ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
13 ქვეყანა, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერია - #4(61), 2019
ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით პლანეტაზე 2153 მილიარდერი ცხოვრობს. მათგან უმეტესობა ისეთი ქვეყნების მკვიდრნი არიან, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი. ბუნებრივია, არის ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ერთი მილიარდერის სამშობლოდ ითვლება. საინტერესოა, რომ ასეთ ქვეყნებს შორის გახლავთ საქართველოც. ქვემოთ სწორედ ამ ქვეყნების ჩამონათვალს გაგაცნობთ და მათში მცხოვრებ მილიარდერთა გავლენის სფეროებზე მოგითხრობთ. რეიტინგი შედგენილია ქვეყნის ერთადერთ მილიარდერთა ქონების მოცულობის მიხედვით, რომელსაც "ფორბსი" პერიოდულად აქვეყნებს ხოლმე. 


1. სვაზილენდი: ნათან კირში

ქონება: 5,3 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 112,0%. 

სიმდიდრის წყარო: საბითუმო ვაჭრობა, უძრავი ქონება 

კირში Jetro Holding-ის აქციათა 70%-ს ფლობს. ეს კომპანია პატარა მაღაზიებისა და რესტორნებისთვის საქონლის საბითუმო მიმწოდებელია. ამას გარდა მას კომერციულ ფართებში აქვს დაბანდებული საკუთარი ინვესტიციები. 


2.საქართველო: ბიძინა ივანიშვილი

ქონება: 4,9 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 30,2%. 

სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები.

ბიძინა ივანიშვილი – ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, ფილანთროპი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, არის ჯგუფი „უნიკორი“-ს მფლობელი. 

Forbes-ის 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდართა სიაში იგი 365-ე ადგილზეა. 


3.პორტუგალია: მარია ფერნანდა ამორიმი

ქონება: 4,8 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 2,0%. 

სიმდიდრის წყარო: ენერგეტიკა, ინვესტიციები. 

მარია ამორიმი დაქორწინებული იყო ამერიკო ამორიმზე. 2017 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, მარიამ და მისმა სამმა ქალიშვილმა მემკვიდრეობაში მიიღეს ამერიკოს ქონება, რომლის ძირითადი შემადგენელი ენერგეტიკაში საერთაშორისო ინვესტიციები და ბანკებია. 

მარია ამორიმს ეკუთვნის ასევე პორტუგალიის ნავთობისა და გაზის კომპანია Galp Energia-ს აქციათა 18%-ანი წილი. 


4. ალჟირი: ისად რებრაბი

ქონება: 3,8 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 2,1%.

სიმდიდრის წყარო: კვების პროდუქტები – კერძო ალჟირული კომპანია 

Cevital-ის დამფუძნებელი და მეპატრონე, რომელსაც შაქრის მწარმოებელი მსხვილი საწარმოები ეკუთვნის. 

ეს კომპანია ასევე ფლობს ფოლადჩამომსხმელ ქარხანას იტალიაში, დანადგარების მწარმოებელ ქარხანას საფრანგეთში და წყალგამწმენდ კომპანიას გერმანიაში. 


5. ლიხტენშტაინი: კრისტოფ ცელერი

ქონება: 3,0 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 48,2%. 

სიმდიდრის წყარო: სტომატოლოგიური პროდუქცია. 

ცელერი კომპანია Ivoclar Vivadent AG-ის ყოფილი თავკაცი, ახლა კი მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა. კომპანია კბილების მკურნალობისთვის საჭირო პროდუქციას აწარმოებს და მსოფლიოს 25 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. 

კომპანია ცელერის ბაბუამ ადოლფ შნაიდერმა 1948 წელს შეიძინა. ცელერი მას 1990-2003 წლებში ხელმძღვანელობდა. 


6. ზიმბაბვე: სტრაივ მასიივა

ქონება: 2,8 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 9,0%. 

სიმდიდრის წყარო: ტელეკომუნიკაცია. 

მასიივა მობილური ოპერატორი Econet Wireless Zimbabwe-ს დამფუძნებელი და ამ კომპანიის აქციათა 50%-ის მფლობელია. მას ასევე ეკუთვნის კომპანია Liquid Telecom-ის 50%-ზე მეტი აქციები. Liquid Telecom-ი მუშაობს ოპტიკური ბოჭკოების წარმოების სფეროში და ამავე დროს აფრიკის ტერიტორიაზე მომუშავე სატელეკომუნიკაციო კომპანიებს უწევს თანამგზავრულ მომსახურებებს. 


7. ანგოლა: იზაბელ დოს სანტოსი 

ქონება: 2,2 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 2,0%. 

სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები. 

იზაბელ დოს სანტოსი – 2017 წლამდე ანგოლის პრეზიდენტის, ხოსე ედუარდო დოს სანტოსის ქალიშვილია. Forbes-ის მონაცემებით, მას ეკუთვნის მამის პრეზიდენტობის პერიოდში შეძენილი მსხვილი ანგოლური კომპანიებისა და ბანკების აქციები. 


8. ისლანდია: ტორ ბიორგოლფსონი

ქონება: 2,2 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 8,5%. 

სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები. 

ტორ ბიორგოლფსონი პირველი ისლანდიელი მილიარდერია. მან საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ყველაზე დიდი ნაწილი რუსეთში მოაგროვა, რომელიც 2008 წლის კრიზისის შედეგად პრაქტიკულად სრულად დაკარგა, თუმცა შემდეგ კვლავ გამოიმუშავა. 

მისი ყველაზე ღირებული ჰოლდინგია პოლონური სატელეკომუნიკაციო დანადგარების კომპანია Play, რომელშიც იგი წილის უმეტეს ნაწილს ფლობს. ბიორგოლფსონი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს ცნობილ სტარტაპებში – ველოსპორტისთვის განკუთვნილ ონლაინ-პლატფორმა Zwift-ში, კომპიუტერული თამაშების ისლანდიურ ფირმა CCP Games-ში. 


9. ნეპალი: ბინოდ ჩაუდჰარი

ქონება: 1,7 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 5,9%. 

სიმდიდრის წყარო: სხვადასხვა. 

ბინოდ ჩაუდჰარი აკონტროლებს კორპორაცია Chaudhary Group-ს (CG), რომელიც თითქმის 80 კომპანიას მოიცავს. ეს კომპანიები 5 კონტინენტზეა მიმოფანტული და 6000-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. 

კომპანიათა საქმიანობის სფერო მრავალმხრივია – საბანკო მომსახურება, კვების პროდუქტები, ელექტრონიკა, ლუდი, სასტუმროები, ენერგეტიკა, განათლება. 


10. ტანზანია: მოჰამედ დევჯი

ქონება: 1,6 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 3,3%. 

სიმდიდრის წყარო: სხვადასხვა. 

დევჯი კონგლომერატ METL-ის მმართველია, რომელიც აფრიკის მინიმუმ 6 ქვეყანაში ტექსტილის, ფქვილის, სპირტიანი სასმელების წარმოებისა და ნავთობის მოპოვების სფეროში საქმიანობს. ეს კონგლომერატი მამამისმა გასული საუკუნის 70-ან წლებში დააარსა. 


11. ქუვეითი: კუტაიბა ალგჰანიმი 

ქონება: 1,4 მილიარდი დოლარი 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 0,9% 

სიმდიდრის წყარო: სხვადასხვა. 

იგი ძმასთან ერთად ფლობს საოჯახო კორპორაცია Alghanim Industries-ს, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს აერთიანებს – სარეკლამო სააგენტო, ელექტრონიკის დისტრიბუტორი (ამ მიმართულებით Alghanim Electronics მთელ ახლო აღმოსავლეთში ლიდერობს). 

Alghanim Industries-ს „ქოლგქვეშაა“ საინჟინრო კომპანია, კვების პროდუქტებით მოვაჭრე მსხვილი საწარმო, სადაზღვევო კომპანია, საიზოლაციო მასალების მწარმოებელი ქარხანა, მშენებლობისთვის საჭირო ლითონკონსტრუქციების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდია. 


12. ყატარი: ფაისალ ბინ კასიმ ალ-ტანი 

ქონება: 1,2 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 0,6%. 

სიმდიდრის წყარო: სასტუმროები. 

ალ-ტანი ყატარის ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატის, ჰოლდინგი Al Faisal Holding-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ჰოლდინგი მსოფლიოს მასშტაბით 20 კომფორტულ სასტუმროს ფლობს. 

ალ-ტანს აქვს კომპანია Aamal-ის წილი, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული საქონლის რეალიზაციას ეწევა, ასევე ფლობს უძრავ ქონებას ყატარში. 


13. რუმინეთი: იონ ცირიაკი 

ქონება: 1,1 მილიარდი დოლარი. 

წილი ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში: 0,4%. 

სიმდიდრის წყარო: ბანკინგი, დაზღვევა . 

ცირიაკი რუმინული სადაზღვევო კომპანია Allianz Tiriac-ის მინორიტარული ინვესტორია. ის აგრეთვე ფლობს ინვესტიციებს საავტომობილო ბიზნესში, საწვავსა და უძრავ ქონებაში. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა