ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები – #1(1), 2004
ყველაზე მდიდარი მდიდართა შორის

ჩუკოტკის გუბერნატორი რომან აბრამოვიჩი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანად დასახელდა. მისი აქტივები 7,2 მლრდ. ფუნტადაა შეფასებული. 37 წლის აბრამოვიჩმა უმდიდრეს ბრიტანელთა სიაში კონცერნ Tetrapack-ის მფლობელს, ჰანს რაუსინგსა და ქვეყნის უმსხვილეს მიწათმფლობელს, უესტმინსტერის ჰერცოგსაც კი გაუსწრო. უმდიდრეს ბრიტანელთა 300-კაციან სიაში 29 მილიარდერია. სამასი მდიდრიდან 196 ადამიანი საკუთარი ბედ-იღბლის შემოქმედს წარმოადგენს - მათ ქონება მემკვიდრეობით არ მიუღიათ. მდიდრების ერთობლივი ქონება 147,3 მლრდ ფუნტია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 28%-ით აღემატება.

თავად აბრამოვიჩის კაპიტალი ნავთობის, საავიაციო და ფარმაცევტულ ბიზნესშია დაბანდებული. მას სამი იახტა (ჯამური ღირებულება 150 მლნ ფუნტი) ორი შვეულმფრენი და პირადი თვითმფრინავი აქვს. მასვე ეკუთვნის სასექსის საგრაფოში მდებარე სასახლე, რომელიც 60 მლნ ფუნტადაა შეფასებული.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" - იგი დღესდღეობით 260 მლნ ფუნტი ღირს. აქედან 140 მლნ ფუნტი აბრამოვიჩმა ფეხბურთელების შეძენაში დახარჯა. ბრიტანული პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გამდიდრების ასეთი ტემპი ჯერაც არ დაფიქსირებულა და სრულიად აშკარაა, რომ უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვედრისათვის სულაც აღარაა აუცილებელი მდიდარი მემკვიდრეობის მიღება.

"ვოლვო" წამგებიანია?

შვედურმა ავტოგიგანტმა, "ვოლვომ" განაცხადა, რომ პირველი კვარტლის შედეგებს წამგებიანად მიიჩნევს. თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. საქმე ისაა, რომ "ვოლვოს" სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების მწარმოებელმა ქვეგანაყოფმა VOLVO AB-მ ევროკომისიის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ქვეკომისიის მოთხოვნით "მოიშორა" SCANIA-ს აქციები და მათი ღირებულება ჩამოწერა. 

SCANIA მძიმე მანქანების მეორე უმსხვილესი შვედური კონცერნია, რომელიც რამდენიმე წლის წინ "ვოლვომ" აქციების შესყიდვის შედეგად შვილობილ კომპანიად აქცია. ბაზარზე მსხვილი მონოპოლისტის გამოჩენას აქტიურად შეეწინააღმდეგნენ სხვა ევროპელი მწარმოებლები. დემონოპოლიზაციის შედეგად შეიქმნა კომპანია Ainax, რომლის დამფუძნებლებად SCANIA-ს აქციონერები იქცნენ. "ვოლვომ" SCANIA-ს საკონტროლო პაკეტი მოიშორა და იგი Ainax-ის ხელმძღვანელობას მართვაში გადასცა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ SCANIA-ს აქციებთან განშორებით "ვოლვოს" გული დიდად არ დასწყვეტია - SCANIA -ს მიერთებამ მას ხეირი ვერ ანახა და ისედაც წაგებაზე მომუშავე კომპანიის მოშორებით "ვოლვომაც" ამოისუნთქა.

ჩინელები კაპიტალიზმს აშენებენ

ჩინეთის კონსტიტუციაში განხორციელდა საეტაპო ცვლილება - ქვეყნის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც კერძო საკუთრების უფლებას იცავს. ამ კანონთან ერთად პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კანონმდებლობის პაკეტიც დაამტკიცა. ზოგიერთი ხარვეზის მიუხედავად, ახალი კანონმდებლობა ჩინელი მეწარმეების ხანგრძლივი ლობირების შედეგად მაინც დამტკიცდა და ქვეყანა უკვე კანონიერ ნიადაგზე იწყებს კაპიტალისტური წარმოების აქამდე დეფაცტო, მაგრამ არალეგალური წესის ლეგალიზებას.

საყურადღებოა ისიც, რომ კონსტიტუციით ხელშეუხებლობა მიიღო ადგილობრივმა კერძო საკუთრებამ, ანუ იმ საწარმოებმა და კომპანიებმა, რომელთა სააქციო კაპიტალი მთლიანად ჩინურია. კანონში არაფერია ნათქვამი ერთობლივ და მითუმეტეს მთლიანად უცხოური მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შესახებ კონსტიტუციური ნორმა ჩინურ კანონმდებლობაში აუცილებლად გაჩნდება, ოღონდ შესაძლოა ეს მოხდეს... 20-ოდე წლის შემდეგ, ვინაიდან ჩინეთში რეფორმის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით ამდენივე წელი გავიდა!