ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ოთხბორბლიანი სპარსეთი - #2(59), 2019
ირანის და ირანელების წვლილი მსოფლიო ავტოწარმოებაში
 
ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ავტომობილები ნაკლებად ცნობილია ამ რეგიონს მიღმა. ირანში გამოშვებულ მანქანებზე კი ინფორმაცია საერთოდ მინიმალურია. არადა ამ ქვეყნის მშპ-ის 4%-ს სწორედ ავტოწარმოება შეადგენს, ამიტომაც ეს სფერო ძალზე მნიშვნელოვანია ირანის ეკონომიკისთვის. ირანულ ავტომრეწველობაში რა ფულიც არის კონცენტრირებული, ამ ქვეყნის მხოლოდ მთავარ ეკონომიკურ მიმართულებებს – ნავთობისა და გაზის მრეწველობაში არსებულ ფულად რესურსებს ჩამორჩება. ბევრისთვის შეიძლება სიურპრიზია, რომ ირანის ავტოწარმოება ქვეყნის მშპ-ში ასეთ მნიშვნელოვან წილს იკავებს, თუმცა, ცოტა ისტორიასაც თუ გადავხედავთ, მაშინ მთლად გასაკვირ მაჩვენებლებს ვნახავთ – არც ისე დიდი ხნის წინ ირანი იყო არამხოლოდ ნომერ პირველი ახლოაღმოსავლელი მწარმოებელი, არამედ მსოფლიოს ავტომწარმოებელი ქვეყნების ტოპ-20-შიც კი შედიოდა. 

მთავარი გმირი 

ირანული ავტოწარმოება შედარებით ახალგაზრდაა: მხოლოდ 1962 წელს ძმებმა აჰმად და მაჰმუდ ჰაიამებმა დარსეს კომპანია Iran Khodro – ერთადერთი ირანული მარკა, რომელმაც მსოფლიოში ცნობადობა მოიპოვა. ამ კომპანიის გამოშვებულია ყველაზე პოპულარული ირანული ავტომობილი Paykan, რომელიც ინგლისური სედან Hillman Hunter-ის ბაზაზე შეიქმნა. მოდელის აწყობა გასული საუკუნის 60-ანი წლების ბოლოს დაიწყო. ინგლისში `ჰანტერების~ მწარმოებელი კომპანია Rootes-ი იმ დროს ფრანგულმა `პეჟომ~ (Peugeot) გამოისყიდა. ამიტომაც, მოდელმა ძრავი Peugeot 504-სგან მიიღო. გარეგნულად უბრალო, მაგრამ გამძლე ავტომობილი ყველაზე გავრცელებულ მანქანად იქცა ქვეყანაში. "პეიკანებს" იმდენად დიდი დროის განმავლობაში აწარმოებდნენ, რომ ირანის მთავრობამ ოფიციალურად მიმართა Iran Khodro-ს ხელმძღვანელობას მოთხოვნით – წარმოებიდან მოეხსნათ ძველი და არაეკოლოგიური მოდელი. "პეიკანების" წარმოება ირანში საბოლოოდ მხოლოდ 2005 წელს შეწყდა, მაგრამ გაგრძელდა სუდანში. გარდა ამისა, შიდა ირანული ბაზრისთვის Paykan-ის პლატფორმა შეფუთეს Peugeot 405-ის ძარაში და კიდევ რამდენიმე წლით გაუხანგრძლივეს სიცოცხლე. 

1990-ან წლებში ირანში "პეჟოს" ავტომობილების აწყობა დაიწყო (მოდელები 205, 206, 207, 405, 407), მაგრამ Iran Khodro-ს ყველაზე საინტერესო პროდუქტი, საკუთარი წარმოების მოდელი Samand-ია. ეს იყო მოდელი 405-ის ტიუნინგი, რომლის გარეგნობაც უფრო თანამედროვე 406-ს მიამსგავსეს. მიუხედავად ამისა, Samand-ი დონორისგან საკმაოდ განსხვავდება გარეგნულადაც და შინაარსობრივადაც. ავტომობილის დეტალები ძირითადად ირანშივეა ნაწარმოები, შესაბამისად, მისი ლოკალიზაცია 80%-ს შეადგენდა, ამიტომ მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პირველი ნაციონალური ავტომობილი. ბენზინის ვერსიის გარდა, ხელმისაწვდომი იყო ქარხნული გაზის აგრეგატი. "სამანდების" წარმოება ააწყვეს ბელარუსში, აზერბაიჯანში, ვენესუელაში, სირიასა და ეგვიპტეში. კომპანიის კიდევ ერთი ავტომობილია Runna, რომელიც გაზზე მომუშავე აგრეგატით არის გამორჩეული. აღნიშნული ძრავი გერმანულმა ინჟინირინგულმა კომპანია FEV-მა შეიმუშავა.
 
ამასთან ერთად Iran Khodro-ს ქარხანაში აწყობდნენ პირველი თაობის Renault Logan-ს, რომელსაც ირანულ ბაზარზე Tondar ერქვა, თუმცა, განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ სახელწოდებით შემოიფარგლებოდა. 

საინტერესო დეტალი: ავტომობილების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები ირანში რეგულირდება სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის დონეზე. ჯერ კიდევ 2000-ანების დასაწყისში, ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ირანული ავტოწარმოების სტრატეგიული განვითარების პროგრამა წამოიწყო. ასეთმა მიდგომამ დიდი ინტერესი გამოიწვია ევროპელ და აზიურ მსხვილ მწარმოებლებში, რომლებმაც საბიუჯეტო სეგმენტის ავტომობილების მასობრივი წარმოება ირანში დაიწყეს. 

ნაკლებად ცნობილია მეორე მსხვილი ირანული მწარმოებელი კომპანია SAIPA, რომელმაც ავტომობილების წარმოება ჯერ კიდევ 1966 წელს დაიწყო. ისევე, როგორც Iran Khodro-მ, აქაც წარმოება ლიცენზიური მცირელიტრაჟიანი მანქანით დაიწყო (Сitroёn Dyane და Mehari, Renault-ის მოდელი 5 და 21). მოგვიანებით `საიპა~ იწყებს თანამშრომლობას კომპანია Kia-სთან და ყიდულობს მისგან ლიცენზიას მოდელ Pridе-ზე. საინტერესოა, რომ თავის დროზე კორეულმა კომპანიამ ამ მოდელის წარმოება თავად დაიწყო კომპანია `მაზდას~ ლიცენზიით. მოგვიანებით, ამ ავტომობილის ბაზაზე ირანელებმა მოდელი Tiba შეიმუშავეს, რომელიც უფრო მძლავრი მოტორით გამოირჩეოდა. 

Iran Khodro და SAIPA ერთად აწარმოებენ ირანული ავტომობილების დაახლოებით 90%-ს, თანაც ორივე შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს თავისი წილი საკუთრებაში. დარჩენილი 10% კომპანიების Bahman Group-ის, Pars Khodro-ს და Morattab Khodro-ს მიერ წარმოებულ ავტომობილებზე მოდის. ამ საწარმოებშივე აწყობენ Mazda-ს, Nissan-ის და SsangYong-ის მოდელებს. 

საინტერესოა, რომ ირანული წარმოების ავტომობილების 75% მსუბუქია, კიდევ 15% კი პიკაპი. ირანში უპირატესობას ადგილობრივ მოდელებს იმიტომაც ანიჭებენ, რომ უცხოური მოდელების შემოყვანა 90%-ით იბეგრება. ამიტომაც, მზა მანქანები ქვეყანაში პრაქტიკულად არ შემოყავთ, – მხოლოდ 50 000 ცალი წელიწადში (თანაც `სუფთა~ უცხოური მოდელი, რომელიც ბევრად პრესტიჟულია, რადგან ყველას როდი შეუძლია მასში თითქმის ორმაგი ფასის გადახდა). 

სანქციების მძიმე ტვირთი 

ირანის ავტოწარმოება ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სფერო იყო, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ფინანსურ შემოსავალს ექსპორტზე ავტომობილების გაყიდვიდან, ასევე იზიდავდა უცხოურ ინვესტიციებს. გასაკვირი არ არის, რომ რაოდენობის მხრივ, ირანი 2012 წლამდე იყო ნომერ პირველი მწარმოებელი ახლო აღმოსავლეთში და იკავებდა მე-12 ადგილს მსოფლიოში. ირანის რესპუბლიკა ყოველწლიურად ავტომობილების ექსპორტიდან 1 მილიარდ დოლარს იღებდა. ყველაფერი ეს ჩამოიშალა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. ოფიციალურმა თეირანმა არ აღიარა, რომ ურანს სამხედრო მიზნებისთვისაც ამდიდრებდა, რასაც მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები მოჰყვა. სანქციების დაწესებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა ირანის ავტოწარმოებამ მიიღო. 

2010 წელს `ტოიოტამ~ სრულად შეზღუდა ექსპორტი, სულ მალე მისი მაგალითი გერმანელმა მწარმოებლებმაც გაიზიარეს. ამ წნეხს ვერც ფრანგებმა გაუძლეს, რომლებიც ირანის ავტოწარმოების სათავეებთან იდგნენ. 2012 წლის დასაწყისისთვის ირანულ ავტოწარმოებასთან თანამშრომლობაზე უარი მხოლოდ ჩინელებმა არ თქვეს და პირიქით, გაზარდეს კიდეც თავიანთი ინვესტიციები ირანში, რითაც ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე პოზიციები გაიმყარეს. 

სანქციური დარტყმა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ავტომობილების წარმოება რამდენჯერმე შემცირდება, ახალი ეკონომიკური პარტნიორების ძიებამ კი შედეგი ვერ გამოიღო. 

2016 წლის დასაწყისში აშშ-მა და ევროკავშირმა ირანს გარკვეული ეკონომიკური სანქციები მოუხსნა და ნავთობით ვაჭრობის საშუალება მისცა, მაგრამ იმავდროულად შემოიღო ახალი სანქციები იმ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც ირანის სარაკეტო პროგრამაში იყვნენ ჩართული. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო შუამავლებს და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება დადებითად მოქმედებს იმ სფეროებზე, რომლებიც ატომურ ენერგეტიკასთან არ არის დაკავშირებული. ეს პროგრესი ეხება ავტომობილებსაც, ამიტომაც ამ სფეროს მესვეურები მომავალს იმედიანად უყურებენ. ირანელებს კვლავ ამბიციური გეგმები აქვთ და იმედოვნებენ, რომ წელიწადში 1 მილიონი ავტომობილის ექსპორტის ნიშნულზე გავლენ, ანუ დაახლოებით იმდენზე, რასაც ამჟამად მთელი ირანული ავტოინდუსტრია აწარმოებს. 

REZVANI 

ეს ამერიკული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანიის ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს, მისი დამფუძნებელი კი ირანელი ფერრის რეზვანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სპორტული ავტომობილების საკუთარი წარმოების დაარსება გადაწყვიტა. კომპანიის მფლობელი ბავშვობიდან ოცნებობდა მამის მსგავსად ავიაგამანადგურებლის პილოტი გამხდარიყო, რომელიც თავის დროზე McDonnell Douglas F-4-ს და Phantom II-ს მართავდა. რეზვანმა საკუთარი მომავალი დიდ ავიაციას აღარ დაუკავშირა, მაგრამ შეძლო მთავარი მისწრაფებისთვის არ ეღალატა და სისწრაფე ავტომობილებში შეეგრძნო. ამიტომაც მის მიერ დაფუძნებული კომპანიის მთავარი ფილოსოფია – სიჩქარეა. მთავარი დიზაინერის პოსტს კომპანიაში აზერბაიჯანელი სამირ სადიკოვი იკავებს. ეს სპეციალისტი გარკვეული პერიოდის მანძილზე ცნობილ იტალიურ კომპანია `ლამბორგინიში~ საქმიანობდა და ისეთი მოდელების შემუშავებაში მონაწილეობდა, როგორიც არის სუპერქარი Aventador და SUV კლასის მოდელი Urus. ახლა კი თავის გამოცდილებას ახალ კომპანიას ახმარს. 

ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ ავტოსალონებზე 2014 წლამდე ირანელთაგან თავი მხოლოდ ერთმა ბატონმა დაგვამახსოვრა, რომელმაც ფრანკფურტის ავტოსალონზე საინტერესო პერფორმანსი მოაწყო. ის აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ მის მიერ შეძენილ BMW M6-ს იმ სათანადო მომსახურებას არ უტარებდნენ, რასაც გარანტია ითვალისწინებდა. ამ უსამართლობისთვის ყურადღების მისაქცევად მან თავისი ავტომობილი სალონის მახლობლად მიაყენა და ნაჯახით დაჩეხა. ინციდენტში პოლიცია ჩაერია, თუმცა, ბავარიული ფირმის წარმომადგენლები განრისხებულ ირანელთან არც გასულან. 

მხოლოდ 2014 წელს, ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე ირანული წარმოშობის ფერრის რეზვანიმ, რომელიც აქამდე ინგლისური სარბოლო მანქანების ტიუნინგით და კალიფორნიაში გაყიდვით იყო დაკავებული, მსოფლიო ავტომოყვარულთა ყურადღება დაიმსახურა. მისი პირველი დამოუკიდებელი სუპერქარი Rezvani Beast `ჰონდას~ ძრავის ფორსირების მეშვეობით 304 ც/ძ სიმძლავრეს ავითარებდა. თუ ვინმესთვის ეს ციფრი და 3 წამში 100 კმ/სთ-მდე აჩქარება არასაკმარისი აღმოჩნდებოდა, კომპანია მზად იყო ორი ტუმბოკომპრესორის და თხევადი ინტერქულერის მეშვეობით ძრავის სიმძლავრე 507 ცხენისძალამდე გაეზარდა. ამ შემთხვევაში 750-კილოგრამიანი ავტომობილის სპიდომეტრზე 100 კმ/სთ 2,7 წამში დაიწერებოდა. ავტომობილი მოკლებულია ცივილიზაციის ყველა სიკეთეს, ისეთს როგორიც გახლავთ აუდიოსისტემა, კონდიციონერი, დამხმარე ელექტრონული სისტემები. თუმცა, ყველა ამ სიკეთის დამატება ოფციის სახით შეიძლებოდა, მაგრამ ავტომობილის წონის დამატების გამო უკვე დინამიკა ზარალდებოდა. 

ფერრის რეზვანი ხვდებოდა, რომ მისი ავტომობილი ეგზოტიკაა, ამიტომაც ხელოვნურად შეზღუდა წარმადობა – კალიფორნიაში მდებარე პატარა ქარხანა წელიწადში სულ 20 ეგზემპლარს უშვებდა. საბაზო კომპლექტაციაში Beast 300-ის ღირებულება 119 000 დოლარს შეადგენდა, უფრო მძლავრი Beast 500 კი 20 ათასი დოლარით ძვირი. პირველი სამი ეგზემპლარის მყიდველისთვის დაწესდა სოლიდური ფასდაკლება, მძლავრი ვერსიების მყიდველებს ავტომობილის `მოსარჯულებლად~ საჩუქრად სთავაზობდნენ ერთი დღე პროფესიონალი პილოტის მეთვალყურეობის ქვეშ ტრეკზე გაეტარებინა. 

ავტომობილის მორიგი ევოლუცია მოდელ X-ში გამოვლინდა. 2015 წელს იმავე ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე წარმოდგენილი ავტომობილი უკვე 700-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვა და 100 კმ/სთ-მდე წარმოუდგენელ 2,5-წამში აჩქარებით კონკურენციას Bugatti Veyron-საც უწევდა, თუმცა, მაქსიმალური სიჩქარის მიხედვით (დაახლოებით 300 კმ/სთ) დიდად ჩამოუვარდებოდა მას. აქ თავს ავლენდა ღია ძარის აეროდინამიკა. ამიტომაც მომდევნო მოდელისთვის დახურული ძარის ტიპი შეირჩა. Beast X-ის 5 გამოშვებულ ეგზემპლარში კი მარკის გამორჩეულმა თაყვანისმცემლებმა 325 000 დოლარი გადაიხადეს. მომდევნო მოდიფიკაციის მოდელ Reazvani Beast-ს უკვე არამხოლოდ სახურავი, არამედ ორიგინალური კონსტრუქციის კარებიც ჰქონდა. 

ეს გახლდათ მოდელი Reazvani Beast Alpha X Blackbird, რომელშიც რეზვანის ავიაციის მიმართ სიყვარული აისახა და სახელწოდება სტრატეგიული ზებგერითი ავიაგამანადგურებლის – Lockheed SR-71 Blackbird-ისგან მიიღო. საერთო ჯამში სულ 5 ასეთი ავტომობილი გამოვა, რომლის ფასი 225 000 დოლარი იქნება. მინივენების მსგავსი კარის მექანიზმი, რომელსაც SideWinder დაარქვეს, კარის პანელს წინ გადაადგილებს, რითაც აადვილებს სალონში ჩასხდომის პროცესს. თუმცა, როგორც თვითონ შემქმნელები ამბობენ, კარის ასეთი ტიპი მათ ქუჩაში ეფექტის მოხდენის და ფეხით მოსიარულეთა ყურადღების მისაქცევად შეიმუშავეს. გარშემომყოფთა ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს, მოტორის განსაკუთრებული ხმაც, შთაბეჭდილებას აძლიერებს თერმომდგრადი შენადნობებისგან დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა. ღია მოდელებისგან განსხვავებით, ავტომობილი სრული კომფორტ-პაკეტით აღიჭურვა: აქ არის კონდიციონერი, მინის ელექტროამწევი, მულტიმედიის სისტემა ორი "თაჩსქრინით", რომელიც უზრუნველყოფილია Apple CarPlay-თა და Android Auto-თი სმარტფონის სრული სინქრონიზაციისთვის. 

REZVANI TANK 

სპორტული ავტომობილების მწარმოებელ კომპანიაში სპორტული ავტომობილები მეორე პლანზე თუ გადავიდოდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ 2017 წლის ბოლოს გამოშვებულმა `ტანკმა~ Rezvani-ს ყველა მოდელი დაჩრდილა. ფუტურისტული ხუთადგილიან და ოთხკარიანი ჯიპის შეკვეთაში კლიენტებს 1 000-დოლარიან დეპოზიტს სთხოვდნენ მანამდე, ვიდრე მისი პირველი სურათები გამოჩნდებოდა. მოდელი მიეკუთვნება `ტაქტიკურ საქალაქო ავტომობილებს~ (Tactical Urban Vehicle) და მზად არის შეასრულოს ყველაზე რთული დავალება, როგორც გზებზე, ისევე მის ფარგლებს გარეთ. ჯიპზე დამონტაჟდა `კრაისლერის~ 6,4-ლიტრიანი 500-ძალიანი მოტორი. აგრესიული გარეგნობის ქვეშ იმალება Jeep Wrangler-ის მყუდრო ტყავის სალონი, მულტიმედია სისტემის 7,9-დიუმიანი ეკრანი და საქარე მინაზე მონაცემების გადამყვანი პროექტორი. `ტანკი~ სახელს ამართლებს, რადგან აღჭურვილია ღამის ხედვის ხელსაწყოთი, ტყვიაგაუმტარი მინებით და კევრალის ჯავშნით, რომელიც იცავს ბენზოავზს, სალონს და ავტომობილის ძირს. სამხედრო დანიშნულების, მაგრამ საგზაო გამოყენებისთვის განკუთვნილი ავტომობილი 180 000 დოლარი ღირდა. 

ერთი წლის შემდეგ გამოვიდა `ტანკის~ კიდევ ორი მოდიფიკაცია. X და Military Edition. ახალი ჯიპის შეკვეთა შესაძლებელია უკვე ბალისტიკური დაცვის მეშვიდე დონით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოდელი გაუძლებს ცეცხლსასროლი იარაღის 7,6X51 მმ-ის კალიბრის ტყვიას. 

ქვემოდან ავტომობილი დაცულია აფეთქებისგან, სამხედრო საბურავის დაზიანება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. სალონში ადვილად შეღწევას `მოწინააღმდეგე~ ვერ შეძლებს – კარები აღჭურვილია ელექტრომაგნიტური საკეტებით, პირობით თავდამსხმელებთან მოსალაპარაკებლად კი არის მიკროფონი და გარე ხმის გამაძლიერებელი. მწარმოებლის თქმით, შუქფარებს შეუძლია ღამე დღედ აქციოს, მაგრამ თუ ესეც არ იქნება საკმარისი, საქარე მინის თავზე დამონტაჟებულია უზარმაზარი პროჟექტორი. ვერსიის ფასი 300 000 დოლარს აღწევს. 

ექსკლუზიური ავტომობილების ბაზარი ყოველ წელს ფართოვდება სულ ახალი წარმომადგენლებით და აქ თავის დამკვიდრება ძალზე ძნელია, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონ რეზვანის ავტომობილებს ბევრად უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, ვიდრე მთელ ირანულ ავტომრეწველობას. 

დიმიტრი ცხვარაძე