ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ყველა დროის გამოჩენილი მმართველები - #3(60), 2019
ამერიკელმა ბიზნეს-კონსულტანტმა, მწერალმა და მკვლევარმა, მსოფლიო ბესტსელერების („სამარადისოდ აშენებულნი“ – 1994წ. და „კარგიდან უდიადესამდე“ – 2001წ.) ავტორმა ჯიმ კოლინზმა 400 წარმატებული მმართველის წარსული გამოცდილება შეისწავლა. მრავალწლიანი კვლევის შედეგად მან შეადგინა მათგან ყველაზე ეფექტური მენეჯერის ტოპ-ათეული, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. არ გაიკვირვოთ თუ რჩეულთა შორის ბილ გეითსი ("მაიკროსოფტი"), სტივ ჯობსი ("ეპლი"), ენდრიუ გროუვი ("ინტელი") ან ჯეკ უელჩი ("ჯენერალ ელექტრიკი") ვერ ნახეთ. ხელმძღვანელების შეფასებისას უმთავრესი კრიტერიუმი იყო, რომ კომპანიიდან მათი წასვლის შემდეგ მინიმუმ 10 წელი მაინც უნდა ყოფილიყო გასული. 

კანდიდატები ჯიმ კოლინზმა ასევე შეაფასა – მათი ზეგავლენით ტექნიკური სიახლეების დანერგვაზე ან მართვის სფეროში განხორციელებულ ინოვაციებზე; დიდი გარდაქმნებისა და კრიზისების დროს კომპანიების მართვისას მათი მედეგობით; მათ მიერ მიღწეული ფინანსური შედეგებით, რომლებიც ავტორმა საშუალო საბაზრო მაჩვენებელთან კომპანიის აქციების მომგებიანობის შედარების შედეგად დაიანგარიშა. 

კვლევის ავტორის თქმით, ტოპ-ათეულის სიდიადე ქვემოთ მოყვანილი გარემოებებითაც მყარდება: მათი უმრავლესობა არასდროს ფიქრობდა მმართველობით კარიერაზე; სიის №2, თავის დროზე სამუშაოს დაწყებისგან თავს არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო იკავებდა; №9 ამბობდა, რომ სიკვდილამდე შეშინებული იყო, როცა თანამდებობაზე დანიშნეს; №5-ს ერთხელ კატეგორიულად განუცხადეს: „თქვენ ვერასდროს გახდებით ხელმძღვანელი“. 

გაკვირვებას იწვევს სამაგალითო მენეჯერთა მართვის დროითი შუალედები. უმრავლესობა მათგანი თავდაპირველად თანამდებობაზე ყოფნას კვარტალზე მეტს არ აპირებდა, ფაქტობრივად კი, კომპანიებს ათწლეულობით მართავდნენ. მაგალითად, №4-მა ჩამოაყალიბა კომპანია, რომელსაც 75 წლის განმავლობაში საშუალო 15%-ანი წლიური მოგება ჰქონდა. 

10. დევიდ პაკარდი (1912-1996) 

1949 წელს დევიდ პაკარდი სხვადასხვა საწარმოთა ხელმძღვანელების კრებას დაესწრო. როცა მონაწილენი მსჯელობდნენ როგორ მიეღოთ საკუთარ კომპანიებში რაც შეიძლება მეტი მოგება, მან თავი ვერ შეიკავა და დამსწრეთ განუცხადა: „ნებისმიერი კომპანიის ვალდებულება სცდება აქციონერებისთვის რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავების ფარგლებს“. როცა ყველამ გაკვირვებული მზერა მისკენ მიაპყრო, პაკარდმა გააგრძელა: „ჩვენ ვალდებული ვართ საკუთარ თანამშრომლებს როგორც პიროვნებებს ისე მოვექცეთ“. 

მოგვიანებით პაკარდი იხსენებს: „გაოცებული და შოკირებული დავრჩი, რადგან იმ კრებაზე არავინ დამეთანხმა. მათ არ მიმიღეს თავისიანად და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერასდროს შევძლებდი სოლიდური საწარმოს მართვას“. 

ამ ფაქტმა იგი მაინც არ შეაფერხა. პაკარდი არასდროს იყო ტიპური ხელმძღვანელი. ეპოქაში, როცა დირექტორები წითელი ხით გაწყობილ კაბინეტებში ბინადრობდნენ, მან საკუთარი ინჟინრების ოთახში მოიწყო სამუშაო ადგილი. მან პრაქტიკაში დანერგა მომავალში მოდაში შემოსული მართვის ცნობილი მეთოდი – სეირნობით მართვა (Management by walking around). თუმცა, მისი მართვის სტილში ყველაზე რადიკალური უცნაურობა იყო ის, რომ იგი საწარმოს მოგებას თანამშრომლებსაც უნაწილებდა. 

პაკარდი „სილიკონის ველის“ ერთ-ერთი პირველი მილიარდერი გახდა, მაგრამ ის კვლავ პატარა, მისი სტატუსისთვის შეუფერებელ სახლში ცხოვრებას აგრძელებდა, რომელიც მეუღლესთან ერთად 1957 წელს ააშენა. 

პაკარდი საკუთარ თავს როგორც „ფირმის კაცად“ წარმოაჩენდა და ეს თავმდაბლობის დემონსტრირებაზე მეტი იყო. მან შექმნა კორპორატიული კულტურა, რაც მომავალში ყველაზე კონკურენტული იარაღი გახდა და მთელი 40 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა კომპანია Hewlett-Packard-ის მოგების უწყვეტ ზრდას. 

9. კეტრინ გრემი (1917-2001) 

1963 წლის 3 აგვისტოს, გასროლის ხმაზე სახლის კიბეებზე ჩასულმა კეტრინ გრემმა დაინახა, რომ მისმა ქმარმა ფილიპმა თავი მოიკლა. გრემის მამამ Washington Post Co იმისთვის გადააბარა სიძეს, რომ მას კომპანია საკუთარი შვილებისთვის მემკვიდრეობით გადაებარებინა. 

რა მოუვა კომპანიას? პირველ რიგში ეს აინტერესებდათ სეირის მაყურებლებს. კეტრინ გრემმა უმალ ყველა ჭორი გააქარწყლა და გამოაცხადა: ფირმა არ გაიყიდება, მართვის სადავეებს მე ავიღებ. 

იმ პერიოდში გაზეთი Washington Post, უმნიშვნელო რეგიონული გამოცემა იყო. გრემმა მიზნად დაისახა, რომ მის გამოცემაზეც The New York Times-ის მსგავსი აღფრთოვანებით ესაუბრათ. 

საკვანძო მომენტი დადგა 1971 წელს, როცა მას უნდა გადაეწყვიტა რა ექნა „პენტაგონის დოკუმენტებისთვის“ – თავდაცვის სამინისტროს მასალებისთვის, რომლებსაც ვიეტნამის ომში აშშ-ის მთავრობის ტყუილი უნდა გამოეაშკარავებინა. 

გაზეთში მათ პუბლიკაციას შესაძლოა სასამართლო გარჩევები მოჰყოლოდა. ეს კი სამომავლოდ კომპანიის აქციების გამოშვებისა და სატელეტრანსლაციო ლიცენზიის მიღებას გაართულებდა. 

„გადაწყვეტილების მიღებისას, მთელი კომპანიით ვრისკავდი“, – წერდა გრემი მემუარებში. გარანტირებული გადარჩენის არჩევა, იმაზე ცუდი იქნება, ვიდრე საბოლოო „ჩაძირვა“ – გადაწყვიტა კეტრინმა და როგორც მომავალმა აჩვენა, არც არაფერი წაუგია. 

მოგვიანებით, მისმა არჩევანმა, გამოექვეყნებინა პენტაგონის დოკუმენტები, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერა მიიღო. თავად ფაქტი კი, ქალი-მმართველის უპრეცედენტო საქციელი გახდა, რომელიც მთელი ცხოვრება სიმორცხვითა და არადამაჯერებლობით იტანჯებოდა. 

სკანდალური მასალების გამოქვეყნებით გრემმა გაზეთს მსოფლიოში გაუთქვა სახელი, ხოლო კომპანია ფავორიტებს შორის აღმოჩნდა – ბოლო 30 წლის განმავლობაში იგი საფონდო ბირჟის 50 ყველაზე მომგებიან კომპანიათა შორის ინარჩუნებს ადგილს. 

8. უილიამ მაკნაითი (1887-1978) 

მეწარმეობის ადრინდელი გიგანტები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ინდივიდუალური ნოვატორები, როგორიც უოლტ დისნეი იყო და ჯონ როკფელერის მსგავსი სისტემათა შემქმნელები. 

უილიამ მაკნაითის კომპანია 3M არცერთ მათგანს არ ეკუთვნის. 1929 წლიდან პედანტმა ბუღალტერმა მაკნაითმა (იგი კომპანიაში 1907 წელს მივიდა) ეს ორი მოდელი სრულიად ახალ წარმონაქმნად გააერთიანა და შექმნა კომპანია, რომელიც ინოვაციებს სისტემურ პროცესად გარდაქმნის. 1949 წლამდე უილიამი პრეზიდენტი იყო, ხოლო 1966 წლამდე მმართველთა საბჭოს ედგა სათავეში. 

დიდი დეპრესიის წლებში გამჭვირვალე „სკოტჩის“ გამოგონებამ, კომპანიას ზრდის საშუალება მისცა მაშინ, როცა კომპანიების უმეტესობა ზარალის უქონლობის დონის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. 

ბევრისთვის ცნობილია 3M-ის ერთ-ერთი მეცნიერის ისტორია, რომელმაც საკუთარი სახლის ფუნდამენტში ხვრელი გააკეთა, რათა მასში წებვადი სტიკერების დამამზადებელი დანადგარი ჩაემონტაჟებინა. საბოლოოდ, საქონელმა გასაღების ბაზარზე მოსალოდნელი ადგილი ვერ დაიკავა, სამაგიეროდ, ნარკოტიკით მოვაჭრის მსგავსად, მეცნიერს გაუჩნდა უფასო ნიმუშების მუდმივი კლიენტების ქსელი კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის. 

3M-ის მენეჯერები Post It ბლოკნოტის სტიკერების უნიკალურ გამოგონებებს სწორედ იმიტომ ქმნიან, რომ ისინი არცერთ, თუნდაც უმნიშვნელო – სასაცილო და სულელურ იდეას არ უარყოფენ. 

7. დევიდ მაქსველი (1930) 

1981 წელს, როცა ბირჟაზე Chrysler-ის აქციები არნახულ დონეზე დაეცა, ამერიკამ დაიწყო რომანი ადამიანთან, რომელიც Chrysler-ის გადასარჩენად დაიქირავეს. მალე ლეგენდარული ამერიკელი მენეჯერი და რამდენიმე ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორი ლი იაკოკა ეროვნული ხატი და კომპანიის რეკონსტრუქციის ოსტატობის სიმბოლო გახდა. 

იმავე წელს, როცა ამერიკის უმსხვილესი იპოთეკური სააგენტო Fannie Mae-ს აქციებიც დაბლა დაეშვა, კომპანიის გადასარჩენად სხვა მმართველი დაიქირავეს.
 
ლი იაკოკასგან განსხვავებით, დევიდ მაქსველი ეროვნულად ცნობადი ვერ გახდა. თუმცა, როცა 90-ანების დასაწყისში ორივემ დატოვა თავ-თავისი კომპანიები, Fannie Mae-ს აქციები Chrysler-ისაზე 2-ჯერ ძვირად იყიდებოდა. 

მაქსველი უფრო სულჩადგმულია, ვიდრე სულისჩამდგმელი, უფრო ბეჯითია, ვიდრე ბრწყინვალე. მის უდიდეს მიღწევად ამერიკული საზოგადოების განმტკიცება შეიძლება ჩაითვალოს. სახლის მფლობელობა მდიდრების პრივილეგია აღარაა. მისგან „ფეხზე წამოყენებული“ Fannie Mae-ს მეშვეობით, ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სახლის ქონაზე ვერც იოცნებებდნენ, ამერიკული ოცნების საკუთარ ნაწილზე გაუჩნდათ პრეტენზია. 

6. ჯეიმს ბერკი (1925-2012) 

ჯეიმს ბერკის ვაჟკაცურ საქციელად, ბევრი მის იმ გადაწყვეტილებას დაასახელებს, რომლითაც გაყიდვიდან ტაილენოლის ამოღება მოხდა. ეს მან 1982 წელს გააკეთა, როცა ციანიდით მოწამლვის ფაქტები დაფიქსირდა. ამ ნაბიჯმა მის კომპანიას 100-მილიონდოლარიანი მოგება დააკარგვინა. 

არადა, გარდამტეხი მომენტი აქამდე 3 წლით ადრე მოხდა. მაშინ ბერკმა შეკრიბა კომპანიის წამყვანი მენეჯერები და Johnson & Johnson-ის კრედოს ასლზე მიუთითა. იგი იქამდე 36 წლის წინ იყო დაწერილი და კომპანიის ღირებულებებს განსაზღვრავდა. იმ ჭეშმარიტებათა შორის, რომელთა აღიარებასაც მათ საკუთარი კრედო ავალდებულებდა, ჩამოთვლილი იყო: უზენაესი ვალი დედებისა და მათ მიმართ, ვინც ჩვენი პროდუქციით სარგებლობს. 

ბერკს ადარდებდა, რომ კომპანიის მმართველ აპარატში კრედოს, როგორც თანამედროვე პირობებში გამოუყენებელ არტეფაქტს უყურებდნენ. „აი, ჩვენი კრედო. თუ არ გვინდა მისით ცხოვრება, ჩამოვხსნათ კედლიდან. ჩვენ ან შევასრულოთ იგი, ან უარი ვთქვათ მასზე“, – ჰყვებოდა ბერკი მოგვიანებით. 

კომპანიის მმართველებს ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ბერკი სერიოზულად საუბრობდა. მაგრამ საბოლოოდ ყველა დარწმუნდა, რომ იგი მართლაც სერიოზულად იყო განწყობილი – მან ასეთივე კრებები მსოფლიოს ყველა ფილიალში გამართა და კრედოს ცოცხალი დოკუმენტის ძალა დაუბრუნა. 

მაშინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა 1982 წელს Johnson & Johnson-ის მომხმარებლების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს. კომპანია კი, უკვე მზად იყო მის დასახვედრად. ბერკი ამ სიაში იმიტომ კი არ მოხვდა, რომ Johnson & Johnson კრიზისიდან გამოიყვანა, არამედ იმიტომ, რომ თავიდან აიცილა ეს კრიზისი. 

5. დარვინ სმიტი (1926-1995) 

ლოის სმიტმა იცოდა, რომ Kimberly-Clark-ში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებოდნენ. ამ დროს მას ღამით ეზოდან ექსკავატორის გრუხუნი ესმოდა. ეს დარვინი გადაადგილებდა ქვის ლოდებს ერთი ადგილიდან მეორეზე – ასეთი ჩვევა ჰქონდა მის მეუღლეს ახალი არჩევანის მიღებისას. 

როცა 1971-ში დარვინ სმიტი Kimberly-Clark-ის მმართველი გახდა, იგი ბევრ სერიოზულ პრობლემას წააწყდა. კომპანიის კაპიტალის უდიდესი ნაწილი ქაღალდის მწარმოებელ გიგანტურ ქარხნებში იყო დაბანდებული. სმიტი მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის მთავარი საქმიანობა – ქაღალდის წარმოება, დასახურადაა განწირული. ეკონომიკურად სუსტი საწარმოები არაკონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებდნენ. 

მმართველად დანიშვნიდან მოკლე ხანში, მას ექიმებმა არცთუ დამაიმედებელი დიაგნოზი დაუსვეს: ცხვირისა და ყელის კიბო. მოგვიანებით მან ლოისს მოუთხრო, თუ რა ასწავლა მას ავადმყოფობამ: „თუ შენ გაქვს ხელის კიბო, უნდა გეყოს ვაჟკაცობა და მოიჭრა ეს ხელი“, – მცირედი პაუზის შემდეგ მან დაასრულა, – „მივიღე გადაწყვეტილება და ყველა ქარხანას ვყიდით“.

ასეთი ვერდიქტი მას ერთ-ერთ კოლეგასთან საუბარმა მიაღებინა, რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოების მავნე გადმონაშთად წოდებული Kleenex-ის ქაღალდის ხელსახოცები, მის კატეგორიაში ბრენდის სინონიმად იქცა (ისევე როგორც ქსეროქსი). 

სმიტს მიაჩნდა, რომ თუ Kimberly-Clark სამომხმარებლო საქონლის ბაზარზე ისეთ მსოფლიო გიგანტებთან კონკურენტულ ბრძოლაში ჩაებმება, როგორიცაა Procter&Gamble, იგი ან შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევს, ან საერთოდ გაქრება შესაბამისი ბაზრიდან. 

სმიტმა თავიდან მოიშორა კომპანიის 100-წლიანი კორპორატიული ისტორია. გაყიდა ვისკონსინის შტატის ქალაქ კიმბერლიში მდებარე უპირველესი ქარხანა და მართალი აღმოჩნდა. 25 წლის შემდეგ Kimberly-Clark გახდა ქაღალდის სამომხმარებლო პროდუქციის მსოფლიო #1 მწარმოებელი. მისი აქციების შემოსავლიანობამ ბირჟის საშუალო მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბა. 

4. ჯორჯ მერკი (1894-1957) 

1978 წლის ერთ საღამოს, ექიმი უილიამ კემპბელი საკუთარი კვლევის შედეგებს მიმოიხილავდა. პარაზიტებისგან დამცავი ახალი საშუალების ტესტირებისას მას აზრად მოუვიდა, რომ ასეთივე ფორმულა შეიძლება ადამიანებში სიბრმავის გამომწვევი პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლაშიც გამოდგეს. კემპბელს შეეძლო იდეა ბლოკნოტში ჩაეწერა და სადილზე წასულიყო – ასეთი წამლის პოტენციური მომხმარებლები ხომ ტროპიკული ტომების მცხოვრებნი იქნებოდნენ, რომლებსაც საიდან უნდა ჰქონოდათ პრეპარატის შესაძენი ფული. 

ამის ნაცვლად ექიმმა მის დამსაქმებელ Merck&Co-ს მისწერა და საკუთარი იდეის განხორციელება შეთავაზა. შედეგად, დღეს წლიურად 30 მილიონი ადამიანი (მეტწილად უფასოდ) იღებს პრეპარატ მეკტიზანს. 

ეს ისტორია სულაც არაა ამ კომპანიისთვის გამონაკლისი. „წამალი ადამიანებისთვის უნდა იქმნებოდეს და არა მოგების მიღების მიზნით“, – განაცხადა 1952 წლის ჟურნალ Time-ის გარეკანიდან ჯორჯ მერკმა. მას სჯეროდა, რომ კორპორაციის მიზანი საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა იყო. 

„თუ ჩვენ გვახსოვს ამის შესახებ, ყოველთვის გვექნება სარგებელი. რაც უფრო კარგად გვახსოვს ეს, მით მაღალი იქნება სარგებელი“, – ამ სიტყვების მთქმელი კომპანია Merck&Co-ს ბოსი სულაც არ ნაღვლობდა უოლ სტრიტზე და 50-ჯერ გაზარდა მისი მოგება. 

3. სემ უოლტონი (1918-1992) 

პიროვნების კულტზე დაფუძნებული კომპანიები დიდხანს იშვიათად არსებობენ. ამ ჭეშმარიტების კარგად მცოდნე სემ უოლტონმა გადაწყვიტა თავიდან აეცილებინა საკუთარი ქარიზმატული პერსონისგან მისი მთავარი მიზნის დაჩრდილვა. მიზანი კი, ასეთი ჰქონდა – შეექმნა საუკეთესო პროდუქცია მცირე შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის. 

გარდაცვალებამდე, საკუთარი იდეის გაგრძელების გარანტირებისთვის, მან 2 გენიალური სვლის გაკეთება მოასწრო. პირველ რიგში მან დაისახა მის სიცოცხლეში შეუსრულებელი ამოცანა: წლიური გაყიდვები 30 მილიარდი დოლარიდან 125 მილიარდამდე გაეზარდა (ეს ამოცანა გადაჭარბებით 2000 წელს შესრულდა). 

მეორე მისი გადაწყვეტილება საკუთარ შემცვლელად ქარიზმის არმქონე მემკვიდრის დატოვება გახლდათ. და არც ამ მხრივ შემცდარა: დევიდ გლასის ხელმძღვანელობით Wall-Mart-ის წლიურმა გაყიდვებმა 2000 წლისთვის 165 მილიარდ დოლარს მიაღწია. უოლტონმა სხვებზე უკეთ იცოდა ქარიზმატული მართვის საფრთხეების შედეგები და დაამტკიცა, რომ სხვა ნებისმიერი „თანდაყოლილი ავადმყოფობის მსგავსად ისიც განკურნებადია“. 

2. ბილ ალენი (1900-1985) 

Boeing-ის თვითმფრინავებმა დიდი წვლილი შეიტანა ომის მოგებაში, მაგრამ უკვე 1945-ში ომში გამარჯვებამ კომპანიის დაღუპვა გამოიწვია. შემოსავლებმა 90%-ზე მეტით იკლო, რადგან ბომბდამშენებზე შეკვეთები აღარ იყო. არადა, Boeing მხოლოდ ბომბდამშენებს აწარმოებდა. 

ეს იცოდა ყველამ, გარდა Boeing-ის ახალი ხელმძღვანელისა. იურისტი ბილ ალენი, ამ სამუშაოსთვის საკუთარ თავს არასაკმარისად კვალიფიციურად მიიჩნევდა. მაგრამ ერთი რამის მარად სჯეროდა – Boeing მის ხელში მხოლოდ ბომბდამშენების მწარმოებელი არ იქნებოდა. ეს იყო კომპანია, რომლის ინჟინრებს სხვა შესანიშნავი თვითმფრინავების წარმოება შეეძლოთ. 

1952 წელს მან არჩევანი ახალ, კომერციულად მომგებიან რეაქტიულ თვითმფრინავზე Boeing-707-ზე გააკეთა. თუმცა, თავდაპირველად მისი პოტენციური კლიენტები ირწმუნებოდნენ, რომ Boeing-ს კომერციულ ბაზარზე არაფერი ესაქმებოდა. 

ალენი დარწმუნებული იყო, Boeing-ის თვითმფრინავები მალე კონკურენტუნარიანები გახდებოდნენ და მათ დარგის რევოლუციის მოხდენა შეეძლოთ. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოდელის თვითმფრინავები – 707, 727, 737 და 747. 

1. ჩარლზ კოფინი (1844-1926) 

ბევრს არასდროს სმენიათ ჩარლზ კოფინის შესახებ გარდა იმისა, რომ მას უცნაური წინამორბედი ჰყავდა. ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის ძნელია კომპანიის საქმეების მისი დამაარსებლისგან გადაბარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს დამაარსებელი ელექტროგანათებაზე, გრამოფონზე, სინემატოგრაფზე, ტუტეხსნარიან ბატარეებსა და ზოგადად დენის გადაცემაზე პატენტების მფლობელია. 

კოფინს კარგად ესმოდა, რომ მისი დანიშნულება სულაც არ იყო მეორე ტომას ედისონად გახდომა. General Electric-ის პირველი პრეზიდენტი თავს გენიოსად არ მიიჩნევდა. იგი კომპანიაში ფეხსაცმლის ბიზნესიდან მივიდა და მისი უპირველესი გამოგონება კორპორაცია General Electric Co გახლდათ. 

კოფინმა ორი მნიშვნელოვანი ინოვაცია დანერგა: ამერიკაში პირველი კვლევითი ლაბორატორიის დაარსება და მართვის მეთოდების მუდმივი სრულყოფის იდეა. 

ედისონი გენიოსი იყო, კოფინმა კი საკუთარი თავისგან დამოუკიდებელი მართვის სისტემა შექმნა. მისმა დანერგილმა იდეოლოგიამ და მექანიზმებმა General Electric მსოფლიოში ერთ-ერთ მდგრად ორგანიზაციად ჩამოაყალიბა. კოფინმა შექმნა მართვის გიგანტებისთვის მისაღე¬ბი უნივერსალური მანქანა. მან ააშენა სცენა, რომელზეც ეს გიგანტები თამაშობდნენ. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა