ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
"დოქტრინალური ციებ-ცხელება": საქმეში გაცოცხლებული ნააზრევი? - #2(59), 2019
წანამძღვრად

სათაურში კითხვის ნიშანი შემთხვევით არ გავიტანეთ. თანამედროვე მსოფლიო პროცესებმა იმდენად ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა გეოპოლიტიკურ სამეცნიერო წრეებს თუ სპეციალიზებულ კვლევით დაწესებულებებს, რომ მათი მეოხებით შემუშავებული და სახელდებული დოქტრინები და თეორიები ხშირად იფანტება და უხერხულად იბლანდება მიმდინარე მოვლენების სიმრავლეში. მეტიც, იქმნება წარმოდგენა თითქოსდა გეოპოლიტიკური აზრი მოწყვეტილია ნამდვილ საქმეს, ხოლო ფიქრის პროცესი დროისა და რესურსის უსარგებლო ფლანგვაა. თუმცა, ამგვარი წარმოდგენა მხოლოდ მომენტალურია და, მაშასადამე, მცდარიც. რეალურად, ყველა მასშტაბურ პროცესს თავისი თეორიული ახსნა და დასაბუთება მოეძებნება, რაც გვეხმარება არა მარტო გენეზისის დადგენაში, არამედ, გარკვეულად, ხელს გვიწყობს პროცესის განვითარების პროგნოზირებაში. ამდენად, კრიტიკულ კვლევას და ობიექტურ ანალიზს პრაქტიკული დატვირთვა არათუ დაუკარგავს, არამედ პირიქით – თეორიების დონეზე მსჯელობამ განსაკუთრებული დანიშნულება შეიძინა ამოყირავებული მსოფლიოს ლაბირინთებში შედარებით უსაფრთხო გზების გასაკაფად. 

ვფიქრობთ, რომ ნათქვამის გათვალისწინებით, ამ ათასწლეულის საწყისი მონაკვეთი გაცილებით მდიდარ საკვლევ მასალას იძლევა, ვიდრე „ცივი ომის“ სახელით ცნობილი, ასევე იქვე მისი დასრულების მოყოლებული, საკვლევად უფრო „ფერმკრთალი“ პერიოდი. აუცილებლად აღსანიშნია ისიც, რომ მაშინდელ მეგამონუმენტალურ ორპოლუსიან დაპირისპირებას კონცეპტუალურად ჯორჯ კენანის ავტორობით დაწერილმა „X სტატიამ“ (X Article) და „ვრცელმა ტელეგრამამ“ (Long Telegram) ჩაუყარა საფუძველი, ხოლო შემდგომში ამ ორმა ნაშრომმა თავიანთი აქტუალურობა „ცივი ომის“ პრაქტიკულად მთელი პერიოდის მანძილზე შეინარჩუნა. პრაქტიკული პოლიტიკის ოპერირების სივრცეში კენანისებურმა „შეკავების“ დოქტრინამ კარგად მონიშნა ორი ზესახელმწიფოს მსოფლიო გავლენისთვის კონფლიქტის ცხელი ფაზის ახლო საზღვრები, რომელთა ნებით თუ უნებლიედ გადაკვეთა (მაგალითად, კარიბის კრიზისის პირობებში) კაცობრიობის არსებობას ბოლოს მოუღებდა. ხოლო ამ საზღვრებში საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის მხრიდან წარმოებული „უწყინარი“ კონფლიქტი, ძირითადში, არაპირდაპირ, მართვად და დენად ხასიათს ატარებდა. ფაქტობრივად, მაშინდელი ეპოქის რთული და ფეთქებადი სპეციფიკა ერთობ გვაიძულებს გლობალური დაპირისპირების ის ორი მთავარი მხარე ლამის „შევაქოთ“ პირდაპირი კინეტიკური დაჯახებისგან მათი თავშეკავებისა და გლობალურ ურთიერთჭიდილში მხოლოდ „წარმომადგენლობითი ომებით“ (proxy wars) შემოფარგვლის გამო. ალბათ, საკუთარი ინტერესების გატარებისადმი ამგვარ „პასუხისმგებლურ“ დამოკიდებულებას – უპირველესად, ე.წ. გარანტირებული განადგურებისა და საკუთარი თავის გადარჩენის ბუნებრივი ინსტინქტით ნაკარნახევს – უნდა მივაწეროთ ბირთვული ომის თავის აცილება. 

„ცივი ომის“ დასასრულმა ბიძგი მისცა პოსტსაბჭოურ, და არა მარტო, სივრცეში ლიბერალური წესწყობილების განვრცობას, რასაც, მეტ წილად, ერთპოლუსიანი დომინანტის (Pax Americana) მატერიალური და მორალური ძალა ამყარებდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ლიბერალიზმმა საკუთარ წიაღშივე არ შვა მისივე საპირწონე – რადიკალური პოპულიზმი და საერთაშორისო წესრიგისადმი ნიჰილიზმი, რამაც საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ შიდა დემოკრატიას, არამედ იმ ჯანსაღ და აუცილებელ პრინციპებს, რასაც „ცივი ომის“ შემდგომი ლიბერალური მსოფლიო წესრიგი დაემყარა. შედეგად, დისფუნქციური ხდება გლობალური და რეგიონული კონფლიქტების მართვის პროცესი, დაკნინებას განიცდის კომპრომისული მოლაპარაკების უნარ-ჩვევა, განახლდა „დიდ სახელმწიფოთა“ კონკურენცია. ამ ბოლო მოვლენამ, მართალია, ისტორიულად კარგად ნაცნობმა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებითა და კვლევებით სახეცვლილმა და შინაარსგადანერგილმა – მძაფრად იჩინა თავი „დიდი კონკურენციისთვის“ გამორჩეულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეალებში. საბედნიეროდ (საიმისო გარანტიით, რომ მსოფლიო პროცესები ჩვენ გვერდით არ ჩაივლის) თუ საუბედუროდ (იგივე პროცესები აუცილებლად ჩვენზე გავა) საქართველო სწორედ ერთ-ერთი ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვან გეოგრაფიაშია: რუსეთის მეზობლად, ევროატლანტიკურ და რუსულ სივრცეს შორის ბუფერულ ზონაში, საკუთარი გასასვლელით შავ ზღვაზე, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთთან (რუსული გეოპოლიტიკური ლექსიკით) და შუა აღმოსავლეთთან (დასავლური ინტერპრეტაციით) უშუალო სიახლოვეში. 

ეს რამდენად გვეხება ჩვენ? 

გვეხება. თანაც, უშუალოდ და პირდაპირ. გვეხება ისევ და ისევ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რაზეც მოკლედ უკვე ვისაუბრეთ. ამ ნაწილში კი შედარებით უფრო ვრცლად და, გნებავთ, საკითხზე გლობალური პროეცირებით შევეხებით საკითხს, რაშიც საწყისად ჰელფორდ ჯონ მაკინდერის თეორია დაგვეხმარება. 

მაკინდერის 1919 წლით აღმოცენებული თეორია იმითაა გამორჩეული, რომ მას დღესაც ერთ-ერთ ყველაზე წამყვან და ავტორიტეტულ სწავლებად მიიჩნევენ მსოფლიო ბატონობას მიძღვნილ სხვა სწავლებებს შორის (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არსებითად გლობალური ნიშნით სულ რამდენიმე სწავლებაა აღიარებული). მეტიც, ზოგიერთი ისტორიკოსი ასაბუთებს, რომ მეორე მსოფლიო ომის სამოქმედო გეგმამ სწორედ მაკინდერის თეორიაში ჰპოვა საწყისი იმდენად, რამდენადაც, ამ თეორიის თანახმად, „ის ვინც განაგებს აღმოსავლეთ ევროპას, განაგებს დედამიწის გულს; ის ვინც განაგებს დედამიწის გულს, განაგებს მსოფლიო კუნძულს; ხოლო ის ვინც განაგებს მსოფლიო კუნძულს, განაგებს სამყაროს“. ამ აღწერაში საკვანძო ელემენტია „დედამიწის გული“, რაც ჯერ კიდევ მაკინდერის ეპოქაში და მას შემდეგაც, გაიგივებული იყო ევრაზიასთან. შესაბამისად, ევრაზიის კონტინენტი, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება, მსოფლიო ბატონობის გასაღებია, ხოლო კონტინენტის მნიშვნელობა ექსპანსიურ მონახაზებში არა მარტო ზომითა და დედამიწის მეტად სპეციფიური გადაფარვით აიხსნება, არამედ ევრაზიის სატრანსპორტო არტერიების ქსელით და ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით. ასეთ „ულუფაზე“ ვერცერთი გლობალურ ბატონობაზე პრეტენდენტი უარს ვერ იტყვის. ამდენად, გარდა იმისა, რომ საქართველო ევრაზიული ქვეყანაა, საკუთრივ ევრაზიული კონტინენტის ფარგლებში ჩვენი მეტად გამორჩეული ადგილმდებარეობა უცილობლად ყურადღებას იწვევს მსხვილ მოთამაშეთა მხრიდან. 

შემდეგი ფაქტორი, რომლის მნიშვნელობას მუდმივად გვახსენებს მძიმე ისტორიული წარსული და არანაკლებ მწარე დღევანდელობა, რევანშისტული და პოსტმსოფლიო ომის მოწყობისადმი რევიზიონისტულად განწყობილი რუსეთის მეზობლობა და მის „ახლო საზღვარგარეთში“ ყოფნაა. მართალია, ზემოხსენებულ გლობალურ სწავლებებთან შედარებით მომცრო თავისი წონითა და გავლენით, რუსული „ახლო საზღვარგარეთის“ თეორია ერთ-ერთი მზიდი ელემენტია ევრაზიული კონკურენციის ჭრილში. ეს იმით აიხსნება, რომ ამ თეორიის მიზანია საერთოევრაზიული სივრციდან ე.წ. „საბჭოური“ წარსულის ქვეყნების ამოგლეჯა, მათი დაქვემდებარება რუსული რბილი თუ ხისტი ძალისადმი და, შედეგობრივად, ევრაზიულ ორთაბრძოლაში ნებისმიერი სხვა გლობალური მოთამაშის პოტენციური გამარჯვების დაკნინება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დემოგრაფიული, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსის სიმცირის გამო რუსეთი რეალისტურად აფასებს მისი, როგორც გლობალური ჰეგემონის პერსპექტივის არქონას, „ახლო სამეზობლოს“ პოსტსაბჭოურ სამყაროზე რუსული ზემოქმედება სავარაუდოდ კიდევ უფრო მოიმატებს. ეს სტრატეგიული ხაზი, რუსული ოპტიკის ჭრილში, სწორედ რომ გლობალურ ბატონობაზე იძულებითი უარის თქმის ერთგვარი კომპენსაციაა. ბუნებრივია, რომ „ახლო სამეზობლოს“ რუსული გაგება მუდმივი რისკებისა და საფრთხეების კატეგორიაშია ქართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმარების პროცესში. 

ჩვენთვის, ასევე, სათვალავში მისაღებია შავი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე ცვლილებები. მიუხედავად ობიექტური ფორმით მათი ერთგვაროვანი გამოხატულებისა, პარადოქსია, რომ ასევე ერთდროულ რეჟიმში ეს ცვლილებები ჩვენთვის როგორც დიდი იმედის მომცემია, ისევე დიდი რისკის მატარებელი. პოზიტივად მიიჩნევა ბოლო ხანებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მზარდი ინტერესი შავი ზღვის მიმართ, რამაც ამასწინდელ სამიტის დეკლარაციაშიც კი ჰპოვა ასახვა. მეტიც, ბოლოდროინდელ საჯარო თუ კერძო გამოსვლებში, რიგი დასავლელი ანალიტიკოსებისა შავ ზღვას „ნატოს შიდა ზღვას“ უწოდებენ. ამ მეტად უჩვეულო შეფასების მიზეზია ის, რომ შავი ზღვის სანაპიროზე გასასვლელების უმეტესობა ნატო-ს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ეკუთვნის. მაგრამ, ეს მხოლოდ ფორმალური გარემოებაა, მაშინ როდესაც ფაქტობრივი რეალობა შედარებით სხვაგვარია და იგი თურქეთის ნატო-სგან თანდათანობითი დისტანცირებით და რუსეთთან დაახლოვებით არის გამოწვეული. რეალურ სურათს ამძიმებს ისიც, რომ თურქეთის საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტებს, საგრძნობლად შეზღუდოს შავ ზღვაში „არალიტორალური“ (არასანაპირო) ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეღწევა, ემატება რუსეთის სამხედრო გააქტიურება შავი ზღვის აკვატორიაში და მის გამგებლობაში არსებული სანაპიროს „დაგრძელება“ ყირიმისა და აფხაზეთის ხარჯზე. აღსანიშნია, რომ ნებისმიერი სხვა ინიციატივა (მაგალითად, „ინტერმარიუმი“ თუ „სამი ზღვის“ პროექტი), რაც ჩვენი ქვეყნისათვის სასურველი ფონის შექმნას შესაძლოა მოემსახუროს, ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე რჩება პრაქტიკული ხორცშესხმის გარეშე. არადა, რეგიონული პოლიტიკურ-თავდაცვითი პროექტების განმტკიცებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თვალსაზრისით, რაც, ყველაფერთან ერთად, მაკინდერის თეორიის საერთო-ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეს „აღმოსავლეთ ევროპულ“ კომპონენტს კიდევ უფრო მყარად დააკავშირებდა. 

ამ ნაწილის დასასრულს გვინდა ორიოდე სიტყვით შევეხოთ ევროკავშირში მიმდინარე მეტად რთულ, და მხოლოდ ერთი შეხედვით, დეზინტეგრაციულ პროცესს. „ერთი შეხედვით“, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის იურიდიული დაშლა მეტად ჰიპოთეტური ალბათობაა, ხოლო სინამდვილეში მოწმე ვართ მის ფარგლებში „ინტერესთა სიახლოვის“ მიხედვით სახელმწიფოთა დაჯგუფებისა. ასეთი დაჯგუფება, ან გნებავთ გადაჯგუფება, ევროპულ კავშირში დღესდღეობით ორი გეოგრაფიული ღერძის გასწვრივ ხდება: ერთი მხრივ, ჩრდილოეთი და სამხრეთი, ხოლო, მეორე მხრივ – დასავლეთი და აღმოსავლეთი. ამ არცთუ პირობით დაყოფას თავისი ისტორიულ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური, ასევე კულტურულ-ენობრივი ფაქტორებით ახსნა აქვს, რომელთა არსში ჩაძიება ამ სტატიის ფარგლებს მიღმაა. მიგვაჩნია, რომ რაც ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესოა, არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების „კლუბის“ შემდგომი გაძლიერება და მათი პოლიტიკური წონის მატება საერთო-ევროპულ პროცესებში. აგრეთვე, ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის ყველაზე რაციონალური და ახლო გზა, სავარაუდოდ, სწორედ აღმოსავლეთ ევროპულ ბლოკზე გადის. შედეგად, ჩვენს უშუალო ინტერესებშია ისეთი პლატფორმების განმტკიცება, როგორიცაა ვიშეგრადის ჯგუფი ან აღმოსავლური პარტნიორობა. მეტიც, ამ და მსგავსი ინიციატივების სრულფასოვანი რეალიზაცია პასუხობს ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არა მხოლოდ ევროკავშირთან დამატებითი დამაკავშირებელი ხიდების ასაგებად, არამედ ატარებს მეტად პრაქტიკულ და პრაგმატულ დანიშნულებასაც, კერძოდ, რევიზიონისტული რუსეთის საზღვრებთან მტკიცე უსაფრთხოების შემაკავებელი რკალის შესაქმნელად. 

და მაინც, მიუხედავად დოქტრინების სიმრავლისა და მათი კვლევისადმი თეორიული თუ სამეცნიერო ინტერესისა, ქართული გადმოსახედიდან აქტუალურია მხოლოდ ისეთებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს საშინაო და საგარეო განვითარებაზე, უშუალოდ ზემოქმედებს ამ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური კონსტრუქციის მდგრადობაზე, ავლენს მისი კონსტიტუციური წესწყობილების რეალური სიმყარის ხარისხს, ამჟღავნებს ეროვნული უსაფრთხოების მოდელის აშკარა თუ ფარულ ნაკლოვანებებს და გვასწავლის მათი, თუნდაც ნაწილობრივი, აღმოფხვრის ხერხებს. ასეთ ბუნებრივ გზამკვლევს, უპირველეს ყოვლისა და სრულიად გასაგებ მიზეზთა გამო, საქართველოს უშუალო სიახლოვეში მიმდინარე პროცესებთან მივყავართ. მკითხველისთვის არც ის იქნება მოულოდნელი აღმოჩენა, რომ სტატიის ამ მონაკვეთში აღნუსხული ნიშნებით უკეთ გააზრებას საჭიროებს რუსეთის თანამედროვე დოქტრინალური მიდგომა მისებურ „ახლო საზღვარგარეთში“ მოქცეული მეზობელი ქვეყნებისადმი. 

უკეთ გაგებისა და პროგნოზირებისთვის 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან მოყოლებული, რუსული „ჰიბრიდული ომის“ სტრატეგია მკვლევართა ინტენსიური ყურადღების ქვეშ მოექცა, ხოლო 2014 წელს უკრაინის მიმართ განხორციელებულმა აგრესიამ ხსენებული სტრატეგია, შეიძლება ითქვას, შესწავლისათვის მეტი ფაქტოლოგიური და საოპერაციო მასალით „გაამდიდრა“. დამკვიდრებული გაგებით, ჰიბრიდული ომის სტრატეგია რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის გერასიმოვის სახელს უკავშირდება და იგი მოიაზრებს ხისტი და რბილი ძალისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოსაყენებლად სახელმწიფო აპარატის სრულ მობილიზებას და ერთიანი ძალისხმევით მოქმედებას. იმავდროულად, ამ ნაერთი „ჰიბრიდის“ გამოყენების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისით ოპერირება მშვიდობიანობისა და ომიანობის ფორმალურ მდგომარეობებს შორის ანუ, სხვა სიტყვებით: ხისტი და რბილი ძალის ჰიბრიდის ამოქმედება მიზნად ისახავს მოშალოს სამიზნე ქვეყნის სტაბილურობა და სიმშვიდე, თანაც ისე, რომ აგრესორი მხრიდან ძალის გამოყენება ოფიციალურად არ შეფასდეს როგორც საომარი მოქმედების დაწყება. დასავლურ წყაროებში, ასეთ მოქმედებებს ე.წ. დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების კატეგორიას მიაწერენ, რაც ფაქტობრივად ხელს უწყობს „არც ომისა და არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს შექმნას და ასეთი მდგომარეობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გერასიმოვის სტრატეგია მუდმივი კონფლიქტისკენაა მიმართული. 

ჩვენ შეგნებულად მოვერიდეთ გერასიმოვის „ჰიბრიდული ომის“ სტრატეგიას დოქტრინის კვალიფიკაცია მივცეთ, რადგან სრულად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს პრაქტიკულ მოქმედებათა თუ საშუალებათა საოპერაციო მოდელს რუსეთის დასავლეთთან დაპირისპირებისა. მეტიც, სტრატეგიის რეალური დანიშნულებაა მოემსახუროს იმ სრულფასოვანი დოქტრინის გაშლას, რასაც „პრიმაკოვის დოქტრინა“ ეწოდა. კიდევ უფრო მარტივი (და თანამედროვე) სიტყვებით: მაშინ როდესაც „პრიმაკოვის დოქტრინა“ წარმოადგენს კონცეპტუალურ პროგრამას, „გერასიმოვის სტრატეგია“ (და არა დოქტრინა) არის ამ პროგრამის პრაქტიკული ხორცშესხმისთვის შექმნილი აპლიკაცია. 

„პრიმაკოვის დოქტრინა“ მიუღებლად თვლის ერთპოლუსიან მსოფლიოს, სადაც დომინანტია ამერიკის შეერთებული შტატები და მიიჩნევს, რომ რუსული საგარეო პოლიტიკა შემდეგი პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს. კერძოდ, მსოფლიოში ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი უნდა არსებობდეს (ე.წ. მრავალპოლუსიანი სამყარო), რომლებიც ერთიანობაში აშშ-ის საპირწონეს უნდა ქმნიდეს და მას აბალანსებდეს. ასეთ ცენტრებზე საუბრისას, დოქტრინა მიიჩნევს, რომ მსოფლიოს მართვის პოლუსები რუსეთზე, ჩინეთზე, ინდოეთზე და აშშ-ზე უნდა გადანაწილდეს. კონსტიტუციონალისტთა ენით თუ ვისაუბრებთ, აქ მინიშნებაა მსოფლიო წესწყობილებაში ერთგვარი „ურთიერთკონტროლისა და ურთიერთშეკავების“ მოდელის დამკვიდრებაზე, რაც რომელიმე მსხვილი სახელმწიფოს ხელთ გავლენის რესურსის ბოროტად გამოყენებას ანეიტრალებს. შემდეგია, რომ რუსეთი ინარჩუნებს დომინანტურ როლს პოსტსაბჭოურ სივრცეში და ხელს უწყობდეს მის ინტეგრაციას. და ბოლოს, ნატო-ს გაფართოება მიუღებელია და მას წინ უნდა აღუდგეს. 

დასახელებულ პრინციპებს შორის ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის მქონეა რუსეთის მხრიდან დეკლარირებული პრიმატი პოსტსაბჭოურ (პრაქტიკულად, იგივე „ახლო საზღვარგარეთი“) სამყაროზე, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს „ყოფილი რესპუბლიკების“ რუსეთის გარეშემო და მისი მეთვალყურეობით მჭიდრო ინტეგრაცია. მართალია, დოქტრინა არ აკონკრეტებს ინტეგრაციის კონკრეტულ პოლიტიკურ-სამართლებრივ შინაარსს, რაც მის პრაქტიკულად ნებისმიერ გეოპოლიტიკურ კონიუქტურაზე (და საკმაოდ ფართე) მორგების შესაძლებლობას იძლევა. აგრეთვე დავძენთ, რომ რუსეთის გადმოსახედიდან შესაბამისი ინტეგრაციული პროცესის ხელშემწყობია ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების (მათ შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჩათვლით) რღვევა და ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. ნიშანდობლივია ისიც, რომ დოქტრინის საფარქვეშ „ახლო საზღვარგარეთზე“ ჩაჭიდება პარალელშია საბჭოთა კავშირის სამხედრო დოქტრინულ სწავლებასთან სსრკ-ს საზღვრებთან საკმარისი „სტრატეგიული სივრცით“ უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. ამ ამოცანას, თავის დროზე, ვარშავის ბლოკი ემსახურებოდა. ხოლო ჯერ ვარშავის ბლოკის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დაშლამ, ეს პრობლემა ახალი ძალით გააღვივა, შეუქმნა რა რუსულ პოლიტიკურ-სამხედრო ელიტას უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან „პირობითი“ მოწინააღმდეგის უშუალო მიახლოვების განცდა. ამიტომ, მყიფე შიდა სტაბილურობის პირობებში, „ახლო საზღვარგარეთის“ ყოფილ „რესპუბლიკებზე“ რბილი თუ ხისტი (ზოგან კი კინეტიკური) იერიშის მიტანა რუსეთისთვის თანაბრად იქცა როგორც „სტრატეგიული სივრცის“ თუნდაც ნაწილობრივი რესტავრაციად, ასევე ვრცელ ევრაზიულ რეგიონში რუსეთის მიერ „შეუცვლელ სახელმწიფოდ“ (მსგავსად აშშ-ის ერთ-ერთი ცნობილი გეოპოლიტიკური ხაზისა, რომლის მიხედვითაც გლობალურ საკითხებში ეს ქვეყანა აპრიორშივე „შეუცვლელად“ ითვლება – „ინდისპენსაბლე ნატიონ“) დამკვიდრების მცდელობად. 

დეკლარირებიდან დღემდე, „პრიმაკოვის დოქტრინა“ ცვალებადი – პასიურიდან აქტიურამდე – ინტენსივობით გამოიყენებოდა, რასაც, ბუნებრივია, რუსეთის ხისტი და რბილი ძალის განსახორციელებლად შესაბამისი რესურსის საკმარისობა (ან მისი უკმარისობა) განაპირობებდა. ამასთანავე, აღსანიშნავია თანამედროვე ეტაპზე დოქტრინის მორგების მცდელობა მსოფლიოში რუსეთის შედარებით მზარდ გავლენაზე, რაც უწინარეს ყოვლისა ახლო აღმოსავლეთის პროცესებში (ხოლო შედარებით მცირე დოზით ვენესუელასა და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში) რუსულმა ჩარევამ გამოიწვია. კერძოდ, დოქტრინამ „გლობალური ფერები“ შეიძინა და, ალბათ, კიდევ უფრო მეტად „გაგლობალურდებოდა“, რომ არა საამისოდ პრაქტიკული რესურსების მწვავე უკმარისობა. იმავდროულად, დოქტრინის პრაქტიკული იმპლემენტაცია დიდადაა დამოკიდებული რისკების სწორ გათვლაზე და მისი გამოყენების შედეგად პოტენციური სარგებლის რაციონალურ მისადაგებაზე პოტენციურ წარუმატებლობასთან. რისკებზე საუბრისას, რუსეთისთვის ერთ-ერთი უმთავრესია ნატო-სთან ნებისმიერი ესკალაცია და ღია დაპირისპირებაში მოქცევა. ეს ის „წითელი ხაზია“, რომლის გადაკვეთის მიზანშეუწონლობაზე რუსული წყაროები პირდაპირ მიუთითებენ. ამდენად, იმ პირობით, რომ ეს „ხაზი“ არ იქნება ხელყოფილი (რაც დამატებითი მტკიცებაა, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, გაურბის ნებისმიერი გამოხატვით გლობალურ ჰეგემონიას), 2014 წლიდან ამოქმედებული რუსული სამხედრო დოქტრინა დასაშვებად თვლის დასავლეთთან ხანგრძლივ კონფრონტაციულ ურთიერთობას. ამგვარი „მართული კონფრონტაცია“ კი განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსთვის, ვინაიდან მისი აშკარა კონტურები უშუალოდ ჩვენზე, როგორც „ბუფერულ“ სივრცეზე, გადის. მეტიც: დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში ხისტი ძალა ჰიბრიდული ომის აუცილებელი მოკავშირეა, სადაც პირველი მეორეს ავსებს და ამყარებს. ასეთი კავშირის გარეშე ე.წ. „დაბალი ინტენსივობის“ კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობა პრაქტიკულად გამოირიცხება. ხოლო ეს ფაქტორი, თავის მხრივ, თანაბრად მხედველობაში მისაღებია ქართული უსაფრთხოების მოდელის დამუშავებისას. 

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თვისობრივად ახალი ტიპის კონფლიქტისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა არა მარტო რუსეთის ახლო სამეზობლო, არამედ დასავლეთიც. განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე საკითხისადმი მიძღვნილ კვლევებსა თუ მიმოხილვებში გამოიკვეთა პრეტენზია, რომ დასავლურ ინსტიტუტებს (მათ შორის, და უწინარესად, – აშშ-ს) შემუშავებული არა აქვთ ერთიანი და მწყობრი სტრატეგია „დაბალი ინტენსივობის“ ე.წ. „რუხ კონფლიქტურ ზონებში“ საერთაშორისო წესწყობილების წინააღმდეგ მიმართულ რევიზიონიზმის ეფექტიანი შეკავებისთვის. არ არსებობს არც შენიღბული აგრესიული ქმედებების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და შესატყვისი კვალიფიცირების მეთოდიკა. ამჟამინდელი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, მართალია, პირდაპირ ასახელებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მოწყობის უმთავრეს მოწინააღმდეგებს (პირველ რიგში რუსეთს და ჩინეთს, ხოლო მერე უკვე: ირანს და ჩრდილოეთ კორეას), ფაქტია, რომ პრაქტიკული რეალიზაციისთვის ამ სტრატეგიას, ვთქვათ, საკუთარი აპლიკაცია აკლია, დაახლოებით ისეთი, როგორსაც, პრიმაკოვის დოქტრინის შემთხვევაში, გერასიმოვის სტრატეგია წარმოადგენს. დიდი ალბათობით დასავლეთის არსენალში ასეთ გაუმართავობას უნდა მივაწეროთ ბოლო წლების არაერთი „ლაფსუსი“, ხოლო სულ ბოლოდროინდელს თუ გავიხსენებთ, ესაა რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მიერ შავი ზღვის არეალის 119,000 კვადრატული კილომეტრის ფაქტობრივი ჩაკეტვა, რამაც ღია ნაოსნობის საშუალება შეუზღუდა არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსაც კი, – ბულგარეთსა და რუმინეთს. აშკარაა, რომ ახალი ტიპის „დიდი კონკურენციისადმი“ მიძღვნილი ამ საუკუნის წიგნი – ფარული თუ დაუფარავი აგრესიისთვის დამახასიათებელი თეორიების აღნუსხვით – ჩვენ თვალწინ იწერება, ხოლო ამ წიგნის ერთ-ერთი თავი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას ეძღვნება. 

თანამედროვე "ქართული ანალიტიკა" 

ახალი თაობის გეოპოლიტიკური კონფლიქტები მათ ახლებურად გააზრებას და სისტემურ ანალიტიკას საჭიროებს. თანამედროვე პირობებში თვალშისაცემია საერთაშორისო ურთიერთობებში ე.წ. „რეალური დროის“ კონფლიქტის დამკვიდრება; ხოლო მისი მოგვარების ან მასთან გამკლავების გამზადებული რეცეპტი ჯერაც არ არსებობს. ახალი ტიპის კონფლიქტის უნიკალურობა ისიც არის, რომ გავლენათა ზონების მოსაპოვებლად საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ კომპონენტს წამყვანი როლი ენიჭება. ერთხელ ვთქვით და კვლავ გავიხსენოთ ის რეალობა, რომ საქართველო სწორედ ერთ-ერთ ასეთ ზონაშია. საგანგაშოა ისიც, რომ ახალი თაობის გამოწვევების გასააზრებლად კრიტიკულად აუცილებელი ანალიტიკური უნარები ჩვენში ჯერ კიდევ საწყის განვითარებაშია. 

გეოპოლიტიკურ ქარტეხილთა ფონზე ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის სასურველ ვექტორებსა თუ მიმართულებებზე აქ არ ვისაუბრებთ: აღნიშნული საკითხები არაერთხელ განვიხილეთ ბოლო წლინახევრის სხვადასხვა პუბლიკაციაში. ამ სტატიის დასასრულს კი ისევ ნამდვილი, და არა ფსევდო, ანალიტიკური სისტემური უნარების განვითარებაზე გვსურს ვთქვათ, რადგან გვჯერა, რომ საფრთხეთა მოგერიებისა ან მათი შემცირებისთვის, მხოლოდ ინტელექტია რეალურად უმთავრესი და პრაქტიკული ფასეულობა. ამიტომაც, ყოვლად მისასალმებელი და მხარდასაჭერია ანალიტიკურ-კვლევითი პლატფორმების, გაერთიანებებისა თუ ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ასევე, აუცილებელია, რომ მათი მუშაობის თეორიული მიგნებები და შედეგები ორგანულად დაუკავშირდეს პრაქტიკულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს, იქცეს ქვეყნის ინსტიტუტების ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილად და კომპეტენტური გადაწყვეტილებების ფორმირების წყაროდ. ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული პრობლემატიკის გადაწყვეტაში თანამონაწილეობის პარალელურად, ვიმედოვნებთ, რომ საქმით და სიტყვით მიუკერძოებელი თეორიულ-ანალიტიკური სექტორი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა მსოფლიოს დოქტრინალურ და თეორიულ სწავლებათა თანამეგობრობაში, დაეხმარება ჩვენივე ქვეყნის ცნობადობის ზრდას და ახალი ძლიერი სამოკავშირეო ბმულების წარმოქმნას. ყოველივე ეს კი სამომავლოდ მეტი უსაფრთხოებისაკენ მიმავალი გზაა. 

ვიქტორ ყიფიანი