ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
სპორტული გუნდების 10 უმდიდრესი მფლობელი - #3(60), 2019
Forbes-მა 2019 წელს 2153 მილიარდერი დათვალა, რომელთა ჯამური კაპიტალი 8,7 ტრილიონი დოლარია. ეს ბოლო ათწლეულში მეორე შემთხვევაა, როცა პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რიცხვმა (55-ით) მათ ქონებასთან (400 მილიარდი დოლარით) იკლო. თუმცა, სპორტული გუნდების მფლობელთათვის წელი უფრო იღბლიანი აღმოჩნდა: მათი რეიტინგის პირველ ოცეულში მხოლოდ 6 „გაღარიბდა“. ქვემოთ აღნიშნული რეიტინგის საუკეთესო ათეულის წევრებს წარმოგიდგენთ. 


1. მუკეშ ამბანი 

ქვეყანა: ინდოეთი 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 13 

ქონება: 50 მილიარდი დოლარი 

გუნდი: „მუმბაი ინდიანსი“ (კრიკეტი) 

„მუმბაი ინდიანსი“ ინდურ კრიკეტში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მან ადგილობრივი პრემიერლიგის სამჯერ მოგება შეძლო, მაგრამ შარშანდელ სეზონში აშკარა ჩავარდნა ჰქონდა და მატჩების ნახევარზე მეტი წააგო. 

მუკეშ ამბანისთვის, რომელმაც 2008 წელს მუმბაის კრიკეტ-გუნდის ფრანშიზაში 111,9 მილიონი დოლარი გადაიხადა, 2018 წელი ერთობ წარმატებული გამოდგა. ერთ წელიწადში ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ქონებამ 10 მილიარდით მოიმატა. 


2. სტივ ბალმერი 

ქვეყანა: აშშ 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 19 

ქონება: 41,2 მილიარდი დოლარი 

გუნდი: „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ (კალათბურთი) 

ბალმერმა 2014 წელს დატოვა Microsoft-ის გენერალური დირექტორის პოსტი, თუმცა, კომპანიის აქციათა დიდი ნაწილი შეინარჩუნა და არც წაუგია. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ბიზნესმენის ქონებასთან ერთად კომპანია Microsoft-ის აქციათა ღირებულებაც 2-ჯერ გაიზარდა. 


3. ალექსეი მორდაშოვი 

ქვეყანა: რუსეთი 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 48 

ქონება: 20,5 მილიარდი დოლარი 

გუნდი: „სევერსტალი“ (ჰოკეი) 

2017-2018წწ სეზონის შედეგების მიხედვით, ჩერეპოვეცული გუნდის KHL-დან (Kontinental Hockey League) გარიცხვას გეგმავდნენ, მაგრამ პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში მან პლეი ოფში გასვლა შეძლო. გაიზარდა გუნდის მატჩებზე დასწრების საშუალო მაჩვენებელი (3773-მდე), დაფინანსება ფოლადსაჩამომსხმელო და სამთომოპოვებითი კომპანია „სევერსტალის“ მხრიდან და შესაბამისად, ჰოკეისტებმაც ადგილი შეინარჩუნეს ჰოკეის კონტინენტურ ლიგაში.


4. დიტრიხ მატეშიცი 

ქვეყანა: ავსტრია 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 53 

ქონება: 18,9 მილიარდი დოლარი 

გუნდები: „ნიუ იორკ რედ ბულზი“, „RB ლაიფციგი“ (ფეხბურთი), „რედ ბულ რაისინგი“ (ფორმულა 1) და სხვ. 

კომპანია Red Bull ხუთ საფეხბურთო გუნდს (აშშ-ში, გერმანიაში, ავსტრიაში, განასა და ბრაზილიაში), ორ-ორ ჰოკეისა და ფორმულა 1-ის გუნდებს, კიბერსპორტულ პროექტსა და ექსტრემალური თემატიკის მქონე არაერთ შეჯიბრს აფინანსებს. დიტრიხ მატეშიცი სპორტს ბრენდის მთავარ მარკეტინგულ პოლიგონად მიიჩნევს. 


5. ჰასსო პლატნერი 

ქვეყანა: გერმანია 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 94 

ქონება: 13,5 მილიარდი დოლარი 

გუნდი: „სან ხოსე შარკსი“ (ჰოკეი) 

„სან ხოსე“ NHL-ის (National Hockey League) ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფრანშიზაა. დაგ უილსონი კლუბის გენერალური მენეჯერის პოსტს 2003 წლიდან ინარჩუნებს, ხოლო პიტერ დე ბური გუნდს უკვე მეოთხე სეზონი წვრთნის (რაც ნაციონალური ჰოკეის ლიგისთვის საკმაოდ იშვიათობაა). 

პოზიტიურია გუნდის საფინანსო მაჩვენებლებიც – 14-მილიონიანი მოგებით „გამაგრებული“ 148-მილიონიანი შემოსავალი. 


6. რომან აბრამოვიჩი 

ქვეყანა: რუსეთი 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 107 

ქონება: 12,4 მილიარდი დოლარი 

გუნდი: „ჩელსი“ (ფეხბურთი) 

ახალ 60-ათასიან სტადიონს კლუბისთვის ეკონომიკური სიმძლავრე უნდა შეემატებინა. თუმცა, 2018 წლის გაზაფხულზე ლონდონური კლუბის მეპატრონეს ბრიტანული საინვესტიციო ვიზა არ გაუგრძელეს და აბრამოვიჩმაც დროებით „გაყინა“ „სტემფორდ ბრიჯის“ სარეკონსტრუქციო პროექტი. 


7. ჯიმი რეტკლიფი 

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 110 

ქონება: 12,1 მილიარდი დოლარი 

გუნდი: „თიმ ინეოს“ (ველოსპორტი)
 
ბოლო ათწლეულის ყველაზე ტიტულოვანი ველოგუნდი Team Sky (2010 წლიდან 8 გრან-ტურში გამარჯვება), 2018 წლის ბოლოს სპონსორების გარეშე დარჩა: კომპანიებმა Sky და 21st Century Fox ველოსპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადეს. 

2019 წლის გაზაფხულზე გუნდის ახალი მფლობელი გახდა მეწარმე ჯიმი რეტკლიფი. მაისიდან Team Sky-ს სახელი შეეცვალა და Team Ineos-ად იწოდება. ბრიტანელმა მეპატრონემ ველომრბოლელთა წლიური ბიუჯეტი 40 მილიონი ფუნტი სტერლინგით განსაზღვრა. 


8. დევიდ ტეპერი 

ქვეყანა: აშშ 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 118 

ქონება: 11,6 მილიარდი დოლარი 

გუნდი: „კაროლინა პანტერსი“ (ამერიკული ფეხბურთი) 

2018 წლის ზაფხულში, ტეპერმა „პანტერსის“ აქციათა სრული პაკეტი ამერიკული ფეხბურთისთვის რეკორდულ თანხად – 2,3 მილიარდ დოლარად გამოისყიდა. ლიგის წესების თანახმად, მას კიდევ ერთი გუნდის "პიტსბურგ სტილერსის" ხუთპროცენტიანი წილის გაყიდვა მოუწევს, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს აქვს შეძენილი. 

ბოლო 5 სეზონში „პანტერსი“ ოთხჯერ გავიდა ჩემპიონატის პლეი ოფში, ხოლო ამ პერიოდის ყველაზე შემოსავლიანი 2017 წელი 62 მილიონი დოლარის ოდენობის მოგებით დაასრულა. 


9. ფილიპ ანშუტცი 

ქვეყანა: აშშ 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 128 

ქონება: 10,9 მილიარდი დოლარი 

გუნდები: „ლოს ანჯელეს კინგზი“ (ჰოკეი), „ლოს ანჯელეს გელექსი“ (ფეხბურთი) 

ფილიპ ანშუტცის გარეშე ამერიკაში ძლიერი სოკერლიგა ვერ იქნებოდა. პროექტის ამუშავებისას იგი ქმნიდა გუნდებს, აშენებდა სტადიონებს, სათამაშოდ ჩამოჰყავდა საქვეყნოდ ცნობილი ვარსკვლავები. 

ამჟამად, მისი „გელექსი“ MLS-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი (320 მილიონი დოლარი) და ფინანსურად წარმატებული (63-მილიონდოლარიანი წლიური მოგება) ფრანშიზაა. 


10. მიხაილ პროხოროვი 

ქვეყანა: რუსეთი 

ადგილი Forbes-ის საერთო რეიტინგში: 139 

ქონება: 9,8 მილიარდი დოლარი 

გუნდი: „ბრუკლინ ნეთსი“ (კალათბურთი) 

Alibaba Group-ის თანადამფუძნებელმა ჯოზეფ ცაიმ 2018 წლის გაზაფხულზე „ნეთსის“ აქციათა 49 პროცენტი, 3 წელიწადში საკუთარი წილის მაჟორიტარულამდე გაზრდის პირობით იყიდა. გარიგება 2,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ოღონდ იგი არ მოიცავს უფლებებს Barclays Center-ზე, სადაც „ბრუკლინი“ საშინაო მატჩებს მართავს. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა