ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ლელობურთია ჩვენი თამაში, რაგბი – ბრიტანელების - #3(60), 2019
რაგბი ქართული სინამდვილისთვის ეგზოტიკური სპორტის სახეობათა ნუსხას არ მიეკუთვნება. საქართველოში იგი უკვე იმდენად პოპულარულია, მხოლოდ მის სანაკრებო თამაშებზე ივსება 54-ათასიანი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი (მიხეილ მესხის სახელობის ორჯერ ნაკლები ტევადობის არენაზე რომ არაფერი ვთქვათ). პოპულარობა საქმითაც ბევრჯერ "გამაგრებულა". სათამაშო სახეობებიდან რაგბი პირველია, რომლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩვენი ნაკრები მოხვედრილა და იქ ღირსეულადაც უასპარეზია. თუმცა, მოდით, ყველაფერზე მიმდევრობით მოვყვეთ. 

რაგბის საწყისებზე ბევრი მოსაზრება არსებობს. მის წინაპარ თამაშებს შეიძლება იტალიაში შუა საუკუნეებში გავრცელებული კალჩო მივაკუთვნოთ. ასევე "შეიძლება"-ს კატეგორიაში ხვდება ქართული ლელობურთი. აკადემიკოს ნიკო მარის მიხედვით, ლელობურთის მსგავსი თამაში ბასკეთშიც (პროვინცია ესპანეთში) ყოფილა გავრცელებული, სადაც მოთამაშეები ბურთის გატანისას სიხარულს "ლელოს" შეძახილით გამოხატავდნენ. ვინ უწყის, იქნებ ბრიტანელებმა ბურთაობის ეს სახეობა ქართველთა მონათესავე ბასკებისგან გადაიღეს. 

ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, რაგბის თანამედროვე სახით ჩვენამდე მოტანაში გადამწყვეტი როლი ფეხბურთს უთამაშია. ინგლისის უორიკშირის საგრაფოს პატარა ქალაქ რაგბიში (Rugby) მდებარე უძველეს (1567 წელს დაარსებული) საჯარო სკოლაში ფეხბურთის თამაშისას, 16 წლის უილიამ უებ ელისმა ბურთს ხელი დაავლო და მასთან ერთად მეტოქის "ჩათვლის მოედნისკენ" გაემართა. აღსანიშნავია, რომ 1823 წელს (სწორედ ამ წლის 7 აპრილი იყო სკოლაში ბურთაობისას) ფეხბურთის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობდა და კონკრეტულად იმ მატჩის რეგლამენტით ნებადართული იყო ბურთზე ხელით შეხება. ესაა რომ, ბურთიანად გადაადგილება არ შეიძლებოდა. იმის მიუხედავად, რომ ამ ჰიპოთეზას რაიმე მყარი მტკიცებულება თან არ ახლავს, თავად სიუჟეტმა სამომავლო სარაგბო კულტურაში მყარად გაიდგა ფესვები, ხოლო მისი მთავარი მოქმედი პირი სულაც რაგბის სიმბოლოდ იქცა. თავად განსაჯეთ, თანამედროვეობის უმთავრესი სარაგბო ტურნირის, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ტროფეი, ფეხბურთის წესების დამრღვევი ზემოთ ხსენებული მოსწავლის სახელს ატარებს. 1987 წლიდან, ოთხ წელიწადში ერთხელ გამართული მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული მთავარ ჯილდოდ უილიამ უებ ელისის თასს იღებს. 

ქალაქ რაგბის სკოლის კურსდამთავრებულებმა ფეხბურთის თამაში უნივერსიტეტების სტუდენტთა რანგშიც ახალი წესებით გააგრძელეს. კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩარიცხული ალბერტ პელი "მორაგბო ფეხბურთის" პირველი ადგილობრივი გუნდის დამაარსებლად ითვლება. რაგბის ჩამოყალიბების გარიჟრაჟზე ინგლისის სხვადასხვა სკოლის კურსდამთავრებულები ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში ცდილობდნენ თავიანთი სათამაშო წესების დამკვიდრებას. 

რაგბის წესების კოდიფიკაციის პირველი დადასტურებული მცდელობა მოხდა 1845 წელს და მისი ინიციატორები სწორედ რაგბის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. აქედან 3 წელიწადში, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოსცეს თამაშის წესების საკუთარი პროექტი, რომელიც საფეხბურთო მატჩების გამართვის ერთიანი რეგლამენტი გახდა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მონაწილეთაგან "ბლექჰითის" (Blackheath FC) გამოსვლის შემდეგ, 1863 წლიდან ფეხბურთისა და რაგბის გაყოფის ახალი ეტაპი დაიწყო. "ბლექჰითი" ისტორიაში პირველ სარაგბო კლუბად ითვლება, რომლის წევრობა ნებისმიერი მსურველისთვის ნებადართული გახლდათ. 

1871 წელს შეიქმნა ინგლისის რაგბის კავშირი, რომლის ეგიდით გამართულ ტურნირებში რაგბი-ფეხბურთს (Rugby Football) თამაშობდნენ. XIX საუკუნის დასასრულს ინგლისის სარაგბო საზოგადოებაში განხეთქილება მოხდა. ქვეყნის ჩრდილო ნაწილის რამდენიმე კლუბმა, სადაც მეტწილად დაქირავებული მუშები ასპარეზობდნენ, მოთამაშეთათვის კომპენსაციების გაცემას მოითხოვა, რადგან კვირაობით თამაშის გამო მათ სამუშაოს გაცდენა უწევდათ. სარაგბო კავშირის ხელმძღვანელობა კი, მონაწილეთაგან სამოყვარულო სტატუსის დაცვას ითხოვდა. კონფლიქტის კულმინაცია ოპოზიციური გუნდების მიერ კავშირის დატოვება და ახალი თამაშის რაგბილიგისთვის (Rugby League) წესების შექმნა იყო. რაგბილიგა, იგივე რაგბი-13, გუნდიდან ერთდროულად მინდორზე მყოფთა რიცხვს 15-ის ნაცვლად 13-ს ითვალისწინებდა. ჩვეულებრივ, 15-კაცა რაგბს რაგბი-კავშირის (Rugby Union) სახელი დაუმკვიდრდა. თუმცა, დღეისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სადაც რაგბს თამაშობენ, სიტყვა "რაგბი" თამაშის ტრადიციულ 15-კაცა ვარიანტს გულისხმობს. 

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად აღიარებული პირველი ტესტ-მატჩი შედგა 1871 წლის 27 მარტს. ამ დღეს ედინბურგში შოტლანდიამ ინგლისს უმასპინძლა და 1:0 მოუგო. 1881 წლისთვის ეროვნული ნაკრები გუნდები ჩამოაყალიბეს ირლანდიასა და უელსშიც, ხოლო 1883 წლიდან ბრიტანელებმა ყოველწლიურად დაიწყეს საშინაო ერთა თასის გათამაშება. 

1886 წელს დაფუძნდა რაგბის საერთაშორისო საბჭო (International Rugby Board – IRB), რომელიც თავდაპირველად უელსელ, ირლანდიელ და შოტლანდიელ სპორტულ ფუნქციონერებს აერთიანებდა. 1890 წელს საბჭოს ინგლისი შეუერთდა და მხოლოდ 1949 წლიდან ითვლებიან მის მონაწილეებად ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა. ეს ორგანიზაცია ჭეშმარიტად საერთაშორისო და გლობალური გახდა გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში, როცა მისი წევრობა მიიღეს საფრანგეთმა, არგენტინამ, იტალიამ, წყნარი ოკეანისპირა გრანდებმა და სხვა ქვეყნებმა. 

დღეისთვის ამ ორგანიზაციაში 99 მუდმივი (საქართველო 1992 წლიდან) და 20 ასოცირებული წევრი-ქვეყანაა გაერთიანებული. 2014 წლიდან მისი დასახელებაა მსოფლიო რაგბი (World Rugby). შტაბ-ბინა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მდებარეობს. იგი პლანეტის მთავარი სარაგბო შეჯიბრის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორია. რაგბის საერთაშორისო საბჭომ, 1985 წლის მარტში გამართულ პარიზის სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომ პირველად 1987 წელს ჩატარებულიყო რაგბში მსოფლიო თასის გათამაშება. იქვე დასახელდა მასპინძელი ქვეყნები – ახალი ზელანდია და ავსტრალია. 

მსოფლიო თასს, ამ საუკუნეში მასზე ქართველი ბორჯღალოსნების რეგულარულად ასპარეზობის უფრო კონკრეტულად განსახილველად, კიდევ მივუბრუნდებით. ჯერ კი, რაგბის ოლიმპიურ გამოცდილებას შევეხოთ. 

რაგბი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1900 წელს, პარიზში გამოჩნდა. შემდეგ იგი 1908, 1920 და 1924 წლებშიც ჩართეს, მაგრამ არცერთხელ მონაწილეთა რიცხვი სამზე მეტი არ ყოფილა. რიო დე ჟანეიროში 2016 წელს გამართულ ოლიმპიადაზე რაგბი შვიდკაცას სახით დაბრუნდა, თან კაცებთან ერთად მედლებისთვის ქალებიც (12-12 გუნდი) იბრძოდნენ. კაცებში ოქროს მედლები ფიჯიმ, ფინალში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული გუნდის ძლევით (43:7) მოიგო, ქალებში კი ჩემპიონის ტიტული ავსტრალიამ ზელანდიელთა პაექრობაში დაისაკუთრა (24:17). 

რაგბის ქართული ფესვები ლელობურთშია 

რაგბის წარსულზე საუბრისას, დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ლელობურთზე ხაზგაუსმელობა არ იქნება. ბურთით გუნდური თამაში, რომლის ტრადიცია გურიასა და სამეგრელოში დღესაც არსებობს, რაგბის ერთ-ერთ წინამორბედად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ. 

რაგბის მსგავსად, ძველ ქართულ თამაშშიც მოთამაშეებს მიზნად ბურთის მოწინააღმდეგის მოედანში შეტანა ჰქონდათ დასახული. ასპარეზი შემოსაზღვრული არ იყო, არც მოთამაშეთა ოდენობა იყო ლიმიტირებული. თამაშობდნენ უბანი უბნის, სოფელი სოფლის წინააღმდეგ. ასეთი წესი ყოფილა – მღვდელი ყოველ აღდგომას აკურთხებდა წითელ, 16-კილოიან ბურთს და მრევლს ლელოს ათამაშებდა. გადმოცემის თანახმად, თამაში მოედნის შუა ადგილზე ბურთის მაღლა აგდებით იწყებოდა. ვინც პირველი დაიჭერდა, ცდილობდა მოწინააღმდეგეთა წრე გაერღვია და ლელოს მიმართულებით გაჭრილიყო, რაშიც მას ხელს გვერდში მყოფი თანაგუნდელები უწყობდნენ, მოწინააღმდეგე ბანაკის წევრები კი, ბურთის წართმევაზე ფიქრობდნენ. თამაშში გამარჯვებულად ის გუნდი ცხადდებოდა, რომელიც მეტ ლელოს გაიტანდა. 

სხვათა შორის, ასპარეზობაში ზოგჯერ მხედრებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, 1882 წლის გაზეთი "დროება" გვამცნობს: "კულაშში თავადი მიქელაძეების თაოსნობით გამართულ ლელობურთში 1500 ქვეითი და 500 ცხენოსანი მონაწილეობდა". 

სამეგრელოში თამაშის დასრულების შემდეგ წესი ყოფილა – გამარჯვებული გუნდი ფესვებიანად მოგლეჯდა ხეს და ეკლესიის კართან ააყუდებდა. ხეს მღვდელი ამ სიტყვებით ლოცავდა: "დიდებულო წმინდა გიორგი, შენ მიეცი ამათ შეძლება, მშვიდობა, დღეგრძელობა, ძალი და ღონე და ისე გაამარჯვებინე ყოველ წელს, როგორც ახლა". 

ლელოს მოტრფიალენი ქუთაისშიც ჰყავდა – საფიჩხიაზე, ხარაზოვის ბაღის მიდამოებში, ხშირად ბურთაობა აყალმაყალითა და მუშტი-კრივითაც მთავრდებოდა. ლელობურთს მისდევდნენ ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და კერძო სასწავლებლებში. საეკლესიო დღესასწაულებზე დიდი ბურთაობა ჩაღდებოდა ხონში, ოფშკვითსა და იმერეთის სხვა ადგილებში. 

ლელობურთს მთავრობასა და ხალხს შორის დაპირისპირებაც მოჰყოლია. მაგალითად, ბათუმში გამართული თამაშის შესახებ საინტერესო და სახალისო ამბავს გვამცნობს 1880 წლის გაზეთი "ივერია": 

"კვირაცხოვლობა დღეს იქაური ქართველობა შეიკრიბა კახაბერის მინდორზე და იწყეს ბურთაობა. მაყურებლადაც ბევრნი იყვნენ მოსულნი და დიდადაც გაჰკვირდნენ და ისიამოვნეს ამ თამაშის ცქერით მათ, ვისაც პირველად ენახა ბურთის თამაშობა, მაგრამ სიამოვნება იაფად არ დაგვიჯდა და, ვიდრე ხალხი სიამოვნებდა, ბევრი ვაი-ვაგლახი გამოიარეს მოთამაშეებმა. როცა პირველად გამოვარდა ბურთი, მოვიდა ბოქაული ყაზახებით და სთხოვა ხალხს, მომეცით ბურთი, უფრო შუა ადგილას ავაგდებო. ბურთი მისცეს. მან ბურთი ყაზახებს გადასცა და პოლიციაში წააღებინა: ბურთის თამაში არ შეიძლება, აკრძალულიაო. 

ხალხმა სხვა ბურთი იყიდა და ახლა ის ააგდო. მოვიდა მას უკან პოლიციის უფროსი და უშალა ხალხს ბურთაობა. მან მოიყვანა ცეცხლისმქრობელნი ცეცხლის ქრობის მოწყობილობით და უბრძანა, გაწუწეთ ხალხი და დაიშლებაო. ხალხს ხუმრობა ეგონა გაწუწვა თავისი და ჟივილ-ხივილით მისცვივდნენ ცეცხლის მქრობელთ, რომ წაერთმიათ მაშინები და ახლა ისინი გაეწუწათ. ამ ბღლანძუნობაში სულ ერთიანად წახდა მაშინები და თვით პოლიციის უფროსსაც ატკინეს თვალი. 

ბოლოს ამ ვაი-ვაგლახმა სამხედრო გუბერნატორის თანაშემწემდინაც მიაღწია. თანაშემწე თ. ერისთავმა უბრძანა პოლიციის უფროსს, რომ ხალხს ჩვეულებადა აქვს ბურთის თამაშობა და ნუ დაუშლითო. 

მართლაც დაიწყო თამაშობა და ბოლომდე ისე გათავდა, რომ არავითარი უწესობა და ურიგო არ მომხდარა". 

ღორის საშარდე ბუშტიდან "გილბერტის" ოვალამდე 

რაც შეეხება რაგბის ბურთს, მისი ისტორია უილიამ გილბერტის სახელთან არის სამუდამოდ დაკავშირებული. ეს ინგლისელი ჯენტლმენი იმ ფეხსაცმლის მაღაზიის მფლობელი გახლდათ, რომელიც ქალაქ რაგბის კოლეჯის მოპირდაპირედ მდებარეობდა. გილბერტი იყო პირველი, ვინც თამაშის ამ სახეობის პოპულარობის სწრაფი ზრდა შენიშნა და მისი საკუთარი ბიზნესისთვის სასიკეთოდ გამოყენება მოინდომა – მან რაგბის ბურთების სერიულ წარმოებას მიჰყო ხელი. 

რაგბის ბურთის პირვანდელი წონა და ფორმა იმ დროისთვის ვულკანიზაციის არარსებობით იყო განპირობებული – ის ხან ღორის საშარდე ბუშტისგან, ხანაც უხეში ტყავისგან მზადდებოდა, შიგთავსად კი ზოგჯერ მატყლი, ზოგჯერ თივა გამოიყენებოდა. იყო დრო, როცა რაგბს 12-კილოიანი ბურთითაც თამაშობდნენ. 

ეს მორაგბეები. აი, გურიის სოფელ შუხუთში, ყოველწლიური სააღდგომო ლელობურთის თამაშისას ბურთი შეიძლება 16-18 კილოს იწონიდეს. ის საქონლის ტყავისგან იკერება, შემდეგ გრიგოლეთის სილითა და ნახერხით ივსება. ძველ დროში, მოკერვამდე ბურთში მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების – აგუნას წვენს ასხამდნენ. მოგვიანებით, ის ალადასტურის ღვინომ ჩაანაცვლა. 

რაგბის ბურთის წონის, ზომისა და ფორმის ერთიანი სტანდარტები 1892 წელს დააკანონეს. დღევანდელი მონაცემებით, ოვალის უდიდესი ზომა 30 სმ-ს, გრძივი შემოწერილობა 77 სმ-ს, ხოლო განივი შემოწერილობა 62 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დიდი რაგბი ყოველთვის ზეიმია 

რაგბი ბრიტანული კუნძულებიდან ევროპაში და შემდეგ სხვა კონტინენტებზეც მალევე გავრცელდა. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მან სწორედ იმ დროს ბრიტანეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე – ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიპოვა. ამ სამეულის დომინირება განსაკუთრებულად ჩანს მსოფლიოს ჩემპიონატებზე. თავად განსაჯეთ, დღემდე გამართულ 9 გათამაშებაში 8-ჯერ გამარჯვებული "შესანიშნავი სამეულის" წევრები იყვნენ – ახალმა ზელანდიამ და სამხრეთ აფრიკამ 3-3-ჯერ იმარჯვეს, ავსტრალიამ 2-ჯერ. ევროპელთა პრესტიჟის დამცველი ინგლისია, ვინც ჩემპიონატი ერთხელ (2003-ში ავსტრალიასთან 20:17) მოიგო, სამჯერ (ბოლოს, ახლახანს იაპონიაში დასრულებულ გათამაშებაზე) კი ფინალში დამარცხდა. ძველი ჩრდილოელი მეტოქის მსგავსად 3-ჯერ დამარცხდა ფინალში საფრანგეთი. ასევე 3-ჯერ ითამაშეს "მამლებმა" მატჩი III ადგილისთვის, ოღონდ იქ ერთი "დამამშვიდებელი" ფინალის მოგება (1995 წელს ინგლისთან 19:9) მოახერხეს. 

სანაკრებო დონეზე ამ ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალურ ეტაპზე ქართველთა დებიუტი 2003 წელს შედგა. "ბორჯღალოსნებმა" ავსტრალიაში უმაღლეს დონეზე თამაშის უფლება 2002 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში რუსეთის ნაკრების ძლევის (17:13) შემდეგ მიიღეს. 

2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრებს არცერთი მსოფლიო ჩემპიონატი არ გაუცდენია. იგი პროგრესის მიმართულებით თანდათანობით, მისებრ პატარა ქვეყნისთვის შეუფერებელ დიდ ნაბიჯებს დგამდა. თუ სადებიუტო გათამაშება მოგების გარეშე დაამთავრეს "ბორჯღალოსნებმა", საფრანგეთსა (2007) და ახალ ზელანდიაში (2011) გამართულ ფინალურ ეტაპებზე თითო მოგება მიითვალეს, ხოლო ინგლისში (2015) ჯგუფურ ეტაპზე სულაც 2 მატჩში იმარჯვეს (ტონგასთან 17:10 და ნამიბიასთან 17:16) და პირველად ისტორიაში, შესარჩევი ეტაპის გაუვლელად მიიღეს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება. 

ბოლო მიღწევის ფონზე, იაპონიაში გამართულ წლევანდელ ფინალურ ეტაპზე ქართველებმა ნაბიჯით უკან დაიხიეს – მათ ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს (ურუგვაისთან 33:7). სამაგიეროდ, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგის გაწვრთნილებმა ტურნირზე "დადებული" ლელოების სარეკორდო მაჩვენებელი (9) დააფიქსირეს (წინა ოთხ გათამაშებასთან შედარებით) და ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე 20 გუნდს შორის მე-14 ადგილზე აღმოჩნდნენ. 

2023 წელს საფრანგეთის სარაგბო არენებზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, "ბორჯღალოსნებს" ძველებურად შესარჩევი ეტაპის გავლა მოუწევთ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სარაგბო მსოფლიოზე მოხვედრა ქართველებს მეტწილად ევროპის ერთა თასის გათამაშების წარმატებით გავლის შემდეგ უწევთ ("ბორჯღალოსნები" 2000 წლიდან მოყოლებული ერთა თასის 11-გზის გამარჯვებულები არიან), უმაღლეს სანაკრებო დონეზე საფრანგეთში კიდევ ერთხელ თამაში მათთვის აუხდენელი ოცნება არ უნდა იყოს. 

ფრიდონ კერვალიშვილი