ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
კლასობრივი ბრძოლის 30 წელი - #1(58), 2019
ავტომობილების კლასიფიკაცია გაბარიტების მიხედვით 

ახალი თუ მეორადი ავტომობილის თითქმის ყველა მყიდველი ცდილობს იმავე თანხით უფრო მაღალი კლასის ავტომობილის შეძენას. ბევრი საერთოდ უარს ამბობს ახალი მანქანის შეძენაზე, რადგან მეორად ბაზარზე ერთი ან სულაც ორი კლასით მაღალი ავტომობილი მოუვა. ამ სტატიაში შევეცდებით გავერკვეთ მსუბუქი ავტომობილების კლასებში, როგორ იცვლება სიტუაცია დროთა განმავლობაში და დავრწმუნდეთ, რომ კლასიფიკაციის ეს სისტემა იდეალური არ არის. 

საერთოდ ავტომობილების კლასებად დაყოფის იდეა ლოგიკურია, მაგრამ ერთიანი კლასიფიკაციის შემუშავება მაინც ვერ მოხერხდა და როდესაც ვახსენებთ, მაგალითად A-კლასს ან თუნდაც C-კლასს, ვიყენებთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პირობით კლასიფიკაციას, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წელს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ შემოიღო. ამ ორგანიზაციის საწყისი დოკუმენტი გამოარჩევს ცხრა საკვანძო კატეგორიას: სპორტქარები მიაკუთვნეს S-კლასს, მინივენები და სხვა მრავალმიზნობრივი გამოყენების ავტომობილები M-კლასს, G-კლასში კი შეიყვანეს `ჯიპები~ და ქროსოვერები. დარჩენილი მსუბუქი ავტომობილები კი 6 კლასად დაჰყვეს და A-დან F-მდე ლიტერით აღნიშნეს. ამ 6 კლასში ავტომობილების გადანაწილება ძირითადად ზომის მიხედვით მოხდა, მაგრამ ზღვარი კლასებს შორის იშლება ისეთი მონაცემებით, როგორიც არის ფასი, პრესტიჟულობა, აღჭურვის დონე და სხვა. 

მიუხედავად ამისა, ევროპის ფარგლებშიც კი არ არის ერთიანობა კლასებთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, შეფასების სიტემა EuroNCAP-ში ქროსოვერები და მინივენები თავის კლასის შიგნით დაყოფილია ზომის მიხედვით. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეფასების რამდენიმე სისტემა არსებობს, მათგან ყველაზე პოპულარულია გარემოს დაცვის სააგენტოს კლასიფიკაცია. აქ შეფასების და კლასებად დაყოფის მთავარი კრიტერიუმია სამგზავრო და საბარგო შიდა სივრცეების ჯამური მოცულობა. 

მსუბუქი ავტომობილების საკუთარი კლასიფიკაცია არსებობს ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში. ამ უკანასკნელში საგზაო ინფრასტუქტურის გადატვირთულობის გამო ცალკეა რეგლამენტირებული ე.წ. ქეი-კლასი. ასეთ მანქანებს მკაცრად შეზღუდული გაბარიტები, მოტორის მოცულობა და სიმძლავრე აქვს, მაგრამ მის შეძენას ბევრი ბონუსი მოაქვს. მაგალითად, იაპონიაში დიდგაბარიტებიანი მანქანა რომ იყიდო, საპარკინგე ადგილიც უნდა გქონდეს, ქეი-კლასის შეძენისას კი არც საპარკინგე ადგილის ქონაა აუცილებელი და ასეთი ავტომობილის ყიდვას ასევე საგადასახადო შეღავათებიც ახლავს. მოკლედ, ერთიანი კლასიფიკაცია არ არსებობს და მისი შემუშავება არა მხოლოდ უაზროა, არამედ პრაქტიკულად შეუძლებელი. მიუხედავად ამისა, მოდით გავიცნოთ ყველაზე პოპულარული ევროპული კლასიფიკაცია და დავრწმუნდეთ, რომ კლასებს შორის ზღვარი უკვე დიდი ხანია გარღვეულია. 

A-კლასი 

ტიპური წარმომადგენლები: Fiat 500, Peugeot 108, Chevrolet Spark.
 
ეს გახლავთ ყველაზე მინიატურული კლასი, ამასთან ერთად ყველაზე გამოკვეთილი. საქმე ის არის, რომ აქ მცირე გაბარიტი კლასის მთავარ არსს წარმოადგენს. ამ მანქანების მყიდველთათვის მნიშვნელოვანი სწორედ მათი მინიატურულობაა, ნორმალურ შიდა სივრცესთან და აღჭურვასთან ერთად. ეკონომიურობის და გადატვირთული საქალაქო ინფრასტრუქტურის (პარკირების სირთულე, გადასახადები) გამო ყველაზე დიდი პოპულარობა ამ მანქანებმა ევროპაში მოიპოვა. ამერიკაში შედარებით იაფი საწვავის გამო, მათზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, დღევანდელი A-კლასი მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც ამ სიტყვაში გულისხმობდნენ რამდენი ათწლეულის წინ. საკმარისია თვალი გადავავლოთ აღნიშნული კლასის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომ ჩავწვდეთ საქმის არსს. დღეს A-კლასის ავტომობილების გაბარიტები 3,6 მეტრის სიგრძის ფარგლებში მერყეობს. დაახლოებით ამ ზომის არის თანამედროვე Fiat 500, მისი წინაპარი კი, რომელიც 1950-70-იან წლებში გამოდიოდა, მხოლოდ 2,97 მეტრის სიგრძის იყო. ასეთი გაბარიტების ავტომობილისთვის ნახევარი მეტრი უზარმაზარი სხვაობაა. 

კიდევ ერთი მაგალითი Mini-ა. ორიგინალური 1950-ანი წლების ბოლოს გამოშვებული Morris Mini 3 მეტრს არ აღემატებოდა, ამჟამინდელი მესამე თაობა კი 3,82 მეტრამდე `გაიწელა~, ანუ თითქმის მეოთხედით. მოკლედ კომპაქტი გავიდა თავისი კლასის ფარგლებიდან, 3,8 მეტრი ხომ უკვე B-სეგმენტის ავტომობილების ტერიტორიაა.
 
როგორც წესი, ამ კლასის მანქანებს უპირატესობას ქალბატონები ანიჭებენ. მათ უფრო უადვილდებათ პატარა ავტომობილის გაბარიტების კონტროლი, ვიდრე მაგალითად, დიდი სედანის.

B-კლასი 

ტიპური წარმომადგენლები: Ford Fiesta, Volkswagen Polo, Skoda Fabia. 

B-კლასი – ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამედროვე `საავტომობილო ფალსიფიკაციაა~. მკაცრი შეფასებით, ამ კლასს მიეკუთვნება ავტომობილი, რომლის სიგრძეც 4,1 მეტრს არ აღემატება, ანუ ის კლასიკური 5-კარიანი ჰეთჩბექები საბარგულისმაგვარი განყოფილებით, რომლებიც ასე უყვართ ევროპაში. მოდელები რეგულარულად ახლდება და პოპულარობას ინარჩუნებს, თანაც კლასის საზღვრებს არ სცდება. მაგალითად. აქტუალური მესამე თაობის `ფაბია~ 4 მეტრიან საზღვრებში ეტევა, `ფორდ ფიესტა~ და `ფოლკსვაგენ პოლო~ კი მასზე 4-5 სანტიმეტრით გრძელია. თუმცა, პოტენციური მყიდველი თავის პირობებს კარნახობს და მოთხოვნის საპასუხოდ ბაზარზე თავი მოიყარა იაფიანმა სედანებმა, რომელთა ჰეთჩბექის ტიპის ძარაზე არაბუნებრივად მიადუღეს საბარგულები (Peugeot 206, Ford Fiesta, Volkswagen Polo Sedan). მათი გაბარიტები მიუახლოვდა C-კლასის სედანებს, მაგრამ ამ სეგმენტში `ფეის-კონტროლის~ გამო არ შეუშვეს შესასვლელთან მდგომმა მკაცრმა მარკეტოლოგებმა. 

ამგვარად B-კლასში შევიდა ის მანქანებიც, რომლებიც გაბარიტებით C-კლასს მიეკუთვნება (Skoda Rapid 4,5 მეტრია), მაგრამ პრესტიჟულობით ამ სეგმენტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. 

C-კლასი 

ტიპიური წარმომადგენლები Volkswagen Golf, Ford Focus, Toyota Corolla. 

C-კლასი ერთი მხრივ შეიძლება მივიჩნიოთ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ სეგმენტად, მეორე მხრივ კი მისთვის არც უფრო დაბალი B-კლასის `ცოდვებია~ უცხო. EuroNCAP-ის სპეციალისტები ამ კლასის ავტომობილებს `კომპაქტურ საოჯახოს~ უწოდებენ. კლასის თანამედროვე წარმომადგენლები 4,5-4,6 მეტრის სიგრძისაა. აქ უნდა გავითვალისწინოთ სხვაობა ერთი და იმავე მოდელის ჰეთჩბექსა და სედანს შორის, რომელიც საერთო ბაზის პირობებშიც 40-მდე სანტიმეტრს აღწევს, როგორც ეს ერთ ლიგაში მოთამაშე Volkswagen Golf-სა და Jetta-ს შემთხვევაშია. D-კლასს უახლოვდება Skoda Octavia (4,67 მეტრია), არადა "საშუალო ზომის" ავტომობილად ადრე სულ სხვა მოდელები მიიჩნეოდა. იგივე "გოლფი" პირველ თაობაში 3,8-მეტრიანი იყო, რაც დღევანდელ B-კლასზე ბევრად ნაკლებია. "გოლფი", რა თქმა უნდა აბსოლუტური ეტალონი არაა, მაგრამ გაბარიტების ზრდის ტენდენციას კარგად ასახავს.
 
კლასიფიკაციაში არეულობა პრემიუმ ბრენდებს შეაქვთ. ყველაზე მკვეთრი მაგალითი Mercedes-Benz C კლასია. მისი სახელწოდება არაორაზროვანია, მაგრამ ყველა კლასიფიკაციით პირველი C-კლასიც და მისი წინამორბედი მოდელი W201-იც მიეკუთვნება უფრო მაღალ და პრესტიჟულ D-კლასს, არადა გაბარიტებით ისევ C კლასს წარმოადგენს. არის მოსაზრება, რომ C-ში გერმანელები Comfort-ს გულისხმობნენ, მაგრამ ამ ჰიპოთეზას არანაირი საფუძველი არ აქვს რადგან გერმანულად Komfort იწერება. 

D-კლასი
 
ტიპური წარმომადგენლები Volkswagen Passat, Toyota Camry, Mercedes-Benz.
 
ამ კლასში კიდევ უარესი არეულობაა. D-სეგმენტი შეიცავს ევროპული სისტემით `მსხვილ საოჯახო ავტომობილებს~, რომლებსაც ამერიკული სისტემა მიიჩნევს `საშუალოგაბარიტიანად~. აღნიშნული კლასის ავტომობილების საშუალო სიგრძე 4.7-4,8 მეტრია. აქაც ზრდის ტენდენციის თვალსაჩინო მაგალითია Volkswagen, თავისი `პასატით~, რომელიც 4 ათწლეულში 50 სანტიმეტრით გაიზარდა და დღეს უკვე მისი სიგრძე 476 სანტიმეტრს გაუტოლდა. 20 სანტიმეტრით გაზრდილია ბოლო თაობის, Mercedes-Benz C-კლასი და თუ საერთო სიგრძით პირველ E-კლასს ჯერ კიდევ 5 სანტიმეტრით ჩამოუვარდება, ბორბლების ბაზა მასზე 4 სანტიმეტრით გრძელი აქვს. 

E-კლასი 

ტიპური წარმომადგენლები: Audi A6, Mercedes-Benz E class, BMW 5 series. 

E-სეგმენტი ფლაგმანური კლასია დაქირავებული მძღოლის გარეშე გადაადგილების მსურველთათვის. ხშირად მას ბიზნეს-კლასსაც უწოდებენ. აშშ-ში მას `სრულგაბარიტიანის~ წოდება არგუნეს. ევროპულ კლასიფიკაციაში კი ასეთ ავტომობილებს უწოდებენ executive cars-ს, ანუ სავსებით წარმომადგენლობითს. მათი გაბარიტები, როგორც წესი, შეზღუდულია 5-მეტრიანი ნიშნულით, თუმცა, არის უფრო გრძელი სედანები, მაგალითად, Chrysler – 5,05 მეტრი. მეტიც, არსებობს უფრო უცნაური მაგალითებიც: კერძოდ ამერიკულ ბაზარზე არსებული Chevrolet Impala 5,11 მეტრის სიგრძისაა და ამ კომპონენტით ერთმნიშვნელოვნად E-კლასს უნდა მივაკუთვნოთ, მაგრამ მეორე მხრივ 200-ცხენისძალიანი, წინაამძრავიანი, სრულიად არაპრესტიჟული ბრენდის ავტომობილის, ამ კლასის Mercedes-Benz-სა და BMW-სთან ერთ დონეზე დაყენება არ იქნება სწორი, რომ აღარაფერი ვთქვათ Maserati Ghibli-ზე, რომელიც აქვე `ნებივრობს~. 
E-კლასის ისტორია ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, თანდათანობითი ზრდის სტრატეგიის მიხედვით ვითარდებოდა. მერსედესის პირველი E-კლასი 474 სანტიმეტრის სიგრძის იყო, უკანასკნელი, მეხუთე თაობის კი 492-ის, თანაც ზრდა იყო თანაბარი, თაობიდან თაობამდე 4-6 სანტიმეტრით. დაახლოებით იგივე ხდებოდა BMW-სთან მიმართებაშიც, აი ამერიკაში კი სრულიად საპირისპირო სიტუაციაა. ყველას გვახსოვს, საწვავის კრიზისამდე ამერიკული უზარმაზარი ზომის ავტომობილები, რომლებსაც დრედნოუთებს უწოდებდნენ. ასეთი მანქანების სიგრძე იმ პერიოდში ლამის არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა. მაშინ როდესაც მეხუთე სერიის BMW-ს პირველი მოდელი 4,6 მეტრის სიგრძის იყო, ნამდვილად `სრულგაბარიტიანი~ Cadillac DeVille, გასული საუკუნის იმავე სამოცდაათიანი წლების დასაწყისში 5,7 მეტრზე გრძელი იყო. სხვაობა 1 მეტრზე (!) მეტია. მაგრამ უკვე 80-ანი წლების შუაგულისთვის ეს უკანასკნელი 5,25 მეტრამდე დაპატარავდა და ამ `სხეულით~ ჩაბარდა კიდეც ისტორიას. 

F-კლასი 

ტიპური წარმომადგენლები: Mercedes-Benz S-class, Jaguar XJ, Bentley Mulsanne. 

F-სეგმენტი ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე კონკრეტულია: არანაირი შეზღუდვა არც მაქსიმალურ გაბარიტებზე, არც ფასზე და არც შიდა სივრცის მოცულობაზე. ზედა ზღვარის არარსებობის პირობებში არ ღირს ამ კლასის ავტომობილების ზრდის ტენდენციაზე მსჯელობა. სხვა კლასებთან შედარებით აქ გარკვეულ ტენდენციებზე საუბარი ოდნავ ძნელია. 

რა გველის მომავალში 

საავტომობილო წარმოების წარსულის და ამწყოს ამ ზედაპირულმა შესწავლამაც კი გვაჩვენა, რომ გაბარიტების ზრდის ტენდენციის მიუხედავად, კლასის შიგნით ავტომობილების სიგრძის მატება უახლოეს მომავალში უნდა შეწყდეს. ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. ბოლო რამდენიმე წელიწადში ახალი თაობის მანქანები წინამორბედებზე დიდი ყოველთვის აღარ არის, ანუ სავარაუდოდ, ნელ-ნელა მანქანების დაგრძელების ზედა ზღვარს ვუახლოვდებით. 

სეგმენტების არევის სურვილი კი ავტომწარმოებლებში ალბათ მომავალშიც შენარჩუნდება. დღეს ჩვენ მომსწრეები ვართ არამხოლოდ ახალი კლასის მანქანების დაბადებისა (მაგალითად, 4-კარიანი კუპე და კუპე-ქროსოვერი), არამედ ახალი მოდელების თანდათანობითი დაწინაურებისა უფრო მაღალ სეგმენტში. სამხრეთ კორეელებმა უკვე დაიპყრეს D-სეგმენტი და თანდათანობით ითვისებენ F-კლასსაც, არადა საუკუნის დასაწყისში ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. თუ გავითვალისწინებთ უკანასკნელ 20 წელიწადში პროგრესსა და მასობრივ სეგმენტებში პოზიციების გამყარებას – ახლა ჩინელების ჯერია. ასე რომ, არ გაგვიკვირდეს, თუ რამდენიმე წელიწადში ჩინეთმა პრემიუმ-სეგმენტებიც დალაშქრა. 

ამერიკული კლასიფიკაცია 

1995 წლიდან ყველა ამერიკული ავტომობილი იყოფა კატეგორიებად სალონის სასარგებლო მოცულობის მიხედვით. Minicompact car – მინი კლასი, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ევროპულ A და B კლასს. Sub-compact cars – სუბკომპაქტური, ჰგავს ევროპულ B-კლასს. Compact cars, compacts – კომპაქტური, იგივე C-კლასი. Mid-size cars, intermediates – საშუალო ზომის ავტომობილები, ახლოს დგას ევროპულ D-კლასთან. Large cars, full-size cars, standard size cars – სრულზომიანი ავტომობილები. აერთიანებს ევროპულ E და F კლასებს. 

დიმიტრი ცხვარაძე