ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
10 ყველაზე ძვირი სათამაშო მსოფლიოში - #2(59), 2019
სათამაშოები ბავშვების ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ. მშობლები თითქმის ყოველთვის მზად არიან შვილების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო სათამაშოებში საკმაოდ დიდი თანხები დახარჯონ. თუმცა, პლანეტის საშუალოსტატისტიკურ მაცხოვრებელთ წარმოდგენილიც არ აქვთ, რა თანხას იხდიან მდიდარი ბავშვების „გასართობ“ საშუალებებში. ქვემოთ სწორედ 10 ყველაზე ძვირი სათამაშოს მოკლე აღწერას შემოგთავაზებთ. 

1. თოჯინების სასახლე ასტოლატი – 8,5 მილიონი დოლარი 

იგი კოლორადოს (აშშ) მკვიდრმა მინიატურისტმა ელეინ დილმა 1974-1987 წლებში შექმნა. ასტოლატი 8,5 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. 
თოჯინების სასახლე 1996 წლიდან კერძო საკუთრებაშია. 

იდეის მოფიქრებას და შემდეგ დაპროექტებას ორი წელი დასჭირდა. კიდევ 12 წელი დაიხარჯა მისთვის საბოლოო სახის მინიჭებაზე. სასახლეში 7 დონეზე განთავსებული 29 ოთახია. მასში შექმნილი სიტუაცია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდსა და სტილს მოიცავს. 

სპილეძისსახურავიან სასახლეს ხისგან დამზადებული ძირითადი კედლები აქვს. ჯგუფური დათვალიერებისას ზოგიერთი კედელი შესაძლოა გაიღოს ან მოიხსნას. აქვს დღის და ღამის განათების სისტემა, რომელიც დროის შესაბამისად ავტომატურად იცვლება. 

2. L'Oiseleur (ჩიტების მომთვინიერებელი) – 6,25 მილიონი დოლარი 

ძვირადღირებულ სათამაშოთა ტოპ-ათეულში მეორე ადგილი უკავია თოჯინას სახელად L`Oiseleur. მისი სახელი ფრანგულიდან როგორც „ჩიტების მომთვინიერებელი“ ითარგმნება. თოჯინის სიმაღლე 120 სანტიმეტრია.

იგი აღორძინების ეპოქის სამოსშია გამოწყობილი და ფლეიტაზე დაკვრა შეუძლია. L`Oiseleur-ს ხელში ხმალი უჭირავს, მხარზე კი ჩიტები აზის. სწორედ მათი მოთვინიერებითაა თოჯინა დაკავებული. ჩიტები ფრთებს ამოძრავებენ და გალობენ კიდეც.

3. თოჯინა ელიოზი Madame Alexander-ისგან – 5 მილიონი დოლარი

2000 წელს კომპანია Madame Alexander-მა საქვეყნოდ განთქმულ დიზაინერებთან და მოდელიორებთან ერთად 5 ხელნაკეთი, პრაქტიკულად ერთნაირი, განსაკუთრებული ბარბი დაამზადა. საკუთარ შედევრს სახელად ელიოზი დაარქვეს. მათი გაყიდვით შემოსული მთელი თანხა ქველმოქედებას მოხმარდა. 

ამჟამად ხუთივე თოჯინა კერძო კოლექციებში ინახება. თითოეულს 9-კარატიანი ბრილიანტის სამკაული უკეთია, რომელიც ჰარი უინსტონმა დაამზადა. ქურქებს რაც შეეხებათ, ისინი La Renta-ს ოსტატებმა შეკერეს.

4. ავტომობილის მოდელი Lamborghini – 4,6 მილიონი დოლარი

ეს მსოფლიოში უძვირესი ავტომობილის მოდელია. იგი ნახშირბადის ბოჭკოებისაგანაა დამზადებული და სუფთა ოქროს თხელი ფენითაა დაფარული. 

„სათამაშო“ Lamborghini Aventador LP 700-4-ის ზუსტი ასლია, რომელიც გერმანელმა ინჟინერმა რობერტ გულპენმა დაამზადა. ავტომობილის კორპუსის უხილავი ნაწილი 22-კარატიანი ოქროს 500 კგ მასის ზოდისგან ამონაჭერია და 25 კგ-ს იწონის.

5. ბურთი შიმანსკისგან – 2,59 მილიონი დოლარი

სამხრეთაფრიკელმა იუველირმა იაირ შიმანსკიმ, 2010 წელს მის სამშობლოში ჩატარებული საფეხბურთო მუნდიალის აღსანიშნავად სრულფასოვანი ბრილიანტის ბურთის ასლი დაამზადა. ბურთი 2 კგ-ს იწონის და ოსტატს ამ საიუველირო შედევრის შესაქმნელად ჯამში 3500 კარატის წონის 6620 თეთრი და 2640 შავი სამხრეთაფრიკული ბრილიანტი დასჭირდა. 

6. დათუნია ტედი Steiff-ისგან – 2,1 მილიონი დოლარი 

მსოფლიოში ყველაზე ძვირი დათუნია ტედი 2000 წელს გერმანულმა კომპანია Steiff-მა შექმნა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ მწარმოებელმა შეკერა XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში პირველი ნაჭრის დათუნია.

უძვირესი დათუნიას გამოწყობა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის – Louis Vuitton-ის დიზაინერებმა იკისრეს.

7. Golden Monopoly – 2 მილიონი დოლარი

ყველაზე ძვირი „მონოპოლიის“ ფასი 2 მილიონი აშშ დოლარია. იგი 1998 წელს სანფრანცისკოელმა იუველირმა სიდნი მობელმა შექმნა. სათამაშო ველი ოქროსგან დამზადებულმა 23 ბანქომ დაამშვენა, ხოლო მასზე შესაბამისი მონიშვნები 42 ბრილიანტისგანაა გაკეთებული.

8. რუბიკის კუბიკი – 1,5 მილიონი დოლარი

მილიონნახევარი აშშ დოლარი – ამდენი ღირს პლანეტაზე ყველაზე ძვირი რუბიკის კუბიკი. იგი 18-კარატიანი ოქროთია შექმნილი და ლალისა და ზურმუხტის ქვებითაა გაწყობილი. 

რუბიკის კუბიკი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სათამაშოდ ითვლება. დაანგარიშებულია, რომ დღემდე ამ თავსატეხის 450 მილიონზე მეტი როგორც ორიგინალური, ისე სხვადასხვა ანალოგური ეგზემპლარია გაყიდული. 

9. ოქროს ცხენი-საქანელა – 600 ათასი დოლარი

საიუველირო სახლმა Ginza Tanaka-მ ძვირფასი ცხენი-საქანელას დამზადებას 30 კგ ოქრო მოახმარა. სათამაშოს შექმნა იაპონიის საიმპერატორო კარზე პრინცი აკისინოს ვაჟის დაბადებას მიეძღვნა და მისივე საჩუქარი გახდა. 

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სათამაშო მოუხერხებელი სახმარია. მისი სიმძიმის გამო, პრინცის ვაჟს ცხენის ადგილმოსანაცვლებლად უფროსების დახმარება ესაჭიროება. 

10. Stefano Canturi-ს ბარბი – 302,5 ათასი დოლარი

2010 წელს ქვეყნიერებას მოევლინა ცნობილი დიზაინერი Stefano Canturi-ს ბარბი. იგი ერთადერთ ეგზემპლარადაა შექმნილი და მაშინვე კოლექციონერებისა და მოსწავლე გოგონების მორიგი საოცნებო ობიექტი გახდა. 

კლასიკური ბარბისაგან განსხვავებით, ამ ლამაზმანის კიდურები ცოცხალი ადამიანის მსგავსად იხრება. ამიტომაც მას სხვადასხვაგვარი ქალური პოზების მიღება შეუძლია. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა