალენჯიხელების გულწრფელი თანადგომა. შემდეგ ჩავედი ჯერ იავოროვში, შემდეგ კიევში და თვითონ გადავეცი ეს ჰუმანიტარული ტვირთი.
 
– უკრაინაში ფრონტის ხაზზეც ხომ არ გიბრძოლიათ? 

– 2 კვირით ვიყავი ჩასული და აქედან 12 დღე ჩვენს მებრძოლებთან გავატარე. ფრონტის ხაზზე არ ვყოფილვარ, მაგრამ სადაც ოპერაციები იგეგმებოდა და საიდანაც გადიოდნენ – იქ ვიყავი. ამაღელვებელ სიტუაციაშიც მოვხვდი. ადგილობრივ მაღალი რანგის სამხედროსთან და ერთ-ერთ დანაყოფთან ერთად სამხედრო ფიციც მივიღე. 

– წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვება თებერვლიდან უფასო გახდა. როგორ გახდა შესაძლებელი? 

– ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. ბიუჯეტის მონაწილეობა ქალაქების და სოფლების კეთილმოწყობაში იყო ნული. ახლა უბანი და ადგილი არ არის, სადაც მცირე თუ დიდი პროექტები არ ხორციელდება. საკმაოდ მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ კორუფციისგან და „ოცნების“ პარტაქტივის დასაქმების ხარჯიდან გამოთავისუფლებული თანხით ბავშვთა კვება დავაფინანსეთ.
 
ჯერ ბაღში, ბავშვის სამჯერადი კვების თანხა შეადგენდა დღეში 1.7-1.9 ლარს. ჩვენ ჩავატარეთ რეფორმა, შევუსაბამეთ სტანდარტს და გამოთავისუფლებული თანხის ხარჯზე ავიყვანეთ 4.1 ლარამდე. ბავშვის სრულფასოვანი კვებისთვის 1600 კალორიაა სტანდარტი, მანამდე კი 900 კალორიაზე ჰქონდათ დაყვანილი. შემდეგ უკვე სკოლას შევეხეთ და პირველკლასელების კვებაც დავაფინანსეთ. ყველა მშობელს არ აქვს ყოველდღე 3-4 ლარი, რომ ბავშვს გაატანოს. მომავალში მეორე და მესამე კლასელებსაც მოვიცავთ.
 
იგივე რესურსით ვაფინანსებთ შშმ პირების ხელშეწყობას თუ ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. ტექნიკა ვიყიდეთ გზების მისახედად. ერთადერთი გრეიდერი მუნიციპალიტეტს გაქირავებული ჰქონდა. დავიბრუნეთ. აგრეთვე ვმუშაობთ დონორებთან ინფრასტრუქტურის თუ სოციალური პროექტების დაფინანსებისთვის. 

– სულ რამდენ ადამიანს აერთიანებს მუნიციპალიტეტი, სადაც თქვენი უფლებამოსილება ვრცელდება და რამდენია ბიუჯეტის მოცულობა? 

– 2014 წლის აღწერით 26.000-მდე მაცხოვრებელია, აერთიანებს 14 ერთეულს. აქედან 2 ქალაქია – წალენჯიხა და ჯვარი. თითქოს მცირე მუნიციპალიტეტია, მაგრამ დიდი საჭიროებებია. რომ მოვედით, ბიუჯეტი 11.5 მლნ-მდე იყო, ახლა 13 მილიონია. 

რაც დაგვხვდა, ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მიდიოდა ხელფასებზე, მაგრამ მაშინაც კი ყველაზე მწირი ხელფასები წალენჯიხაში იყო. გათვალისწინებული იყო სახელფასო ზრდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის. ეს პროცესი შევაჩერეთ, თანხა მთლიანად გამოვათავისუფლეთ და 25%-ით გავუზარდეთ ხელფასი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებს: ბაღების პედაგოგებს, ხელოვნების, კულტურის მუშაკებს, კომუნალურ სამსახურებში მომუშავეებს... მეორედ მატება შევძელით 2022 წლის შემოდგომაზე, მესამე მატება ახლაა. პირადად მე კი ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს საქართველოში მერებს შორის. 

– მიხეილ სააკაშვილის შესახებ გკითხავთ – როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მისი სამკურნალოდ ევროპაში გაშვება? 

– სააკაშვილი მძევალია. მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვა გატოლებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან, რაც 12-პუნქტიან გეგმაშიც არის ასახული. ევროპა გვეუბნება – გვქონდეს ნორმალური სასამართლო, ხელისუფლების ისეთი ბალანსი, რაც ძალაუფლების უზურპაციას გამორიცხავს; გვქონდეს სწორი საბაზრო ეკონომიკა, არ გვყავდეს პოლიტპატიმრები... მოკლედ, გვქონდეს ცივილიზებული სახელმწიფო. ერთ-ერთი მიმართულებაა პოლიტპატიმრები არ იყვნენ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან. 

მნიშვნელოვანია უკრაინის დამოკიდებულება და დასავლეთის პოზიცია, მაგრამ მისი სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილების მიღწევა მხოლოდ იმ სიმწვავის სამოქალაქო პოლიტიკური აქტივობებით არის შესაძლებელი, რომელიც ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას აიძულებს. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ისტორიას აქვს საკუთარი ლოგიკა. 2008 წლის ომის სამხედრო დანაშაულის ბრალდებაში ჰააგაში საქართველო სრულად გამართლდა, აი, ბრალმდებელი პუტინი კი იმავე ჰააგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მასზე დაპატიმრების სანქცია გასცა. ისტორიისვე ლოგიკით მიშას ადგილი დემოკრატიულ სამყაროშია. 

– ბოლოსკენ, თქვენი მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით – პოლიტიკაში აპირებთ ყოფნას, ბიზნესში თუ შესაძლოა სულაც განათლებას ან სპორტს დაუბრუნდეთ? 

– პოლიტიკურად იმდენად დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, რომ ბოლომდე უნდა დავიხარჯო ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, ამხელა ნდობას გამართლება სჭირდება. 

– იმედგაცრუების მოლოდინი და შიში ხომ არ გაქვთ? 

– ვფიქრობ, რომ მაქსიმალური თვითგამოხატვა ადამიანებამდე მიდის. ბოლო პერიოდში ამ აქტივობას არა მხოლოდ წალენჯიხის მასშტაბით, არამედ საერთო ქართულ პოლიტიკაშიც ვფიქრობ. წალენჯიხას ამბიცია აქვს, რომელსაც მე წარმოვადგენ და წალენჯიხა მუდმივად არის საპროტესტო აქციებზე. ჩვენ ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნებით. 

ეს ხელისუფლება ხალხის დაკვეთას კი არ ასრულებს, რომლის 81% ევროკავშირში შესვლას ითხოვს, არამედ ასრულებს ოლიგარქიული ჯგუფის და კრემლის მითითებას. ამიტომ, სხვა გზა არ დაგვრჩენია, ჩვენი ძალაუფლება უნდა დავიბრუნოთ. თავგანწირვად ღირს ეს ყველაფერი, ეს არის ცხოვრება, ეს არის ადამიანის დანიშნულება. „პოლიტიკა არ მინდა“ მავნე დამოკიდებულებაა. შენ თუ არ მიხვალ, ის ცუდი პოლიტიკა მოვა შენთან. 

– ოჯახის შესახებ რას გვეტყვით? 

– მყავს მეუღლე, დედა. მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მყავს სამი შვილი. უფროსმა ქალიშვილმა დაამთავრა უნივერსიტეტი და ფილოსოფიური მიმართულებებით აგრძელებს, რაც ძალიან მსიამოვნებს. შუათანა ქალიშვილი იურისტია, უმცროსი ვაჟი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა საით წავა. სპორტში რაღაც ჯერ ვერ ამიბა მხარი, მაგრამ ვნახოთ. 

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

– თავისუფალ დროს სპორტი და წიგნი.
 
– დღემდე ვარჯიშობთ? 

– წალენჯიხაში დარბაზი გავაკეთე და ჩემს აღზრდილ ერთ-ერთი ინსტრუქტორს ჩავაბარე. ახლა როგორც სტაჟიანი და გამოცდილი, ხან დარბაზში მივდივარ სავარჯიშოდ, თუ არადა, პარკში, ჩემთვის, იქვე. მუდმივად ვვარჯიშობ. 

– ზოგს მოგზაურობა უყვარს. 

– მე თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი იაპონელებთან, კალიფორნიის შტატში. მათთან უნდა იცხოვრო, თუ გინდა მათ საბრძოლო ხელოვნებასთან რეალური კავშირი გქონდეს. როცა იქ ვცხოვრობდი, იმ სამყაროში ვიყავი, რაც მინდოდა. ყველა პერსპექტივაც მქონდა, რომ იქვე დავრჩენილიყავი, მაგრამ ჩემი ქვეყნის ამბავი მღრღნიდა და მაინც დავბრუნდი. სხვა სამყარო მხოლოდ ისტორიის გაცნობის მოტივაციაა, თორემ ჩემი სამშობლო, მიწა, ეს ქვეყანაა ჩემთვის კომფორტი თავისი სირთულეებით და თავგადასავლებით. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი