ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
გოლფი – წარსული, აწმყო და მომავალი - #4(61), 2019
სპორტის მაღალანაზღაურებადი სახეობებიდან გოლფს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. თავად განსაჯეთ, ისტორიაში ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ათეულში, 2019 წლის შემოდგომისთვის 4 მეგოლფე შეიყვანეს – მათგან საუკეთესო ტაიგერ ვუდსმა, კალათბურთელი მაიკლ ჯორდანის შემდეგ, სულაც მეორე ადგილი დაიკავა. ქვემოთ გოლფის ისტორიასთან ერთად, იმის თაობაზე მოგითხრობთ, რამდენს და როგორ გამოიმუშავებენ გოლფის ცნობილი მოთამაშეები, მათი დამხმარე კედები და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში პროფესიული გოლფის პერსპექტივასაც შევეხებით. 

ჯერ იყო კოლფი 

ერთ-ერთი ვერსიით, გოლფის გამოგონებაში დიდი წვლილი შუასაუკუნოვან მწყემსებს მიუძღვით, რომლებიც მთაში დიდი ხნით უქმობისას თავს კომბლებით მრგვალი ქვების სხვადასხვა მიმართულებებით გადაგდებით ირთობდნენ. ასე რომ, ერთბაშად რამდენიმე ქვეყანას შეუძლია გოლფის ფუძემდებლად საკუთარი თავის მოხსენიება. 

რომის იმპერიის ჯარისკაცები საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად ბოლოში მოკაუჭებული ჯოხებით ტყავის ბურთს დაარბენინებდნენ. ინგლისში, XIV საუკუნეში აგებული გლოტჩერის ტაძრის ვიტრაჟზე გამოსახულია სვინგის შესასრულებლად მომზადებული ჯოხიანი მამაკაცი. საფრანგეთში პოპულარული იყო თამაში, რომელიც ბილიარდის, კრიკეტისა და მინი-გოლფის ერთგვარი ნაზავი გახლდათ. 

მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ გოლფის პროტოტიპად შეგვიძლია მივიჩნიოთ დანიური kolf, რომლის შესახებ პირველი ცნობები XIII საუკუნითაა დათარიღებული. მე-15 საუკუნის არაერთი დანიელი მხატვრის პეიზაჟებზე გამოსახული იყვნენ kolf-ის მოთამაშე ადამიანები. გოლფთან კიდევ უფრო მიმგვანებული იყო XV საუკუნეში შოტლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე გავრცელებული თამაში. სწორედ იქ დაიწყეს პირველად ბურთის ფოსოში ჩაგდება. 

მე-15 საუკუნის ბოლოს გოლფი შოტლანდიაში ისე პოპულარული გახდა, რომ ხალხი უარს ამბობდა რეგულარულ სამხედრო მომზადებაზე (შუა საუკუნეებში ხომ ევროპული სამეფოები ერთმანეთს ხშირად ეომებოდნენ და ჯარი მუდმივ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო) და ქვეყნის მეფეებს რამდენიმეჯერ მოუწიათ ამ თამაშის აკრძალვა. XVI საუკუნეში გოლფით დაინტერესდა ჩარლზ I, შემდეგ შოტლანდიის დედოფალი მერი – გოლფმა კეთილშობილი არისტოკრატიის თამაშის სტატუსი მიიღო. 

1764 წლიდან სათამაშო მოედანზე ფოსოების რიცხვმა 22-დან 18-მდე დაიკლო. იმ პერიოდში ყვანჯი მთლიანად ხისგან დამზადებული იყო – თავი წიფელისგან, ხოლო ხელმოსაკიდი იფანისგან ან თხილისგან. ბურთები ტყავის ტომრებში ჩაწნეხილი ფრინველის ბუმბულისგან მზადდებოდა. ყველა ყვანჯი და ბურთი ხელნაკეთი გახლდათ, ამიტომაც ისინი საკმაოდ ძვირი ღირდა. აქედან გამომდინარე, გოლფს მხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანები თამაშობდნენ.

XIX საუკუნეში გოლფი ბრიტანეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ინდოეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. გოლფი სპორტის უფრო დემოკრატიულ სახეობად გარდაიქმნა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ 1848 წელს გამოიგონეს ლითონის ყვანჯები და გუტაპერჩის (gutta-percha) ბურთები. 

პროფესიული გოლფის ისტორია 

შოტლანდიის გარეთ პირველად დაარსებულ კლუბად ლონდონის მახლობლად 1766 წელს დაფუძნებული Royal Blackheath ითვლება. თამაშის სწრაფად განვითარებასთან ერთად XIX საუკუნის შუა წლებში პროფესიონალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. 1851 წელს ჩამოყალიბდა გოლფ-კლუბი Prestwick, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ სწორედ მის მინდორზე გაიმართა ისტორიაში პირველი British Open (1860). ამ ტურნირზე შეიკრიბა ქვეყნის 8 საუკეთესო მეგოლფე, რომლებმაც დღეში სამჯერ „გაიარეს“ 12-ფოსოიანი მინდორი. 

მიიჩნევა, რომ პირველი პროფესიონალი მეგოლფის ალან რობერტსონის (Alan Robertson) გარდაცვალებამ მისცა ბიძგი პირველი ნაციონალური ჩემპიონატის ჩატარებას. მისი გამარჯვებული გახდა ვილი პარკი (Wiilie Park), რომელმაც ორი დარტყმით აჯობა ტომ მორისს (Tom Morris). ეს უკანასკნელი 1862, 1864 და 1867 წლებში ამ ჩემპიონატის მოგებით ლეგენდარული მოთამაშე გახდა, თუმცა უმცროსმა ტომ მორისმა მამის შედეგი 1869 წლიდან ზედიზედ 4-ჯერ მოგებით გააუმჯობესა. სხვათა შორის, British Open-ზე 1872 წლის ფინალში შვილმა მამას აჯობა და ისტორიაშიც ამით შევიდა. ცნობისთვის, პირველი ტურნირების გამარჯვებულებს პრიზად 10 ფუნტი სტერლინგი ხვდებოდათ, რითაც ძალიან კმაყოფილები იყვნენ.
 
ანაზღაურებად ჩემპიონატებზე ასპარეზობის გარდა, პროფესიონალი მეგოლფეები ფულს ისეთ ტურნირებზე გამოიმუშავებდნენ, სადაც მთავარი პირობა ერთმანეთთან დადებული სანაძლეო იყო. ისინი ასევე იძლეოდნენ გაკვეთილებს ახალბედებისთვის, გამოდიოდნენ კედების რანგში. 

ტურნირის საპრიზო ფონდის შეგროვება მასზე მონაწილეობისთვის აუცილებელი შენატანი თანხით, პირველად 1892 წელს, ინგლისის პატარა ქალაქ კემბრიჯში მოხდა. მომავალი წლიდან ჩატარდა საერთაშორისო მასშტაბის პირველი სამოყვარულო ტურნირი – ინდოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ჩემპიონატი. 

1894 წელს, ხუთმა მსხვილმა ამერიკულმა კლუბმა, ამერიკისა და მექსიკის ტერიტორიაზე გასამართი თამაშების გასაკონტროლებლად აშშ-ს გოლფის ასოციაცია (USGA) დააფუძნა. მალე ჩამოყალიბდა ისეთი ჩემპიონატები როგორებიცაა US Open და US Ladies Amateur Open. 

1900 წლისთვის აშშ-ს ტერიტორიაზე უკვე 1000-ზე მეტი გოლფ-კლუბი იყო. ჩიკაგოში მოეწყო პირველი 18-ფოსოიანი მინდორი. ამის მიუხედავად, ამ სახეობის ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლებოდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გამართული ტურნირები. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, პუბლიკის რჩეულები პროფესიონალებზე მეტად მოყვარულები იყვნენ. 

გოლფი მას შემდეგ გახდა საყოველთაო თამაში, რაც 1900 წელს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს. პარიზში გამართულ მამაკაცთა ოლიმპიურ ტურნირზე 4 ქვეყნის 12 მეგოლფე მონაწილეობდა. გაიმარჯვა ამერიკელმა ჩარლზ სანდსმა. მას მხარი აუბა ქალთა შორის მოასპარეზე თანამემამულე მარგარეტ ებოტმა, რომელმაც ერთობ კურიოზულ სიტუაციაში შეძლო ოლიმპიადის მოგება. 22 წლის მარგარეტი პარიზში მიმდინარე უნივერსალურ ექსპოზიციას დედასთან ერთად სტუმრობდა. მან გოლფის ტურნირზე ისე მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და სამშობლოში დაბრუნდა, რომ დარწმუნებული იყო მეგოლფეთა შეჯიბრი ექსპოზიციის შემადგენელი ნაწილი იყო. 

ოთხი წლის შემდეგ ამერიკულ სენტ ლუისში ქალებს ოლიმპიადაზე აღარ მიუღიათ მონაწილეობა. სამაგიეროდ, იყო გუნდური ტურნირი, რომელზეც კვარცხლბეკის სამივე საფეხური მასპინძლებმა დაიკავეს. უფრო პრესტიჟულ, მამაკაც ერთეულთა თანრიგში კი, 68 ამერიკელ, 3 ბრიტანელ და ამდენივე თანამემამულე მეგოლფეს 46 წლის კანადელმა ჯორჯ ლაიონმა აჯობა და მე-20 საუკუნეში მეგოლფეთა მონაწილეობით გამართული ბოლო ოლიმპიადა მოიგო. 
1916 წელს ამერიკაში შეიქმნა პროფესიონალ მეგოლფეთა ასოციაცია (PGA), რომლის ეგიდით თავდაპირველად მხოლოდ ზამთარში იმართებოდა ტურნირები. 1944 წლიდან ამ ასოციაციის პატრონაჟით მიმდინარე 22 ღონისძიება მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა.

1921 წლიდან სენტ ენდრიუსში (მსოფლიო გოლფის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი – შოტლანდიაში) მიიღეს სტანდარტი, რომლის მიხედვით გოლფის ბურთი წონით 50 გრამზე მეტი და დიამეტრით 4,1 სმ-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს პირობები რომ საყოველთაო გამხდარიყო, ზუსტად 30 წელი აღმოჩნდა საჭირო. მეგოლფეთა კამათი და დავა ამის შემდეგაც გაგრძელდა და წერტილი მხოლოდ 1988 წელს დაესვა. დღეისთვის, თუ რამ სადავო თემაა გოლფში გადასაწყვეტი, იგი სენტ ენდრიუსისა და USGA-ს შეთანხმებით ხდება. 

მეორე მსოფლიო ომამდელი პერიოდის ყველაზე გამორჩეული მეგოლფე ამერიკელი ბობი ჯონსი (Bobby Jones) იყო. მისი მიღწევებიდან აღსანიშნავია „დიდი სლემის“ მოგება, რაც სეზონის 4 მთავარ ტურნირში გამარჯვებას ნიშნავდა. 1930 წელს ჯონსმა ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვა ბრიტანეთის სამოყვარულო ჩემპიონატზე (British Amateur), ბრიტანეთის ღია ჩემპიონატზე (British Open), ამერიკის ღია ჩემპიონატზე (US Open) და ამერიკის სამოყვარულო ჩემპიონატზე (US Amateur). 

ასევე ნათელი კვალი დატოვეს გოლფის ისტორიაში სერ ჰენრი კოტონმა (Sir Henry Cotton), რომელმაც 1936-ში British Open-ის ზედიზედ მესამე ტიტული მოიგო და ამავე ჩემპიონატის ოთხგზის (1922, 1924, 1928, 1929) გამარჯვებულმა ვოლტერ ჰაგენმა (Walter Hagen). ეს უკანასკნელი მინდორზე მისი გამომწვევი ქმედებებით იყო განთქმული. ჰაგენს „როლს როისი“ თამაშისას გასახდელად შეეძლო გამოეყენებინა, ან თუნდაც British Open-ის გამარჯვებულისთვის კუთვნილი ფულადი პრიზი მთლიანად საკუთარი კედისთვის მიეცა. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბენ ჰოგანის (Ben Hogan) გარდა პროფესიონალ მეგოლფეთა უმეტესობა, საპრიზო ფონდის ხათრით ამერიკის ტერიტორიაზე გამართულ ტურნირებს ანიჭებდა უპირატესობას. ამ ფაქტის ამღიარებელმა გოლფის შოტლანდიელმა „მამებმა“ British Open-ის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზარდეს და საუკეთესო მეგოლფეთა ევროპაში დაბრუნება შეძლეს. 60-ანები გოლფ-არენაზე ისეთი ცნობილი სპორტსმენების გამოჩენითაა დასამახსოვრებელი, როგორებიც იყვნენ არნოლდ პალმერი (Arnold Palmer), ჯეკ ნიკლაუსი (Jack Nicklaus) და გარი პლეიერი (Gary Player). შეიძლება ითქვას, 70-ანებშიც ისინი იგებდნენ ყველაფერს, რისი მოგებაც გოლფში შეიძლებოდა. 

იმ პერიოდის გამორჩეულმა ვარსკვლავმა ჯეკ ნიკლაუსმა დაამყარა რეკორდი, რომლის გაუმჯობესება დღემდე ვერავინ შეძლო: ოთხჯერ (1962, 1967, 1972, 1980) მოიგო US Open, ექვსჯერ (1963, 1965, 1966, 1972, 1975, 1986) US Masters-ზე იმარჯვა, ხოლო US PGA-ს ჩემპიონატებზე ხუთჯერ (1967, 1972, 1973, 1975, 1976) გახდა გამარჯვებული. მასვე ეკუთვნის ე.წ. „დიდი სლემის“ ტურნირების ყველაზე მეტჯერ მოგების რეკორდი – 18. 

1961 წელს PGA-მ საკუთარი კონსტიტუციიდან ამოიღო მუხლი, რომელიც გოლფის თამაშის უფლებას მხოლოდ თეთრკანიანებს აძლევდა. ჩარლი სიფორდი (Charlie Sifford) პირველი აფრო-ამერიკელი გახდა ვინც PGA-ს ჩემპიონატი მოიგო (1965). ამის მიუხედავად, დღემდე ყველაზე განთქმულ აფრო-ამერიკელ მეგოლფედ ტაიგერ ვუდსი (Tiger Woods) რჩება. 1997 წელს, პირველი US Masters-ის მოგების შემდეგ დაიწყო გოლფში ვუდსის ეპოქა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ამერიკელმა მეგოლფემ თანამედროვე მეიჯორ-სერიაში შემავალ US Masters-ზე ბოლოს 2019 წლის აპრილში იმარჯვა (მის ანგარიშზე სულ 15 მეიჯორული მოგებაა და იგი მხოლოდ ჯეკ ნიკლაუსს ჩამორჩება), შეიძლება ითქვას, რომ ტაიგერ ვუდსის ეპოქა ისევ გრძელდება. 

ყველაზე ცნობილ გოლფ-დარტყმად ითვლება 1971 წელს ალან შეფარდის (Alan Shephard) მიერ მთვარეზე შესრულებული „გასროლა“ (პატი). ამ ისტორიული მომენტის განმხორციელებელი ყვანჯი USGA-ს მუზეუმში ინახება. იმის გარდა, რომ ამ ფაქტის გამო, გოლფი კოსმოსურ სპორტის სახეობად შეიძლება მივიჩნიოთ, მასში დღეისთვის „კოსმოსური“ თანხების გამომუშავებაც შეიძლება. 

კოსმოსური ჰონორარები 

გოლფში ერთ ჯერზე პირველი მილიონიანი გამომუშავება 1987 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. სამხრეთაფრიკული სან სითი ტრადიციულად მასპინძლობს Million Dollar Challeng-ს, სადაც უელსელმა იან ვუსნემმა იმარჯვა. სხვათა შორის, წლეულს ამავე ტურნირის მოგებისთვის ინგლისელმა ტონი ფლიტვუდმა 2,5 მილიონი დოლარი მიიღო. 

სეზონის განმავლობაში მილიონი დოლარის პირველად გამომმუშავებელი მეგოლფე იყო ამერიკელი არნოლდ პალმერი, რომელმაც ეს შედეგი 1967 წელს აჩვენა. ცნობისთვის, იგი 2016 წლის სექტემბერში 87 წლისა გარდაიცვალა და Golf Digest-ის მიერ შედგენილ ტრადიციულ წლიურ რეიტინგში, მეგოლფეთა მიერ იმ წელს გამომუშავებული თანხის მიხედვით, 40 მილიონი დოლარით მე-2 ადგილზე იყო. 

ჟურნალი Forbes ყოველწლიურად აქვეყნებს პროფესიული კონტრაქტების საფუძველზე მსოფლიო ათლეტთა მიერ გამომუშავებული თანხების რეიტინგს. 2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ტოპ-ათეულში 4 მეგოლფეა. მათგან საუკეთესომ, ათეულში მეორე ადგილზე მყოფმა ტაიგერ ვუდსმა კარიერის განმავლობაში 1,7 მილიარდი დოლარი იშოვა. მისთვის ყველაზე შემოსავლიან წლად ითვლება 2008, როცა ტურნირების მოგებითა და კომერციული კონტრაქტებით 115 მილიონი დოლარი დააგროვა. 

1,6 მილიარდი დოლარით მესამეა ჯეკ ნიკლაუსი. დღეისთვის, მისი კომპანია მსოფლიოს 41 ქვეყნის 410 სპეციალიზირებულ სკოლაში სპორტული კურსების ჩატარებას კურირებს. ყოფილ მეგოლფეს და მეიჯორული ტურნირების ყველაზე მეტჯერ (18) მომგებს, ღვინის, ლიმონათის, ნაყინის, ჭურჭლის და საგოლფე პროდუქციის ბიზნესები აქვს. 

მსოფლიო რეიტინგში მე-4 გახლავთ არნოლდ პალმერი – 1,4 მილიარდი დოლარი. აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სპორტული ტანსაცმლის ბრენდი Arnold Palmer მას უკავშირდება. ეკიპირებისა და სხვა ნივთების გამოშვება, მსოფლიოში მიმოფანტულ 39 საწარმოში წარმოებს. 

კარიერაში გამომუშავებული 815 მილიონი დოლარით, Forbes-ის რეიტინგის მე-6 საფეხურზეა 49 წლის მოქმედი მეგოლფე ფილ მიკელსონი. მას 5 მეიჯორი აქვს მოგებული და ამერიკაში დიდი კონკურენციის ფონზე, თავი საკმაოდ დიდ კაპიტალს მოუყარა. მისთვის ყველაზე წარმატებული 2016 წლის სეზონში, მიკელსონმა ჯამური 37,7 მილიონი დოლარიდან 4,2 მილიონი გოლფის მინდორზე ყვანჯის ქნევით გააკეთა, დანარჩენი კი, Callaway-სა (გოლფის ეკიპირება) და Rolex-ის საათის რეკლამირებით. 

მთლად კარგად რომ გავერკვეთ, რა მასშტაბის შემოსავლებზეა სპორტის ამ სახეობაში საუბარი, გაგაცნობთ 2019 წლის „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირის გამარჯვებულს და მის მიერ მიღებულ თანხას. 14 აპრილს ამერიკის შტატ ჯორჯიას ქალაქ აუგუსტაში US Masters-ის მოგებისთვის ტაიგერ ვუდსმა 2,07 მილიონი დოლარი მიიღო; 19 მაისს, ნიუ იორკში გათამაშებული PGA Championship-ის გამარჯვებულის ტიტულისთვის ამერიკელ ბრუკს კეპკას (Brooks Koepkaა) 1,98 მილიონი დოლარი გადასცეს; 16 ივნისს, კალიფორნიის შტატ მონტერეიში, US Open-ის დასკვნითი დღე იყო და გარი ვუდლენდმა (Gary Woodland) 2,25 მილიონი დოლარი მიითვალა; 21 ივლისს, ჩრდილოირლანდიურ პარტრაშში გათამაშებული British Open-ის მოგებისთვის ირლანდიელმა შეინ ლავრიმ (Shane Lowry) 1,935 მილიონი დოლარი მიიღო. 

მეგოლფეთა რეიტინგი და კედის შემოსავლები 

ერთია პროფესიულ გოლფში დასაქმებულთა შემოსავლები და მეორე – რეიტინგი. მსოფლიო რეიტინგი პირველად 1986 წელს გამოქვეყნდა და მას Sony Ranking ეწოდა. შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და დღეს Official World Golf Ranking-ითაა ცნობილი. რეიტინგს ინიცირებას უკეთებს გოლფის პროფესიული ტურების საერთაშორისო ფედერაცია. 

2020 წლის 12 იანვრის მდგომარეობით, რეიტინგის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: 1. ბრუკს კეპკა (აშშ) – 10,28; 2. რორი მაკილროი (ჩრდ. ირლანდია) – 9,05; 3. ჯონ რამი (ესპანეთი) – 7,98; 4. ჯასტინ თომასი (აშშ) – 7,84; 5. დასტინ ჯონსონი (აშშ) – 6,79; 6. პატრიკ კენტლი (აშშ) – 6,39; 7. ტაიგერ ვუდსი (აშშ) – 6,36; 8. ალექსანდერ შაუფლი (აშშ) – 6,07; 9. ჯასტინ როუზი (ინგლისი) – 5,86; 10. ტომი ფლიტვუდი (ინგლისი) – 5,43. 

მოახლოებული ოლიმპიადის გამო, ამერიკელ მეგოლფეთა შორის კონკურენციას სხვა ინტრიგაც აქვს. ოლიმპიური გუნდი საუკეთესო რეიტინგის მქონე 4 მეგოლფისგან შედგება. 44 წლის ტაიგერ ვუდსი აცხადებს, რომ დიდი სურვილი აქვს ტოკიოში აშშ-ის ნაკრების წევრად ჩავიდეს და მედლების კოლექციას ოლიმპიური ოქროც შემატოს. 

ამ საუკუნეში გოლფი ოლიმპიურ თამაშებს მხოლოდ 2016 წელს, ბრაზილიაში დაუბრუნეს. ისტორიაში მეგოლფეთა მონაწილეობით გამართული პირველი ოლიმპიადის (1900) მსგავსად, მედლები სამხრეთ ამერიკაშიც ქალთა და მამაკაცთა ერთეულ თანრიგებში გათამაშდა. ქალებში ყველას აჯობა სამხრეთკორეელმა ინბი პაკმა (Inbee Park), ხოლო კაცებში ოქროს ინგლისელი ჯასტინ როუზი (Justin Rose) დაეუფლა. 

აქვე მათ შესახებაც ვთქვათ, ვინც მეგოლფეს გვერდიდან არ სცილდება და მისი მეიარაღეს ფუნქციას ასრულებს. მათ კედის (caddy) ეძახიან და მთავარი დანიშნულება სპორტული ინვენტარის გადატანის გარდა, საქმიანი რჩევის მიცემაც გახლავთ. მოკლედ, ვის როდის რა დასჭირდება. 

კედი მეგოლფის ასისტენტია და მას საკადრისი ფიზმომზადებაც სჭირდება. თავად განსაჯეთ, დაახლოებით 20-კილოგრამიანი ტვირთით 7 კილომეტრამდე მანძილის გავლა 4-5 საათის განმავლობაში. და ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, – მცხუნვარე მზის ქვეშ. 

თანხა, რომელსაც კედი გამოიმუშავებს, დამოკიდებულია მეგოლფეზე ვისი ასისტენტიც ისაა და იმ ტურნირის დონეზე, სადაც ისინი გამოდიან. როგორც წესი, მეგოლფე კედის ხელფასის სახით კვირაში 1000-1500 დოლარს აძლევს. ამას გარდა არის ბონუსები, რომელთა სიდიდე მეგოლფის მიერ ნაჩვენები შედეგითაა განპირობებული: თუ ტურნირზე სპორტსმენი ტოპ-ათეულში ვერ მოხვდა, კედი მიიღებს მეგოლფის საპრიზო თანხის 5%-ს; თუ ათეულში შევიდა – 7%-ს; თუ ტურნირზე გაიმარჯვა – 10%-ს. 

ქვემოთ შემოგთავაზებთ ზოგი წარმატებული მეგოლფის ასისტენტის ანაზღაურებას. მაიკ კოუენი იმითაა ცნობილი, რომ ტაიგერ ვუდსის პროფესიული კარიერის დასაწყისში მისი კედი იყო. მათი გზები 1999 წელს გაიყარა, კოუენმა კი საუკეთესო „კუში“ ამერიკელ ჯიმ ფიურიკთან (Jim Furyk) 2015-ში „მოხსნა“ – 700 ათასი დოლარი. 

შვედი ჰენრიკ სტენსონის (Henrik Stenson) კედიმ გარეტ ლორდმა, 2014 წელს US Open-ზე ხელი მოიტეხა, მაგრამ მეგოლფეს ტურნირის ბოლომდე უერთგულა. დაუფასდა კიდეც – სტენსონმა ფინალურ სტადიამდე მიაღწია და პრიზად 326 ათასი დოლარი მიიღო. გვერდში დგომისთვის ლორდს ბონუსად იმდენი მისცეს, უმალ საოცნებო „ფერარი“ შეიძინა. 

2015 წლის სეზონში ტრიუმფი ჰქონდა 22 წლის ამერიკელ მეგოლფე ჯორდან სპითს (Jordan Spieth). მან ჯერ US Masters მოიგო, მერე PGA Championship-ზე მეორე იყო, US Open-ზე კი პირველობა არავის დაუთმო. ეს მხოლოდ მეიჯორ-ტურნირები. მოკლედ, სპითმა თავადაც ბევრი მიიღო საპრიზო ფონდებიდან და მის ასისტენტ მაიკლ გრელერს (Michael Greller) წელიწადში 2,1 მილიონი დოლარი გამოამუშავებინა, რითაც ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კედი გახდა. 

ამავე სეზონის კიდევ ერთი იღბლიანი კედი აღმოჩნდა რორი მაკილროის დამხმარე ჯ. პ. ფიცჯერალდი (J.P. Fitzgerald). მას 2015 წლის ბოლოს ბონუსების სახით 1,48 მილიონი დოლარი დაუგროვდა. ჩრდილოირლანდიელს ერთხელ მისმა მეგობარმა ქალმა, ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმაც უასისტენტა. 

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა კედის როლში სპორტის სხვა სახეობის ვარსკვლავი ვიხილეთ. უფრო ზუსტად – კედი უფრო ცნობილი სპორტსმენი იყო, ვიდრე მეგოლფე. ეს მოხდა 2012 წლის British Open-ზე, როცა „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი დიდი ჩანთით ფეხდაფეხ დაჰყვებოდა თანამემამულე ანდრეს რომეროს. ასისტენტს იმაში გაუმართლა, რომ მეგოლფემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და მას მზეზე დიდხანს ყოფნამ არ მოუწია. 

ქართული პერსპექტივა 

საქართველოში სამოყვარულო გოლფი პირველ ნაბიჯებს დგამს. გოლფის ფედერაცია 2007 წელს დაარსდა (გაცილებით ადრე, 2001 წელს შეიქმნა მინი-გოლფის ფედერაცია), რომელიც ევროპის გოლფის ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ-კლუბის – R&A (Royal and Ancient Golf Club of St. Andrews) წევრია. 

2019 წლის მაისში ჩატარდა ქვეყნის პირველი ეროვნული ჩემპიონატი, რომელზეც ის 4 მეგოლფე (სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე, ვახტანგ ხახვიაშვილი) გამოვლინდა, რომლებმაც 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის ნაკრებებს შორის ასპარეზობაში საქართველო წარადგინეს. 13 ქვეყანაში ქართველებმა მე-11 ადგილი დაიკავეს. 

აქვე ქართულმა დელეგაციამ სურვილი გამოთქვა 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს უკვე საქართველომ უმასპინძლოს. გოლფის ფედერაციის მესვეურთა მტკიცებით, ჩვენს ქვეყანას აქვს საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, კონკრეტულად კი თბილისი Hills Golf & Residences. „თბილისი ჰილსი“ საქართველოში პირველი საერთაშორისო დონისა და პრემიუმ-კლასის გოლფ-კლუბია, რომელიც 2017 წლიდან არსებობს. 

ფრიდონ კერვალიშვილი